გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.11.2019
საქმის ნომერი
190210017001910130
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/926-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26.11.2019 წ ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სს “მისო ნ--------------ი“

წარმომადგენელი დირექტორი მელორ ასათიანი

მოპასუხეები ა---–---- ქ--------–---–ი

ფ-------- დ-------–---–ი

დავის საგანი სესხის დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ა---–---- ქ--------–---–ისა და ფ-------- დ-------–---–ისათვის სოლიდარულად 1.396.83 ლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 446,07 ლარი, პროცენტი - 85,24 ლარი, პირგასამტეხლო (ჯარიმა)-865,52 ლარი;

1.2. ა---–---- ქ--------–---–ისა და ფ-------- დ-------–---–ისათვის სოლიდარულად ყოველდღიურად პირგასამტეხლოს 2.66 ლარის დაკისრება 2017 წლის 22 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე არაუმეტეს ერთი წლისა,სარჩელის გარემოებები:

 

2016 წლის 26 აპრილს მისო შპს „ნ--------------სა“ და ა---–---- ქ--------–---–ს შორის წერილობით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N041695266, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე გაიცა კრედიტი 500 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადა განისაზღვრა 60 დღით, საპროცენტო სარგებლის ოდენობა განისაზღვრა ყოველდღიურად დარჩენილი გადაუხდელი თანხის 0.68%-ით. ხელშეკრულების 3.4 პუნქტით გათვალისწინებულია სესხისა და პროცენტის ყოველდღიური გადახდა დღეში 10.20 ლარის ოდენობით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად გადახდის გრაფიკით განსაზღვრული ოდენობით, რომლითაც იფარება ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული სარგებელი. ამავე ხელშეკრულებით 8.1 პუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო თანხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის - გადახდის გრაფიკით განსაზღვრული ვადაგადაცილებული დავალიანების 0.5%-ის ოდენობით, ხოლო მთლიანი ძირითადი თანხის ვადაგადაცილების შემთხვევაში ძირითადი თანხისა და მიუღებელი სარგებლის 0.5% ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების სრულ დაფარვამდე (აღსრულებამდე). ასევე მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო კრედიტის ვადამდე დაფარვაზეც. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელს ვალდებულება სრულად უნდა შეესრულებინა 2016 წლის 25 ივნისს.

 

2016 წლის 26 აპრილს ფ-------- დ-------–---–თან წერილობითი გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ სასესხო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე სრულად.

მოპასუხეებმა არაერთხელ დაარღვიეს 2016 წლის 26 აპრილის სესხის ხელშეკრულების პირობები. ბოლო გადახდა განხორციელდა 2016 წლის 04 მაისს. 2017 წლის 21 აპრილის მდგომარეობით მათი დავალიანება შპს „ნ--------------ის“ წინაშე შეადგენს 1,396.83 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 446.06 ლარი, საპროცენტო დავალიანება 85,24 ლარი, პირგასამტეხლო 865,52 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ა---–---- ქ--------–---–ს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადდა. მას სარჩელის შინაარსი და სხდომის თარიღი ეცნობა საჯარო შეტყობინებით.

 

ფ-------- დ-------–---–მა წერილობით შესაგებელში და სხდომაზე სარჩელი არ ცნო შემდეგი გარემოებები გამო: მისთვის სარჩელის ჩაბარებამდე ცნობილი არ იყო, რომ ა---–---- ქ--------–---–ს სესხი არ დაუბრუნებია. ამის გამო მას სესხის ვადაგადაცილებისათვის დამატებითი პასუხისმგებლობა პირგასამტეხლოს სახით აღარ უნდა დაეკისროს. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი არის დღეში 0,68% რაც წლიური 244,8%-ია. პროცენტის ეს ოდენობა საჯარო წესრიგს საწინააღმდეგო შინაარსის შეთანხმებაა და იგი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს დღეში 0,13%-ით, რაც წლიური 48% იქნება. არაგონივრულად მაღალია პირგასამტეხლო და იგი უნდა შემცირდეს 10-ჯერ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 07 მაისს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ნ--------------მა“ მოპასუხეებთან ა---–---- ქ--------–---–სა და ფ-------- დ-------–---–თან წერილობით გააფორმა სესხის და თავდებობის ერთიანი ხელშეკრულება N 041695266, რომლის საფუძველზეც მსესხებელია ა---–---- ქ--------–---–ი, ხოლო ფ-------- დ-------–---–ი თავდები. მსესხებელმა ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სესხია 500 ლარი შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 60 დღე, საპროცენტო სარგებელი - ყოველდღიურად დარჩენილი გადაუხდელი თანხის 0.68%. ხელშეკრულების 3.4 პუნქტით გათვალისწინებულია სესხისა და პროცენტის ყოველდღიური გადახდა დღეში 10.20 ლარის ოდენობით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად გადახდის გრაფიკით განსაზღვრული ოდენობით, რომლითაც იფარება ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული სარგებელი. ამავე ხელშეკრულებით 8.1 პუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო თანხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის - გადახდის გრაფიკით განსაზღვრული ვადაგადაცილებული დავალიანების 0.5%-ის ოდენობით, ხოლო მთლიანი ძირითადი თანხის ვადაგადაცილების შემთხვევაში ძირითადი თანხისა და მიუღებელი სარგებლის 0.5% ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების სრულ დაფარვამდე (აღსრულებამდე). ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელს ვალდებულება სრულად უნდა შეესრულებინა 2016 წლის 25 ივნისს.

ამავე ხელშეკრულების მე-6 მუხლით ფ-------- დ-------–---–მა იკისრა თავდებობა - სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ სასესხო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე სრულად. ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 17-21. ტომი 1)

 

3.1.2. მსესხებელმა ა---–---- ქ--------–---–მა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მან დავალიანების ნაწილი გადაიხადა. ბოლო გადახდა განხორციელდა 2016 წლის 04 მაისს. 2017 წლის 21 აპრილის მდგომარეობით მათი დავალიანება შპს „ნ--------------ის“ წინაშე შეადგენს 1,396.83 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 446.06 ლარი, საპროცენტო დავალიანება 85,24 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო 865,52 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 22. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 2-8. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან თავდებობის ხელშეკრულებით შეთანხმებული არ არის თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა, რის გამოც თავდებობა წარმოშობილი არ არის. თანხის გადახდა უნდა დაეკისროს მსესხებელს ა---–---- ქ--------–---–ს, რადგან სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულებად ითვლება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სა-მოქალაქო კოდექსის 623-ე, 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 361-ე, 400-ე, 316-ე, 463–ე, 464–ე, 891-ე, 892-ე, 327-ე, 54-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოპასუხე ა---–---- ქ--------–---–ს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, 1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

მოპასუხე ა---–---- ქ--------–---–ს (მსესხებელი) სხდომის თარიღი და სარჩელის შინაარსი ეცნობა საჯარო შეტყობინებით, რადგან მას ფოსტით და პოლიციის მეშვეობით კორესპონდენცია ვერ ჩაბარდა.

 

მოსარჩელემ სარჩელი მოპასუხე ა---–---- ქ--------–---–ს გაიგზავნა მისამართზე ქ.რუსთავი, მე-7 მკრ.N4, ბინა 26; ჩაუბარებლობის მიზეზად საფოსტო შეტყობინებებზე მითითებულია, რომ მისამართი, არასრულია.

 

2017 წლის 25 ოქტომბერს რუსთავის საქალაქო სასამართლომ მოპასუხეებს სარჩელი გაუგზავნა მათ რეგისტრაციის მისამართებზე, კორესპონდენცია ასევე დაბრუნდა ჩაუბარებელი, ა---–---- ქ--------–---–ის მისამართზე ქ. თბილისი, ვარკეთილის მე-3 დასახლება პირველი მიკრო რაიონი, კორპუსი 20 ბინა 43, ბინაში ქირით ცხოვრობს ხელაძე. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განჩინებით მოპასუხისათვის სარჩელის და თანდართული საბუთების ასლების ჩაბარება დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოს ისანი-სამგორის რაიონულ სამმართველოს. უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გიორგი გელაშვილის მიერ 2018 წლის 18 დეკემბერს შედგენილი ბინაზე გამოცხადების ოქმის თანახმად, მისამართზე ქ.თბილისი, ვარკეთილის 3, 1-ლი მ/რ კორპ.N20,ბ.43 იმყოფება ლუბა ისმანოვა (პ/ნ01027040458), რომელმაც განმარტა, რომ დაახლოებით 8 თვეა, რაც ბინა მის საკუთრებაშია. იგი არ იცნობს ადრესატს ა---–---- ქ--------–---–ს და არც მის შესახებ ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას. სარჩელის შინაარსი საჯარო შეტყობინებით მოპასუხეს ეცნობა 2019 წლის 25 ივლისის განჩინებით, ხოლო სხდომის თარითი საჯარო შეტყობინების შესახებ 2019 წლის 2019 წლის 30 ოქტომბეირს განჩინებით, რომელიც გამოქვეყნდა ვებგვერდზე www.geocourts.ge 2019 წლის 1 ნოემბერს.

 

სხდომაზე მოპასუხე ა---–---- ქ--------–---–ის გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობია, რის გამოც სსსკ 230-ე მუხლის საფუძველზე სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სესხის და თავდებობის ხელშეკრულების დადების, ხელშეკრულების პირობების შეთანხმების და სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ, დამტკიცებულად ითვლება.

 

მოსარჩელე მოპასუხეებისათვის ფულადი ვალდებულების სოლიდარულად დაკისრებას მოითხოვს სესხის და თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე იმ საფუძვლით, რომ თავდებმა იკისრა სოლიდარული თავდებობა მსესხებლის ვალდებულების შესრულებაზე. სასამართლო განმარტავს, რომ თავდებობა ვალდებულების უზრუნველყოფის პიროვნული საშუალებაა, რის გამოც იგი აქცესორული უფლებაა, ძირითადი ვალდებულების გარეშე არ არსებობს, რის გამოც მხარეებს შორის სადაო ურთიერთობის წარმოშობის ძირითადი საფუძველია სესხის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

ამავე კოდექსის 625–ე მუხლის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რის შედეგად წარმოიშობა ნასესხები თანხის ან გვაროვნული ნივთების დაბრუნების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ ნორმის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს იმ პირობების ზუსტი დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. სესხის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება ვალდებულების, სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდა.

 

მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვადა, მან ჯეროვნად არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება, რომელიც ხელშეკრულების თანახმად უნდა შეესრულებინა ყოველდღიურად 10,20 ლარის გადახდით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. საქმიდან არ გამომდინარეობს ისეთი ფაქტები, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, მესამე პირთა მოქმედება, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.

 

ამდენად, მსესხებელმა დაარღვია სესხის დაბრუნების ვალდებულება, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულების შესრულება. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ძირითად თანხასთან ერთად სარგებლის გადახდა, რის გამოც სარგებლის გადახდა მსესხებლის მთავარი ვალდებულებაა, რაც მან უპირობოდ უნდა შეასრულოს. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის პერიოდული გადახდებით დაბრუნება. დადგენილი პერიოდულობით კრედიტის დაბრუნება არის გამსესხებლისათვის შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, რადგან იგი გრაფიკით დადგენილ ვადაში იღებს სარგებელს. აქედან გამომდინარე განსახილველ შემთხვევაში სესხის დაბრუნების ვალდებულება თავისი არსით პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა, რადგან კრედიტორს უფლება აქვს მხოლოდ გრაფიკით დადგენილი პერიოდულობით მოითხოვოს კრედიტის დაბრუნება, შესაბამისად მოვალემ უნდა დაიცვას გრაფიკით დადგენილი გადახდის წესი.

 

მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალეს უნდა დაეკისროს ვალდებულების შესრულება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა. ამავე ხელშეკრულებით 8.1 პუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო თანხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის - გადახდის გრაფიკით განსაზღვრული ვადაგადაცილებული დავალიანების 0.5%-ის ოდენობით, ხოლო მთლიანი ძირითადი თანხის ვადაგადაცილების შემთხვევაში ძირითადი თანხისა და მიუღებელი სარგებლის 0.5% ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების სრულ დაფარვამდე (აღსრულებამდე).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

ხელშეკრულებით პირგასამტეხლო განსაზღვრულია ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, რის გამოც მოვალეს ეკისრება ერთდროულად ვალდებულების შესრულება და პირგასამტეხლოს გადახდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ფ-------- დ-------–---–ისათვის სესხის დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან მხარეებს შორის თავდებობის სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა.

 

მოსარჩელე მითითებული მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას მოითხოვს თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე და მათ სოლიდარულ თავდებად მიიჩნევს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას ზღვრული თანხის ფარგლებში. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის საფუძველზე სოლიდარული ვალდებულება შესაძლებელია სამი საფუძვლით წარმოიშვას: ხელშეკრულების, კანონის და ვალდებულების საგნის განუყოფლობის საფუძველზე. თავდებობის საფუძველზე სოლიდარული ვალდებულება ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარული ვალდებულების წარმომშობი ფაქტობრივი შემადგენლობა, რადგან მხარეებს შორის დადებული სესხის და თავდებობის ერთიანი ხელშეკრულება არ შეიცავს თავდებობის არსებით პირობაზე შეთანხმებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მიხედვით ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ამ ნორმის მიხედვით, ვალდებულებით ურთიერთობას წარმოშობს ისეთი გარიგება, რომლითაც შეთანხმებულია ამ კონკრეტული შინაარსის ხელშეკრულებისათვის აუცილებელი ყველა არსებითი პირობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. გირავნობის და იპოთეკისაგან განსხვავებით, თავდებობა ვალდებულების უზრუნველყოფის პიროვნული საშუალებაა, ვინაიდან ამ შემთხვევაში თავდები პირადად აგებს პასუხს მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებისათვის. თავდებობა წარმოადგენს ცალმხრივ, კაუზალურ და კონსენსუალურ ვალდებულებით-სამართლებრივ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ხელშეკრულების ერთი მხარე-თავდები კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულების მეორე მხარის-კრედიტორის წინაშე თავდებად დაუდგეს მესამე პირს-მოვალეს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამდენად, თავდებობის ხელშეკრულება ორმხრივი გარიგებაა, იგი იდება თავდებსა და კრედიტორს შორის და მასში არ მონაწილეობს მოვალე, თუმცა, თავდებობის შინაარსს წარმოადგენს სწორედ მოვალის („მესამე პირი“) მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების პიროვნული უზრუნველყოფა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ორმხრივი გარიგების არსებითი პირობა არის თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური (ზღვრული) თანხა, რის გამოც ამ პირობაზე შეთანხმება თავდებობის ხელშეკრულებაში აუცილებელია. ამდენად, წერილობითი ფორმის დაცვის გარდა, თავდებობის ხელშეკრულებაში აუცილებელია თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური (ზღვრული) თანხის მითითება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე №ას-1172-2018 საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ზემოაღნიშნული ნორმის ამგვარი მოთხოვნა თავდების ფინანსური ინტერესების დაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვინაიდან, ზღვრული თანხის მითითება გამორიცხავს თავდების პასუხისმგებლობის ზრდის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც უზრუნველყოფილ მოთხოვნას ერიცხება პროცენტი ან/და პირგასამტეხლო (საურავი). ნორმა იმპერატიულია, საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია, როგორც კანონსაწინააღმდეგო (მართლსაწინააღმდეგო) გარიგება (სსკ-ის 54-ე მუხლი). მიუხედავად უზრუნველყოფილი ვალდებულების ზრდისა, თავდები ყველა შემთხვევაში, პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის ხელშეკრულებაში ან/და თავდების განცხადებაში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე (898. I მუხლი).”

 

მოპასუხეებთან დადებულ სესხის და თავდებობის ერთიან ხელშეკრულებაში მითითებული არ არის თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა. ამგვარ მითითებად არ ითვლება ხელშეკრულების ის ჩანაწერი, რომლის მიხედვით ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა მსესხებელსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მთლიანი ვალდებულებით. საკასაციო სასამართლომ ზემოთაღნიშნულ გადაწყვეტილებაში ასევე გააკეთა შემდეგი განმარტება: „ნორმის დანაწესი, რომლის მიხედვით ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იქნეს პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა სწორედ კონკრეტული ოდენობის თანხის მითითების ვალდებულებას გულისხმობს და არა, ზოგადად აბსტრაქტულ ციტირებას პასუხისმგებლობის ფარგლებთან დაკავშირებით. როგორც ზემოთ აღინიშნა, ნორმის აღნიშნული მოთხოვნა იმპერატიულია და მისი შეუსრულებლობა უკავშირდება შეთანხმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის წარმოუშობლობას და მაშასადამე, თავდებობის არარასებობას".

 

თავდებობის ზღვრული თანხის განსაზღვრის აუცილებლობა განმარტებულია ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 7 ივნისის განჩინებაში საქმეზე 3კ-432-02. ამ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „თავდებობა გამოხატული უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და კანონის მიერ თავდებობის ხელშეკრულების არსებით პირობად მიჩნეულია, რომ თავდებობის დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს ის კონკრეტული მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც კისრულობს პასუხისმგებლობას.“ ამავე განჩინებაში სასამართლომ განმარტა, რომ „მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტი გაფორმებულია წერილობითი ფორმით, დადასტურებულია შპს „ა-ის“ (თავდების) გენერალური დირექტორის და ბუღალტრის ხელმოწერით; დოკუმენტი დამოწმებულია შპს “ა-ის” ბეჭდით. დოკუმენტში გამოხატულია თავდების ნება იმის შესახებ, რომ იგი თანახმაა იკისროს პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე მოპასუხის ვალდებულებისათვის. დოკუმენტში მითითებულია კონკრეტული მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც იკისრა მოსარჩელემ პასუხისმგებლობა. დადგენილია, რომ მითითებული დოკუმენტი მიიღო კრედიტორმა, მასში მითითებულ პირობებზე არ გამოუთქვამს პრეტენზია, გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება მოპასუხესთან და გასცა სესხი, რაც უნდა ჩაითვალოს მხარეთა შორის მიღწეულ შეთანხმებად დოკუმენტში მითითებული პირობებით“.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებით, თავდებობის წარმოშობისათვის აუცილებელია პასუხისმგებლობის ზღვრულ თანხაზე შეთანხმება. თავდებობის წარმოშობისათვის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხის განსაზღვრის აუცილებლობის საკითხზე სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის კომენტარს ( ).

 

ამდენად, თავდებობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ თავდები სრულად პასუხისმგებელი არ არის ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მთლიანი ვალდებულებისათვის, მისი პასუხისმგებლობა შემოფარგლულია ზღვრული თანხით, რომლის მითითება თავდებობის ხელშეკრულებაში აუცილებელია. პასუხისმგებლობის ზღვრული თანხაზე მხარეები შეთანხმებულნი არ არიან, რის გამოც თავდებობის ხელშეკრულება 892-ე მუხლის დადგენილი წესით დადებული არ არის და იგი ბათილია, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილი წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

 

ამდენად, ამ შემთხვევაში ხელშეკრულებით 891-ე მუხლით გათვალისწინებული პირადი (პიროვნული) პასუხისმგებლობის ფორმა – თავდებობა არ წარმოშობილა, რის გამოც ფ-------- დ-------–---–ი სესხის დაბრუნებაზე სოლიდარულად პასუხისმგებელი არ არის, მისთვის თანხის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა და სარჩელი მის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროს მსესხებელს ა---–---- ქ--------–---–ს, ხოლო მის მიმართ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას სსსკ 230-ე მუხლის საფუძველზე სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო და სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მას შესაგებელი არ წარმოუდგენია, სხდომაზე არ გამოცხადდა. სარჩელში მითითებული გარემოებები მის მიმართ აღძრულ მოთხოვნას სრულად ამართლებს, რის გამოც სარჩელით მოთხოვნილი თანხა მას სრულად უნდა დაეკისროს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნორმის შესაბამისად, მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე ა---–---- ქ--------–---–ი, რადგან მეორე მოპასუხის მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 230-ე, 237-, 238-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „ნ--------------ის“ სარჩელი;

 

1.1. ა---–---- ქ--------–---–ს დაეკისროს შპს „ნ--------------ისათვის“ 1396,83 ლარის გადახდა;

1.2. ა---–---- ქ--------–---–ს დაეკისროს ყოველდღიურად პირგასამტეხლოს 2.66 ლარის გადახდა 2017 წლის 22 აპრილიდან აღსრულებამდე არაუმეტეს ერთი წლისა;

1.3. არ დაკმაყოფილდეს შპს „ნ--------------ის სასარჩელო მოთხოვნები ფ-------- დ-------–---–ისათვის თანხის დაკისრების შესახებ;

 

2. ა---–---- ქ--------–---–ს დაეკისროს შპს „ნ--------------ისათვის სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრით მოპასუხე ა---–---- ქ--------–---–ისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი