გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/728-17(010310017002137947)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 .12.2019 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე
მოსარჩელე - ლ-–--------------
წარმომადგენელი - ლ--------------
მოპასუხე - ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - მ--------------------
მესამე პირი - სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
წარმომადგენელი - ო-–-------–-----
დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების დავალდებულება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2017 წლის 20 სექტემბერს მიღებული #მ/1752-ე ბრძანება მოსარჩელე ლ-–--------------ს 2017 წლის 02 ივნისის #1828/01 განცხადებაზე ქ. ბათუმში გონიოს დასახლებაში მდებარე 1252.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეოა დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ. 05.36.23.090) საცხოვრებელი სახლის მშნებლობის მიზნით მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე. ასევე ბათილად ცნოთ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2017 წლის 21 დეკემბრის #2/20452 უარის თქმის გადაწყვეტილება, კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევის გამო მშენებლობის ნებართვის მოწმობის დაუყონებლივ გაცემასთან დაკავშირებით. ამასათან დაევალოს მოპასუხეს გასცეს მშენებლობის სანებართვო მოწმობა ლ-–--------------ს 2017 წლის 02 ივნისის #1828/01 განცხადებაზე ქ. ბათუმში გონიოს დასახლებაში მდებარე 1252.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ბლოკის ;ა;-ს (ს/კ. 05.36.23.090) კერძოდ, სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. (იხ შესაგბელი)
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმოდგენილი წერილობითი წარმოდგენილი პოზიციით მიჩნევს, რომ არქეოლოგიური დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს ზონაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება განადგურებას, ამასთან ის იზიარებს მოპასუხის პოზიციას. (იხ. წერილობითი მოსაზრება 2019 წლის 10 დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი)
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მოსარჩელემ 2017 წლის 02 ივნისს განცხადებით #1828/01 მიმართა ქ. ბათუმის მერს და მოითხოვა მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება და განცხადებას თან ერთვოდა 2017 წლის 01 ივნისის #2 საგადახდო დავალება მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილია თვითმმართველი ერთეულის ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს საკრებულოს 2013 წლის 31 მაისის #02/829 ბრძანება და 2013 წლის 04 ივნისის #00219 მშენებლობის სანებართვო მოწმობა, რომლის თანახმათაც შეთანხმებული იქნა, ქ. ბათუმში გონიოს დასახლებაში მშენებლობის ნებართვის მიზნით არქიტექტურული პროექტი 2013 წლის 15 მაისის აჭარის ავტონომური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრების საბჭოს გადაწყვეტილებით და გაიცა შესაბამისი ნებართვა, რომელიც ძალაში იყო 2014 წლის 03 აგვისტომდე. ქ. ბათუმის მერის 2014 წლის 13 აგვისტოს #მ/283 ბრძანების თანახმად დაკმაყოფლდა მოსარჩელის 2014 წლის 30 ივლისის #2854/01 განცხადება და გაგრძელდა 2013 წლის 31 მაისს #02/829 ბრძანებით შეთახმებული არქიტექტურული პროექტით საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით გაცემული მშენებლობის ნებათვის მოწმობის ვადა 2015 წლის 06 სექტემბრამდე. 2017 წლის 16 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დასტურდება მოსარჩელის საკუთრების უფლება სამშენებლო ნაკვეთზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იხ. განცხადება, 2013 წლის 31 მაისის #02/829 ბრძანება, 2013 წლის 04 ივნისის #00219 მშენებლობის სანებართვო მოწმობა, 2013 წლის 15 მაისის აჭარის ავტონომური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრების საბჭოს გადაწყვეტილება და 2014 წლის 13 აგვისტოს #მ/283 ბრძანება, 16.10.2017 წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
4.1.2. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2017 წლის 09 ივნისის #1828/01 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მისი 2017 წლის 02 ივნისის #1828/01 განცხადების განხილვა გაგრძელდა ერთი თვით. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2017 წლის 10 ივლისის #1828/01 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მისი 2017 წლის 02 ივნისის #1828/01 განცხადების განხილვა დამატებით გაგრძელდა ერთი თვით. 2017 წლის 02 აგვისტოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის და ურბანული დაგეგმარების სამსახურმა მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და მოითხოვა მოსაზრების წარმოდგენა ლ-–--------------ს 2017 წლის 02 ივნისის #1828/01 განაცხადებასთან დაკავშირებით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს 2017 წლის 17 აგვისტოს #1828/01 კორესპონდეციით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაუშვებლად მიიჩნია ქ. ბათუმში აფსაროსის გზატკცილი #53ა-ში მდებარე 1252.00 კვ.მ მიწის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოების ჩატარება. გამომდინარე აქედან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 სექტემბრის #მ/1752 ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მოქცეულია გონიო-აფსაროსის არქიტექტურული-არქეოლოგიურ კომლექსის არქეოლოგიური ზონის ფარგლებში, სადაც აკრძალულია ნებისმიერის საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს ზონაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას, განადგურებას მის აღთქმის გაუარესებას ან ხელს შეუშლის მასზე სრულფასოვანი მეცნიერული კვლევის ჩატარებას. უარის თქმის საფუძველი გახდა ასევე ის, რომ გონიო-აფსაროსს გააჩნია ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი და თავისი მხატვრული არქიტექტურული ღირებულებით წარმოადგენს არა მარტო საქართველოს არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ძეგლს. მოსარჩელეს ასევე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2017 წლის 21 დეკემბრის #25/20452 წერილით ასევე ეცნობა, რომ მისი 2017 წლის 19 დეკემბრის #34769/23 განცხადების პასუხად რომ ქ. ბათუმის მერის გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნა ქ. ბათუმის დასახლება გონიოში მდებარე 1252.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მიწის უძრავის ქონების (ს/კ. #05.36.23.090) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან ნაკვეთი მოქცეულია გონიო აფსაროსის არქიტექტურული-არქეოლოგიურ კომპლექსის არქეოლოგიური ზონის ფარგლებში და აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელეს ეხელმძღვანელა მერის მიერ მიღებული #მ/1752 გადაწყვეტილებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2017 წლის 09 ივნისის #1828/01 წერილი, 2017 წლის 10 ივლისის #1828/01 წერილი, 2017 წლის 17 აგვისტოს #1828/01 კორესპონდეცია, 2017 წლის 20 სექტემბრის #მ/1752 ბრძანება, 2017 წლის 21 დეკემბრის #25/20452 წერილი.
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას დარღვეული იქნა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მოთხოვნები - ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება; ;კულტურული მემკვიდრეობის შესახებ; საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე. კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 31-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.
7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
მითითებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2017 წლის 20 სექტემბერს მიღებული #მ/1752-ე ბრძანება და ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2017 წლის 21 დეკემბრის #2/20452 უარის თქმის გადაწყვეტილება წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.3. სასამართლო მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის მე-4 მუხლის თანახმად მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა(მათ შორის, მონტაჟი), ბ) რეკონსტრუქცია, გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება(არ საჭიროებს ნებართვას), დ) დემონტაჟი, ე) ლანდშაფტური მშენებლობა, ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება; ამავე დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ- სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.
ზემოთ ხსენებული დადგენილების 54-ე მუხლის თანახმად 1. მშენებლობის ნებართვის გაცემა წარმოებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. მშენებლობის ნებართვის გამცემი 3 დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ხარვეზის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით.3. მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიიღოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. უარის შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი მშენებლობის ნებართვის მაძიებელს.4. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრულ ვადაზე მეტი, მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. ნებართვის გამცემი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში. 5. მშენებლობის ნებართვის გამცემი, სავალდებულო საექსპერტო დასკვნას დაქვემდებარებულ ობიექტზე უარყოფითი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.6. მშენებლობის ნებართვის გამცემს სავალდებულო საექსპერტო დასკვნას დაქვემდებარებული ობიექტის ნებართვის გაცემის პროცესში, საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, უფლება აქვს ხელმეორედ ჩაუტაროს პროექტს საექსპერტო შეფასება. თუ განმეორებითი საექსპერტო დასკვნაც იქნება დადებითი, ისევე როგორც დამკვეთის მხრიდან განხორციელებული საექსპერტო დასკვნა, მაშინ საექსპერტო შეფასების ჩატარების საფასურს გადაიხდის ნებართვის გამცემი, წინააღმდეგ შემთხვევაში – დამკვეთი. არასწორი საექსპერტო დასკვნის შემთხვევაში დგება ექსპერტის პასუხისმგებლობის საკითხი ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის შესაბამისად. 7. თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული მშენებლობის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება, მშენებლობის ნებართვა გაცემულად ჩაითვლება. ამ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სანებართვო მოწმობა. 8. თუ მშენებლობის ნებართვას გაუვიდა ვადა ისე, რომ მშენებლობა არ არის ნაწარმოები და ამ ხნის განმავლობაში მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების არსებითი მახასიათებლების (მაგ.: განაშენიანების რეგულირების კოეფიციენტების, შენობათა მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლეების და სხვ.) ისეთი ცვლილება, რაც იწვევს ქალაქთმშენებლობითი პირობების, არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეცვლას, ასეთ შემთხვევაში, სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები და არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება ცხადდება ძალადაკარგულად. 9. მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში და მის საფუძველზე გაცემულ სანებართვო მოწმობაში გაიწერება მშენებლობის ის ეტაპები, რომელთა დასრულება საჭიროებს სათანადო ოქმის შედგენას. ამავე დადგენილების 55-ე მუხლის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაშვების შემთხვევაში – ნებართვის მაძიებლის მოთხოვნისთანავე ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ”¨ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: ა) ნებართვის მაძიებელს გადასცეს მშენებლობის ნებართვის მოწმობა და დამოწმებული სამშენებლო დოკუმენტის მინიმუმ სამი და დამკვეთის მოთხოვნით – მაქსიმუმ ექვსი კომპლექტი; ბ) დაიტოვოს 2 დამოწმებული საკონტროლო ეგზემპლარი საარქივო და საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად; გ) უზრუნველყოს 1 საკონტროლო ეგზემპლარის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის ორგანოში გადაგზავნა; დ) ციფრული ეგზემპლარი, მისი არსებობის შემთხვევაში, დაიტოვოს არქივისათვის. მუხლი 56. 1. მშენებლობის ნებართვა გაიცემა მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებში განსაზღვრული გონივრული ვადით. 2. მშენებლობის ნებართვის ვადის დინება იწყება მშენებლობის ორგანიზების პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დაწყების დღეს. ხოლო ამავე დადგენილების 57-ე მუხლის თანახმად 1. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო ობიექტზე არ არის განხორციელებული ისეთი სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც ამ დადგენილების შესაბამისად საჭიროებენ მშენებლობის ახალ ნებართვას. 2. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის დამკვეთმა ან მისმა წარმომადგენელმა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე წერილობით უნდა მიმართოს მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ, მიმართვას უნდა დაურთოს დარჩენილი სამუშაოების მშენებლობის ორგანიზების პროექტი და მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გონივრული ვადა. 3. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისას მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მშენებლობის დასრულების თარიღის შეცვლის შესახებ, რის თანახმადაც ცვლილებები შედის სანებართვო მოწმობაში. 4. თუ დამკვეთი ან მისი წარმომადგენელი მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადებით მიმართავს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მშენებლობის ახალი ნებართვის მიღება. 5. დამკვეთი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას დაურთოს დარჩენილი სამუშაოების მშენებლობის ორგანიზების პროექტი, მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გონივრული ვადა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად გადახდილი მოსაკრებლის ახალი ქვითარი.6. მშენებლობის ახალი ნებართვის გაცემისას მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით გასცემს მშენებლობის ნებართვას. 7. სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის შემთხვევაში მშენებლობის ახალი ნებართვა გაიცემა დადგენილების 63-ე მუხლის შესაბამისად.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, სასამართლო თვლის რომ მოსარჩელეს სადაო გასაჩივრებული აქტებით სამართლიანად ეთქვა უარი მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია თვითმმართველი ერთეულის ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს საკრებულოს 2013 წლის 31 მაისის #02/829 ბრძანება და 2013 წლის 04 ივნისის #00219 მშენებლობის სანებართვო მოწმობა, რომლის თანახმათაც შეთანხმებული იქნა, ქ. ბათუმში გონიოს დასახლებაში მშენებლობის ნებართვის მიზნით არქიტექტურული პროექტი 2013 წლის 15 მაისის აჭარის ავტონომური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრების საბჭოს გადაწყვეტილებით და გაიცა შესაბამისი ნებართვა, რომელიც ძალაში იყო 2014 წლის 03 აგვისტომდე. ქ. ბათუმის მერის 2014 წლის 13 აგვისტოს #მ/283 ბრძანების თანახმად დაკმაყოფლდა მოსარჩელის 2014 წლის 30 ივლისის #2854/01 განცხადება და გაგრძელდა 2013 წლის 31 მაისს #02/829 ბრძანებით შეთახმებული არქიტექტურული პროექტით საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით გაცემული მშენებლობის ნებათვის მოწმობის ვადა 2015 წლის 06 სექტემბრამდე. უდაო ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არც მშნებლობის ნებართვის გაცემის პერიოდში და არც მშენებლობის ვადის გაგრძელების პერიოდშიც ქ. ბათუმის დასახლება გონიოში მდებარე 1252.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მიწის უძრავის ქონების (ს/კ. #05.36.23.090) რაიმე სამშენბლო სამუშაოები არ ჩაუტარებია, კერძოდ სამსართული საცხოვრებელი სახლის (ბლოკის ;ა; მშებლობაზე) მხოლოდ დასარულებულია ბლოკი (;ბ-თი) განსაზღვრული ერთსართული სახლის მშენებლობა. (იხ. ფოტომასალა).
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 57-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახად ადმინისტრაციულ ორგანო მიერ მშენებლობის ვადის გაგრძელება არ ხდება, ასეთ შემთხვევაში საჭიროა მშენებლობის ახალი ნებართვის მიღება, ხოლო მშენებლობის ნებათვის გაცემის თაობაზე ადმისტრაციული ორგანოს მიერ გათვალისწინებული იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს 2017 წლის 17 აგვისტოს #1828/01 კორესპონდეცია, კერძოდ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაუშვებლად მიიჩნია ქ. ბათუმში აფსაროსის გზატკცილი #53ა-ში მდებარე 1252.00 კვ.მ მიწის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოების ჩატარება, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მოქცეულია გონიო-აფსაროსის არქიტექტურული-არქეოლოგიურ კომლექსის არქეოლოგიური ზონის ფარგლებში, სადაც აკრძალულია ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს ზონაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას, განადგურებას მის აღთქმის გაუარესებას ან ხელს შეუშლის მასზე სრულფასოვანი მეცნიერული კვლევის ჩატარებას. უარის თქმის საფუძველი გახდა ასევე ის, რომ გონიო-აფსაროსს გააჩნია ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი და თავისი მხატვრული არქიტექტურული ღირებულებით წარმოადგენს არა მარტო საქართველოს არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ძეგლს. უდავოა ის გარემოება, რომ გონიო-აფსაროსს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი. ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 75-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი) ფუნქცია შემოიფარგლება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დამცავ ზონებში დოკუმენტაციის შეთანხმებით. სააგენტო წარმოდგენილ პროექტს და თანდართულ დოკუმენტაციას სწავლობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით, რათა არ დაუშვას ისეთი საქმიანობა, რომელიც დააზიანებს ან დაზიანების საფრთხეს შეუქმნის ძეგლს, ან გააუარესებს მის აღქმას ან გამოყენებას. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის თანახმად, 1. დამცავი ზონის დადგენის მიზნებია: მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის, ძეგლების, კულტურული ღირებულების მქონე ურბანული ქსოვილისა და ცალკეული შენობა-ნაგებობების, ისტორიული განაშენიანების, ქუჩათა ქსელის, გეგმარებითი სტრუქტურის, ისტორიული ლანდშაფტის, არქეოლოგიური ობიექტების არასასურველი ზემოქმედებისაგან დაცვა; მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ბუნებრივი, ისტორიული, ესთეტიკური, ეკოლოგიური გარემოს, მისი ავთენტიკური ელემენტების, ისტორიულად ჩამოყალიბებული ხედებისა და პანორამების, ასევე იმ სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კონტექსტის შენარჩუნება, რომელიც ხელს შეუწყობს ძეგლისა და მისი გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას, ძეგლის, როგორც ისტორიის მოწმის, როლის შენარჩუნებას. 2. დამცავ ზონებში განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა ითვალისწინებდეს ხელსაყრელი გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობების შენარჩუნებას, სანიტარიულ-ჰიგიენური, სეისმური და ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ძეგლებზე და ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე არასასურველი ზემოქმედების თავიდან აცილებას. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისას დაცული უნდა იქნეს ამ სფეროში საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები და ნორმები. 3. დამცავ ზონებში ძეგლების აქტიური ვიზუალური აღქმის სივრცეში დაუშვებელია დიდმასშტაბიანი სარეკლამო აბრების, ელექტრო და სატელეფონო ანძების, სატელევიზიო ანტენების და სხვა დიდმასშტაბიანი მიწისზედა საინჟინრო და ტექნოლოგიური მოწყობილობების განთავსება. 4. დამცავ ზონებში აკრძალულია ისეთი საწარმოო, სატრანსპორტო, სასაწყობო მეურნეობისა და სხვა ობიექტების მშენებლობა, რომლებიც ხანძარსაშიშია, წარმოქმნის ძლიერ სატვირთო და სატრანსპორტო ნაკადებს, აჭუჭყიანებს ჰაერისა და წყლის აუზებს. 5. საზოგადოებრივი სივრცის კეთილმოწყობის საშუალებები იმგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ ისინი ჰარმონიულად ერწყმოდეს ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს. ქალაქგეგმარებითი პოლიტიკა და მართვის პრინციპები. ;კულტურული მემკვიდრეობის შესახებ; საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი არის ტერიტორია ფიზიკური დაცვის არეალის მიღმა, რომლის ცვლილებაც გავლენას ახდენს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე ან/და ძეგლის სრულფასოვან აღქმაზე. ;ბ; ქვეპუნქტის თანახმად ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისათვის – 500 მეტრის რადიუსით; ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელზე დართული მტკიცებულებით კი დადგენილია, რომ შპს ;გონიო XXII;-ის მიერ მოსარჩელის დაკვეთით 2017 წლის 25 აგვისტოს ცნობით დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრება გონიოს ციხიდან დაშორებულია 193-ე მეტრით. ;კულტურული მემკვიდრეობის შესახებ; საქართველოს კანონის 34-ე მუხლი 1-2 პუნქტების შესაბამისად 1. კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების სტრუქტურა შედგება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონისა და ზოგადი დამცავი ზონებისაგან. 2. ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა შედგება შემდეგი არეალებისაგან: ა) ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი; ბ) ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი.3. ზოგადი დამცავი ზონებია: ა) ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა; ბ) განაშენიანების რეგულირების ზონა; გ) ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა; დ) არქეოლოგიური დაცვის ზონა. ამავე კანონის მე-40 მუხლის 1-3 პუნქტები შესაბამისად 1. არქეოლოგიური დაცვის ზონად განისაზღვრება ტერიტორია, სადაც გამოვლენილი, დაფიქსირებული ან დაზვერილია კულტურული ფენები ან/და არქეოლოგიური ობიექტები. 2. არქეოლოგიური დაცვის ზონის დადგენის მიზანია მასში არსებული არქეოლოგიური ძეგლების, კულტურული ფენების, გამოვლენილი ან დაზვერილი არქეოლოგიური ობიექტებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების დაცვის უზრუნველყოფა. 3. არქეოლოგიური დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს ზონაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას, განადგურებას, მისი აღქმის გაუარესებას ან ხელს შეუშლის მასზე სრულფასოვანი მეცნიერული კვლევის ჩატარებას, მათ შორის: ა) მიწის სამუშაოები, გარდა სასოფლო-სამეურნეო და არქეოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებული მიწის სამუშაოებისა; ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების, აგრეთვე არქეოლოგიური გათხრების დროს დაგროვილი ფუჭი ქანების დაყრა. (26.12.2014. N3001 ამოქმედდეს 2015 წლის 15 იანვრიდან)
7.4. საქართველოს კონსტიუციის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. კულტურული მემკვიდრეობა დაცულია კანონით. შესაბამისად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდელბულება კონსტიტუციური რანგისაა და ყველა ვალდებულია დაიცვას და გაუფრთხილდეს მას. შესაბამისად ქ, ბათუმის მერიამ მიიჩნია სადაო აქტებით ის, რომ ვინაიდან დაგეგმილი მშენებლობა მიუღებელი იყო კულტურული თვალსაზრისით არ უნდა დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელის განცხადება მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართის გაცემის თაობაზე.
სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის დამკვეთმა მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლამდე უნდა მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ შესაძლებელია არა ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება, არამედ მშენებლობის ახალი ნებართვის მიღება („მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.09წ. N57 დადგენილების 57-ე მუხ.). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს განცხადებით მოთხოვნილი იქნა მშენებლობის ნებათვის ვადის გაგრძელება, ხოლო სადაო აქტებით მოსარჩელეს უარი უთხრეს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ამდენად, განმცხადებლის ნება მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების შესახებ სავსებით ცხადი იყო, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოთხოვნის კორექტირების შესაძლებლობა არ ადასტურებს მოთხოვნის ფარგლების გაცდენას და აღნიშნულის გამო გამოცემული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლის არსებობას. მართალია მოსარჩელე თავის მოსაზრებაში მიუთითებს მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ბრძანების პროცედურული წესების დარღვევით გამოცემის თაობაზე, თუმცა აღნიშნული იმთავითვე არ ქმნის აქტის ბათილად ცნობის საკმარის საფუძველს, ვინაიდან ადგილი არ ჰქონია არსებით დარღვევას (სზაკ-ის 601.2 მუხ.), რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
7.5.სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ,,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის’’ 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლის ითვალისწინებს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს გამონაკლის შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანხამად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შეთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე ადასტურებდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთებულობას, ხოლო მოსარჩელემ ვერ გააბათილა გადაწყვეტილების დასაბუთება, წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით და მასში მოყვანილი ფაქტების სინამდვილესთან შესაბამისობაში.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ქმედების დავალდებულების თაობაზე წარმოადგენს ძირითადი სარჩელის მოთხოვნის თანმდევ შედეგს, რომლის დაკმაყოფილებაც შესაძელებელი იქნებოდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში.
8. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 100 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი;
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა;
1. ლ-–--------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე კობა გოცირიძე