გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.12.2019
საქმის ნომერი
040210019003221500
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 040210019003221500

საქმე №2/70-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 დეკემბერი , 2--- წელი ცაგერი

 

შესავალი ნაწილი

 

ცაგერის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი - ბექა ვირსალაძე

 

მოსარჩელე - სს ,,ლ-------- ბ----“;

წარმომადგენელი - გ------- ჩ----–---–-

მოპასუხე - ა---------– მ---------

დ----- მ---------

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხეებს ა---------– მ---------ს, დ----- მ---------ს მოსარჩელე სს „ლ-------- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 9821,18 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე ა---------– მ--------- გამოცხადდა საქმის განხილვის მთავარ სხდომაზე, სადაც განმარტა, რომ ის სარჩელს არ ცნობდა მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2--- წლის 16 ოქტომბერს სს ,,ლ-------- ბანკსა“ და ა---------– მ---------ს შორის დაიდო N----/2---/5---- საბანკო-საკრედიტო ხელშეკრულება, კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 110-0 ლარით, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2--- წლის 25 ოქტომბრამდე, სარგებელი განისაზღვრა 22 პროცენტით, ხოლო პირგასამტეხლო 0.5 პროცენტით.

 

3.1.2. დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2--- წლის 13 ნოემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N----/2---/5----/1, რომლის მიხედვითაც დ----- მ---------მ სოლიდარულად იკისრა ვალდებულება ბ----ს წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 39981 ლარით.

 

3.1.3.დადგენილია, რომ მსესხებელს საკრედიტო ხელშეკრულების გადახდის გრაფიკის შესაბამისად ვალდებულების შესრულება უნდა დაეწყო 2--- წლის 25 ნოემბრიდან და კრედიტის სრული დაფარვა უნდა მომხდარიყო - 2--- წლის 25 ოქტომბერს, რაც მსესხებლის მიერ შესრულდა ნაწილობრივ.

 

3.1.4. დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ 2--- წლის 25 მარტიდან დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევაში, რის გამოც სს „ლ-------- ბანკმა“ 2--- წლის 09 სექტემბერს შეწყვიტა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება.

 

3.1.5.დადგენილია, რომ სს ,,ლ-------- ბ----ს“ მიერ ძირითადი მოვალისთვის წერილობითი შეტყობინება დავალიანების დაფარვის მოთხოვნით გაგზავნილია ორჯერ- 2--- წლის 0- და 0- სექტემბერს, თავდებისთვის წერილობითი შეტყობინება დავალიანების დაფარვის მოთხოვნით გაგზავნილია ორჯერ- 2--- წლის 0- და 10 სექტემბერს. ორივე შემთხვევაში მოპასუხეებს წერილობითი შეტყობინება არ ჩაბარებიათ. საფოსტო უკუგზავნილის თანახმად ადრესატი არ იმყოფებოდა მისამართზე.

 

3.1.6. მოპასუხე მხარეს დავალიანების ოდენობა სადავოდ არ გაუხდია.

 

3.1.7.დადგენილია, რომ სს ,,ლ-------- ბანკმა“ დავალიანების დაფარვის მოთხოვნით თავდები პირის მიმართ სარჩელი სასამართლოში აღძრა - 2--- წლის 02 ოქტომბერს

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საკრედიტო ხელშეკრულება, გადახდის გრაფიკი - ს.ფ. 15-22;

- თავდებობის შესახებ ხელშეკრულება - ს.ფ. 23-24;

- ცნობა დავალიანების შესახებ, ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან - 26-29;

- გაფრთხილების წერილი, საფოსტო გზავნილები - ს.ფ. 30-37;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 38-40;

- სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოთხოვნა მოპასუხის მიმართ ხანდაზმულია.

 

(სამართლებრივი შეფასებები იხილეთ გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასების ნაწილში).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ლ-------- ბ----ს“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 137-ე, 141-ე, 144-ე, 867-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი, ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მხარეებს შორის სადავო არაა, რომ სს „ლ-------- ბანკსა“ და ა---------– მ---------ს შორის 2--- წლის 16 ოქტომბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, მსესხებლის სასარგებლოდ გაიცა - 110-0 ლარი. მხარეთა შორის შეთანხმდა პროცენტისა და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების პირობა.

 

დადგენილია, რომ მსესხებელი ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას - 2--- წლის თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მსესხებელის მიერ ნაკისრი ვალდებულება დარღვეულია 2--- წლის 25 მარტიდან

 

6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

 

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ო. ს-ი და ი. ხ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2--- წლის 16 ოქტომბრის N ას-986-2--- გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ინსტიტუტი კრედიტორის უფლების იძულებით განხორციელებაზე ან დაცვაზე ზემოქმედების ძლიერი მატერიალურ-სამართლებრივი საშუალებაა, რამდენადაც, ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კვლავ განაგრძობს არსებობას, თუმცა შეუძლებელია სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებით განხორციელება.

 

ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე

 

ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ 11.0-.2012 საქმე №ას-547-515-2012)

 

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასევე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან.

 

ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1--- წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ს. და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყო.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი დააფუძნა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, კერძოდ ხელშეკრულება დადებული იყო 2--- წელის 16 ოქტომბერს და თანხის დაბრუნების ვალდებულება მას 2--- წლის 25 ოქტომბრამდე ჰქონდა, თუმცა საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოთხოვნა წარმოიშვა 2--- წლის 25 მარტს, ანუ მას შემდეგ რაც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, რაც გამოიხატა სესხის გრაფიკის დარღვევაში.

 

უდავოა, რომ სარჩელი სს ,,ლ-------- ბ----ს“ მიერ აღძრულია 2--- წელის 02 ოქტომბერს სოლიდარულად თანხის დაკისრების თაობაზე როგორც ძირითადი მოვალის, ასევე თავდები პირის მიმართ.

 

ასევე უდავოდ დადგენილია, რომ სს ,,ლ-------- ბანკს“ როგორც ძირითადი მოვალისთვის, ასევე თავდები პირისათვის წერილობითი შეტყობინებით დავალიანების დაფარვის მოთხოვნით 2--- წლის 0- სექტემბრამდე არ მიუმართავს

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია გაფრთხილების წერილები, საფოსტო უკუგზავნილებით ირკვევა რომ აღნიშნული კორესპოდენცია მოპასუხეებს არ ჩაბარებიათ მისამართზე არ ყოფნის გამო. თუმცა, თუნდაც წარმოდგენილი იყოს ჩაბარების დასტური აღნიშნული სარჩელის ხანდაზმულობის კუთხით ვითარებას ვერ შეცვლიდა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ძირითად მოვალესთან გაფორმებულ N N----/2---/5---- საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებაზე, რომლის 9-2 მუხლი ითვალისწინებს ზემოთაღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის, მოშლისა და გაუქმების წინაპირობებს, კერძოდ 9-2.3 პუნქტის თანახმად ხელშეკრულება უნდა შეწყდეს იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი ვერ გადაიხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი დაფარვის გრაფიკით დადგენილ კრედიტის ძირითადი თანხის ნებისმიერ ნაწილს ან მასზე დარიცხულ პროცენტს ან პირგასამტეხლოს თუ ასეთი გადაუხდელობა გაგრძელდება 10(ათი) სამუშაო დღის განმავლობაში და დარღვევა განმეორდება ზედიზედ ორჯერ.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევის ფაქტი ცნობილი გახდა 2--- წლის 25 მარტს, ანუ მას შემდეგ რაც ძირითადმა მოვალემ ვეღარ გადაიხადა გრაფიკით გათვალისწინებული მორიგი თანხა. ამდენად გაურკვეველია რატომ არ შეწყვიტა მოსარჩელე მხარემ საბანკო-საკრედიტო ხელშეკრულება მაშინ, როდესაც არსებობდა მოქმედების სამართლებრივი შესაძლებლობა ხელშეკრულებაშივე მითითებული პირობების საფუძველზე. დარღვეული ხელშეკრულების პირობების მოქმედებით დამატებით გაიზარდა მოპასუხე მხარისათვის სესხზე დარიცხული პროცენტის ოდენობა, რაც დასტურდება საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობით, კერძოთ ირკვევა, რომ დავალიანება დათვლილია 2--- წლის 25 მარტიდან( ხელშეკრულების პირობების დარღვევიდან) 2--- წლის 09 სექტემბრის (ხელშეკრულების შეწყვეტამდე) მდგომარეობით. ამავე პერიოდშია დაანგარიშებული სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის ოდენობა.

 

მოსარჩელე არ უარყოფს, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ა---------– მ---------ს 2--- წლის 25 ოქტომბრამდე უნდა შეესრულებინა. მოთხოვნა წარმოიშვა 2--- წლის 25 მარტს, მას შემდეგ რაც ძირითადმა მოვალემ შეწყვიტა გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნის სამწლიანი ვადა გავიდა - 2--- წელის 25 მარტს . ვინაიდან, სარჩელი აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ (2--- წელის 02 ოქტომბერი ), ამასთან, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა, სს ,,ლ-------- ბანკს“ უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ლ-------- ბ----ს“ სარჩელი მოპასუხეების ა---------– მ---------სა და დ----- მ---------ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 295(ორას ოთხმოცდათხუთმეტი ) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ცაგერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი