განაჩენი

სისხლის სამართლის 07.11.2019
საქმის ნომერი
330100117002146453
თარიღი
07.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4403-17

(--------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

7 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - ლელა შკუბულიანი

სხდომის მდივანი - ნინო დანელია

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-----–------–----–---

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ნ-----–------------

 

ბრალდებული - კ------------- ა------, დაბადებული - 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს-------------------–--------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები.

 

დისპოზიცია: სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2013 წლის 19 თებერვალს, შპს „--------------- (ს/ნ 4--------) დირექტორ კ------------- ა------სა და შპს „-–------------ (ს/ნ 2--------) დირექტორ ლ--–----------–---–- შორის, დაიდო სასაწყობო მიბარების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს „-------------- ვალდებული იყო გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ მიიღო, შეენახა და მიმბარებლის პირველივე მოთხოვნისთანავე დაებრუნებინა შპს „-–------------ კუთვნილი საგზაო ბიტუმი. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „-–------------ 2013 წლის 1 მარტს, 2 მარტს და 1 აპრილს, შპს „თ-----------“ შესანახად მიაბარა 262 870 კგ. საგზაო ბიტუმი (2013 წლის 1 მარტს - 122 300 კგ.; 2013 წლის 2 მარტს - 69 870 კგ.; 2013 წლის 1 აპრილს - 70 700 კგ.), რასთან დაკავშირებითაც შედგენილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტები. ზემოაღნიშნული საგზაო ბიტუმის მიბარების შემდგომ, შპს „--------------- დირექტორმა კ------------- ა------მ 2013 წლის 1 ივლისამდე პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა შპს „-–------------ კუთვნილი 262 870 კგ. საგზაო ბიტუმი, რომლის ღირებულებაც სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით შეადგენს 280 351,54 ლარს.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. კ------------- ა------- მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა არაერთი მტკიცებულება, კერძოდ:

 

2.2. სასაწყობო მიბარების ხელშეკრულებით (----------- დგინდება, რომ შპს „-–------------ წარმომადგენელმა ლ--–----------–---–-- შპს „--------------- დირექტორ კ------------- ა------ს მიაბარა საგზაო ბიტუმი, ხოლო კ------------- ა------მ იკისრა საქონლის შენახვის ვალდებულება. ხელშეკრულების 2.1.8. პუნქტის თანახმად, შ--------–- ვალდებულია მიმბარებლის თანხმობის გარეშე არ ისარგებლოს შესანახად გადაცემული საქონლით, ან არ მისცეს საქონლით სარგებლობის შესაძლებლობა მესამე პირებს.

 

2.3. 2013 წლის 1 მარტის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული სასაწყობო მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე, მიმბარებელმა (შპს „-–------------ წარმომადგენელმა ლ--–----------–---–--) ჩააბარა, ხოლო შემნახველმა (შპს „--------------- დირექტორმა კ------------- ა------მ) ჩაიბარა 122 300 კგ. ბიტუმი.

 

2.4. 2013 წლის 2 მარტის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული სასაწყობო მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე, მიმბარებელმა (შპს „-–------------ წარმომადგენელმა ლ--–----------–---–--) ჩააბარა, ხოლო შემნახველმა (შპს „--------------- დირექტორმა კ------------- ა------მ) ჩაიბარა 69 870 კგ. ბიტუმი.

 

2.5. 2013 წლის 1 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული სასაწყობო მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე, მიმბარებელმა (შპს „-–------------ წარმომადგენელმა ლ--–----------–---–--) ჩააბარა, ხოლო შემნახველმა (შპს „--------------- დირექტორმა კ------------- ა------მ) ჩაიბარა 70 700 კგ. ბიტუმი.

 

2.6. სასაქონლო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად:

- 122 300 კგ. საგზაო ბიტუმის მთლიანი ღირებულება 2013 წლის 1 მარტის მდგომარეობით შეადგენს 127864,65 ლარს; 69870 კგ. საგზაო ბითუმის მთლიანი საბაზრო ღირებულება 2013 წლის 2 მარტის მდგომარეობით - 73049,08 ლარს; 70700 კგ. ბიტუმის მთლიანი საბაზრო ღირებულება 2013 წლის 1 აპრილის მდგომარეობით - 79437,81 ლარს;

- 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, შპს „თ-----------------“ შპს „-–------------ მიერ მიბარებულ 262870 კგ. საგზაო ბიტუმის მთლიანი საბაზრო ღირებულება შეადგენს 304277,28 ლარს და დავალიანების სახით დარჩენილი 223370 კგ. საგზაო ბიტუმის საბაზრო ღირებულება - 258555,24 ლარს;

- 2017 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით, 1 ტონა საგზაო ბიტუმის საბაზრო ღირებულება შეადგენს 840 ლარს, შესაბამისად, 262870 კგ. საგზაო ბიტუმის საბაზრო ღირებულება უტოლდება 220810,8 ლარსა და 223370 კგ. საგზაო ბიტუმის მთლიანი საბაზრო ღირებულება - 187630,8 ლარს.

 

2.7. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა - ნ-----–---------–------

 

2.8. გრაფიკული ექსპერტიზის №------- დასკვნის თანახმად, 2013 წლის 19 თებერვლით დათარიღებულ სასაწყობო მიბარების ხელშეკრულების ბოლო გვერდზე გრაფაში: „დ------------“ 2013 წლის 1 მარტის, 2013 წლის 2 მარტის და 2013 წლის 1 აპრილით დათარიღებულ მიღება-ჩაბარების აქტებზე გრაფებში: „შ--------–-“ კ---------- გვარით არსებული ხელმოწერები შესრულებულია კ------------- ა------- მიერ.

 

2.9. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა - ნ----------------–---–--.

 

2.10. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შპს „--------------- 100%-იანი წილის მფლობელია თ--------------- ხოლო დ------------ - კ------------- ა------.

 

2.11. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე მ--–------------- ჩვენებით დგინდება, რომ გ---------- რაიონის ს------–-------------–-- ე.წ. „---–--- ტერიტორიაზე ჰქონდა ასფალტის ქარხანა. ამავე ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა საგზაო ბიტუმის რეზერვუარები, რომელიც დაახლოებით 300 ტონამდე ბიტუმს იტევდა. 2012 წლის ბოლოდან 2014 წლის დასაწყისამდე აღნიშნული ქარხანა იჯარის ხელშეკრულებით გადასცა შპს „თ-----------“. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, შპს „თ-----------“ ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ რეზერვუარებში მარაგი არ დაუტოვებია.

 

2.12. შპს „--------------- 2013 წლის 29 დეკემბრის, 31 დეკემბრისა და 2014 წლის 18 ივნისის წერილებით დგინდება, რომ შპს „-------------- ადასტურებს შპს „-–---------------- 2013 წლის 19 თებერვალს გაფორმებულ მიბარების ხელშეკრულებას. ამასთან, გამოთქვამს მზადყოფნას კონტრაქტის შესაბამისად არსებული ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.

 

2.13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში- სსსკ) 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა მიერ სადავოდ არ იქნა მიჩნეული - მოწმეების: გ--–---------–----, ლ--–----------–---–--, თ---------------, ვ-–----------–---–--, ნ------------, დ---------------, დ------------–---–-- და რ-----------–---–-- გამოკითხვის ოქმები და მათ მიერ შედგენილი დოკუმენტაცია. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის დროს აღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევა არ მომხდარა.

 

2.14. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ლ--–----------–---–-- გამოკითხვის ოქმებით (-------------------------- დგინდება შპს „-–------------- და შპს „თ-----------“ შორის არსებული მიბარების ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი. მართალია მან ხელშეკრულება კ------------- ა------სთან გააფორმა, თუმცა ბიტუმის დაბრუნებასთან დაკავშირებით ურთიერთობა ჰქონდა თ-------------------, ვინაიდან მას დიდი ხანია იცნობს. მოწმემ დაახლოებით 2013 წლის ზაფხულში, მოიძია ბიტუმის შეძენის მსურველი, რის შემდეგაც დაუკავშირდა შპს „--------------- დამფუძნებელს - თ---------------. საუბრისას ამ უკანასკნელმა განუცხადა, რომ კომპანიას გახარჯული ჰქონდა მის მიერ მიბარებული ბიტუმი და შეპირდა გახარჯული ბიტუმის ღირებულების გადახდას.

 

2.15. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ლ--–----------–---–-- გამოკითხვის ოქმით (----------- დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც მოიძია კლიენტი, დაუკავშირდა შპს „თ-----------“ და მოითხოვა კუთვნილი ბიტუმის დაბრუნება. მას თ--------------- და კ------------- ა------მ უთხრეს, რომ თავდაპირველად გადასცემდნენ ბიტუმის ნაწილს - 39 500 კგ.-ს, რომელიც იმ მომენტში მოიძიეს, ნაწილს კი მოგვიანებით დაუბრუნებდნენ. მართალია მან ხელშეკრულება კ------------- ა------სთან გააფორმა, თუმცა ბიტუმის დაბრუნებასთან დაკავშირებით უშუალო ურთიერთობა ჰქონდა თ-------------------, ვინაიდან მას დიდი ხანია იცნობს. კ------------- ა------ ყოველთვის საქმის კურსში იყო მის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამ ფაქტს მის მიერ მიწერილ წერილზე გაცემული პასუხებიც ადასტურებს (ლ--–----------–---–-- თქმით ოფიციალურ წერილებზე ყოველთვის კ------------- ა------ პასუხობდა). შპს „--------------- მიერ ნაკისრი ვალდებულებების განზრახ შეუსრულებლობის შემდეგ, მან მიმართა პოლიციას.

 

2.16. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ლ--–----------–---–-- გამოკითხვის ოქმით (----------- დამატებით დგინდება, რომ მოწმე სრულად ეთანხმება დაზარალებულად ცნობის დადგენილებას და მასში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. მოწმე ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ კ------------- ა------მ მართლსაწინააღმდეგ მიითვისა მისი კომპანიის კუთვნილი 262 870 კგ. საგზაო ბიტუმი, რაც ანაზღაურებული არ აქვს.

 

2.17. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული თ--------------- გამოკითხვის ოქმით (----------- დგინდება შპს „-–------------- და შპს „თ-----------“ შორის მიბარების ხელშეკრულების გაფორმება, რომლის თანახმად, შპს „-------------- იღებდა ვალდებულებას შეენახა შპს „-–------------ მიერ გადაცემული ბიტუმი. ლ--–----------–---–-- მიერ ბიტუმის მოთხოვნის მომენტში, შპს „თ-----------“ სრულად ჰქონდა გახარჯული შესანახად გადაცემული ბიტუმი, კერძოდ, კომპანიამ აწარმოა და გაყიდა ასფალტი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზუსტი დეტალები ცნობილია კ------------- ა-------თვის. მოწმის გამოკითხვის ოქმიდან აგრეთვე დგინდება, რომ შპს „თ------------“ ლ--–----------–---–- გადასცა 40 ტონა საგზაო ბიტუმი.

 

2.18. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული თ--------------- გამოკითხვის ოქმით (----------- დგინდება იგივე ფაქტობრივი გარემოებები, რაც ასახულია მოწმის 2017 წლის 6 მარტის გამოკითხვის ოქმში. ამასთან, მოწმე დამატებით განმარტავს, რომ შპს „თ-----------“ ძირითადად ხელმძღვანელობდა კ------------- ა------. სწორედ ამ უკანასკნელმა მიიღო ლ--–----------–---–--გან მიბარებული ბიტუმის გახარჯვის გადაწყვეტილება. აღნიშნულ საკითხში თავად არ ჩარეულა.

 

2.19. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ვ-–----------–---–-- გამოკითხვის ოქმით (----------- დგინდება, რომ მას, როგორც აუდიტორს, დაევალა განესაზღვრა რა ოდენობის საგზაო ბიტუმის რეალიზაცია/გახარჯვა უფიქსირდებოდა შპს „თ-----------“, რომლის დოკუმენტური შესყიდვაც არ უფიქსირდებოდა. შემოწმებით დადგინდა, რომ 2013 წლის 19 თებერვლის შემდეგ, შპს „თ-----------“ გარკვეულ პერიოდში გახარჯული ჰქონდა 196 ტონით მეტი ბიტუმი, ვიდრე შეძენა უფიქსირდებოდა. აღნიშნული სხვაობა შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო გადამხდელის მიერ ბიტუმის უსაბუთოდ რეალიზაციის შედეგად.

 

2.20. საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა კ------------- ა------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2013 წლიდან იყო შპს „--------------- დ------------ და, შესაბამისად, აღჭურვილი იყო წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით. სასაწყობო მიბარების ხელშეკრულებაზე (----------- შპს „-–------------ წარმომადგენლის ლ--–----------–---–-- ხელმოწერასთან ერთად ფიქსირდება მისი, როგორც შპს „--------------- დ------------ს ხელმოწერაც. მართალია აღნიშნული ხელშეკრულებით მან იკისრა ბიტუმის შენახვის ვალდებულება, თუმცა ბიტუმის გახარჯვა მასსა და ლ--–----------–---–- შორის არსებული ზეპირსიტყვიერი შეთანხმებითაც იყო შესაძლებელი. მან მიბარებული ბიტუმიდან ლ--–----------–---–- გაატანა 40 ტონა, ხოლო ბიტუმის დარჩენილი ნაწილით დამზადდა ასფალტი, ნაწილი კი გადასცეს სხვადასხვა საწარმოებს. მოწმე საკუთარ უფლებამოსილებას დამფუძნებლის - თ--------------- მითითებით ახორციელებდა, შესაბამისად, მისი შეფასებით, ბიტუმის განკარგვაზე პასუხისმგებლობაც მას ეკისრება.

 

2.21. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, რამდენად დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით (როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში) 1.1. პუნქტში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.22. სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მომენტში კ------------- ა------ იყო შპს „--------------- დ------------. აღნიშნულ გარემოებას, რომელიც დასტურდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, არც თავად ბრალდებული უარყოფს. უფრო მეტიც, კ------------- ა------ თავის ჩვენებაში განმარტავდა, რომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდა ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. ბრალდებულმა აგრეთვე დაადასტურა 2013 წლის 19 თებერვალს, შპს „-–------------ წარმომადგენელ ლ--–----------–---–---- სასაწყობო მიბარების ხელშეკრულების გაფორმებაც. ამდენად, ვინაიდან მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს აღნიშნულ ხელშეკრულებაზე კ------------- ა------- ხელმოწერა, სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ სადავო საკითხზე - დაეუფლა თუ არა კ------------- ა------ შპს „-–------------ მიერ მიბარებულ საგზაო ბიტუმს.

 

2.23. ზემორე ფაქტის დადგენისთვის სასამართლო მართებულად მიიჩნევს ყურადღების გამახვილებას სასაწყობო მიბარების ხელშეკრულების 2.1.8. პუნქტზე, რომლის თანახმად, კ------------- ა------მ იკისრა ვალდებულება, რომ მიმბარებლის თანხმობის გარეშე არ ისარგებლებდა შესანახად გადაცემული საქონლით, აგრეთვე, არ მისცემდა საქონლით სარგებლობის შესაძლებლობას მესამე პირებს. მიუხედავად აღნიშნული უტყუარი წერილობითი დოკუმენტისა, კ------------- ა------ ჩვენების მიცემისას არაერთგზის აღნიშნავდა, რომ მასსა და ლ--–----------–---–- შორის არსებული ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით, მას ჰქონდა შესაძლებლობა განეკარგა მიბარებული ბიტუმი. უფრო მეტიც, ბრალდებულის განმარტებით, იგი საკუთარ უფლებამოსილებას დამფუძნებლის - თ--------------- მითითებით ახორციელებდა, შესაბამისად, ბიტუმის განკარგვაზე პასუხისმგებლობაც მას ეკისრებოდა. სასამართლო კ------------- ა------- ჩვენების შეფასებისას, ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის მიერ არასადავოდ მიჩნეულ მოწმეთა - ლ--–----------–---–-- და თ--------------- გამოკითხვის ოქმებს, რომლის თანახმად, არცერთი მათგანი ადასტურებს კ------------- ა------- ნათქვამს. უფრო მეტიც, ლ--–----------–---–-- განმარტებით, ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების შემდეგ, მას აქტიური მიმოწერა ჰქონდა კ------------- ა------სთან, რომელსაც არასოდეს უარუყვია შპს „ლ----------------“ ბიტუმის გადაცემის ვალდებულების არსებობა. აღნიშნული გარემოება შპს „--------------- წერილებიდანაც დგინდება. რაც შეეხება მოწმე თ---------------, იგი ორჯერ არის გამოკითხული გამოძიების ეტაპზე. 2017 წლის 6 მარტის გამოკითხვის ოქმში თ-------------- უთითებს, რომ შპს „ლ----------------“ ვალდებულების შესრულების კუთხით ზუსტი დეტალები ცნობილია კ------------- ა-------თვის, ხოლო 2017 წლის 11 აგვისტოს გამოკითხვის ოქმში იგი აზუსტებს, რომ უშუალოდ კ------------- ა------მ მიიღო ლ--–----------–---–--გან მიბარებული ბიტუმის გახარჯვის გადაწყვეტილება და რომ აღნიშნულ საკითხში თავად არ ჩარეულა. ეს უკანასკნელი ფაქტი ლ--–----------–---–-- 2017 წლის 26 სექტემბრის გამოკითხვის ოქმითაც დასტურდება, რაც საქმის არსებითი განხილვის დროს, მხარეთა მიერ მიჩნეულ იქნა არასადავო მტკიცებულებად. ამასთან, დაცვის მხარის ვერსიაზე მსჯელობისას, სასამართლოს, როგორც ობიექტურ დამკვირვებელს, უჩნდება ლოგიკური კითხვა: იმ შემთხვევაში, თუკი კ------------- ა------მ ლ--–----------–---–---- შეთანხმებითა და თ--------------- მითითებით გახარჯა მისთვის მიბარებული ბიტუმი (განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც პასუხისმგებელ პირს თავად წარმოადგენდა), რატომ პირდებოდა იგი ოფიციალურ მიმოწერებში დაზარალებულს კუთვნილი ბიტუმის დაბრუნებას და რატომ არ ეუბნებოდა, რომ მოთხოვნილი ბიტუმის გახარჯვა მასთან შეთანხმებით მოხდა? ნაცვლად ამისა, შპს „-------------- არაერთგზის ადასტურებს შპს „-–---------------- 2013 წლის 19 თებერვალს გაფორმებულ მიბარების ხელშეკრულებას და გამოთქვამს მზადყოფნას კონტრაქტის შესაბამისად არსებული ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე (იხ. პუნქტი 2.12.).

 

2.24. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მოწმე ვ-–----------–---–-- გამოკითხვის ოქმსა და თემატური რევიზიის აქტსაც, რომლის თანახმად, 2013 წლის 19 თებერვლის შემდეგ, შპს „თ-----------“ გარკვეულ პერიოდში გახარჯული აქვს 196 ტონით მეტი ბიტუმი, ვიდრე შეძენა უფიქსირდებოდა. მოწმის აღნიშნული განმარტება, რომელიც მისივე თქმით შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო გადამხდელის მიერ ბიტუმის უსაბუთოდ რეალიზაციის შედეგად, კიდევ უფრო ამყარებს ფაქტს, რომ ლ--–----------–---–-- კუთვნილი საგზაო ბიტუმი მართლსაწინააღმდეგ გაიხარჯა.

 

2.25. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბრალდებულის ვერსიის საპირისპირო დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ხოლო კ------------- ა------ს საკუთარი ვერსიის ნამდვილობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისას, უპირველესად ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო აქტით - საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მითვისებისათვის. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დანაშაულის სუბიექტს უფლება აქვს ქონება ჰქონდეს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში და მისი ქმედება მიმართული უნდა იყოს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არსებული ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისკენ. პირი (დანაშაულის სუბიექტი) ქონების მართლზომიერ მფლობელობას ან გამგებლობას უნდა ახორციელებდეს სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობის ან სპეციალური დავალების საფუძველზე. მითვისება გულისხმობს აქტიურ მოქმედებას, რომელიც გამოიხატება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ამოღებაში მისი კანონიერი მესაკუთრისაგან და მის დაუფლებაში საკუთარი თავის სასარგებლოდ. დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას - პირს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, ამასთან, უნდა ითვალისწინებდეს, რომ ამ მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს მესაკუთრისათვის აღნიშნული ზიანის მიყენება. ქმედების მითვისებად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

 

3.3. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები ცალსახა დასტურია იმისა, რომ კ------------- ა------ სამსახურებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, მართლზომიერად ფლობდა შპს „-–------------ მიერ შესანახად მიბარებულ 262 870 კგ. საგზაო ბიტუმს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. ქმედების განხორციელების მომენტში იგი მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით - მას შეგნებული ჰქონდა, რომ ითვისებდა შპს „-–------------ კუთვნილ ქონებას, რომელიც მას სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე ჰქონდა მინდობილი. ამასთან, სასამართლოს შეფასებით კ------------- ა------ ითვალისწინებდა საკუთარი ქმედების შედეგად ქონების მესაკუთრისთვის ზიანის მიყენების ფაქტს და სურდა დამდგარი შედეგი.

 

3.4. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება, კ------------- ა------- მიერ ბრალად შერაცხული ქმედების შედეგად დიდი ოდენობით ზიანის გამოწვევა. ამ საკითხზე მსჯელობისას, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში, დიდი ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნისა და ექსპერტ ნ-----–----------–----- ჩვენების თანახმად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შპს „ლ----------------“ მიყენებული ზიანის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ დიდი ოდენობის ზიანისთვის დაწესებულ 10 000 ლარიან ნიშნულს.

 

3.5. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმტკიცებულ მოსაზრებას, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. FInland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61); მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43). ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის ძირითად არგუმენტზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მას.

 

3.6. საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარე ძირითადად აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ სადავო საკითხი იყო სამოქალაქო სამართლის კოლეგიის განხილვის საგანი. შესაბამისად, ითხოვდა ბრალდებულ კ------------- ა------- გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ მოსაზრებას და თავის მხრივ განმარტავს, რომ მართალია მხარეთა შორის რეალურად არსებობდა მიბარების ხელშეკრულება, რომლის პირობებსაც ხელშეკრულების დონეზე აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტი, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, არ გამორიცხავს დამოუკიდებელი სისხლის სამართლის წარმოების დაწყებას. წინააღმდეგ შემთხვევაში უპასუხოდ დარჩება პირის ქმედება, რომელიც სცდება სამოქალაქო სამართლებრივი დავის ფარგლებს და აშკარად შეიცავს დანაშულის ნიშნებს. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში მხარეთა შორის გაფორმებული მიბარების ხელშეკრულება არის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველი, რაც წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას დანაშაულებრივი გზით ნივთის მითვისებისას, რადგან სწორედ სახელშეკრულებო ურთიერთობა ანიჭებს სუბიექტს უფლებას სხვისი ქონება ჰქონდეს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. კ------------- ა------მ კი, რომელსაც ამგვარი ხელშეკრულების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მართლზომიერად ფლობდა შპს „-–------------ მიერ შესანახად მიბარებულ 262 870 კგ. საგზაო ბიტუმს, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ის.

 

3.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ კ------------- ა------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

4.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.

 

4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რითაც სასჯელი უნდა დაენიშნოს კ------------- ა------ს მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში შეზღუდულია არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნით, რადგან ხსენებული მუხლი უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ კანონით განსაზღვრული სასჯელიდან უნდა შეარჩიოს ის ზომა, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

4.4. სასამართლო სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას სამართლიანობის, პროპორციულობისა და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, ითვალისწინებს კ------------- ა------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (მან ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული); ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (კ------------- ა------ სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე დაეუფლა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ შპს „-–------------ კუთვნილ საგზაო ბიტუმს); დამდგარ შედეგს (კ------------- ა------- ქმედების შედეგად დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი); დანაშაულის მოტივს/მიზანს (მიეთვისებინა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნივთი); ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის სურვილს ჩაედინა დანაშაული); ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (მითვისებული საგზაო ბიტუმის მცირე ნაწილი დაუბრუნდა დაზარალებულს); მის პიროვნებას (საქმეში არსებული მტკიცებულებები ბრალდებულის პიროვნების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა); აგრეთვე იმ გარემოებას, რომ კ------------- ა------მ მტკიცებულებათა ნაწილი მიიჩნია უდავოდ, რითაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

4.5. სასამართლო ზემოაღნიშნულ მსჯელობათა ფონზე, სასჯელის საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ კ------------- ა------ს ძირითად სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა მინიმალურ სანქციასთან მიახლოებული ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად - სამეწარმეო ორგანიზაციაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 წლით. სასამართლოს შეფასებით, კ------------- ა-------თვის დანიშნული სასჯელი, პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ და ეფექტიან საფუძველს, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილ დანაშაულთა ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, რაც საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

 

5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ, ორი ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

კ------------- ა------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

კ------------- ა------ს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციაში მატერიალურად პასუხისმგებელი თანამდებობის დაკავების უფლება.

 

კ------------- ა------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

 

კ------------- ა------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. აგრეთვე, გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გამოყენებული ვალდებულება - საგამოძიებო ორგანოსთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და პასპორტის ჩაბარების თაობაზე.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება -ორი ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლელა შკუბულიანი