გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.11.2019
საქმის ნომერი
330210019002939274
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
08.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/7837-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08.11.2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი: კახა კომლაძე

მოსარჩელე ან--------

წარმომადგენელი მ------------–---

მოპასუხე შპს „ჯ------------–-------“ (არ გამოცხადდა)

მოპასუხე შპს „----–--------“

წამომადგენელი ლე---------------

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეების შპს „ჯ------------–-------სა“ და შპს „----–--------“-ისათვის მოსარჩელე ან--------ს სასარგებლოდ სოლიდარულად 9813.39 ლარის გადახდის დაკისრება.

1.2. მოპასუხეების შპს „ჯ------------–-------სა“ და შპს „----–--------“-ისათვის მოსარჩელე ან--------ს სასარგებლოდ სოლიდარულად 7787 ლარის წლიური 10%-ის გადახდის დაკისრება, სარჩელის შეტანიდან ამ თანხის სრულად გადახდამდე.

2016 წლის 19 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული N2ბ/1317-16 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კერძო აღმასრულებელმა მ--------–----–---–მა 2016 წლის 05 მაისს მოვალე შპს „კ-----------–------“-ს საბანკო ანგარიშზე სს „ლ-------------–-“ წარადგინა საინკასო დავალება, რის საფუძველზეც ან--------ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 94 545.90 ლარი, ხოლო 7787 ლარი გადმორიცხვას არ დაექვემდებარა, რადგან მოვალის მოქმედ საბანკო ანგარიშზე სხვადასხვა საწარმოების მიერ სარჩელის უზრუნველყოფის განმახორციელებელი, სააღსრულებო წარმოება დაფიქსირდა.

 

ერთ-ერთი კრედიტორია შპს „ჯ------------–-------“. შპს „კ-----------–------“-ს მიმართ მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დაფიქსირდა სარჩელის უზრუნველყოფა იმავე საბანკო ანგარიშზე, საიდანაც მოსარჩელეს უნდა მიეღო თანხა. აღნიშნულმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებამ შეაფერხა ან--------სათვის დარჩენილი 7787 ლარის გადარიცხვა. ამასობაში, სხვა კრედიტორებისაგანაც მოხდა ანგარიშზე აქტიური ყადაღების დაფიქსირება, კერძოდ, შპს „----–--------“-ის სასარგებლოდ.

 

შპს „ჯ------------–-------სა“ და შპს „----–--------“-ის აქტიური ყადაღები სარჩელის აღძვრის დღემდე ფიქსირდება.

 

მოპასუხეების სასარგებლოდ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები დღემდე არ არის გაუქმებული და არც მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იძულებითი აღსრულების დასაწყებად არ ხორციელდება მათი მხრიდან ქმედებები.

 

ამჟამად, მოვალე შპს „კ-----------–------“-ს სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავალი არ გააჩნია, ამასობაში, მოპასუხეთა ყადაღების გამო, მოვალის საბანკო ანგარიშებს 2018 წლის 11 დეკემბრიდან ფინანსთა სამინისტროს მიერ დაედო ინკასო 772 646. 39 ლარის ფარგლებში, რის გამოც მოპასუხეთა უმოქმედების გამო, მოსარჩელეს მოესპო კუთვნილი თანხის მიღების პერსპექტივა.

 

კერძო აღმასრულებლის მოთხოვნის საფუძველზე, სააღსრულებო წარმოებისათვის საფასურის სახით მოსარჩელემ გადაიხადა 2026 ლარი, რომელიც ასევე მოვალისაგან უნდა მიეღო და ვერ მიიღო მოპასუხეთა უმოქმედობის გამო.

 

მოსარჩელის მიერ მოვალისაგან კუთვნილი თანხის 7787 ლარის ოდენობით მიღების შემთხვევაში, ის ამ თანხის ბანკში განთავსების შედეგად, მიიღებდა შემოსავალს წლიური 10 %-ის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს „----–--------“-ის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. არ არსებობს კავშირი მოპასუხის სასარგებლოდ მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობასა და მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს შორის. მოპასუხის მოთხოვნით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი არ არსებობს, რადგან მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ არ აღსრულებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. კერძო აღმასრულებლის მ--------–----–---–ის 2019 წლის 31 იანვრის A---------------- წერილიდან, დგინდება, რომ აღმასრულებლის წარმოებაშია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი,ნომერი: N2ბ/1317-16; სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი:19.04.2016, რომლის შესაბამისად, მოვალე შპს „კ-----------–-------“-ს კრედიტორის ინდ. მეწარმე ან--------ს სასარგებლოდ აქვს დარჩენილი შეუსრულებელი ვალდებულება.

 

სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით კერძო აღმასრულებლის მიერ სს „ლ-------------–-“ 2016 წლის 05 მაისს წარდგენილი NA---------------- საინკასო დავალების საფუძველზე კრედიტორის ანგარიშზე ჩაირიცხა: 94 545.90 ლარი. ჩასარიცხი დარჩა კრედიტორის სასარგებლოდ - 7 787 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

2019 წლის 31 იანვრის წერილი(ს.ფ.19).

 

3.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 30 იანვრის წერილიდან ირკვევა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო A1------- სააღსრულებო საქმე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 05.04.2016 წელს გაცემული N676 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, ყადაღა დაედო შპს „კ-----------–-----“-დ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 13 000 ლარის ფარგლებში.

 

აღნიშნულ საქმეზე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2016 წლის 11 აპრილს საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში გაიგზავნა მიმართვა შპს „კ-----------–-----“-ის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. საქმე აღსრულებულია და გადაცემულია არქივში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

თბილისის სააღსრულებო ბიუროს

2019 წლის 30 იანვრის წერილი (ს.ფ. 20).

 

3.2.3. კერძო აღმასრულებლის ლ-------------–---–ის განცხადების საფუძველზე, მისთვის გაგზავნილი, სს „ლ---------------“ 2018 წლის 13 დეკემბრის N18055-22799/48156 წერილიდან დგინდება, რომ შპს „კ-----------–-----“-ის საბანკო ანგარიშებზე ვრცელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს აქტიური ყადაღები და ფინანსთა სამინისტროს ინკასო.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

2018 წლის 13 დეკემბრის წერილი (ს.ფ. 22).

 

3.2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, შპს “პ---–--------“-ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე შპს „კ-----------–------”-ს აეკრძალა საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში, მათ შორის სს „თ----------–-“, საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის 120 791.29 ლარის განკარგვა, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო), ასევე სახელფასო და სოციალური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით საწარმოში დასაქმებულ პირთა მიმართ გასაცემისა;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 55).

 

3.2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით შპს „----–--------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „კ-----------–------”-ს დაეკისრა 108 205.54 ლარის (ძირითადი თანხა 102 140.74 ლარი, პირგასამტეხლო 2200 ლარი, წარმომადგენლის ხარჯი 3864.80 ლარი). გადაწყვეტილება 2017 წლის 28 მარტს შევიდა კანონიერ ძალაში.

 

გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 23 თებერვალს გასცა სააღსრულებო ფურცელი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს

2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება (ს.ფ. 56).

სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 57).

 

3.2.6. ან--------მ 2018 წლის 25 იანვარს სააღსრულებო მომსახურების საფასურის სახით გადაიხადა 2026.39 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

საგადახდო დავალება (ს.ფ. 41).

 

3.2.7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება, რომ შპს „კ-----------–------“-ს საბანკო ანგარიშებზე სამართლებრივი შეზღუდვა გამოყენებულია მოპასუხე შპს „ჯ-------------–--------“ სასარგებლოდ გამოტანილი კანონიერ ძალაში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

 

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია.

 

ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის).

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხე შპს „ჯ------------–-------ს“ შემთხვევაშიც, მიუთითებს, რომ ის წარმოადგენს შპს „კ-----------–------“-ს კრედიტორს, რომლის სასარგებლოდაც შესასრულებელი ფულადი ვალდებულება დადგენილია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ამავე კრედიტორის სასარგებლოდ გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც დღემდე არ არის გაუქმებული.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, კერძოდ, კერძო აღმასრულებლის მ--------–----–---–ის 2019 წლის 31 იანვრის, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 30 იანვრის, კერძო აღმასრულებლის ლ-------------–---–ის 2018 წლის 17 დეკემბრისა და 20 დეკემბრის, სს „ლ---------------“ 2018 წლის 13 დეკემბრის წერილებიდან დგინდება, რომ 2016 წლის 11 აპრილიდან 2018 წლის 11 დეკემბრამდე პერიოდში, შპს „კ-----------–------”-ს კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე რეგისტრირებულია სამართლებრივი შეზღუდვები (ყადაღა, ინკასო), მესამე პირების მიმართ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო. ამ მტკიცებულებების შინაარსიდან, არ დგინდება კრედიტორების ვინაობა. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება, რომ საბანკო ანგარიშებზე რომელიმე სამართლებრივი შეზღუდვა გამოყენებულია მოპასუხე შპს „ჯ-------------–--------“ სასარგებლოდ გამოტანილი კანონიერ ძალაში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც საბაზრო ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ზემოაღნიშნული მუხლი, ზოგადი დებულების სახით არის დეკლარირებული, რაც შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს ყოველი კონკრეტული შემთხვევა შეაფასოს მორალური ღირებულებების საფუძველზე. აღნიშნული პრინციპის დუალისტური ბუნებრიდან გამომდინარე კანონმდებელი ერთმანეთისაგან მიჯნავს კეთილსინდისიერების ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლებები უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების ბოროტად გამოყენება მარტო იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

უფლების ბოროტად გამოყენების 115-ე მუხლით მოწესრიგებული შემადგენლობა მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპის დაკონკრეტებაა, რომელიც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ავალდებულებს, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი ვლინდება ურთიერთობის მონაწილე „სუბიექტის მიერ სხვა პირის ინტერესების გათვალისწინების ვალდებულებაში იმ მოცულობით, რომელიც არ იწვევს თავად მისი ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას.“ ნაკლებად სავარაუდოა არსებობდეს შემთხვევა, როდესაც სახეზეა უფლების ბოროტად გამოყენება და ის იმავდროულად არ არის კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა.თუმცა უფლების ბოროტად გამოყენების შემადგენლობით დამატებითი წინაპირობებია დადგენილი, რომელიც მოწესრიგების სფეროს ავიწროებს და მის ცალკე მოწესრიგებას ამართლებს.

115-ე მუხლი, მე-8 მუხლის მსგავსად, სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნაწილშია მოწესრიგებული და სისტემურად ის ვრცელდება თანაბრად ნებისმიერ კერძოსამართლებრივ ურთიერთობაზე. ნორმის მოქმედების სფერო არ იზღუდება არც საპროცესო ნორმებთან მიმართებით.

115-ე მუხლის 1-ლი წინადადების თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. ფორმულირება, ერთი შეხედვით დეკლარაციულ ხასიათს ატარებს და იგი მხოლოდ ამავე მუხლის მეორე წინადადებასთან კავშირში ხდება გასაგები. კერძოდ, მუხლის მეორე წინადადების შესაბამისად, „დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას“. ამ ორი წინადადების ურთიერთკავშირში დგინდება კანონმდებლის სავარაუდო ნება, მართლსაწინააღმდეგოდ ჩაითვალოს უფლების დაუშვებელი გამოყენების ნებისმიერი შემთხვევა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მართლსაწინააღმდეგოდ უნდა ჩაითვალოს უფლების განხორციელება, რომელიც სხვა პირს ზიანს აყენებს და „არ ისახავს უფლების განხორციელების აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესის დაცვას“.

უფლების გამოყენების მართლზომიერების ფარგლები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკეული უფლებისა და გარემოებების შეფასების საფუძველზე დგინდება. მოწესრიგების თავისებურების გათვალისწინებით ამ ფარგლების წინასწარ განსაზღვრა და იმპერატიული ნორმებით შეზღუდვა შეუძლებელია.

 

115-ე მუხლის შესაბამისად უფლების გაუმართლებელ განხორციელებად ჩაითვლება ცალკეული შემთხვევა, როდესაც ობიექტური დამკვირვებლის თვალსაწიერიდან არ დგინდება პირის მიერ უფლების განხორციელების არანაირი მიზანი, გარდა სხვა პირისათვის ზიანის მიყენებისა. უფლების ასეთი განხორციელება დაუშვებელი და გაუმართლებელია. უფლების განხორციელება გამართლებულია, თუ არსებობს ობიექტურად შეცნობადი დასაბუთებული ინტერესი, რომელიც მის განხორციელებას გაამართლებს.

უფლების ბოროტად გამოყენება შესაძლოა მოხდეს როგორც მოქმედებით, ასევე უმოქმედობით. შესაბამისად, უფლების ბოროტად გამოყენებად უნდა ჩაითვალოს მათ შორის შემთხვევა, როდესაც პირი უფლებას არ იყენებს მხოლოდ იმ მიზნით, რომ სხვას მიადგეს ზიანი.

უფლების განხორციელებისას პირს უნდა სურდეს „მარტოოდენ“ სხვისთვის ზიანის მიყენება. ამ შემთხვევაში სიტყვა „მარტოოდენ“ მიზანშეწონილია განიმარტოს ფართოდ – როგორც „მნიშვნელოვანწილად, დიდწილად“. ყოველი შემთხვევის თავისებურების გათვალისწინებით თვალსაჩინო უნდა იყოს, რომ ძირითადი მამოძრავებელი ინტერესი პირის მიერ უფლების გამოყენებისა, სწორედ მესამე პირისათვის ზიანის მიყენება ან ზიანის დაშვებაა. სხვა დამატებითი მოტივაცია იმდენად უმნიშვნელო უნდა იყოს მესამე პირის ინტერესთან მიმართებით, რომ მისი ფორმალურად დასახელება არ უნდა ამართლებდეს უფლების განხორციელებას.

 

მართალია, უფლების ბოროტად გამოყენების ზუსტი ფარგლები არ არის დადგენილი სამოქალაქო კოდექსით, მაგრამ უფლების ბოროტად გამოყენებაზე საუბარი შესაძლებელია სამოქალაქო კანონმდებლობის ზოგად ნორმებზე და პრინციპებზე დაყრდნობით. უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის ძირითად პრინციპს წარმოადგენს ის, რომ სამოქალაქო სამართლის ერთი სუბიექტის მიერ უფლების განხორციელებამ არ უნდა ხელყოს მეორე სუბიექტის უფლებები და კანონიერი ინტერესი. სამოქალაქო უფლებათა გამოყენება უნდა ხდებოდეს კეთილსინდისიერად, აღნიშნული უფლებების დანიშნულების შესაბამისად. უფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობის მონაწილე არა მხოლოდ ეყრდნობა თავის უფლებებს, არამედ სცილდება კიდეც მის ფარგლებს და ამ დროს იგი განიხილება როგორც განსაკუთრებულ სამოქალაქო სამართალდარღვევად, რომლის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ სამართალდამრღვევის ქმედება ფორმალურად ეყრდნობა მის უფლებებს, მხოლოდ აღნიშნული უფლებების რეალიზაციის შემდეგ სცილდება იგი დადგენილ ფარგლებს, რის შედეგადაც ირღვევა მესამე პირთა უფლებები და კანონიერი ინტერესები და საბოლოოდ გამოდის რომ უფლებების გამოყენება იქცევა სამართალდარღვევად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც შპს „კ-----------–------“-ს მიმართ, შპს „ჯ------------–-------ს“ მოთხოვნის უფლების არსებობაც არ დგინდება, მოსარჩელის აპელირება მისი მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებაზე, რამაც მეორე მოპასუხესთან ერთად სოლიდარულად მისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია უსაფუძვლოა.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სახეზე არ არის მოპასუხე შპს „----–--------“-ის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხე შპს „----–--------“-ის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების დასასაბუთებლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებული მოქმედებების განუხორციელებლობის გამო, მან როგორც შპს „კ-----------–------”-ის კრედიტორმა ვერ დაიკმაყოფილა მოთხოვნა 7787 ლარის ნაწილში მოვალის ქონებიდან (საბანკო ანგარიშებიდან).

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე კანონის XIV1 თავით დადგენილია კრედიტორებს შორის გადახდევინებული (ქონების რეალიზაციიდან მიღებული) თანხების განაწილების წესი.

 

განსახილველ შემთხვევაში, საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოპასუხის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 28 მარტს. (იხ. სააღსრულებო ფურცელი, ს.ფ. 57), ხოლო მოსარჩელემ იძულებითი აღსრულება მოვალის მიმართ დაიწყო 2016 წლის აპრილში, ანუ დაახლოებით ერთი წლით ადრე. ამასთან, გასათვალისწინებულია, ის გარემოება, რომ 2016 წლის განმავლობაში, (იმ დროისათვის როდესაც მოსარჩელემ დაიწყო იძულებითი აღსრულება) შპს „კ-----------–------“-ს საბანკო ანგარიშებზე გარდა მოპასუხის სასარგებლოდ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებისა, სხვა სამართლებრივი შეზღუდვები ფიქსირდება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული მოქმედებების განუხორციელებლობამ განაპირობა, მისი უფლებების შელახვა, უსაფუძვლოა და სასამართლო ვერ გაიზიარებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება დამოკიდებულია კრედიტორის ნებაზე, ამასთან, კრედიტორთა სიმრავლის შემთხვევაში, მათი მოთხოვნების იძულებითი აღსრულების წესს, მათ შორის რიგითობას განსაზღვრავს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, მოპასუხე შპს „----–--------“-ის მიერ მის სასარგებლოდ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების დაწყებასთან დაკავშირებული ქმედებების განუხორციელებლობა, 2017 წლის მარტიდან (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან) 2018 წლის 11 დეკემბრამდე (ფინანსთა სამინისტროს ინკასომდე, რომელსაც მოსარჩელე უკავშირებს კუთვნილი თანხის მიღების შეუძლებლობას) პერიოდზე, არ ემსახურებოდა მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების მიზანს.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, გამოკვეთილია მოპასუხის უფლება თავად გადაწყვიტოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული ქმედების განხორციელების საკითხი. ამასთან, ამ უფლების გამოყენებისას მოპასუხის მხრიდან, ან--------ს როგორც კრედიტორის უფლების ხელყოფას ადგილი არ ჰქონია და მოპასუხე მოსარჩელის მიერ მითითებული ზიანის მიყენების ვარაუდსაც ვერ დაუშვებდა.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხეებისათვის ზიანის დაკისრების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში -განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

ამ შემთხვევაში, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

მოპასუხე შპს „----–--------“-მა წარმოადგინა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მე-5 მუხლის 5.1. პუნქტის მიხედვით, ადვოკატის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება 3000 ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, რომელიც გადახდილ უნდა იქნეს ან--------ს სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში, აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 7 დღის ვადაში.

 

მოსარჩელეს უნდა დაეკისროს მოპასუხის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად 200 ლარის გადახდა, რაც სასამართლოს აზრით, დავის სირთულიდან, მოპასუხის მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებებიდან გამომდინარე, გონივრული ოდენობაა.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ან--------ს სარჩელი მოპასუხეების შპს „ჯ------------–-------სა“ და შპს „----–--------“-ის მიმართ, ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

2.1. დაეკისროს მოსარჩელე ან--------ს მოპასუხე შპს „----–--------“-ის სასარგებლოდ 200 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილის ასანაზღაურებლად.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაკა ჭედია