გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.11.2019
საქმის ნომერი
330210019003117397
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/18362-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე - ლ---- დ------–---–-

წარმომადგენელი - ი-----–- ჭ-------

მოპასუხე - შპს ,,ჰ--–-- ჯ--------’’

წარმომადგენელი - ი-----–- ა------

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 5 129.34 ლარის გადახდა.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

ლ---- დავითაშვილს (შემდგომში მოსარჩელე/დასაქმებული) და შპს ,,ნ-----–- პ--------–-–---–-- მ------–---------–---- კ-–----- დ----–---–----’’-ს შორის 2018 წლის 01 მარტს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა 625 ლარით, საოპერაციო კორო 43.75 ლარით, ხოლო სტენტი - 56.25 ლარით. მოსარჩელის განმარტებით, შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

 

სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წლის 01 სექტემბერს შპს ,,ნ-----–- პ--------–-–---–-- მ------–---------–---- კ-–----- დ----–---–----’’-მ შეიცვალა სახელწოდება და გახდა შპს ,,ჰ--–-- ჯ--------’’ (შემდგომში მოპასუხე/დამსაქმებელი). 2019 წლის 01 მარტს კი მხარეთა შორის დაიდო ახალი შრომითი ხელშეკრულება 4 თვის მოქმედების ვადით. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა დარიცხული ხელფასით - 875 ლარი, საოპერაციო კორო 43.75 ლარი, ხოლო სტენტი - 56.25 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ 2019 წლის თებერვალში დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის შედეგადაც მოპასუხეს არ აუნაზღაურებია მისთვის 6 თვის სახელფასო დავალიანება - 5 129.34 ლარის ოდენობით.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო, თუმცა არ განუხორციელებია არსებითი შედავება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოთხოვნილი სახელფასო დავალიანების ოდენობასთან მიმართებით.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 01 მარტს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, მოსარჩელეს და შპს ,,ნ-----–- პ--------–-–---–-- მტავალპროფილურ კ-–----- დ----–---–----’’-ს შორის, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე დასაქმდა კარდიოლოგიურ განყოფილებაში სუპერვაიზერის თანამდებობაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა პერიოდი 2018 წლის 01 მარტიდან 2019 წლის 28 თებერვლამდე.

 

ხელშეკრულების 4.1პუნქტის თანახმად, მოსარჩელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა დარიცხული ხელფასით - 625 ლარი, საოპერაციო კორო - 43.75 ლარი, ხოლო სტენტი - 56.25 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 14-17);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2018 წლის 01 სექტემბერს შპს ,,ნ-----–- პ--------–-–---–-- მ------–---------–---- კ-–----- დ----–---–----’’-მ შეიცვალა საფირმო სახელწოდება და გახდა შპს ,,ჰ--–-- ჯ--------’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ. 23);

- ამონაწერი (ს.ფ. 24-25);

- კრების ოქმი (ს.ფ. 26-27);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2019 წლის 01 მარტს მხარეთა შორის დაიდო ახალი შრომითი ხელშეკრულება 4 თვის მოქმედების ვადით, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე დასაქმდა კარდიოლოგიურ განყოფილებაში კარდიოლოგიის უფროსი მედდის თანამდებობაზე. ხელშეკრულების 2.8 პუნქტის თანახმად, მოსარჩელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა დარიცხული ხელფასით - 875 ლარი, საოპერაციო კორო - 43.75 ლარი, ხოლო სტენტი - 56.25 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 18-21);

- ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ასანაზღაურებელი აქვს სახელფასო დავალიანება 2019 წლის თებერვლიდან. ასანაზღაურებელი სახელფასო დავალიანების ოდენობა შეადგენს 5 129.34 ლარს.

 

წარმოდგენილია მოპასუხე კომპანიის ცნობა (ს.ფ. 22), რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება 2019 წლის თებერვლიდან 2019 წლის ივლისის ჩათვლით შეადგენს 5 129.34 ლარს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევის მსგავსად (იხ. სუსგ №ას-1183-1125-2014, 2015 წლის 13 თებერვალი; №ას-1004-965-2014, 2015 წლის 8 აპრილი; №ას-922-884-2014, 2015 წლის 16 აპრილი), მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მას მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია სახელფასო დავალიანება, ან არ გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხემ ვერ განახორციელა მასზე, როგორც დამსაქმებელზე არსებული მტკიცების ტვირთის ჯეროვანი რეალიზება და ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების არ არსებობის ფაქტი მის მიერვე გაცემული ცნობის საპირისპიროდ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, მე-6, 31-ე, 34-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ევროპის სოციალური ქარტიის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებით) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შრომის უფლების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ ეფექტიანად დაიცვან მუშაკის მიერ ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება. მაშასადამე, ქარტია განამტკიცებს დასაქმებულის უფლებას მიიღოს ანაზღაურება შრომითი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ, რაც უზრუნველყოფილია ეროვნული კანონმდებლობითაც.

 

საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას განარჩევს ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან. უპირველესად, ეს არის ურთიერთობის სუბიექტები: დამსაქმებელი და დასაქმებული, გარდა ამისა, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ამავე კოდექსის 34-ე მუხლით კი დადგენილია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

 

განსახილველ შემთხევაში უდავოა მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულების დადების და მისგან წარმოშობილი შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი, რომლის თანახმადაც განისაზღვრა მოსარჩელეთათვის ყოველთვიურად გასახდელი ხელფასის ოდენობა და გაცემის წესი. დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების დაკისრების თაობაზე და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის საფუძველზე. სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 153.88 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ლ---- დ------–---–-ს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ჰ--–-- ჯ--------’’-ს მიმართ დაკმაყოფილდეს:

 

მოპასუხე შპს ,,ჰ--–-- ჯ--------’’-ს მოსარჩელე ლ---- დ------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 5 129.34 ლარის გადახდა;

2. მოპასუხე შპს ,,ჰ--–-- ჯ--------’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 153.88 ლარის ანაზღაურება;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია