გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.11.2019
საქმის ნომერი
080210119002992414
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210119002992414

#2/1130-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22.11.2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - მ--------------;

წარმომადგენელი - ნ----------ე;

მოპასუხე - გ----------ე;

წარმომადგენელი - მ--------–----ე;

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გ----------ეს დაეკისროს 1000 ევროს გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მ--------------ი 22 წელია ცხოვრობს გერმანიის რესპუბლიკაში. ბაღდათის რაიონ სოფელ როკითიში საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით 2018 წლის ოქტომბრის თვეში დაუკავშირდა მოპასუხე გ----------ეს, ადგილზე დაათვალიერებინა ნაკვეთი, აუხსნა რა ტიპის სახლის აშენება სურდა, კერძოდ ორსართულიანი სახლი სარდაფით, თითო სართულზე თითო სველი წერტილით. მხარეები ფაქტობრივად შეთანხმდნენ ყველა დეტალზე. გ----------ემ აიღო ვალდებულება, რომ დაუმზადებდა სახლის პროექტს მიღებული სტანდარტით. აღნიშნულისთვის მ--------------მა გ----------ეს გადაუხადა 1000 ევრო 2018 წლის 05 ნოემბერს, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ უნდა გადაეხადა 1500 ევრო, გ----------ეს პროექტი უნდა დაემზადებინა 1 თვის ვადაში. გ----------ემ არ შეასრულა თავისი ვალდებულება და მ--------------ს არ დაუმზადა შეთანხმებული პროექტი, რის გამოც მოსარჩელემ პროექტის დამზადება შეუკვეთა სხვას, რაც უკვე დამზადებულია. (იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. გ----------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის ოქტომბრის თვეში დაუკავშირდა მ--------------ი, რომელსაც სურდა არქიტექტურული პროექტის მომზადება კონკრეტულ ნაკვეთზე მშენებლობისა და მშენებლობისათვის ნებართვის მიღების მიზნით. 2018 წლის 21 ოქტომბერს მოსარჩელეს ეცნობა, რომ განხორციელდა ადგილის ტომოგრაფიის გაზომვა, ხოლო სამუშაოების დაწყებისათვის საჭირო იყო კონკრეტული თანხის დაფარვა. პროექტთან დაკაშირებით არსებითი პირობების შესახებ შეთანხმება განხორციელდა 2018 წლის 02 ნოემბერს, მოსარჩელეს განემარტა, რომ პროექტის დამზადების ჯამურ ღირებულებას შეადგენდა 2300 ევროს, პირველ ეტაპზე გადასახდელი იქნებოდა სრული თანხის 25-30%, ხოლო პროექტის მომზადებას დაახლოებით 1 თვე დააგვიანდებოდა. აღნიშნულ შეთავაზებას დაეთანხმა მოსარჩელე მხარე და 2018 წლის 05 ნოემბერს გადაურიცხა 1000 ევრო. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარეს გაუგზავნა რამდენიმე ესკიზი ასარჩევად და შესათანხმებლად, თუმცა მოსარჩელე არ შეხმიანებია, ასევე მოსარჩელეს არ მიუწოდებია ინფორმაცია მისი სამუშაოს შესრულებაზე უარის თქმის და სხვა სპეციალისტის ჩართვის შესახებ (იხ. შესაგებელი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის ოქტომბერს მ--------------ს და გ----------ეს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად, გ----------ეს მ--------------ისათვის უნდა დაემზადებინა საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი 01 თვის ვადაში.

 

3.2.2. მხარეთა შეთანხმების თანახმად, დამკვეთს გ----------ისთვის უნდა გადაეხადა 2300 ევრო. 2018 წლის 05 ნოემბერს მ--------------მა გ----------ეს გადაუხადა 1000 ევრო, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ გადაიხდიდა დარჩენილ ღირებულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-სოციალურ ქსელში არსებული მიმოწერა;

-ამონაწერი ანგარიშიდან ფულადი გზავნილის გადაგზავნის შესახებ;

 

3.2.3. მოსარჩელის მტკიცებით, გ----------ემ არ შეასრულა თავისი ვალდებულება და მ--------------ს არ დაუმზადა შეთანხმებული პროექტი. ესკიზი რაც მოპასუხე მხარემ გადასცა არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, რის გამოც ინტერესი დაკარგა და არქიტექტურული პროექტის დამზადება სხვას დაუკვეთა, რაც უკვე დამზადებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხე აღნიშნავს, რომ მ--------------ს სოციალური ქსელის საშუალებით 2019 წლის 07 მარტს გაუგზვნა ორი ესკიზი ასარჩევად და შესათანხმებლად, თუმცა მოსარჩელე მას აღარ შეხმიანებია. მის მიერ შესრულებული იქნა ინტელექტუალური და შემოქმედებითი სამუშაოები, რაც დიდ დროსთან არის დაკავშირებული, შესაბამისად მოსარჩელის მიერ გახადილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე გ----------ეს შემკვეთისთვის საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი უნდა წარედგინა შეთანხმებიდან 1 თვის ვადაში. როგორც მოპასუხე მხარე აღნიშნავს პროექტთან დაკაშირებით არსებითი პირობების შესახებ შეთანხმება განხორციელდა 2018 წლის 02 ნოემბერს, ხოლო სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ერთ თვიან ვადას უკავშირებს მისთვის შემკვეთის მიერ 1000 ევროს გადახდიდან.

 

საქმის მასალებში წარმოდგენლია, მხარეთა სოციალურ ქსელში არსებული მიმოწერა, ასევე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში გასაუბრების შესახებ ოქმები, სადაც აღნიშნულია, რომ მხარეები შეთანხმდნენ შესასრულებელ სამუშაოზე, შესრულების ვადაზე, ასევე მის ღირებულებაზე. სასამართლოს წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიაჩნია, რომ გ----------ეს შემკვეთისთვის პროექტი უნდა წარედგინა სამუშაოს ღირებულების ნაწილის გადახდიდან 1 თვის ვადაში, რაც ამ ვადაში არ შესრულებულა.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტს, იმის შესახებ, რომ მის მიერ შესრულებული იქნა ინტელექტუალური და შემოქმედებითი სამუშაოები, რაც დიდ დროსათან არის დაკავშირებული, შესაბამისად მოსარჩელის მიერ გახადილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, იმის განსაზღვრა, თუ რა ოდენობის და ღირებულების სამუშაო იქნა მოპასუხე მხარის მიერ შესრულებული შეუძლებელია. დადგენილია, რომ შემკვეთს შემსრულებლისთვის შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების ნაწილი 1000 ევრო გადახდილი აქვს. ის თუ რა ღირებულების სამუშაო იქნა შესრულებული მოპასუხის მიერ უნდა დაემტკიცებია მოპასუხეს, რაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.

 

სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

საქმის შინაარსიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, მოცემულ დავაში უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის შეფასება იურიდიული მართებულობის გადასაწყვეტად. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსება სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების აღიარებით ვლინდება. სამოქალაქო-სამართლებრივი დავა მხოლოდ მხარის მოთხოვნისა და ინიციატივის საფუძველზე წარმოებს, დავის შინაარსს განსაზღვრავენ მხარეები. ისინი განაგებენ საპროცესო მასალებს, მტკიცებულებებსა და ფაქტებს. შესაბამისად, მხარე თვითონ არის პასუხისმგებელი თავის ხელთ არსებული ფაქტებისა და უფლებების სწორად გამოყენებაზე. სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, ხოლო რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს (კვალიფიკაცია), იგი არ შეიძლება, იყოს დამოკიდებული მხარეთა მითითებებზე. სწორედ ამიტომ, მოთხოვნის არსიდან გამომდინარე სასამართლო განსაზღვრავს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებები დგინდება მხარეთა მიერ დაფიქსირებული პოზიციების ფარგლებში და რა არის სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ--------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 629-ე, 361-ე, 400, 644-ე, 405-ე, 352-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები. ამ ნორმით გათვალისწინებული ,,ნაკეთობა’’ არის ის ქონებრივი სიკეთე, რაც სამუშაოს შესრულების შემდეგ მენარდემ უნდა გადასცეს შემკვეთს.

 

ნარდობის ხელშეკრულების ძირითად თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მენარდემ ისე უნდა შეასრულოს შეპირებული სამუშაო, რომ შემკვეთისათვის დადგეს სწორედ ის განსაზღვრული შედეგი, რაზედაც შეუთანხმდა მენარდეს, ანუ შესრულება უნდა შეესაბამებოდეს შეთანხმებულ პირობებს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის ოქტომბერში მ--------------ს და გ----------ეს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა - მ--------------ისთვის საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის მომზადება 01 თვის ვადაში.

 

მხარეთა შეთანხმების თანახმად, დამკვეთს გ----------ისათვის უნდა გადაეხადა 2300 ევრო, 2018 წლის 05 ნოემბერს მ--------------მა გ----------ეს გადაუხადა 1000 ევრო, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ გადაიხდიდა დარჩენილ ღირებულებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მ--------------მა მოპასუხე გ----------ეს შეუკვეთა საცხოვრებელი სახლის არქიტექტული პროექტის დამზადება, თუმცა მენარდემ ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ გ----------ეს არქიტექტული პროექტი უნდა დაემზადებინა 1 თვის ვადაში, (აღნიშნულ ვადას მოპასუხე მხარე უკავშირებს ავანსად 1000 ევროს მიღებიდან 1 თვეს), დადგენილ ვადაში მენარდემ ვერ შეძლო სამუშაოს შესრულება. მოსარჩელის მტკიცებით, ესკიზი რაც მოპასუხე მხარემ გადასცა არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, რის გამოც ინტერესი დაკარგა და არქიტექტურული პროექტის დამზადება სხვას დაუკვეთა. სასამართლოს დადასტურებულად მიიჩნია, რომ დადგენილ ვადაში გ----------ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

ამავე კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.

 

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გ----------ემ არ შეასრულა თავისი ვალდებულება და დადგენილ ვადაში არ დაუმზადა შეთანხმებული პროექტი. ესკიზი რაც მოპასუხე მხარემ გადასცა არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, რის გამოც ინტერესი დაკარგა და არქიტექტურული პროექტის დამზადება სხვას დაუკვეთა, რაც უკვე დამზადებულია.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ სადავო ურთიერთობაში სახეზეა ვალდებულების არსებითი დარღვევა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ვალდებულების შესრულების ვადაში და არც ვადის გასვლის შემდგომ მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია. აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ კრედიტორის მიერ მოვალისათვის ვალდებულების შესასრულებლად დამატებით ვადის მიცემას არავითარი შედეგი არ ექნებოდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

მ--------------მა არქიტექტურული პროექტის დამზადებისთვის გადაიხადა სამუშაოს საზღაურის ნაწილი 1000 ევრო, ხოლო მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ დაუმზადა არქიტექტურული პროექტი, მოსარჩელეს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლიდან გამომდინარე, უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.

 

აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნადა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად კი სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფაზე - 50 ლარი. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს სასამართლოს გარეშე ხარჯი - ადვოკატის მომსახურების საფასური 500 ლარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

აღნიშნული ნორმის საფუძველზე, კანონით დადგენილი მაქსიმალური ზღვარის ფარგლებში, სასამართლო განსაზღვრავს გონივრულ ოდენობას, რომელსაც წაგებული მხარე ანაზღაურებს.

 

საქმის სირთულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 100 ლარი.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან სარჩელი კმაყოფილდება არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღინისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. მ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გ----------ეს - მ--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1000 (ათასი) ევროს გადახდა.

 

3. გ----------ეს - მ--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 100 ლარის გადახდა (სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 50 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარი).

 

4. გ----------ეს - მ--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე