გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/9890-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - შპს „მ-----–- ს------–-------------–------ ც------ი, ს---------------------–----ა“
წარმომადგენელი - გ----------–---–-
მოპასუხე - შპს „ე----------------“
წარმომადგენლები - დ-------- ს-----–-–---–-, ო----- ჯ----–---
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. მოპასუხე შპს ,,ე----------------“-ს შპს ,,მ-----–- ს------–-------------–------ ც------ი, ს---------------------–----ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 316 285,57 ლარის გადახდა (სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა 14.02.2019 წლის სასამართლო სხდომაზე ტ.2, ს.ფ. 55-59).
წარმოდგენილი სარჩელის მიხედვით, მხარეთა შორის დაიდო სხვადასხვა ხასიათის რამდენიმე ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელე სხვადასხვა სახის მომსახურეობას უწევდა მოპასუხეს: კერძოდ, მხარეებს შორის გაფორმდა შემდეგი ხელშეკრულებები:
1. 2012 წლის 28 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულება N5--;
2. 2012 წლის 28 დეკემბრის სამედიცინო მომსახურეობის ხელშეკრულება N3--;
3. 2012 წლის 28 დეკემბერის მომსახურეობის ხელშეკრულება N3--;
4. 2013 წლის 25 იანვრის მუცლის ღრუს ექოსკოპიის მომსახურეობის ხელშეკრულება N3--;
5. 2013 წლის 16 იანვრის მედიკამენტების მიწოდების ხელშეკრულება N9--;
6. 2013 წლის 22 იანვრის რენტგენოლოგიური გამოკვლევების ჩატარების მომსახურების ხელშეკრულება N3--;
7. 2014 წლის 15 აპრილის საოპერაციო ბლოკებით სარგებლობის ხელშეკრულება.
მიუხედავად მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულებისა, მოპასუხემ დაარღვია საკუთარი სახელშეკრულებო ვალდებულებები, რის გამოც მოპასუხეს წარმოეშვა ფულადი დავალიანება მოსარჩელის მიმართ.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოპასუხემ მხოლოდ სამჯერ განახორციელა გადახდა 2013-2015 წლებში, სულ 29000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, გარკვეული ფულადი ვალდებულებები მოსარჩელესაც ჰქონდა ნაკისრი 2014 წლის 06 ოქტომბრის მომსახურეობის ხელშეკრულების შესაბამისად და მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის გათვალისწინებით სარჩელის წარდგენის მომენტისთვის მოპასუხის დავალიანების საერთო ოდენობამ შეადგინა 213 997.51 ლარი.
2018 წლის 22 მარტს მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და განმარტა, რომ მოპასუხის დავალიანება იმ მომენტისათვის შეადგენდა 514 585,57 ლარს, თუმცა თუ მას გამოკლდებოდა მოპასუხის მიერ მანამდე გადახდილი თანხა 29 000 ლარი, შესაბამისად, მოპასუხეს გადასახდელი დარჩებოდა 316 285,57 ლარი.
მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა და განმარტა, რომ მოპასუხემ ჯამურად გადაიხადა 29 000 ლარი და 145 830 ლარის გადახდა მოხდა ურთიერთგაქვითვის გზით, რის შემდეგაც მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე გადასახდელი ექნება 316 285,57 ლარი. რის გამოც 2019 წლის 14 თებერვლის სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეს დაკისრებოდა 316 285.57 ლარის გადახდა (სარჩელი - ტ.1, ს.ფ. 1-15, დაზუსტებული სარჩელი - ტ.2, ს.ფ. 1-15, დაზუსტებული მოთხოვნა 14.02.2019 წლის სასამართლო სხდომაზე ტ.2, ს.ფ. 55-59).
2. მოპასუხის პოზიცია:
შპს ,,ე----------------ს’’ წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2014 წლის 06 ოქტომბერს მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული იქნა სამედიცინო მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრული თანხის სანაცვლოდ მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას სამედიცინო მომსახურეობა გაეწია მოსარჩელისთვის. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ გაწეული იქნა მომსახურეობა, თუმცა მოსარჩელეს არ გადაუხდია შესაბამისი თანხები და ის მოსარჩელეს სთავაზობდა მომხდარიყო ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა. ამასთან მიუთითა, რომ 2014 წლის 06 ოქტომბერს, რომლის საფუძველზეც მან მოსარჩელეს გაუწია სამედიცინო მომსახურება და სწორედ მოსარჩელის მიერ არ მომხდარა თანხის გადახდა და ვალდებულების შესრულება, რის შემდეგაც მოსარჩელეს გაეგზავნა ანგარიშის ბარათი ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე.
2018 წლის 03 აპრილს მოპასუხე მხარემ დაზუსტებულ სარჩელზე წარმოადგინა შესაგებელი და ასევე არ სცნო სარჩელი არც შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში იგივე საფუძვლით, რაც თავდაპირველ შესაგებელში იქნა მითითებული (შესაგებელი - ტ.1, ს.ფ. 70-79, ტ.2, ს.ფ. 25-33).
3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის გაიქვითა 198 300 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ 2013 წლის აპრილის თვეში მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა იჯარის ქირის საფასური - 9500 ლარი, 2013 წლის ივნისის თვეში - 9500 ლარი, ხოლო 2015 წლის დეკემბერში - 10 000 ლარი, სულ 29 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადაო დავალებები (ტ.1, ს.ფ. 92-94)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2012 წლის 28 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო N5-- იჯარის ხელშეკრულება, რომლის 1.1.1 პუნქტის საფუძველზეც მოპასუხემ იჯარით აიღო მოსარჩელის კუთვნილი 72 კვ.მ. ფართი, მდებარე ქ.თბილისი, წ-------–ის ქ. N9 საოპერაციო ბლოკი (საოპერაციო, წინასაოპერაციო და ხელსაბანი).
ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება მოქმედებდა შემდგომი 1 წლის განმავლობაში, ხოლო 3.2 პუნქტის თანახმად, იჯარის ქირა განისაზღვრა თვეში 7500 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2012 წლის 28 დეკემბრის N5-- იჯარის ხელშეკრულება, (ტ.1, ს.ფ. 22-23)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 45-48)
4.2. 2012 წლის 28 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო N3-- ხელშეკრულება, რომლის 2.1 პუნქტის თანახმად, მოსარჩელე უწევდა მოპასუხეს შემდეგ მომსახურეობას: ინსტრუმენტების სტერელიზაცია, რეცხვა, დიაგნოსტიკა, რეანიმაციული მომსახურება, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია, ინსტრუმენტალური დიაგნოსტიკა (რადიოლოგია).
ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრებოდა შემდეგი სახით: ინსტრუმენტების სტერილიზაცია ჩვეულებრივი ფორმით თითო - 10 ლარი, ქიმიური სტერილიზაცია თითო - 40 ლარი; რეცხვა 1 კგ. - 2,20 ლარი; დიაგნოსტიკის და ინსტრუმენტალური დიაგნოსტიკის (რადიოლოგია) ფასები მოცემული იყო დანართის სახით; რეანიმაციული მომსახურება საწოლდღე - 540 ლარი გარდა ფაქტიური დანახარჯი სამკურნალწამლო საშუალებებისა; სხივური თერაპია - 10500 ლარი; ქიმიოთერაპია ერთი სეანსი 200 ლარი, გარდა სამკურნალწამლო საშუალებისა.
ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით, მომსახურების მიწოდება განხორციელდებოდა 2013 წლის 31 დეკემბრამდე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდებოდა იმავე ვადით, თუ რომელიმე მხარემ ორი კვირით ადრე არ შეატყობინებდა კონტრაჰენტს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2012 წლის 28 დეკემბრის N3-- ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 24-25)
- მომსახურების შიდა სტანდარტები (ტ.1, ს.ფ. 26-31)
4.3. 2012 წლის 28 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო N3-- ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებული იყო დამკვეთს მომსახურებოდა მის საკუთრებაში არსებული ლიფტების მომსახურეობის, ასევე ნაგვის გატანისა და დაცვის მომსახურეობით.
ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, მომსახურეობის ფასი განისაზღვრა ყოველთვიურად 2000 ლარით.
ხელშეკრულების 4.2. პუნქტის მიხედვით, მომსახურების მიწოდება განხორციელდებოდა 2013 წლის 31 დეკემბრამდე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდებოდა იმავე ვადით, თუ რომელიმე მხარემ ორი კვირით ადრე არ შეატყობინებდა კონტრაჰენტს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2012 წლის 28 დეკემბრის N3-- ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 32-33)
4.4 მხარეებს შორის 2013 წლის 15 იანვარს დაიდო N3-- ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა მოსარჩელის მიერ მოპასუხის პაციენტებისთვის მუცლის ღრუს ექოსკოპიის მომსახურების პირობები.
ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 35 ლარს, პროფესორის - 45 ლარი.
ხელშეკრულების 4.2. პუნქტის საფუძველზე, მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 15 იანვრამდე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდებოდა იმავე ვადით, თუ რომელიმე მხარემ ორი კვირით ადრე არ შეატყობინებდა კონტრაჰენტს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 15 იანვრის N3-- ხელშეკრულება, (ტ.1, ს.ფ. 34-35)
4.5. 2013 წლის 16 იანვარს მხარეებს შორის დაიდო N9-- ხელშეკრულება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების მიწოდების შესახებ. ფასი განისაზღვრებოდა მოპასუხის მოთხოვნის შესაბამისად მოსარჩელის მიერ მიწოდებული საკურნალო საშუალებების მიხედვით.
ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო მიმღებისათვის გადაეცა ხარისხიანი და რაოდენობრივად უნაკლო მედიკამენტები.
ხელშეკრულების 4.6 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება მოქმედებდა 1 წლის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ ავტომატურად მოხდება ხელშეკრულების განახლება იმავე ვადით იმ შემთხვევაში, თუ ვადის გასვლამდე 2 კვირით ადრე რომელიმე მხარე წერილობით არ მოითხოვდა ხელშეკრულების გაუქმებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 16 იანვრის N9-- ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 36-37)
4.6. 2013 წლის 22 იანვარს მხარეებს შორის დაიდო N3-- რენტგენოლოგიური გამოკვლევების ჩატარების მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელი ვალდებული იყო დამკვეთის პაციენტებისთვის გაეწია რენტგენოლოგიური გამოკვლევები. მომსახურების საფასური განისაზღვრებოდა ხელშეკრულების დანართის მიხედვით.
ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით, მომსახურეობის მიწოდება ხორციელდებოდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში. ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება გაგრძელდებოდა იმავე ვადით, თუ რომელიმე მხარე 2 კვირით ადრე არ შეატყობინებდა მეორე მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 22 იანვრის N3-- რენტგენოლოგიური გამოკვლევების ჩატარების მომსახურების ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 38-40)
- მკურნალობის ღირებულება (ტ.1, ს.ფ. 40)
4.7. 2014 წლის 15 აპრილს მხარეებს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის პირველი მუხლის თანახმად განისაზღვრა მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული N2 და N3 საოპერაციო ბლოკებითა (140 კვ.მ) და გვამის ოთახით სარგებლობის, ასევე მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ლიფტით, ნაგვის გატანისა და დაცვის მომსახურეობის გაწევის პირობები.
ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად, კომპანია ვალდებული იყო დროებით სარგებლობაში გადაეცა კლინიკას მის საკუთრებაში არსებული საწოლი და ამავე ვადით კლინიკის პაციენტს მომსახურებოდა კომპანიის ექთანი.
ხელშეკრულების 3. 1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება მოქმედებდა 1 წლის განმავლობაში.
ხელშეკრულების 3.2 პუნქტის მიხედვით, საოპერაციო ბლოკით ერთჯერადად სარგებლობის ღირებულება შეადგენდა 700 ლარს.
ხელშეკრულების 3.6 პუნქტის შესაბამისად, ლიფტით, ნაგვის გატანის და დაცვის მომსახურეობით სარგებლობის გადასახადი წარმოადგენს ყოველთვიურად 2000 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2014 წლის 15 აპრილის მომსახურების ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 41-44)
4.8. 2014 წლის 06 ოქტომბერს მხარეებს შორის დაიდო ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის 1.5. პუნქტის თანახმად, პაციენტებისთვის გასაწევი მომსახურება ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის მოიცავდა შემსრულებლის მიერ დამკვეთის/პაციენტისათვის სამედიცინო პალატაში ერთი საწოლის ან ერთადგილიანი პალატის და შემსრულებლის მორიგე საექთნო პერსონალის გამოყოფას, ასევე შემსრულებლის ინფრასტრუქტურით სარგებლობას, საწოლის თეთრეულის, პირადი ჰიგიენის და მოვლის საშუალებების და სხვა საჭირო ინვენტარის დამკვეთის პაციენტისათვის გამოყოფას. 1.6. პუნქტის მიხედვით კი, სტაციონალური სამედიცინო მომსახურება გულისხმობდა დამკვეთის მიერ პაციენტისათვის გაწეული სტაციონარული მომსახურება, რომელიც გაწეულია დამკვეთის ხარჯით, მათ შორს ექიმ-სპეციალისტების მიერ ჩატარებული ოპერაციები, გამოკვლევევი, კონსულტაციები, მედიკამნეტების დანიშვნა და დანიშნულების შესრულება/მიწოდება, საექიმო და საექთნო პერსონალის მიერ, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, და რომლის ხარისხზე და შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს და მასთან დასაქმებულ პერსონალს.
ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, შემსრულებელი - შპს ,,ე----------------“ კისრულობდა ვალდებულებას შესაბამისი მიმართვის საფუძველზე გაუწიოს დამკვეთს, ,,მ-----–- ს------–-------------–------ ც------ი, ს---------------------–----ის’’ პაციენტებს ხელშეკრულების 1.5 პუნქტში მითითებული მომსახურება, ხოლო დამკვეთი ვალდებული იყო სრულად და დროულად აუნაზღაუროს შემსრულებელს გაწეული მომსახურეობა.
ხელშეკრულების 5.1 პუნქტის მიხედვით, დამკვეთის მიერ გამოგზავნილ თითოეულ პაციენტზე გაწეული სამედიცინო მომსახურეობა შეადგენდა ერთი საწოლი დღის განმავლობაში 100 ლარს.
ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელის მოწერის დღიდან და მოქმედებს 2015 წლის 01 იანვრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2014 წლის 06 ოქტომბრის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 80-84)
- ანგარიშის ბარათი (ტ.1, ს.ფ. 84-91)
- საგდასახადაო დავალებები (ტ.1, ს.ფ. 92-94)
4.9. საგადასახადო დავალებებით დასტურდება, რომ 2015 წლის 23 დეკემბერს შპს „ე---------------ის“ მიერ შპს „მ-----–- ს------–-------------–------ის ც------ი, ს---------------------–----ისთვის“ გადახდილი იქნა 10 000 ლარი, 2013 წლის 06 ივნისს - 9500 ლარი, 2013 წლის 08 აპრილს - 9500 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადაო დავალებები (ტ.1, ს.ფ. 92-94)
4.10. საქმეზე წარმოდგენილი გაწეული მომსახურებისა და მხარეთა შორის ურთიერთანგარიშსწორების ცხრილი, რომლის თანახმადაც, მხარეთა შორის მოხდა 145 830 ლარის ურთიერთგაქვითვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაწეული მომსახურებისა და მხარეთა შორის ურთიერთანგარიშსწორების ცხრილი (ტ.1, ს.ფ. 123)
4.11. 2013 წლის 01 ივნისს შპს „ო------------“ და შპს „მ-----–- ს------–-------------–------ის ც------ის, ს---------------------–----ას“ შორის დაიდო ობიექტის დაცვის შესახებ ხელშკრულება, რომლის თანახმადაც, დაცვის სამსახურმა იკისრა ვალდებულება დაეცვა დამკვეთის მფლობელობაში არსებული ობიექტის მდებარე ქ.თბილისი, წ-------–ის ქ.N9-ში საზოგადოებრივი წესრიგი.
7.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების თანხა თვეში შეადგენდა 11 800 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ხოლო მოქმედების ვადად მიეთითა უვადო, ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 01 ივნისის ხელშეკრულება ობიექტის დაცვის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 125-127)
4.12. 2014 წლის 11 მარტს შპს „ა-–---სა“ და შპს „მ-----–- ს------–-------------–------ის ც------ი, ს---------------------–----ა“-ს შორის დაიდო ობიექტის დაცვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შემსრულებელს უნდა დაეცვა დამკვეთის ობიექტი. მომსახურების განხორციელება უნდა მომხდარიყო კლინიკაში შემდეგ მისამართზე მდებარე ქ.თბილისი, წ-------–ის ქ.N9.
4.1. პუნქტის მიხედვით, მომსახურების თანხა თვეში შეადგენდა 13 085 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
2014 წლის 23 სექტემბრის შეთანხმების აქტის მიხედვით, შპს „ა-–---სა“ და მოსარჩელეს შორის მოხდა შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში და გადასახდელ თანხად განისაზღვრა 11 345 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 11 მარტის ხელშეკრულება ობიექტის დაცვის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 128-131)
- 2014 წლის 23 სექტემბრის შეთანხმების აქტი (ტ.1, ს.ფ. 132)
4.13. 2015 წლის 05 ოქტომბერს შპს „ა-–---სა“ და შპს „მ-----–- ს------–-------------–------ის ცენტი, ს---------------------–----ა“-ს შორის დაიდო ობიექტის დაცვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შემსრულებელს უნდა დაეცვა დამკვეთის ობიექტი. მომსახურების განხორციელება უნდა მომხდარიყო სამკურნალო დაწესებულებაში შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, წ-------–ის ქ.N9.
3.1. პუნქტის თანახმად, მომსახურების თანხა თვეში შეადგენდა 11 345 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
4.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება მოქმედებდა 1 წლის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 05 ოქტომბერს ხელშეკრულება ობიექტის დაცვის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 133-135)
4.14. 2017 წლის 01 ივნისს მოსარჩელესა და შპს „ი-----------------------------“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება დაცვით მომსახურებაზე N66/2017.
მომსახურების ღირებულება ყოველთვიურად შეადგენდა 14 757,37 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 01 ივნისის ხელშეკრულება ობიექტის დაცვის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 136-143)
- ხელშეკრულების დანართი N1 (ტ.1, ს.ფ. 144-145)
4.15. 2013 წლის 03 იანვრის N387 ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,მ-----–- ს------–-------------–------ის ც------ი’’-მა განახორციელა ერთ პირთან მოლაპარაკება სამედიცინო დაწესებულებაში არსებული ნარჩენების გატანისა და შემდგომი გაუვნებელყოფის სამუშაოების (მომსახურების) შესყიდვაზე და შპს ,,ე----------------------’’-მ აიღო ვალდებულება შემსყიდველისთვის გაეწია ზემოაღნიშნული მომსახურეობა წელიწადში 20040 ლარად.
ხელშეკრულების დანართის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურეობის ღირებულება განისაზღვრება თვეში 1670 ლარის ოდენობით. ობიექტზე შესატანი კონტეინერების რაოდენობა კი შეადგენდა 15 ცალს. კონტეინერების გატანის სიხშირე განისაზღრებოდა ყოველდღე. ხელშეკრულება ძალაში შედიოდა მხარეთა მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მომენტიდან. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მხარეთა მიერ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდებოდა იმავე ვადით და იმავე პირობებით, თუ მასში არ მოხდებოდა რაიმე ცვლილების ანდა დამატებების შეტანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 03 იანვრის N387 ხელშეკრულების (ტ.1, ს.ფ. 146-148)
- დანართი N1 (ტ.1, ს.ფ. 149)
4.16. 2014 წლის 01 იანვრის N391 ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,მ-----–- ს------–-------------–------ის ც------ი’’-მა განახორციელა ერთ პირთან მოლაპარაკება სამედიცინო დაწესებულებაში არსებული ნარჩენების გატანის და შემდგომი გაუვნებელყოფის სამუშაოების (მომსახურების) შესყიდვაზე და შპს ,,ე----------------------’’-მ აიღო ვალდებულება შემსყიდველისთვის გაეწია ზემოაღნიშნული მომსახურეობა 6 თვეში 13200 ლარად. ხელშეკრულების დანართის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალიწინებული მომსახურეობის ღირებულება განისაზღვრებოდა თვეში 2200 ლარის ოდენობით. ობიექტზე შესატანი კონტეინერების რაოდენობა შეადგენდა 8 ცალი 60 ლიტრიანი, 12 ცალი 25 ლიტრიანი და 10 ცალი 11 ლიტრიანი. (დიალიზის ნარჩენები დღეში 40-45 ცალი 60 კილოგრამიანი პარკები). კონტეინერების გატანის სიხშირე განისაზღვრებოდა ყოველდღე. ხელშეკრულება ძალაში შედიოდა ხელშეკრულებაზე მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან 2014 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 01 იანვრის ხელშეკრულება N391 (ტ.1, ს.ფ. 150-152)
- დანართი N1 (ტ.1, ს.ფ. 153)
4.17. 2015 წლის 01 აპრილის ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,მ-----–- ს------–-------------–------ის ც------ი’’-მა განახორციელა ერთ პირთან მოლაპარაკება სამედიცინო დაწესებულებაში არსებული ნარჩენების გატანისა და შემდგომი გაუვნებელყოფის სამუშაოების (მომსახურების) შესყიდვაზე და შპს ,,მ-------–------------------------–-----’’-მ აიღო ვალდებულება შემსყიდველისთვის გაეწია ზემოაღნიშნული მომსახურეობა ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით.
ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მიზნებისთვის მიმწოდებელი იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო სამედიცინო დაწესებულება სპეციალური კონტეინერებით.
ხელშეკრულების 3.3 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის ტერიტორიაზე შეტანილი კონტეინერები ეკუთვნოდა მიმწოდებელს და მათ დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებული იყო აენაზღაურებინა კონტეინერის ღირებულება თითოეულზე 25 ლარის ოდენობით.
ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების და მომსახურების ყოველთვიური ღირებულება განისაზღვრებოდა 1200 ლარით, კონტეინერების რაოდენობა 80 ცალი (25 ცალი-50 ლარი, 20 ცალი-30 ლარი, 15 ცალი-8 ლარი, 20 ცალი-4 ლარი), გატანის სიხშირე ყოველი თვის კალენდარული სამუშაო დღე. ხელშეკრულება ძალაში შედიოდა მხარეთა მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მომენტიდან და ძალაში იყო კალენდარული 1 წლის ვადით. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მხარეთა მიერ ორმხრივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდებოდა იმავე ვადით და იმავე პირობებით, თუ მასში არ მოხდებოდა რაიმე ცვლილებების ანდა დამატებების შეტანა.
2015 წლის 1 აპრილის ხელშეკრულებაში 14.2 პუნქტში შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 2016 წლის აპრილიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით პერიოდი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 01 აპრილის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 154-156)
- შეთანხმება (ტ.1, ს.ფ. 157)
4.18. 2012 წლის 25 იანვარს შპს ,,მ-----–- ს------–-------------–------ის ც------ი ს---------------------–----ა’’-ს და შპს ,,ა---------’’-ს შორის დაიდო ხელშეკრულება N11/14, რომლის თანხმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, წ-------–ის N9 მდებარე შენობა-ნაგებობაში განთავსებული ლიფტის ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა. დანადგარების დასახელება: ლიფტის რაოდენობა: 5 ლიფტი და ერთ ამწე.
ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, ტექნიკური უზრუნველყოფის პირობები დამატებით ანაზღაურების გარეშე შესაცვლელი დეტალების ღირებულებას არ ითვალისწინებდა.
პირველი მუხლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედიოდა მხარეთა მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღიდან და მოქმედებდა 12 თვის განმავლობაში. ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეცვლა, შემცირება, გახანგრძლივება და შეწყვეტა შესაძლებელი იყო წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, სათანადოდ გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებით, დაუძლეველ ძალთა გარემოებებით ან ამ ხელშეკრულების სხვა პირობების გათვალისწინებით. თუ ამ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე არცერთი მხარე არ გამოთქვამდა სურვილს და წერილობით არ შეატყობინებდა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მეორე მხარეს, წინამდებარე ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდებოდა ერთი წლით.
ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრა, რომ პერიოდული ტექნიკური მომსახურების (მოვლის) საზღაური თვეში ოთხ 1200 კგ. ლიფტზე, ერთ 400 კგ. ლიფტზე და ერთ ამწეზე შეადენდა 1300 ლარს, რომლის გახადა დამკვეთის მიერ მოხდებოდა თვეში ერთხელ, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით ყოველი თვის დასაწყისში არაუგვიანეს 5 რიცხვამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2012 წლის 25 იანვრის N11/14 ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 158-160)
4.19. 2015 წლის 18 ივნისს შპს ,,მ-----–- ს------–-------------–------ის ც------ი ს---------------------–----ა’’-ს და შპს ,,ს----------–-----–-------------------ს’’’-ს შორის დაიდო ლიფტის ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანხმადაც, შპს ,,ს----------–-----–-------------------’’ შპს ,,მ-----–- ს------–-------------–------ის ც------ი ს---------------------–----ა’’-სგან მომსახურეობაზე იღებდა 4 ცალ სამგზავრო ლიფტს მდებარე ქ.თბილისი, წ-------–ის ქ. N9. მომსახურეობა გულისხმობდა ყოველთვიურ გეგმიურ შემოწმებასა და გამოძახებას დაზიანების შემთხვევაში. ლიფტის ყოველთვიური მომსახურების საფასური შეადგენდა 1000 ლარს დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. ხელშეკრულება დაიდო 2 წლის ვადით. ხელშეკრულება შეიძლება გაუქმებულიყო ერთ-ერთი მხარის მიერ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამის შესახებ მეორე მხარეს ეცნობებოდა წერილობით 30 დღით ადრე. ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდებოდა ერთი წლით, თუკი რომელიმე მხარე ვადის გასვლამდე 30 დღით ადრე წერილობით არ განაცხადებდა, რომ არ სურდა გაეგრძელებინა ხელშეკრულების მოქმედების ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 18 ივნისის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 161-163)
- დანართი N1 (ტ.1, ს.ფ. 164)
4.20. 2016 წლის 01 ნოემბერს შპს ,,მ-----–- ს------–-------------–------ის ც------ი ს---------------------–----ა’’-ს და შპს ,,ს----------–-----–-------------------ს’’’-ს შორის დაიდო ლიფტის ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანხმად შპს ,,ს----------–-----–-------------------’’ ,,შპს მ-----–- ს------–-------------–------ის ც------ი ს---------------------–----ა’’-სგან მომსახურეობაზე იღებდა 4 ცალ სამგზავრო ლიფტს, 1 ც. ინვალიდის პანდუსს მდებარე ქ.თბილისი, წ-------–ის ქ. N9. მომსახურეობა გულისხმობდა ყოველთვიურ გეგმიურ შემოწმებას და გამოძახებას დაზიანების შემთხვევაში. ლიფტის ყოველთვიური მომსახურების საფასური შეადგენდა 1100 ლარს დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. ხელშეკრულება ფორმდებოდა 2 წლის ვადით. ხელშეკრულება შეიძლება გაუქმებულიყო ერთ-ერთი მხარის მიერ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამის შესახებ მეორე მხარეს ეცნობებოდა წერილობით 30 დღით ადრე. ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდებოდა ერთი წლით, თუკი რომელიმე მხარე ვადის გასვლამდე 30 დღით ადრე წერილობით არ განაცხადებდა, რომ არ სურდა გაგრძელებულიყო ხელშეკრულების მოქმედების ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 01 ნოემბრის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 165-167)
4.21. 2017 წლის 09 აგვისტოს N0------ წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს შეატყობინა მასთან დადებული ყველა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
შეწყვეტამდე მხარეთა შორის იყო ურთიერთობა ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 09 აგვისტოს წერილი N0------(ტ.1, ს.ფ. 213)
- 2016 წლის 25 ნოემბრის წერილი N0------ (ტ.1, ს.ფ. 216)
- 2016 წლის 15 დეკემბრის განცხადება (ტ.1, ს.ფ. 216-217)
- 2017 წლის 20 იანვრის წერილი (ტ.1, ს.ფ. 218-219)
- 2017 წლის 30 იანვრის წერილი (ტ.1, ს.ფ. 220-221)
- ელექტრონული მიმოწერა (ტ.1, ს.ფ. 206-207)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.22. 2017 წლის 25 დეკემბრის Nკ-–--------- შემოწმების აქტით დადგინდა გარკვეული სახის დარღვევები და დასკვნის შესაბამისად, დაწესებულების ხარისხის კონტროლის მართვის სისტემა არ შეესაბამებოდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და დარღვევების გამოსასწორებლად კლინიკას განესაზღვრა 2018 წლის 25 თებერვლამდე პერიოდი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 25 დეკემბრის Nკ-–--------- შემოწმების აქტი (ტ.1, ს.ფ. 209-212)
4.23. საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ თავისი საქმიანობა შეჩერებულია 2016 წლის 25 იანვრიდან, რაც დასტურდება 2017 წლის 25 დეკემბრის შემოწმების აქტით, სადაც მითითებულია, რომ მოპასუხის დირექტორის ბრძანებით, 2016 წლის 25 იანვრიდან დროებით შეჩერდა პაციენტების მიღება და სერვისის გაწევა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 25 დეკემბრის შემოწმების აქტი (ტ.1, ს.ფ. 209-212)
4.24. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა შეწყდა 2016 წლის 25 იანვარს, როდესაც მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებამ შეაჩერა თავისი საქმიანობა, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით დგინდება, რომ შეჩერების წინაპირობა სწორედ მოსარჩელის მიერ ელექტროენერგიის მიუწოდებლობა იყო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 25 დეკემბრის შემოწმების აქტი (ტ.1, ს.ფ. 209-212)
- მხარეთა მიწერ-მოწერა (ტ.1, ს.ფ. 2206-207; 213-221)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 629-ე, 361-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სხვადასხვა ხასიათის რამდენიმე ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელე სხვადასხვა სახის მომსახურეობას უწევდა მოპასუხეს, კერძოდ:
1. 2012 წლის 28 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება N5--;
2. 2012 წლის 28 დეკემბერს დაიდო სამედიცინო მომსახურეობის ხელშეკრულება N3--;
3. 2012 წლის 28 დეკემბერს დაიდო მომსახურეობის ხელშეკრულება N3--;
4. 2013 წლის 25 იანვარს - მუცლის ღრუს ექოსკოპიის მომსახურეობის ხელშეკრულება N3--;
5. 2013 წლის 16 იანვარს - მედიკამენტების მიწოდების ხელშეკრულება N9--;
6. 2013 წლის 22 იანვარს - რენტგენოლოგიური გამოკვლევების ჩატარების მომსახურების ხელშეკრულება N3--
7. 2014 წლის 15 აპრილის ხელშეკრულება საოპერაციო ბლოკებით სარგებლობის შესახებ.
ამდენად, მხარეთა შორის სულ დაიდო 07 (შვიდი) ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების არა მხოლოდ ვადის გადაცილება, არამედ არასრულად შესრულება, ასევე შეუსრულებლობა, ითვლება, რომ მხარემ დაარღვია სახელშეკრულებო პირობები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ, რომც ყოფილიყო მოქმედი რომელიმე ხელშეკრულება, ისინი ფაქტიურად 2016 წლის 25 იანვრიდან შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს, რადგან სწორედ მითითებული დროიდან მოპასუხემ შეაჩერა თავისი საქმიანობა, შესაბამისად, მას აღარ მიუღია მოსარჩელისგან რაიმე სახის მომსახურება, თუმცა სასამართლო თითოეულ ხელშეკრულებაზე ცალკ-ცალკე გაამახვილბს ყურადღებას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ 2012 წლის 28 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულება, რომელიც დადებული იყო 01 წლის ვადით და საიჯარო გადასახადი ყოველთვიურად შეადგენდა 7500 ლარს, ვინაიდან საქმეში არ წარმოდგენილა იმავე ხელშეკრულების გაგრძელებისა თუ ახალი იჯარის ხელშეკრულების დადების თაობაზე ხელშეკრულება, სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი ვადის გასვლის გამო შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს 2013 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით.
რაც შეეხება 2012 წლის 28 დეკემბრის N3-- ხელშეკრულებას, იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრებოდა კონკრეტული მომსახურებიდან გამომდინარე, მაგალითად, სტერილიზაცია 10 ლარი, ქიმიური სტერილიზაცია - 40 ლარი, რეცხვა - 1 კგ - 2,20 ლარი და ა.შ. მართალია ხელშეკრულება დაიდო 2013 წლის 31 დეკემბრამდე ვადით, რომელიც გრძელდებოდა იმავე ვადით, თუკი მხარეები უარს არ განაცხადებდნენ გაგრძელებაზე, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს აღნიშნულ ვადაში შეუსრულა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, რამაც წარმოშვა მოპასუხესთან მიმართებაში დავალიანების არსებობა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს 2012 წლის 28 დეკემბრის N3-- ხელშეკრულებაზე, რომელიც შეეხება ლიფტით, ნაგვის გატანითა და დაცვით მომსახურებას. მითითებული ხელშეკრულება დაიდო 2013 წლის 31 დეკემბრამდე ვადით, რომელიც იმავე ვადით გაგრძელდებოდა, თუკი რომელიმე მხარე ამოწურვამდე ორი კვირით ადრე არ შეწყვეტდა მის მოქმედებას. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა ყოველთვიურად 2000 ლარი.
აღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის 2014 წლის 15 აპრილს დადებულ მომსახურების ხელშეკრულებაზე, სადაც ასევე მიეთითა ლიფტით, ნაგვის გატანისა და დაცვის მომსახურებაზე, რომლის ღირებულებაც ყოველთვიურად შეადგენდა 2000 ლარს. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა N2 და N3 საოპერაციო ბლოკების, ასევე გვამის ოთახით სარგებლობის ღირებულება. საოპერაციო ბლოკით ერთჯერადად სარგებლობის ღირებულება შეადგენდა 700 ლარს, ასევე განსაზღვრული იყო მედ.დის მომსახურების საფასური დღე-ღამეში 100 ლარის ოდენობით. მითითებული ხელშეკრულება დაიდო 01 წლის ვადით და იგი არ გრძელდებოდა ავტომატურად.
მითიტებული ორი ხელშეკრულების ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ლიფტით, ნაგვის გატანითა და დაცვის მომსახურების 2012 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულება ჩაანაცვლა 2014 წლის 15 აპრილის ხელშეკრულებამ, რომელიც მოიცავდა იმავე მომსახურებაზე შეთანხმებას იმავე პირობებით, რაც მანამდე იყო, თუმცა ბოლო ხელშეკრულებამ განსაზღვრა პირობების მოქმედების 1 წლიანი ვადა და გამორიცხა მათი ავტომატურ რეჟიმში გაგრძელება.
ამდენად, ლიფტით, ნაგვის გატანითა და დაცვის მომსახურებით სარგებლობა მოპასუხე მხარეს მაქსიმუმ შეეძლო მხოლოდ 2015 წლის 16 აპრილამდე პერიოდში. მართალია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია არაერთი ხელშეკრულება, რომელიც შეეხება დაცვის მომსახურებას გაფორმებული სხვადასხვა ფირმებთან, თუმცა სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ორივე მხარე ერთსა და იმავე მისამართზე იმყოფებოდა, კერძოდ კი, მოპასუხე განთავსებული იყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ შენობის მხოლოდ ბოლო ორ სართულზე. შესაბამისად, დაცვის მომსახურების თაობაზე ხელშეკრულების გაფორმება არ მომხდარა მხოლოდ მოპასუხის გამო, არამედ აღნიშნულს თავად მოსარჩელეც საჭიროებდა თავისი ქონების უსაფრთხოებისთვის, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ლიფტით სარგებლობის, ნაგვის გატანისა და დაცვის მომსახურების თაობაზე შეთანხმება მხოლოდ 2015 წლის 16 აპრილამდე მოქმედებდა და იგი არ გაგრძელებულა მხრეთა მიერ.
სასამართლო აქვე იმსჯელებს 2014 წლის 15 აპრილის ხელშეკრულებით გათალისწინებულ საოპერაციო ბლოკებისა და გვამის ოთახით სარგებლობასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების თანახმად, მომსახურების ღირებულება დაკავშირებული იყო საოპერაციო ბლოკების გამოყენების რაოდენობასთან, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება თუ რამდენჯერ მოხდა მოპასუხის მიერ საოპერაციო ბლოკების გამოყენება ან მოხდა თუ არა საერთოდ ასეთი ფაქტი.
შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულ ნაწილში ვერ დააკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე. ხოლო რაც შეეხება გვამის ოთახით სარგებლობას, წარმოდგენილ ხელშეკრულებაში განსაზღვრული არ არის არც ყოველთვიური მომსახურების საფასური და არც უშუალოდ მომსახურების ფაქტიდან გამომდინარე საფასური, რის გამოც სასამართლო ვერც ამ ნაწილში დააკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას მომსახურების ღირებულების მოპასუხეზე დაკისრებასთან დაკავშირებით.
მხარეთა შორის 2013 წლის 15 იანვარს ასევე დაიდო ხელშეკრულება N3--, რომლითაც მოსარჩელე ვალდებული იყო მოპასუხის მოთხოვნის შემთხვევაში ამ უკანასკნელის პაციენტებისთვის ჩაეტარებინა მუცლის ღრუს ექოსკოპია, ხოლო მომსახურების ღირებულება შეადგენდა 35 ლარს. ხელშეკრულება 2014 წლის 15 იანვრამდე ვადით დაიდო და ასევე ითვალისწინებდა მის ავტომატურ რეჟიმში გაგრძელებას, თუკი მხარეები საწინააღმდეგოზე არ შეთანხმდებოდნენ. მოცემულ შემთხვევაში მართალია საქმეს ერთვის თითოეული მომსახურების ღირებულება, თუმცა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ასეთი მომსახურების გაწევის ფაქტი, რაც დაკავშირებულია უკვე ანაზღაურებასთან. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება 2013 წლის 16 იანვრის ხელშეკრულება N9--, აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა, რომ მოსარჩელე მოპასუხეს მიაწვდიდა უნაკლო მედიკამენტებს და მომდევნო 10 დღის ვადაში მოპასუხეს უნდა უზრუნველეყო საფასურის გადახდა. ხელშეკრულება დადებული იქნა 1 წლის ვადით და შესაძლებელი იყო მისი გაგრძელება იმავე ვადით ავტომატურად, თუკი მხარეები თავად არ შეწყვეტდნენ ამოწურვამდე 2 კვირით ადრე მის მოქმედებას.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე მედიკამენტების მიწოდების ფაქტი, კერძოდ, მიწოდების დრო, ასევე რაოდენობა და ღირებულება. შესაბამისად, მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება.
2013 წლის 22 იანვარს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება N3--, რომელიც შეეხებოდა რენტგენოლოგიურ გამოკვლევებს, რომელიც მოსარჩელეს მოპასუხესთვის უნდა მიეწოდებონა ამ უკანასკნელის მოთხოვნის შესაბამისად. ხელშეკრულების თანახმად, გამოკვლევების ღირებულება ცალკე არსებული დანართით განისაზღვრებოდა. ამასთან, ხელშეკრულება დადებული იქნა 1 წლის ვადით და შესაძლებელი იყო მისი იმავე ვადით გაგრძელება, თუკი მხარეები არ შეწყვეტდნენ მის მოქმედებას ამოწურვამდე ორი კვირით ადრე. დანართით განისაზღვრა რენტგენოლოგიური მომსახურების ფასები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე მოპასუხეს მოემსახურა აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, რის გამოც სასამართლო ვერ დააკმაყოფილებს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას მითითებულ ნაწილში.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას არის შემდეგი: მართლია ხელშეკრულებების უმრავლესობა ავტომატურ რეჟიმში გრძელდებოდა იმავე ვადით, რა ვადითაც თავად ხელშეკრულება იყო დადებული, რაც ნიშნავს, რომ იგი ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოქმედ ხელშეკრულებებად უნდა მივიჩნიოთ. შესაბამისად, მიუხედვად იმისა, თუ როდის მოხდებოდა მათი შეწყვეტა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ფაქტი, რაც შესაძლებელია ყოფილიყო მოპასუხეზე თანხის დაკისრების წინაპირობა. აღნიშნული არ ეხება ხელშეკრულებაში ისეთ შეთანხმებას, რაც გულისხმობს მომსახურების ყოველთვიურ გადახდას და რომელიც არ არის კონკრეტულ მომსახურებასა და მის რაოდენობაზე დამოკიდებული.
და ბოლოს, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე თავად მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე გადახდილია სულ 29000 ლარი, ამასთან, მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე მომსახურების გაწევის შედეგად გაქვითულია 193 300 ლარი. ამდენად, მართალია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება თუ რა მომსახურება იქნა გაწეული და რა ღირებულების იყო აღნიშნული მომსახურებები, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ის მოთხოვნა, რაც გააჩნია მოსარჩელეს მოპასუხის იმართ და რაც ამჟამად მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნით არის წარმოდგენილი, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამდენად, არ დგინდება მსოარჩელის მიერ მოაპსუხეზე მომსახურების გაწევის ფაქტი და შესაბამისად, მოპასუხეზე დავალიანების არსებობის ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2016 წლის 20 აპრილს გადახდილი თანხა 5000 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 49) უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ამასთან, მოსარჩელეს დაუბრუნდეს 2016 წლის 20 აპრილს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 ლარიდან (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში) - 100 ლარი, ხოლო დარჩენილი 50 ლარი კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (ტ.1, ს.ფ. 50).
მოპასუხის მიერ 2016 წლის 10 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 ლარიდან (სარჩელის უზრუნველყოფის საჩივრის ნაწილში) უნდა დაუბრუნდეს 100 ლარი, ხოლო დარჩენილი 50 ლარი კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (ტ.1, ს.ფ. 64).
9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აეკრძალა მოპასუხე შპს ,,ე----------------ს” (ს/ნ N4--------) ქ.თბილისი, წ-------–ის ქ. №9, ს.კ N0--------------- მდებარე უძრავი ქონების მის საკუთრებაში არსებული წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 37-ე, 39-ე, 41-ე, 53-ე, 1991, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,მ-----–- ს------–-------------–------ ც------ი, ს---------------------–----ა“-ს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ე----------------”-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე შპს ,,ე----------------ს” (ს.ნ N4--------) აკერძალა ქ.თბილისი, წ-------–ის ქ. №9, ს.კ N0--------------- მდებარე უძრავი ქონების მის საკუთრებაში არსებული წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
3. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2016 წლის 20 აპრილს გადახდილი თანხა 5000 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. მოსარჩელე შპს ,,მ-----–- ს------–-------------–------ ც------ი, ს---------------------–----ა“-ს დაუბრუნდეს 2016 წლის 20 აპრილს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 ლარიდან (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში) - 100 ლარი, ხოლო დარჩენილი 50 ლარი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. მოპასუხის შპს „ე---------------ის“ მიერ 2016 წლის 10 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 ლარიდან (სარჩელის უზრუნველყოფის საჩივრის ნაწილში) - დაუბრუნდეს 100 ლარი, ხოლო დარჩენილი 50 ლარი კი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე