გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.12.2019
საქმის ნომერი
210210119003128103
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
11.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210119003128103

საქმე №2/593-19წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 დეკემბერი, 2019 წელი ქ. სიღნაღი

 

შესავალი ნაწილი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი

 

მოსარჩელე: გუ-–----------–---–ი;

წარმომადგენელი: ეკ----------–-–--–-–---–ი

მოპასუხე: ლი----–-–---–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე ლი----–-–---–ს მოსარჩელე გუ-–----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2600 ( ორი ათას ექვსასი) ლარის გადახდა.

 

1.2.მოპასუხე ლი----–-–---–ს მოსარჩელე გუ-–----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს თანხის გადაუხდელობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 2 808 ( ორი ათას რვაას რვა ) ლარის გადახდა.

 

სარჩელის დასაბუთება

 

სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მხარეთა შორის ზეპირად დადებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2016 წლის აპრილის თვეში მოპასუხე ლი----–-–---–მა მისგან იყიდა ერთდღიანი წიწილი 4250 ცალი, რაშიც უნდა გადაეხადა 3 400 ლარი. ხელწერილის თანახმად, მოპასუხეს თანხა უნდა გადაეხადა 2016 წლის 25 მაისამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ლი----–-–---–მა აიღო ვალდებულება გადაუხდელობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. თანხის ნაწილი - 800 ლარი მოპასუხემ გადაიხადა წინასწარ, ხოლო დარჩენილი 2600 ლარი არ გადაუხდია. ვალდებულების შესრულების მოთხოვნით მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს დავალიანების დაფარვაზე, თუმცა მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია და მოსარჩელემ ვეღარ შეძლო მისი საქმიანობის გაგრძელება, რაც წარმოადგენდა მის ყოველთვიურ შემოსავალს, რის გამოც განიცადა მატერიალური ზიანი. მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, თუმცა ვინაიდან, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უარი განიცხადა ბრძანების გამოცემაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს დავალიანების გადახდა - 2600 ლარის ოდენობით და ზიანის ანაზღაურება 2 808 ლარის, სულ 5 408 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ 2000 ლარის ფარგლებში და განაცხადა, რომ მას თანხის ნაწილი 800 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს მოსარჩელისათვის და განმარტა, რომ იგი გადაუხდის კიდევ 2000 ლარს, რაც შეეხება ზიანის 2 808 ლარის დაკისრებას, მოპასუხემ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო უსაფუძვლობის გამო.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2016 წლის 15 აპრილს მოსარჩელე გუ-–----------–---–ს და მოპასუხე ლი----–-–---–ს შორის შედგა ხელწერილი, რომელშიც მითითებულია, რომ მოპასუხემ შეიძინა ქათმის ერთ დღიანი წიწილი 1500 ცალი, რაშიც გადასახდელი აქვს 1200 ლარი. ხელწერილის თანახმად, აღნიშნული თანხა მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა 2016 წლის 25 მაისის თვის ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლი----–-–---–მა აიღო ვალდებულება, რომ აანაზღაურებს თანხის გადაუხდელობით გამოწვეულ ზიანს.

 

2016 წლის 29 აპრილს მოსარჩელე გუ-–----------–---–ს და მოპასუხე ლი----–-–---–ს შორის შედგა ხელწერილი, რომელშიც მითითებულია, რომ მოპასუხემ შეიძინა ქათმის ერთ დღიანი წიწილი 2750 ცალი, რაშიც გადასახდელი აქვს 2200 ლარი. ხელწერილის თანახმად, აღნიშნული თანხა მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა 2016 წლის 25 მაისის თვის ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლი----–-–---–მა აიღო ვალდებულება, რომ აანაზღაურებს თანხის გადაუხდელობით გამოწვეულ ზიანს.

 

2018 წლის 01 ნოემბერს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების - 2900 ლარის გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით აპლიკანტ გუ-–----------–---–ს უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შინაურული ხელწერილები; აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინება და გადაწყევტილება

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1 სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს სულ 2 600 (ორი ათას ექვსასი) ლარის გადახდა და დარჩენილ მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

სასამართლომ გამოიყენა:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე, 131-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 10-ე, 54-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 389-ე, 623 - 626-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით სასამართლო ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში და საქმის მასალებიდან და მხარეთა განმარტებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით მარტივი წერილობითი ფორმით დადებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის,მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა ნასყიდობის თაობაზე შეთანხმებისაგან. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ლი----–-–---–მა მოსარჩელე გუ-–----------–---–ისაგან 2016 წლის 15 აპრილს და ამავე წლის 29 აპრილს იყიდა ერთ დღიანი წიწილი, სულ 3400 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა გადაეხადა 2016 წლის 25 მაისამდე. მხარეთა განმარტებებით მოპასუხემ მოსარჩელეს დაუბრუნა 800 ლარი, რომლის შემდგომაც, ლი----–-–---–ს მოსარჩელისათვის გადასახდელი დარჩა 2600 ლარი. აღნიშნული თანხა მოპასუხეს მოსარჩელე გუ-–----------–---–ისათვის არ დაუბრუნებია და არანაირი სარგებელი არ გადაუხდია. ეს დასტურდება მხარეთა განმარტებით. მოპასუხე ცნობს სარჩელს მხოლოდ 2000 ლარის ფარგლებში, მაგრამ ამავე დროს ადასტურებს ფაქტობრივ გარემოებას წიწილების ნასყიდობის თაობაზე 3400 ლარის ოდენობით და 800 ლარის გადახდის თაობაზე, რაც საკმარის მტკიცებულებად ითვლება და მოთხოვნა ამ თანხის (2600 ლარის) დაბრუნების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლიდან გამომდინარე.

 

საქმეზე დართულია 2016 წლის 15 აპრილს და 29 აპრილს დათარიღებულ ლი----–-–---–ის მიერ თავისი ხელით შედგენილ ხელწერილში, რომლებშიც მითითებულია, რომ ლი----–-–---–მა მოსარჩელე გუ-–----------–---–ისაგან იყიდა 3400 ლარის წიწილი. აღნიშნული თანხა მას უნდა გადაეხადა 2016 წლის 25 მაისამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში მან აიღო ვალდებულება, რომ აუნაზღაურებდა მოსარჩელეს თანხის გადაუხდელობით გამოწვეულ ზიანს. თუმცა ხელწერილში არ იყო მითითებული რამდენი პროცენტი უნდა გადაეხადა მოპასუხეს გადაუხდელობის შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ წესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში.

 

რაც შეეხება ზიანის დაკისრებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა, რა სახის ზიანი მიადგა მოსარჩელე მხარეს და რა ოდენობის. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის ხელწრილით არ იყო გათვალისწინებული ზიანის ოდენობა (პროცენტი) და მოსარჩელის წარმომადგენელმა ვერ განმარტა, რა სახის ზიანი მიადგა მოსარჩელე მხარეს და რა ოდენობით, ამდენად მოსარჩელე მხარეს უარი უნდა ეთქვას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ 2000 ლარის ფარგლებში, სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა 2600 ლარის ნაწილში, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელესათვის გადასახდელად უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 18 (თვრამეტი) ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ოდენობით. მოსარჩელე გუ-–----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ წინასაწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 60 (სამოცი) ლარი, ხოლო მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 84.24 (ოთხმოცდაოთხი ლარი და ოცდაოთხი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.გუ-–----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1.მოპასუხე ლი----–-–---–ს მოსარჩელე გუ-–--------------–-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2600 ( ორი ათას ექვსასი ) ლარის გადახდა.

 

1.2.მოპასუხე ლი----–-–---–ს მოსარჩელე გუ-–----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს აღსრულების ეროვნული ბიუროში გამარტივებული წარმოების საფასური - 200 (ორასი) ლარის და აღსრულების 56 (ორმოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა.

 

2. დარჩენილი მოთხოვნილი თანხის 2808 (ორი ათას რვაას რვა) ლარის გადახდაზე მოსარჩელეს ეთქვას უარი.

 

3. მოპასუხე ლი----–-–---–ს მოსარჩელე გუ-–----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 18 (თვრამეტი) ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ოდენობით. მოსარჩელე გუ-–----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ წინასაწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 60 (სამოცი) ლარი (საგადასახადო დავალება №2, 01.08 2019წ, გადამხდელი გუ-–--------------–-), ხოლო მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 84.24 (ოთხმოცდაოთხი ლარი და ოცდაოთხი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე