გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
# 351210019002989896
საქმე №2-190-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
21 ნოემბერი, 2019 წელი ქ. გარდაბანი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე
მოსარჩელე - რ----- გ-------ა (პ/ნ 1----------)
წარმომადგენელი - ფ-------- კ------–---–ი
მოპასუხე - თ---------- გ---------ი (პ/ნ 1----------)
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - ლ-–- პ--------–---–ი
თარჯიმანი - ორხან რამაზანოვი
დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - თ---------- გ---------ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება, არასრულწლოვანი შვილის - ფ----- გ---------ას (დაბადებული 21.09.2009 წელს, პ/ნ 1----------) მიმართ საქართველოს პასპორტის აღებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის ნაწილში, სხვა უფლებების შეუზღუდავად (21.11.2019 წლის მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა);
სარჩელის მიხედვით, მხარეები 23.10.2018 წლამდე იმყოფებოდნენ რეგისტირებულ ქორწინებაში, მათ ქორწინების პერიოდში, 21.09.2009 წელს შეეძინათ შვილი - ფ----- გ---------ა. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 22.09.2009 წლის განაჩენით, მოპასუხე თ---------- გ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 179-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში (მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში და ყაჩაღობა), რომელსაც სასჯელის სახედ და ზომად მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით. ამჟამად, თ---------- გ---------ი #17 პენიტენციური დაწესებულების პატიმარია, სასჯელის დასრულების ვადაა 22.12.2021 წელი. მოსარჩელე რ----- გ-------ას სურს არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ გაყვანა, რაც არ აზიანებს არასრულწლოვნის ინტერესებს, მაგრამ მას ამის უფლებას არ აძლევს მისი ყოფილი მეუღლე.
რ----- გ-------ას ზეპირი განმარტების მიხედვით, მისი მშობლები ცხოვრობენ ქალაქ ვლადიკავკაზში, სადაც მუშაობს მამა. მას აქვს სურვილი, რომ თვითონაც დასაქმდეს ერთ-ერთ საცხობში, რა დროსაც ბავშვთან იქნება რ-----ს დედა. მოსარჩელის განმარტებით, ის ვერ შეძლებს გამგზავრებას საქართველოდან, თუ მის შვილს, ფ----- გ---------ას არ ექნება საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რადგან აქ ვერავისთან დატოვებს ბავშვს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - თ---------- გ---------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება ბავშვის ინტერესებში არ შედის და არ ემსახურება მის საუკეთესო ინტერესების დაცვას, მოსარჩელის ცხოვრების წესი არ მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე დადებითად (ს.ფ. 28-36).
მოპასუხის ზეპირი განმარტებით, 2018 წელს, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის დროს, მხარეთა საერთო შვილებისგან (მათ ჰყავთ 2 უფროსი ვაჟიც) მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი მეუღლე, მოსარჩელე - რ----- გ-------ა ღალატობდა ქმარს, რის გამოც, თ---------- გ---------ის მოთხოვნით, რ----- გ-------ამ დატოვა მეუღლის საცხოვრებელი სახლი და გადავიდა საცხოვრებლად ცალკე, თან წაიყვანა უმცროსი შვილი, არასრულწლოვანი შვილი - ფ----- გ---------ა. თ---------- გ---------ი არ არის წინააღმდეგი, რომ ფ----- გ---------ა დროებით ცხოვრობდეს დედასთან, ხოლო როდესაც ის დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას, შვილს გადაიყვანს მასთან საცხოვრებლად. მოპასუხე კატეგორიული წინააღმდეგია, რომ დედამ შვილი წაიყვანოს საზღვარგარეთ, რადგან მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ბავშვზე მოახდენს ცუდ გავლენას. როგორც მოპასუხისთვის არის ცნობილი, რ----- გ-------ას მამა დასაქმებულია ავტომანქანის მძღოლად ქალა ვადიკავკაზში და მასთან ერთად სურს ცხოვრება რ----- გ-------ასაც.
2.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 30.07.2019 წლის #3103 დასკვნის თანახმად, რ----- გ-------ას და თ---------- გ---------ს რეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავთ 3 არასრულწლოვანი შვილი: 15 და 16 წლის ს------- და ს-------- გ---------ები, ასევე 8 წლის ფ----- გ---------ა. თ---------- გ---------ი 2009 წლიდან დღემდე იმყოფება პატიმრობაში. 2018 წლის ოქტომბერში მეუღლეები განქორწინდნენ, რ----- გ-------ა წამოვიდა მეუღლის სახლიდან და თან წამოიყვანა ფ----- გ---------ა, ხოლო უფროსი ვაჟები დარჩნენ მამის ოჯახში, ბებიასთან ერთად. რ----- გ-------ა და ფ----- გ---------ა ცხოვრობენ რ-----ს მშობლების სახლში, მშობლები ზრუნავენ მათ საჭიროებებზე და უზრუნველყოფენ მათ. არასრულწლოვანი ფ----- გ---------ას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას პოზიტიური მიჯაჭვულობა აქვს ჩამოყალიბებული და განვითარებული დედასთან, ისინი ყოველთვის ერთად არიან და დედას არასდროს დაუტოვებია შვილი სხვასთან. რ----- გ-------ას სურს საქართველოდან მამასთან გაემგზავროს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, თუმცა ამ დროისთვის მამა იმყოფება საქართველოში და ზრუნავს შვილზე და შვილიშვილზე და ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რათა შეძლოს მათი წაყვანა. რ-----ს მამა მზადაა, იზრუნოს მათზე სრულფასოვნად.
სოციალური მუშაკის დასკვნის მიხედვით, ვინაიდან არასრულწლოვან ფ----- გ---------აზე დაბადებიდანვე ზრუნავს მხოლოდ დედა რ----- გ-------ა, ხოლო მამას - თ---------- გ---------ს არასოდეს განუხორციელებია მშობლის მოვალეობა ფ----- გ---------ას მიმართ, შესაბამისად, ვერ ხვდება, რამდენად მნიშვნელოვანია 8 წლის ბავშვისთვის დედასთან ერთდ ცხოვრება. მიზანშეწონილია, თ---------- გ---------ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილი - ფ----- გ---------ას მიმართ, რათა დაცული იყოს უფლება იცხოვროს მშობელთან ერთად როგორც თავის ქვეყანაში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
2.3. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის სოციალური მუშაკის - ლ-–- ნინიაშვილის 27.09.2019 წლის მოსაზრება: მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში განხორიცელდა რამდენიმე ვიზიტი მსჯავრდებულ თ---------- გ-------თან, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგია სარჩელით წარმოდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით და პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, იგი გეგმავს შვილთან ურთიერთობის გაგრძელებას. ფ----- გ---------ა დაიბადა მამის პატიმრობაში ყოფნის დროს, თუმცა მამა ახერხებდა შვილის ნახვას ყოველწლიურად რამდენიმეჯერ, პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ხანგრძლივ და ხანმოკლე პაემნებზე, თუმცა მეუღლესთან დაშორების შემდეგ, შვილთან დაკავშირებას ვერ ახერხებს ბოლო ერთი წელია, რასაც ძლიან განიცდის. მამამ ისაუბრა წარსულში რ----- გ-------ას მხრიდან ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, რასაც თავისუფლებაში ყოფნის დროს თავად რამდენიმეჯერ შეესწრო, რის გამოც იგი შიშობს, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ შესაძლოა არასწორი ხერხით აღზარდოს შვილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მამა მიიჩნევს, რომ ფ----- გ---------ა ვერ იქნება დედასთან უსაფრთხოდ და საჭიროა შვილის დედისგან განცალკევება (ს.ფ. 51).
2.4. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ფსიქოლოგის გვანცა ოშხერელის 26.09.2019 წლის მოსაზრება: ინტერვიუს მიმდინარეობისას, თ---------- გ---------ი აქტიურად ერთვება დიალოგში კეთილგანწყობით, შეინიშნება სანდოობის მაღლი მაჩვენებელი პროცესის მიმართ, გრძნობს პასუხისმგებლობას ოჯახის წევრების მიმართ, სარგებლობს მოკლევადიანი და გრძელვადიანი შეხვედრებით, ოჯახი მისთვის ერთ-ერთ მთვარ ღირებულებას წარმოადგენს, აქვს კონტაქტი გარშემომყოფებთან... სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობისას, შეინიშნება სტერეოტიპული შეხედულებები და დისფუნქციური მოსაზრებები. ავლენს ოჯახის შექმნის სურვილს. მსჯავრდებული თ---------- გ---------ი შეფასდა აგრესიის მდგომარეობის საკვლევი კითხვარით, სკალებზე დააგროვა 18 ქულა, რაც აღნიშნული კითხვარის შედეგებში შეესაბამება აგრესიულობის ნორმას (ს.ფ. 52).
2.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის - ლ-–- პ--------–---–ის განმარტებით, არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მშობლის უფლებების განხორცილება მოხდეს იმგვარად, რომ ამით არ მიადგეს ზიანი მათ. შესაბამისად, სოციალური სამსახური ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. რ----- გ-------ა და თ---------- გ---------ი 23.10.2018 წლამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ქორწინების პერიოდში, 21.09.2009 წელს მათ შეეძინათ შვილი - ფ----- გ---------ა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- განქორწინების მოწმობა (ს.ფ. 15);
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 16).
3.1.2. თ---------- გ---------ი სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, იხდის სასჯელს და ამჟამად იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის #17 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- დაწესებულების მომართვა (ს.ფ. 62-63);
3.1.3. ფ----- გ---------ას გარდა, რ----- გ-------ას და თ---------- გ---------ს ასევე ჰყავთ შვილები: 15 და 16 წლის ს------- და ს-------- გ---------ები, რომლებიც ცხოვრობენ მამის ოჯახში ბებიასთან ერთად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სოციალური მუშაკის დასკვნა #3103 (ს.ფ. 46-47).
3.1.4. 2018 წლის ოქტომბრის თვემდე რ----- გ-------ა შვილებთან ერთად ცხოვრობდა მეუღლის - თ---------- გ---------ის ოჯახში, ხოლო ოქტომბრის თვიდან, მეუღლის მოთხოვნით, რ----- გ-------ა გადავიდა საცხოვრებლად ცალკე და თან წაიყვანა უმცროსი შვილი - ფ----- გ---------ა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.5. არასრულწლოვანი ფ----- გ---------ა დაიბადა მას შემდეგ, რაც მოპასუხე - თ---------- გ---------ი იქნა დაკავებული.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.6. მსჯავრდებულმა თ---------- გ---------ი ხანგრძლივი პაემნის პირობებში რამდენიმეჯერ შეხვდა მის არასრულწლოვან შვილს - ფ----- გ---------ას, დედასთან ერთად, მათ შორის: 14.11.2012 წელს, 14.08.2015 წელს, 01.02.2016 წელს, 21.07.2016 წელს, 28.03.2017 წელს, 19.12.2017 წელს, 03.07.2018 წელს. მსჯავრდებულმა თ---------- გ---------მა ასევე ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და ხანმოკლე პაემნის პირობებში შეხვდა მის არასრულწლოვან შვილს - ფ----- გ---------ას, დედასთან ერთად: 19.12.2012 წელს, 04.01.2013 წელს, 01.03.2013 წელს, 07.06.2013 წელს, 13.08.2013 წელს, 04.10.2013 წელს, 08.11.2013 წელს, 31.12.2013 წელს, 12.02.2014 წელს, 02.04.2014 წელს, 17.06.2014 წელს, 18.07.2014 წელს, 02.09.2014 წელს, 10.10.2014 წელს, 30.12.2014 წელს, 11.02.2015 წელს, 20.03.2015 წელს, 03.06.2015 წელს, 17.07.2015 წელს, 16.09.2015 წელს, 24.11.2015 წელს, 30.12.2015 წელს, 22.03.2016 წელს, 13.05.2016 წელს, 02.09.2016 წელს, 19.10.2016 წელს, 02.12.2016 წელს, 12.01.2017 წელს, 24.02.2017 წელს, 12.04.2017 წელს, 30.05.2017 წელს, 14.07.2017 წელს, 30.08.2017 წელს, 11.05.2018 წელს, 27.09.2018 წელს და 14.12.2018 წელს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის სამსახურებრივი ბარათი დანართით (ს.ფ. 87-95).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხე რ----- გ-------ა ღალატობდა მის მეუღლეს, თ---------- გ---------ს და მისი ამჟამინდელი ცხოვრების წესი იმგვარია, რომ უარყოფით გავლენას მოახდენს არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
შესაბამისად, მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა, რომ რ----- გ-------ას ცხოვრების წესი უარყოფითად იმოქმედებს არასრულწლოვანი შვილის აღზრდაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, არსებობს საფუძველი იმისა, რომ მოპასუხეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება, არასრულწლოვანი შვილის მიმართ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის ნაწილში, სხვა უფლებების შეუზღუდავად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1200-ე, 1205-ე მუხლები;
გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 20.11.989 წლის ,,ბავშვის უფლებათა კონვენცია” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მოიცავს ბავშვის უფლებების დამცავ ნორმებს და ერთმნიშვნელოვნად ადგენს ბავშვის ინტერესების დაცვის პრიორიტეტს. აღნიშნული კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის, აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
,,ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-8 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში. აღნიშნული მუხლით განსაზღვრული არ არის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები, თუმცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს ბავშვის სახელით ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებების შესრულებას. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებამოსილებების ერთობლიობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის რჩენის ვალდებულება, როცა მშობლის უფლება შეზღუდულია.
სასამართლოში წარმოდგენილი სარჩელით, მოსარჩელემ, ბავშვის დედამ მოითხოვა ბავშვის მამას შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილის მიმართ. მოსარჩელის განმარტებით, მოსარჩელის მშობლები ცხოვრობენ ქალაქ ვლადიკავკაზში, მამა დასაქმებულია და შეუძლია ფინანსურად დაეხმაროს მის შვილს და შვილიშვილს, მოსარჩელეს აქვს სურვილი 2-3 წლით წავიდეს სამუშაოდ საცხობში და წაიყვანოს შვილი თან, შვილს ვერ დატოვებს საქართველოში, რადგან დაბადებიდან ბავშვი სულ დედასთანაა, ხოლო ბავშვის მამა იხდის სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში 2021 წლის ბოლომდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლი ითვალისწინებს რა მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ განსაზღვრავს ფაქტობრივ საფუძვლებს, რომელთა არსებობის პირობებშიც შესაძლებელია მშობლის უფლების შეზღუდვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებული დავის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს არასრულწლოვანი შვილების მიმართ მშობლების უფლებების და ვალდებულებების განმსაზღვრელი ზოგადი პრინციპების საფუძველზე, რაც დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1198-1199 მუხლებით, რომელთა თანახმად, მშობლებს აქვთ უფლებამოსილება და ვალდებულება, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით; მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგენს ბავშვის ინტერესებს.
არასრულწლოვანს თავისი ასაკიდან გამომდინარე, არ შესწევს უნარი, კანონიერი წარმომადგენლისაგან დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო- სამართლებრივ ურთიერთობებში ან/და ნებისმიერ სხვა სფეროში. მესამე პირებთან ურთიერთობაში ბავშებს წარმოადგენენ მშობლები, რომლებიც შვილების სახელით გამოხატავენ ნებას, ამა თუ იმ იურიდიული მოქმედებაზე, წყვეტენ ბავშვის აღზრდის დროს წამოჭრილ საკითხებს. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების დროს, მშობელი შებოჭილია ვალდებულებით, დაიცვას თავისი არასრულწლოვანი შვილის უფლებები და ინტერესები.
სასამართლოში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 30.07.2019 წლის დასკვნის თანახმად, მიზანშეწონილია თ---------- გ---------ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის - ფ----- გ---------ას მიმართ, რათა დაცული იყოს უფლება იცხოვროს მშობელთან ერთად როგორც თავის ქვეყანაში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. აღნიშნულ მოსაზრებას დაეთანხმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი - ლ-–- პ--------–---–ი.
სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ბავშვი დაბადებიდან ცხოვრობს და იზრდება დედასთან ერთად, ხოლო მამა იხდის საპატიმრო სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში. მართალია არასრულწლოვანი შვილი 2018 წლის ჩათვლით არაერთხელ არის ნამყოფი ხანმოკლე და ხანგრძლივ პაემნებზე მამასთან, თუმცა აღსანიშნავია, რომ ყოველ ჯერზე, დედასთან ერთად. შესაბამისად, მას არ უცხოვრია მამასთან დედის გარეშე. გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელეს სურს დროებით გაეგმგზავროს საზღვარგარეთ სამუშაოდ, სადაც იმყოფებიან მისი მშობლები და დასაქმდეს იქ, რა დროსაც ბავშვთან იქნება ბებია. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს არ ექნება საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რ----- გ-------ა ვერ წავა სამუშაოდ საზღვარგარეთ, რადგან ვერავისთან დატოვებს შვილს. თუმცა ბავშვის მამა თ---------- გ---------ი წინააღმდეგია, რომ შვილმა აიღოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი და დედასთან ერთად გაემგზავროს ქალაქ ვლადიკავკაზში.
გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, მოსარჩელე რ----- გ-------ას სარჩელი, მოპასუხე თ---------- გ---------ის მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხის ნახევარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენი ნახევარი, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც ზედმეტად გადახდილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-14, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. რ----- გ-------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე - თ---------- გ---------ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის - ფ----- გ---------ას (დაბადებული 21.09.2009 წელს, პ/ნ 1----------) მიმართ საქართველოს პასპორტის აღებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის ნაწილში, სხვა უფლებების შეუზღუდავად;
3. მოპასუხე - თ---------- გ---------ს დაეკისროს მოსარჩელე - რ----- გ-------ას სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად;
4. მოსარჩელე - რ----- გ-------ას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 50 (ორმოცდაათი) ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი ბაჟი, რომელიც გადახდილია 13.05.2019 წელს ფ-------- კ------–---–ის მიერ, ერთიან საბიუჯეტო ანგარიშზე, სახაზინო კოდზე: 300113150, მიმღების ბანკი/ხაზინა: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE22;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი #7ა), გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილი