გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.10.2019
საქმის ნომერი
330210019003165229
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
24.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/21411-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირაკლი კოპალიანი

სხდომის მდივანი - ანა ჩიკვილაძე

მოსარჩელე - ნ----------–--------–---–ი

მოპასუხე - ლ--–----------–---–ი

წარმომადგენელი - ნ-----------–--ე

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ლ--–----------–---–ს ნ----------–--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანი 1101.9 აშშ დოლარი და 7260 ევრო, ასევე მორალური ზიანი 7260 ევრო.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელის განცხადებით, ზედა ყბის მარცხენა მხარის მე-5 კბილის წკირის დასაპლომბად მიმართა სტომატოლოგიური კლინიკის ექიმს, ლ--–----------–---–ს, რომელმაც წკირის გაკეთებისთვის აუცილებელი გახადა ზედა უბნის მოუხსნელი ფაიფურის პროთეზის გაკეთება. მოლაპარაკება იყო იაპონურ კბილებზე, რომლის ფასი იყო 1000 ლარი. მეორე დღეს კი მოპასუხემ მოითხოვა 1200 ლარი. 1000 ლარი - ხიდობრივ პროთეზში, 200 ლარი კი კბილების მოსამზადებლად. კბილების მომზადებისთვის მკურნალობის თანხას მოპასუხეს აძლევდა ნაღდი ანგარიშსწორებით ეტაპობრივად - თავდაპირველად 50 ლარი, ხოლო მეორე დღეს 150 ლარი. სულ გადახდილი აქვს 1400 ლარი. მკურნალობა ჩატარდა უხარისხოდ, რის გამოც მოსარჩლეს ჰქონდა ძლიერი ტკივილი, ამის გამო იძულებული გახდა მიემართა სხვა ექიმებისთვის. აღმოჩნდა, რომ ტკივილის მიზეზია ნაწილობრივ კბილების არხების დაბჟენა და ცუდად გაკეთებული პროთეზი. ხიდობრივი პროთეზის გაკეთების დროს აღმოჩნდა, რომ კბილების ცუდი დამუშავების გამო, პროთეზის ტარება არ შეიძლება და კბილები ამოსაღები იყო. ამ ცნობამ მიაყენა დიდი მორალური ტრავმა. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ის მატერიალური ზიანი, რაც მიადგა არასწორი მკურნალობით და მორალური ზიანი, მიყენებული სულიერი ტრავმისთვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო 82 ლარის ნაწილში, დანარჩენ ნაწილს არ ცნობს და აცხადებს, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს რა ზიანი მიადგა უშუალოდ მოსარჩელის მოქმედებით. არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელისთვის შესაძლო ზიანის მიყენებას შორის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქმეზე დადგენილია შემდეგი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მოსარჩელემ გარკვეული სტომატოლოგიური მომსახურება მიიღო მოპასუხისგან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელწერილი (ს.ფ. 25);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 105-ე მუხლის დანაწესზე, რომელიც ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს და განსაზღვრავს, რომ: სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო მსჯელობს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებისა და ერთობლიობაში გაანალიზების შედეგად წყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

 

3.2.1. საქმის მასალებით მოპასუხეთა მხრიდან პაციენტისათვის არაკვალიფიციური სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის ფაქტი არ დასტურდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმციის პრინციპი, შესაბამისად ხდება მტკიცების ტვირთის განაწილება მხარეთა შორის: დაზარალებული მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ვალდებულია დაამტკიცოს მისთვის ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ზიანის მიმყენებელმა თავის მხრივ უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის და ბრალის არარსებობა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილების პრინციპზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევა სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული მკურნალობა და დიაგნოსტიკა, რამაც ზიანი გამოიწვია, ხოლო მტკიცების ტვირთი, რომ ზიანი სამედიცინო დაწესებულების პერსონალთა ქმედების შედეგად არ დამდგარა აკისრია სამედიცინო დაწესებულებას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტების გარდა რაიმე სახის მტკიცებულება, რითაც მხარე დაადასტურებდა სადავო ფაქტობრივი გარემოებების არსებობას უტყუარად, საქმეში წარმოდგენილი არ არის; ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება კი, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება სადავო სამართალურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება სტომატოლოგიური მომსახურების ჩატარების შემდგომ, რამდენად გამოიწვია არასწორმა მკურნალობამ, რისთვისაც არსებითია სპეციალური ცოდნით აღჭურვილი და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირთა დასკვნების შეფასება. განსახილველ შემთხვევაში საკუთარი პოზიციის მართებულობის დასადასტურებლად, პროცესის ორივე მხარე, როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე აპელირებენ საქმეში არსებულ ერთიდაიმავე წერილობით მტკიცებულებებზე _ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებზე.

 

სარჩელს თან ერთვის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორი დასკვნა, 2017 წლის 18 იანვრის დასკვნის მიხედვით, ხიდისებრი პროთეზების საყრდენი კბილები თერაპიულად ხარისხიანად არის მომზადებული. მეტალოკერამიკული კბილების ესთეტიკური მხარე მოიცავს არაარსებით ნაკლოვანებებს, რომელთა გამოსწორება ადვილი და მარტივია. კლინიკური და ფუნქციონალური გამოკვლევისას აღენიშნება შემდეგი ნაკლოვანებები: 1) ზეწოლა 1.2, 1.1, 2.5, 2.6 კბილების ყელის მიდამოში, რაც აღიზიანებს ღრძილს და იგი ამჟამად ანთებითია. 2) საოკლუზიო შეხება არ არის 1.2, 1.3, 1.4, 1,5 კბილების მიდამოში. 3) თანკბილვის სიმაღლე უნდა აიწიოს 1-1,5მმ-ით. 4) შეინიშნება ფონეტიკური ხასიათის დარღვევებიც - პაციენტს უჭირს ზოგიერთი ბგერის (,,ჩ“, ,,ც“, ,,შ“) გამოთქმა. შესრულებული სამუშაოს (ხიდისებრი პროთეზები) ძირითადი ნაკლია არათანაბარი ოკლუზიური დატვირთვა საყრდენ კბილებზე, რის შედეგადაც ღეჭვითი ზეწოლა ასევე არათანაბრად გადანაწილდება მათზე. მომავალში ეს ფაქტორი აუცილებლად გამოიწვევს საყრდენი კბილების ფუნქციონალურ გადატვირთვას და დაკარგვას. ამიტომ, მიზანშეწონილია გაკეთდეს ოკლუზიის ნორმალიზაცია ზემოთჩამოთვლილი შენიშვნების გათვალისწინებით.

 

2018 წლის 07 მაისის დასკვნის შესაბამისად, კი ნ----------–--------–---–ს ზედა ყბაზე აღენიშნება 7 კბილი - 1.3; 1.1; 2.1; 2.3; 2.5; 2.6; 2.7. რომლებიც დამუშავებული აქვს ფაიფურის ხიდისებური პროთეზისთვის (ნ.ჯ----–---–ის გადმოცემით აღნიშნული მანიპულაცია ჩაუტარდა 2016 წლის შემოდგომაზე), აღნიშნული კბილები არადამაკმაყოფილებლადაა დამუშავებული, აღინიშნება მანიპულაციის ხარვეზები - კერძოდ: 1..3; 1.1; 2.1 და 2.3 კბილების ფესვები ენდოდონტიურად დამუშავებულია, მაგრამ მათი გვირგვინის ნაწილი ,,დაუზოგავად“ და აგრესიულადაა დამუშავებული, კბილები 2.5; 2.6 და 2.7-ის ფესვები დამუშავებულია და შევსებულია არასრულფასოვნად, კბილში 2.5 ანკერული წკირი არასწორად დგას და ამ კბილთა (2.5; 2.6 და 2.7) გვირგვინოვანი ნაწილი ასევე არადამაკმაყოფილებლადაა დამუშავებული. აღნიშნული ხარვეზების გამო, ზემოდ აღნიშნული კბილების ფუნქცია დაკარგულია და მათზე ხიდისებური კონსტრუქციის დამზადება შეუძლებელია, შესაბამისად, მათი გამოყენება ორთოპედიული კონსტრუქციის საყრდენად (მოუხსნელი კონსტრუქციისათვის) შეუძლებელია. ვინაიდან ზემოდ აღნიშნული საყრდენი კბილების გამოყენება მოუხსნელი კონსტრუქციისათვის შეუძლებელია, უნდა ჩატარდეს მათი ექსტრაქცია და დამზადდეს მოსახსნელი ფირფიტოვანი პროთეზი.

 

აღნიშნული დასკვნების შეფასებისა და მხარეთა მიერ დაფიქსირებული პოზიციის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს რომ მტკიცების ტვირთის მქონე მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ შესთავაზა სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული არგუმენტირებული მსჯელობა იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებაში და ასევე მკურნალი ექიმის მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შედეგად, მოსარჩელის მდგომარეობა გაუარესდა, რაც უშუალო კავშირშია დამდგარ ზიანთან. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ გარდა მოპასუხედ დასახელებული სტომატოლოგიური კლინიკისა, პაციენტს მომსახურება გაეწია და მკურნალობა ჩაუტარდა რამდენიმე სტომატოლოგიურ კლინიკაში, 2018 წლის 07 მაისის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელე პერიოდულად მიმართავდა სხვა სტომატოლოგიურ კლინიკებს, სადაც სპეციალისტები სიტყვიერად განუმარტავდნენ, რომ ჰქონდა ღრძილების ანთება, რომ მისი ხიდისებული პროთეზისთვის მომზადებული საყრდენი კბილები იყო არასწორად დამუშავებული, იყო ზომაზე მეტად დაქლიბული და აღნიშნული იწვევდა მის ჩივილებს (მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სხვა კლინიკებში აღნიშნული ვიზიტები დოკუმენტურად არ გაფორმებულა). ამის შემდეგ 2017 წლის გაზაფხულზე მიმართა ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკას, სადაც განუმარტეს, რომ ტკივილს იწვევდა მისი კბილების არხების ბლომდე დაბჟენილობა, აღნიშნულ კლინიკაში მოსარჩელემ ჩაიტარა დროებითი ხიდისებური პროთეზის ჩასმა, რის შემდეგაც ჩივილები მოეხსნა. პირადი გასაუბრების მომენტში ნ----------–--------–---–ი ჩივილებს აღარ წარმოადგენს, პირის ღრუს დათვალიერებაზე აცხადებს უარს.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ჩაუტარა შემდეგი სახის სტომატოლოგიური მომსახურება: ხუთი კბილის დეპულპაცია და დაბჟენა, რომლისთვისაც მიღებული აქვს ანაზღაურება - 200 ლარი.

 

ამავე დროს, სასამართლო მიუთითებს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს მხარის მიერ ს.ფ. 27-ზე მითითებული ჯამური 1000 ლარი გადახდილია მკურნალობის ხარჯის, თუ სესხის დაბრუნების სახით. არსებითია დადასტურდეს, რომ მოპასუხის არაკვალიფიციურმა სამედიცინო ჩარევებმა, გამოიწვია ის ზიანი, რომელსაც ითხოვს მოსარჩელე (მატერიალური თუ მორალური).

 

შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურების კუთხით მოსარჩელემ დამაჯერებელ არგუმენტებზე ვერ მიუთითა, ვინაიდან საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და შესაბამისი დარგის სპეციალისტთა სარეცენზიო დასკვნებითა და სხვა მტკიცებულებებით, არ დგინდება მოპასუხის მიერ პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და ან სამკურნალო ღონისძიებების განხორციელების ფაქტი, რომელიც უშუალოდ განაპირობებდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ლ--–----------–---–ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 413-ე, 408-409-ე, 992-ე, 1007-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

ზემოთ დასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმის განხილვაში მონაწილე პირებს - მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები და ამ უფლებათა დაცვის საშუალებები. მოსარჩელის უფლებაა აღძრას საქმე, განსაზღვროს სარჩელის საგანი, საფუძველი და ა.შ. ანალოგიურად ვრცელდება პროცესის დისპოზიციურობა მოპასუხეზე, რომელსაც დასახელებული პრინციპის ფარგლებში შეუძლია ცნოს სარჩელი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ: 82 ლარის ნაწილში, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახედ დელიქტურ ვალდებულებას განსაზღვრავს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი, როდესაც მხარეები ზიანის მიყენებამდე არ იმყოფებოდნენ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში, ანაზღაურდება არასახლშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით იმდენად, რამდენადაც დელიქტური სამართლის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების გამწევის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ირღვევა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დამცავი სამართლის ნორმები, დაზარალებულის ჯანმრთელობის აბსოლიტური უფლება; შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლი, ხოლო დამხმარე ნორმებს წარმოადგენს საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“.

 

განსახილველ შემთხვევაში ნ----------–--------–---–ის (პაციენტი) მკურნალი ექიმის მიმართ აღძრული სარჩელით ითხოვს არასწორი მკურნალობის შედეგად ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და ასევე შემდგომი მკურნალობისათვის საჭირო ხარჯის მათთვის დაკისრებას, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ გაეწია არასათანადო სამედიცინო მომსახურება რაც გამოიხატა არასწორ მკურნალობაში.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმის დანაწესი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული მოქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ კონსტრუქციას და მათგან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

სამედიცინო შეცდომით მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო სამოქალაქოსამართლებრივი პასუხიმგებლობის წარმოშობის პირობები იგივეა, როგორც ყველა დელიქტურ ვალდებულებებში: ზიანი, მართლწინააღმდეგობა, ბრალი და მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, თითოეული ამ კომპონენტის თავისებურება სამედიცინო საქმიანობის ხასიათით განისაზღვრება. იმავე პირობების არსებობას მოითხოვს სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლი, რომლის ძალითაც სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვა) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ზიანის არსებობის ფაქტი, ხოლო ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის. ნორმის მიზნიდან გამომდინარე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევა სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რამაც გამოიწვია ზიანი. ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელია, დადგინდეს საექიმო შეცდომა.

 

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 „ჩ1“ მუხლის თანახმად, სამედიცინო საქმიანობა (მომსახურება) გულისხმობს საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასთან, გაუმჯობესებასთან და აღდგენასთან (ფსიქიკური, სოციალურ, სამედიცინო და ფიზიკურ რეაბილიტაციასთან), პალიატიურ მზრუნველობასთან, პაციენტის სამედიცინო მოვლასთან, პროტეზირებასთან, პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირებასთან, პაციენტის სამედიცინო განათლებაასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზასთან, ფსიქიატრიულ ექსპერტიზასტან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებთან და სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ სამედინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებასთან და ხორციელდება დადგენილი წესით;

 

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად მცდარ სამედიცინო ქმედებად განმარტებულია ექიმის მიერ უნიებლიედ, პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ ექიმის მიერ პაციენტისათვის ზიანის მიყენება არ უნდა იყოს წინასწარ განზრახული, წინააღმდეგ შემთხვევაში ქმედება აღარ მოექცევა ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში მოცემული მცდარი სამედიცინო ქმედების ფარგლებში.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს: ,,პაციენტთა უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე და აღნიშნავს, რომ: პაციენტს ზიანის ანაზღაურების უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ: 1. არ არის მიღწეული სამედიცინო საქმიანობის მიზანი (ადამიანის ჯანმრთელობის აღდგენა და სიცოცხლის შენარჩუნება) და 2. მედიცინის მუშაკის ქმედება არ შეესაბამება სამედიცინო მაჩვენებლებს.

 

შესაბამისად, პაციენტისათვის მიყენებული ზიანის შემთხვევებში, საკმარისია, დადგინდეს ექიმის გაუფრთხილებლობა, რაც გულისხმობს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების აუცილებელი გულისხმიერებისა და ყურადღების გარეშე განხორციელებას. გულისხმიერებასა და ყურადღებიანობაში იგულისხმება ექიმის მიერ საჭირო სამედიცინო მოქმედებების ზედმიწევნით ხარისხიანად, აღიარებული სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად შესრულება. ამასთან, მკურნალობის ედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუკი პირისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია უშუალოდ მცდარი სამედიცინო მოქმედებით, ანუ გამოკვეთილია მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მოიცავს არა მარტო მის აქტიურ მოქმედებებს, არამედ უმოქმედობასაც. არასათანადო სამედიცინო მომსახურება ხასიათდება არა მხოლოდ დიაგნოსტიკური და სამკურნალო ჩარევების მეთოდურად და ტექნიკურად განხორციელებით, არამედ სამედიცინო დანიშნულებით დიაგნოსტიკური და სამკურნალო ღონისძიებების სავალდებულო მოცულობის შეუსრულებლობით, რომელიც ავადმყოფის სათანადო დაკვირვებითა და მოვლით უზრუნველყოფილი არ არის. თუ ექიმი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს, მაშინ ის არ არღვევს არც ერთ ვალდებულებას და ბრალი არ მიუძღვის. ანუ ექიმი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებელი, როდესაც ზიანი, რომელიც პაციენტს მიადგა, გამომდინარეობს დიაგნოტიკის ან მკურნალობის დროს დაშვებული ბრალეული შეცდომიდან.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლში მითითებული შემთხვევების არსებობისას, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ არაბრალეულობის მტკიცების ტვირთი აწევს სამედიცინო დაწესებულებას. ასეთ დროს, პაციენტის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტის არსებობა ქმნის იმის პრეზუმფციას, რომ მის ჯანმრთელობას ზიანი სამედიცინო დაწესებულების ბრალით მიადგა და საწინააღმდეგოს დადასტურება სამედიცინო დაწესებულებამ უნდა განახორციელოს (სუსგN260-244-2014, 28.05.2014წ).

 

სადავო შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლი პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა დაემტკიცებინა მისთვის მიყენებული ზიანის ფაქტი, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან გამომდინარე სამედიცინო დაწესებულების, ექიმის მტკიცების ტვირთი იყო დაემტკიცებინა რომ მისმა მუშაკებმა ყველა მართლზომიერი საექიმო ქმედება განახორციელეს პაციენტის დაავადების სწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად, დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

საქმეზე გამოკვლეული ფაქტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში განვითარებული მსჯელობის შედეგად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ, კონკრეტული საქმის მასალებით არ დადასტურდა მოპასუხე მკურნალი ექიმის მხრიდან პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო ისეთი სადიაგნოზო და ან სამკურნალო ღონისძიებების განხორციელების ფაქტი, რაც განაპირობებდა ზიანის ანაზღაურებისთვის სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას და შესაბამისად ნ----------–--------–---–ს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე ურს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

განსახილველ შემთხვევაში, "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის თანახმად, მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. სარჩელი დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რომელიც მოპასუხემ ცნო მთავარ სხდომაზე; შესაბამისად მოპასუხეს დაეკისრება ბაჟის ნახევარი - 25 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე- 8-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნ----------–--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ლ--–----------–---–ს ნ----------–--------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 82 ლარის ანაზღაურება (გადაწყვეტილება ამ ნაწილში საბოლოოა).

 

3. სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვას უარი.

 

4. დაეკისროს ლ--–----------–---–ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი კოპალიანი