განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2019
საქმის ნომერი
110100119002804609
დავის ტიპი
303 1
თარიღი
21.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100119002804609

N1/9-2019

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---- ს------;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ფ------ ა----------;

 

ბრალდებული - ე-------- ჩ--------, დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი შ----–-;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 303-ე მუხლის პირველი ნაწილი (ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია);

 

სხდომის სახე - ღია;

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 27 მარტს, ზესტაფონის რაიონის სოფელ შ----–-ში, სატყეო უბნის საწაბლის სატყეოს კვარტალ N6-ში, ე-------- ჩ--------მ უკანონოდ მოჭრა სამი ძირი წაბლის ჯიშის ხე, რის შედეგადაც გარემოსათვის მიყენებულმა მნიშვნელოვანმა ზიანმა შეადგინა 1849.44 ლარი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედება - ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:

2. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის წარმომადგენლის) სახით დაკითხულმა თ------ კ---------ემ განაცხადა, რომ მუშაობს სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოში, ზესტაფონის სატყეო უბნის უფროსის თანამდებობაზე. როგორც იცის, სატყეოს თანამშრომლების გ.ბ------ისა და მ.კ--------–---–ის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების დროს, აღმოჩენილი იქნა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი. მათ მიერვე დადგენილი იქნა, რომ ხე-ტყე მოჭრა ე-------- ჩ--------მ. შედგენილი იქნა შესაბამისი აქტი, რაც ხელის მოწერით დაადასტურეს სატყეოს თანამშრომლებმა და ე-------- ჩ--------მ. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა კი შეადგინა 1849.44 ლარი. მოწმის განმარტებით, აპრილის თვეში, მის მიერ ადგილზე ნანახი იქნა მოჭრილი ხეები, რომელიც ეყარა იქვე, დაკოტრილი სახით.

 

3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ბ------ემ განაცხადა, რომ მუშაობს სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოში, ტყის მცველის თანამდებობაზე. 2018 წლის 2 აპრილს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და აწარმოებდა გეგმიურ შემოწმებას საწაბლის სატყეოში, კვარტალ N6-ში, რა დროსაც ნახა, რომ მოჭრილი იყო სამი ძირი წაბლის ჯიშის ხე. დაიწყეს მოძიება თუ ვის შეეძლო ეს გაკეთებინა. ე-------- ჩ-------- ჭრის ადგილიდან, დაახლოებით 100 მეტრში ცხოვრობს. ამიტომ მივიდნენ მასთან და გამოკითხეს. საუბრისას, ე--------მ უთხრა, რომ მან მოჭრა ხეები, ვინაიდან სახლში წყალი ჩამოდიოდა და ჭირდებოდა. მოწმის განმარტებით, გეგმიურ შემოწმებას ახორციელებენ ორ კვირაში ერთხელ და წინა შემოწმების დროს, ხეები მოჭრილი არ ყოფილა. ხშირი პერიოდულობით ადგილების შემოწმება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ აღნიშნული ადგილი მისადგომად ადვილია და ხშირია ხეების გაჩეხვის ფაქტი. ე-------- ჩ-------ის განმარტებითვე დაადგინა, რომ მან ხეები რამდენიმე დღით ადრე მოჭრა, დაახლოებით 27 მარტს. სამართალდარღვევის გამოვლენისა და გასაუბრების შემდეგ, შეადგინა აქტი, რაც დაადასტურეს ხელის მოწერით.

 

4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--–---- კ--------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოში, ტყის მცველად. 2018 წლის 2 აპრილს, თანამშრომელ გ.ბ------ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ახდენდა ტყის გეგმიურ შემოწმებას, რა დროსაც საწაბლის სატყეოში, მე-6 კვარტალში აღმოჩენილი იქნა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი. გატარებული ღონისძიებების შედეგად დაადგინეს, რომ ხე-ტყე მოჭრილი იყო ე-------- ჩ-------ის მიერ. აღნიშნული გარემოება, თავად ე-------- ჩ--------მ დაუდასტურა გასაუბრების დროს და უთხრა, რომ ხე-ტყე მოჭრა 27 მარტს. მოწმის განმარტებით, ხე იყო წაბლის ჯიშის დიამატრებით: D0-80სმ, D0-62სმ და D0-64სმ, თანრიგით მე-4.

 

5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ლ--------მა განაცხადა, რომ მუშაობს სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოში, მეტყევედ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოახდინა გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრა, რომელმაც შეადგინა 1849.44 ლარი. ზიანის განსაზღვრა მოხდა სატყეოს თანამშრომლების მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე.

 

6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-----– ა---–------მა განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2018 წლის აგვისტოს თვეში, მონაწილოება მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებასა და საგამოძიებო ექსპერიმენტში. მოახდინა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ე-------- ჩ--------მ უარი განაცხადა ფოტოგადაღებაზე. შედგენილი იქნა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. მოწმის განმარტებით, ორივე საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული იქნა ერთ დღეს და როგორც ახსოვს, თავდაპირველად შემთხვევის ადგილი დათვალიერდა.

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- გ--–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო ე-------- ჩ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო ე.ჩ--------ს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, ამოიღო ბენზოხერხი. მოწმის განმარტებით, მას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე დაშვებული აქვს ტექნიკური შეცდომა, კერძოდ საგამოძიებო ექსპერიმენტის თარიღად მითითებულია 16 მარტი, ნაცვლად 16 აგვისტოსი.

 

8. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ე-------- ჩ--------მ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული დუმილის უფლება.

 

9. 2018 წლის 2 აპრილის აქტით დასტურდება, რომ სატყეო სააგენტოს თანამშრომლების გ------- ბ------ისა და მ--–---- კ--------–---–ის მიერ, ე-------- ჩ-------ის მონაწილოებით შედგენილი იქნა აქტი, მასზედ, რომ ე-------- ჩ--------მ 2018 წლის 27 მარტს ზესტაფონის სატყეო უბნის საწაბლის სატყეოს კვარტალ N6-ში უკანონოდ მოჭრა სამი ძირი წაბლის ჯიშის, სიმაღლით მე-4 თანრიგის ხე, რომლის ფესვების დიამეტრებია: 1) D0-80სმ, 2) D0-62სმ და 3) D0-64სმ - პირველი ხარისხი. აღნიშნული აქტი ხელის მოწერით აქვს დადასტურებული გ------- ბ------ეს, მ--–---- კ--------–---–ს და ე-------- ჩ--------ს.

 

10. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყით გარემოზე მიყენებული ზიანის გაანგარიშებით და სატყეო სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის N12/7380 მიმართვით დასტურდება, რომ გარემოზე მიყენებულმა ზიანმა, სულ, ჯამში შეადგინა 1849.44 ლარი.

 

11. 2018 წლის 16 აპრილის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ ე-–--- გ--–--ის მიერ, ე-------- ჩ-------ისგან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის, შავი ფერის ჩანართებით, შავი ფერის დასაქოქი ღილაკით ბენზო ხერხი, რომელზეც ლათინური ასოებით იკითხება წარწერა „K-PAX 5820“.

 

12. 2019 წლის 16 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით დასტურდება, რომ იმავე დღეს, 11:25 საათიდან, 12:30 საათამდე პერიოდში, გამომძიებელ ე-–--- გ--–--ის მიერ, ექსპერტ ა-----– ა---–------ის და ტყის მცველ მ--–---- კ--------–---–ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა შეთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ზესტაფონის რაიონის სოფელ შ----–-ში, საწაბლის უბანში და წარმოადგენს საწაბლის სატყეოს კვარტალ N6-ს...... ტყე არის ფართოფოთლოვანი და ძირითადად განაშენიანებულია წაბლის ჯიშის ხეები. აღნიშნულ ტერიტორიაზე, სხვადასხვა ადგილებზე არის სამი ცალი წაბლის ჯიშის ხის გადაჭრილი ძირკვები. ერთი ფესვის ყელის დიამეტრი შეადგენს 62 სმ.... მეორე ფესვის ყელის დიამეტრი შეადგენს 64სმ....... მესამე ფესვის ყელის დიამეტრი შეადგენს 80სმ....... ძირკვები არ არის დანომრილი და მონიშნული. ამავე ადგილზე აწყვია ოთხი ცალი მორი. ერთის სიგრძე არის 2.30 მ. ერთი მხარის დიამეტრია 60X56 სმ., მეორე მხარის 80X80 სმ.; მეორის სიგრძეა 2.50 მ. ერთი მხარის დიამეტრია 52X56სმ., მეორე მხარის 56X53სმ.; მესამე მორის სიგრძეა 2.70 მ. რომლის ერთი მხარის დიამეტრია 57X52სმ., მეორე მხარის 46X48სმ; მეოთხე მორის სიგრძეა 2.80 მეტრი, რომლიც ერთი მხარის დიამეტრია 36X49სმ., ხოლო მეორე მხარის 48X46სმ.

 

13. 2018 წლის 16 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ იმავე დღეს, 10:15 საათიდან, 11:10 საათამდე პერიოდში, გამომძიებელ ე-–--- გ--–--ის მიერ, ექსპერტ ა-----– ა---–------ის, ტყის მცველ მ--–---- კ--------–---–ის, სტაჟიორ-პროკურორ გიგა დარსაველიძის და ე-------- ჩ-------ის მონაწილეობით, ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე, ე-------- ჩ--------ს წაეკითხა მის მიერ 2018 წლის 13 აპრილს მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი. მან სიტყვიერად სრულად დაადასტურა გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაცია და თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები მოთავსდნენ ავტომანქანაში და ე-------- ჩ-------ის მითითებით, ზესტაფონის რაიონული სამმართველოდან გაემართნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ შროშის მიმართულებით. ე-------- ჩ--------მ თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე, მაგრამ ფოტოგადაღებაზე განაცხადა უარი. ე-------- ჩ-------ის მითითებით მსვლელობა გაგრძელდა სოფელ შროშის, საწაბლის უბნის მიმართულებით. ე-------- ჩ-------ის მითითებით, მსვლელობა გაგრძელდა საავტომობილო გზის ჩრდილოეთ მხარეს, საწაბლის სატყეო კვარტალ N6-ის მიმართულებით. ე-------- ჩ--------მ აღნიშნა, რომ მან 2018 წლის 27 მარტს აღნიშნულ ტყეში ბენზო-ხერხის გამოყენებით მოჭრა სამი ძირი წაბლის ჯიშის ხე და მისგან დაამზადა ოთხი ცალი მორი. ე-------- ჩ--------მ, საწაბლის სატყეო კვარტალ N6-ში მიუთითა სამ წაბლის ჯიშის ხის გადაჭრილ ძირკვზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული სამი ძირი წაბლის ჯიშის ხე მოჭრა ბენზო-ხერხის გამოყენებით 2018 წლის 27 მარტს. ამის შემდეგ, ე-------- ჩ--------მ მიუთითა ოთხ ცალ მორზე და განმარტა, რომ სამი ძირი წაბლის ჯიშის ხის მოჭრის შემდეგ, დაამზადა აღნიშნული ოთხი ცალი მორი.

 

14. 2018 წლის 25 ოქტომბრის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ იმავე დღეს, 15:05 საათიდან, 15:35 საათამდე პერიოდში, გამომძიებელ ელენე გ--–--ის მიერ, იმერეთის სატყეო სამსახურის ტყის მცველ მ--–---- კ--------–---–ისგან, ზესტაფონის რაიონის სოფელ შ----–-ში ამოღებული იქნა ე-------- ჩ-------ის მიერ უკანონოდ მოჭრილი სამი ძირი წაბლის ჯიშის ხისგან დამზადებული ოთხი ცალი მორი, ზომებით: 1) სიგრძე 2.30 მ. დიამეტრი 60X56 სმ., მეორე მხარის 80X80 სმ.; 2) სიგრძე 2.50 მ. დიამეტრი 52X56სმ., მეორე მხარის 56X53სმ.; 3) სიგრძე 2.70 მ. დიამეტრი 57X52სმ., მეორე მხარის 46X48სმ; 4) სიგრძე 2.80 მეტრი, დიამეტრი 36X49სმ., მეორე მხარის 48X46სმ.

 

15. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის დაცვასთან. დანაშაულის საგანია ხე-ბუჩქნარი, რომელზე ზემოქმედებითაც ხდება დანაშაულის ჩადენა. საერთოდ ტყით სარგებლობის უფლება სანებართვო ხასიათისაა. ეს უფლება წარმოიშობა ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის, დოკუმენტის საფუძველზე. ხე-ტყის დამზადებისათვის საჭიროა ლიცენზია ან ბილეთი, რომელიც ძალაში შედის გაცემის დღიდან. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) აქტიურ ქმედებაში; ბ) შედეგში და გ) მიზეზობრივ კავშირში. გაჩეხვაში იგულისხმება როგორც ხის ტანის გამოცალკევება ფესვებისაგან (მოჭრა, მოხერხვა), ასევე ხისა და ბუჩქნარის ფესვებიანად ამოთხრა. ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა უკანონოა, როცა იგი ხდება სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) ან ბილეთის გარეშე. განსახილველი დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის საკმარისი არაა მხოლოდ მოქმედების (უკანონო გაჩეხვის) ჩადენა. აუცილებელია, ამ ქმედებამ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი. დანაშაულის სუბიექტია 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი. მოტივსა და მიზანს ქმედების ამ დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არ აქვს მნიშვნელობა და მისი დადგენა საჭიროა მხოლოდ სასჯელის ინდივიდუალიზაციისათვის.

 

16. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადგენილია, რომ 2018 წლის 27 მარტს, ზესტაფონის რაიონის სოფელ შ----–-ში, საწაბლის სატყეოს უბნის კვარტალ N6-ში, ე-------- ჩ--------მ უკანონოდ მოჭრა სამი ძირი წაბლის ჯიშის ხე, რის შედეგადაც გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1849.44 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ე-------- ჩ--------მ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა ხე ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

17. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

18. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).

 

19. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).

 

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ე-------- ჩ--------მ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ხე ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ე-------- ჩ-------ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებენ ე-------- ჩ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ის მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

21. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ ე-------- ჩ-------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ფ------ ა----------ს პოზიციას, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ე-------- ჩ-------ის მხრიდან დანაშაულის ჩადენას. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული - ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მტკიცებულებათა თანმიმდევრულობა, შესაბამისობა ერთმანეთთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს მოწმეების მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. სწორედ ასეთ სანდო ჩვენებებს წარმოადგენს მოწმეების გ------- ბ------ის და მ--–---- კ--------–---–ის ჩვენებები. ანუ, სასამართლოს აღნიშნული ჩვენებები უტყუარ მტკიცებულებად მიაჩნია, ვინაიდან მათ მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული სხვა, როგორც პირდაპირი, ასევე, ირიბი მტკიცებულებებით, კერძოდ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით. გარდა ამისა, სასამართლოს არ აქვს მოწმეების გ------- ბ------ის და მ--–---- კ--------–---–ის ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან ისინი თანმიმდევრულად და ერთნაირად აღწერენ 2018 წლის 2 აპრილს, ხე-ტყის უკანონოს გაჩეხის ფაქტის აღმოჩენას. მოწმეებმა, განაცხადეს, რომ პატრულირებისას, როდესაც ახდენდნენ ტყის შემოწმებას, საწაბლის ტყის კვარტალ N6-ში აღმოჩინეს სამი ძირი, წაბლის ჯიშის ხის უკანონოდ მოჭრის ფაქტი. დაიწყეს დამნაშავის ძებნა და გამოკითხვისას, მათ ე-------- ჩ--------მ უთხრა, რომ 27 მარტს, მან მოჭრა აღნიშნული ხეები, ვინაიდან სახლში წყალი ჩამოდიოდა და ჭირდებოდა. შეადგინეს შესაბამისი ოქმი, რაც, როგორც მათ, ასევე, ე-------- ჩ--------მაც დაადასტურა ხელის მოწერით. ის გარემოება, რომ 2018 წლის 27 მარტს, საწაბლის სატყეოს კვარტალ N6-ში ე-------- ჩ-------ის მიერ მოჭრილი იქნა სამი ძირი წაბლის ჯიშის ხე, დადასტურებულია მოწმე ე-------- ჩ-------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომელიც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე და აღნიშნული მტკიცებულება წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს. ხოლო ის გარემოება, რომ მოჭრილი ხეებისგან დამზადებული მორები განთავსებული იყო ჭრის ადგილზე, დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომლიც თანახმადაც, დათვალიერების შედეგად, ტერიტორიაზე, სხვადასხვა ადგილებზე ნანახი იქნა სამი ცალი წაბლის ჯიშის ხის გადაჭრილი ძირკვები და ამავე ადგილზე ეწყო ოთხი ცალი მორი. ის გარემოება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოდგენს პირდაპირი სახის მტკიცებულებას, საკასაციო პალატას, განმარტებული აქვს საქმეზე (2016 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება N561აპ-15, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N44), ზ. ტ-სა და ვ. გ-ის მიმართ, სადაც აღნიშნულია: „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ზ. ტ-სა და ვ. გ-ს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ გამოიყენეს ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის“. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც, სხდომაზე გამოკვლეული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადასტურებულია, რომ მოწმე ე-------- ჩ--------მ მოახდინა ვითარების აღდგენა და გამომძიებელს მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც მის მიერ მოხდა სამი ძირი წაბლის ჯიშის ხის მოჭრა და შემდგომ დახერხილი ხის მორების განთავსება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

22. ე-------- ჩ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

23. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

24. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ე-------- ჩ--------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის მიზანია როგორც ბრალდებულზე, ასევე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ე-------- ჩ-------- არ არის ნასამართლევი, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან, არის სოციალურად დაუცველი (იღებს დახმარებას 80 ლარის ოდენობით) და ოჯახში ცხოვრობს ავადმყოფ, 81 წლის მამასთან ერთად. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, ე-------ი ჩ--------ს საქართველოს სსკ 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჩადენილი ქმედებისათვის, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის (2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება N54-აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3) განმარტებას, რომ „საქართველოს სსკ 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური“. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ე-------- ჩ-------ის მიმართ დანიშნული სასჯელით - ჯარიმით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.

 

25. საქართველოს სსკ 52-ე მუხლის თანახმად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა ნიშნავს მსჯავრდებულისთვის დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების (ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ასევე იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც იძლევა უფლებას ქონებაზე), აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი ფორმის შემოსავლების ან მათი ღირებულების ეკვივალენტური ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ ინიშნება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზეა დანაშაულის საგანი/იარაღი და მისი ჩამორთმევა საჭიროა სახელწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, ასევე, ვინაიდან სახეზეა დანაშაულებრივი გზით ქონების მოპოვება სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-------- ჩ--------ს დამატებით სასჯელად უნდა განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას - ბენზო-ხერხი და ოთხი ცალი, წაბლის ჯიშის ხის მორი (ბენზო-ხერხი ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, ხოლო ხის მორები იმერეთის სატყეო სამსახურის ტყის მცველ მ--–---- კ--------–---–თან).

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

26. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ე-------- ჩ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ე-------- ჩ--------ს დამატებით სასჯელად განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას - ბენზო-ხერხი და ოთხი ცალი ხის მორი;

 

ე-------- ჩ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები: დისკი, მასზე ჩაწერილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალით, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე