გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/4393-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 ნოემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი
მოსარჩელე- შპს„ მი-----------–ი“
წარმომადგენელი - მა--------–--–---–ი
მოპასუხე- ვე----------–---–ი, ნო-----------ე
დავის საგანი -ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ვე----------–---–სა და ნო-----------ეს შპს ,,მი-----------–ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხა - 2700 ლარი, სარგებელი - 5332,85 ლარი, პირგასამტეხლო - 1906,24 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ვე----------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სესხის ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერა გაყალბებული იყო. შესაბამისად, მას სესხი არ აუღია და მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ წარმოშობია თანხის დაბრუნების ვალდებულება.
მოპასუხე ნო-----------ეს საჯარო შეტყობინებით ეცნობა სარჩელის, უწყების, სხდომაზე გამოცხადების შესახებ ინფორმაცია. თუმცა, მას არც შესაგებელი წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივ გარემოებზე მითითება არ განხორციელებულა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2014 წლის 7 ივლისს შპს ,,მი----------------------------–----------–სა ‘’ და ფ/პ ვე----------–---–ს შორის დაიდო სესხის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სესხის სახით გაცემულ იქნა 2 800 ლარი, ყოველთვიურად 6% სარგებლის დარიცხვით, ხოლო სესხის დაბრუნების ვადაგადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლო განისაზღვრა ძირი თანხის 2%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება #1--- (ს.ფ 15-20)
3.2.2. ამავე ხელშეკრულებით, სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად განისაზღვრა თავდებობა და სოლიდარული თავდეობის ვალდებულება იკისრა ფიზიკურმა პირმა ნო-----------ემ. სესხის ხელშეკრულება დაიდო 40 დღით, სესხი უნდა დაფარულიყო 2014 წლის 17 აგვისტომდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ 15-20)
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
3.2.3. სესხის ხელშეკრულების დადებამდე მოპასუხე ვე----------–---–მა გამსესხებელ შპს ,,მი-----------–ისგან“ აიღო სესხის თანხა 2 800 ლარის ოდენობით. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულების სახით საქმეში წარმოდეგნილია 2014 წლის 11 ივნისით დათარიღებული სალაროს გასავლის ორდერი (#9--------), რომელიც ხელმოწერილია მხარეების მიერ. საქმეში ასევე მოიპოვება მეორე სალაროს გასავლის ორდერი 3 000 ლარიან სესხზე იგივე მხარეებს შორის დათარიღებული 2014 წლის 7 ივლისით. თუმცა, მისი შემხებლობა მოცემულ დავასთან არ დგინდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 11.06.2014წ. სალაროს გასავლის ორდერი # 9-------- (ს.ფ 24)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმის ჩვენება(იხ.სხდომის ოქმი 16.10.2019 წ.)
3.2.4. საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N1---, რომლითაც რესტრუქტუირებულ იქნა 2014 წლის 11 ივნისს დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. რაც შეეხება მოპასუხის მიერ დოკუმენტის სიყალბის ფაქტზე მითითებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ვე----------–---–მა ვერ ზიდა მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების დადასტურება სათანადო წონადი მტკიცებულებით, გარდა ახსნა-განმარტებისა, რომელსაც არ დაეთანხმა მოსარჩელე მხარე.
რაც შეეხება საქმეში მოწმის სახით დაკითხულ ნი--- გა-------ას ჩვენებას, მან ვერც უარყო და ვერც დაადასტურა, რომ ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაზე მოპასუხე ვე----------–---–ს ხელი არ მოუწერია. თუმცა ცალსახად დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება საკრედიტო დაწესებულების ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე, სხვა ხელშეკრულებებთან ერთად, მის მიერ მომზადდა და ხელმოსაწერად წარედგინა მოვალეებს. მოწმის ჩვენებით ასევე დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი გასავლის ორდერები ადასტურებს ვე----------–---–ზე გაცემულ სესხს. მისივე განმარტებით ვე----------–---–ს მოსარჩელესთან ჰქონდა ორი სესხი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმე ნი--- გა-------ას ჩვენება; (იხ. სხდომის ოქმი 16.10.2019 წ.)
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.
კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგი---ს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
ამდენად, საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელმოწერის გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, რადგან ამ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მი-----------–ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 54-ე, 62-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 623-ე, 625-ე, 895-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლომ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ 2014 წლის 7 ივლისს შპს „მისო ბელმელსა“ და ვე----------–---–ს შორის გაფორმდა სესხის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება N1---, რომლის მიხედვით, მოხდა არსებული სესხის N 9-------- რესტრუქტურიზაცია. რესტრუქტურიზაციის თანხა განისაზღვრა 2 800 ლარით, ყოველთვიურად 6%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად ასევე განისაზღვრა თავდებობა.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით განსაზღვრული ფულადი ვალდებულების შესრულება. კერძოდ, სესხის ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 40 დღეში, ანუ 2014 წლის 17 აგვისტომდე. მიუხედავად აღნიშნული ვადის დადგომისა, მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეთა მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რის გამოც ძირითადი დავალიანება შეადგენს 2 700 ლარს, რაც გადასახდელად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.
6.2. სასამართლოს მიიჩნია, რომ 2014 წლის 7 ივლისს შედგენილი გარიგება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად ნაწილზე სარგებლის სახით 6% დარიცხვის ნაწილში. როგორც აღინიშნა სარგებლის სახით მხარეთა მიერ განსაზღვრულია სესხის ძირითადი ნაწილის 6% რაც ყოველწლიურად შეადგენს 72 %.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო ამავე კოდექსის 54- ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგებისდადების ნება მხარემ.
სასამართლოს მოსაზრებით გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი
ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო
წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება, თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან, გაითვალისწი---ნ ზემოაღნიშნული.
მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 6%. მართალია, ამ შეთავაზებას ვე----------–---–ი დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება.
ამ შემთხვევაში მოსარჩელე მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები. მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა.
ამრიგად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დებულება, რომლითაც მოსარჩელემ სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა მაშინ, როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე“.
განვითარებული მსჯელობის შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ყოველწლიურად განსაზღვრული სარგებლის ოდენობა 72% უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 28%-ით, რაც თანხობრივად შეადგენს 756 ლარს, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდი---ს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული არაგონივრული, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნული ნორმის მიზანია ის, რომ მხარეთა მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო არ იქცეს მოვალის დასჯის მექანიზმად და არ დაკარგოს მისი, როგორც ვალდებულების დარღვევის პრევენციის დანიშნულება. მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობის შეფასებისას სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ითვალისწინებს როგორც ვალდებულების დარღვევის ხასიათს, ასევე დაკისრებული თანხის მოცულობას, დარღვევის პერიოდსა და სხვა გარემოებებს
მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების მე-2 მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ძირი თანხის 2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ოდენობა, კერძოდ დღეში 27 ლარი, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოა და მძიმე მდგომარეობაში აყენებს მოპასუხეებს. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით იგი უნდა შემცირდეს 0,05%-მდე და დაერიცხოს მხოლოდ ერთ წელზე, რაც საბოლოოდ განისაზღვროს 486 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ის ნაწილი, რაც გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 118.26 ლარის გადახდა. ამავე საფუძვლით მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ საფოსტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა 5 ლარის ოდენობით;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „მი-----------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ვე----------–---–ს, ნო-----------ეს სოლიდარულად დაეკისროთ შპს „მისი ბერმელის „ სასარგებლოდ 2014 წლის 7 ივლისის N1--- სესხის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა 2700 ლარი, სარგებელი 756 ლარი, პროცენტი 486 ლარი;
3. ვე----------–---–ს, ნო-----------ეს სოლიდარულად დაეკისროთ შპს „მისი ბერმელის“ სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 118.26 ლარი და საფოსტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა 5 ლარი;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი