განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/85-19
გამოძიების #0-----------
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
5 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ-----------------------–------------, - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–------------------, პირადი #0----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: თ------–------------------------–--–--–------.
ადვოკატი - ა-----–-–--------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი
დისპოზიცია: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
თარჯიმანი - ე-–---------------
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 20 სექტემბერს, მ---------–------------ თ------–-------------------------–-–--–------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საძოვრიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ--–----------- კუთვნილ ერთ დეკეულს, რითაც დაზარალებულს მიადგა 2000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. განსახილველ საქმეში ბრალდებულ მ---------–------------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა უდავოდ ცნეს. აღნიშნულიდან გამომდინარე საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: ბრალდებულ მ---------–------------ს გამოკითხვის ოქმით, მან 2019 წლის 20 სექტემბერს, სოფელ წ--–------- მიმდებარედ არსებული მინდვრიდან მოიპარა და სახლში წაიყვანა ერთი სული, შავი ფერის დეკეული, რომელიც მისი თანასოფლელის საკუთრება არ ეგონა. დაზარალებულ მ--–----------- განმარტებით, 2019 წლის 20 სექტემბერს, დღისით, თ------–-------------------------–-–--–------- სოფლის მიმდებარე საძოვრიდან მ---------–------------- მოიპარა მისი კუთვნილი ერთი სული დეკეული, რითაც მიადგა 2000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. მან საქონლის ძებნისას, როდესაც თან ახლდა ი-----------------, დაინახა როგორ დასდევდა მ---------–------------, რომელსაც ის თ------ სახელით იცნობს, მის დეკეულს დასაჭერად. ი-----------------ს განმარტებით ის გაჰყვა მ--–----------- საქონლის დასახედად, რა დროსაც დაინახეს როგორ მიერეკებოდა ერთი კაცი ორ სულ საქონელს სხვა მიმართულებით, მ--–-- იცნო, რომ ის კაცი იყო მათსავე სოფელში მცხოვრები თ-----, იგივე მ---------–------------. თვითონ, მ--–---------- და მათი თანასოფლელი რ---------–--- მივიდნენ მ---------- სახლში, რა დროსაც ბრალდებულს არ უარუყვია დეკეულის მოპარვის ფაქტი, უთხრა მ--–--, რომ ის ბოსელში ჰყავდა და ბოდიშიც მოუხადა და გამოუყვანა მისივე ეზოდან დეკეული. იდენტურია რ---------–---- გამოკითხვის ოქმი. გ---–----------------- განმარტებით, მან დაინახა თ-----, იგივე მ---------–------------, როგორ დასდევდა 2 სულ დეკეულს, რომლებიც თ------ი ეგონა. მეორე დღეს დაზარალებული ნახა და მიასწავლა ბრალდებულის მისამართი. აღნიშნული ასევე დასტურდება საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოღების ოქმებითა და ნივთმტკიცებით.
სამართლებრივი შეფასება:
5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას და, მეორე მხრივ, იგი საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება და აუცილებელია, განხორციელებულმა ქმედებამ სხვა პირს მიაყენოს მნიშვნელოვანი (150 ლარს ზევით) მატერიალური ზიანი, ხოლო პირს უნდა ამოძრავებდეს აღნიშნული ნივთის მისაკუთრების მიზანი. აღნიშნული დანაშაული სახეზეა მხოლოდ მაშინ, თუ პირი მოქმედებს პირდაპირი განზრახვით, ესე იგი, პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ქმედების დაკვალიფიცირება ზემოაღნიშნული მუხლით ვერ მოხდება.
6. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ---------–------------- მის მიერ განხორციელებული ქმედებით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მ---------–------------ს მიერ აღნიშნულ დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის განსაზღვრის თვალსაზრისით. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც მ---------–------------ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
7. მ---------–------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მიუთითა ყველა რელევანტური ფაქტი, ასევე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არის სოციალურად დაუცველი და იღებს შემწეობას. მ---------–------------ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
9. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
10. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, თუმცა სასამართლო მხედველობაში იღებს მ---------–------------ს მდგომარეობას, დანაშაულის ხასიათს, მის დამოკიდებულებას, რომ სხვა სოფლის ნახირი ეგონა და ამიტომ დაეუფლა და მიაჩნია, რომ შინაპატიმრობა ვერ იქნება ადეკვატური ღონისძიება ბრალდებულთან მიმრათებით, რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთას, იგი სწორედ შესაფერისია დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით და სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფას, რის გამოც მ---------–------------ს მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა.
11. მ---------–------------ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მართლმსაჯულების პროცესის შემოკლებაში მის აქტიურ როლს, ასევე იმ ფაქტს, რომ იგი ნასამართლევი არ არის, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ზიანი ანაზღაურებულია, არის სოციალურად დაუცველი და იღებს შემწეობას და დამამაძიმებელი გარემოებების არარსებობის პირობებში მიაჩნია, რომ მას უნდა განესაზღვროს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი - 3 წელი.
12. საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ მ---------–------------- აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი, მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 3 წელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ---------–------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 წელი.
2. მ---------–------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს.
3. მ---------–------------ სასჯელის მოხდის ვადაში ჩეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 21 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით.
4. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
5. ნივთმტკიცებები - დეკეული და ტანისამოსი დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.
6. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი