განაჩენი

სისხლის სამართლის 31.10.2019
საქმის ნომერი
330100119003222629
თარიღი
31.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4674-19

(გამოძიების №------------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი - ანნა ქოჩიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ე--------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ----------------–- (დაბადებული - 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის მისამართი: ჭი---------------------------–--–-------–-; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ღ--------–---------------------------)

 

ადვოკატი - ა----------–-–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

 

დისპოზიცია: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით;

 

სხვისი ნივთის განადგურება გაუფრთხილებლობით, ჩადენილი მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 03:15 საათზე შპს ,,ლ--------------------“ (მდებარე ქ. თბილისში, ჯ----------–------------------ში) კუთვნილი, ბუნებრივი აირის სამონტაჟო ავტოსახელოსნოში, გ----------------–-- კარების შემტვრევით შეაღწია უკანონოდ, დააზიანა სეიფი, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ფულად თანხას 8 300 ლარის ოდენობით.

 

2019 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 03:15 საათზე შპს ,,ლ--------------------“ (მდებარე ქ. თბილისში, ჯ----------–------------------ში) კუთვნილი, ბუნებრივი აირის სამონტაჟო ავტოსახელოსნოში უკანონოდ დაეუფლა ფულად თანხას 8 300 ლარის ოდენობით, ავტოსახელოსნოდან გასვლის შემდგომ გ----------------–-- ჩაუმქრალი სიგარეტი ისროლა შესასვლელი კარის მიმართულებით, რომელიც კონტაქტში შევიდა წვად მასალასთან და გაჩენილი ხანძრის შედეგად შპს ,,ლ--------------------’’ განიცადა 394 419.90 ლარის ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გ----------------–-ს სისხლის სამართლის საქმეში არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

გ----------------–-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ შპს ,,ლ--------------------“ წარმომადგენლის მ--------------–---–-- გამოკითვის ოქმს, მოწმეების - ნ-----------------, კ--------------–--------, მ-----–---------–---–--, გ---------------- და დ-----------–---- გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს, ვიდეო სათვალთვალო კამერების დათვალიერების ოქმს, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას, სახანძრო, ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, №1/1/548, 22/01/2015, §41).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე, ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა შესაძლებელია რეალურად მისი მოქმედება აშკარა ხასიათსაც ატარებდეს. ქურდობის ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს, მავნე შედეგის დადგომას ან ასეთი შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას, ამიტომ ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და აქვს რეალური შესაძლებლობა განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.

 

ქურდობის ეპიზოდი - მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით გ----------------–-- ჩაიდინა ქურდობა, თუმცა, იმისათვის, რათა ზუსტად დადგინდეს იყო თუ არა სახეზე ქურდობა, პირველ რიგში უნდა დადგინდეს ქურდობის ობიექტური ნიშნების არსებობა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გ----------------–- ამოძრავებდა შპს ,,ლ--------------------“ კუთვნილი თანხის 8 300 ლარის ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რაც გამოიხატა დანაშაულისთვის შერჩეულ დროსა და თავად ქმედების ხასიათში. ბრალდებულმა ქურდობის განსახორციელებლად შეარჩია სწორედ ასეთი დრო, რაც მაქსიმალურად მისცემდა საკუთარი განზრახვის, სისრულეში მოყვანას. რაც შეეხება თავად ქმედების ხასიათს, აღნიშნული ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

 

ვინაიდან სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია გ----------------–-ს მიერ ქურდობის განხორციელება, მომდევნო ეტაპად მიიჩნევს მისთვის ბრალად შერაცხულ მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე მსჯელობას.

 

სასამართლო უპირველესად განმარტავს სხვა სადგომის ცნებას. სადგომის ცნების ქვეშ იგულისხმება შენობა-ნაგებობანი, რომლებიც ადამიანთა და ფასეულობათა განსათავსებლად არის გამიზნული. ეს შეიძლება იყოს ფაბრიკა-ქარხანა, მუზეუმი, მაღაზია, თეატრი, სასწავლო დაწესებულება და სხვა. ხოლო „სხვა საცავად“ უნდა ჩაითვალოს მატერიალური ფასეულობის მქონე მუდმივი ან დროებით შესანახად განკუთვნილი ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შემოღობილია ან უზრუნველყოფილია მისი სხვაგვარი დაცვა. სხვა საცავში უკანონოდ შეღწევა, როგორც მაკვალიფიცირებელი ნიშანი გულისხმობს იმას, რომ პიროვნება იქ უნდა შევიდეს კარიდან, ფანჯრიდან ან უარეს შემთხვევაში, კედელი შეანგრიოს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ავტოსახელოსნო სადაც განთავსებული იყო სეიფი და მასში არსებული თანხა, დაკეტილი იყო, შესაბამისად, ბრალდებულის მიერ იქ შეღწევა საჭიროებდა გარკვეული ბარიერის გადალახვას, რაც განახორციელა კიდეც. კერძოდ, მან შპს ,,ლ--------------------“ კუთვნილ ავტოსახელოსნოში კარის შემტვრევის გზით უკანონოდ შეაღწია, დააზიანა სეიფი და ფარულად დაეუფლა მასში არსებულ თანხას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ----------------–-ს მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, შპს ,,ლ--------------------“ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი შემდეგ გარემოებათა გამო: უპირველესად, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბრალდებულის მიერ დაუფლებული თანხა შეადგენს 8 300 ლარს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება კანონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ რომ კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებისათვის ან განადგურებისათვის, თუ დამნაშავის მოქმედებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაულის სუბიექტური მხარე, ხასიათდება გაუფრთხილებლობით, როდესაც პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული მოქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ზოგადად ითვალისწინებდა მისი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს (ამ შემთხვევაში სხვისი ნივთის განადგურებას ან დაზიანებას) თავიდან აიცდენდა; ან პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა ამგვარი შედეგის დადგომის შესაძლებლობა, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.

 

ნივთის განადგურების ეპიზოდი - სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ გ----------------–-ს მიერ ჩაუმქრალი სიგარეტის სროლამ, შპს ,,ლ--------------------’’ შენობის შესასვლელი კარის მიმართულებით, გამოიწვია აღნიშნული შენობის ხანძარი. სასამართლო მომდევნო ეტაპად იმსჯელებს მიიჩნევს მისთვის ბრალად შერაცხულ მაკვალიფიცირებელ გარემოებაზე.

 

სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ----------------–-ს გაუფრთხილებლობით განხორციელებულმა ქმედებამ გამოიწვია მძიმე შედეგი. მძიმე შედეგში მოიაზრება ადამიანის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა, ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება, ეკონომიური ხასიათის განსაკუთრებით მძიმე ზარალი და სხვა. მოცემულ შემთხვევაში შეფასების ობიექტს წარმოადგენს შპს ,,ლ--------------------“ კუთვნილი ბუნებრივი აირის სამონტაჟო ავტოსახელოსნო, რომელიც გაუფრთხილებლობით გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა და შპს ,,ლ--------------------“ განიცადა 394 419.90 ლარის ზიანი.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ----------------–-- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით და ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სხვისი ნივთის განადგურება გაუფრთხილებლობით, ჩადენილი მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, რისთვისაც გ----------------–- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გ----------------–-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ასევე, გ----------------–-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილი ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

 

ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს გ----------------–-ს პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რა ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება; ასევე, ის გარემოება, კონკრეტულად რა ზომის სასჯელის შერჩევა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას გ----------------–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავოდ), იგი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებას. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს, მოტივს/მიზანს, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დაზარალებულს - მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, რომლის ნაწილი ბრალდებულმა აანაზღაურა), ბრალდებულის პირად და მძიმე ეკონომიკურ პირობებს, გ----------------–-ს კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, ასევე იმ გარემოებას, რომ არ არსებობს გ----------------–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ----------------–- თითოეული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 63-ე მუხლის შესაბამისად უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გ----------------–- დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

· ნამწვის ნიმუშები ორ პაკეტად, გ----------------–-სგან აღებული ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს;

· თანხა 6 500 (ექვსი ათას ხუთასი) ლარი და 225 (ორას ოცდახუთი) ლარი - დაუბრუნდეს დაზარალებულ შპს ,,ლ--------------------’’.

· სეიფი, ,,ბოშის’’ ფირმის დრელი, ე.წ. ,,შარშკა“ (წრიული ფორმის ხერხი) და სახრახნისი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ----------------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, გ----------------–- დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახით და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, გ----------------–-ს მიმართ დანიშნული სასჯელი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 (ოთხი) წელი.

 

გ----------------–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

გ----------------–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 26 ივლისიდან - 2019 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით;

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

· ნამწვის ნიმუშები ორ პაკეტად, გ----------------–-სგან აღებული ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს;

· თანხა 6 500 (ექვსი ათას ხუთასი) ლარი და 225 (ორას ოცდახუთი) ლარი - დაუბრუნდეს დაზარალებულ შპს ,,ლ--------------------’’.

· სეიფი, ,,ბოშის’’ ფირმის დრელი, ე.წ. ,,შარშკა“ (წრიული ფორმის ხერხი) და სახრახნისი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი