განაჩენი

სისხლის სამართლის 06.11.2019
საქმის ნომერი
330100119003000286
თარიღი
06.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2224-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი - თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მ-------------–-–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი: გ------–---–----

 

ბრალდებული - ლ-------------–---–- (პირადი #4----------) - დაბადებული 1--- წლის 2--------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, განქორწინებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული ყ-------- რაიონის სოფელ კ--------–-, მცხოვრები თბილისში, წ-----------–---–-- ქ.#----ში

 

კვალიფიკაცია და დისპოზიცია:

 

საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“, „ვ“ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი - განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის;

 

სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის;

 

111,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით;

 

სსკ-ის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2019 წლის 11 თებერვალს, ყოფილი მეუღლის - ნ------------ მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, ლ-------------–---–-ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი #------, რომლის მიხედვითაც, ლ-------------–---–- აეკრძალა მსხვერპლის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან მიახლოვება და მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. შემაკავებელი ორდერის ვადად განისაზღვრა 30 დღე.

 

2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ლ-------------–---–-, აკრძალვის მიუხედავად, მივიდა ყოფილი მეუღლის - ნ------------ სამსახურში, შპს ,,----------–---––--‘, მდებარე თბილისში, ნ-----------–-------–-- ქ.#----ს ტერიტორიაზე, რითაც კვლავ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარისთვის ნასამართლევი ლ-------------–---–-, შპს ,,----------–---–---‘ ავტოსადგომზე, მდებარე თბილისში, ნ-----------–-------–-- ქ.#----ში, დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ყელის გამოჭრით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ნ------------, რაც, ბრალდებულისგან მომავალი იმწუთიერი აგრესიისა და მისი წარსულის გათვალისწინებით, დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ლ-------------–---–-- ნ-----------, დანის მუქარით, ჩასვა მისსავე კუთვნილ ,,ტოიოტას‘‘ მარკის ავტომანქანაში (სახ.#---------) და გენდერული ნიშნით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თავში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ამასთანავე, თანნაქონი დანით მიაყენა მცირე ზომის ნაკაწრები მარცხენა ხელის არეში. ნ-----------მ მოახერხა მანქანიდან გადასვლა და გაიქცა ავტოსადგომის პირველი სართულის მიმართულებით, რა დროსაც ლ-------------–---–- ხელში მომარჯვებული დანით დაედევნა ყოფილ მეუღლეს და ავტოსადგომის პირველ და მეორე სართულებს შორის, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის დარტყმის გზით, ნ------------ მიაყენა გულმკერდის ღრუში შემავალი სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა უკანა კედელზე, თავად კი ინერციით მიეჯახა კედელს, დანა გაუვარდა ხელიდან და საშველად მომავალი ხალხის დანახვისას გაიქცა. ნ------------ სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა მხოლოდ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის შედეგად.

 

ლ-------------–---–--, ყოფილი მეუღლისთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან მისამალად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად გაიტაცა ნ------------ კუთვნილი ,,ტოიოტას‘‘ მარკის ავტომანქანა (სახ.#---------), ღირებული 14 988 ლარად, რა დროსაც მისი დანაშაულებრივი ქმედება შენიშნა, როგორც დაზარალებულმა, ისე - იქ მყოფმა პირებმა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ლ-------------–---–-- ყოფილ მეუღლეს - ნ------------ მიაკითხა სამსახურში, შპს „----------–---––--, რომელიც მდებარეობს თბილისში, ნ----–-------–-- ქ.#----ში. სამსახურის ავტოსადგომზე ლ-------------–---–-- ნ----------- აიძულა, ჩამჯდარიყო ამ უკანასკნელის კუთვნილ „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანაში, სახ.#---------. მანქანის დაძვრის შემდეგ ნ-----------მ მოახერხა გადასვლა და გაქცევა ავტოსადგომის პირველი სართულის მიმართულებით, რა დროსაც ლ-------------–---–- დანით დაედევნა მას და ავტოსადგომის პირველ და მეორე სართულებს შორის, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის დარტყმით, ნ------------ მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა გულმკერდის არეში, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში. აღნიშნულის შემდეგ იგი ინერციით მიეჯახა კედელს, დანა გაუვარდა ხელიდან და მალევე შემთხვევის ადგილი დატოვა ნ------------ კუთვნილი ავტომანქანით, სახ.#---------. ნ------------ სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის შედეგად.

 

განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი

გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულ ნ------------ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 1996 წელს დაქორწინდა ლ-------------–---–---, რომელთანაც ჰყავს ორი შვილი. ქორწინების პერიოდში ლ-------------–---–- ორჯერ იყო გასამართლებული. ბრალდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში იგი ცხოვრობდა მეუღლის ოჯახში და, როგორც ქმართან, ასევე, მისი ოჯახის წევრებთან, ჰქონდა კარგი, უკონფლიქტო ურთიერთობა. ციხიდან განთავისუფლების შემდეგ ლ-------------–---–- 3-4 წელი იმყოფებოდა საზღვარგარეთ. ამ გარემოებათა გამო, ვინაიდან ბრალდებული პრაქტიკულად არ ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, დაზარალებული ნ----------- 2016 წელს განქორწინდა მასთან, რაც გახდა მათ შორის კონფლიქტის მიზეზი, თუმცა, პარალელურად, დაზარალებულისვე განმარტებით, განქორწინების შემდგომ პერიოდშიც ლ-------------–---–- მიდიოდა ხოლმე დაზარალებულის ოჯახში, ისინი საუბრობდნენ და ერთმანეთთან არ ჰქონდათ არანაირი პრობლემა.

 

2019 წლის 10 თებერვალს, დაზარალებულის სახლში, რომელიც მდებარეობს თბილისში, წ-----------–---–-- ქუჩაზე, ლ-------------–---–-, ღობეზე გადახტომით, უნებართვოდ მივიდა დაზარალებულთან. იმ მომენტისთვის თავად ნ----------- სახლში არ იმყოფებოდა. ვინაიდან დაზარალებულის დედასთან ლ-------------–---–- ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა, კერძოდ, 2017 წელს იგი ნასამართლევი იყო სიდედრთან შელაპარაკების გამო (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) და, შესაბამისად, მისი სტუმრობა არ ესიამოვნებოდათ სახლში, უფროსმა შვილმა მოსთხოვა მას სახლიდან წასვლა. აღნიშნულის გამო, ისინი წაკამათდნენ. ლ-------------–---–-- სახლიდან წასვლისას ჩაამტვრია სადარბაზოს კარის შუშა. ხმაურზე მათთან სახლში მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი.

 

2019 წლის 11 თებერვალს, შესვენებიდან სამსახურში დაბრუნებისას, დაზარალებულს სამსახურის ავტოსადგომზე დახვდა ბრალდებული. მიუხედავად მოულოდნელობისა, მას არ შეშინებია მისი, რადგან, როგორც თავად განმარტავს, ყოფილ ქმარს მისთვის არასდროს არაფერი დაუშავებია. ლ-------------–---–-- ფეხის კვრით დაუმტვრია შუშა, რომელიც დაზარალებულს იმ მომენტში ხელში ეჭირა და ალაგებდა მანქანის საბარგულში. თან მიმართა შემდეგი სიტყვებით: „არ მელოდი? ჩემს თავს აჭერინებ?“ დაზარალებულმა სცადა აეხსნა მისთვის, რომ გამოცემული იყო მხოლოდ შემაკავებელი ორდერი, არავინ არ დაიჭერდა და თუ სურდა, გამომძიებელსაც დაურეკავდა და გაასაუბრებდა. აღნიშნულის შემდეგ ყოფილმა მეუღლემ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, უთხრა, რომ ჩამჯდარიყო მანქანაში. საუბრისას დაზარალებულმა შენიშნა, რომ ლ-------------–---–- ხელში ეჭირა დანა. სიტუაციის გასანეიტრალებლად, მან ყოფილ ქმარს შესთავაზა მანქანის თხოვება, თუმცა მან კვლავ გაუმეორა, რომ მანქანაში ჩამჯდარიყო, რა დროსაც ორჯერ ჩაარტყა თავში. დაზარალებულის განმარტებით, მას შეეშინდა და მანქანაში ჩაჯდა. მანქანაშიც, სიტუაციის განსამუხტად, დაზარალებული კვლავ ცდილობდა ქმართან საუბარს. საუბრისას ყოფილმა ქმარმა მას კიდევ ერთხელ დაარტყა, თუმცა არც მანქანასთან და არც მანქანაში ყოფნის დროს დანა არ გამოუყენებია. ლ-------------–---–-ს მოთხოვნის შესაბამისად, მან დაძრა მანქანა და უკანსვლით წავიდა. ვინაიდან მანქანის სიჩქარე ამ დროს არ იყო მაღალი, შეძლო მანქანიდან გადმოსვლა და გაქცევა. მას უკან დაედევნა ლ-------------–---–-ც. დაბლა სართულზე ჩასვლისას მან დაინახა ხალხი, რის გამოც შეჩერდა, ასევე, შენიშნა სისხლიანი დანა, რომელიც იქვე ეგდო. მას უთხრეს, რომ იყო დაჭრილი და არ ემოძრავა. კონკრეტულად დანის დარტყმა არ უგრძვნია. ლ----იც შენიშნა, სისხლიანი იდგა, როდის გაიქცა, არ ახსოვს, თუმცა შემდეგ დაინახა, რომ მისი კუთვნილი მანქანით დატოვა შემთხვევის ადგილი მაღალი სიჩქარით მიმავალმა.

 

დაზარალებული თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ დანის დარტყმის დროს მათთან სხვა არავინ იმყოფებოდა, შემდეგ მივიდა ხალხი, ლ----ი არავის შეუჩერებია. მისივე განმარტებით, გენდერის ნიშნით ქმართან პრობლემა არასდროს ჰქონია.

 

მოწმე ე--------------–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2019 წლის 11 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, ხ--–-------–-- ქუჩაზე, რა დროსაც გაიგო ქალის განწირული ყვირილის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა. დაინახა, რომ მისი შემხვედრი მიმართულებით მორბოდა ქალი, რომელსაც უკან მოსდევდა მამაკაცი, დანით ხელში. ისინი მისგან დაახლოებით იმყოფებოდნენ 5-10 მეტრის დაშორებით. მან დაუძახა, არ დაერტყა დანა. შემდეგ დაინახა, ასევე, როგორ დაჭრა მამაკაცმა ქალი, რის შემდეგაც მამაკაცი წაბორძიკდა და კედელს შეასკდა სახით. მამაკაცს ამ დროს დანა გაუვარდა ხელიდან და, როგორც მოწმე უთითებს, მან გაჰკრა დანას ფეხი და გადააგდო მოშორებით. ვინაიდან ქალბატონს ესაჭიროებოდა დახმარება, მამაკაცისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია. შემდეგ დაინახა, იგივე მამაკაცი ავტომანქანით როგორ გაიქცა.

 

2019 წლის 16 მაისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა მოწმე ე--------------–---–-- განაცხადა, რომ დანაშაულის ჩადენის დღიდან გასული იყო დიდი დრო, რის გამოც მას ზუსტად არ შეეძლო აღედგინა იმ მამაკაცის სახე, რომელმაც 2019 წლის 11 თებერვალს დანა ჩაარტყა მისთვის უცნობ ქალბატონს.

 

მოწმე ი-–----------–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2019 წლის 11 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურის ავტოსადგომზე, რომელიც მდებარეობს ხ--–-------–-- ქუჩაზე, ე.წ. „-----–--------------––--, და აპირებდა მანქანით გასვლას. ამ დროს მან შენიშნა, რომ გვერდზე მდგომი მანქანა წამოვიდა უკანსვლით და იქიდან გადმოვიდა ქალბატონი, რომელსაც დაედევნა მამაკაცი. ქალი მირბოდა და ითხოვდა შველას. თავადაც დაედევნა მათ საშველად და როცა პირველ სართულზე ჩავიდა, დაინახა, რომ ქალი იწვა დაჭრილი, რომელსაც ხალხი ეხვია გარს. იქვე იდგა მამაკაცი, სახეზე სისხლით, რომელიც ქალბატონს დაედევნა. მამაკაცი ამბობდა, რომ დაჭრილი ქალბატონი მისი მეუღლე იყო. დანაც იქვე ეგდო. შემდეგ დაბრუნდა უკან მანქანასთან, რა დროსაც გზაში, მე-2 სართულზე, შეხვდა მანქანით მიმავალი ის მამაკაცი, რომელმაც ქალბატონი დაჭრა.

 

მოწმე ა------------–-–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2019 წლის 11 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში, ხ--–-------–-- ქ.#----ში მდებარე ავტოსადგომზე, სადაც აწესრიგებდა ავტომანქანების პარკირებას. მან გაიგონა ქალის ყვირილის ხმა და დაინახა, რომ ხალხი მირბოდა ჩამოსასვლელისკენ. თვითონაც გაიქცა და როცა ადგილზე მივიდა, ნახა ქალი, რომელსაც სისხლი მოსდიოდა უკანა მხრიდან, სავარაუდოდ, ბეჭიდან. რამდენიმე მეტრში იდგა სისხლიანი მამაკაცი, რომელიც იმ მომენტში აღარ იყო აგრესიული. როგორც მას უთხრეს, იგი კედელს შეეჯახა. დაახლოებით 2-3 წუთში ეს კაცი წავიდა. მამაკაცი რომ არ გაქცეულიყო, თავადაც წავიდა გასასვლელი კარის დასაკეტად. ამისთვის დახმარება სთხოვა მეგობარსაც, თუმცა კარის დაკეტვა ვერ მოასწრო, რადგან იგივე მამაკაცი მანქანით სწრაფად ჩამოვიდა ავტოსადგომის სართულებიდან, „შლაგბაუმი“ გაანგრია და წავიდა.

 

მოწმე რ----------------–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2019 წლის 11 თებერვალს იყო მორიგე სამსახურში, ხ--–-------–-- ქ.#----ში. დაურეკა თანამშრომელმა და სთხოვა გასასვლელი კარის ჩაკეტვა, რაც ვერ მოასწრო, ვინაიდან „Toyota rav4-ის“ ფირმის მანქანამ, რომელსაც მართავდა მამაკაცი, სისხლიანი სახით, გაანგრია „შლაგბაუმი“ და დატოვა შენობის ტერიტორია.

 

მოწმე დ----------------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2019 წლის 11 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც თანამშრომელმა დაურეკა და უთხრა, რომ სამსახურის ავტოსადგომზე დაზიანებული იყო ე.წ. „შლაგბაუმი“. შენობის ქვედა სართულზე ჩასვლისას ნახა, რომ „შლაგბაუმი“ მართლაც დაზიანებული იყო. მან, ასევე, შეამჩნია, რომ ეზოში მრავლად იყვნენ პოლიციელები და ხალხიც. სიტუაციაში გარკვევის მიზნით, ადგილზე მისულმა ნახა ქალბატონი, რომელიც დაჭრილი იყო და სისხლი მოსდიოდა. სისხლის ლაქები იყო, ასევე, ირგვლივ. დაჭრის ფაქტს პირადად არ შესწრებია. როგორც მას უთხრეს, ქალბატონი დაჭრილი იყო ყოფილი მეუღლის მიერ.

 

მოწმე მ-------------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, იგი არის დაზარალებულ ნ------------ თანამშრომელი. მისთვის ცნობილი იყო, რომ ნ----- გარკვეული უკმაყოფილება ჰქონდა თავის ყოფილ ქმართან, რადგან პრაქტიკულად იგი სულ სასჯელს იხდიდა და ნ---- მარტო ზრდიდა შვილებს. სწორედ ეს გახდა მათი დაშორების მიზეზი. 2019 წლის 11 აპრილს, სამსახურში ყოფნისას, მას დაურეკა ნ-----------მ და უთხრა, რომ დაჭრა ლ-------------–---–--. მისაშველებლად ავტოსადგომზე გამოსულს ნ----- პ----ის მანქანასთან შეხვდა ლ-------------–---–-, მაგრამ რადგან ნ---- იქ არ იყო, იგი წავიდა ქვედა სართულებისკენ, სადაც ნახა ნ----------- დაჭრილი. ნ-----გან მარჯვნივ, მიწაზე, ეგდო დანაც.

 

მოწმე ნ---------------------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ისიც დაზარალებულ ნ------------ თანამშრომელია. მისთვის ცნობილი იყო, რომ ნ----- გარკვეული უკმაყოფილება ჰქონდა თავის ყოფილ ქმართან. 2018 წლის 11 თებერვალს მას დაურეკა მ-------------- და უთხრა ნ------------ დაჭრის თაობაზე. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ნახა ნ----, რომელიც დაჭრილი იწვა, იქვე ეგდო დანაც. როგორც თავად ნ-----------მ და, ასევე, იქვე მყოფმა ხალხმა უთხრა, დაზარალებულს დანა დაარტყა ყოფილმა ქმარმა ლ-------------–---–--.

 

მოწმე გ---------------–---- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მუშაობს ა----- ო---------–------- სახელობის კლინიკაში ქირურგად. 2019 წლის 11 თებერვალს საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების სამსახურმა მიიყვანა პაციენტი ნ-----------, რომელსაც პირველადი დათვალიერების დროს ხერხემლისა და გულმკერდის არეში აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. ვინაიდან პაციენტს ჰქონდა კანქვეშ მზარდი ჰემატომა, იგი პირველადი კვლევის შედეგად მოთავსდა საოპერაციო ბლოკში. ოპერაციისას, ჭრილობის გაფართოვებისა და რევიზიის შედეგად, გამოიკვეთა, რომ დაზიანებული იყო ზურგის კუნთი, ფილტვთან ერთად, ასევე, კუნთის არტერიიდან აღინიშნებოდა სისხლდენა. ოპერაციიდან მესამე დღეს პაციენტს გამოეხატა ჰაერის უკმარისობა. რენდგენოლოგიური კვლევის შედეგად, დადგინდა, რომ ნ------------ ჰაერი ჰქონდა მარცხენა პლევრის ღრუში, რის გამოც პაციენტს დასჭირდა დამატებით ქირურგიული ჩარევა. მკურნალობის შედეგად იგი რამდენიმე დღეში გაეწერა კლინიკიდან.

 

2019 წლის 11 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დ-----------------------------------–-------- განყოფილების უფროსი გამომძიებლის - ა-–----–--–------- მიერ, თბილისში, ნ----–-------–-- ქ.#----ში, ექსპერტების - ნ------–------- და ნ-----–------–---–---- მონაწილეობით, ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ოქმში აღნიშნულია, რომ შემთხვევის ადგილზე ეზოში შესასვლელია ხ--–-------–-- ქუჩის მხრიდან. ეზოში შესასვლელთან განთავსებულია „შლაგბაუმი“, დაზიანებულ მდგომარეობაში. შესასვლელიდან 30 მეტრში მდებარეობს სამსართულიანი ავტოსადგომი. სართულებს შორის გზა არის მოხვეული. პირველი სართულიდან მეორე სართულზე მიმავალ პანდუსზე, ასფალტის ზედაპირზე, აღინიშნებოდა მოწითალო ფერის მცირე ზომის ლაქა, რაც პირობითად დაინომრა #1 ობიექტად. აღნიშნულიდან მარცხენა მხარეს, ბეტონის კედელთან, ასფალტზე ნანახი იქნა ხისტარიანი დანა, გაშლილ მდგომარეობაში, დანის ტარზე და პირზე სისხლიანი ლაქებით, დანის პირზე წარწერით „S---------. დანის პირი იყო ნალესი. აღნიშნული დაინომრა #2 ობიექტად. ავტოსადგომის მე-3 სართულზე დაყრილი იყო მინის ნამსხვრევები - ობიექტი #3. იქვე იდო პოლიეთილენის პარკი - ობიექტი #4, ასევე, პოლიეთილენის მოთეთრო პარკი, მასში მოთავსებული ნივთებით (ე.წ. „შკურკებით“ და ქაღალდის რვეულით) - ობიექტი #5, პლასტმასის თეთრი ვედრო - ობიექტი #6. აღნიშნული ნივთების სიახლოვესა და ეზოში შემოსასვლელ „შლაგბაუმთან“ განთავსებული იყო სათვალთვალო ვიდეოკამერები. ექვსივე ობიექტი ამოღებულ იქნა ექსპერტების მიერ.

 

2019 წლის 12 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ბრალდებულ ლ-------------–---–-ს ჩვენების შესამოწმებლად, დ------------------------------------–-------- განყოფილების უფროსი გამომძიებლის - ა-–----–--–------- მიერ, ბრალდებულ ლ-------------–---–-ს, უფროსი დეტექტივის - ნ-----–-------------–---–--, დეტექტივ გ---------------–---–--, ინსპექტორ-გამომძიებლის - დ----------------, ექსპერტების - თ------------------–---–--- და გ---------------–---–--, მოწმე დ----------------- მონაწილეობით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ოქმის თანახმად, ბრალდებულმა ხ--–-------–-- ქ.#----ში მდებარე ავტოსადგომის მე-3 სართულზე მიუთითა ის ადგილი, სადაც შეხვდა ნ------------, დაუმსხვრია მინა და იდგა დაზარალებულის ავტომანქანა. ასევე, მანვე განმარტა, რომ აღნიშნული ადგილიდან გაიქცა დაზარალებული ქვედა სართულზე. ავტოსადგომის მე-2 და 1-ელ სართულებს შორის ბრალდებულმა მიუთითა მარჯვენა მხარეს ბეტონის კედელზე, რასთან დაკავშირებითაც განმარტა, რომ სწორედ ამ კედელს დაეჯახა სახით და დაიზიანა ხელი და სახე, როცა ნ------------ მისდევდა. კედლიდან რამდენიმე მეტრში, ასევე, მიუთითა ადგილზე, სადაც დაზარალებულს ზურგში ჩაარტყა დანა. იქვე მიუთითა ასფალტის ზედაპირზე, სადაც, მისი განმარტებით, დანა დაუვარდა დარტყმის შემდეგ. ეზოდან გამოსვლისას, ბრალდებულმა მიუთითა „შლაგბაუმზე“ და განმარტა, რომ აღნიშნულ „შლაგბაუმს“ დაეჯახა ნ------------ მანქანით.

 

2019 წლის 11 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, ა----- ო---------–------- სახელობის კლინიკაში, ექთნის თანაშემწე გ--------–---–-------- ამოღებულია ნ------------ ტანსაცმელი, კერძოდ: წითელი ფერის ქურთუკი, სისხლისმაგვარი ლაქებით, რომელსაც უკანა ზურგის მხარეს აღენიშნებოდა დაზიანება; მონაცრისფრო სვიტრი, რომელიც წინა მხრიდან, სავარაუდოდ, არის გაჭრილი და დასვრილია სისხლისმაგვარი ლაქებით; თეთრი ფერის ბრეტელებიანი მაისური, რომელიც, ასევე, გაჭრილია წინა მხრიდან და აღენიშნება სისხლისმაგვარი ლაქები; მუქი ფერის შარვალი, დასვრილ მდგომარეობაში, რომელსაც აღენიშნება სისველე; შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი; ,,iphone-ს‘‘ ფირმის შავი ფერის ქეისში მოთავსებული შავი ფერის მობილური ტელეფონი, სისხლისმაგვარი ლაქებით. ამოღებული ნივთები - ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი მოთავსდა პოლიეთილენის პარკებში და დაილუქა ცალ-ცალკე.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ბრალდებული ლ-------------–---–- დაკავებულია ყ-------- მუნიციპალიტეტის სოფელ ს---–- 2019 წლის 12 თებერვალს. დაკავებისას მას აღენიშნებოდა დაზიანებები შუბლზე, ცხვირზე, ზედა ტუჩთან და ხელის ორივე მტევანზე. დაკავებისას, პირადი ჩხრეკის საფუძველზე, ბრალდებულისგან ამოღებულია ერთი ცალი შავი ფერის „კაპიშონიანი“ დუტის ქურთუკი, მოწითალო ფერის ლაქებით; ერთი ცალი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, მოწითალო ფერის ლაქებით; ლ-------------–---–-ს სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა.

 

2019 წლის 12 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, ყ-------- მუნიციპალიტეტის სოფელ ს---–- ამოღებულია „Toyota rav4-ის“ ფირმის ავტომანქანა, სახ.#---------, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა წინა მარჯვენა მაშუქი, წინა მარჯვენა ფრთა, წინა მარჯვენა ფარი, მარჯვენა კარი, უკანა მარჯვენა ფრთა, წინა მარცხენა მაშუქი, წინა მარცხენა ფრთა, წინა ბამპერი, საქარე მინა. ამოღებული ავტომანქანა დაილუქა #27/11/4 ლუქით.

 

2019 წლის 16 თებერვლის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დ-----------------------------------–-------- განყოფილების უფროსი გამომძიებლის - ა-–----–--–------- მიერ, კინოლოგების - ლ------------–---–--- და რ------------–-–---–--, ექსპერტების - ზ---------------–---–--- და გ-------------- მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა „Toyota rav4-ის“ ფირმის შავი ფერის ავტომანქანა. ავტომანქანას ვიზუალური დათვალიერებით დაზიანებული ჰქონდა მარჯვენა მხარეს წინა და უკანა კარები, წინა ფრთა, არ ჰქონდა უკანა ხედვის სარკე; დაზიანებული იყო წინა ორივე მაშუქი, ასევე, უკანა მარჯვენა ფრთა, ე.წ. „შიტოკები“; გაბზარული ჰქონდა წინა საქარე მინა მარცხენა ზედა მხარეს. ავტომანქანიდან ამოღებულ იქნა ავტომანქანის გადამცემთა კოლოფთან აღმოჩენილი მოყავისფრო-მოწითალო ფერის ლაქები; სუნის კვალის ნიმუშები; ავტომანქანის სალონიდან - ანაწმენდები 7 ნიმუშად, მანქანის სავარძლებიდან - მიკრონაწილაკების ნიმუში, ქსოვილის ნიმუში, ავტომანქანის მარცხენა წინა კარის ზედაპირიდან - ხელის კვალის ნიმუშები. ობიექტები ამოღებულ იქნა ექსპერტების მონაწილეობით და განხორციელდა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება.

 

2019 წლის 25 თებერვლის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, 2019 წლის 25 თებერვალს შპს „ა-----------------------------------------------------“, მდებარე ხ--–-------–-- ქ.#----ში, გამოთხოვილია ამავე კომპანიის კუთვნილი სამსართულიანი ავტოსადგომის 2019 წლის 11 თებერვლის ვიდეოკამერების ჩანაწერები, 3 ფაილად, რაც განთავსდა 1 ცალ CD დისკზე და დაილუქა #27/11/4 ლუქით.

 

აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გაიხსნა და დათვალიერდა 2019 წლის 2 აპრილს დაზარალებულ ნ------------ მონაწილეობით. ოქმის თანახმად, ვიდეოფაილებში, სხვადასხვა ხედვის პერიმეტრით, კადრში ჩანს ხ--–-------–- ქ.#----ში მდებარე ავტოსადგომის მე-3 სართული:

§ პირველი ვიდეოფაილის თანახმად, 13:00 საათზე ავტოსადგომის მე-3 სართულზე კედელთან დგას მამაკაცი და ეწევა სიგარეტს, ასევე, სვამს ლუდს. ჩანაწერში 13:51:55 საათზე კადრში ჩანს ავტომანქანა ,,ტოიოტა‘‘, სახელმწიფო ნომრით R--------, შავი ფერის, რომელიც უკანა სვლით მოდის და ჩერდება. ავტომანქანის წინა მარჯვენა კარიდან სწრაფად გადმოდის მამაკაცი და გარბის ავტოსადგომის ჩასასვლელისკენ. 13:55:11 საათზე იგივე მამაკაცი ბრუნდება, ჯდება იმავე მანქანაში საიდანაც გადმოვიდა, ძრავს მანქანას და მიემართება ავტოფარეხის გასასვლელისკენ. ნ------------ განმარტებით, აღნიშნული მამაკაცი მისი ყოფილი მეუღლეა;

§ მეორე ვიდეოფაილის თანახმად, მანქანა ნელ-ნელა იწყებს მოძრაობას უკან სვლით. 13:51:56 საათზე ავტომანქანა იღება, საიდანაც სწრაფად გადმოდის წითელქურთუკიანი ქალბატონი და 13:52:00 საათზე სირბილით მიდის ავტოფარეხის გასასვლელისკენ. 13:52:03 საათზე კადრში გამოჩნდება მამაკაცი, რომელიც მისდევს აღნიშნულ ქალბატონს სირბილით. 13:52:10 საათზე ისინი გადიან სირბილით მე-3 სართულიდან, რა დროსაც მათი მიმართულებით გაიქცევა ავტომანქანა ,,მერსედეს ML-ის‘‘ მძღოლი. 13:55:00 საათზე მესამე სართულზე შემოდის მამაკაცი, რომელიც მისდევდა ქალბატონს. მამაკაცს სახე აქვს გასისხლიანებული. მამაკაცი მიდის ავტომანქანისკენ, ჯდება და მოძრაობს გასასვლელის მიმართულებით. 13:56:02 საათზე მანქანასთან მიდის ქალბატონი, რომელიც შემდეგ გასასვლელისკენ გარბის. ნ------------ განმარტებით, აღნიშნული ქალბატონი არის მ-------------, წითელქურთუკიანი ქალი არის თავად, ხოლო მამაკაცი, რომელიც მას დაედევნა, არის მისი ყოფილი მეუღლე;

§ მესამე ვიდეოფაილის შესაბამისად, 13:32:44 საათზე კადრში შორი მანძილიდან ჩანს მამაკაცი, რომელიც მოძრაობს ნ------------ ავტომანქანის წინა მხარეს. 13:46:42 საათზე ნ----------- შემოდის ავტომანქანის წინ მდებარე კარებიდან და მიდის მანქანის მარცხენა მხარეს. 13:47:41 საათზე კადრში ჩანს, რომ პ----- სირბილით მიდის კარისკენ, საიდანაც გამოვიდა. მას მისდევს ლ-------------–---–-ც. 13:48:05 საათზე ჩანს, რომ იმავე კარიდან ნ----------- მ-------–---–- მოჰყავს ძალის გამოყენებით. ნ------------ განმარტებით, მან დააპირა გაქცევა და გაიქცა ლიფტების მიმართულებით, მაგრამ ლ-------------–---–-- იგი ძალით მიიყვანა მანქანასთან, სადაც ლ----ის კატეგორიული მოთხოვნით, მუქარით და ფიზიკური ძალდატანებით, ჩაჯდა მანქანაში. 13:49:09 საათზე, ასევე, კადრში ჩანს ავტომანქანა მერსედეს ML. მანქანის გაჩერების შემდეგ მძღოლი გადმოდის მანქანიდან და მიდის წინა მარჯვენა კართან. 13:51:46 საათზე ნ------------ ავტომანქანა დაიწყებს მოძრაობას უკუსვლით. 13:51:55 საათზე მანქანის წინა მარჯვენა კარიდან სწრაფად გადმოდის ნ----------- და სირბილით მიდის გასასვლელისკენ. 13:51:59 საათზე აღნიშნული ავტომანქანიდან გადმოდის და ძირს დავარდება ლ-------------–---–-, რომელიც დგება და მისდევს ნ------------. 13:52:10 საათზე მათი მიმართულებით გაიქცევა ავტომანქანა ,,მერსედესი ML-ის‘‘ მძღოლიც. 13:54:51 საათზე გამოჩნდება ლ-------------–---–-, რომელიც ჯდება ნ------------ ავტომანქანაში. 13:56:02 საათზე კადრში, ნ------------ განმარტებით, ჩანს, ასევე, მ-------------, რომელიც წამით ჩერდება ნ------------ მანქანასთან და შემდეგ სირბილით გადის ავტოსადგომის გასასვლელისკენ. 13:56:24 საათზე ნ------------ ავტომანქანაც გადის მესამე სართულიდან გასასვლელის მიმართულებით. 13:59:59 საათზე ჩანაწერი მთავრდება.

 

2----–-–---------------–-- ამოღების ოქმის თანახმად, ა----- ო---------–------- სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის თანამშრომლის - ნ-------------–---–-- მიერ გამოძიებას წარედგინა ნ------------ სამედიცინო დოკუმენტების დედნები 46 ფურცლად და 1 ცალი CD დისკი.

 

2----–-–----------- სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, ა----- ო---------–------- სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო #---- ბარათის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ჩანაწერების თანახმად, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, მოქ. ნ----------- 2019 წლის 11 თებერვლიდან 2019 წლის 17 თებერვლის ჩათვლით კლინიკაში გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას დიაგნოზით: გულმკერდის უკანა კედლის ღია ჭრილობა, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, მარცხენამხრივი ტრავმული პნევმოთორაქსი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. მარცხენა მტევანზე აღენიშნებოდა ექსკორიაცია. დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა მარცხენამხრივი პნევმოთორაქსით განვითარებული იყო რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, ხოლო თავის ტვინის შერყევა და ექსკორიაცია - რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით.

 

ექსპერტიზის დასკვნის ავთენტიკურობა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა კ--------------–-----–---–--.

 

2----–-–----------- სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, ლ-------------–---–-, სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას, სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, ნაჭდევების, სისხლნაჟღენთების, ნაკაწრების, დაჟეჟილი და სწორკიდეებიანი ჭრილობების სახით. აღნიშნული დაზიანებანი, როგორც ცალ-ცალკე, ისე - ერთობლიობაში, განეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები და დაჟეჟილი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი, ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, სწორკიდეებიანი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

ექსპერტიზის დასკვნის ავთენტიკურობა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ქ---------------–---–--.

 

2----–-–------------------- ტრასოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, წარდგენილი ტანსაცმლიდან (ნ------------ ქურთუკი, ჯემპრი, მაისური, აზღუდი, შარვალი, წელწინდა, ერთი წყვილი ფეხსაცმელი) ქურთუკზე, უკანა მარჯვენა მხარეს, ზედა მიდამოში არსებული, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ჭრით გამოწვეული დაზიანების განვითარების შესაძლებლობა არ გამოირიცხება წარდგენილი დანით და ლოკალიზაციის არით შეესაბამება სტაციონარული პაციენტის სამედიცინო #---- ბარათის მონაცემების მიხედვით ნ------------ სხეულზე არსებულ დაზიანებას. ჯემპრს, აზღუდს, სავარაუდოდ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს განვითარებული დაზიანების ფონზე აღენიშნება დაზიანება, განვითარებული ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, რომლის კონკრეტული მახასიათებლების განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მოცემულობით დაზიანებათა გამოსახვის ხასიათიდან გამომდინარე და, შესაბამისად, წარდგენილი დანით ხსენებული დაზიანებების მიყენების შესაძლებლობის საკითხზე მსჯელობა შეუძლებელია, მაგრამ, ამასთან, დაზიანებები ლოკალიზაციის არით მოდის შესაბამისობაში ქურთუკზე არსებულ ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად ჭრით განვითარებულ დაზიანებასთან, რაც, თავის მხრივ, არ გამორიცხავს მათი ერთდროული განვითარების შესაძლებლობას და, შესაბამისად, სტაციონარული პაციენტის სამედიცინო #---- ბარათის მონაცემების მიხედვით ნ------------ სხეულზე არსებულ დაზიანებასთან შესაბამისობას. ქურთუკზე არსებული გასმით განვითარებული დაზიანების წარმომშობი ობიექტის განსაზღვრა წარმოშობის მექანიზმიდან გამომდინარე შეუძლებელია. მაისურზე, სავარაუდოდ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს განვითარებული მინუს მასალის მქონე დაზიანების გარდა, სხვა რაიმე მორფოლოგიით განსხვავებული დაზიანება გამოვლენილი არ ყოფილა. შარვლის მარცხენა ტოტზე, მუხლის შესაბამის მიდამოში, იკვეთება მყარ (ხორკლიან) ზედაპირთან კონტაქტირებისათვის დამახასიათებელი ლოკალური მონაკვეთები. წელწინდას და ერთ წყვილ ფეხსაცმელს დაზიანება არ აღენიშნება.

 

ამავე დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ნ---- ო----- მიერ დადასტურებულ იქნა დასკვნაში მითითებული გარემოებები.

 

2----–-–------------------ ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად,§ პაკეტში, წარწერით: ,,..მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი - 2 (ორ) ნიმუშად... ა/მ ,,TOYOTA‘‘ ს/ნ R-------- ა/მანქანის დათვ...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე წინა მარჯვენა სავარძლის (ობ. #1) და სიჩქარეთა გადამრთველი ბერკეტის მიმდებარედ არსებული პლასტმასის ზედაპირიდან (ობ. #2) და პაკეტში, წარწერით: ,,...1 (ერთ) ცალ სტერილურ ჩხირზე მოწითალო ლაქის ანაწმენდი ასფალტის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ანაწმენდზე (ობ. #3) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ლ-------------–---–- (ობ. #28; პაკეტი, წარწერით: ,,. ნერწყვის ნიმუში პირის ღრუდან... აღებული ბრალდებული ლ-------------- ძე მ-------–---–-...“);

§ პაკეტში, წარწერით: ,,..ანაწმენდები ჩხირებზე 7 (შვიდ) ნიმუშად... ა/მ „TOYOTA‘‘ ს/ნ R-------- ა/მანქანის დათვალიერება...‘‘ მოთავსებულ: ანაწმენდებზე საჭის ზედა რკალიდან (ობ. #4), საჭის შუა ნაწილიდან (ობ. #5), საჭის ქვედა რკალიდან (ობ. #6), საჭის ქვედა გადამრთველი ბერკეტიდან (ობ. #7) და ხელის მუხრუჭის ბერკეტიდან (ობ. #8) აღმოჩნდა ადამიანის სისხლი. ობ. #4,5,7,8-ის გენეტიკური პროფილი და ობ. #6-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ-------------–---–- (ობ. #28). ობ. #6-ის პროფილის მინორული წილი ეკუთვნის ნ------------ (ობ. #29; პაკეტი, წარწერით: ,,...1 ც ჩხირზე ნერწყვის ნიმუში ნ-----------...‘‘); ანაწმენდებზე წინა მარჯვენა კარის შიდა სახელურიდან (ობ. #9) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ-------------–---–- (ობ. #28); ანაწმენდებზე წინა მარცხენა კარის შიდა სახელურიდან (ობ. #10) გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

§ პაკეტში, წარწერით: ,,... ხის ტარიანი დანა მოწითალო ფერის ლაქებით ამოღებული ასფალტის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ დანის პირსა (ობ. #11) და ტარზე (ობ. #12) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. #11-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ნ------------ (ობ. #29), მინორული წილი ეკუთვნის ლ-------------–---–- (ობ. #28). ობ. #12-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ-------------–---–- (ობ. #28). ამავე დანის ტარზე, მოწითალო-მოყავისფრო ლაქებისაგან შედარებით თავისუფალ უბნებზე არსებული ბიომასალის (ობ. #13) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ლ-------------–---–- (ობ. #28), მინორული წილი ეკუთვნის ნ------------ (ობ. #29);

§ პაკეტში, წარწერით: ,,...1 (ერთი) ც. გასაღები... ა/მ. ,,TOYOTA“ ს/ნ R-------- არსებული ბიომასალის (ობ. #14) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ-------------–---–- (ობ. #28);

§ პაკეტში, წარწერით: ,,..ლ-------------–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ქურთუკი‘‘ მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები (ობ. #15-17) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. #15-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ლ-------------–---–- (ობ. #28), მინორული წილი ეკუთვნის ნ------------ (ობ. #29). ობ. #16,17-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ-------------–---–- (ობ. #28);

§ პაკეტში წარწერით: ,,...ლ-------------–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული შარვალი...‘‘ მოთავსებულ შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. #18,19) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ლ-------------–---–- (ობ. #28);

§ პაკეტში, წარწერით: ,,...ნ------------ ტანსაცმელი...“ მოთავსებულ შარვალზე (ობ. #20), ე.წ. კოლგოტზე (ობ. #21), ჯემპრზე (ობ. #22), ქურთუკზე (ობ. #23), მაისურზე (ობ. #24), აზღუდსა (ობ. #25) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ. #26,27) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. #20-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ნ------------ (ობ. #29), მინორული წილი ეკუთვნის ლ-------------–---–- (ობ. #28). ობ. #21-27-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------------ (ობ. #29).

 

ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის 2----–-–------------------ #--------- დასკვნის სისწორე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის - ნ--------–------ ჩვენებით.

 

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტიკურობა დადასტურებულია სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ, კერძოდ, მოწმეების: ა-–----–--–-------, ლ-–----------, ა-–------------------–-------, ნ-----–-------------–---–--, გ---------------–---–--, დ----------------, თ------------------–---–--, გ---------------–---–-- ჩვენებებით, ასევე, მოწმეების: გ-----------------–----- და ნ-------------–---–-- ჩვენებებით.

 

საქმის არსებითად განხილვისას დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი რიგი მტკიცებულებები, მათ შორის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ნ------------ მონაწილეობით; ნ------------ ხელწერილისა და ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმი; ც-–------------, ი-------------–----, გ--------–---–------ და დ----------------- გამოკითხვის ოქმები; ლ-------------–---–-ს ნერწყვისა და სუნის კვალის ნიმუშის აღების ოქმი, რაც, ზემოთ განხილულ მოწმეთა ჩვენებებთან და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის, ვიდეოჩანაწერთან ერთობლიობაში, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს ბრალდებულის მიერ დაზარალებულთან მიმართებით განხორციელებული სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედების დასადასტურებლად. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასდება საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ-------------–---–-- 2019 წლის 11 თებერვალს ჩაიდინა ყოფილი მეუღლის - ნ------------ განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი). რაც შეეხება ლ-------------–---–-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას - განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილს გენდერის ნიშნით და არაერთგზის (სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი), უნდა ამოერიცხოს, ვინაიდან ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა ლ-------------–---–-ს ბრალეულობა აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც წარმოდგენილი დასკვნები, როგორც მტკიცების ცალკეულ საგანთან მიმართებით, ასევე, მთლიანად, პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე, გამომდინარეობს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებებს.

 

პარალელურად, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვან ასპექტზე, უდანაშაულობის პრეზუმფციაზე და მიუთითებს, რომ იგი დაიძლევა იმ მოცემულობით, როცა პირის ბრალეულობა დამტკიცდება. ამასთან, ბრალეულობა უნდა დამტკიცდეს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ და მისი მტკიცების ტვირთი, სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს, ბრალდების მხარესაა (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლი). ამასთან, ასეთი მტკიცება შესაძლებელია, თუ არსებობს საკმარისად მყარი, მკაფიო და თანხვედრი ვარაუდები, ან მსგავსი გაუბათილებელი პრეზუმფციები ფაქტებთან დაკავშირებით (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia, ECHR, #39630/09, §151, 13.12.2012, Hassan v The UK, , ECHR, #29750/09, §48, 16.09.2014). ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).

 

საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“, „ვ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ბრალდების ნაწილში სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:

 

ადამიანის უფლება სიცოცხლეზე წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დაცულ, უმნიშვნელოვანეს და ფუნდამენტურ ღირებულებას დემოკრატიული საზოგადოებისათვის. სიცოცხლის უფლების დაცვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი ხელყოფისაკენ მიმართული დანაშაული განსაკუთრებულ პრევენციას და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს სიცოცხლის უფლება კონკრეტული სისხლის სამართლის კანონმდებლობის შექმნით, ხოლო უფლების ხელყოფის შემთხვევაში - ეფექტიანი გამოძიების ჩატარება, რომელსაც ექნება პირის წინააღმდეგ მიმართული ხელყოფის შემაკავებელი ძალა და დაეყრდნობა დარღვევათა პრევენციის, აღკვეთისა და დასჯის მექანიზმს (Karagiannopoulos c. Greece, no 27850/03, §53, 2007). ამგვარ მოცემულობაში საგამოძიებო მოქმედებები უნდა იყოს სიღრმისეული, მიუკერძოებელი და ყურადღებიანი (McCann et autres c. Royaume-Uni, 27 septembre 1995, §§ 161-163).

 

განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ბრალდების ფარგლებში, სასამართლო აღნიშნავს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლზე, რაც სიცოცხლის უფლების ხელყოფის, კერძოდ, განზრახ მკვლელობის დასჯადობას ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებათა არსებობისას. სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარი დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების მიზნებისთვის აუცილებელია, დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით, ჩაიდინოს მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (განსახილველ შემთხვევაში: გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის), რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ა.შ. პარალელურად, არსებული ბრალდების კვალიფიკაციიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ელ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. შესაბამისად, დანაშაულის მცდელობისას დასჯადობის წინაპირობას წარმოადგენს: 1. დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; 2. დანაშაულის შემადგენლობის უშუალოდ დაწყება, რა დროსაც სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს რეალურად საფრთხე ემუქრება; 3. მოსალოდნელი შედეგის არარსებობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებულ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა განიზრახა დაზარალებულის მკვლელობა შურისძიების მოტივით და, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით, მიაყენა სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანება ყოფილ მეუღლეს, რომლის გადარჩენა მოხერხდა მხოლოდ დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის თაობაზე და ამგვარი დასკვნის საფუძვლად მიუთითებს შემდეგ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე:

 

ბრალდებულის განაწყენება დაზარალებულზე განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ, ბრალდებულის აზრით, ნ-----------მ 2019 წლის 10 თებერვლის შემთხვევის შესახებ აცნობა პოლიციას. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივს სწორედ მითითებული გარემოება წარმოადგენდა. კერძოდ, როგორც დაზარალებულის ჩვენებით, ც-–------------ გამოკითხვის ოქმით (უდავოდ ცნობილი მტკიცებულება), ასევე, საქმეზე წარმოდგენილი 2019 წლის 11 თებერვლის შემაკავებელი ორდერებით დასტურდება, რომ 2019 წლის 10 თებერვალს ბრალდებული უნებართვოდ მივიდა დაზარალებულთან სახლში, რასაც შედეგად მოჰყვა მისი კონფლიქტი შვილთან. ვინაიდან ბრალდებულმა ჩათვალა, რომ არსებული უთანხმოების თაობაზე დაზარალებულმა შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოს, მან მეორე დღეს, 2019 წლის 11 თებერვალს, სამსახურში მიაკითხა დაზარალებულ ნ------------ და შეხვედრისთანავე მიმართა შემდეგი სიტყვებით: „ჩემს თავს აჭერინებ?“ ბრალდებულის და დაზარალებულის შეხვედრის ფაქტი ავტოსადგომის მე-3 სართულზე უტყუარად დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით: შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით, დაზარალებულის ჩვენებით, მოწმე ი-–----------–---–-- ჩვენებით, დაზარალებულისა და ბრალდებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით.

 

თავდაპირველად ბრალდებულმა დაზარალებული, მუქარითა და ძალადობრივი გზით, აიძულა, ჩამჯდარიყო მისსავე კუთვნილ ავტომანქანაში, საიდანაც ნ-----------მ შეძლო გაქცევა. მას უკან დაედევნა ლ-------------–---–-. დაზარალებულის ჩვენების თანახმად, ავტოსადგომის მე-3 სართულზე შეხვედრისთანავე ყოფილმა მეუღლემ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ორჯერ ჩაარტყა თავში და აიძულა, რომ ჩამჯდარიყო მანქანაში. მანქანაში მას კიდევ ერთხელ დაარტყა ხელი ბრალდებულმა. ბრალდებულს თან ჰქონდა დანა, რომელიც იმ მომენტისთვის უბრალოდ ხელში ეჭირა. დაზარალებულმა, ასევე, აღნიშნა, რომ ვინაიდან შეეშინდა, მოახერხა მანქანიდან გადმოსვლა და გაქცევა, რა დროსაც მას უკან დაედევნა ბრალდებული. მითითებულ გარემოებათა უტყუარობა დასტურდება შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით, დაზარალებულისა და ბრალდებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, მოწმე ი-–----------–---–-- ჩვენებით, რომელმაც დაინახა, თუ როგორ გადმოვიდა მანქანიდან ქალბატონი, რომელიც შველას ითხოვდა და გარბოდა, ხოლო მას უკან მისდევდა მამაკაცი, იგივე ქალბატონი მან მოგვიანებით ნახა შენობის პირველ სართულზე დაჭრილი, ხოლო მამაკაცი, სისხლიანი სახით, იქვე მყოფი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც დაზარალებულის, ასევე, ბრალდებულის ქცევა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებული რეალურად აღიქვამდა ბრალდებულისგან მომდინარე სიცოცხლისათვის მოსალოდნელ საფრთხეს. იგი სწორედ ამ მიზნით გაიქცა და ითხოვდა შველას, ხოლო, თავის მხრივ, ბრალდებულის ქცევაც, უკან სწრაფად დადევნების ფაქტი, მიანიშნებს ამგვარი მოცემულობის რეალურობაზე და ბრალდებულის მიზანმიმართულ სურვილზე, ზიანი მიეყენებინა დაზარალებულისთვის.

 

ავტოსადგომის პირველ სართულზე ბრალდებული დაეწია დაზარალებულს და დანით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შემდეგაც ინერციით შეეჯახა კედელს და ხელიდან გაუვარდა დანა. მალევე დაზარალებულთან საშველად მივიდნენ ადამიანები, ამის შემდეგ ბრალდებულმა დატოვა შემთხვევის ადგილი, ავიდა მე-3 სართულზე, სადაც იდგა ნ------------ კუთვნილი ავტომანქანა და აღნიშნული ავტომანქანით სწრაფად დატოვა იქაურობა. დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად. სასამართლო აღნიშნულ გარემოებებს დადასტურებულად მიიჩნევს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე:

 

სასამართლო მიუთითებს დაზარალებულ ნ------------ ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც იგი აღწერს, რომ დაბლა სართულზე ჩასვლისას მან დაინახა ხალხი, რის გამოც შეჩერდა. ასევე, შეამჩნია სისხლიანი დანა, რომელიც იქვე ეგდო. მას უთხრეს, რომ იყო დაჭრილი და არ ემოძრავა. კონკრეტულად დანის დარტყმა არ უგრძვნია. ასევე, შენიშნა ლ----იც, რომელიც სისხლიანი იდგა, როდის გაიქცა, არ ახსოვს, თუმცა შემდეგ დაინახა, რომ მისი კუთვნილი მანქანით დატოვა შემთხვევის ადგილი მაღალი სიჩქარით მიმავალმა.

 

დაზარალებულის დაჭრის ფაქტს შეესწრო, ასევე, მოწმე ე--------------–---–-. იგი სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, რომ დაინახა, როგორ მირბოდა მისი შემხვედრი მიმართულებით ქალი, რომელსაც უკან მოსდევდა მამაკაცი. ისინი მისგან დაახლოებით 5-10 მეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ. მან დაინახა, ასევე, როგორ დაარტყა მამაკაცმა ქალს დანა, რის შემდეგაც მამაკაცი წაბორძიკდა და კედელს შეასკდა პირისახით. მოწმის განმარტებით, ამ დროს მამაკაცს ხელიდან გაუვარდა დანა, რომელსაც პირადად მან გაჰკრა ფეხი და გადააგდო მოშორებით.

 

აღნიშნულთან მიმართებით დაცვის მხარე აპელირებს, რომ, თითქოს, მოწმე ე--------------–---–- არ შეეძლო დანის დარტყმის ფაქტის დანახვა, ვინაიდან დაზარალებული მირბოდა რა მისი შემხვედრი მიმართულებით, იგი სხეულით დაფარავდა ბრალდებულს. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის ამ არგუმენტაციას, რამდენადაც მოწმემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში კატეგორიულად განმარტა, რომ ის ხედავდა, თუ როგორ მოსდევდა დაზარალებულს უკნიდან ბრალდებული და ვინაიდან მას დანა ეჭირა ხელში, დაუძახა კიდეც, არ დაერტყა დაზარალებულისთვის. ამ დროს მოწმესა და დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის დაშორება დაახლოებით 5-10 მეტრია. მოწმის განმარტებითვე, შემდეგ დაჭრილი დაზარალებული დაეცა, ხოლო ბრალდებულს ხელიდან გაუვარდა სისხლიანი დანა, მათთან ახლოს კი ამ დროს სხვა პირი არ იმყოფებოდა. შესაბამისად, სასამართლოს არ აქვს საფუძველი, ამგვარ გარემოებათა თანხვედრის პირობებში, ეჭვი შეიტანოს მოწმის ჩვენებაში, მაშინ, როდესაც მოწმის მხრიდან ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის დაინტერესება არ იკვეთება.

 

დაცვის მხარე, ასევე, აპელირებს იმ გარემოებაზეც, რომ მოწმე ე--------------–---–-- შემდეგში ვერ ამოიცნო ბრალდებული, შესაბამისად, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. საკითხის სიცხადისთვის სასამართლო დააზუსტებს იმ გარემოებას, რომ, მოწმის განცხადებით, ამოცნობისას (2019 წლის 16 მაისს) დანაშაულის ჩადენის დღიდან გასული იყო დიდი დრო, რის გამოც მას ზუსტად არ შეეძლო აღედგინა იმ მამაკაცის სახე, რომელმაც 2019 წლის 11 თებერვალს დანა ჩაარტყა მისთვის უცნობ ქალბატონს. მითითებული გარემოება შეიძლება არსებითი არგუმენტი ყოფილიყო იმგვარი შემთხვევისათვის, როცა გარემოებათა საეჭვოობა ვერ იქნებოდა გაბათილებული სხვაგვარი მტკიცებულებებით, თუმცა განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარი მოცემულობა არ იკვეთება. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად ადასტურებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას და აღნიშნულზე სასამართლო ქვემოთ მოყვანილ მსჯელობაში დეტალურად მიუთითებს.

 

შემთხვევის ადგილზე დაჭრილი დაზარალებული და, ასევე, ბრალდებული, სისხლით სახეზე, ნახა მოწმე ა------------–-–---–--–. ასევე, დაჭრილი დაზარალებული ნახეს მოწმეებმა - დ-----------------, მ-------------- და ნ----------------------. მოწმე მ-------------- სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მას დაურეკა დაზარალებულმა და უთხრა, რომ დაჭრა მისმა ყოფილმა ქმარმა, ხოლო ავტოსადგომის მესამე სართულზე მან ნახა კიდეც ლ-------------–---–-, რომელსაც სახე სისხლით ჰქონდა დასვრილი. მოწმე რ----------------–---–-- ჩვენების თანახმად, მან დაინახა ,,Toyota rav4-ის‘‘ ფირმის მანქანამ, რომელსაც მართავდა მამაკაცი, სისხლიანი სახით, როგორ გაანგრია ე.წ. ,,შლაგბაუმი‘‘ და დატოვა შენობის ტერიტორია. მოგვიანებით აღნიშნული ავტომანქანით დაკავებულ იქნა ბრალდებული ლ-------------–---–-.

 

მოწმეთა ზემოაღნიშნული ჩვენებები, ასევე, თანხვედრაშია საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებთან, რომლებიც ჩატარდა დაზარალებულისა და ბრალდებულის მონაწილეობით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ავტოსადგომის პირველი სართულიდან მეორე სართულზე მიმავალ პანდუსზე, ასფალტის ზედაპირზე, აღინიშნებოდა მოწითალო ფერის მცირე ზომის ლაქა, ხოლო აღნიშნულიდან მარცხენა მხარეს, ბეტონის კედელთან, ასფალტზე ნანახი იქნა ხისტარიანი დანა, გაშლილ მდგომარეობაში, სისხლიანი ლაქებით. სწორედ აღნიშნულ ადგილზე მიუთითეს დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების თანახმად, დაზარალებულმა და ბრალდებულმა.

 

ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად:

1. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დანის პირსა და ტარზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ნ------------, მინორული წილი ეკუთვნის ლ-------------–---–-. ამავე დანის ტარზე მოწითალო-მოყავისფრო ლაქებისაგან შედარებით თავისუფალ უბნებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ლ-------------–---–-, მინორული წილი ეკუთვნის ნ------------;

2. 2019 წლის 11 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, ა----- ო---------–------- სახელობის კლინიკაში ამოღებულ დაზარალებულის კუთვნილ ნივთებზე, კერძოდ: შარვალზე, ე.წ. კოლგოტზე, ჯემპრზე, ქურთუკზე, მაისურზე, აზღუდსა და წყვილ ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. შარვალზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ნ------------, მინორული წილი ეკუთვნის ლ-------------–---–-. დანარჩენი ობიექტების გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------------;

3. დაკავებისას ლ-------------–---–-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ ნივთებზე, კერძოდ, ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები (ობ. #15-17) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. #15-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ლ-------------–---–-, მინორული წილი ეკუთვნის ნ------------. ობ. #16,17-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ-------------–---–-.

 

საყურადღებო მტკიცებულებას წარმოადგენს, ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლითაც დასტურდება მოწმე ე--------------–---–-- ჩვენება იმ ნაწილში, რომ დაჭრის შემდეგ ლ-------------–---–- შეეჯახა კედელს და მიიღო დაზიანება. კერძოდ, დასკვნის თანახმად, ლ-------------–---–-, სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას, სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებანი, რაც, როგორც ცალ-ცალკე, ისე - ერთობლიობაში, განეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები და დაჟეჟილი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის, ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი, ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო სწორკიდეებიანი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად.

 

ის ფაქტი, რომ ნამდვილად სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება ჰქონდა დაჭრის შედეგად მიყენებული დაზარალებულს, დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით, რომლის თანახმადაც, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ნ----------- 2019 წლის 11 თებერვლიდან 2019 წლის 17 თებერვლის ჩათვლით კლინიკაში გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას დიაგნოზით: გულმკერდის უკანა კედლის ღია ჭრილობა შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში. მარცხენამხრივი ტრავმული პნევმოთორაქსი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. მარცხენა მტევანზე - ექსკორიაცია. დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა, მარცხენამხრივი პნევმოთორაქსით, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, ხოლო თავის ტვინის შერყევა და ექსკორიაცია - რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით.

 

დაცვის მხარე სადავოდ ხდის ექსპერტიზის დასკვნას, კერძოდ, ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხს და აღნიშნავს, რომ პნევმოთორაქსი განვითარებული იყო არა უშუალოდ დაჭრის შედეგად, არამედ იგი წარმოადგენდა ექიმის სამედიცინო შეცდომით გამოწვეულ შედეგს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მკვლელობის განზრახვის დასადგენად სასამართლო მხედველობაში იღებს არა მხოლოდ დაზიანების ხარისხს, არამედ - დაზიანების ლოკალიზაციასაც, ვინაიდან, რიგ შემთხვევაში, დაუმთავრებელი დანაშაულის პირობებში, შესაძლოა, საერთოდაც არ იყოს სახეზე დაზიანება, მაგრამ მოსალოდნელი დაზიანების ლოკაციის განსაზღვრის პირობებში დადასტურდეს პირის განზრახვა. კონკრეტულ შემთხვევაში კი დაფიქსირებულია გულმკერდის უკანა კედლის ღია ჭრილობა, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში.

 

ასევე, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დასკვნაში მითითებულია არა ზოგადად პნევმოთარაქსი, არამედ - ტრავმული პნევმოთორაქსი, რაც, როგორც სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა განმარტა, ვითარდება გულმკერდის ღრუს ღია ან დახურული ტრავმის შედეგად, რა დროსაც ჰაერმა პლევრის ღრუში შეიძლება შეაღწიოს ფილტვის გახეული ქსოვილიდან ან გულმკერდის ფიცრის დეფექტიდან. შესაბამისად, მტკიცება იმისა, რომ ამგვარი შედეგი არ შეეძლო გამოეწვია ღია ჭრილობას, შემავალს მარცხენა პლევრის ღრუში, რაც დაზარალებულს მიაყენა ბრალდებულმა, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია.

 

სასამართლო კატეგორიულად გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას ბრალდებულის მიერ დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე სამსჯელოდ სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ დაჭრის შემდეგ ბრალდებულმა თავადაც მიიღო დაზიანება, შეეჯახა კედელს და დანა გაუვარდა ხელიდან. მოცემული ფაქტორი ამცირებდა მისი მხრიდან განმეორებით დანის დარტყმის შესაძლებლობას, მით უფრო, იმ პირობებში, რომ შემთხვევიდან დაახლოებით 5-10 მეტრში უკვე იმყოფებოდა ხალხი, რაზეც დაზარალებულიც უთითებს თავის ჩვენებაში, ერთ-ერთი მათგანი კი საშველადაც მირბოდა.

 

დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ პირმა საკუთარი ნებით, ხელშემშლელი ფაქტორების გარეშე, შეწყვიტოს დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება, რაც არსებული მოცემულობით არ დასტურდება. ამასთან, სასამართლოს არ გააჩნია არც იმგვარი ვარაუდის საფუძველი, რომ ბრალდებულმა უარი თქვა დანაშაულის შემადგენლობის განხორციელებაზე. კერძოდ, სასამართლო ვერ გამორიცხავს იმ შესაძლებლობას, რომ დაზიანების ლოკაცია, მრავლობითი ჭრილობის მიყენების გარეშეც, ბრალდებულისთვის საკმარისი ყოფილიყო სასურველი შედეგის მისაღწევად.

 

ქმედების კვალიფიკაციისას, შეცდომის გამოსარიცხად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის (ანუ განზრახვის) მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილება #227აპ-16, 29.09.16).

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს ლ-------------–---–-ს მიერ ქმედების პირდაპირი განზრახვით ჩადენას, რადგან მას ჰქონდა კონკრეტული მოტივი, თუ რატომ სურდა სიცოცხლის მოსპობა დაზარალებულისთვის, ხოლო ბრალდებულის ქცევა, კერძოდ, ძალადობრივი ქმედებით დაზარალებულის მანქანაში ჩასმა, ხოლო გაქცევის შემდეგ - დადევნება, მიყენებული ჭრილობის ხარისხი და ლოკაცია მიუთითებს და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იგი ითვალისწინებდა და სურდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის გარდაუვალობა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ დადგა.

 

განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე-1443, 149--1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ლ-------------–---–- და ნ----------- არიან განქორწინებული მეუღლეები.

 

ვინაიდან ლ-------------–---–-ს მიერ დანაშაული - განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილია ყოფილი მეუღლის - ნ------------ მიმართ, საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის მიზნებისათვის კი ყოფილი მეუღლე ითვლება ოჯახის წევრად, მისი ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ‘‘ ქვეპუნქტით.

 

განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით

 

სასამართლო, გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, დადასტურებულად ვერ მიიჩნევს ლ-------------–---–-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენასთან მიმართებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზარალებულ ნ------------ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, იგი ლ-------------–---–--- დაქორწინდა 1996 წელს და ჰყავთ 2 შვილი. ქორწინების პერიოდში ბრალდებული რამდენჯერმე იყო გასამართლებული. ციხიდან განთავისუფლების შემდეგ ლ-------------–---–- 3-4 წელი იმყოფებოდა საზღვარგარეთ. იგი ამ პერიოდში ცხოვრობდა ქმრის ოჯახში და, როგორც ქმართან, ასევე, მისი ოჯახის წევრებთან ჰქონდა კარგი, უკონფლიქტო ურთიერთობა. დაზარალებული ნ----------- ლ-------------–---–---- განქორწინდა 2016 წელს, განქორწინების მიზეზი კი იყო ის გარემოება, რომ ლ-------------–---–- ოჯახთან ერთად პრაქტიკულად არ ცხოვრობდა. შემდგოში განქორწინების ფაქტი გახდა მათ შორის კონფლიქტის მიზეზი, თუმცა, დაზარალებულის განმარტებით, განქორწინების შემდგომაც ლ-------------–---–- მიდიოდა ხოლმე დაზარალებულის ოჯახში, ისინი საუბრობდნენ და ერთმანეთთან არ ჰქონდათ არანაირი პრობლემა, მათ შორის არასდროს ყოფილა უთანხმოება და შევიწროება გენდერის ნიშნით.

 

დაზარალებულის ჩვენებით, მოწმე ც-–------------ გამოკითხვის ოქმით (რაც უდავო მტკიცებულებას წარმოადგენს) და 2019 წლის 11 თებერვლის შემაკავებელი ორდერებით დასტურდება, რომ 2019 წლის 10 თებერვალს ბრალდებული უნებართვოდ მივიდა დაზარალებულთან სახლში, რასაც შედეგად მოჰყვა მისი შვილთან კონფლიქტი. მეორე დღეს, 2019 წლის 11 თებერვალს, ბრალდებულმა სამსახურში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს და, დაზარალებულის ჩვენების თანახმად, შეხვედრისთანავე მიმართა შემდეგი სიტყვებით: „ჩემს თავს აჭერინებ?“ რაც შეეხება ბრალდებულის მიერ დაზარალებულის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტობრივ გარემოებებს და მტკიცებულებებს, ზემოთ განვითარებულ მსჯელობაში ვრცლად არის განხილული, რის გამოც სასამართლო აღნიშნულზე დამატებით აღარ მიუთითებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გენდერის ნიშნით მკვლელობის დროს მთავარი, ქმედების განმსაზღვრელი მოტივი მსხვერპლის გენდერული კუთვნილებაა. შესაბამისად, დამნაშავის სპეციალური მიზანი და სურვილი სწორედ ამ ნიშნით, გენდერული იდენტობით, მკვლელობის განხორციელებაა. ამასთან, ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია, იგი გაიმიჯნოს სხვა პირადი მოტივებისგან (შურისძიების, ეჭვიანობის და ა.შ.), ვინაიდან რიგ შემთხვევაში ამგვარი მოტივების არსებობა მთლიანად გამორიცხავს გენდერის ნიშანს.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. ,,სტამბულის კონვენცია“, რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით) კონვენციის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა, და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში; ამავე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, „ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით“ გულისხმობს ქალის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას იმის გამო, რომ ის ქალია ან რომელიც არათანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარე ვერ ადასტურებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იმ მოცემულობას, რომ მკვლელობა სწორედ გენდერის ნიშნით განხორციელდა. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ, მიუხედავად სხვა წინააღმდეგობრივი მტკიცებულებების არსებობისა, დაზარალებული უარყოფს მასსა და ბრალდებულს შორის გენდერის ნიშნით კონფლიქტს. პარალელურად კი, საქმეში გამოკვეთილია შურისძიების მოტივი და ბრალდებულის განაწყენება იმ ფაქტით, რომ, მისი აზრით, დაზარალებულმა შეატყობინა პოლიციას 2019 წლის 10 თებერვალს მეუღლის ბინაში მისვლისა და შვილთან მომხდარი კონფლიქტის შესახებ.

 

დანაშაულის დამამძიმებელი ნიშნით კვალიფიკაციის დროს აუცილებელია დადგინდეს, რომ პირს შეცნობილი ჰქონდა ამგვარი მაკვალიფიცირებელი ნიშანი და აღნიშნულს მოიცავდა მისი განზრახვა. მოცემულ შემთხვევაში კი, დანაშაულის ჩადენისას ბრალდებულის კონკრეტული დამოკიდებულება დაზარალებულისადმი არ გულისხმობს ქალის განზრახ მკვლელობის სურვილს, იმის გამო, რომ იგი ქალია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ-------------–---–- წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს განზრახ მკვლელობის მაკვალიფიცირებელი ნიშანი გენდერის კუთხით, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“ პუნქტით.

 

განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.

 

ამავე კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1261, 137-ე-139-ე, 141-ე, 143-ე და 144-ე-1443 მუხლებით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ კოდექსის 1261 მუხლით ან რომელიმე სხვა ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის განაჩენით ლ-------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. ლ-------------–---–-- სასჯელის მოხდა დაასრულა 2018 წლის 18 ოქტომბერს.

 

მართალია, ლ-------------–---–-, სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზემოთ მითითებული განაჩენის საფუძველზე, ნასამართლობა გაქარწყლებული არ აქვს, თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევია სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელსაც არ მოიცავს ზემოთ მითითებული სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნა.

 

სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ ლ-------------–---–- არ წარმოადგენს განზრახი მკვლელობისათვის ნასამართლობის სტატუსის მქონე პირს. შესაბამისად, მის მიმართ ვერ იქნება გავრცელებული ვერც საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტი და ვერც სსკ-ის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილი დანაშულის არაერთგზის ჩადენილად მიჩნევისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ლ-------------–---–- წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს განზრახ მკვლელობის მაკვალიფიცირებელი ნიშანი - არაერთგზისობა, როგორც არასწორად წარდგენილი.

 

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ

ოჯახის სხვა წევრის მიმართ

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულ ნ------------ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2019 წლის 11 აპრილს, შესვენებიდან სამსახურში დაბრუნებისას, ხ--–-------–-- ქუჩაზე მდებარე სამსახურის ავტოსადგომზე, დახვდა ყოფილი მეუღლე - ლ-------------–---–-, რომელმაც ფეხის კვრით დაუმტვრია შუშა, რომელიც დაზარალებულს იმ მომენტში ხელში ეჭირა და ალაგებდა მანქანის საბარგულში. თან მიმართა შემდეგი სიტყვებით: ,,არ მელოდი? ჩემს თავს აჭერინებ?‘‘ დაზარალებულმა სცადა, აეხსნა მისთვის, რომ გამოცემული იყო მხოლოდ შემაკავებელი ორდერი, არავინ დაიჭერდა და თუ სურდა, გამომძიებელსაც დაურეკავდა და გაასაუბრებდა. ყოფილმა მეუღლემ მას აღნიშნულის შემდეგ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ორჯერ ჩაარტყა ხელი თავში და აიძულა, მანქანაში ჩამჯდარიყო. საუბრისას დაზარალებულმა შენიშნა, რომ ლ-------------–---–- ხელში ჰქონდა დანა. დაზარალებულის განმარტებით, მას შეეშინდა და მანქანაში ჩაჯდა. მანქანაშიც, სიტუაციის განსამუხტად, დაზარალებული კვლავ ცდილობდა ქმართან საუბარს. საუბრისას ყოფილმა ქმარმა მას კიდევ ერთხელ დაარტყა ხელი, თუმცა არც მანქანასთან და არც მანქანაში ყოფნის დროს დანა არ გამოუყენებია. ლ-------------–---–-ს მოთხოვნის შესაბამისად, მან დაძრა მანქანა და უკანსვლით წავიდა. ვინაიდან მანქანის სიჩქარე ამ დროს არ იყო მაღალი, შეძლო მანქანიდან გადმოსვლა და გაქცევა, რა დროსაც უკან დაედევნა ლ-------------–---–-.

 

მოწმე ი-–----------–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2019 წლის 11 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურის ავტოსადგომზე, რომელიც მდებარეობს ხ--–-------–-- ქუჩაზე, ე.წ. „-----–--------------––--, და აპირებდა მანქანით გასვლას. ამ დროს მან შენიშნა, რომ გვერდზე მდგომი მანქანა წამოვიდა უკუსვლით და იქიდან გადმოვიდა ქალბატონი, რომელიც გარბოდა და შველას ითხოვდა. მას უკან დაედევნა მამაკაცი.

 

2019 წლის 11 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დ-----------------------------------–-------- განყოფილების უფროსი გამომძიებლის, ა-–----–--–------- მიერ, თბილისში, ნ----–-------–-- ქ.#----ში, ექსპერტების - ნ------–------- და ნ-----–------–---–---- მონაწილეობით, ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ოქმში აღნიშნულია, რომ ავტოპარკინგის მე-3 სართულზე დაყრილი იყო მინის ნამსხვრევები, იქვე იდო პოლიეთილენის პარკი, ნივთებით, და ვედრო. აღნიშნული ნივთების სიახლოვესა და ეზოში შემოსასვლელ „შლაგბაუმთან“ განთავსებული იყო სათვალთვალო ვიდეოკამერები.

 

ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2019 წლის 25 თებერვლის ოქმის თანახმად, შპს „ა-----------------------------------------------------“, მდებარე, ხ--–-------–-- ქ.#----ში, გამოთხოვილ იქნა ამავე კომპანიის კუთვნილი სამსართულიანი ავტოსადგომის ვიდეოკამერების 2019 წლის 11 თებერვლის ჩანაწერები, 3 ფაილად. ვიდეოფაილებში ასახული მოვლენები სასამართლოს მიერ დეტალურად არის განზოგადებული ზემოთ განვითარებულ მსჯელობებში. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს მამაკაცი, რომელიც ძალადობის გზით სვამს ქალს მანქანაში, შემდეგ - ქალის გაქცევისა და მამაკაცის დადევნების ფაქტი.

 

აღნიშნულ ქმედებასთან მიმართებით ბრალდებულს წარდგენილი აქვს ბრალი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი უნდა ამოირიცხოს ბრალდების ფორმულირებიდან, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის ფარგლებში დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, რაც შესაძლოა დაირღვეს მაშინ, როცა პირი ადამიანს ემუქრება ძალადობითი ქმედების ჩადენით და მუქარა ისეთი ფორმით არის გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს უჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ობიექტური მხრივ, დანაშაული წარმოადგენს მატერიალურ დანაშაულს, ვინაიდან აუცილებელია გამოკვეთილი იყოს მოქმედება (მუქარა) და მისგან გამოწვეული შედეგი (შიში). შეფასებისას აუცილებელია დადგინდეს, რომ მუქარა წარმოითქვა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდეს მისი განხორციელების საფუძვლიანი და რეალური შიში. მიუხედავად შედეგისა, განახორციელებს თუ არა მუქარას პირი/აპირებს თუ არა მის განხორციელებას, დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

მართალია, დაზარალებულმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მას მეუღლე წარსულში არასდროს დამუქრებია და არც კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონია მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას ადგილი, თუმცა მის მიერ გადმოცემული ფაქტები, ბრალდებულის მხრიდან დანის დემონსტრირება (არ არის აუცილებელი მისი მოღერება, რაზეც დაცვის მხარე აპელირებს), მეუღლის აგრესიული ქმედებების გამო, შიშის საფუძველზე მანქანაში ჩაჯდა, ხოლო შემდეგ უკვე დაძრული მანქანიდან მისი გადმოხტომა და გაქცევა სიტყვებით: ,,მიშველეთ‘‘, მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ დაზარალებულში ლ-------------–---–-ს ქმედებებმა გამოიწვია შიში, რაზეც თავადაც მიუთითა თავის ჩვენებაში თავისუფალი თხრობისას.

 

პარალელურად, სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებაზეც, რომ, შესაძლოა, მუქარა გადაიზარდოს სხვა დანაშაულის მომზადებასა თუ მცდელობაში. ამგვარ შემთხვევებში კი, ქმედების კვალიფიკაცია უნდა განხორციელდეს არა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, არამედ - სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი დანაშაულის მომზადებით ან მცდელობით.

 

განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით იკვეთება მუქარის დანაშაულის ნიშნები, თუმცა, პარალელურად, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მუქარა ბრალდებულის მიერ რეალიზებულ იქნა დროის მცირე მონაკვეთში სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-------------–---–- უნდა ამოერიცხოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულ ნ------------ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2019 წლის 11 აპრილს, შესვენებიდან სამსახურში დაბრუნებისას, ავტოსადგომის მე-3 სართულზე დახვდა ყოფილი ქმარი ლ-------------–---–-, რომელიც დაემუქრა და ძალადობრივი გზით აიძულა მანქანაში ჩაჯდომა. სიტუაციის გასანეიტრალებლად, მან ყოფილ მეუღლეს შესთავაზა მანქანის თხოვება და უთხრა, რომ წაეყვანა მანქანა, თუმცა თავად სამსახურის გამო ვერ გაჰყვებოდა. დაზარალებულმა შეძლო მანქანიდან გადასვლა და გაქცევა, ხოლო მას შემდედ, რაც ბრალდებულმა დანით მიაყენა ჭრილობა, დაინახა, როგორ ტოვებდა მისი მანქანით („Toyota rav4“, სახ.#---------) ბრალდებული შემთხვევის ადგილს. ამასთან, დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მანქანა გაფორმებულია მის სახელზე, თუმცა იგი შეიძინა ოჯახის საერთო ფულით, მათ შორის, ლ-------------–---–-ს მშობლების თანხით და აღნიშნული მანქანით პერიოდულად ლ----იც სარგებლობდა.

 

მოწმე ი-–----------–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2019 წლის 11 თებერვალს მას ავტოსადგომის მე-2 სართულზე შეხვდა მანქანით მიმავალი მამაკაცი, რომელმაც ქალბატონი დაჭრა. ავტოსადგომიდან გასასვლელის მიმართულებით მოძრავი ბრალდებული „Toyota rav4-ის“ ავტომანქანით, სახ.#--------- დაინახეს, ასევე, მოწმეებმა - ე--------------–---–--, რ----------------–---–-- და ა------------–-–---–--.

 

დაზარალებულის დედის, ც-–------------ გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ზემოაღნიშნული ავტომანქანა არის ნ------------ საკუთრება და იგი შეძენილია მისი მეორე შვილის - მ---- და ბებიის - ე---------------–---–-- ერთობლივი თანხებით.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ბრალდებული ლ-------------–---–- დაკავებულია ყ-------- მუნიციპალიტეტის სოფელ ს---–- 2019 წლის 12 თებერვალს.

 

იმავე დღეს, ამოღების ოქმის თანახმად, ყ-------- მუნიციპალიტეტის სოფელ ს---–- ამოღებულ იქნა „Toyota rav4-ის“ ფირმის ავტომანქანა, სახ.#---------, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა წინა მარჯვენა მაშუქი, წინა მარჯვენა ფრთა, წინა მარჯვენა ფარი, უკანა მარჯვენა კარი, უკანა მარჯვენა ფრთა, წინა მარცხენა მაშუქი, წინა მარცხენა ფრთა, წინა „ბამპერი“ და საქარე მინა. ამოღებული ავტომანქანა დაილუქა #27/11/4 ლუქით.

 

ვიდეოჩანაწერის გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების კადრში ჩანს ხ--–-------–- ქ.#----ში მდებარე ავტოსადგომის მე-3 სართული, სადაც 13:54:51 საათზე ბრუნდება ლ-------------–---–-, ჯდება ნ------------ კუთვნილ ავტომანქანაში, 13:56:24 საათზე აღნიშნული ავტომანქანით ტოვებს ტერიტორიას და მიემართება გასასვლელის მიმართულებით.

 

ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის 2----–-–------------------ #--------- დასკვნის თანახმად,§ პაკეტში, წარწერით: ,,...ანაწმენდები ჩხირებზე 7 (შვიდი) ნიმუშად... ა/მ. „TOYOTA‘‘ ს/ნ R-------- ა/მანქანის დათვალიერება...“ მოთავსებულ: ანაწმენდებზე საჭის ზედა რკალიდან, საჭის შუა ნაწილიდან, საჭის ქვედა რკალიდან, საჭის ქვედა გადამრთველი ბერკეტიდან და ხელის მუხრუჭის ბერკეტიდან აღმოჩნდა ადამიანის სისხლი. აღნიშნულ ობიექტებზე აღმოჩენილ იქნა როგორც ლ-------------–---–-ს, ასევე, ნ------------ გენეტიკური პროფილი. ასევე, წინა მარჯვენა კარის შიდა სახელურიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ-------------–---–-;

§ პაკეტში, წარწერით: ,,...1 (ერთი) ც. გასაღები... ა/მ. ,,TOYOTA‘‘ ს/ნ R--------“ არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ-------------–---–-.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებასთან მიმართებით ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ ლ-------------–---–-ს ბრალეულობას.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ, აშკარა და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს როგორც ფაქტს, ასევე, ბრალდებულის დანაშაულებრივ კავშირს ამ ფაქტთან.

 

,,განაჩენი მხოლოდ მტკიცებულებებს უნდა ეყრდნობოდეს. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ასევე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა... ამგვარი მტკიცებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება #1/1/548).

 

სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადგინოს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა და დამნაშავეა თუ არა იგი (საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილი).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ობიექტური მხრივ ძარცვა გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში. ამ დროს დამნაშავე სხვის მოძრავ ნივთს ეუფლება მართლსაწინააღმდეგოდ და აშკარად.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ ბრალდებული აშკარად დაეუფლა ავტომანქანას, რომელიც რეგისტრირებული იყო დაზარალებულის სახელზე და აღნიშნული ავტომანქანით იგი გადაადგილდა ყ-------- მუნიციპალიტეტში, თუმცა სასამართლო შენიშნავს, რომ კვალიფიკაციის მიზნებისთვის კონკრეტულ შემთხვევაში პრობლემატურია ის საკითხი, თუ რამდენად მართლსაწინააღმდეგოდ განხორციელდა მოძრავი ნივთის დაუფლება ლ-------------–---–-ს მიერ.

 

დაზარალებულის დედის, ც-–------------ გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ზემოაღნიშნული ავტომანქანა არის ნ------------ საკუთრება და იგი შეძენილია მისი მეორე შვილის - მ---- და ბებიის - ე---------------–---–-- ერთობლივი თანხებით. აღნიშნულის საწინააღმდეგოს განმარტავს დაზარალებული. იგი აღნიშნავს, რომ მანქანა გაფორმებულია მის სახელზე, თუმცა იგი შეიძინა ოჯახის საერთო ფულით, მათ შორის, ლ-------------–---–-ს მშობლების თანხით.

 

სასამართლო აფასებს მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სისხლისსამართლებრივი მიზნებისათვის, ნივთის კუთვნილების დადგენისას, რიგ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია იმ საკითხს, თუ ვისი ფინანსური სახსრებით არის იგი შეძენილი, არამედ მნიშვნელოვანია, აქცენტი გაკეთდეს იმ გარემოებაზე, თუ კონკრეტულ პირს რა შემხებლობა აქვს ნივთთან, მათ შორის, თუ ვინ შეიძლება იქნეს მიჩნეული ნივთის ,,მესაკუთრედ“. განსახილველ შემთხვევაში, ავტომანქანა რეგისტრირებულია ნ------------ სახელზე. ამასთან, დგინდება, რომ ნივთის მფლობელიც თავადაა. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ბრალდებული დაეუფლა სხვის მოძრავ ნივთს, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია.

 

რაც შეეხება დაუფლების მართლსაწინააღმდეგო ხერხს და მისაკუთრების მიზანს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლწინააღმდეგობა ობიექტური კატეგორიაა, რომელიც პირს სუბიექტურადაც უნდა ჰქონდეს შეცნობილი იმგვარად, რომ მისი ქმედება წინააღმდეგობრივია დადგენილ წესებთან. ამ კუთხით მსჯელობისთვის სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც ის განმარტავს, რომ მან ავტოსადგომზე შეხვედრისას ყოფილ ქმარს შესთავაზა მანქანის თხოვება, კერძოდ, უთხრა, რომ ათხოვებდა მანქანას, თუმცა თავად სამსახურის გამო ვერ გაჰყვებოდა. ამასთან, დაზარალებულის ჩვენების თანახმად, ლ-------------–---–-ს მხრიდან ნ------------ საკუთრებაში არსებული მანქანით სარგებლობის ფაქტს ადრეც ჰქონია ადგილი. სასამართლო აღნიშნავს, რომ ის მოცემულობა, რაზეც კონკრეტულ შემთხვევაში უთითებს დაზარალებული, გამორიცხავს მართლწინააღმდეგობის ობიექტურ, შესაბამისად, სუბიექტურ კრიტერიუმს, ვინაიდან ნივთის თხოვების გზით მისი დაუფლება არ შეიცავს მართლსაწინააღმდეგო შინაარსს და არც მისაკუთრების მიზანი იკვეთება.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ, წარმოდგენილი ბრალდების ფარგლებში, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ იმგვარი ქმედების შემადგენლობის განხორციელება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით. შესაბამისად, იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი ამ მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, სასამართლო მსჯელობას აღარ იქონიებს აღნიშნული მუხლის მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, არ დასტურდება ქმედების ძირითადი შემადგენლობა (ძარცვა).

 

გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლი ამავე კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ოჯახის წევრის მიმართ, არ მიიჩნევს ოჯახურ დანაშაულად და კვალიფიკაციისას არასწორად არის მითითებული სსკ-ის მე-111 მუხლზეც.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2019 წლის 10 თებერვალს მოქალაქე ლ-------------–---–-ს მხრიდან ყოფილი მეუღლის - ნ------------ მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით 2019 წლის 11 თებერვალს, 02:20 საათზე, გამოიცა შემაკავებელი ორდერი #------, რომლის მიხედვითაც, ლ-------------–---–- აეკრძალა მსხვერპლის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან მიახლოვება და მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 დღე.

 

სატელეფონო გასაუბრებისა და მისამართზე გამოცხადების შესახებ 2019 წლის 11 თებერვლით დათარიღებული ოქმების მიხედვით, ვერ მოხერხდა ლ-------------–---–---- დაკავშირება და ზემოაღნიშნული შემაკავებელი ორდერის მისთვის ჩაბარება.

 

შემთხვევის ადგილის (თბილისი, ნ----–-------–-- ქ.#----ში მდებარე ავტოსადგომის მე-3 სართული) ვიდეოჩანაწერების თანახმად, ბრალდებული 2019 წლის 11 თებერვალს დაზარალებულის სამსახურის ავტოსადგომზე იმყოფება 13:00 საათიდან, იგი დაზარალებულს ხვდება 13:46 საათზე, ხოლო შემთხვევის ადგილს ტოვებს 13:59 საათზე.

 

დაზარალებულ ნ------------ ჩვენების თანახმად, ბრალდებული მისვლისთანავე დაზარალებულს მიმართავს სიტყვებით: ,,არ მელოდი? ჩემს თავს აჭერინებ?‘‘ აღნიშნულზე ეს უკანასკნელი პასუხობს, რომ მის მიმართ მხოლოდ შემაკავებელი ორდერია გამოცემული და სთავაზობს გამომძიებელთან დაკავშირებას. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ბრალდებულისთვის დაზარალებულთან მისვლის მომენტში არ იყო ცნობილი მის მიმართ გამოცემული აქტის შესახებ, რაც გამორიცხავს მისი მხრიდან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევას.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოძალადის მიერ შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, აგრეთვე, სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სსკ-ის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულს წარმოადგენს შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. ქმედების ობიექტური შემადგენლობა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით დაკისრებული ვალდებულებების/მოთხოვნების დარღვევაში გამოიხატება, ქმედების სუბიექტური შემადგენლობა კი, მის განზრახ ჩადენას გულისხმობს.

 

წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება არც ქმედების ობიექტური (ქმედება, ანუ დანაშაულის ჩადენა შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ) და არც სუბიექტური შემადგენლობა (განზრახვა), შემდეგ გარემოებათა გამო:

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-36 პუნქტის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. ამასთან, სისხლისსამართლებრივი მიზნებისათვის კუმულაციურად, ასევე, მნიშვნელოვანია ვალდებულების განჭვრეტადობის კომპონენტიც. ვალდებულების ადრესატს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, აღიქვას ვალდებულების შინაარსი და თავისი ქცევის განხორციელების დროს განჭვრიტოს მოსალოდნელი შედეგები.

განსახილველ შემთხვევაში, შემაკავებელი ორდერი გამოცემულია 2019 წლის 11 თებერვალს, 02:20 საათზე, ხოლო წარდგენილი ბრალდების თანახმად, იგი იმავე დღეს დაახლოებით 13:00-13:59 საათამდე პერიოდში (ვიდეოჩანაწერების თანახმად) დარღვეულია ბრალდებულის მიერ. როგორც საქმის მასალებით, შესაბამისი ოქმებით დგინდება, ლ-------------–---–- შემაკავებელი ორდერი არ აქვს ჩაბარებული. ამდენად, დაზარალებულთან სამსახურში მისვლის დროს ბრალდებულს ვერ ექნებოდა გაცნობიერებული ქმედების ობიექტური მხარე (ქმედების დასჯადობა) და იგი თავისი გამიზნული ქმედებით ვერ უგულებელყოფდა მას (განზრახვა), ვინაიდან მისთვის უცნობი იყო ვალდებულების არსი და შინაარსი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია, გონივრულ ეჭვს მიღმა იქნეს დადასტურებული ქმედების, როგორც ობიექტური, ისე, სუბიექტური შემადგენლობა, რაც კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებით არ დგინდება, ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ არ იკვეთება დანაშაულის შემადგენლობის ყველა სავალდებულო ნიშანი, პირისათვის ქმედების ბრალად შერაცხვა სამართლებრივად შეუძლებელია. შესაბამისად, ლ-------------–---–- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ-------------–---–- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი წარსული ნასამართლობა და დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე ვადით.

 

განსახილველ საქმეზე სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილ დანაშაულს, რაც ოჯახური დანაშაულის გავრცელების მასშტაბებისა და ხასიათის გათვალისწინებით საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს), დამდგარ შედეგს, რომ დაზარალებული ნ----------- გადაურჩა სიკვდილს და ამჟამად მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება; ასევე, ითვალისწინებს დაზარალებულის პოზიციას, რომ ბრალდებულის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და არ ითხოვს მის მკაცრად დასჯას.

 

ამავდროულად, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის ნასამართლობის ფაქტს და ვინაიდან სახეზეა დანაშაულის რეციდივი, მიიჩნევს, რომ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: დანაშაულის იარაღი - დანა და სხვა ნივთები, რომლებასაც არ აქვს ღირებულება, უნდა განადგურდეს, ხოლო პირადი ნივთები და დოკუმენტები უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს. რაც შეეხება CD დისკებს, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ლ-------------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

ლ-------------–---–- წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტი და 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1‘‘ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტი.

 

ლ-------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.

 

ლ-------------–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2019 წლის 12 თებერვლიდან.

 

ლ-------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - ტანსაცმელი, პირადობის მოწმობა, ,,ტოიოტას‘‘ მარკის ავტომანქანა და გასაღები, პოლიეთილენის პარკები, შიგთავსით, და პლასტმასის ვედრო, მასში არსებული მასით, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს; ნ------------ სამედიცინო დოკუმენტაცია და ტომოგრამა დაუბრუნდეს ა----- ო---------–------- სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს; დანა, მინის ნამსხვრევები, ანაწმედები, სუნის და ნერწყვის ნიმუშები, მიკრონაწილაკები და ხელის კვალი განადგურდეს, ხოლო 3 (სამი) ცალი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე