გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.11.2019
საქმის ნომერი
080310018002786259
კატეგორია
დავის ტიპი
საერთო სახელმწოფო და ადგილობრივ გადასახადებთან დაკავშირებით
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310018002786259

№3/ 985-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - ალექსანდრე ხაჭაპურიძე

 

მოსარჩელე - შპს ,,ა----------ი’’

წარმომადგენელი - მ------------------ე

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ა--------–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო

წარმომადგენელი - გ-----------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 23 ივლისის შესაგებელი;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 ივლისის N20171 ბრძანება;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 სექტემბრის N24171 ბრძანება;

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 21 ნოემბრის N24715 გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,ა----------ის’’ N6818/2/2018 ადმინისტრაციული საჩივარი.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2018 წლის 10 მაისს საქართველოს მთავრობის N1056 განკარგულების და 2018 წლის 28 მაისს გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად შპს ,,ა----------ს’’ გაუფორმდა საგადასახადო შეთანხმება. 2018 წლის 28 მაისს გაფორმებული შეთანხმების 3.1. მუხლის შესაბამისად, შპს ,,ა----------ის’’ დავალიანების ოდენობა განისაზღვრა 55 561,77 ლარით, რომლის გადახდის ვალდებულება განისაზღვრა საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 50 კალენდარული დღე. მოსარჩელის მიერ პირნათლად იქნა შესრულებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ შეთანხმებით განსაზღრულ ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი იქნა შესაბამისი თანხები, კერძოდ ნაწილი თანხა გადახდილი იქნა ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო მეორე ნაწილი მოგროვებული იქნა მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ზედმეტობის ხარჯზე. შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა გათვალისწინებული შპს ,,ა----------ის’’ ბარათზე არსებული ზედმეტობა და მიუხედავად მხარის მოთხოვნისა არ განახორციელა ბიუჯეტში შპს ,,ა----------ის’’ მიერ ზედმეტად გადახდილი თანხების ხარჯის საგადასახადო შეთანმხებით გათვალისწინებული თანხების ჩათვლა და შეთანხმების შესრულებულად აღიარება. საგადასახადოს თანამშრომლების მიერ განმარტებული იქნა, რომ საგადასახადო შეთანხმების ფარგლებში შპს ,,ა----------ის’’ მიერ უნდა მომხარიყო ნაღი ფულის სახით თანხის შეტანა სახელმწიფო ბიუჯეტში, რის გამოც მოსარჩელის მიერ შეტანილი იქნა განცხადება ბიუჯეტში არსებული ზედმეტობის უკან დაბრუნების და საგადასახადო შეთანხმების დასაფარავად კვლავ ბიუჯეტში გადახდა, რაზეც ეთქვა უარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს.

 

2.2. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2018 წლის 10 მაისის საქართველოს მთავრობის N1056 განკარგულების საფუძველზე, 1. მიღებული იქნა ცნობად, რომ ა) შპს ,,ა----------მა’’ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მიზნით, განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, რომ 2018 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება სალდირებული საგადასახადო დავალიანება, სულ - 85 545,46 ლარის ოდენობით. შპს ,,ა----------ი’’ ითხოვს საგადასახადო შეთანხმების გაფორმებას შემდეგი პირობით: 2018 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით, გადასახდელი საგადასახადო დავალიანების ოდენობა განისაზღვრა 55 561,77 ლარით, გადახდის ვადად - საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 50 დღე. ბ) სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის მიხედვით, შპს ,,ა----------ს’’ 2018 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით, გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე ერიცხება სალდირებული საგადასახადო დავალიანება - 85 517,68 ლარის ოდენობით. მათ შორის: ძირითადი თანხა (მიმდებარე გადასახდელების გარეშე) – 54 257, 77 ლარის ოდენობით, მიმდინარე გადასახდელები - 1 304,00 ლარის ოდენობით. ჯარიმა - 400,00 ლარის ოდენობით. საურავი - 29 555,91 ლარის ოდენობით და ზედმეტობა - 0,00 ლარის ოდენობით. 2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შპს ,,ა----------ის’’ მიერ წარდგენილი წინადადებების გათვალისწინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურმა შპს ,,ა----------თან’’ გააფორმოს საგადასახადო შეთანხმების აქტი შემდეგი პირობებით: ა) გადასახდელი საგადასახადო დავალიანების ოდენობა - 55 561,77 ლარი; ბ) ამ პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების გადახდის ვადა - საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 50 კალენდარული დღე; გ) საგადასახადო შემოწმების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, შპს ,,ა----------ს’’ 2018 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით, გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავლიანების თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით განესაზღვრა 55 561, 77 ლარით. 3) შპს ,,ა----------თან’’ საგადასახადო შემოწმების აქტი გაფორმდეს ამ განკარგულების გამოცემიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

 

დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 მაისის N1056 განკარგულების საფუძველზე 2018 წლის 28 მაისს შპს ,,ა----------თან’’ გაფორმდა Nა154-21 საგადასახადო შეთანხმება.

 

საგადასახადო შეთანხმების 3.1 ქვეპუნქტით გადასახდელი დავალიანების ოდენობა განისაზღვრა - 55 561,77 ლარით; 3.2. ქვეპუქნტის შესაბამისად, 3.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადაა - საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 50 კალენდარული დღე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N1056 განკარგულება (იხ. ს.ფ. 14-15);

- საგადასახადო შეთანხმება Nა154-21 (იხ.ს.ფ. 16-17);

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 13 ივლისს შპს ,,ა----------მა’’ სსიპ შემოსავლების სამსახურში წარადგინა განაცხადი ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების შესახებ. შპს ,,ა----------მა’’ განაცხადში მიუთითა, რომ მიმდინარე რიცხვით ერიცხება სალდირებული ზედმეტობა 50724.99 ლარი. არსებული ზედმეტად გადახდილი თანხიდან 50561.77 ლარი ითხოვა არსებული ზედმეტობიდან დაუბრუნდეს უკან და ნაცვლად მისი ანგარიშისა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 მაისის N1056 განკარგულების საფუძველზე საგადასახადო შეთანხმება Nა154-21 თარიღი 28.05.2018 წ. ვალდებულების დაფარვის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განაცხადი (იხ. ს.ფ. 94);

 

3.1.3. 2018 წლის 13 ივლისის შპს ,,ა----------ის’’, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის თანახმად, გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე (გარდა მოსაკრებლის და ადმინისტრაციული ჯარიმის პირადი აღრიცხვის ბარათებისა) ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა, სულ - 50724,99 ლარის ოდენობით. შპს ,,ა----------მა’’ ითხოვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, - 50724,99 გადასახადში/სანქციაში არსებული ზედმეტად გადახდილი თანხიდან 50 561,77 ლარის უკან დაბრუნება და ნაცვლად მისი ანგარიშისა საქართველოს ბიუჯეტში გადარიცხვა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 მაისის N1056 განკარგულების საფუძველზე, საგადასახადო შეთანხმებით ვალდებულების დაფარვის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა (იხ. ს.ფ. 18);

 

3.1.4. დადგენილია, რომ 2018 წლის 23 ივლისს შესაგებლით სსიპ შემოსავლების სამსახურმა შპს ,,ა----------ს’’ უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ მოტივით, რომ სახეზე იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 16 იანვრის N12 ბრძანების მე-5 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული უარის თქმის საფუძველი, კერძოდ: მოთხოვნილი თანხის ოდენობა აღემატება დასკვნის შედგენის დღისთვის შედარების აქტის მიხედვით სალდირებულ ზედმეტად რიცხულ თანხას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 23.07.2018წლის შესაგებელი (იხ. ს.ფ. 19);

 

3.1.5. დადგენილია, რომ 2018 წლის 30 ივლისის სსიპ შემოსავლების სამსახურის N20171 ბრძანებით შპს ,,ა----------ის’’ მიერ საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო ძალადაკარგულად ჩაითვალა შპს ,,ა----------სა’’ და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებული 2018 წლის 28 მაისის Nა 154-21 საგადასახადო შეთანხმების აქტი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის N20171 ბრძანება (იხ. ს.ფ. 20);

 

3.1.6. დადგენილია, რომ 2018 წლის 30 ივლისს შპს ,,ა----------მა’’ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 ივლისის შესაგებელი;

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 სექტემბრის N24715 ბრძანებით შპს ,,ა----------ის’’ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დადგენილია, რომ შპს ,,ა----------მა’’ 2018 წლის 5 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 სექტემბრის N24715 ბრძანება გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ა----------ის’’ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჩივრები (იხ. ს.ფ. 21, 26-27);

- N24715 ბრძანება (იხ.ს.ფ 26);

- 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 28-35);

 

3.1.7. დადგენილია, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან - 2018 წლის 16 ივლისამდე პერიოდის მდგომარეობით შპს ,,ა----------ს’’ ერიცხება: სალდო საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის (31.12.2017-მდე): ძირითადი - 56390,77; ჯარიმა - 400; საურავი - 28549,58; ზედმეტობა - 0; ანგარიშგება საანგარიშო პერიოდის ვალდებულებების მიხედვით: დარიცხული თანხები: - 87815,34; მ.შ. დამატებით დარიცხული - - 83221,34; ბიუჯეტში გადახდილი თანხები: - 5000; სალდო საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის (მდგ:15/07/2018): ძირითადი -0; ჯარიმა-0; საურავი-0; ზედმეტობა- 7474,99; დამატებით დარიცხული თანხები, რომლებიც არ არის აღიარებული: 84213,68; გადავადებული აღიარებული ვალდებულებები - 0;

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან - 2018 წლის 17 ივლისამდე პერიოდის მდგომარეობით შპს ,,ა----------ს’’ ერიცხება: სალდო საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის (31.12.2017-მდე): ძირითადი - 56390,77; ჯარიმა - 400; საურავი - 28549,58; ზედმეტობა - 0; ანგარიშგება საანგარიშო პერიოდის ვალდებულებების მიხედვით: დარიცხული თანხები: - 136065,34; მ.შ. დამატებით დარიცხული - 83221,34; ბიუჯეტში გადახდილი თანხები: - 5000; სალდო საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის (მდგ:15/07/2018): ძირითადი - 0; ჯარიმა - 0; საურავი - 0; ზედმეტობა - 55724,99; დამატებით დარიცხული თანხები, რომლებიც არ არის აღიარებული: 84213,68; გადავადებული აღიარებული ვალდებულებები - 0;

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან - 2018 წლის 2 აგვისტომდე პერიოდის მდგომარეობით შპს ,,ა----------ს’’ ერიცხება: სალდო საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის (31.12.2017-მდე): ძირითადი - 56390,77; ჯარიმა - 400; საურავი - 28549,58; ზედმეტობა -0; ანგარიშგება საანგარიშო პერიოდის ვალდებულებების მიხედვით: დარიცხული თანხები: - 42532,48; მ.შ. დამატებით დარიცხული - 10311,52; ბიუჯეტში გადახდილი თანხები: - 5000; სალდო საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის (მდგ:15/07/2018): ძირითადი - 0; ჯარიმა - 5056,17; საურავი-32751,7; ზედმეტობა- 0; დამატებით დარიცხული თანხები, რომლებიც არ არის აღიარებული: 0; გადავადებული აღიარებული ვალდებულებები - 0;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შედარების აქტები (იხ. ს.ფ. 36-38);

 

3.1.8. დადგენილია, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან - 2018 წლის 24 ივლისამდე პერიოდში შპს ,,ა----------ს’’ სულ ჯამში ერიცხება: სალდო საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის (31.12.2017-მდე): ძირითადი - 56390,77; ჯარიმა - 400; საურავი - 28549,58; ზედმეტობა -0; ანგარიშგება საანგარიშო პერიოდის ვალდებულებების მიხედვით: დარიცხული თანხები: - 52844; მ.შ. დამატებით დარიცხული - 0; გადაანგარიშებით დარიცხული: - 47588,65; ბიუჯეტში გადახდილი თანხები: - 5000; სალდო საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის (მდგ:15/07/2018): ძირითადი - 0; ჯარიმა - 0; საურავი-32751,7; ზედმეტობა - 0; გადავადებული აღიარებული ვალდებულებები - 0;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნაერთი რაოდენობა (იხ. ს.ფ. 97);

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს საგადასახდო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამავე კოდექსის 202-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

 

მითითებულ ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 23 ივლისის შესაგებელი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 ივლისის N20171 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 სექტემბრის N24171 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 21 ნოემბრის N24715 გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს და მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებაში სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით) საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს: ა) კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საგადასახადო ორგანოში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას; ბ) პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით წარმოადგინოს საკუთარი ინტერესები საგადასახადო ორგანოში; გ) საგადასახადო ორგანოს გარდა, სხვა მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს არ წარუდგინოს გადასახადის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული დოკუმენტი, თუ ამ კოდექსით ასეთი უფლებამოსილება სხვა ორგანოს არ აქვს; დ) ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით; ე) დაიბრუნოს ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა; ვ) მოითხოვოს ინფორმაცია მის მიმართ საგადასახადო კონტროლის განხორციელების საფუძვლის შესახებ; ზ) მის მიმართ საგადასახადო კონტროლის ღონისძიების განხორციელებისას საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი განმარტება; თ) დაესწროს მის მიმართ ჩატარებულ გასვლით საგადასახადო შემოწმებას, საგადასახადო ორგანოსაგან მიიღოს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დედანი ან დამოწმებული ასლი, აგრეთვე ქმედების განხორციელებისას მოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობის დაცვა; ი) კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება; კ) არ შეასრულოს საგადასახადო ორგანოს კანონსაწინააღმდეგო აქტი ან მოთხოვნა; ლ) კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს საგადასახადო ორგანოს უკანონო გადაწყვეტილების ან ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება; მ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

 

საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელს დაუბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა ამ კოდექსით დადგენილი წესით;

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტული ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით იზიარებს მოპასუხეთა პოზიციას და მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 16 ივლისს გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა 2018 წლის ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაცია, რომლითაც გადამხდელმა მიიღო 48 250 ლარის ჩათვლა. აღნიშნული ჩათვლის გამო, სანამ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხები იყო დროებით ბარათზე, გადამხდელს დაუფიქსირდა ზედმეტობა, ხოლო მას შემდეგ, რაც საგადასახადო შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის გამო აღნიშნული თანხა აღდგა ძირითად ბარათზე შესაბამისი სავადოებით, აღნიშნულმა გამოიწვია ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციით წარმოშობილი ზედმეტობის განაშთვა და შესაბამისად, შესაგებლის გამოცემამდე გადასახადის გადამხდელის შპს ,,ა----------ის“ ბარათზე ზედმეტობა არ დაფიქსირდა.

 

6.3. (სადავო პერიოდში მოქმედი) საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელისთვის მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 მაისის N1056 განკარგულების საფუძველზე 2018 წლის 28 მაისს შპს ,,ა----------თან’’ გაფორმდა Nა154-21 საგადასახადო შეთანხმება. საგადასახადო შეთანხმების 3.1 ქვეპუნქტით გადასახდელი დავალიანების ოდენობა განისაზღვრა - 55 561,77 ლარით; 3.2. ქვეპუქნტის შესაბამისად, 3.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადა შეადგენდა - საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 50 კალენდარული დღეს;

 

სასამართლო მიუთითებს „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის N13486 ბრძანების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმებს გაფორმების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ჩანაწერების აკეთებს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტი, რომელიც ხორციელდება შემდეგი წესით: ა) იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელთან გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება საგადასახადო დავალიანების/დავალიანების ნაწილის ან/და მოსაკრებლების თანხებზე, პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე მცირდება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პერიოდისათვის (თარიღისათვის) რიცხული საგადასახადო დავალიანების/დავალიანების ნაწილის ან მოსაკრებლის თანხა (გარდა გადაუხდელი მიმდინარე გადასახდელებისა) და კეთდება ჩანაწერი შემდეგი წესით: ბარათზე მე-7 ან/და მე-8 სვეტში „შემცირებულია“ აისახება შეთანხმებით გათვალისწინებული ძირითადი გადასახადის/მოსაკრებლის ან/და სანქციის თანხა, მე-12 სვეტში „საურავის თანხა“. ამ ოპერაციებით შემცირებული თანხის გასწვრივ მე-3 გრაფაში „ოპერაციის შინაარსი“ გაკეთდება ჩანაწერი „საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული დავალიანების/მოსაკრებლის გადატანა დროებით აღრიცხვის ბარათზე; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების/დავალიანების ნაწილის ან/და მოსაკრებლების თანხების შემცირება პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ხორციელდება გადასახადის/მოსაკრებლის ან/და სანქციის სახეების მიხედვით და გადაიტანება დროებით ბარათზე ასევე გადასახადის/მოსაკრებლის ან/და სანქციის სახეების მიხედვით; ,,ე’’) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმება გაუქმებულად ითვლება, შესაბამისად, პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე საგადასახადო დავალიანება/დავალიანების ნაწილის ან/და მოსაკრებლის თანხა ექვემდებარება აღდგენას სრული ოდენობით, რომლის გადმოტანა განხორციელდება დროებითი აღრიცხვის ბარათიდან უკუოპერაციებით შესაბამისი გადასახადის/მოსაკრებლის ან/და სანქციის სახეებისა და სავადოების მიხედვით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს ჯარიმებში დაეკისრება ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10 პროცენტის ოდენობით;

 

საქმეში წარმოდგენილი შედარების აქტით ირკვევა, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან - 2018 წლის 17 ივლისამდე პერიოდის მდგომარეობით შპს ,,ა----------ს’’ ერიცხება: სალდო საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის (31.12.2017მდე): ძირითადი - 56390,77; ჯარიმა - 400; საურავი - 28549,58; ზედმეტობა - 0; ანგარიშგება საანგარიშო პერიოდის ვალდებულებების მიხედვით: დარიცხული თანხები: - 136065,34; მ.შ. დამატებით დარიცხული - - 83221,34; ბიუჯეტში გადახდილი თანხები: - 5000; სალდო საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის (მდგ:15/07/2018): ძირითადი -0; ჯარიმა-0; საურავი-0; ზედმეტობა- 55724,99; დამატებით დარიცხული თანხები, რომლებიც არ არის აღიარებული: 84213,68; გადავადებული აღიარებული ვალდებულებები - 0;

 

6.4. (სადავო პერიოდში მოქმედი) ,,ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურების და ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე’’ დასართავი საბუთების ნუსხის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2018 წლის 16 იანვრის N12 ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელის (შემდგომში - „გადამხდელი“) უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს (შემდგომში - „საგადასახადო ორგანო“) და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაერთოს ამ პროცედურებით განსაზღვრული დოკუმენტები. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან 11 კალენდარული დღის ვადაში: მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ან/და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისმიერ ან ის პერიოდი, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოწმდება: ა) „მოთხოვნის“ შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე; ბ) ზედმეტად გადახდილი გადასახადის წარმოშობის თარიღი, დადგენილი წესის შესაბამისად წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების და ანგარიშგების ფორმების პირადი აღრიცხვის ბარათზე სრულად ასახვა. გ) საგადასახადო დეკლარაციაში მითითებული ჩასათვლელი თანხის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით/საბაჟო დეკლარაციებით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხების ჯამთან თანხვედრის მდგომარეობა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებულ შესაბამისი რეპორტის - „დღგ-ს დეკლარაციის მონაცემების შედარება ანგარიშფაქტურებით ჩასათვლელ თანხებთან და საბაჟო ინფორმაციებთან“ - მიხედვით. დ) ქონებაზე (მათ შორის მიწაზე) საგადასახადო ვალდებულებების სიზუსტე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით. ე) საანგარიშო პერიოდში განხორციელებული განაცემების შესახებ ინფორმაციის თანხვედრა საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარაციების შესაბამის მაჩვენებლებთან. ვ) მოგების/საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციების მიხედვით სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთები. ზ) ზედნადებების, ანგარიშ-ფაქტურების და სალარო აპარატის მონაცემების შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაციაში ასახვის შესაბამისობა.

 

ამავე ბრძანების მე-6 მუხლი ადგენს „მოთხოვნაზე“ დასკვნის მომზადების პირობებს. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მე-4 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საგადასახადო ორგანო „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან არაუგვიანეს მე10 კალენდარული დღისა ამზადებს დასკვნას „მოთხოვნის“ სისწორეზე ან შესაგებელს (დანართი N1) „მოთხოვნაზე“, რომელიც უნდა დამტკიცდეს საგადასახადო ორგანოს უფროსის მიერ. მიღებული გადაწყვეტილება („მოთხოვნის“ დაკმაყოფილების შესახებ ან შესაგებელი) გადამხდელს ეგზავნება „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან არაუგვიანეს მე-11 კალენდარული დღისა. აღნიშნული პროცედურა არ ვრცელდება საქართველოს წყაროდან შემოსავლის მიმღები არარეზიდენტი პირის მიერ ფორმა N2-ის წარმოდგენის შემთხვევაში.

 

,,ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურების და ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე’’ დასართავი საბუთების ნუსხის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2018 წლის 16 იანვრის N12 ბრძანების მე-5 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გადამხდელის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია თუ მოთხოვნილი თანხის ოდენობა აღემატება დასკვნის შედგენის დღისათვის შედარების აქტის მიხედვით სალდირებულ ზედმეტად რიცხულ თანხას.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 13 ივლისს შპს ,,ა----------მა’’ სსიპ შემოსავლების სამსახურში წარადგინა განაცხადი ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების შესახებ.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 23 ივლისს შესაგებლით სსიპ შემოსავლების სამსახურმა შპს ,,ა----------ს’’ უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ მოტივით, რომ სახეზე იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 16 იანვრის N12 ბრძანების მე-5 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უარის თქმის საფუძველი, კერძოდ: მოთხოვნილი თანხის ოდენობა აღემატებოდა დასკვნის შედგენის დღისთვის შედარების აქტის მიხედვით სალდირებულ ზედმეტად რიცხულ თანხას.

 

საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელესა და შემოსავლების სამსახურს შორის 2018 წლის 28 მაისს გაფორმებული Nა154-21 საგადასახადო შეთანხმების მე-6 მუხლის თანახმად, საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების, დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმების აქტი ითვლება გაუქმებულად და გადასახადის გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10 პროცენტი.

 

ვინაიდან შპს ,,ა----------ის’’ მიერ საგადასახადო შეთათანხმების აქტით გათვალისწინებული პირობები შესრულება არ მოხდა საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში, სასამართლო მართებულად მიიჩნევს შპს ,,ა----------სა’’ და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებული 2018 წლის 28 მაისის Nა154-21 საგადასახადო შეთანხმების აქტის გაუქმებას და ამ მიმართებით სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ 2018 წლის 30 ივლისის N20171 ბრძანების მიღებას.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 23 ივლისის შესაგებელი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 ივლისის N20171 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 სექტემბრის N24171 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 21 ნოემბრის N24715 გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება არ დაეკისრებათ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა

 

1. შპს ,,ა----------ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. /ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი