განაჩენი

სისხლის სამართლის 18.11.2019
საქმის ნომერი
330100119002926023
თარიღი
18.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1391-19

#------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ----------------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - კ--------------------------------- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1970 წლის 10 იანვარს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------------------–----------------------–-.

 

ადვოკატი - ჯ-----------–--, ი-----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

მითვისება, ე.ი. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, დიდი ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 29 აგვისტოს, ქ.თბილისში, გ-–------------------------------ებს შორის მდებარე ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ------------------ემ 10 დღით იქირავა მ---------------–---–ის კუთვნილი, 26 000 ლარად ღირებული, „ტოიოტა ქამრის“ მოდელის ავტომანქანა, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

კ------------------ის ქმედების შედეგად მ---------------–---–ს მიადგა 26 000 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - მ---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის შემოდგომაზე „კავკასიის ავტო იმპორტში“ ამერიკაში გამართულ აუქციონზე შეიძინა ორი ავტომობილი „TOYOTA CAMRY“ 2012 წლის მოდელის პირადი სარგებლობისთვის, ხოლო მეორე გასაყიდად. წინასწარ გადაიხადა თანხის 25%, 2276 აშშ დოლარის ოდენობით და ელოდებოდა მანქანების ჩამოსვლას, რომლებიც ჩამოვიდა 2018 წლის იანვრის თვეში. მანქანას დასჭირდა შეკეთება, რამაც დამატებითი ხარჯები გამოიწვია. შესაბამისად, საკმარისი თანხა არ ჰქონდა განბაჟებისათვის და დარჩენილი 75%-ის დასაფარად, რის გამოც განბაჟებამდე მანქანის გასხვისება ვერ მოხერხდა. აღნიშნულის გამო მიმართა სალიზინგო კომპანიას, რომელთანაც 2018 წლის 20 თებერვალს გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად ლიზინგის მიმღებად დაფიქსირებულია თავად, ხოლო ავტომანქანის დროებით მფლობელად სალიზინგო კომპანია. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 173.20 ლარი, ასევე წელიწადში ერთხელ ქონების გადასახადი. მართალია მანქანა რეალურად გაფორმებულია სალიზინგო კომპანიის სახელზე მანამ, სანამ სალიზინგო კომპანიის დავალიანებას დაფარავს, თუმცა რეალურად არის მისი საკუთრება, რაც ასახულია ხელშეკრულებაში. ვინაიდან მანქანა ვერ გაყიდა და ჰქონდა ყოველთვიური გადასახადი, გადაწყვიტა მანქანის გაქირავება. აღნიშნული მიზნით განაცხადი განათავსა „MYAUTO.GE“-ზე. დაიწყო მანქანის გაქირავება, ივლისის თვეში აქირავებდა, ხოლო აგვისტოში გადაწყვიტა სოფელში წასვლა, რის გამოც მეგობარს - ა-----–--------ეს დაუტოვა მისი კუთვნილი თეთრი ფერის, „ტოიოტა ქამრის“ მოდელის ავტომანქანა, სახ. N--------- და წინასწარ მის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება. ტელეფონით დაუკავშირდა მისთვის უცნობი პირი „----------- როგორც გამოძიებით დადგინდა კ------------------ე, რომელმაც უთხრა, რომ ბრუნდებოდა გერმანიიდან და მანქანის დაქირავება სურდა ერთი კვირით. შეთანხმდნენ თანხაზე, გადასცა მისი მეგობრის - ა-----–--------ის ტელეფონის ნომერი და განუმარტა, რომ ა-----–--------ე გაუფორმებდა ხელშეკრულებას და თანხაც მისთვის გადაეცა. მოგვიანებით ა-----–--------ისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ კ------------------ე დაუკავშირდა და შეხვდნენ. კ------------------ემ განუმარტა, რომ მანქანა სჭირდებოდა 10 დღით, გადაუხადა 700 ლარი და წაიყვანა ავტომანქანა. 2018 წლის 3 სექტემბერს მიიღო ორი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ მისი ავტომანქანა დაჯარიმდა მაგისტრალზე სიჩქარის გადაჭარბების გამო. აღნიშნულის გამო დაუკავშირდა კ------------------ეს და უთხრა, რომ ორი ჯარიმა მიუვიდა და თუკი ასე გააგრძელებდა მოძრაობას, ის თანხა, რაც გადაუხადა, ჯარიმების გადახდაში დასჭირდებოდა, რაზეც კ-------------- უპასუხა, რომ არ იყო პრობლემა და გაითვალისწინებდა. როდესაც მოახლოვდა მანქანის დაბრუნების დრო, დაუკავშირდა კ------------- და ჰკითხა რას აპირებდა, რაზეც მან უპასუხა, რომ შეიძლებოდა გაეგრძელებინა ვადა. აღნიშნულზე უპასუხა, რომ პრობლემა არ იყო, უბრალოდ წინასწარ ეცნობებინა მისთვის და თანხა ჩაერიცხა. კ------------------ემ მოგვიანებით ჩაურიცხა თანხა ანგარიშზე. მეორე დღეს კ------------------ე კვლავ დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ ერთი დღით კვლავ დაიტოვებდა მანქანას და ჩაურიცხა თანხა. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ თანხა პირველად ჩარიცხული იყო მცხეთა-მთიანეთის რაიონიდან, ხოლო მეორედ თბილისში მდებარე აპარატიდან მაშინ, როდესაც კ------------ მას ეუბნებოდა, რომ იმყოფებოდა დასავლეთში. 2018 წლის 14 სექტემბერს 23:00 საათზე დაუკავშირდა კ------------------ეს, რომელმაც უთხრა, რომ მეორე დღეს ჩამოვიდოდა თბილისში, ავტომანქანის ქირავნობის ერთი დღის თანხა ჰქონდა გადასახდელი და განუმარტა, რომ თანხას გადასცემდა იმ პირს, ვინც მანქანა გაატანა. მეორე დღეს მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მასთან დაკავშირებას, თუმცა კ-------------- ტელეფონი გამორთული იყო. შემდეგ როგორც მისთვის გახდა ცნობილი, კ------------------ე 06:30 საათიდან 07:30 საათამდე დროის შუალედში უკრაინაში გაფრინდა. შემდეგ დაუკავშირდა დედამისს ტელეფონზე, რომელმაც დაუდასტურა აღნიშნული ინფორმაცია. ამის შემდეგ მან ვერ შეძლო კ------------ესთან დაკავშირება და მას არც ავტომანქანა დაუბრუნებია მისთვის. დაზარალებულის ჩვენებით, იგი დღემდე იხდის ლიზინგის თანხას, თუმცა ორი მანქანის ღირებულებას ფიზიკურად ვერ გადაიხდიდა, რის გამოც მოითხოვა თანხის გადახდის გადავადება. დღეის მდგომარეობით გადასახდელი აქვს 4525 აშშ დოლარი. შესაბამისად, მას კ-----------ის ქმედების შედეგად მიადგა დიდი ოდენობით ზიანი, რის გამოც ითხოვს ავტომანქანის დაბრუნებას ან სალიზინგო კომპანიის თანხის ანაზღაურებას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-----–--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებულ მ---------------–---–ს იცნობს 20 წელია, რომელთანაც აქვს მეგობრული ურთიერთობა. მ---------------–---–ს საკუთრებაში ჰყავდა თეთრი ფერის „ტოიოტა ქამრის“ მოდელის მანქანა, რომელიც მას დაუტოვა გაქირავების მიზნით, რადგან თავად სენაკში იმყოფებოდა. 2018 წლის 29 აგვისტოს მ---------------–---–ი დაუკავშირდა, რომელმაც ჩააწერინა ტელეფონის ნომერი და განუმარტა, რომ აღნიშნული ნომრით დაუკავშირდებოდა პიროვნება, რომელიც იქირავებდა მანქანას. მანქანა წაიყვანა გასარეცხად. სამრეცხაოში მისვლიდან დაახლოებით 10 წუთში დაუკავშირდა კ------------------ე და შეთანხმდნენ, რომ შეხვდებოდნენ გლდანის მასივში მდებარე „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან. გარეცხა მანქანა და მივიდა მითითებულ მისამართზე, სადაც შეხვდა აღნიშნულ პირს, რომელმაც დაათვალიერა მ---------------–---–ის ავტომანქანა და მოეწონა. კ------------------ის პირადობის მოწმობას და მართვის მოწმობას გადაუღო ფოტოები, რის შემდეგ გააფორმეს ხელშეკრულება, სადაც მიეთითა, რომ კ------------------ემ მ---------------–---–ის კუთვნილი ავტომანქანა იქირავა 10 დღით, რის სანაცვლოდ გადაიხადა 700 ლარი. მ---------------–---–ს ხელშეკრულებაზე წინასწარ ჰქონდა ხელი მოწერილი, ხოლო კ------------------ემ ხელშეკრულებას იქვე მოაწერა ხელი, რის შემდეგ გადასცა ავტომანქანა და მანქანის გასაღები. აღნიშნულ ფაქტამდე ორი დღით ადრე ავტომანქანა დათვალიერებაზე ჰყავდა წაყვანილი, სადაც აღმოჩნდა, რომ მარჯვენა მხარეს კარებზე იყო პატარა დაზიანება. კ------------------ეს უთხრა აღნიშნულის თაობაზე და აჩვენა კიდეც. კ------------------ეს ამასთნ დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--------------–---–--- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პ------–-----------–---–-------------–-------------------ე. პროკურორის დავალებით ჩავიდა ზესტაფონის რაიონში მდებარე კ------------------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მოწმის სახით გამოკითხა კ------------------ის მეუღლე და დედა. ორივე მათგანმა განმარტა, რომ მათთვის უცნობი იყო კ------------------ის ადგილსამყოფელი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ოპერატიული ს-----------–-------------------–----------------ის თანამდებობაზე. 2019 წლის 26 თებერვალს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქ.თბილისში, ჭ---------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამშრომელ ი-----–-----–----------- ერთად, ბრალდებულის სახით დააკავა კ------------------ე, რის თაობაზეც შეადგინა დაკავების ოქმი. ბრალდებულმა დაკავების ოქმს მოაწერა ხელი, თუმცა პრეტენზია და შენიშვნა არ გამოუთქვამს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-----–-------- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პ------–-----------–---–---------------------–--–-------------–ის თანამდებობაზე. მის მიერ დაზარალებულის განცხადების საფუძველზე დაწყებული იქნა გამოძიება. გამოკითხა დაზარალებული, დაზარალებულის მეგობარი და კ------------------ე. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გააგზავნა წერილები მანქანის ძებნის შესახებ, ასევე კ------------------ის საზღვარზე გასვლის და შემოსვლის შესახებ ინფორმაციის თაობაზე. ბრალდებულს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ.

 

2018 წლის 29 აგვისტოს ავტომანქანის ქირავნობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ მ---------------–---–მა გააქირავა, ხოლო კ------------------ემ (დაბადებული 1970 წლის 10 იანვარს, პირადი #-----------, მცხოვრები ზ---------------------------) იქირავა „TOYOTA CAMRY HYBRID“ თეთრი ფერის, სახელმწიფო ნომერი: W-------. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 29 აგვისტოდან - 14 სექტემბრამდე. ქირავნობის თანხა განისაზღვრა 700 ლარით.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სახელდობრ:

 

დაზარალებულ მ---------------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ მის კუთვნილებაში იმყოფებოდა „ტოიოტა ქამრის“ მოდელის თეთრი ფერის ავტომანქანა, რომელიც გაქირავების მიზნით დაუტოვა მის მეგობარს ა-----–--------ეს. მასვე დაუტოვა წინასწარ შედგენილი ავტომანქანის ქირავნობის ხელშეკრულება მისი ხელმოწერით. ა-----–--------ემ ავტომანქანა მიაქირავა კ------------------ეს, რომელმაც ავტომანქანა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და დაზარალებულისათვის არ დაუბრუნებია. ბრალდებულის ქმედების შედეგად მ---------------–---–ს მიადგა 26 000 ლარის ოდენობით ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს.

 

დაზარალებულის ჩვენება დადასტურდა მოწმე ა-----–--------ის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ მ---------------–---–ის მიერ დატოვებული თეთრი ფერის „ტოიოტა ქამრის“ მოდელის ავტომანქანა მიაქირავა კ------------------ეს, რომელსაც მოაწერინა შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელი და გადასცა ავტომანქანა და ავტომანქანის გასაღები.

 

კ------------------ის მიერ მ---------------–---–ის კუთვნილებაში მყოფი „ტოიოტა ქამრის“ მოდელის ავტომანქანის ქირავნობის ფაქტი დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 29 აგვისტოს ავტომანქანის ქირავნობის ხელშეკრულებით.

 

ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების შემდგომ სასამართლოს მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული კ------------------ემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მ---------------–---–ის კუთვნილი, „ტოიოტა ქამრის“ მოდელის ავტომანქანა, რითაც მას მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მ---------------–---–ი არ წარმოადგენდა ავტომანქანის მესაკუთრეს და იგი არ უნდა მიჩნეულიყო დაზარალებულად განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილის შესაბამისად, დაზარალებული არის სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად. როგორც საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, მ---------------–---–ის კუთვნილებაში იმყოფებოდა კ-----------ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული ავტომანქანა, რომელიც მ---------------–---–ის საკუთრებაში უნდა გადასულიყო სალიზინგო კომპანიის წინაშე არსებული დავალიანების სრულად დაფარვის შემდგომ. შესაბამისად, ავტომანქანის მითვისების შედეგად უშუალო ზიანი მიადგა სწორედ მ---------------–---–ს, რამეთუ მას ეკისრებოდა ფინანსური და მატერიალური პასუხისმგებლობა სალიზინგო კომპანიის წინაშე და სწორედ ის იყო ვალდებული გადაეხადა სალიზინგო კომპანიისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა. შესაბამისად, სწორედ მ---------------–---–ს მიადგა ქონებრივი ზიანი დანაშაულის შედეგად.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულს არ ჰქონდა აღნიშნული მანქანის გაქირავების უფლება, ვინაიდან იგი იყო სალიზინგო კომპანიის საკუთრება. სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულის ჩვენებით დადგინდა, რომ მას ჰქონდა ნივთის გაყიდვის და გაქირავების უფლება და იგი არ იყო შეზღუდული, რომ მანქანა გაექირავებინა. ამასთან, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ აღნიშნული ავტომანქანა კ------------------ის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, მას აღნიშნული ავტომანქანა უნდა დაებრუნებინა მ---------------–---–ისათვის, თუმცა ეს მას არ განუხორციელებია და ავტომანქანა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შემდგომ სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კ------------------ეს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ითვისებდა სხვის ქონებას, რომელიც მას დროებითი სარგებლობის მიზნით ჰქონდა მინდობილი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ავტომანქანის ქირავნობის ხელშეკრულება არ არის მ---------------–---–ის მიერ ხელმოწერილი და დადასტურებული, რის გამოც არ უნდა იქნეს მტკიცებულებად მიჩნეული. სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულმა მ---------------–---–მა განმარტა, რომ მის კუთვნილებაში მყოფი თეთრი ფერის „ტოიოტა ქამრის“ მოდელის ავტომანქანა ქირავნობის მიზნით დაუტოვა ა-----–--------ეს, რომელსაც ასევე დაუტოვა წინასწარ შედგენილი ხელშეკრულება მისივე ხელმოწერით. ეს გარემოება ასევე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ა-----–--------ემ და განმარტა, რომ ქირავნობის ხელშეკრულების ხელმოწერილი ბლანკი (მ---------–---–-- ხელმოწერით) ნამდვილად დაუტოვა მ---------------–---–მა, ა-----–--------ემ თავად ასახა კ------------------ის პერსონალური მონაცემები მ---------–---–-- მიერ დატოვებულ ხელშეკრულებაში, მას შემდეგ, რაც კ------------მ მას წარუდგინა მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რის შემდეგომ ხელშეკრულება მის თვალწინ ხელმოწერით დაადასტურა თავად კ------------მ. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტაცია საფუძველს მოკლებულია და გაზიარებული ვერ იქნება.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ზოგადად მტკიცებულებათა შეფასება და მათი დასაშვებად ცნობა (მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით) ხორციელდება წინასასამართლო სხდომაზე. შესაბამისად, ამ ეტაპზევე ხდება იმ გარემოებების სამართლებრივი შეფასებაც, ჰქონდა თუ არა ადგილი კონკრეტული მტკიცებულების მოპოვებისას და მისი საპროცესო დამაგრებისას შესაძლო კანონდარღვევის ფაქტს და ასეთის არსებობის შემთხვევაში დგება საკითხი მათი დაუშვებლად ცნობის თაობაზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ სადავოდ მიჩვეული ყველა მტკიცებულება დაშვებული იქნა საქმის არსებით განხილვაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარი ყველა მტკიცებულება მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მტკიცებულებათა მოპოვებისა და საპროცესო დამაგრებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებით დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ დაცვის მხარეს სასამართლოს წინაშე არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლითაც ეჭვქვეშ დადგებოდა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა უტყუარობა და დადასტურდებოდა ბრალდებულის უდანაშაულობა მისთვის შერაცხულ ბრალდებაში.

 

ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება კ------------------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები საქმესთან მათი დასაშვებობის, რელევანტურობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა კ------------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. განსახილველ შემთხვევაში დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში მითვისების ფორმით. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დამნაშავე უფლებამოსილია ჰქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით: პირს გაცნობიერებული აქვს, რომ ითვისებს ან ფლანგავს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, ითვალისწინებს, რომ თავისი ქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და სურს კიდეც ზიანის მიყენება. ამ დროს იგი ხელმძღვანელობს ანგარების მოტივით და მიზნად ისახავს უკანონო შემოსავლის მიღებას სხვის ხარჯზე.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, დიდი ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს დიდი ოდენობით ზიანს, კერძოდ: დაზარალებულს მიადგა 26 000 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და კ------------------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ კ------------------ის მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა მითვისება, ე.ი. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

კ------------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას.

 

სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ კ------------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. მასვე, 6 (ექვსი) თვის ვადით უნდა ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. კ------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით;

 

2. მასვე, 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

 

3. კ------------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 26 თებერვლიდან.

 

4. კ------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი