გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/22307-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
27 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - შორენა აბჟანდაძე
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - ჯ---–---- კ--------ი
წარმომადგენელი - გ--------------–---–-
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - თ-------- ჯ---–---–ი
წარმომადგენელი - გ------------–-–---–ი
თავდაპირველი სარჩელის დავის საგანი - თანხის დაკისრება
შეგებებული სარჩელის დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე თ-------- ჯ---–---–ს მოსარჩელე ჯ---–---- კ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 474 856.64 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 450 000.00 აშშ დოლარი, პროცენტი - 16 875.00 აშშ დოლარი და ჯარიმა - 7981.64 აშშ დოლარი.
1.2. მოპასუხე თ-------- ჯ---–---–ს მოსარჩელე ჯ---–---- კ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 08 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ზიანის სახით 466 875.00 აშშ დოლარის წლიური 2 პროცენტის ანაზღაურება.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2017 წლის 2 იანვარს, ერთი მხრივ, ჯ---–---- კ--------ის და მეორე მხრივ, თ-------- ჯ---–---–ს დადებულ იქნა სესხის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც, გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა 450 000 აშშ დოლარი, სესხის სახით. ხელშეკრულების 2.2 მუხლით დასტურდება, რომ ხელშეკრულების დადების დღისთვის მსესხებელს მიღებული ჰქონდა სესხი სრულად. ხელშეკრულების 3.1. მუხლის თანახმად, სესხს დაერიცხა პროცენტი წლიური 15%-ანი განაკვეთით. ხელშეკრულების 4.1. მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებული გახლდათ, სრულად დაეფარა სესხი აშშ დოლარში დაფარვის თარიღისთვის, ხოლო ხელშეკრულების მიხედვით, დაფარვის თარიღს წარმოადგენდა ნებისმიერი თარიღი, ხელშეკრულების დადებიდან 2018 წლის 31 მარტამდე. სესხის ხელშეკრულების 3.4 მუხლის საფუძველზე, მხარეებმა განსაზღვრეს პირგასამტეხლო, წლიური 2%-ის ოდენობით, რომელიც დაერიცხებოდა ნებისმიერ თანხას, რომლის გადახდის ვადა იყო დამდგარი, მაგრამ არ იქნებოდა გადახდილი მსესხებლის მიერ, გადახდის თარიღიდან ფაქტობრივი გადახდის თარიღამდე.
მსესხებლის მამის, მ------ ჯ---–---–ის მეშვეობით, განხორციელდა პროცენტის ნაწილობრივ გადახდა, კერძოდ, 24.04.2017 წელს გადახდილ იქნა 17 000 აშშ დოლარი, 12.07.2017 წელს – 16 875 აშშ დოლარი, 17.10.2017 წელს 16 875 აშშ დოლარი და 11.01.2018 წელს ასევე 16 875 აშშ დოლარი. თუმცა, სესხის გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, სესხის ძირი თანხა 450 000 აშშ დოლარი და დარჩენილი პროცენტი 16 875 აშშ დოლარი დღემდე გადაუხდელია.
2018 წლის 04 აპრილის მიწერილობით, გამსესხებელმა მსესხებელს გაუგზავნა მოთხოვნა, აღნიშნული მიწერილობის მიღებიდან 3 დღის ვადაში სესხის დაფარვის შესახებ. 2018 წლის 19 ოქტომბერს, მსესხებელმა სატელეფონო (,,ვაიბერ“) შეტყობინებით აუწყა გამსესხებელს, რომ ის მუშაობდა მისი (გამსესხებლის) ფულის მოძიებასთან დაკავშირებით. 2018 წლის 25 აპრილს კი, მსესხებელმა ელექტრონული ფოსტის სახით, ორი წერილი გაუგზავნა გამსესხებელს, რომელთაგან, ერთს დაურთო ადრე უკვე გაგზავნილი 2018 წლის 04 აპრილის გადახდის მიწერილობა, სესხის დაბრუნების მოთხოვნით, ხოლო მეორე წერილში გამსესხებელმა აუწყა თ-------- ჯ---–---–ს, რომ 2018 წლის 19 აპრილის ,,ვაიბერ“ შეტყობინებიდან გამომდინარე, რომლითაც მსესხებელი იუწყებოდა, რომ მუშაობდა სესხის დაბრუნებაზე. 2017 წლის 03 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებელს გადასახდელი ჰქონდა ძირი თანხა 450 000 აშშ დოლარის ოდენობით და პროცენტი - 16 875 აშშ დოლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თ-------- ჯ---–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ჯ---–---- კ--------ს მოპასუხისთვის - თ-------- ჯ---–---–ისთვის თანხა არასდროს უსესხებია და არც რაიმე სახით გადაუცია ან გადაურიცხავს მისთვის. მოსარჩელე ვერ წარმოადგენს ვერც ერთ მტკიცებულებას, რომლითაც დადასტურდება ამ თანხის გადარიცხვის ან თუნდაც ხელზე მიწოდების ფაქტი, მეტიც, ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის მოსარჩელე და მოპასუხე სხვადასხვა ქვეყნებში იმყოფებოდნენ და შეუძლებელი გახლდათ თანხის ხელზე გადაცემაც. 2017 წლის 02 იანვრის სესხის ხელშეკრულება სინამდვილეში წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას და მხარეთა შორის დადებულია ჯ---–---- კ--------ის და მოპასუხის მამის, მ------ ჯ---–---–ს შორის დადებული გარიგების გადასაფარად, რომელი გარიგების შესაბამისადაც ჯ---–---- კ--------მა მიიღო სოლიდური ღირებულების წილი ლიტვურ კომპანიაში. საქმე შეეხება ჯ---–---- კ--------ის და მ------ ჯ---–---–ის 2014 წელს დაწყებულ საერთო ბიზნესს ლიტვასა და ვენესუელაში.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხის მამის მიერ რამოდენიმეჯერ განხორციელდა 2017 წლის 2 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტების გადახდა, ხოლო პროცენტების ნაწილი და ძირითადი თანხა დღემდე გადაუხდელია. პირველ რიგში მოსარჩელის მიერ დადასტურდა, რომ მას ფულადი ვალდებულება ჰქონდა არა ვითომდა სესხის ამღებ თ-------- ჯ---–---–თან, არამედ მის მამასთან, რომელთანაც ბიზნეს ურთიერთობა აკავშირებდა. მ------ ჯ---–---–ის მიერ გადახდილი თანხები იყო არა პროცენტები სესხის თანხაზე, არამედ ის სავარაუდო მოგება, რასაც მოსარჩელე მოელოდა საერთო ბიზნესისგან. იმის გამო, რომ ბიზნესმა დაგეგმილზე გვიან დაიწყო ფუნქციონირება, მ------ ჯ---–---–ი იძულებული გახდა გადაეხადა მოსარჩელისთვის სავარაუდო მოგება, რათა მას არ დაეკარგა ინტერესი საერთო ბიზნესის მიმართ და არ მოეთხოვა წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა.
მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ თ-------- ჯ---–---–ს მოსარჩელე ჯ---–---- კ--------თან მსგავსი ,,ვაიბერ“ მიმოწერა არ უწარმოებია. სარჩელზე თანდართული მიმოწერის ნიმუშის მსგავსი ამონაბეჭდის შექმნა ან ტელეფონის მეშვეობით მისი დამზადება უმარტივეს ამოცანას წარმოადგენს. იგივე წარმატებით თ-------- ჯ---–---–ს შეუძლია შექმნას მსგავსი მიმოწერის ამონაბეჭდი ჯ---–---- კ--------თან და მისი სახელით მიუთითოს, რომ იგი მადლობელია თანხის სრულად და დროულად დაფარვისთვის.
მოპასუხე მხარემ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მიმართებაში მიუთითა, რომ გადასახდელი თანხის წლიური 2% არ წარმოადგენს გონივრულ ოდენობას.
2.2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:
2.2.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 02 იანვარს ჯ---–---- კ--------ს და თ-------- ჯ---–---–ს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება.
შეგებებული სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
თ-------- ჯ---–---–ის მამას, მ------ ჯ---–---–ს საკუთრებაში გააჩნდა ლიტვაში დაფუძნებული კომპანიის შპს რ--------ა-ს საწესდებო კაპიტალში 1000 ჩვეულებრივი სახელობითი აქცია, რაც შეადგენს საწესდებო კაპიტალის 100%-ს. 2015 წლის 11 ივნისს მ------ ჯ---–---–სა და ჯ---–---- კ--------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება შპს რ--------ას ჩვეულებრივი სახელობითი აქციების ნასყიდობაზე, რომლითაც მ------ ჯ---–---–მა ჯ---–---- კ--------ს მიჰყიდა შპს რ--------ას 150 ჩვეულებრივი სახელობითი აქცია, რაც შეადგენს შპს რ--------ას საწესდებო კაპიტალის 15%-ს.
მხარეთა შეთანხმებით საერთო ბიზნესში უნდა მომხდარიყო ინვესტიციების განხორციელება, სადაც ჯ---–---- კ--------ის შენატანი, მისი 15%-იანი წილის გათვალისწინებით, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 450 000 აშშ დოლარით. შენატანების შემდეგ მხარეებს უნდა განეხორციელებინათ ბიზნესი ვენესუელაში, რაც გამოიხატებოდა უძრავი ნივთის შეძენაში. ვენესუელაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური გარემოებებიდან გამომდინარე უძრავი ქონების შეძენა გაჭიანურდა დროში, რამაც მოპასუხის - ჯ---–---- კ--------ის ვნებათაღელვა გამოიწვია, მას შეეშინდა ჩადებული თანხის დაკარგვის და პარტნიორს - მ------ ჯ---–---–ს მოსთხოვა გარკვეული გარანტიები, რომ თუ ვენესუელაში დაგეგმილი უძრავი ქონების შეძენის პროექტი არ გამოვიდოდა, სჭირდებოდა გარკვეული გარანტიები, რომ თანხას დაიბრუნებდა უკან, ან იქნებოდა სათანადოდ უზრუნველყოფილი. სწორედ ამ მიზნით 2017 წლის 2 იანვარს დაიდო თვალთმაქცური სესხის ხელშეკრულება თ-------- ჯ---–---–ს და ჯ---–---- კ--------ს შორის, რომლებიც ამავდროულად მეგობრული ურთიერთობითაც იყვნენ დაკავშირებული.
გარდა ზემოთაღნიშნულისა, იმის გამო, რომ მოპასუხეს თავი კომფორტულად ეგრძნო და გარკვეული თანხებიც მიეღო, მას რამოდენიმეჯერ მიეცა ფულადი ანაზღაურება მ------ ჯ---–---–ისაგან, რასაც კ--------ი ასაღებს პროცენტების სახით მისაღებ თანხად. სინამდვილეში კი სესხის ხელშეკრულება თვალთმაქცურია, ჯ---–---- კ--------ის მიერ თ-------- ჯ---–---–ისთვის არასოდეს მომხდარა თანხის სესხება, მის მიერ თანხა გადაეცა თ-------- ჯ---–---–ის მამას - მ------ ჯ---–---–ს საერთო ბიზნესში (კომპანია „რ--------ა“) შენატანის განსახორციელებლად, რაც წარმოადგენდა პარტნიორის შენატანს.
დღევანდელი მდგომარეობით, ერთის მხრივ ჯ---–---- კ--------ის თანხით მ------ ჯ---–---–ს, საერთო კომპანიის სახელით უკვე შეძენილი აქვს შესაბამისი ღირებულების ქონება, ხოლო მეორეს მხრივ ჯ---–---- კ--------ი იგივე თანხას სთხოვს თ-------- ჯ---–---–ს სესხის სახით, რაც დაუშვებელი და უკანონოა.
2.3. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია
2.3.1. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც აქციების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებასა და სადავო სესხის ხელშეკრულებას შორის რაიმე, თუნდაც სავარაუდო კავშირს დაადასტურებდა. 2015 წლის 11 ივნისის აქციების ყიდვა გაყიდვის ხელშეკრულებას არავითარი კავშირი გააჩნია მხარეთა შორის არსებულ სასესხო ურთიერთობასთან. შეგებებული სარჩელის ავტორი ამაოდ ცდილობს აღნიშნული გარიგების დაკავშირებას სასესხო ურთიერთობებთან და სესხის ხელშეკრულების ე.წ. თვალთმაქცური ხასიათის წარმოჩენას. წარმოდგენილი აქციების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით, ხელშეკრულების საგანია კომპანია რ--------აში აქციების გარკვეული რაოდენობა, რომელსაც გამყიდველი (მ------ ჯ---–---–ი) გადასცემს მყიდველს, ჯ---–---- კ--------ის, ხოლო ეს უკანასკნელი ვალდებულია, გადაუხადოს გამყიდველს ნასყიდობის ფასი, რაც წარმოდგენილი ხელშეკრულების მიხედვით შეადგენს 4344 ევროს. აღნიშული ხელშეკრულებით, მით უფრო სხვა ნებისმიერი დოკუმენტით არ დასტურდება და ვერც დადასტურდება მხარის მიერ სადავოდ გამხდარი სესხის ხელშეკრულების მოჩვენებითი და/ან თვალთმაქცური ხასიათი, ამგვარის არ არსებობის გამო. მხარეთა შორის, ადრეც არსებობდა სასესხო ურთიერთობები, კერძოდ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც ჯ---–---- კ--------ისა და თ-------- ჯ---–---–ს შორის დადებულ იქნა 05.08.2013 წ. ხოლო უზრუნველყოფის სახით გამოყენებულ იქნა თ-------- ჯ---–---–ის უძრავი ქონება, რომელი ქონებაც დღემდე იპოთეკით არის დატვირთული. სწორედ აღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თ-------- ჯ---–---–ის სახელით, თანხის როგორც მიღება, ისე, გამსესხებლის მიმართ გადარიცხვა ხორციელდებოდა, მისი მამის, მ------ ჯ---–---–ის მიერ.
დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა მოსარჩელის განცხადება იმის თაობაზე, თითქოს ფულადი თანხები, რაც მ------ ჯ---–---–ის ანგარიშიდან იქნა გადარიცხული ჯ---–---- კ--------ის მიმართ, წარმოადგენენ არა სადავო სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტებს, არამედ თითქოს. ეწ. "ანაზღაურებას". აღნიშნული ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდების მცდელობას. შეგებებული სარჩელის ავტორი აცხადებს, რომ ჯ---–---- კ--------ის თანხით მ------ ჯ---–---–ის მიერ, კომპანიის (სავარაუდოდ რ--------ას) სახელით შეძენილია შესაბამისი ღირებულების ქონება, ხოლო მეორე მხრივ, ჯ---–---- კ--------ი იგივე თანხას თხოვს თ-------- ჯ---–---–ს სესხის სახით, რაც დაუშვებელია. ჯერ ერთი, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც აღნიშნულ გარემოებას დაადასტურებდა, კერძოდ იმას, რომ ჯ---–---- კ--------ისგან მიღებული თანხა წარმოადგენდა არა სესხის თანხას, არამედ კომპანიაში შენატანს.
როგორც შეგებებული სარჩელის ავტორი აცხადებს, რადგან თანხის გადახდა მ------ ჯ---–---–ის ანგარიშიდან ხდებოდა, აღნიშნული ფაქტი ადასტურებდა გარემოებას, რომ თითქოს, თ-------- ჯ---–---–სა და ჯ---–---- კ--------ის შორის სასესხო ურთიერთობა სინამდვილეში თვალთმაქცურ გარიგებას წარმოადგენდა და რომ მ------ ჯ---–---–ის მიერ ჯ---–---- კ--------ისთვის თანხის გადახდა ადასტურებდა ამ უკანასკნელებს შორის სხვა ურთიერთობის არსებობას. მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ დამატებითი მტკიცებულებების სახით სასამართლოს წარმოუდგენ სხვადასხვა პერიოდში ჯ---–---- კ--------ის დედის, რ----------–- კ------ის მიერ მ------ ჯ---–---–ისთვის თანხების გადარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტებს, რაც ჯ---–---- კ--------ის სახელით ხორციელდებოდა. რა თქმა უნდა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ჯ---–---- კ--------ის დედას და მ------ ჯ---–---–ს საერთო ბიზნესი ჰქონდათ და აღნიშნული ტრანზაქციის დაფარვის მიზნითაც იქნა დადებული სადავო ან სხვა სესხის ხელშეკრულება. ჯ---–---- კ--------ის მიმართ ასევე თანხის გადახდა განხორციელდა ვ------- ჯ---–---–ის ანგარიშიდანაც 29.12.2016 წელს, თუმცა, აღნიშნულ გარემოებებს არავითარი კავშირი არ გააჩნია სადავოდ გამხდარ სესხის ხელშეკრულებასთან, რომელიც მხარეთა შორის დადებულ იქნა 02.01.2017 წ.
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 02 იანვარს, ჯ---–---- კ--------ს და თ-------- ჯ---–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ჯ---–---- კ--------მა თ-------- ჯ---–---–ს ასესხა 450 000 აშშ დოლარი, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 მარტამდე ვადით. ხელშეკრულების 2.2 მუხლის თანახმად, მხარეებმა დაადასტურეს, რომ გამსესხებელმა სრულად გადასცა აღნიშნული სესხი მსესხებელს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დღეს.
ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, სესხს დაერიცხებოდა წლიური 15%. 3.2 მუხლის თანახმად, პროცენტი მსესხებელს უნდა გადაეხადა არსებული დავალიანების მიხედვით და პროპორციულად თითოეული საპროცენტო პერიოდის ბოლოს, რომელთაგან პირველი დასრულდებოდა 2017 წლის 31 მარტს. 3.4 მუხლის თანახმად, საჯარიმო პროცენტი წლიური 2 %-ის ოდენობით დაერიცხებოდა ნებისმიერ თანხას, რომლის გადახდის ვადა დადგა, მაგრამ არ არის გადახდილი მსესხებლის მიერ, გადახდის თარიღიდან ფაქტობრივი გადახდის თარიღამდე. ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო სესხი სრულად დაეფარა სესხის დაფარვის თარიღისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 02 იანვრის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება- იხ. სასამართლო სხდომის ოქმები;
3.1.2. მსესხებელ თ-------- ჯ---–---–ის მამის, მ------ ჯ---–---–ის მეშვეობით, ჯ---–---- კ--------ის სახელზე განხორციელდა რამდენიმე ტრანზაქცია, პირადი გადარიცხვის სახით, კერძოდ, 24.04.2017 წელს გადახდილ იქნა 17 000 აშშ დოლარი, 12.07.2017 წელს – 16 875 აშშ დოლარი, 17.10.2017 წელს 16 875 აშშ დოლარი და 11.01.2018 წელს ასევე 16 875 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო ტრანზაქციები (ს.ფ. 31-38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. მხარეთა განმარტებების საფუძველზე, დადგენილია, რომ 2017 წლის 02 იანვრის ხელშეკრულების ფარგლებში, თ-------- ჯ---–---–ის მიერ ფულადი ვალდებულება შესრულებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 04 აპრილის წერილი (ს.ფ. 39-41);
- მხარეთა ახსნა-განმარტება - (მოპასუხე მხარე იმაზე მითითებით, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ბათილია, გამორიცხავს მის ფარგლებში რაიმე სახის ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტს).
3.1.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ჯ---–---- კ--------ს და თ-------- ჯ---–---–ს შორის 2017 წლის 02 იანვარს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება ასახავს მხარეთა ნამდვილ ნებას.
აღნიშნული გარემოების საფუძვლად სასამართლო მიუთითებს შემდეგს: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავინთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებლს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეში არსებული მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
შეგებებული სარჩელის მოსარჩელე თ-------- ჯ---–---–ის მითითებით, 2017 წლის 02 იანვარს მის მიერ ჯ---–---- კ--------თან დადებული სესხის ხელშეკრულებით, მას არანაირი თანხა არ უსესხია აღნიშნული პირისგან. სინამდვილეში აღნიშნული ხელშეკრულებით გადაიფარა მ------ ჯ---–---–სა (თ-------- ჯ---–---–ის მამა) და ჯ---–---- კ--------ს შორის არსებული ბიზნესპარტნიორული ურთიერთობა. კერძოდ, მხარეთა შეთანხმებით საერთო ბიზნესში უნდა მომხდარიყო ინვესტიციების განხორციელება, სადაც ჯ---–---- კ--------ის შენატანი, მისი 15%-იანი წილის გათვალისწინებით, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 450 000 აშშ დოლარით. შენატანების შემდეგ მხარეებს უნდა განეხორციელებინათ ბიზნესი ვენესუელაში, რაც გამოიხატებოდა უძრავი ნივთის შეძენაში. ვენესუელაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური გარემოებებიდან გამომდინარე უძრავი ქონების შეძენა გაჭიანურდა დროში, რამაც მოპასუხის - ჯ---–---- კ--------ის ვნებათაღელვა გამოიწვია, მას შეეშინდა ჩადებული თანხის დაკარგვის და პარტნიორს - მ------ ჯ---–---–ს მოსთხოვა გარკვეული გარანტიები, რომ თუ ვენესუელაში დაგეგმილი უძრავი ქონების შეძენის პროექტი არ გამოვიდოდა, სჭირდებოდა გარკვეული გარანტიები, რომ თანხას დაიბრუნებდა უკან, ან იქნებოდა სათანადოდ უზრუნველყოფილი. სწორედ ამ მიზნით 2017 წლის 2 იანვარს დაიდო თვალთმაქცური სესხის ხელშეკრულება თ-------- ჯ---–---–ს და ჯ---–---- კ--------ს შორის, რომლებიც ამავდროულად მეგობრული ურთიერთობითაც იყვნენ დაკავშირებული. იმის გამო, რომ ჯ---–---- კ--------ს თავი კომფორტულად ეგრძნო და გარკვეული თანხებიც მიეღო, მას რამოდენიმეჯერ მიეცა ფულადი ანაზღაურება მ------ ჯ---–---–ისაგან, რასაც კ--------ი ასაღებს პროცენტების სახით მისაღებ თანხად. სინამდვილეში კი სესხის ხელშეკრულება თვალთმაქცურია, ჯ---–---- კ--------ის მიერ თ-------- ჯ---–---–ისთვის არასოდეს მომხდარა თანხის სესხება, მის მიერ თანხა გადაეცა თ-------- ჯ---–---–ის მამას - მ------ ჯ---–---–ს საერთო ბიზნესში (კომპანია „რ--------ა“) შენატანის განსახორციელებლად, რაც წარმოადგენდა პარტნიორის შენატანს.
სასამართლო არ იზიარებს შეგებებული სარჩელის მოსარჩელე თ-------- ჯ---–---–ის პოზიციას და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საწინააღმდეგო გარემოებები დასტურდება. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს 2017 წლის 02 იანვრის სესხის ხელშეკრულების 2.2 მუხლზე, რომლის საფუძველზეც მხარეებმა წერილობით დაადასტურეს, რომ გამსესხებელმა სრულად გადასცა აღნიშნული სესხი მსესხებელს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დღეს. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ასევე, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ, მხარეთა შორის არსებული მიმოწერა, რომლის საფუძველზეც ჯ---–---- კ--------ი თ-------- ჯ---–---–ისგან ითხოვდა სესხის თანხის დაბრუნებას, ხოლო თ-------- ჯ---–---–ის პასუხით ასევე დასტურდება თანხების მოძიების მიზნით მისი აქტივობა, რაც მიზნად ისახავდა მის მიერ 2017 წლის 02 იანვრის სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, სესხის თანხის დაბრუნებას. სასამართლოსთვის ასევე საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ჯერ კიდევ 2013 წლის 05 აგვისტოს, ჯ---–---- კ--------ს და თ-------- ჯ---–---–ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რაც ცალსახად მიუთითებს აღნიშნულ პირებს შორის სხვა დროსაც სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის ფაქტს.
აქვე სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მ------ ჯ---–---–ს და ჯ---–---- კ--------ს შორის ბიზნესპარტნიორული ურთიერთობის არსებობის ფაქტი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ წარმოადგენს, 2017 წლის 02 იანვრის სესხის ხელშეკრულების, როგორც თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს. ამასთან, სასამართლოს მიხედულებით, გონივრული ვარაუდის ფარგლებს სცდება ის მოსაზრება, რომ აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით ჯ---–---- კ--------მა ერთგვარად თავი დაიზღვია და მ------ ჯ---–---–ის მიერ კომპანია ,,რ--------აში“ შესატანი შენატანის ნაცვლად, თ-------- ჯ---–---–თან გააფორმა სესხის ხელშეკრულება, ხოლო მ------ ჯ---–---–ის მიერ ჯ---–---- კ--------ის სახელზე, დროის სხვადასხვა პერიოდში განხორციელებული ტრანზაქციები წარმოადგენდა არა სესხის საპროცენტო სარგებელს, არამედ ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე სამომავლო მოგების წილს, ვინაიდან, სესხის თანხის ოდენობა და შენატანის ოდენობა, სამომავლო მოგების და საპროცენტო სარგებლის თანხების ოდენობებიც იდენტურია. სასამართლოსთვის ბუნდოვანია, თუ როგორ დაემთხვა ასეთი სიზუსტით კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე მიღებული ჯ---–---- კ--------ის მოგების წილის და სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის ოდენობები ერთმანეთს.
სასამართლო მიუთითებს, იმისათვის რომ სადავო გარიგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად მიჩნეულ იქნას თვალთმაქცურ გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ნების ნაკლი, მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს. ამდენად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს იმან, ვისაც მიაჩნია, რომ თვალთმაქცური გარიგებით შეილახა მისი უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მოპასუხე მხარემ შექმნა მყარი და არგუმენტირებული პოზიცია, სადავოდ გამხდარი ხელშეკრულების ნამდვილობასთან დაკავშირებით, განსხვავებით შეგებებული სარჩელის მოსარჩელე მხარისგან, რომელსაც გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, სხვა სახის მტკიცებულება, მოთხოვნის დასასაბუთებლად არ წარმოუდგენია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელის მოსარჩელე თ-------- ჯ---–---–მა ვერ შეძლო მისი მტკიცების ფარგლებში არსებული ფაქტობრივი გარემოების, კერძოდ, სესხის ხელშეკრულების თვალთმაქცურობის დადასტურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 11 ივნისის აქციების ყიდვა-გაყიდვის პრემინალური (წინასწარი) ხელშეკრულება (ს.ფ. 188-195);
- 2013 წლის 05 აგვისტოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 224-234);
- 2017 წლის 02 იანვრის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-30);
- საბანკო ტრანზაქციები (ს.ფ. 31-38);
- 2018 წლის 04 აპრილის წერილი (ს.ფ. 39-41);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 52-ე, 54-ე, 56-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება სამოქალაქო სამართლის ცენტრალურ ინსტიტუტს წარმოადგენს. იგი კერძო ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტიტუტია. გარიგება, როგორც კერძო სამართლის უზოგადესი ცნება, გამოიყენება არა მხოლოდ სამოქალაქო სამართალში, არამედ კერძო სამართლის სხვა ნაწილებში. საბაზრო ეკონომიკის პირობებში გარიგება კერძო საკუთრებასთან ერთად ეკონომიკის სამართლებრივი საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
აღნიშნული ნორმის დანაწესის თანახმად, მოჩვენებითი გარიგების დროს ხელშეკრულების მონაწილეებს არ სურთ იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგებათა დანიშნულებიდან გამომდინარეობს. მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი, ხოლო თვალთმაქცური გარიგების დროს გარიგების მონაწილე სუბიექტები ცდილობენ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით სხვა გარიგების დაფარვას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ამ სახის გარიგებებს არ გააჩნიათ სამართლებრივი საფუძველი, ანუ აღნიშნული ხელშეკრულების მხარეებს არ სურთ, მიაღწიონ იმ იურიდიულ შედეგს, რომელიც ამ ტიპიური გარიგებებისათვის არის დამახასიათებელი.
წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თვალთმაქცური ხასიათის დადგენისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს აღნიშნული ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი შედეგები. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 02 იანვარს, ჯ---–---- კ--------ს და თ-------- ჯ---–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ჯ---–---- კ--------მა თ-------- ჯ---–---–ს ასესხა 450 000 აშშ დოლარი, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 მარტამდე ვადით. ხელშეკრულების 2.2 მუხლის თანახმად, მხარეებმა დაადასტურეს, რომ გამსესხებელმა სრულად გადასცა აღნიშნული სესხი მსესხებელს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დღეს. ასევე საგულისხმოა, ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ხელშეკრულების დადების შემდეგ, მსესხებელ თ-------- ჯ---–---–ის მამის - მ------ ჯ---–---–ის მიერ ჯ---–---- კ--------ის სახელზე განხორციელდა რამდენიმე ტრანზაქცია, საპროცენტო სარგებლის თანხების გადარიცხვის მიზნით, რაც კიდევ უფრო ამყარებს მოსარჩელის პოზიციას სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის თაობაზე. მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) მხარის პოზიციასთან მიმართებით, რომლითაც მოსარჩელე მხარეს აწევს სესხის რეალური ხასიათიდან გამომდინარე სესხის თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი, სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში ხელშეკრულების 2.2. პუნქტის ჩანაწერი ადასტურებს რა მითითებულ ფაქტს, მოსარჩელე მხარეს დამატებით ათავისუფლებს აღნიშნული გარემოების დამატებით მტკიცების ტვირთისაგან.
შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი ვითარებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიხედულებით, არ არსებობს, აღნიშნული ხელშეკრულების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ორივე მხარე მოქმედებდა ნამდვილი ნების შესაბამისად და მიზნად ისახავდა სწორედ აღნიშნულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლას. სახელშეკრულებო პირობები ნათელია და მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოპასუხის მამასა და მოსარჩელეს შორის არსებობს ბიზნეს-პატრნიორული ურთიერთობა, მითითებული ხელშეკრულების მხარეთა ნამდვილი ნების არსებობას ეჭვის ქვეშ ვერ დააყენებს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
წამოდგენილ შემთხვევაში ჯ---–---- კ--------ს და თ-------- ჯ---–---–ს შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეთა შორის შეთახმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბებული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამევ კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ხოლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას და ავალდებულებს მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული სესხის თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე თ-------- ჯ---–---–მა ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 02 იანვრის სესხის ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულების ძირითადი თანხის ოდენობა შეადგენს 450 000 აშშ დოლარს, ხოლო გადაუხდელი საპროცენტო სარგებელი 16 875.00 აშშ დოლარს, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ხოლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხის ძირ თანხასთან 450 000 აშშ დოლართან მიმართებაში, პირგასამტეხლოს სახით, გადაუხდელი თანხის წლიური 2% წარმოადგენს გონივრულ ოდენობას და არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. მეტიც, მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია რაიმე სახის არსებითი გარემოებები, რომელის სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად სასამართლოს მსჯელობისა საგანი შეიძლება გამხდარიყო პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის საკითხის დადგენისას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ-------- ჯ---–---–ს ჯ---–---- კ--------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, 2019 წლის 08 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ზიანის სახით 466 875.00 აშშ დოლარის წლიური 2 პროცენტის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით
ვინაიდან, მოსარჩელე ჯ---–---- კ--------ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე თ-------- ჯ---–---–ს ჯ---–---- კ--------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3050 ლარის და ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 5990.00 ევროს გადახდა. ვინაიდან თ-------- ჯ---–---–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან, ჯ---–---- კ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 1991-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ჯ---–---- კ--------ის სარჩელი მოპასუხე თ-------- ჯ---–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. თ-------- ჯ---–---–ს ჯ---–---- კ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 474 856.64 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 450 000.00 აშშ დოლარი, პროცენტი - 16 875.00 აშშ დოლარი და ჯარიმა - 7981.64 აშშ დოლარი.
3. მოპასუხე თ-------- ჯ---–---–ს მოსარჩელე ჯ---–---- კ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 08 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ზიანის სახით 466 875.00 აშშ დოლარის წლიური 2 პროცენტის ანაზღაურება.
4. მოპასუხე თ-------- ჯ---–---–ს მოსარჩელე ჯ---–---- კ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3050 ლარის ანაზღაურება.
5. მოპასუხე თ-------- ჯ---–---–ს მოსარჩელე ჯ---–---- კ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურების სახით გადახდილი თანხის - 5990.00 ევროს ანაზღაურება.
6. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე თ-------- ჯ---–---–ის შეგებებული სარჩელი მოპასუხე ჯ---–---- კ--------ის მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე