განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/86-19
გამოძიების #0-----------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
10 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-–-----------------------–------, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–---------–---, პირადი ნომერი - 2----------, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებული, უმუშევარი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. მ--------–-------–----–---–---------, მცხოვრები: თ------–------------------------–--–--–------, ამჟამად პატიმარი
ადვოკატი - ი-----------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი და იმავე კოდექსის 111 მუხლი და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: (1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; (2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თარჯიმანი - ე-–---------------
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის ს------–-–--–------–- მდებარე ტ--–--------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ი-–---------–-------, თუ რატომ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა თავის მეგობარ გოგონას - ზ--------–-----, მუშტის სახის არეში ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად, ხოლო თანაცხოვრების ბოლო ორი წლის მანძილზე სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების გზით ფსიქოლოგიურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - ჰ-------------------- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. 2019 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის ს------–-–--–------–- მდებარე ტ--–--------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ი-–---------–-------, თუ რატომ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა თავის მეგობარ გოგონას - ზ--------–-----, დანის დემონსტრირებით და სიტყვით „მოგკლავ“ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჰ--------------------, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. განსახილველ საქმეში ბრალდებულ ი-–---------–------- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა უდავოდ ცნეს. აღნიშნულიდან გამომდინარე საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, დაზარალებულისა და მოწმეების - ჯ---------------------------------–--------------–---------------- და ზ--------–----- გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი, ნივთმტკიცება - დანა, ვ-----------–------- მაისური, სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა და სამედიცინო დოკუმენტაცია გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი-–---------–------- მიერ იმ დანაშაულების ჩადენას, რომელთა ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია წინამდებარე განაჩენის პირველ და მეორე პუნქტებში.
სამართლებრივი შეფასება:
7. სასამართლოს შეფასებით, დასტურდება ი-–---------–------- მიერ დაზარალებულზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ტანჯვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (აღსანიშნავია, რომ მუქარის განხორციელებისას ბრალდებულს ხელში დანა ეჭირა, რამაც, სასამართლოს შეფასებით, შექმნა რეალური გარემო დაზარალებულისათვის, ჰქონოდა ბრალდებულის მიერ მუქარის განხორციელების რეალურობის საკმარისი საფუძველი).
8. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-–---------–------- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჰ-------------------- მიმართ ჩაიდინა სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ი-–---------–------- მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა მათი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით. ამასთან, არ არსებობს მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც ი-–---------–------- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ ორივე ეპიზოდში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
9. ი-–---------–------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარა ჩადენილი დანაშაული და გულწრფელად ინანიებს მის ჩადენას, ჰყავს 6, მათ შორის 5 არასრულწლოვანი შვილი, დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს მასთან და შერიგებულია. ი-–---------–------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მან მეუღლეზე ძალადობა და მუქარა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში განახორციელა. აგრეთვე, სსკ-ის 151-ე მუხლთან მიმართებით მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა (საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად).
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
11. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ასევე სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას - ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
12. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ორივე დანაშაულთან მიმართებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ი-–---------–------- ქმედება განახორციელა ალკოჰოლური თრობის პირობებში, ადგილი ჰქონდა სისტემატურ შეურაცხყოფას, აგრეთვე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარას, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია მისთვის ძირითადი სასჯელის სახედ ჯარიმის ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის განსაზღვრა, ასევე მხედველობაშია მისაღები დანაშაულის ხასიათიც, ასევე ამ მიზეზებისა და მისი ოჯახური პირობების გამო შინაპატიმრობისა და გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნა. ამიტომ, ჩადენილი ძალადობრივი ქმედების - თითოეულ შემთხვევაში, გათვალისწინებით, ამ ქმედებების აღსრულების ხერხისა და სახის მხედველობაში მიღებით, მის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ მუქარას ადგილი ჰქონდა დანის გამოყენებით, სსკ-ის 521 მუხლის შესაბამისად, ი-–---------–------ დამატებით სასჯელად უნდა დაენიშნოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებების აკრძალვა 3 წლით, ხოლო სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, - ქონების ჩამორთმევა, კერძოდ დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის - დანის ჩამორთმევა.
13. ი-–---------–------- მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს მართლმსაჯულების პროცესის შემოკლებაში მის აქტიურ როლს, ასევე იმ ფაქტს, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე დამამძიმებელ გარემოებებს და სასამართლოს მიაჩნია, რომ მას სასჯელის ზომად თითოეულ შემთხვევაში უნდა განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 151-ე მუხლთან მიმართებით ასევე იმის გათვალისიწნებით, რომ სსკ-ის 531 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
14. საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ, ერთი მხრივ, სახეზეა ფორმალური საფუძველი - ი-–---------–------- აღიარა ჩადენილი დანაშაულები, არ არის ნასამართლევი და, მეორე მხრივ, სახეზეა საკმარისი გარემოებები, რათა გამართლებულ იქნეს მისი თავისუფლებაში ყოფნა: ი-–---------–------- გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს, ჰყავს 6 შვილი, ფიზიკურ ძალადობას ადგილი ჰქონდა დაზარალებულის ს----–------------------- დაშორების მიზნით, რომელიც თმებით ეჭირა დაზარალებულს - მას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელები უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
15. ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, ხოლო ი-–---------–------ ნასამართლობის არმქონეა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და ყველაზე მკაცრმა უნდა შთანთქას დანარჩენი სასჯელები. ამასთან, სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე ([...] გამოსაცდელი ვადა [...] უნდა იყოს [...] დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა, რაც არ ვრცელდება შთანთქმის შემთხვევაში და გამოიყენება ძირითადი რეგულაცია) სასამართლოს მიაჩნია, რომ 1 წელი და 6 თვე გამოსაცდელი ვადა სრულებით საკმარისია ი-–---------–------- ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.
16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი, თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული იღებს ალკოჰოლურ სასმელებს, რომ იმ დღეს ადგილი ჰქონდა მეუღლეებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას და დანის დემონსტრირებას. ზემოაღნიშნული გარემოებები სასამართლოს მიანიშნებს, რომ ი-–---------–-------ათვის მნიშვნელოვანი იქნება მსგავსი კურსის გავლა, რის გამოც მას უნდა დაევალოს გაიაროს იგი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-–---------–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
2. ი-–---------–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვროს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებების აკრძალვა 3 წლით, ხოლო სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაენიშნოს ქონების ჩამორთმევა, კერძოდ დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის - დანის ჩამორთმევა.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ი-–---------–------ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად იმავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 1 წელი და 6 თვე. ასევე დამატებითი სასჯელად განესაზღვროს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებების აკრძალვა 3 წლით და ჩამოერთვას დანა.
4. ი-–---------–------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
5. ი-–---------–------ სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2019 წლის 19 სექტემბრიდან 2019 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.
6. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
7. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, ი-–---------–------ დაეკისროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.
8. ნივთმტკიცება - მაისური - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
9. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი