გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.12.2019
საქმის ნომერი
340210117001909172
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
13.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #340210117001909172

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13.12.2019 წ. ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო ქოჩორაშვილი

მოსარჩელე - შპს ”პ----”

მოსარჩელის წარმომადგენელი - დ----------------

მოპასუხე - სსიპ ს-----------–---–-----------–------------------------------ განვითარების სააგენტო

მოპასუხის წარმომადგენელი: ნინო ორჯონიკიძე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

სსიპ ს-----------–---–-- და ს---–------- ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტოს შპს ”პ----”-ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება- 13 728,52 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს : მოპასუხესთან 2016 წლის 17 ივნისს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში მოპასუხემ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ყვარლის მუნიციპალიტეტის ყვარლის №1, სოფელ საბუეს, სოფელ გრემისა და სოფელ შილდის №1 საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ და მოსარჩელისგან მიიღო სატენდერო წინადადება 13,7285.24 ლარის სამუშაოს შესრულებაზე (დღგ-ს ჩათვლით). ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი იღებდა ვალდებულებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულება უზრუნველეყო ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში ხელშეკრულების გაფორმებიდან 55 კალენდარულ დღეში, 2016 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო სოფელ გრემის, შილდის #1 და ყვარლის #1 საჯარო სკოლებში ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში- 2016 წლის 16 ივლისის ჩათვლით.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოპასუხემ 2016 წლის 08 სექტემბერს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და მოსარჩელე დააჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ით. ვინაიდან მოპასუხე არ იხდიდა ყვარლის სკოლების რეაბილიტაციის თანხას, ხოლო მოსარჩელეს ჰქონდა სხვა ვალდებულებები, იგი იძულებული გახდა, 2017 წლის 16 მარტს გადაიხადა ჯარიმა- 13 728,52 ლარის ოდენობით. 2017 წლის 27 მარტს მოპასუხემ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები, კერძოდ 118 307.60 ლარი .

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხე, როგორც სამართალურთიერთობის მონაწილე, არაკეთილსინდისიერად მოიქცა. მან ვადაზე ადრე შეწყვიტა ხელშეკრულება და მოსარჩელე დააჯარიმა 13,727,52 ლარით, ისე, რომ არ განუსაზღვრა დამატებითი ვადა და არ მისცა ხარვეზის აღმოფხვრის საშუალება, ამიტომ მოსარჩელემ დაჯარიმების შედეგად განიცადა 13 728,52 ლარის ზიანი, რის ანაზღაურებასაც მოითხოვს მოპასუხისგან .

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სსიპ ს-----------–---–-- და ს---–------- ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ” როგორც წარმოდგენილი შესაგებელით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულება შეწყდა და მოსარჩელე დაჯარიმდა ხელშეკრულებაში მითითებული პირობების შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, ამიტომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 17 ივნისს სსიპ ს-----------–---–-- და ს---–------- ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (შემდგომ შემსყიდველი, მოპასუხე ) და შპს ,,პ----’’ს (შემდგომ მიმწოდებელი, მოსარჩელე) დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ # 3------------- ხელშეკრულება (შემდგომ ხელშეკრულება) , სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ყვარლის მუნიციპალიტეტის ყვარლის №1, სოფელ საბუეს, სოფელ გრემისა და სოფელ შილდის №1 საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (შემდგომ შესყიდვის ობიექტი)

3.1.2. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 137,285.24 ლარს (დღგ-ს ჩათვლით ) მათ შორის : 1. ყვარლის მუნიციპალიტეტის გრემის საჯარო სკოლა - 13336.64 ლარი; 2. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლა - 113, 138.39 ლარი; 3. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის საჯარო სკოლა - 6005.33 ლარი 4. ყვარლის მუნიციპალიტეტის ყვარლის №1 საჯარო სკოლა - 4804.88 ლარი;

 

3.1.3. ხელშეკრულების 1.7. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაშია 2016 წლის 17 ივნისიდან 2016 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით ;

 

3.1.4. ხელშეკრულების 1.6. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იღებდა ვალდებულებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულება უზრუნველეყო ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში ხელშეკრულების გაფორმებიდან 55 კალენდარულ დღეში - 2016 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო სოფელ გრემის, შილდის #1 და ყვარლის #1 საჯარო სკოლებში ხელშეკრულების გაფორმებიდან -30 კალენდარულ დღეში- 2016 წლის 16 ივლისის ჩათვლით.

 

3.1.5. ხელშეკრულების 12.1 პუნქტის შესაბამისად, მხარეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად ხელშეკრულებით დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესით.

 

ხელშეკრულების 12.3 პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ფარგლებში ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის დააჯარიმოს ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ით ან განუსაზღვროს დამატებითი ვადა სამუშაოს დასრულებისთვის, არაუმეტეს 5 დღისა, რა ვადაშიც მიმწოდებელი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე იხდის პირგასამტეხლოს, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 12.4 პუნქტის თანახმად, თუ შემსყიდველი დარწმუნდება, რომ სამუშაოს დასრულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შეუძლებელია, მაშინ იგი უფლებამოსილია ცალმხრივად, ვადაზე ადრე შეწყვიტოს ხელშეკრულება და დააჯარიმოს მიმწოდებელი ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით.

 

3.1.6. ხელშეკრულების 7.1. მუხლით, შესყიდვის ობიექტი ჩაითვლება მიღებულად, მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ; ხელშეკრულების 7.5 პუნქტით, შემსყიდველი ვალდებულია ოპერატიულად, წერილობითი სახით აცნობოს მიმწოდებელს საბოლოო შემოწმების შედეგები დაწუნებული მომსახურების ნაწილის (ეტაპის) და წუნდების მიზეზის მითითებით, ხოლო ხელშეკრულების 7.6 პუნქტით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, საკუთარი ხარჯით მოახდინოს შესყიდვის ობიექტის (მისი ნაწილის) მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრა.

 

3.1.7. დადგენილია, რომ მოპასუხემ, 2016 წლის 08 სექტემბერს ხელშეკრულების 12.3 და 12.4 პუნქტების შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და მოსარჩელე დააჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ით, ე.ი. 13,728.52 ლარით, რაც მიმწოდებელს ეცნობა 2016 წლის 08 სექტემბრის წერილით .

 

3.1.8. საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20/12/2016 წლის დასკვნის თანახმად, სამუშაოები შესრულდა ყვარლის მუნიციპალიტეტის გრემის საჯარო სკოლაში- 8517.06 ლარის; ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში - 99 228,97 ლარის;

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის საჯარო სკოლაში - 6072,75 ლარის და

ყვარლის მუნიციპალიტეტის ყვარლის №1 საჯარო სკოლაში - 4488,52 ლარის, სულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 118, 307.60 ლარი ;

 

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე 2017 წლის 17 მარტს შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის შედგა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელმა ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად, ფაქტობრივად შესრულებული სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება ჯამში შეადგენს 118 307.60 ლარს, რაც მოსარჩელეს არც სასამართლოში გაუხდია სადავოდ.

 

3.1.9. დადგენილია, რომ ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება- 118,307.60 ლარი მოპასუხეს მოსარჩელისთვის გადახდილი აქვს სრულად.

 

მტკიცებულებები:

-ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;

-ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20/12/2016 წლის დასკვნა;

-მიღება - ჩაბარების აქტი;

-შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, რამაც მისი 13,728.52 ლარის ოდენობით დაჯარიმება გამოიწვია, მოპასუხის, როგორც სამართალურთიერთობის მონაწილის, არაკეთილსინდისიერმა ქმედებამ გამოიწვია, ვინაიდან მოსარჩელემ აღნიშნული გარემოება ვერ დაადასტურა .

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარემ, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია ნარდობის ხელშეკრულება, სარჩელი ემყარება ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემსყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევას, რამაც მიმწოდებლის ზიანი გამოიწვია, კერძოდ, მოსარჩელის მითითებით, შემსყიდველმა არ შეასრულა ხელშეკრულების 7.5 პუნქტით გათვალისწინებული თავისი ვალდებულება , და ოპერატიულად, წერილობით არ აცნობა მიმწოდებელს საბოლოო შემოწმების შედეგები დაწუნებული მომსახურების ნაწილის (ეტაპის) და წუნდების მიზეზის მითითებით, რითაც არ მისცა საშუალება 7.6 პუნქტის შესაბამისად, საკუთარი ხარჯით მოეხდინა შესყიდვის ობიექტის (მისი ნაწილის) მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრა.

 

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის მიერ 7.5. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში , მოსარჩელე საკუთარი ხარჯით მოახდენდა შესყიდვის ობიექტის შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრას და შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ით აღარ დაჯარიმდებოდა, ამიტომ მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მისი დაჯარიმება გამოწვეულია მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით, რამაც გამოიწვია ზიანი, ამიტომ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას 13,728,52 ლარის ოდენობით .

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია მიღება-ჩაბარების აქტი, რითაც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება დასტურდება. უფრო მეტიც, მან თავადვე მიუთითა, რომ ხელშეკრულებით შესასრულებელი ვალდებულების ღირებულება შეადგენდა 137,285.24 ლარს (დღგ-ს ჩათვლით ), ხოლო ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 118, 307.60 ლარი, რაც უდავოდ მიუთითებს ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე. ხელშეკრულების 12.3 პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ფარგლებში ვერ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის დაეჯარიმებინა ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ით ან განესაზღვრა დამატებითი ვადა სამუშაოს დასრულებისთვის, არაუმეტეს 5 დღისა, რა ვადაშიც მიმწოდებელი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე იხდის პირგასამტეხლოს, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 12.4 პუნქტის თანახმად, თუ შემსყიდველი დარწმუნდებოდა, რომ სამუშაოს დასრულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შეუძლებელი იქნებოდა, მაშინ იგი უფლებამოსილი იყო ცალმხრივად, ვადაზე ადრე შეეწყვიტა ხელშეკრულება და დაეჯარიმებინა მიმწოდებელი ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა, თუმცა საბოლოოდ წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მიმწოდებელი იღებდა ვალდებულებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულება უზრუნველეყო ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში- 2016 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით, სოფელ გრემის, შილდის #1 და ყვარლის #1 საჯარო სკოლებში - 2016 წლის 16 ივლისის ჩათვლით. ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2016 წლის 17 ივნისიდან 2016 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით განისაზღვრა ;

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება 2016 წლის 08 სექტემბერს, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო და მოსარჩელე დააჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ით, ე.ი. 13,728.52 ლარით .

 

შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის შედგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ მიმწოდებლის მიერ სამუშაოები შესრულდა არაჯეროვნად, ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 118,307.60 ლარი, ამიტომ ცხადია, რომ სამუშაოს დასრულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შეუძლებელი იქნებოდა, შესაბამისად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ხელშეკრულების 12.4 პუნქტის შესაბამისად, ცალმხრივად, ვადაზე ადრე შეეწყვიტა ხელშეკრულება და დაეჯარიმებინა მიმწოდებელი ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით .

 

ზემოაღნიშნულის გარდა, მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი სსიპ ს-----------–---–-- და ს---–------- ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 10/04/2017 წლის წერილით, ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შეტყობინებებით დგინდება, რომ სააგენტოს სამშენებლო საპროექტო სამსახურის თანამშრომლების მიერ ადგილზე რამდენჯერმე განხორციელდა ინსპექტირება და მოსარჩელეს დაევალა ხარვეზების გამოსწორება. მოსარჩელემ 2016 წლის 16 ივლისის, 2016 წლის 19 ივლისის 2016 წლის 10 აგვისტოს წერილებით შემსყიდველს აცნობა ყვარლის მუნიციპალიტეტის ყვარლის №1 საჯარო სკოლაში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის , სოფელ გრემის და სოფელ საბუეს საჯარო სკოლებში სამუშაოების დასრულების შესახებ . ამავე წერილებით დგინდება, რომ შემსყიდველმა ადგილზე გასვლით განახორციელა დასრულებული სამუშაოების ინსპექტირება, დაფიქსირდა ხარვეზები, რისი გამოსწორებაც დაევალა შემსრულებელს. 19/07/2016 წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ ,,სოფელ გრემის, შილდის #1 და ყვარლის #1 საჯარო სკოლებში 18.07.2016 წელს სიტყვიერად დაფიქსირებული ყველა ხარვეზი გამოსწორებულია“ რაც უდავოდ ადასტურებს, რომ შემსყიდველი შესრულებული სამუშაოს ინსპექტირებას ახდენდა ინსპექტირების ჯგუფის მეშვეობით . აღნიშნულის მიუხედავად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით და მხარეებს შორის შედგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ შემსრულებელმა ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად, რაც ხელშეკრულების შეწყვეტის და დაჯარიმების საფუძველია , ამიტომ მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქმედება, რამაც მოსარჩელის ზიანი გამოიწვია, წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დასტურდება .

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ განჩინებაში განმარტა, რომ „კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება.

სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს. (ას-1338-1376-2014)

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არ იზიარებს, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, რის გამოც იგი დაჯარიმდა, მოპასუხის, როგორც სამართალურთიერთობის მონაწილის, არაკეთილსინდისიერმა ქმედებამ გამოიწვია, რადგან მოსარჩელემ აღნიშნული გარემოება ვერ დაადასტურა .

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი .

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

2016 წლის 17 ივნისს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არის ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ყვარლის მუნიციპალიტეტის ყვარლის №1, სოფელ საბუეს, სოფელ გრემისა და სოფელ შილდის №1 საჯარო სკოლებში უნდა ჩაეტარებინა სარეაბილიტაციო სამუშაოები, ჯამში 137 285,24 ლარის ღირებულების და დაესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ვადაში .

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, რის გამოც მოპასუხემ, 2016 წლის 08 სექტემბერს ხელშეკრულების 12.3 და 12.4 პუნქტების შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და მოსარჩელე დააჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ით, ე.ი. 13 728,52 ლარით .

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

2016 წლის 17 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების 12.3 პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ფარგლებში ვერ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის დაეჯარიმებინა ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ით ან განესაზღვრა დამატებითი ვადა სამუშაოს დასრულებისთვის, არაუმეტეს 5 დღისა, რა ვადაშიც მიმწოდებელი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე იხდის პირგასამტეხლოს, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 12.4 პუნქტის თანახმად, თუ შემსყიდველი დარწმუნდებოდა, რომ სამუშაოს დასრულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შეუძლებელი იქნებოდა, მაშინ იგი უფლებამოსილი იყო ცალმხრივად, ვადაზე ადრე შეეწყვიტა ხელშეკრულება და დაეჯარიმებინა მიმწოდებელი ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, რამაც მისი ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ით დაჯარიმება გამოიწვია, მოპასუხის არაკეთილსინდისიერმა ქმედებამ გამოიწვია, მისი მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ამიტომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს .

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი -412 ლარი რჩება ხაზინაში

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 04.05.2017 წლის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე .

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ”პ----” სარჩელი, სსიპ ს-----------–---–-- და ს---–------- ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიმართ, ზიანის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ ;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი