გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.11.2019
საქმის ნომერი
330210119003035902
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
15.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/13324-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე შპს „პ---–---------“

წარმომადგენელი ირ---–------------

მოპასუხე შპს „ფ------------“

წარმომადგენელი ეკ-----------------

დავის საგანი უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს „ფ------------------“ მოსარჩელე შპს „პ---–---------ს“ სასარგებლოდ 4450.62 ლარის გადახდის დაკისრება.

 

მოსარჩელემ, 2018 წლის 19 დეკემბერს, შპს „ჰ--------------ს“ გადაურიცხა 14 477.76 ევრო, ი--------ში და ამ თანხით მათგან შეისყიდეს საბეჭდი საღებავები.

 

2019 წლის 16 იანვარს გამყიდველმა 6 პალეტზე განთავსებული საბეჭდი საღებავი განათავსა გემზე ი--------ში, ქალაქ ნ-----–----ში, ტვირთის საბოლოო მიღების ადგილი იყო ფ-----, მიწოდების პირობა კი CIF ფ-----. ტვირთის გადამზიდავ სააგენტოს წარმოადგენდა შპს „ფ------------“.

 

2019 წლის 1 აპრილს შპს „ფ------------------------–----–--–----------“ ინვოისის თანახმად, ჰ---------დან-ფ-----ს ტვირთის ტრანსპორტირების საფასურის სახით, მოსარჩელის მიერ გადასახდელმა თანხამ შეადგინა 1050.10 აშშ დოლარი.

 

შპს „ჰ--------------მა“ გამოაგზავნა დოკუმენტი, რომლის მიხედვით მათ გადაიხადეს გემით ტრანსპორტირების საფასური, რათა ტვირთი ჩამოსულიყო ფ----ში.

 

შპს „ფ---------------------------–----–---–--------------“ მოსარჩელემ მიიღო ინვოისი N---------, რომლის მიხედვით, მოსარჩელეს, ტვირთის საწყობიდან დროულად გატანის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, გადასახდელ თანხად განესაზღვრა 461.16 აშშ დოლარი. მეორე ინვოისი NI-------- – 979.87 აშშ დოლარზე, აქედან 256.10 აშშ დოლარი ჩინეთის იმპორტის მომსახურების გადასახადის სახით, 175 აშშ დოლარი ტრანსპორტირების, 548.77 აშშ დოლარი საბაჟო მოსაკრებლის ანგარიშში.

 

2019 წლის 11 აპრილს მოსარჩელემ შპს „ფ---------------------------–----–---–---------“ გადაურიცხა N--------- და NI-------- ინვოისებით გათვალისწინებული 1441.03 აშშ დოლარი, რომლის ეკვივალენტმა ლარებში შეადგინა 4002.99 ლარი.

 

2019 წლის 2 აპრილს მოსარჩელეს შპს „ფ------------“ მიერ წარედგინა ინვოისი N3560/2019 – 447.63 ლარზე, რაც შპს „პ---–----------“ გადაურიცხა მოპასუხეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. საგზაო სატრანსპორტო ზედდებული გამოიწერა 2019 წლის 16 იანვარს, ამ ტრანსპორტის საზღვაო ხაზით გადამზიდველი იყო C----------------------------- რომელიც მითითებულია ხსენებულ დოკუმენტში და ასევე განსაზღვრულია გადაზიდვასთან დაკავშირებული მისი ვალდებულებები. მოპასუხე წარმოადგენდა გადამზიდავ აგენტს.გადაზიდვის მთლიან პროცესში მოპასუხე იყო ექსპედიტორის მიერ შერჩეული პირი, რომელსაც უნდა უზრუნველეყო ტვირთის შემდგომი გადაზიდვა საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ანუ თ---–----დე. ფ----- წარმოადგენდა გამყიდველის მიერ ტვირთის გაყიდვისა და მიწოდების პირობას, რაც ნიშნავს გამყიდველის ვალდებულებას ფ----ში მიწოდებაზე და არა ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილს. ინკოტერმსის პირობა არის საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ დადგენილი არა გადაზიდვის, არამედ საერთაშორისო კომერციული გარიგებების თანახმად, საქონლის მიწოდების პირობა, რომელიც გამყიდველსა და მყიდველს შორის ურთიერთობას არეგულირებს. ეს იყო შერეული გადაზიდვა, სხვადასხვა ტრანსპორტით და ბუნებრივია იყო რამდენიმე ზედდებული, ხოლო საზღვაო ზედდებულში იწერება არა მთლიანად საწყისი და საბოლოო დანიშნულების პუნქტები, არამედ ტვირთის ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის პუნქტები. საზღვაო ტვირთი თბილისში ვერ გადმოიტვირთებოდა. ამავე CIF პირობის თანახმად, პორტში გამოცხადების მომენტიდან ყველა ხარჯი, მათ შორის საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ტვირთის მიწოდების ვალდებულება მყიდველს აქვს.

 

მოპასუხემ ტვირთი გადაზიდა ფ-----ს პორტიდან თ---–----დე გადაზიდვის ხელშეკრულების, კერძოდ, გადაზიდვის ზედდებულის (CMR) საფუძველზე, რომელიც გამოიწერა საზღვაო გადაზიდვის ზედდებულის (მულტიმოდალური სატრანსპორტო დოკუმენტი) საფუძველზე, 2019 წლის 1 აპრილს. აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული და მისგან გამომდინარე ვალდებულება მოპასუხემ შეასრულა, მან ტვირთი გადაზიდა თბილისში და ტვირთმიმღების მიერ მის გატანამდე შესანახად დასაწყობდა ლ--–----ის საბაჟო საწყობში, მოსარჩელემ ტვირთი განაბაჟა ზემოაღნიშნული გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე და ჩაიბარა 2019 წლის 13 აპრილს, გადამზიდველის წინაშე არსებული დავალიანების სრულად დაფარვის შედგომ.

 

მოპასუხის მიერ მიღებული თანხა 447.63 ლარი არის მომსახურების საფასური გადაზიდვის საზღაური 400 ლარი და ლ--–-----ში საქონლის დასაწყობების ხარჯები 147.64 ლარი.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „პ---–----------“ H--------------------------------საგან შეიძინა საბეჭდი საღებავები, რისთვისაც მას 2018 წლის 19 დეკემბერს გადაურიცხა 14 477.76 ევრო.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

საგადახდო დავალება.

 

3.1.2. 2019 წლის 16 იანვრის მულტიმოდალური სატრანსპორტო დოკუმენტიდან დგინდება, რომ შპს „პ---–---------ს“ მიერ H--------------------------------საგან შეძენილი 6 პალეტი საბეჭდი საღებავი, ი--------იდან გამოიგზავნა, საზღვაო გადამზიდველის CTL LOGISTICS INDIA PRIVATE LIMITED მიერ. ტვირთი გემზე ჩაიტვირთა ინდოეთში ნ------–---ში, ხოლო ჩამოტვირთვის პორტი იყო ფ-----, საქართველო. მიწოდების პირობა CIF ფ-----.

 

გადამზიდავ სააგენტოს წარმოადგენდა შპს „ფ------------“, რომლის მიერაც განხორციელდა ფ--------- თბილისში, ტვირთის გადაზიდვა და მისი დასაწყობება ლ--–-----ის საბაჟო საწყობში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მულტიმოდალური სატრანსპორტო დოკუმენტი.

ტრანზიტის დეკლარაცია.

სასაქონლო ზედნადები.

საგადახდო დავალება.

ინოისი N3---------

 

3.1.3. შპს „პ---–----------“ 2019 წლის 11 აპრილს გადაურიცხა შპს „ფ------------ს“ 2019 წლის 02 აპრილის N350/2019 ინვოისის საფუძველზე - 447.63 ლარი. ეს თანხა მოიცავს გადაზიდვის საზღაურს 400 ლარსა და ლ--–-----ში საქონლის დასაწყობების 147.64 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

2019 წლის 11 აპრილის N15-------- საგადახდო დავალება.

 

3.1.4. შპს „პ---–----------“ 2019 წლის 11 აპრილს NI-------- და N--------- ინვოისების საფუძველზე, F-------------------------------ს გადაურიცხა 1441.03 აშშ დოლარი.

 

სს „--------------“ ვალუტის კონვერტაციის განაცხადის მიხედვით, თანხის გადარიცხვის დროს (2019 წლის 11 აპრილს) ლარის დოლართან კონვერტაციის კურსი შეადგენდა 1 აშშ დოლარი 2.7120 ლარს, შესაბამისად, 1441.03 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში ამ კურსით შეადგენს 3908.07 ლარს. გადარიცხვის საკომისიოს სახით გადახდილი თანხის 35 აშშ დოლარის ეკვივალენტი 94.92 ლარს, ჯამში, 4002.99 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

საგადახდო დავალება N1554971329.

 

3.1.5. შპს „პ---–----------“ ი--------იდან გამოგზავნილი საქონელი მიიღო 2019 წლის 13 აპრილს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

სასაქონლო ზედნადები.

 

3.1.6. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ფ------------ ი---------–----–---–---------ს არის შპს „ფ------------ს“ 100%-იანი წილის მესაკუთრე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)

იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „ფ------------“ წარმომადგენლების არამართლზომიერი ქმედება შპს „პ---–---------ს“ მიმართ, არ დგინდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს „ფ------------“ წარმომადგენლების მხრიდან არამართლზომიერი ქმედების დასადასტურებლად მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ ტვირთი დააკავეს საწყობში მოსარჩელის მიერ გადაზიდვასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდამდე, რომელთა გადახდის ვალდებულებაც არ ეკისრებოდა. ტვირთის დაკავებამ აიძულა მოსარჩელე გადაეხადა თანხა ვალდებულების გარეშე.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის მხარეთა განმარტებებით, დგინდება, რომ მოსარჩელის კუთვნილი საქონელი თბილისში ჩამოიტანეს 2019 წლის 01 აპრილს, გადაზიდვის ხარჯები 447. 63 ლარის ოდენობით, მოსარჩელეს გადახდილი აქვს 2019 წლის 11 აპრილს, ხოლო 13 აპრილს მას გადაეცა საქონელი. (სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმ ხარჯებთან დაკავშირებით, რაც მიღებული აქვს მოპასუხეს, რაც შეეხება სხვა იურიდიული პირისათვის გადახდილ ხარჯებს, სასამართლო მასზე სამოტივაციო ნაწილში იმსჯელებს).

 

სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 685-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, გადამზიდველს გადაზიდვის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ხარჯების გამო აქვს ტვირთზე გირავნობის უფლება, ვიდრე იგი უფლებამოსილია განკარგოს ეს ნივთი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გადამზიდველის მხრიდან ტვირთის დაკავება არ შეიძლება განხილულ იქნა იძულებად, რადგან ეს ქმედება შეესაბამება კანონით გათვალისწინებული გადამზიდველის უფლებამოსილებას, რაც მას გააჩნია გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმღების მიმართ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 978-ე, 976-ე, 668-ე, 672-ე, 677-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 978-ე მუხლის მიხედვით, პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებად, არამედ იძულების ან მუქარის საფუძველზე, შეუძლია მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მიმღებს უფლება ჰქონდა გადაცემულზე.

 

ამ მუხლის საფუძველზე, მოთხოვნის ერთადერთ წინაპირობას წარმოადგენს ის, რომ გადაცემა განხორციელდა იძულებით ან მუქარის საფუძველზე. ფორმულირებას, რომ გადაცემა „არავალდებულების შესასრულებად“ უნდა განხორციელებულიყო არა აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა. ამდენად, ამ მუხლის საფუძველზე, კონდიქციური ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მიმღების არამართლზომიერი ქცევა. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არამართლზომიერ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, ამ მუხლიდან გამომდინარე, მხარეებს შორის კონდიქციური ვალდებულების წარმოშობის თაობაზე, აპელირება უსაფუძვლოა.

 

სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. აღნიშნული ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას.

 

კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე (იხ. სუსგ Nას-360-342-2015 წლის 3 ივნისი).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით რეგულირებულია ე.წ „შესრულების კონდიქცია“ და ამგვარი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელემ უნდა მიუთითოს სამართლებრივი სიკეთის გადაცემის ფაქტზე, ასევე მხარეთა შორის ვალდებულების არარსებობაზე (იხ. სუსგ №ას-653-621-2013, 2015 წლის 27 აპრილი). ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის, გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან (იხ. სუსგ №ას-1249-1269-2011, 2012 წლის 4 აპრილი).

 

სასამართლო სადავო თანხიდან 4002.99 ლარის ნაწილში მოთხოვნასთან მიმართებაში, აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ მოპასუხე შპს „ფ------------“ არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ განხორციელებული შესრულების მიმღებს, (როგორც სასამართლოს მიერ დადგენილია ეს თანხა მიღებული აქვს სხვა იურიდიულ პირს) ეს გარემოება გამორიცხავს ამ ნაწილში მხარეებს შორის კონდიქციური ვალდებულების არსებობას. შესაბამისად, ამ ხარჯების გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულება გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს ამ გარემოებას საქმის გადაწყვეტისათვის აღარ აქვს მნიშვნელობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის მიხედვით, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე. ამავე კოდექსის 672-ე მუხლის მიხედვით, გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების (ან სხვა დოკუმენტის) სახით. სამოქალაქო კოდექსის 677-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კი საპირისპიროს დამტკიცებამდე ზედნადები (კონოსამენტი ან გადაზიდვებში მიღებული სხვა ფორმები) არის მტკიცებულება იმისა, რომ დადებულია გადაზიდვის ხელშეკრულება, განსაზღვრულია მისი შინაარსი და ტვირთი გადამზიდველს მიღებული აქვს.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობდა გადაზიდვის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც დასტურდება მულტიმოდალური სატრანსპორტო დოკუმენტით, აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, მოპასუხე წარმოადგენს გადამზიდავ აგენტს, რომელსაც უნდა უზრუნველეყო მოსარჩელის კუთვნილი ტვირთის ფ--------- თბილისში ჩატანა. დადგენილია, რომ მოპასუხემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და ტვირთი 2019 წლის 1 აპრილს ჩამოიტანა თბილისში.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ “INCOTERMS” არის კომერციული ტერმინების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ხასიათის ხელშეკრულებების დადებისას. იგი განიხილავს მყიდველსა და გამყიდველს შორის არსებული უფლება-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების ისეთ საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია საქონლის ყიდვა-გაყიდვის, მიწოდების, დაზღვევის, განბაჟების, ტრანსპორტირების ასპექტებთან და ა.შ.

 

CIF - ღირებულება, დაზღვევა და ფრახტი. მოცემული ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და შიდასახმელეთო საწყალოსნო გადაზიდვების შემთხვევაში. ამ დროს CFR -ისგან (ღირებულება და ფრახტი) განსხვავებით, ექსპორტიორი იხდის დაზღვევასაც და რისკების გადატანა ხორციელდება როცა საქონელი დატოვებს გემს მყიდველის მიერ დასახელებულ მიმღებ პორტში. CFR - ღირებულება და ფრახტი. გამყიდველი ვალდებულია თვითონ გაწიოს გადაზიდვის ხარჯი. როდესაც ტვირთი უკვე ხომალდზეა გამყიდველი აღარაა პასუხისმგებელი ზიანზე ან დანაკარგებზე.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელის კუთვნილი ტვირთის გადაზიდვა განახორციელა ფ--------- თ---–----დე მონაკვეთში. შესაბამისად, ამ გადაზიდვასთან დაკავშირებული ხარჯები (საზღაური და საწყობის ხარჯი) არ წარმოადგენდა გამყიდველის მიერ ასანაზღაურებელ თანხას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის აპელირებას მიწოდების CIF პირობაზე, სასამართლო არ იზიარებს, იმ გარემოების დასასაბუთებლად, რომ მოპასუხისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურების ვალდებულება არ ეკისრებოდა, გამყიდველის მიერ ამ თანხის ანაზღაურების გამო.

 

რაც შეეხება გადამზიდავსა და მიმღებს შორის შეთანხმებას ფასზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შეთანხმება დასტურდება, იმ გარემოებით, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი ინვოისის საფუძველზე, მოსარჩელემ აანაზღაურა თანხა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო თანხიდან 447.63 ლარი, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადახდილია გადაზიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, შეთანხმებული ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. არ დაკმაყოფილდეს შპს „პ---–---------ს“ სარჩელი.

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია