გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.10.2019
საქმის ნომერი
330210018002744637
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/34695-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე

 

მოსარჩელე - სს ,,ალ---------------–------ი"

წარმომადგენელი - ელ--------------------ე

 

მოპასუხეები - შპს ,,ე-–---", კო----------ე, და-------–-------–---–ი

კო----------ის წარმომადგენელი - და------–-------

შპს ,,ე-–---ს" წარმომადგენლები - ზუ----------–-–--ლი, და------–-------

 

დავის საგანი - თანხის სოლიდარულად დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს შპს „ე-–---ს“, კო----------ესა და და-------–-------–---–ს სს „ალ---------------–------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 39702.58 აშშ დოლარის გადახდა.

 

(მოსარჩელემ მოთხოვნა 2019 წლის 14 ივნისის განცხადებით დააზუსტა).

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

სს „ალ--------------–------სა“ და შპს „ე-–---ს“ შორის 2017 წლის 5 მაისს დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება N2----, მთლიანი თანხით 96 286.68 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, ასევე 2017 წლის 16 მაისს - ლიზინგის ხელშეკრულება N2----, მთლიანი თანხით 3860.38 აშშ დოლარი, ასევე 36 თვის ვადით. ორივე ლიზინგის ხელშეკრულებით გადაცემულ ლიზინგის საგანს შეადგენდა 11 მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც გამიზნული ჰქონდათ ტაქსებად სამუშაოდ.

 

სალიზინგო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით კო----------ესთან, და-------–-------–---–თან და შალ----------–-ასთან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლებმაც ივალდებულეს დავალიანების დაფარვა ძირითადი მოვალის მიერ სალიზინგო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.

 

სალიზინგო ვალდებულების სისტემატური დარღვევის გამო, 2018 წლის 16 მარტს მოხდა ახალი სალიზინგო გრაფიკისა და ახალი შეთანხმების დადება, რომლის საფუძველზე ორივე ხელშეკრულება გაერთიანდა ერთ სახელშეკრულებო გრაფიკად N2----. სამწუხაროდ, არც მის შემდგომ შესრულებულა ფულადი სალიზინგო ვალდებულება, რის გამოც მოპასუხეს იძლებით (გამარტივებული წესით სასამართლო ბრძანების მიღების საფუძველზე) ჩამოერთვა ლიზინგის საგნები. აღნიშნული ავტომანქანებიდან 6 ერთეული გასხვისდა ლიზინგის გამცემის მიერ, საერთო თანხით 13 656.22 აშშ დოლარად, ხოლო დარჩენილი 5 ავტომანქანის საბაზრო ღირებულება ექსპერტის შეფასებით ერთობლიობაში განისაზღვრა 10 284.86 აშშ დოლარით. ავტომანქანების შედარებით დაბალი ღირებულება მათ ასაკთან ერთად განპირობებული იყო მათი ულმობელი ექსპლუატაციით, მოუვლელობითა და გაფუჭებით.

 

2018 წლის 29 ნოემბრისთვის საერთო სალიზინგო დავალიანება იყო 64 476.99 აშშ დოლარი (მათ შორის: ნარჩენი სალიზინგო ძირი თანხა (ინვესტიცია) – 58 045.23 აშშ დოლარი, გადასახდელი მიმდინარე სალიზინგო საპროცენტო სარგებელი - 872.22 აშშ დოლარი, მიმდინარე და გადასახდელი სალიზინგო ძირი ინვესტიციის ნაწილი თანხა - 3 474.94 აშშ დოლარი, დარიცხული ჯარიმა - 1 694.47 აშშ დოლარი და 389.15 აშშ დოლარი.

 

აღნიშნულ დავალიანებას გამოაკლდა როგორც ავტომანქანების რეალიზაციით მიღებული თანხა, ასევე დარჩენილი 5 ავტომანქანის საბაზრო ღირებულების თანხა და ნარჩენი სალიზინგო დავალიანება დარჩა 40 535.91 აშშ დოლარი.

 

საქმის განხილვის მთავარ ეტაპზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა 39 702.58 აშშ დოლარამდე. შემცირებას საფუძვლად დაედო დარჩენილი 5 ავტომანქანიდან 2 ავტომანქანის რეალიზაციით მიღებული თანხა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე შალ----------–-ამ და და-------–-------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს, განმარტეს, რომ ძველი სალიზინგო ხელშეკრულებების გაუქმებისა და ახლის დადების შესახებ მათთვის არავის შეუტყობინებია. გარდა ამისა, სადავოდ გახადეს ავტომანქანების დაბალ ღირებულებად შეფასება და შესაბამისად, გასხვისება.

 

2.2. მოპასუხე შპს „ე-–---მ“ და კო----------ემ წარდგენილი შესაგებლით ასევე არ ცნეს სარჩელი და მიუთითეს, რომ სიმართლეს არ შეესაბამებოდა ინფორმაცია სალიზინგო ვალდებულების სისტემატურ დარღვევასთან დაკავშირებით. მოპასუხეებმა ასევე სადავო გახადეს ლიზინგის საგნის შეფასების სისწორე და განმარტეს, რომ მოსარჩელემ ავტომანქანები ცალმხრივად გაასხვისა, ამასთან რეალურ საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ ფასად. თავად შეფასებაც არარეალურ ფასად მოხდა, რაც არ შეესაბამებოდა რეალურ საბაზრო ღირებულებას, ყველა მანქანა ტექნიკურად გამართულ და ვარგის მდგომარეობაში იყო. ხოლო სასამართლო სხდომაზე მათმა წარმომადგენლებმა დამატებით განმარტეს, რომ ნაწილ სატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შეფასების აქტში მითითებულია, რომ სატრანსპორტო საშუალებას აქვს არსებითი ნაკლი, თუმცა იმავე ავტომანქანებზე დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში საუბარია, რომ ნასყიდობის საგანზე რაიმე არსებითი ნაკლი გამყიდველისთვის ცნობილი არ არის. გარდა ამისა, გაყიდული სატრანსპორტო საშუალებიდან ხუთის გასხვისება ისე განახორციელა მოსარჩელემ, რომ მათი შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა წარმოდგენილი. აღნიშნული მოსარჩელის სრულ თვითნებობაზე მიუთითებდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2017 წლის 5 მაისს სს „ალ---------------–------სა“ და შპს „ე-–---ს“ შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება N2----, სადაც სალიზინგო ინვესტიცია განისაზღვრა 74977 აშშ დოლარით, ხოლო ლიზინგის ხელშეკრულების საერთო თანხა - 96286,68 აშშ დოლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 7 მაისამდე.

 

ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემმა აიღო ვალდებულება, ლიზინგის მიმღების სალიზინგო განაცხადის შესაბამისად, შეიძინოს გამყიდველისგან ლიზინგის საგანი და გადასცეს შეძენილი ლიზინგის საგანი ლიზინგის მიმღებს მფლობელობასა და სარგებლობაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით (თანხით, ვადით და სხვა).

 

ამ ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ე-–---ს“ მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცა 10 სატრანსპორტო საშუალება, შემდეგი მახასიათებლებით:

ა) ავტომობილი FIAT LINEA, გამოშვების წელი 2016, სერიული ნომერი Z----------------;

ბ) ავტომობილი FIAT LINEA, გამოშვების წელი 2016, სერიული ნომერი Z----------------;

გ)ავტომობილი FIAT LINEA, გამოშვების წელი 2015, სერიული ნომერი Z----------------;

დ) ავტომობილი FIAT LINEA, გამოშვების წელი 2015, სერიული ნომერი Z----------------;

ე) ავტომობილი FIAT LINEA, გამოშვების წელი 2016, სერიული ნომერი Z----------------;

ვ) ავტომობილი FIAT LINEA, გამოშვების წელი 2016, სერიული ნომერი Z----------------;

ზ) ავტომობილი FIAT LINEA, გამოშვების წელი 2016, სერიული ნომერი Z---------------2;

თ) ავტომობილი FIAT TIPO, გამოშვების წელი 2016, სერიული ნომერი Z----------------;

ი) ავტომობილი FIAT TIPO, გამოშვების წელი 2016, სერიული ნომერი Z----------------;

კ) ავტომობილი TOYOTA PRIUS, გამოშვების წელი 2007, სერიული ნომერი J----------------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 05.05.2017 ლიზინგის ხელშეკრულება N2----;

- ხელშეკრულების დანართი 1;

- ხელშეკრულების დანართი 2 (გადახდის გრაფიკი);

 

3.1.2. 2017 წლის 16 მაისს სს „ალ---------------–------სა“ და შპს „ე-–---ს“ შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება N2----, სადაც სალიზინგო ინვესტიცია განისაზღვრა 3 006 აშშ დოლარით, ხოლო ლიზინგის ხელშეკრულების საერთო თანხა - 3 860.38 აშშ დოლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 18 მაისამდე.

 

ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემმა აიღო ვალდებულება, ლიზინგის მიმღების სალიზინგო განაცხადის შესაბამისად, შეიძინოს გამყიდველისგან ლიზინგის საგანი და გადასცეს შეძენილი ლიზინგის საგანი ლიზინგის მიმღებს მფლობელობასა და სარგებლობაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით (თანხით, ვადით და სხვა).

 

ამ ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ე-–---ს“ მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცა ერთი სატრანსპორტო საშუალება, შემდეგი მახასიათებლებით:

ა) ავტომობილი TOYOTA PRIUS, გამოშვების წელი 2010, სერიული ნომერი J----------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 16.05.2017 ლიზინგის ხელშეკრულება N2----;

- ხელშეკრულების დანართი 1;

- ხელშეკრულების დანართი 2 (გადახდის გრაფიკი).

 

3.1.3. ორივე სალიზინგო ხელშეკრულებით სხვა პირობებთან ერთად შეთანხმდა შემდეგი ძირითადი პირობებიც:

- ლიზინგის ხელშეკრულების მთლიანი თანხა არის თანხა, რომელიც მოიცავს ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სალიზინგო საზღაურის მთლიან გადასახდელ თანხასა და მომსახურების საკომისიოს (გამოსასყიდი ფასის ჩათვლით, ასეთის არსებობისას, რომელიც მითითებული უნდა იყოს დანართ N2-ში) (3.7. პუნქტი);

 

- ლიზინგის მიმღები ვალდებულია, გადაუხადოს ლიზინგის გამცემს მომსახურების საკომისიო და ლიზინგის გადასახადი გადახდის გრაფიკის მიხედვით (5.5.1. პუნქტი);

 

- გამოიყენოს ლიზინგის საგანი მხოლოდ მისი დანიშნულებისამებრ, უზრუნველყოს ლიზინგის საგნის გამართულ მდგომარეობაში შენახვა, დაიცვას შესაბამისი სტანდარტები, ტექნიკური პირობები, მოძრაობის უსაფრთხოების, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმების და აქტივის მომსახურების წესები, ლიზინგის საგნის ექსპლოატაციის ინსტრუქცია და ნივთის მოვლისა და მისი შეკეთებისას სრულად შეასრულოს ლიზინგის საგნის მომწოდებლისგან მიღებული ტექნიკური სახის წერილობითი სახელმძღვანელოს მოთხოვნებით (5.5.2. პუნქტი);

 

- ლიზინგის საგნის საექსპლოატაციო-ტექნიკური მომსახურების სამუშაოები შეასრულოს საკუთარი ხარჯით, აწარმოოს ლიზინგის საგნის მიმდინარე რემონტი, რეგულარულად შეამოწმოს ლიზინგის საგნის ტექნიკური გამართულობა (5.5.3. პუნქტი);

 

- ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია, სხვა უფლებებთან ერთად ასევე მოითხოვოს ლიზინგის საგნის დაბრუნება, თუ ლიზინგის მიმღები არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს... ლიზინგის საგნის დაბრუნება არ გულისხმობს ხელშეკრულების ავტომატურ მოშლას. ამ დროს ლიზინგის გამცემი მიმღებს ოფიციალური გაფრთხილებით განუსაზღვრავს ვალდებულების დაფარვის ვადას და თუკი ამ ვადაშიც ლიზინგის მიმღები არ დაფარავს დავალიანებას, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია მოშალოს ხელშეკრულება და მიმღებს მოსთხოვოს დავალიანების და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული პირგასამტეხლოს სრულად გადახდა. ლიზინგის მიმღებს პირგასამტეხლო დაერიცხება ლიზინგის საგნის ჩამორთმევის შემდეგაც ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ხოლო თუ ლიზინგის მიმღები სრულად შეასრულებს ფინანსურ ვალდებულებას, მას დაუბრუნდება ლიზინგის საგანი (5.6.6. პუნქტი);

 

- სალიზინგო გადახდების ოდენობა და გამოსასყიდი ფასი განისაზღვრა გადახდის გრაფიკით (7.1. პუნქტი);

 

- გადახდილი თანხმები, მიუხედავად გადახდის დოკუმენტში მითითებული გადასახადის დანიშნულებისა, ლიზინგის გამცემის მიერ ჩაითვლება გადახდილად შემდეგი თანმიმდევრობით: ა) დარიცხული პირგასამტეხლო; ბ) დარიცხული სარგებელი: გ) ვადაგადაცილებული სალიზინგო გადასახადი (დაზღვევის გადასახადის ჩათვლით); დ) მიმდინარე სალიზინგო გადასახადი; ე) ლიზინგის დაზღვევის გადასახადი (7.5. პუნქტი);

 

- დანართი #2-ით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია ლიზინგის მიმღებს დაარიცხოს პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესაბამისი გადასახდელი თანხის 0,5%, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო. მიმღების მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ძალაშია ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაშიც (9.2. პუნქტი);

 

- სალიზინგო ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე. ხელშეკრულება ლიზინგის გამცემის მიერ ვადაზე ადრე შეიძლება შეწყდეს, მათ შორის, თუ ლიზინგის მიმღები სალიზინგო გადასახადებს ზედიზედ 2-ჯერ არ გადაიხდის ან არასრულად გადაიხდის (10.1.; 10.4.3. პუნქტები);

 

- ლიზინგის საგნის ლიზინგის გამცემისათვის დაბრუნების შემთხვევაში, ლიზინგის მიმღების დარჩენილი ვალდებულების მოცულობა დამოკიდებულია დაბრუნების მომენტისათვის ლიზინგის საგნის საბაზრო ფასზე. საბაზრო ფასი განისაზღვრება ლიზინგის გამცემის გადაწყვეტილებით ქვემოთ მოცემული ერთი წესის შესაბამისად: ა) ლიზინგის საგნის რეალიზაციის ფასით. რეალიზაცია ხორციელდება ლიზინგის გამცემის მიერ; ბ) ლიზინგის საგნის საბაზრო შეფასება ხდება ლიზინგის გამცემის მიერ შერჩეული სერტიფიცირებული აუდიტორის ან სერტიფიცირებული აუდიტორული კომპანიის მიერ. მხარეები უპირობოდ აღიარებენ სერტიფიცირებული აუდიტორის ან სერტიფიცირებული აუდიტორული კომპანიის კომპეტენციას (10.7. 10.7.1. და 10.7.2. პუნქტები);

 

მხარეთა შორის წარმოქმნილი დავის სასამართლოსთვის გადაცემით ჩერდება ლიზინგის მიმღების დავალიანებაზე სალიზინგო სარგებლისა და საჯარიმო თანხების დარიცხვა (12.4. პუნქტი);

 

- ხელშეკრულებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე (15.4. პუნქტი);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 05.05.2017 წლის ლიზინგის ხელშეკრულება;

- 16.05.2017 წლის ლიზინგის ხელშეკრულება.

 

3.1.4. 2017 წლის 5 მაისის ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიზინგის საგანი შპს „ე-–---ს“ 2017 წლის 10 მაისს გადაეცა, ხოლო 2017 წლის 16 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიზინგის საგანი - 2017 წლის 18 მაისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 10.05.2017 წლის ლიზინგის საგნის მიღება-ჩაბარების აქტები;

- 18.05.2017 წლის ლიზინგის საგნის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 78).

 

3.1.5. 2017 წლის 5 მაისის ლიზინგის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე რიცხვში მოპასუხეებთან: კო----------ესთან, და-------–-------–---–თან და შალ----------–-ასთან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, სადაც თავდებობით უზრუნველყოფილი ზღვრული თანხა თითოეული თავდებისთვის განისაზღვრა 105 916 აშშ დოლარით.

 

ხოლო 2017 წლის 16 მაისის ლიზინგის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე რიცხვში მოპასუხეებთან: კო----------ესთან, და-------–-------–---–თან და შალ----------–-ასთან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, სადაც თავდებობით უზრუნველყოფილი ზღვრული თანხა თითოეული თავდებისთვის განისაზღვრა 4 127 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 05.05.2017 წლის სოლიდარული თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები;

- 16.05.2017 წლის სოლიდარული თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები.

 

3.1.6. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებით სხვა პირობებთან ერთად შეთანხმდა შემდეგი ძირითადი პირობებიც:

 

- თავდები კრედიტორის წინაშე თავდებად უდგება „ძირითად მოვალეს“ (შპს „ე-–---ს“) კრედიტორსა და ძირითად მოვალეს შორის ლიზინგის ხელშეკრულებების (N2---- და N2----) საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად და სრულად შესრულების უზრუნველსაყოფად (1.6 პუნქტი);

- თავდები პასუხს აგებს ლიზინგის ვალდებულების თანხაზე (96286.68 აშშ დოლარი და 3 860.38 აშშ დოლარი), ასევე დარიცხული პირგასამტეხლოსთვის, ლიზინგის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნებისათვის (1.7. პუნქტი);

 

- თავდები კრედიტორის წინაშე კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად, რაც გულისხმობს კრედიტორის უფლებას, კანონითა და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წაუყენოს თავდებს გადახდის მოთხოვნა ძირითადი მოვალისგან იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე. კრედიტორს უფლება აქვს ნებისმიერ სოლიდარულ თავდებს ან ძირითად მოვალეს ცალ-ცალკე ან ერთად მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება (1.8. პუნქტი);

 

- თავდები ძირითად მოვალესთან დაკავშირებულია საქმიანი ურთიერთობით და თავადაც დაინტერესებულია იმით, რომ ძირითადმა მოვალემ მიიღოს ლიზინგის საგანი (2.1. პუნქტი);

 

- თავდებს შეუძლია წამოაყენოს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებლები კრედიტორის მიმართ (6.1. პუნქტი);

 

- თავდებობის ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დაიშვება მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმებით, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების დანართს და განუყოფელ ნაწილს (13.3 პუნქტი);

 

- თავდები აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მისთვის ცნობილია და ნათელია ა) თუ რა სახის და მოცულობის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად კისრულობს იგი თავდებობას; ბ) რომ უზრუნველყოფილი მოთხოვნების მოცულობის ცვლილების შესახებ მისთვის შეტყობინების ვალდებულება ეკისრება მხოლოდ ძირითად მოვალეს და ამ საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერ პრეტენზიით მან უნდა მიმართოს მხოლოდ ძირითად მოვალეს (14.1.1. და 14.1.2. პუნქტები).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 05.05.2017 წლის სოლიდარული თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები;

- 16.05.2017 წლის სოლიდარული თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები.

 

3.1.7. 2018 წლის 16 მარტს სს „ალ---------------–------სა“ და შპს „ე-–---ს“ შორის დაიდო შეთანხმება ლიზინგის ხელშეკრულებათა გაერთიანებისა და ახალი გრაფიკის შესახებ, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

- ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ორი ლიზინგის ხელშეკრულება N2---- და N2----, მოხდეს ამ ხელშეკრულებათა გაერთიანება ერთ ხელშეკრულებად და შეიქმნას ერთიანი ახალი გადახდის გრაფიკი, რომელიც თან დაერთვება წინამდებარე შეთანხმებას ახალი დანართის სახით;

- ამ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ლიზინგის ხელშეკრულებით მხარეთა შორის აღიარებული და ხელმოწერილი პირობები, უფლებები და ვალდებულებები ფაქტობრივად ერთმანეთის იდენტურია, მხარეებისთვის ყველა ეს პირობა, უფლება და ვალდებულება დარჩა ძალაში და უცვლელად.

 

ახალი შეთანხმების დანართი N2-ის (გადახდის გრაფიკი) თანახმად, ნარჩენი სალიზინგო ინვესტიცია განისაზღვრა 61 423.63 აშშ დოლარით, ხოლო ლიზინგის საერთო თანხა - 76 730.76 აშშ დოლარით. თანხის დაფარვა 2020 წლის 1 ივნისამდე უნდა განხორციელებულიყო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 16.03.2018 წლის შეთანხმება ლიზინგის ხელშეკრულებათა გაერთიანების და ახალი გრაფიკის შესახებ N2----/2----;

- დანართი N2 (გადახდის გრაფიკი).

 

3.1.8. სს „ალ---------------–------ის“ მოთხოვნის საფუძველზე გამარტივებული წესით სასამართლოს მიერ გაიცა გადახდის ბრძანება და შპს „ე-–---ს“ 2018 წლის მაისის თვეში ჩამოერთვა ლიზინგის საგნები: თერთმეტივ ავტომანქანა.

 

აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებიდან სს „ალ---------------–------მა“ მოახდინა 8 ავტომანქანის რეალიზება, მათზე დადებულია ნასყიდობის ხელშეკრულებები, ხოლო 3 ავტომანქანა ისევ რჩება მოსარჩელის საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 20.12.2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებები;

- 25.12.2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება;

- 24.08.2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება;

- 30.10.2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებები;

- 31.10.2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება;

- 02.11.2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

3.1.9. სს „ალ---------------–------ის“ დავალებით შემფასებლის გაიოზ კალანდაძის მიერ 2018 წლის 27 ნოემბერს მოხდა სატრანსპორტო საშუალებების შეფასება, კერძოდ:

ა) ავტომობილის FIAT TIPO, გამოშვების წელი 2016, სერიული ნომერი Z----------------, საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 2518.74 აშშ დოლარით (6720 ლარი.

ბ) ავტომობილის FIAT TIPO, გამოშვების წელი 2016, სერიული ნომერი Z----------------, საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 2239.51 აშშ დოლარით (5975 ლარით);

გ) ავტომობილის FIAT LINEA, გამოშვების წელი 2016, სერიული ნომერი Z----------------, საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 1960.27 აშშ დოლარით (5230 ლარით);

დ) ავტომობილის FIAT LINEA, გამოშვების წელი 2016, სერიული ნომერი Z----------------, საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 1536.73 აშშ დოლარით (4100 ლარით);

ე) ავტომობილის FIAT LINEA, გამოშვების წელი 2016, სერიული ნომერი Z----------------, საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 2029.61 აშშ დოლარით (5415 ლარით).

 

დანარჩენი სატრანსპორტო საშუალებების საბაზრო ღირებულების თაობაზე საშემფასებლო დასკვნა მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საშემფასებლო დასკვნა;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.10. ნასყიდობის ხელშეკრულებების თანახმად 8 სატრანსპორტო საშუალების რეალიზება მოსარჩელემ მოახდინა შემდეგ ფასად:

ა) ავტომობილი FIAT LINEA, გამოშვების წელი 2015, სერიული ნომერი Z---------------- - 2100 აშშ დოლარად;

ბ) ავტომობილი FIAT LINEA, გამოშვების წელი 2015, სერიული ნომერი Z---------------- – 1800 აშშ დოლარად;

გ) ავტომობილი FIAT LINEA, გამოშვების წელი 2016, სერიული ნომერი Z---------------- – 1100 აშშ დოლარად;

დ) ავტომობილი FIAT LINEA, გამოშვების წელი 2016, სერიული ნომერი Z---------------2 – 2200 აშშ დოლარად;

ე) ავტომობილი FIAT TIPO, გამოშვების წელი 2016, სერიული ნომერი Z---------------- – 2900 აშშ დოლარად;

ვ) ავტომობილი FIAT TIPO, გამოშვების წელი 2016, სერიული ნომერი Z---------------- – 2700 აშშ დოლარად;

ზ) ავტომობილი TOYOTA PRIUS, გამოშვების წელი 2007, სერიული ნომერი J---------------- – 5160 ლარად;

თ) ავტომობილი TOYOTA PRIUS, გამოშვების წელი 2010, სერიული ნომერი J---------------- – 4 452 აშშ დოლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20.12.2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება;

- 25.12.2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება;

- 24.08.2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება;

- 30.10.2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებები;

- 31.10.2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება;

- 02.11.2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

3.1.11. მოპასუხეების შპს „ე-–---ს“ და კო----------ის წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი საშემფასებლო ანგარიში. საშემფასებლო სამუშაოები ჩატარდა 2019 წელს და შესაფასებლად წარდგენილი 10 სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა ჯამში - 194 444 ლარით, აქედან თითოეული FIAT LINEA-ს საბაზრო ღირებულება შეადგენს 20 021 ლარს, თითოეული FIAT TIPO-ს საბაზრო ღირებულება - 22 115 ლარს, ხოლო 2007 წლის TOYOTA PRIUS-ის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა - 10 067 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „ფი---------------------------ის“ საშემფასებლო ანგარიში.

 

3.1.12. სოლიდარული თავდები - კო----------ე არის შპს „ალკოს“ დირექტორი და მისი 100 %-იანი წილის მფლობელი პარტნიორი, რომელიც სს „ალ---------------–------თან“ სახელშეკრულებო ურთიერთობისას წარმოადგენდა შპს „ე-–---ს“, როგორც 2017 წლის 5 მაისის და 2017 წლის 16 მაისის ლიზინგის ხელშეკრულებების დადების დროს, ასევე ამ ორი ლიზინგის ხელშეკრულების გაერთიანებისა და ახალი გრაფიკის თაობაზე 2018 წლის 16 მარტის შეთანხმების დადების დროს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

- 05.05.2017 წლის ლიზინგის ხელშეკრულება;

- 16.05.2017 წლის ლიზინგის ხელშეკრულება;

- 16.03.2018 წლის შეთანხმება;

- შეთანხმების დანართი N2 (გადახდის გრაფიკი)

 

3.1.12. სოლიდარული თავდების შალ----------–-ას მიმართ მოთხოვნის ნაწილში სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განჩინებით შეწყდა წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20.05.2019 წლის სხდომის ოქმი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა შედავებას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეფასებისას მოსარჩელე თვითნებურად მოქმედებდა და სს „ალ---------------–------ის“ წარმოდგენილი საშემფასებლო დასკვნა არ ასახავს ავტომანქანების რეალურ საბაზრო ღირებულებას.

 

ლიზინგის ხელშეკრულებების გაერთიანებისა და ახალი გრაფიკის შესახებ 2018 წლის 16 მარტის შეთანხმებით მხარეები ერთ-ერთ პირობად შეთანხმდნენ, რომ გაერთიანებული ლიზინგის ხელშეკრულებებით აღიარებული პირობები, უფლებები და ვალდებულებები ფაქტობრივად ერთმანეთის იდენტურია და მხარეებისთვის ყველა ეს პირობა, უფლება და ვალდებულება დარჩა ძალაში და უცვლელად.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ორივე სალიზინგო ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საბაზრო ფასი განისაზღვრება ლიზინგის გამცემის გადაწყვეტილებით: ა) ლიზინგის საგნის რეალიზაციის ფასით. რეალიზაცია ხორციელდება ლიზინგის გამცემის მიერ;

ბ) ლიზინგის საგნის საბაზრო შეფასება ხდება ლიზინგის გამცემის მიერ შერჩეული სერტიფიცირებული აუდიტორის, ან სერტიფიცირებული აუდიტორული კომპანიის მიერ. ამასთან, მხარეები უპირობოდ აღიარებენ სერტიფიცირებული აუდიტორის ან სერტიფიცირებული აუდიტორული კომპანიის კომპეტენციას; გ) ლიზინგის საგნის ხელახალი ლიზინგის გადაცმის დროს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს პირველ ორ პირობაზე და განმარტავს, რომ მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ ლიზინგის მიმღების მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში რა წესითა და პირობებით უნდა მომხდარიყო ლიზინგის საგნის რეალიზაცია. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, რომელიც შეიცავს სახელშეკრულებო ურთიერთობების ზოგად განმარტებას, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხოლო 327-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეული უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. აღნიშნული ნორმების საფუძველზე სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების შედეგია, რომელიც მხარეთა თანხმვედრი ნების გამოვლენას გულისხმობს და ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც მხარეები ცდილობენ, შესაძლოა მხოლოდ კონსესუსის შედეგად დადგეს.

 

ამდენად, ლიზინგის ხელშეკრულებებში ლიზინგის საგნის საბაზრო ფასის განსაზღვრის წესზე შეთანხმებით ლიზინგის მიმღებმა დაადასტურა, რომ მისთვის მისაღები იქნებოდა: ა) ლიზინგის საგნის რეალიზაციის ფასი. ამავდროულად რეალიზაცია ლიზინგის გამცემის მიერ განხორციელდებოდა და ბ) ლიზინგის საგნის საბაზრო შეფასება მოხდებოდა ლიზინგის გამცემის მიერ შერჩეული სერტიფიცირებული აუდიტორის, ან სერტიფიცირებული აუდიტორული კომპანიის მიერ, რომლის კომპეტენციასაც მხარეები უპირობოდ აღიარებენ. აღნიშნული პირობის ფარგლებში სს „ალ---------------–------მა“ წარმოადგინა შემფასებლის გაიოზ კალანდაძის 2018 წლის 27 ნოემბრის საშემფასებლო დასკვნა.

 

გარდა ამისა, სასამართლო განუმარტავს მოპასუხე მხარეს, რომ ლიზინგის ხელშეკრულებებში აღნიშნული პირობის მიუთითებლობის შემთხვევაშიც სასამართლო ვერ გაიზიარებდა მოპასუხეთა საშემფასებლო ანგარიშს და ყურადღებას ამახვილებს ანგარშში მოცემულ კონკრეტულ გარემოებებზე:

 

წარმოდგენილ ანგარიშით მოხდა 10 ავტომანქანის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა და აღინიშნა, რომ შეფასება განხორციელდა ახალი ავტომობილების შესყიდვიდან 2 წლის შემდეგ. ანგარიშის მომზადების პროცესში შემფასებელი გამოდიოდა დამკვეთის მიერ მოწოდებული მასალებიდან. შეფასება მომზადდა შეფასების თარიღის წინა პერიოდით (შეფასების ეფექტური თარიღი - 2018 წელი), ამიტომ ვერ მოხდა ავტომობილის ფიზიკური მდგომარეობის აღწერა და ავტომობილის ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებისას შემფასებელი დაეყრდნო დამკვეთის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით შეფასების ეფექტური თარიღისთვის ავტომობილი იმყოფებოდა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. შეფასებისას შემფასებლის მიერ მოძიებული იქნა ინფორმაცია (ინფორმაციის წყარო - დამკვეთი) ახალი ავტომობილის შესყიდვის ფასის შესახებ. ფასი დაკორექტირდა იმ ფიზიკური, ფუნქციური და ეკონომიკური ცვეთის მიმართ, რომელსაც განიცდის ავტომობილი მისი ექსპლოატაციაში გაშვებისას. ამდენად, აღნიშნულ ანგარიშში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ შეფასებისას გამოყენებული იქნა დამკვეთის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ავტომობილების მდგომარეობის შესახებ, ახალი ავტომობილების ფასიც დამკვეთის ინფორმაციით განისაზღვრა და ფიზიკურად სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება შემფასებლის მიერ არ განხორციელებულა. საგულისხმოა ის გარემოებაც, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნის მომზადებისას შემფასებლის მიერ მოხდა აქტივის დათვალიერება და მისი მგდომარეობის შეფასება. გარდა ამისა, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ლიზინგის ხელშეკრულების დადებისას ლიზინგის გამცემის მიერ მოხდა ახალი ავტომობილების შეძენა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში იმ კუთხითაც არ იძლევა ნდობის საფუძველს, რომ ერთიდაიგივე მოდელის ავტომანქანისთვის დადგენილია ერთნაირი ფასი, მაშინ როდესაც სხვადასხვა მათი გამოშვების წელი და არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებები, მათი ექსპლუატაციის პირობებში ერთნაირ ცვეთას განიცდიდეს.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი ორიენტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს დასაშვები მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს და სასამართლო თავისი მოტივირებული გადაწყვეტილებით ასაბუთებს აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების ან მისი უარყოფის მართლზომიერებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, რომლის შესაბამისადაც, სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. კერძოდ, მოცემული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. ამასთან, ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ №ას-406-383-2014; 2015 წლის 17 აპრილი). განსახილველ შემთხვევაში სწორედ ამ თვალსაზრისით აფასებს სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ შეფასებებს/აუდიტორულ დასკვნებს და მათგან უპირატესობას ანიჭებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საშემფასებლო დასკვნა.

- შპს „ფი---------------------------ის“ საშემფასებლო ანგარიში;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს სოლიდარული თავდებების პოზიციას ახალი შეთანხმებიდან გამომდინარე მათი სოლიდარული პასუხისმგებისგან გათავისუფლების შესახებ.

 

(აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით მსჯელობა იხილეთ გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასების ნაწილში).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსის 576-ე, 891-ე, 892-ე, 893-ე, 895-ე, 896-ე, 902-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (ხელშკრულების დადების დროს მოქმედი რედაქციით), ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით, ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა, ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.

 

ლიზინგის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, სასყიდლიანი გარიგებაა, სადაც ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი (მოსარჩელე), რომელიც, სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, დებს სალიზინგო ხელშეკრულებებს და ლიზინგის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მეორე მხარისაგან აქვს ანაზღაურების მიღების მოლოდინი.

 

სს „ალ---------------–------სა“ (ლიზინგის გამცემი) და შპს „ე-–---ს“ (ლიზინგის მიმღები) შორის დადებული იყო ლიზინგის ორი ხელშეკრულება, რაც 2018 წლის 16 მარტის შეთანხმებით გაერთიანდა ერთ ხელშეკრულებად და ლიზინგის ხელშეკრულების საერთო თანხა (სალიზინგო საზღაური) განისაზღვრა 76 730.76 აშშ დოლარით. დადგენილია, რომ შპს „ე-–---ს“ მხრიდან ლიზინგის საზღაურის გადახდის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მოსარჩელემ სასამართლოს ძალით დაიბრუნა ლიზინგის საგნები, თერთმეტივე ავტომანქანა. სს „ალ---------------–------მა“ მოახდინა მათი შეფასება და 11 ავტომანქანიდან გაასხვისა 8 ავტომანქანა. საბოლოო ჯამში, გასხვისებული ავტომანქანების ღირებულების, ასევე დარჩენილი 3 ავტომანქანის საბაზრო ფასის გამოკლებით გადასახდელი დავალიანება შეადგენს 39 702.58 აშშ დოლარს.

 

აღნიშნულ დავაში მოპასუხეებმა სადავოდ გახადეს ლიზინგის საგნის შეფასების საკითხი და ამ პოზიციიდან გამომდინარე დავალიანებული თანხის ოდენობაც. მოპასუხეთა განმარტებით, შეფასებისას სატრანსპორტო საშუალებები ძალიან დაბალ ფასად შეფასდა.

 

ლიზინგის საგნის შეფასების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ლიზინგის ხელშეკრულებების 10.7 პუნქტის თანახმად, ლიზინგის საგნის ლიზინგის გამცემისათვის დაბრუნების შემთხვევაში, ლიზინგის მიმღების დარჩენილი ვალდებულების მოცულობა დამოკიდებულია დაბრუნების მომენტისათვის ლიზინგის საგნის საბაზრო ფასზე. საბაზრო ფასი განისაზღვრება ლიზინგის გამცემის გადაწყვეტილებით, ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი წესის შესაბამისად, კერძოდ: ლიზინგის საგნის რეალიზაციის ფასით რეალიზაცია ხორციელდება ლიზინგის გამცემის მიერ; ლიზინგის საგნის საბაზრო შეფასება ხდება ლიზინგის გამცემის მიერ შერჩეული სერტიფიცირებული აუდიტორის, ან სერტიფიცირებული აუდიტორული კომპანიის მიერ. მხარეები უპირობოდ აღიარებენ სერტიფიცირებული აუდიტორის, ან სერტიფიცირებული აუდიტორული კომპანიის კომპეტენციას. სწორედ აღნიშნულ შეთანხმებაზე დაყრდნობით მოსარჩელემ განახორციელა ლიზინგის საგნების შეფასება და მათი რეალიზაცია, რის საფუძველზეც შემცირდა დავალიანების ოდენობა.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიიჩნია, რომ თუკი მოპასუხისათვის ლიზინგის გამცემის მიერ წარმოდგენილი ლიზინგის საგნის საშემფასებლო დასკვნა არ იყო მისაღები, მას შეეძლო ამ დოკუმენტის საპირისპიროდ წარმოედგინა ისეთი წონადი დასკვნა, რაც მიუხედავად ხელშეკრულებაში შეთანხმებისა (ლიზინგის გამცემის მიერ სერტიფიცირებული აუდიტორის ან აუდიტორული კომპანიის შერჩევის უპირატესობისა), გადაწონიდა მოსარჩელის წარმოდგენილ მტკიცებულებას შეფასებასთან დაკავშირებით. ამდენად, სადავო საკითხის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი – ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა დავალიანების თანხის 39 702.58 აშშ დოლარის შპს „ე-–---სთვის“ დაკისრების შესახებ.

 

6.3. სოლიდარულმა თავდებმა პირებმა - კო----------ემ და და-------–-------–---–მა გამორიცხეს მათი, როგორც თავდებების პასუხისმგებლობა 2018 წლის 16 მარტის შეთანხმებიდან გამომდინარე შპს „ე-–---ს“ ვალდებულებების მიმართ. მათი პოზიცია ემყარება იმას, რომ უცნობი იყო ამ შეთანხმების დადების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისთვის საჭიროა თავდებობის წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

ამავე კოდექსის 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლის თანახმად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ გაიზრდება და ამ გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თავდებობა აქცესორული უფლებაა და ძირითადი ვალდებულების შესრულებას ემსახურება, შესაბამისად, არსებობს იქამდე, სანამ არსებობს ძირითადი ვალდებულება: თუ არ არსებობს უზრუნველყოფილი მოთხოვნა, თავდებობაც ავტომატურად ისპობა, თუ უზრუნველყოფილი მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ უქმდება, თავდებობაც შესაბამის ნაწილში წყდება. თავდების პასუხისმგებლობის გაზრდა დაუშვებელია ვინაიდან თავდებობა გრძელვადიანი ურთიერთობაა, მისი მოქმედების დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს თავდებობით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების მოცულობის გაზრდას. თუმცა, თავდებობის აქცესორულ-სამართლებრივი ბუნება არ შეიძლება გახდეს თავდების პასუხისმგებლობის დამძიმების საფუძველი; ამავე დროს აღსანიშნავია, რომ თუ, პირიქით, ადგილი აქვს ძირითადი ვალდებულების მოცულობის შემცირებას, ეს აქცესორულობისა და თავდების ინტერესების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე თავისთავად იწვევს თავდების პასუხისმგებლობის ავტომატურ შემცირებასაც. თავდების პასუხისმგებლობის დამძიმების შესაძლებლობას გამორიცხავს 893-ე მუხლის მე-2 წინადადების იმპერატიული ნორმა, რომლის თანახმადაც თავდებობის კისრების შემდეგ მოვალის მიერ დადებული გარიგებების შედეგად გაზრდილი ძირითადი ვალდებულება არ იწვევს თავდების პასუხისმგებლობის მოცულობის ზრდას. პასუხისმგებლობის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ თავდების წერილობითი თანხმობით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლიზინგის ხელშეკრულებების გაერთიანებისა და ახალი გრაფიკის შესახებ 2018 წლის 16 მარტის შეთანხმებით მხარეები ერთ-ერთ პირობად შეთანხმდნენ, რომ გაერთიანებული ლიზინგის ხელშეკრულებებით აღიარებული პირობები, უფლებები და ვალდებულებები ფაქტობრივად ერთმანეთის იდენტურია და მხარეებისთვის ყველა ეს პირობა, უფლება და ვალდებულება დარჩა ძალაში და უცვლელად.

 

ასევე დადგენილია, რომ როგორც ლიზინგის ხელშეკრულებების, ასევე მათ გაერთიანებაზე შეთანხმების გაფორმებისას შპს „ე-–---ს“ წარმოადგენდა მისი დირექტორი კო----------ე, რომელიც ამავდროულად არის ორივე ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლიზინგის მიმღების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარულად თავდები პირი. ორივე მოპასუხე სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებში ადასტურებს, რომ ძირითად მოვალესთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირები არიან. ამდენად, აღნიშნული გარემოებები ერთობლიობაში ქმნის იმის ვარაუდის საფუძველს, რომ სოლიდარული თავდები პირებისთვის ცნობილი იყო 2018 წლის 16 მარტის შეთანხმების დადების შესახებ. ამასთან, აღნიშნული შეთანხმებით არ მომხდარა თავდებობით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების მოცულობის გაზრდა და შეთანხმება არ აუარესებს თავდებთა მდგომარეობას.

 

ამდენად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა შპს „ე-–---სთან“ ერთად დავალიანების თავდებებისთვის - კო----------ისა და და-------–-------–---–ისთვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად დაზუსტებული მოთხოვნის შესაბამისად, სს ,,ალ---------------–------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი თანხის ნაწილი 66,87 ლარი, ხოლო - 3 185.41 ლარი დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩერლის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ალ---------------–------ის'' სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს შპს ,,ე-–---ს", კო----------ესა და და-------–-------–---–ს სს ,,ალ---------------–------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 39 702.58 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.

 

3. მოპასუხეებს შპს ,,ე-–---ს", კო----------ესა და და-------–-------–---–ს სს ,,ალ---------------–------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 3 185.41 ლარის გადახდა.

 

4. სს ,,ალ---------------–------ს'' დაუბრუნდეს მის მიერ 12/3/2018 წელს N1 საგადასახადო დავალებით სს ,,ტერაბანკში“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3 252.28 ლარის ნაწილი - 66.87 ლარი, რაც განთავსებული იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე N300773150; ბანკის კოდი TRESGE22.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე