გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2019
საქმის ნომერი
330210119002948950
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/8282-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე და----------------

მოპასუხე და-–-----–-------

წარმომადგენელი ქე---------------–-

დავის საგანი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე

ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე დ--–-----–--------ათვის მოსარჩელე და---------------ის სასარგებლოდ 2440 ლარის გადახდის დაკისრება.

 

2019 წლის 12 თებერვალს მოსარჩელემ და-–-----–-------სთან გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით: სანოტარო მოქმედების რეესტრის ნომერი 1--------. მხარეები ზეპირი ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის საგანი (საცხოვრებელი ბინა) უნდა ყოფილიყო როგორც უფლებრივად, ისე ფიზიკურად უნაკლო მდგომარეობაში - ბინების გამიჯვნისთანავე მოსარჩელის საკუთრებაში გადასულ ნაწილში უნდა დამონტაჟებულიყო გაზის, გათბობისა და ცხელი წყლის სისტემები და სხვა.

 

მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გამყიდველის თხოვნით ვადაზე ადრეც. მოპასუხემ დათქმულ ვადაში, 2019 წლის 05 მარტისათვის სრულად არ შეასრულა ვალდებულება, საკუთრებაში არ გადასცა გართულ მდგომარეობაში საცხოვრებელი ბინა, არ გადაუტანია თავისი საცხოვრებელი ბინის კარი დათქმულ ადგილზე და არ გამოცვალა მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარის საკეტი, რის გამოც ის ცხოვრებისთვის არის უვარგისი. მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, მოსარჩელე იძულებული გახდა გაეგრძელებინა ქირით ცხოვრება, ა.წ. 11 აპრილამდე, ქ. თბილისში, ყ---–------------------------ში და ქირის სახით თვეში გადაეხადა 800 ლარი, რაც დღეში შეადგენს 26.7 ლარს. 14 აპრილამდე პერიოდში მიადგა ზიანი 1040 ლარის ოდენობით, რასაც დაემატა პირგასამტეხლო 800 ლარის ოდენობით, რამაც შეადგინა 1840 ლარი.

 

კარის სათანადო ადგილზე გადაუტანლობისა და საკეტის შეცვლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 600 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. (ს.ფ. 44-53). მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ხელშეშლას და ჰქონდა შესაძლებლობა ესარგებლა შეძენილი ბინით, მოსარჩელეს შემაკავებელი ორდერის საფუძველზე, აკრძალული ჰქონდა მოპასუხის საცხოვრებელთან მიახლოვება და კომუნიკაცია, ბინაში შესვლას არავინ უკრძალავდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება გაზის, გათბობის, ცხელი წყლის სისტემების მონტაჟისა და საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარის მოწყობისა და საკეტის დაყენების თაობაზე არსებობდა, თუმცა ამ ვალდებულების შესრულების ვადა განსაზღვრული არ ყოფილა. ამასთან, მისი მხრიდან ჯეროვნად შესრულდა ვალდებულება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ. თბილისში, ა-–-----------------ში, მდებარე საცხოვრებელ ბინა N12-ს, 2019 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით, არ ჰქონდა ცალკე შესასვლელი კარი, არ იყო მოწყობილი გაზის, გათბობისა და ცხელი წყლის სისტემები, ჩასატარებელი იყო სხვა სახის სამუშაოები, მომიჯნავე საცხოვრებელი ბინიდან გამოყოფის მიზნით. აღნიშნულის გათვალისწინებით, და-–-----–------- და და---------------- ზეპირად შეთანხმდნენ, რომ გამყიდველი თავისი ხარჯით უზრუნველყოფდა მომიჯნავე საცხოვრებელი ბინისაგან ნასყიდობის საგნის გამოყოფასთან დაკავშირებულ სამუშაოებს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4).

მოპასუხის წარმომადგენლის

ახსნა-განმარტება (იხ. მთავარი სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. და-–-----–-------სა და და----------------ს შორის 2019 წლის 12 თებერვალს გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამყიდველმა და-–-----–-------მ მოსარჩელეს მიჰყიდა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ა-–-----------------ში, სადარბაზო 1, სართული 5, ბინა N12, ფართით 180 კვ.მ. (ს/კ N0-.---1-.0---0---0--0--).

 

ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. ნასყიდობის საგნის ღირებულებაა 141 000 აშშ დოლარის (გადახდის დღისათვის ეროვნული ბანკის არსებული კურსით) ექვივალენტი ლარში.

 

ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2. პუნქტის მიხედვით, მყიდველს ნასყიდობის საგნის ღირებულებიდან 5000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერის დღეს ნაღდი ანგარიშსწორების წესით, ხოლო დანარჩენი თანხა სრული ოდენობით 136 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში უნაღდო ანგარიშსწორების წესით, 2019 წლის 05 მარტს.

 

ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, ნასყიდობის საგანი მყიდველს გადაეცემა 2019 წლის 05 მარტს.

 

ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1. პუნქტის მიხედვით, მყიდველი ბინის შეზღუდულ მესაკუთრედ აღირიცხება საჯარო რეესტრში, აღნიშნული ხელშეკრულების 4.2.1. პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის შემდგომ (რაც ემთხვევა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დროს), ხოლო აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის სრულად გადახდის შემდეგ მხარეები შეადგენენ შეთანხმებას აღნიშნული ხელშეკრულების პირობების შესრულების შესახებ, რაც შემდგომ გახდება საფუძველი მყიდველის საჯარო რეესტრში სრულ მესაკუთრედ რეგისტრაციისათვის.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტება. (ს.ფ. 4, 46).

2019 წლის 12 თებერვლის უძრავი ქონების

ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით (ს.ფ. 15-13).

 

3.2.2. გამყიდველმა და-–-----–-------მ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, 2019 წლის 05 მარტისათვის, და---------------ის მიერ შეძენილ საცხოვრებელ ბინაში, გაზის, გათბობისა და ცხელი წყლის სისტემების მოწყობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

 

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ მხარეთა ზეპირი შეთანხმებით ნასყიდობის საგნის მომიჯნავე საცხოვრებელი ბინისაგან გამოყოფასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულების დრო განსაზღვრული არ ყოფილა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზემოაღნიშნული შეთანხმება უკავშირდება, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გამყიდველის ვალდებულებას უზრუნველყოს მყიდველისათვის უფლებრივად უნაკლო ნასყიდობის საგნის გადაცემა, რადგან შეთანხმებით გათვალისწინებული სამშენებლო (შესასვლელი კარის დაყენება და სხვა) და სამონტაჟო სამუშაოები (გაზის, გათბობის, ცხელი წყლის სისტემების მონტაჟი) ხელშეკრულებით შეთანხმებული ნაკლის განმარტებაში მოიაზრება (სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლი).

 

აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.2. პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, 2019 წლის 05 მარტის მდგომარეობით, უნდა შესრულებულიყო ეს ვალდებულება, რადგან სწორედ ამ დროისათვის უნდა გადაეცა გამყიდველს მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ბინა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის აპელირებას ვალდებულების შესრულების ვადასთან დაკავშირებით.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გაზის მრიცხველის მოხსნა/მონტაჟის შესახებ შპს „ყ---------------------–----“ 2019 წლის 10 აპრილის N40----- აქტიდან დგინდება, რომ შპს „ყ--------------------–----“ თანამშრომლის მიერ შესრულდა მრიცხველის გადატანასთან დაკავშირებული სამუშაო, მისამართზე, ქ. თბილისი, ა-–----------------, ბინა 12. შპს „ბ-----------------“ საგარანტიო ტალონიდან დგინდება, რომ და---------------ის მიერ 2019 წლის 10 თებერვალს შეძენილი გათბობის ქვაბი, მისამართზე, ა-–---------------, მე-2 კორპუსში, ბინა 12-ში, ხელოსანმა 2019 წლის 13 აპრილს ჩართო.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2019 წლის 05 მარტიდან 2019 წლის 14 აპრილამდე პერიოდში,გაზის, გათბობისა და ცხელი წყლის სისტემების მონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოები არ იყო შესრულებული.

 

2019 წლის 28 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „გ-–------“ წარმომადგენელმა და და-–-----–-------მ დაადასტურეს, რომ შპს „გ-–------“ შეასრულა შეთანხმებული ხარისხისა და მოცულობის სამუშაო, მისამართზე, ქ. თბილისი, ა-–---------. გაწეული მომსახურების სახეა მინაკოლოფი 4*12*4. რაოდენობა 2,96.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულების შინაარსიდან, არ დასტურდება ის გარემოება, რომ აღნიშნული სამუშაო შესრულებულია მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული გაზის, გათბობის ან ცხელი წყლის სისტემების მოწყობის მიზნით. აღნიშნული მტკიცებულება ვერ აქარწყლებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს ვალდებულების შესრულების დროსთან დაკავშირებით.

 

3.2.3. და----------------, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ბინის შეძენიდან 2019 წლის 12 თებერვლიდან 2019 წლის 11 აპრილამდე, ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, ცხოვრობდა ქ. თბილისში, ყ---–------------------------ში.

 

ქირის სახით გადასახდელი თანხა თვეში შეადგენდა 800 ლარს, რაც დღეში შეადგენს 26.67 ლარს. (800/30).

 

ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2019 წლის 11 აპრილამდე, მოსარჩელეს გადახდილი აქვს ქირის თანხა.

 

სარჩელში მითითებული პირგასამტეხლოს 800 ლარის გადახდის ფაქტი არ დგინდება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (იხ. სუსგ ას-1227-1150-2015, ას-1051-991-2015).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს 2018 წლის 15 იანვრის ქირავნობის ხელშეკრულება, საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე, ქ. თბილისში, ყ---–-----------------------. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, დგინდება, რომ 2018 წლის 25 იანვრიდან 2019 წლის 27 იანვრამდე პერიოდში, მოსარჩელემ იქირავა ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინა. ყოველთვიური ქირის ოდენობა განისაზღვრა 800 ლარით. სარჩელზე დართული საგადასახადო დავალებებით, მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ნ-----------ის ჩვენებით დგინდება, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, დამქირავებელმა და----------------მ გააგრძელა ცხოვრება დაქირავებულ ბინაში, რისთვისაც გამქირავებელს უხდიდა ქირას წერილობით გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, თვეში 800 ლარს, რაც დღეში შეადგენს 26.67 ლარს. (800/30).

 

წარმოდგენილი საგადასახადო დავალებების მიხედვით, და----------------მ 2019 წლის 27 მარტიდან 2019 წლის 10 აპრილამდე პერიოდში, ნ-----------ის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 1200 ლარი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა.

 

პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კანონმდებლობა განსაზღვრავს არსებით პირობას - შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. (სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტებითა და მოწმის ჩვენებით, დადგენილია, რომ ყ---–---- ქუჩაზე მდებარე ბინის ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ შეთანხმება წერილობით არ გაფორმებულა. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ჩვენებიდან და საქმეში წარმოდგენილი წერილებიდან, არ დგინდება მოსარჩელესა და გამქირავებელს შორის პირგასამტეხლოს შესახებ წერილობითი შეთანხმების არსებობა.

 

ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დავალებებითა და მოწმის ჩვენებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ გამქირავებელს გარდა ქირის სახით გადასახდელი თანხისა, დამატებით 800 ლარი გადაუხადა.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით გადაიხადა 800 ლარი.

 

3.2.4. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დგინდება, რომ მყიდველის ხარჯით დამონტაჟებული საკეტის გამოცვლის საჭიროება არსებობს.

და----------------მ ზიანის ოდენობა ამ შემთხვევაში განსაზღვრა საკეტის ღირებულებით. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ამ ოდენობის ზიანს უკავშირებს გამყიდველის ვალდებულებას საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარისა და საკეტის მონტაჟის თაობაზე.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში ნივთობრივად უნაკლო საგნის გადაცემის ვალდებულების შესასრულებლად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამყიდველი თავისი ხარჯით დაამონტაჟებდა საცხოვრებელ ბინაში შესასვლელ კარს საკეტით.

 

მხარეთა განმარტებებით, დადგენილია და სადავო არ არის, რომ გამყიდველმა უზრუნველყო შესასვლელი კარის მოწყობა და საკეტის დაყენება.

 

მოსარჩელე საკეტის გამოცვლის საჭიროებას ასაბუთებს შემდეგ გარემოებებზე მითითებით: 1. საკეტის გასაღებს ფლობენ სხვა პირები; 2. მოპასუხემ არ შეასრულა ზეპირი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, მისი კუთვნილი მომიჯნავე ბინის შესასვლელი კარის გადატანის თაობაზე.

 

მოსარჩელის ვარაუდი, იმის თაობაზე, რომ მისი ოჯახის წევრების გარდა, საკეტის გასაღებს სხვა პირებიც ფლობენ, არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. მხოლოდ მხარის განმარტებით, ასეთი გარემოების არსებობას სასამართლო დადასტურებულად არ მიიჩნევს.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება, მომიჯნავე ბინების შესასვლელი კარებების მდებარეობა, ასევე მხარეთა შეთანხმება მოპასუხის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში შესასვლელი კარის დემონტაჟისა და სხვა ადგილზე გადატანის თაობაზე. ასევე არ დასტურდება საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი შესასვლელი კარის მდებარეობა შესაბამისობაშია თუ არა სამშენებლო ნორმებთან. ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად, სარჩელში აღნიშნულ გარემოებებს, მხოლოდ მოსარჩელის განმარტების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად არ მიიჩნევს. (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები).

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების დარღვევის გამო, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად უნდა დაეკისროს 960. 12 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 505-ე, 488-ე, 361-ე, 487-ე, 408-ე, 412-ე, 414-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ, ემყარება სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევას. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა გაირკვეს მიყენებული ზიანის შინაარსი და მისი ანაზღაურებისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წინაპირობების არსებობა.

 

6.1.1. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა.

 

ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება, მიუხედავად ვალდებულების წარმოშობის საფუძვლისა, წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. როგორც წესი, სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე მხარეები მხედველობაში იღებენ კონტრაჰენტის პიროვნებას. კრედიტორი ვარაუდობს, რომ მოვალე ვალდებულებას შეასრულებს ხელშეკრულების პირობათა შესაბამისად. უმრავლეს შემთხვევებში, ვალდებულების შესრულება ხდება პირადად მოვალის მიერ - მყიდველი თვითონ იხდის ნაყიდი საქონლის ფასს და ა.შ. ვალდებულების შესრულების სუბიექტები არიან ის პირები, რომლებიც ასრულებენ ვალდებულებას ან იღებენ შესრულებას. ვალდებულების სუბიექტები ყოველთვის არიან კრედიტორი და მოვალე. მთავარია, დაცულ იქნას ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულებისადმი ინტერესი, რაც, თავის მხრივ, შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის მოვალეობა ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება მოეთხოვება. შეიძლება ითქვას, რომ შესრულება ჯეროვანია, როცა შესრულება ხდება დათქმულ დროს, დათქმულ ადგილას, უფლებამოსილი პირის მიმართ, ვალდებული და უფლებამოსილი პირის მიერ და ვალდებულების შესრულების საგნით ანუ, ვალდებულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების საგნისათვის წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად.

6.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 505-ე მუხლის მიხედვით, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში.

 

6.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

 

6.1.4. იმისათვის, რომ მყიდველს წარმოშვას გამყიდველის მიმართ მეორადი მოთხოვნები, სახეზე უნდა იყოს გამყიდველის მხრიდან ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ძირითადი, ასევე არაძირითადი ვალდებულების დარღვევაში. ეს შეიძლება იყოს გამყიდველის მიერ პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, მოვალის მიერ ვადის გადაცილება ან არაძირითადი ვალდებულების დარღვევა. პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება 361-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევაა, როდესაც შესრულება არ ხორციელდება ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. არაჯეროვანი შესრულების ერთ-ერთი გავრცელებული შემთხვევა ნასყიდობის სამართალში სწორედ ნაკლიანი შესრულებაა. გამყიდველი, 487-ე მუხლის თანახმად, ვალდებულია, მყიდველს გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული ვალდებულება 487-ე მუხლით არის დადგენილი და გამყიდველის მიერ 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების დაკონკრეტებას ახდენს. 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოა, რამდენად არსებითია ნაკლი. აღნიშნული ფაქტორი მნიშვნელოვანია მხოლოდ ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის წარმოშობასთან მიმართებით, ვინაიდან დარღვევის მნიშვნელობა ამ უფლების წარმოშობას გარკვეულწილად ზღუდავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლი ითვალისწინებს ნივთობრივი ნაკლის დეფინიციას, რომელიც გამყიდველის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევის ერთ-ერთი სახეა.

 

ნივთის ნივთობრივი ნაკლის დეფინიციის დროს უპირატესობა ენიჭება მხარეთა შეთანხმებას. შესაბამისად, უპირველესად უნდა დადგინდეს, რამდენად არის მყიდველისათვის შეთავაზებული/მიწოდებული ნივთი მხარეთა მიერ შეთანხმებული თვისებების მატარებელი. სამოქალაქო კოდექსი ნივთის ნაკლს ორ კატეგორიად ყოფს და მიჯნავს ნივთის თვისობრიობას ნივთის გამოყენებადობისაგან.

 

სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის თანახმად, ნივთობრივი ნაკლი სახეზეა, თუ მას არ გააჩნია მხარეთა მიერ შეთანხმებული „ხარისხი“. მართალია კანონმდებელი იყენებს ტერმინს „ხარისხი“, თუმცა ეს ტერმინი ფართო გაგებით უნდა განიმარტოს და მოიცვას ნივთის „თვისებებიც“. შეთანხმებული ხარისხის მქონე ნივთი შესაძლებელია არ იყოს ყოველთვის შეთანხმებული თვისებების მატარებელი, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, კანონმდებლის მიზანი აღნიშნული განსხვავების შეგნებული დაშვება ყოფილიყო. ნივთის ხარისხი (თვისობრიობა) ნივთის თვისობრიობა, არსებული განმარტებების თანახმად, არის ბუნებრივი თვისებების ერთობლიობა, როგორიცაა მასალა, მდგომარეობა, გამძლეობა, ვარგისიანობის ვადა, მდებარეობა, მოცულობა/ზომა, ტექნიკური მონაცემები და სხვა. ნივთის თვისობრიობად შეიძლება ასევე ჩაითვალოს ნივთის ფიზიკურ თვისებებთან დაკავშირებული ეკონომიკური, სოციალური, ფაქტობრივი და სამართლებრივი ფაქტორები.

 

თვისობრიობის ნაკლი იმიჯნება ე. წ. გამოყენებადობის ნაკლისაგან, რომელიც 488-ე მუხლში მე-2 და მე-3 ალტერნატივებით არის გათვალისწინებული. გამოყენებადობის ნაკლი სახეზეა, როდესაც მხარეთა ინტერესი მიმართულია არა უშუალოდ ნივთის კონკრეტულ თვისებებზე, არამედ მის დანიშნულებაზე. მართალია, ხშირ შემთხვევაში ნივთის დანიშნულებაზე შეთანხმება გარკვეულ თვისებებზე შეთანხმებას მოიცავს,თუმცა ასეთი ნაკლი შესაძლოა ნივთის თვისებებს არც უკავშირდებოდეს. გამოყენებადობის ნაკლი სახეზეა, როდესაც ნივთი უვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნის ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ვარგისიანობის ნაკლი სახეზეა მაშინაც, თუ მისი გამოყენება არათანაზომიერ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, საცხოვრებელ ბინაში გაზმომარაგების, გათბობისა და ცხელი წყლის სისტემის არარსებობა, ხელშეკრულებით შეთანხმებული გამოყენებადობის ნაკლის განმარტებაში მოიაზრება. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამყიდველმა დ--–------–-------მ დაარღვია მხარეებს შორის არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება და ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში 2019 წლის 05 მარტის მდგომარეობით, მყიდველისათვის ნივთობრივად უნაკლო ნასყიდობის საგნის გადაცემა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა.

 

ზიანი არის ნებისმიერი არანებაყოფლობითი ქონებრივი მსხვერპლი, რაც გამოწვეულია აქტივების შემცირებით ან პასივების ზრდით, ასევე შემოსავლის მიუღებლობით. ამ გაგებით ზიანი უპირისპირდება დანახარჯებს, როგორც ნებაყოფლობით ქონებრივ მსხვერპლს, თუმცა ზიანის ცნება მოიცავს ასევე ხარჯებსაც, რისი გაწევაც უხდება დაზარალებულს სხვა უფრო მნიშვნელოვანი სიკეთის დაზიანების თავიდან აცილების ან ზიანის ოდენობის შემცირების მიზნით.

 

ზიანის ცნებით მოცულია, როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი დანაკლისი. ქონებრივი ზიანის შემთხვევაში მისი დადგენისა და გამოთვლის ხერხს ე. წ. დიფერენციის ჰიპოთეზა წარმოადგენს, რომელიც 408 I მუხლიდან გამომდინარეობს. ამ დროს ხდება ამჟამინდელი ქონებრივი მდგომარეობის შეპირისპირება იმ ჰიპოთეტურ ქონებრივ მდგომარეობასთან, რომელიც იარსებებდა დამაზიანებელი შემთხვევის დადგომის გარეშე – დიფერენცირება. თუ ამ შეპირისპირების შედეგად ნეგატიური ქონებრივი ნაშთი დგინდება, სწორედ ეს ნაშთი წარმოადგენს ზიანს.

 

6.1.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ სავარაუდო იყო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

6.1.6. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხდეველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლი განსაზღვრავს გარკვეულ კრიტერიუმებს ანაზღაურებადი ზიანის არაანაზღაურებადისაგან გამიჯვნისათვის. ამ გაგებით ის წარმოადგენს 411-ე და 412-ე მუხლების შემავსებელ დანაწესს და იდენტურ მიზანს ემსახურება – დააკონკრეტოს ზიანის ანაზღაურების ფარგლები. მთავარ ორიენტირად კანონმდებელი პირველ რიგში მიიჩნევს დაზარალებულის ინტერესს (414 1), ხოლო თუ ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ეხება საქმე, დამატებით კიდევ ხელშეკრულების შესრულების ადგილსა და დროს (414 2). თუმცა საბოლოო ჯამში ეს კრიტერიუმები ერთმანეთისაგან ზუსტად გამიჯვნადი არ არის – კრედიტორის ინტერესი მოვალის ჯეროვანი შესრულების მიმართ, მთელ რიგ შემთხვევებში, დაუდგენელია ხელშეკრულების შესრულების ადგილისა და დროის გათვალისწინების გარეშე და პირიქით, ამ ადგილსა და დროს არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება, თუ კრედიტორს მის მიმართ ინტერესი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, უფრო გამართლებულია 414-ე მუხლის 1-ლი და მე-2 წინადადების არა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ პრინციპებად აღქმა, არამედ 414-ე მუხლის ორივე წინადადებიდან ერთიანი პრინციპის გამოყვანა, რომლის მიხედვითაც ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის გადამწყვეტია დაზარალებულის ინტერესი კონკრეტული შემთხვევის თავისებურების გათვალისწინებით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ დ--–-----–-------- მიერ ნივთობრივად ნაკლიანი ნასყიდობის საგნის გადაცემის გამო, ვერ გადავიდა საცხოვრებლად ბინაში. ვალდებულების დარღვევის შედეგად ის სხვა ბინით სარგებლობისათვის იხდიდა ქირას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ნასყიდობის საგნის ნაკლი, უშუალოდ უკავშირდება ბინით სარგებლობის შეზღუდვას, რაზეც მოსარჩელე აპელირებს.

 

მოსარჩელის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ უკავშირდება 2019 წლის 06 მარტიდან საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში ბინის გადაცემას. გამყიდველს ჯეროვნად რომ შეესრულებინა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, მოსარჩელეს არ მოუწევდა ამ დროიდან ბინის დაქირავება და ქირის სახით თანხის გადახდა. დადგენილია, რომ ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი ყოველდღიური ქირის თანხა შეადგენდა 26.67 ლარს (800 /30).

 

11 აპრილიდან - 14 აპრილამდე პერიოდზე, ქირის ოდენობით ზიანის მოთხოვნა, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია, რადგან ზიანის დათვლას ამ სამი დღის პერიოდზე, მოსარჩელე უკავშირებს გათბობის ქვაბის ჩართვას.სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში, რადგან ხარჯების გაღება მოსარჩელის მიერ მითითებული ვალდებულების შესრულებამდე, სამი დღით ადრე შეწყდა, ზიანის ფარგლები განისაზღვრება ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევიდან, იმ დრომდე, ვიდრე მოსარჩელე ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა ბინას და იხდიდა ქირას (იხ. საგადასახადო დავალება თარიღი: 10/04/2019, N1---------).

 

2019 წლის 06 მარტიდან 11 აპრილამდე, პერიოდში ქირის სახით გადახდილი თანხა შეადგენს 960.12 ლარს. (36 დღეზე). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ და---------------ისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს სწორედ ამ თანხით.

 

სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ არ დგინდება, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, მოსარჩელისათვის ზიანის 1400 ლარის ოდენობით მიყენების ფაქტი. (დადგენილი სადავო გარემოებების 3.2.3. და 3.2.4. პუნქტები).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამ კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია შეადგენს 50 ლარს.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

და---------------ის სარჩელი მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი სამოქალაქო საქმეა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, რადგან სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს. შესაბამისად, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა - 25 ლარს.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან ნახევარი 50 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარიდან 25 ლარი.

 

სასარჩელო მოთხოვნიდან დაკმაყოფილდა მოთხოვნა 960.12 ლარის ნაწილში. შესაბამისად, დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნიდან 39.34%. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 19.67 ლარის გადახდა (50 ლარის 39.34%).

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 2591-ე 367-ე, 369-ე მუხლებით

გადაწყვიტა:

 

1. და---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე და-–-----–-------ს მოსარჩელე და---------------ის სასარგებლოდ 960.12 ლარის გადახდა.

 

1.2. სარჩელის მოთხოვნა 1479.88 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

2. დაეკისროს მოპასუხე და-–-----–-------ს მოსარჩელე და---------------ის სასარგებლოდ 19.67 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად და 25 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

2.1. დაუბრუნდეს მოსარჩელე და----------------ს 2019 წლის 01 აპრილს N0 საგადასახადო დავალებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარიდან ნახევარი 25 ლარის ოდენობით.

 

2.2. დაუბრუნდეს მოსარჩელე და----------------ს 2019 წლის 01 აპრილს N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან ნახევარი 50 ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამასთან, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია, იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.

 

მოსამართლე მაკა ჭედია