გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.11.2019
საქმის ნომერი
330210018002623909
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
11.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/16094-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე - ქ. თბ--–----------–----–-----------------------------------------ო

წარმომადგენელი - რე-----------–---–ი

 

მოპასუხეები - შპს „მ---ო“, ვა----------------–---–ი, ოლ----------–---–ი

მოპასუხის შპს „მ---ო“-ს წარმომადგენელი - ტა-----–-–---–---ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ თბ--–----------–----–-----------------------------------------ოსათვის მიყენებული ზიანის 36 244 ლარის გადახდის დაკისრება.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ ქ. თბ--–---------–----–--------------------------------------------ს კუთვნილ ავტომობილს "TO---------Y" (VIN J------6903024542), სახელმწიფო ნომრით “BV----2”, უკნიდან შეეჯახა სატრანსპორტო საშუალება “ME----------Z S 500” (VIN W----75391A139226), რომელსაც მართავდა მოქალაქე ვა----------------–---–ი. აღნიშნული გამოიწვია ვა----------------–---–ის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფამ.

 

სატრანსპორტო საშუალება "ME----------Z S 500" (VIN: W----75591A139226) სატრანსპორტო შემთხვევის დროს წარმოადგენდა შპს „მ---ო“-ს საკუთრებას. სატრანსპორტო საშუალება "ME----------Z S 500" (VIN: W----75591A139226) სახელმწიფო სანომრე ნიშნით „TT------M“, რომლის შეჯახების შედეგადაც დაზიანდა ქონების მართვის სააგენტოს კუთვნილი ავტომანქანა, 2018 წლის 10 იანვრის ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების თანახმად, წარმოადგენდა ლიზინგის საგანს, ხოლო ლიზინგის მიმღებს ოლ----------–---–ი.

 

სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის "TO---------Y" (VIN J------6903024542), სახელმწიფო ნომრით “BV----2” აღდგენის სრულმა ღირებულებამ შეადგინა 36 244 ლარი, რაც მოპასუხეებმა უნდა აუნაზღაურონ მოსარჩელეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

შპს „მ---ო“-ს წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. შესაგებელში განმარტებულია, რომ, მართალია, ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსი წარმოადგენს შპს „მ---ოს“-ს საკუთრებას, მაგრამ იგი გადაცემულია სარგებლობასა და მფლობელობაში ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე ოლ----------–---–ის მფლობელობაში, რის გამოც შპს „მ---ო“ არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს.

 

მოპასუხეებმა ვა----------------–---–მა და ოლ----------–---–მა არ ცნეს სარჩელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2018 წლის 18 იანვარს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული იქნა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება "TO---------Y“ (VIN J------6903024542), სახელმწიფო ნომრით „BV----2“.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ.2-3).

დადგენილება სისხლის სამართლოს საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 20-22).

 

3.1.2. ვა----------------–---–მა, რომელიც მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას - "მე------------–ი" ("ME----------Z S 500"; VIN: W----75591A139226) სახელმწიფო სანომრე ნიშნით TT------M, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი დამუხრუჭების ან გაჩერების შემთხვევაში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ.2-3).

დადგენილება სისხლის სამართლოს საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 20-22).

 

3.1.2. სატრანსპორტო საშუალება "ME----------Z S 500" (VIN: W----75591A139226) სატრანსპორტო შემთხვევის დროს წარმოადგენდა შპს „მ---ო“-ს საკუთრებას.

 

სატრანსპორტო საშუალება "ME----------Z S 500" (VIN: W----75591A139226) სახელმწიფო სანომრე ნიშნით „TT------M“, 2018 წლის 10 იანვრის ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების თანახმად, წარმოადგენდა ლიზინგის საგანს, ხოლო ლიზინგის მიმღებს ოლ----------–---–ი.

 

მხარეებს შორის არ არის სადავო, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს, 2018 წლის 18 იანვარს ლიზინგის საგანი გადაცემული იყო ოლ----------–---–ის მფლობელობაში (სადავო არ არის გარემოება იმის შესახებ, რომ ოლ----------–---–ის მფლობელობიდან ავტომანქანა არ გასულა თანხმობის გარეშე, ხოლო ვა----------------–--–ი წარმოადგენს ოლ----------–---–ის შვილის მეგობარს).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ.2-3).

მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 2019 წლის 11 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი; 16:01:57-16:06:22).

ლიზინგის ხელშეკრულება (ს.ფ. 96-107).

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წერილი სათრანსპორტო საშუალების შესახებ (ს.ფ. 26).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. არ დგინდება მოსარჩელისათვის 2018 წლის 18 იანვარს ავტოშეჯახების შედეგად 36 244 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი.

 

„ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიუთითებენ მათზე“(იხ. სუსგ №ას-129-122-2014, 30.04. 2014 წ.). მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა (იხ. სუსგ №ას-191-183-2016, 19.04.16).

 

„სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი, სწორედ რომ, მართლსაწინააღმდეგო მოქმედების სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგია“ (საქმე №ას-1090-2019, 30 ოქტომბერი, 2019 წელი). ქონებრივი ზიანის დადგენა ხდება ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით, კერძოდ, რა ქონებრივ მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, სანამ მის მიმართ განხორციელდებოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მას მიადგებოდა ქონებრივი ზიანი და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, ქონებრივი ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემდგომ. ზიანის მოცულობა განისაზღვრება ამ ორ მდგომარეობას შორის სხვაობით (იხ. საქმე №ას-155-145-2017, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).

 

ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს (მის მოცულობას) შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა ასევე წარმოადგენს სავალდებულო პირობას დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომისათვის. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, ამ ტიპის დავებში მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

ზიანის მიყენების ფაქტისა და მისი ოდენობის დასამტკიცებლად მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა 2018 წლის 17 მაისის შპს „ტო-------–-------------–--ის“ მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვა, რომლის თანახმად სათადარიგო ნაწილებისა და გაწეული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 36 244,00 ლარს, ხოლო ფასდაკლებით 25 370,80 ლარს.

 

სადავო საკითხს წარმოადგენს, მიზეზობრივი კავშირის არსებობა მომხდარ შეჯახებასა და ავტომანქანისათვის ნაწილების გამოცვლასა და შესაბამისად, ასევე მოსარჩელის მიერ განსაზღვრული ზარალის ოდენობას შორის. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის პოზიცია მიყენებული დაზიანებებისა და აღდგენისათვის საჭირო თანხის ოდენობის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული გარემოებები სარწმუნოდ არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით. 2018 წლის 17 მაისის შპს „ტო-------–-------------–--ის“ მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვა, რომლებიც შედავებულია მოპასუხე მხარის მიერ, უტყუარად ვერ ადასტურებს მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობას ავტოსაგზაო შემთხვევასა და შპს „ტო-------–-------------–--ის“ მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ დაზიანებებს (სათადარიგო ნაწილებსა და სამუშაოს) შორის. შესაბამისად, ვერ ადასტურებს ზარალის ოდენობის შესაბამისობას.

 

მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სხვა რაიმე მტკიცებულება შეჯახების შედეგად დაზიანებული ნაწილების (ჩამონათვლის) დასადასტურებლად, რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს დაზიანებული ნაწილები შეედარებინა ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ გამოცვლილ ნაწილებთან, რითიც, თავის მხრივ, განისაზღვრებოდა ზიანის ოდენობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის ქმედების მართლწინააღმდეგობა და ბრალეულობა დადასტურებულია და არ არის სადავო (რის გამოც სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ ცალკე და დამოუკიდებლად შეაფასოს ვა----------------–---–ის ხელწერილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და ბრალის აღიარების შესახებ), თუმცა ზიანის მოცულობისა და მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს (ამ შემთხვევაში ზიანი მოთხოვნილი ოდენობით) შორის მიზეზობრივი კავშირის დადასტურება განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო, რის შედეგადაც არ არსებობს ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 999-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი; ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოვალეობა არ გამოიყენება, როცა: ა ) ზიანდება გადასაზიდი ტვირთი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მგზავრს ეს ტვირთი თან მიაქვს; ბ ) ზიანდება სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ შესანახად მიღებული ნივთი; მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოვალეობა არ გამოიყენება, როცა ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი წარმოიშვა საავიაციო ტრანსპორტის ექსპლუატაციის დროს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

 

სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი ითვალისწინებს გამონაკლისსაც - ნივთის იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილები), მათ შორის მაშინაც, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა სხვა პირი, თუმცა ამ შემთხვევაში ვალდებული პირის დადგენა ხდება იმის მიხედვით, თუ რა გზით (იურიდიულად ნამდვილი უფლების საფუძველზე) აღმოჩნდა ნივთი მოსარგებლის ფაქტობრივი ბატონობის არეალში (ნორმის მე-4 ნაწილი). თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი), ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით მიაყენებს ზიანს სხვას, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება მას და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს.

 

საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება; ზიანი; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ან/და ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა, მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე - არაპირდაპირი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახეზე გვყავს კვლავ „მფლობელი“ (არაპირდაპირი) და „მოსარგებლე“ (პირდაპირი მფლობელი) (იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი, ას#504-481-2016, 30/09/2016; ას#-39-38-10, 15/07/2010 წ.).

 

დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძვლის არსებობისას, სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად (სსკ-ის 999-ე მუხლის შემთხვევაში განსხვავებულია მხოლოდ ბრალის საკითხი, რაც ბრალის მიუხედავად პასუხისმგებლობას გულისხმობს) პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ, არსებობს ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა ასევე წარმოადგენს სავალდებულო პირობას დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომისათვის. ამასთან, ზიანი უნდა იყოს პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი ზიანის მიმყენებლის მოქმედებისა (უმოქმედობისა). ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას, სსკ-ის 992-ე და 999-ე მუხლების შესაბამისად (გარდა 999-ე მუხლის შემთხვევაში ბრალის კომპონენტისა), რაც ქმნის პასუხისმგებლობის საფუძველს.

 

საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობების განხორციელებაზე. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017).

 

2018 წლის 18 იანვარს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება "TO---------Y“ (VIN J------6903024542), სახელმწიფო ნომრით „BV----2“.

 

ავტოშეჯახება განაპირობა საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების ვა----------------–---–მის მიერ დარღვევამ, რომელიც მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას - "ME----------Z S 500" (VIN: W----75591A139226) სახელმწიფო სანომრე ნიშნით TT------M. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება სატრანსპორტო შემთხვევის დროს წარმოადგენდა შპს „მ---ო“-ს საკუთრებას, თუმცა

 

სატრანსპორტო საშუალება 2018 წლის 10 იანვრის ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ჰქონდა ლიზინგის მიმღებს ოლ----------–---–ს მფლობელობაში. სადავო არ არის გარემოება იმის შესახებ, რომ ოლ----------–---–ის მფლობელობიდან ავტომანქანა არ გასულა თანხმობის გარეშე, ხოლო ვა----------------–--–ი წარმოადგენს ოლ----------–---–ის შვილის მეგობარს.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო არ იყო ვა----------------–---–ის ბრალისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა, თუმცა განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო დადასტურება ზიანის მოცულობისა და მიზეზობრივი კავშირისა ზიანის მოცულობასა და ბრალეულ ქმედებას შორის. ამ ელემენტების დაუდასტურებლობა გამორიცხავს დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძვლის არსებობას.

 

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა [სსსკ-ის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლები].

 

განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უსაფუძვლობა, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი - ვა----------------–---–ის მიმართ), 999-ე მუხლის (ოლ----------–---–ის მიმართ) 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლების წინაპირობების არარსებობამ განაპირობა.

 

საგზაო ინციდენტი გამოწვეული იყო მართვის უფლების მქონე მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით. ამ უკანასკნელის ხელთ ავტომანქანა, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, აღმოჩნდა მეგობრისაგან, რომელსაც, თავის მხრივ, დედისგან (მფლობელისაგან) ჰქონდა მიღებული ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ავტომანქანა.

 

მოსარჩელის მიერ მტკიცების ტვირთის რეალიზების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ ავტომანქანის მფლობელის (ვინც იურიდიული საფუძვლით ახორციელებს ამ ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას) - ოლ----------–---–ისა (რამდენადაც მისი მფლობელობიდან ნივთი არ გასულა მისი ნებართვის გარეშე, 999-ე მუხლი) და სამართალდამრღვევი მძღოლის - ვა----------------–---–ის ქმედებიდან (992-ე მუხლი), სსკ-ის 992, 999 და 998-ე მუხლების შესაბამისად.

 

ავტომანქანის მესაკუთრისა და ლიზინგის გამცემის (შპს „მ---ო“) პასუხისმგებლობის საფუძველთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალების მფლობელად მიიჩნევა პირი, ვინც იურიდიული საფუძვლით ახორციელებს ამ ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, შპს „მ---ოს“-სა და ოლ----------–---–ს შორის გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე, მფლობელობის გადაცემა იმგვარი იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებაა, რომელიც დელიქტური ვალდებულებისაგან ათავისუფლებს მომეტებული საფრთხის წყაროს მესაკუთრეს (სკ-ის 999.4 მუხლი), ამ შემთხვევაში შპს „მ---ო“-ს (იხ. სუსგ საქმეზე №ას-1453-1373-2017).

 

მფლობელს, ლიზინგის ხელშეკრულების იურიდიული საფუძვლით, წარმოადგენს ოლ----------–---–ი, რომლის ფაქტობრივი მფლობელობიდან ავტომანქანა არ გასულა ნებართვის გარეშე, ავტომანქანას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს კი ფაქტობრივად მართავდა ვა----------------–---–ი. შესაბამისად, შპს „მ---ო“-ს ნივთი მოსარგებლის ბატონობის არეალში აღმოჩნდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით (ლიზინგის ხელშეკრულებით), რომელსაც მფლობელობა მართლზომიერად ჰქონდა მოპოვებული, რაც გამორიცხავს ნივთის მესაკუთრის პასუხისმგებლობას. ამდენად, დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძვლების (ზიანის მოცულობა, მიზეზობრვი კავშირი) დადასტურების შემთხვევაშიც კი, შპს „მ---ო“-ს ვერ დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისათვის 992-ე, 998-ე, 999-ე მუხლების საფუძველზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თბ--–----------–----–-----------------------------------------ოს სარჩელი მოპასუხეების შპს „მ---ოს“, ვა----------------–---–ისა და ოლ----------–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

4. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე