გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.11.2019
საქმის ნომერი
180210118002599013
კატეგორია
დავის ტიპი
სამეზობლო
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 2/683-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 ნოემბერი, 2019 წელი ქ. მცხეთა

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე სოფიო ლეჟავა

 

სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური, ზაზა შველიძე

 

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------------------------------------–--”

წარმომადგენლები - მ---------------ე, ლ-----------–--ე, შ--------------–---ი

 

მოპასუხე - შპს ,,ა---------–----------------------–----–---------“

წარმომადგენლები - თ------------–---–ი, ს-----------------ე, ვ--–---------------–---–ი

 

დავის საგანი - აუცილებელი გზის მოწყობის უფლების მინიჭება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1 აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით სს ,,ს----------–--------------------------------------–--ს” მიენიჭოს აუცილებელი გზის უფლება შპს ,,ა---------–----------------------–----–---------ს“ საკუთრებაში არსებული და ამავე გაზსადენის სამშენებლო დერეფანში მდებარე მიწის ნაკვეთების ნაწილებზე სარჩელზე თანდართულ ნახაზზე მითითებული განლაგების შესაბამისად:

1.1.1. N 7----------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის (ფართობი: 3------ კვ.მ) ნაწილზე, კერძოდ, 8---- კვ.მ-ზე;

1.1.2 N 7----------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის (ფართობი: 1------ კვ.მ) ნაწილზე, კერძოდ, 5---- კვ.მ-ზე;

1.1.3 N 7----------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის (ფართობი: 1------ კვ.მ) ნაწილზე, კერძოდ 5---- კვ.მ-ზე;

 

1.2 მოპასუხეს დაეკისროს სს ,,ს----------–--------------------------------------–---” მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა 120 ლარის ოდენობით.

1.3 პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღასასრულებლად.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

სს „ს----------–--------------------------------------–--“ 2018 წლის ბიზნეს გეგმით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ნ-----------ლ-------ს“ 31 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტს.

 

„პროექტის“ განხორციელების აუცილებლობა გამოწვეულია ქვეყანაში გაზის მოხმარების ზრდით და მოქმედი „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენის არადამაკმაყოფილებელი ტექნიკური მდგომარეობით, შესაბამისად, პროექტის ძირითადი მიზანია, საქართველოს მოსახლეობისა და სხვადასხვა დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ობიექტის გარანტირებული გაზმომარაგებით უზრუნველყოფა. სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, „პროექტის“ რეალიზაცია საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს საქართველოს გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ტექნოლოგიური საიმედოობა. გარდა ამისა, განახლებული სისტემა საშუალებას იძლევა მომავალში, 2030 წლამდე პერიოდში შეუფერხებლად უზრუნველყოს მოთხოვნილი გაზის ტრანსპორტირება სავარაუდო პიკური დატვირთების დროს. მშენებლობის ნებართვის მისაღებად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საპროექტო მილსადენის სამშენებლო დერეფანში განთავსებულ ყველა მიწის ნაკვეთზე, ნებართვის მაძიებლის („კორპორაციის“) მხრიდან, საჭიროა მოპოვებულ იქნას სარგებლობის ან/და საკუთრების უფლებები, რომლებიც უნდა დარეგისტრირდეს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“.

 

მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები (ს/კ : 7-----------; 7-----------; 7-----------), განლაგებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ნ----------ი-ლ-------ს“ 31-ე კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო/საექსპლუატაციო დერეფანში;

 

მოპასუხის მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: 7-----------, მდებარეობს „კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული ნავთობსადენი (ბაქო-სუფსა, საკადასტრო კოდით: 8--------), ორი მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, საშუალოდ 15-20 მეტრის მანძილზე კი, მდებარეობს „კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული ნავთობსადენი („საგურამო-ქუთასისი“მონაკვეთი), საკადასტრო კოდით: 7--------. აღნიშნული მილსადენის მდებარეობის გათვალისწინებით, მოპასუხეების მიწის ნაკვეთებზე უკვე ვრცელდება „მაგისტრალური მილსადენების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N3-- დადგენილებით განსაზღვრული მილსადენის დაცვის ზონები და შეზღუდვები.

 

პროექტის განხორციელების და კორპორაციის მიერ, თავის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,ნავთობისა და გაზის კორპორაციამ’’ საკუთარი ხარჯებით გააფორმა სერვიტუტის ხელშეკრულებები მილსადენის დერეფანში მოყოლილი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების დიდ ნაწილთან და საკუთარი ხარჯით დაარეგისტრირა შესაბამისი უფლებები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. სს „ს----------–--------------------------------------–--მ“ მოპასუხესთან აწარმოა მოლაპარაკებები, თუმცა, სერვიტუტის ხელშეკრულებაზე შეთანხმების მიღწევა ვერ განხორციელდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, კორპორაციის შეთავაზება მოპასუხისადმი წარმოადგენს სამართლიან პირობას, ვინაიდან მიწის მესაკუთრეს ,,სერვიტუტის მიწით’’ სარგებლობა ეზღუდება მხოლოდ სამშენებლო პერიოდის განმავლობაში, რომელიც არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით გრძელდება 1 ან მაქსიმუმ 2 წლის ვადით და აღნიშნულ პერიოდში ერთწლიანი კულტურების საკომპენსაციო ღირებულება ,,ექსპერტიზის ბიუროს’’ დასკვნის შესაბამისად არის განსაზღვრული. ამასთან, მშენებლობის პერიოდში ,,კორპორაცია’’ ცდილობს ხელი შეუწყოს მიწის მესაკუთრეს აიღოს კუთვნილი მოსავალი.

 

„კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული, მაგისტრალური გაზსადენი (ს/კ 7--------.) აშენებულია 1-------- წლებში, ხოლო ბაქო-სუფისის ნავთობ-სადენი-1999 წელს, მილსადენების მდებარეობის გათვალისწინებით, N3---ე დადგენილებით განსაზღვრული მილსადენის დაცვის ზონები და შეზღუდვის პირობები (როგორც გაზსადენის, ასევე ნავთობსადენის მდებარეობიდან გამომდინარე), მიწის ნაკვეთებზე, უკვე ვრცელდება, შესაბამისად, ახალი გაზსადენის მშენებლობით, მიწის ნაკვეთებზე, ახალი სახის შეზღუდვების გავრცელებას და ზემოქმედების არეალის მნიშვნელოვან ცვლილებას ადგილი არ ექნება.

 

„პროექტის“ განხორციელების მიზნებისათვის, სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ 2017 წლის 08 სექტემბრის N1----- ბრძანებით, დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ხოლო 2018 წლის N---- ბრძანებით, გაცემულ იქნა გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის ნებართვა. გაზსადენის მშენებლობის უზრუნველსაყოფად, ჩატარებულ იქნა საინჟინრო-გეოლოგიური და არქეოლოგიური კვლევები, შესაბამის სუბიექტებთან შეთანხმდა სხვადასხვა ნაგებობის, მათ შორის, საავტობილო გზების გადაკვეთის ტექნიკური პირობები, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ, „პროექტის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საფუძველზე, გაცემულ იქნა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ასევე ტენდერის საფუძველზე, გაზსადენის პირველი ნაწილის (14 კილომეტრიანი მონაკვეთის) სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით, კორპორაციამ ერთ-ერთ მშენებელ ორგანიზაციასთან გააფორმა სათანადო ხელშეკრულება. მშენებლობისათვის შერჩეული მარშუტი, რომელიც გაივლის მოპასუხეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე, წარმოადგენს გარემოსდაცვითი, ტექნიკური თუ ეკონომიკური კუთხით საუკეთესო ვარიანტს, ვინაიდან, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში მითითებული ალტერნატივების ანალიზი ცხადყოფს, რომ არსებული სამი ალტერნატივიდან, შერჩეული არტერნატივა, საუკეთესოა, ვინაიდან, ითვალისწინებს, ძველი გაზსადენის სამშენებლო დერეფნის გამოყენებას და მის ადგილას ახლის განთავსებას, რაც იწვევს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ნაკლებ ზემოქმედებას, არსებული დერეფნის გამოყენება არ გამოიწვევს დამატებით დაცვასა და შეზღუდვის ზონების დაწესებას, შესაბამისად, მოხდება მიწის რესურსების ოპტიმალური გამოყენება. „პროექტით“ გათვალისწინებულია მიწის ნაკვეთების მინიმალური რაოდენობის შეზღუდვა, რაც გაზსადებნის მარშუტის უალტერნატივოს ხდის, აქვე აღსანიშნავია, რომ მიწის ნაკვეთის გამოყენება საჭიროა 1 წლის განმავლობაში, შესაბამისად, მიწის მესაკუთრის შეზღუდვის ფარგლები დროშიც მინიმალურია. ამასთან, აღსანიშნავია მიწის ნაკვეთის საერთო ფართობის მიმართება მოთხოვნილი მონაკვეთის ფართობთნ მიმართებით:

ა. მოპასუხის მიწის ნაკვეთის (ს/კ 7-------------) მთლიანი ფართობი, 3----- კვ.მ-ის, ხოლო „კორპორაციის“ მიერ მოთხოვნილი, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის საჭირო ფართობი 8--- კვ.მ რაც საერთო ფართობთან მიმართებაში, დაახლოებით 2,5%-ს შეადგენს;

ბ. მოპასუხის საკუთრებაში არსებული მეორე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით:7----------- სულ 1----- კვ.მ -ია, სამშენებლო დერეფანში განთავსებულ;ი ფართობი-5941 კვ,მ-ია, რაც საერთო ფართობთან მიმართებაში დაახლოებით 3,9%-ს შეადგენს.

გ. მოპასუხის კუთვნილ N7----------- მიწის ნაკვეთისა (104000 კვ.მ) და სერვიტუტის ფართობის (5155 კვ.მ) გათვალისწინებით, მესამე მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის ფართობი, მთლიანი ფართობის დაახლოებით 5%-ია.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია:

 

მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე საქმის მოსამზადებელ ეტაპზე ცნო წარმოდგენილი სარჩელი; შპს ,,საქართველოს ა---------–----------------------–----–---------ს“ წარმომადგენლის განმარტებით მოსარჩელის მიერ მითითებულ მიწის ნაკვეთებზე მოპასუხე ახორციელებს სამუშაოებს, რომელიც კომპანიის მიზნებისათვის და სამომავლო გეგმების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია; კერძოდ, აღნიშნული ტერიტორია გამოიყენება სხვადასხვა ჯიშის, მათ შორის უნიკალური ჯიშების, როგორც სათესლე, ასევე სანერგე მეურნეობისთვის. ამასთან, ა---------–----------------------–----–---------ს აღნიშნული გეგმა გრძელდება და ეტაპობრივად ვითარდება. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთები ჯამში შეადგენს 6------ კვ.მ-ს, ლოგიკურია, რომ მსგავსი მასშტაბის მეურნეობის განვითარება ვერ მოხერხდება შესაბამისი იფრასტრუქტურის განვითარების გარეშე, რასაც მნიშვნელოვლად ზღუდავს „მაგისტრალური მილსადენის დაცვის წესებისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის #3-- დადგენილებით განსაზღვრული ნორმები. თუმცა მოპასუხე მხარეს მიზანშეწონილად მიაჩნიათ გათვალისწინებული იქნას ის რეალური ზიანი (გაზსადენის გაყვანის გამოწვეული ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლოვანება), რაც მომავალში ბაზებს მიადგება გაზსადენის მშენებლობით. ვინაიდან, მოსარჩელის მიერ მითითებულ საკადასტრო კოდებზე გაზსადენის გატარება ერთმნიშვნელოვნად გამოიწვევს ბაზების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უფლებრივ და ნივთობრივ ნაკლოვანებას, რაც გამოიწვევს როგორც საცდელი ბაზების სამომავლო გეგმების დაზიანებას, ასევე მიწის ნაკვეთების გაუფასურებას. მოპასუხეს მიზანშეწონილად მიაჩნია 1 და 2 დონის შეზღუდვის ზონებთან (25 მეტრიანი შეზღუდვვის ზონა) მიმართებაში შესაბამისი შეზღუდვის კომპენსაციის გადახდა.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ, როგორც კორპორაციის მმართველი ორგანოს მიერ დამტკიცებული სს „ს----------–--------------------------------------–---“ 2018 წლის ბიზნესგეგმით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად, სს „ს----------–--------------------------------------–--“ ახორციელებს აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ნ----------ი - ლ-------ს 31 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს N------- ბრძანება( ს.ფ 23);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ 22) ;

3.1.2 პროექტის განხორციელების აუცილებლობა გამოწვეულია ქვეყანაში გაზის მოხმარების ზრდით და მოქმედი „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენის არადამაკმაყოფილებელი ტექნიკური მდგომარეობით, შესაბამისად პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოს მოსახლეობისა და სხვადასხვა დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ობიექტების გარანტირებული გაზმომარაგებით უზრუნველყოფა და აღნიშნული პროექტის რეალიზაცია საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს საქართველოს გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ტექნოლოგიური საიმედოობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონარიდი ,,საქართველოს ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების 10 წლიანი გეგმიდან 2017-2026 (ს.ფ. 27-32)

- ამონარიდი ,,საქართველოს ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების 10 წლიანი გეგმიდან 2018-2027 (ს.ფ. 33-42)

- ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა პროექტზე N8- (ს.ფ 126-129);

3.1.3 მშენებლობის ნებართვის მისაღებად, კორპორაციამ საპროექტო მილსადენის სამშენებლო დერეფანში განთავსებულ ყველა მიწის ნაკვეთზე უნდა მოიპოვოს სარგებლობის ან/და საკუთრების უფლება, რომელიც უნდა დარეგისტრირდეს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართობის გამოყენებას ითხოვს სარჩელზე თანდართულ საკადასტრო აზომვითი ნახაზებზე მითითებული განლაგების შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2018 წლის 05 იანვრის N---- ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (ს.ფ.123);

- 2017 წლის 08 სექტემბრის #1----- ბრძანება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ( ს.ფ 120-122);

- აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ნ----------ი - ლ-------ს“ მონაკვეთის საპროექტო დერეფნის სიტუაციური რუკა (ს.ფ 46-53);

- მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები (ს.ფ 113-118).

 

3.1.4. პროექტის განხორციელების მიზნით კორპორაციამ საკუთარი ხარჯით გააფორმა სერვიტუტის ხელშეკრულებები მილსადენის დერეფანში მოყოლილი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების დიდ ნაწილთან და შესაბამისი უფლებები დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ინფორმაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ნ----------ი - ლ-------ს“ მონაკვეთის სამშენებლო დერეფანში განთავსებულ მიწის ნაკვეთებზე რეგისტრირებული უფლებების შესახებ (ს.ფ 56-69);

- აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ნ----------ი - ლ-------ს“ მონაკვეთის საპროექტო დერეფნის სიტუაციური რუკა (ს.ფ 46-53).

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 69-85).;

 

3.1.5 შპს ,,ა---------–----------------------–----–---------“ საკუთრებაშია მიწის ნაკვეთები - ს/კ : 7-----------; 7-----------; 7-----------; აღნიშნული მიწის ნაკვეთი განლაგებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ,,ნ----------ი-ლ-------ს 31 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო/საექსპლუატაციო დერეფანში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ,,ნ----------ი-ლ-------ს 31 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო/საექსპლუატაციო დერეფანში განლაგებული მიწის ნაკვეთების და მათი მომიჯნავე მიწის ნაკვეთების სიტუაციური რუკები ს.ფ 46-50).

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 43-45) ;

 

3.1.6. სს „ს----------–--------------------------------------–--მ“ მილსადენის სამშენებლო-საექსპლუატაციო დერეფნის ფართობზე სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, მოპასუხე მხარესთან აწარმოა მოლაპარაკებები და მიაწოდა სერვიტუტის ხელშეკრულებების პირობების, საკომპენსაციო თანხის ოდენობის და მისი გამოთვლის საფუძვლების შესახებ, თუმცა უშედეგოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სს „ს----------–--------------------------------------–---„ 2----–-–------------------ წერილი თანდართული სერვიტუტის ხელშეკრულების პროექტითა და ექსპერტიზის დასკვნით ( ს.ფ 92-102);

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 180-ე, და 247-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.

 

კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით, უფლებას იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას, ხოლო აღნიშნული უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

6.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე JAHN AND OTHERS v. GERMANY განმარტა, რომ საკუთრების თავისუფლად სარგებლობაში ჩარევისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი საზოგადოების საჯარო ინტერესებსა და კერძო პირის ფუნდამენტური უფლების დაცვის მოთხოვნილებებს შორის. უნდა არსებობდეს პროპორციულობის გონივრული ურთიერთმიმართება გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის, როდესაც ხდება ისეთი ზომების მიღება, რომლებიც ეხება საკუთრების უფლების ჩამორთმევას ან შეზღუდვას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. ამდენად, მიუხედავად საკუთრების უფლების აღიარებისა და ხელშეუვალობისა, საქართველოს კონსტიტუცია არ გამორიცხავს საკუთრების უფლების შეზღუდვას და საკუთრების ჩამორთმევას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.

 

დავის ფარგლებში სასამართლომ უნდა შეამოწმოს აუცილებელი გზის ფარგლები მთლიანად ან უმეტესად ხომ არ ფარავს მესაკუთრის მიწის ნაკვეთს, რა შემთხვევაშიც, მესაკუთრის უფლება შეიძლება დაუშვებლად შეილახოს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების კვლევით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შეზღუდვის ფარგლები (აუცილებელი გზის ფართობი) გონივრულ შესაბამისობაშია აუცილებელი გზის მოთხოვნასთან. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ უკვე დამტკიცებული პროექტის არსებობა გულისხმობს მესამე პირთა უძრავ ქონებაზე უფლების მოპოვების საჭიროებას. ამასთან, უფლება მოპოვებულ უნდა იქნეს მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად, თანაც იმგვარად, რომ დაუშვებლად არ უნდა იქნეს ხელყოფილი მესაკუთრის უფლებები. უფლების მოპოვების ერთ-ერთი სანივთო სამართლებრივი შესაძლებლობა სერვიტუტის დადგენაა.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები. უძრავი ქონების მიმართ შეძენის წესს კი განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე - 183-ე მუხლები. შესაბამისად, სერვიტუტის დადგენის მიზნებისათვის აუცილებელია მესაკუთრის ნება უძრავი ნივთის სანივთო სამართლებრივი შეზღუდვით დატვირთვის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში კი, მოპასუხეს "ს----------–--------------------------------------–---გან“ მიეცა სერვიტუტის თაობაზე შეთანხმების გაფორმების წინადადება, რაზედაც მოპასუხემ უარი განაცხადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე და 180-ე მუხლების შედარებითი ანალიზი ცხადყოფს, რომ თუ სერვიტუტი უკავშირდება მიწის ნაკვეთის გარკვეული უფლებით შესაძლო დატვირთვას, აუცილებელი გზა ცალსახად გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვის იმპერატიულ მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში ობიექტურმა საჭიროებამ წარმოშვა აუცილებელი პირობა სხვისი ნივთით სარგებლობისა, რასაც კანონმდებლობა მკაფიო შედეგს ─ აუცილებელი გზის უფლებას უკავშირებს. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციით და ამავე კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში(იხ. სუსგ №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი).

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ შპს ,,ა---------–----------------------–----–---------“ სცნო სასარჩელო მოთხოვნა და თანახმაა მისცეს აუცილებელი გზის მოწყობის უფლება მოსარჩელე სს ”ს----------–--------------------------------------–--ს” შესაბამისი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ კორპორაციას, როგორც მეზობელ მიწის ნაკვეთებზე უფლებების მფლობელსა და მესაკუთრეს, უნდა მიეცეს უფლება, შევიდეს და ისარგებლოს მოპასუხის საკუთრებაში/მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებით აუცილებელი გზის უფლების მოსაწყობად, რათა შეძლოს აუცილებელი კავშირის დამყარება საკუთარ მიწის ნაკვეთებთან, იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია პროექტის განსახორციელებლად. მოცემულ შემთხვევაში აუცილებელი გზის დაწესების გარდაუვალობა დასტურდება იმ გარემოებათა ერთობლიობით, რომელიც ნათლად ჩანს საქმეში წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზიდანაც, სადაც კორპორაციას დამტკიცებული (მიმდინარე) პროექტის შესაბამისად, მოპოვებული აქვს საკუთრების უფლება მეზობელ მიწის ნაკვეთებზე, ხოლო სერვიტუტითაა დატვირთული იმ მეზობელ მესაკუთრეთა მიწის ნაკვეთები, სადაც მილსადენი გადის, შესაბამისად, იმისათვის, რომ კორპორაცია დაუკავშირდეს თავის საკუთრებაში არსებულ და სერვიტუტით დატვირთულ მიწის ნაკვეთებს, აუცილებელია მოპასუხის მიწის ნაკვეთებზე გავლა; ამასთანავე აუცილებელი გზის უფლების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს კორპორაციის უფლებამოსილება, დააწესოს და მოპასუხეების ვალდებულება ითმინონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, ტექნიკური, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი სტანდარტებით განსაზღვრული სავალდებულო უსაფრთხოების შეზღუდვები.

 

განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,ა---------–----------------------–----–---------ს“ მიერ წარმოდგენილი შესაგებლის საფუძველზე დგინდება, რომ მოპასუხე დაეთანხმა მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის გავლის საჭიროებას. სადავოდ არ გახადა აუცილებელი გზის კონფიგურაცია და ფარგლები. უფრო მეტიც, მოპასუხე წარმოდგენილ შესაგებელში აღნიშნავს, რომ იგი ეჭვქვეშ არ აყენებს და ეთანხმება მოსარჩელის მიერ დაყენებულ მოთხოვნას, რომელიც ეხება მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე აუცილებელი გზის მოწყობას. მოპასუხე შესაგებელში მხოლოდ გადასახდელი კომპენსაციის ოდენობას არ დაეთანხმა;

 

სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ს 180-ე მუხლი მესაკუთრეს ანიჭებს უპირობო უფლებას კომპენსაციის მოთხოვნასთან მიმართებით; მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში მოპასუხე მხარეს წარმოეშობა საკუთრების შეზღუდვის თმენისათვის შესაბამისი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, თუმცა იმ პირობებში, როდესაც კომპენსაციის ოდენობასთან მიმართებით მხარეებს განსხვავებული მოსაზრებები აქვს, ამავდროულად არც სარჩელში და არც შესაგებელში არ მითითებულა კომპენსაციის კონკრეტული ოდენობა და მისი დასაბუთება, ამავდროულად წარმოდგენილი არ არის შეგებებული სარჩელი, რომლითაც პროცესით დადგენილი წესით მოთხოვნილი იქნებოდა შესაბამისი კომპენსაცია და შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარეს მიეცემოდა შესაძლებლობა სათანადო მტკიცებულებებით უზრუნველეყო მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობის შედავება, სასამართლო ვერ გასცდება დავის ფარგლებს და ვერ დაარღვევს სამოქალაქო სამართალწარმოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს - შეჯიბრებითობას.

 

სააპელაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ "საკუთრების უფლების შეზღუდვა აუცილებელი გზის მოწყობის მეშვეობით, რაღა თქმა უნდა, სამართლიანი კომპენსაციის პირობებში უნდა მოხდეს, რითაც დაუშვებლად არ უნდა იქნეს ხელყოფილი მესაკუთრის უფლებები, ანუ გარკვეული თმენის ვალდებულება სწორედაც რომ შესატყვისი კომპენსაციით უნდა იქნეს ანაზღაურებული. თუმცა კომპენსაციის ოდენობა შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნის არარსებობის პირობებში სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ იქნება". კონკრეტულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა, ცალსახად და არაორაზროვნად ეხება მხოლოდ აუცილებელი გზის დადგენას და არა რაიმე ოდენობით კომპენსაციის სანაცვლოდ აუცილებელი გზის დადგენას.

 

აუცილებელი გზის დადგენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებია, თუმცა, ასეთ ვითარებაში, მოწინააღმდეგე მხარეს წარმოეშობა კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა აუცილებელი გზით დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს აქვს როგორც შეგებებული სარჩელის აღძვრის, ასევე დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრის გზით. საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა ლეგიტიმურია მხოლოდ სამართლიანი კომპენსაციის პირობებში. კომპენსაცია სამართლიანია, თუ იგი უზრუნველყოფს საკუთრებაზე დაწესებული შეზღუდვის თმენის ვალდებულებისათვის გონივრული ანაზღაურების მიღებას. ამასთან, ანაზღაურება თმენის ეკვივალენტური უნდა იყოს. თმენა კი ეხება არა მხოლოდ მატერიალურ უფლებაში ჩარევას, როგორიცაა, შემოსავლის შემცირება, საკუთრების უფლებით ჩვეულებრივი სარგებლობით უფლების შეზღუდვა, უძრავი ქონების საფასურის შეცვლა საუარესოდ და ა. შ. ასევე არამატერიალურ უფლებებში ჩარევასაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, კომპენსაციას ექვემდებარება არა მხოლოდ აუცილებელი გზის ფარგლებში არსებული თმენის ვალდებულება, ასევე ის შეზღუდვა, დანაკარგი, დანაკლისი, თუ ზემოქმედება, რისი თმენის ვალდებულებაც მესაკუთრეს აუცილებელი გზის დაწესებიდან გამომდინარე აუცილებელი გზის ფარგლებს გარეთ წარმოეშობა. ანაზღაურების პირობები არის ხელშესახები, იმის შეფასებისას - მიღებული ზომები იცავს, თუ არა, აუცილებელ სამართლიან ბალანსს და ხომ არ აკისრებს განმცხადებელს არაპროპორციულ ტვირთს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ დავაში არ არსებობდა რა სასარჩელო მოთხოვნა არც მოსარჩელის მხრიდან, თუ რა კომპენსაციის სანაცვლოდ ითხოვდა აუცილებელი გზის დადგენას და არც შეგებებული სარჩელი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, ამიტომ სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, ვერ მიაკუთვნებს მხარეს იმაზე მეტს, ვიდრე არ უთხოვია (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება, საქმე N2ბ/2601-14, 09.09.2014წ.)

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია სს ,,ს----------–--------------------------------------–---’’ სარჩელი აუცილებელი გზის დადგენის თაობაზე. სარჩელის საფუძვლიანობას განაპირობებს აუცილებელი გზის წინაპირობების არსებობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად; ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სათანადო წესით არ არის მოთხოვნილი აუცილებელი გზის დადგენისათვის კომპენსაციის დაკისრების საკითხი, სასამართლო მოცემული დავის ფარგლებში მიზანშეუწონლად მიიჩნევს კომპენსაციის საკითხის გადაწყვეტას, რაც არ ართმევს მოპასუხეს შესაძლებლობას დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრის გზით მოითხოვოს კომპენსაციის დაკისრება, რომლის ოდენობაც ორივე მხარის ინტერესებიდან გამომდინარეც უნდა შეფასდეს და გადაწყდეს.

 

6.5. შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი კანონმდებელმა დაუკავშირა სასამართლოს უფლებამოსილებას და არ შეზღუდა მისი იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს ამ უფლებამოსილების გამოყენება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა ხდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა მის აუცილებლობას შუამდგომლობის ავტორი დასაბუთებულად წარმოაჩენს, შეძლებს იმგვარი გარემოებების დადასტურებას, რომელიც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მართებულობას და აუცილებლობას უპირობოდ წარმოაჩენს. მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ასაბუთებდეს და ადასტურებდეს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების აუცილებლობას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე მიქცევას ასაბუთებს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით, კორპორაციის მიერ გატარებულია ძირითადი ღონისძიებები, რაც მოიცავს მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის საჭირო პროცედურების გავლას, რაც თავის მხრივ დატვირთულია მრავალმხრივი და შრომატევადი პროცესებით, კერძოდ, შემუშავებულია მშენებლობის პროექტი, მომზადდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, ჩატარებულია არქეოლოგიური კვლევა, გაფორმებულია სერვიტუტის ხელშეკრულებები, გაღებულია მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის ხარჯები, რაც თავის მხრივ მოიცავს ეროვნული არქივის მომსახურების, ექსპერტიზის მიერ შესრულებული სამუშაოს, საწვავის, საჯარო რეესტრის, სანოტარო მომსახურების და სხვა მომსახურების ხარჯებს. კორპორაციის მიერ გაღებული ხარჯები არის სოლიდური (დღეის მდგომარეობით შეადგენს 4------ ლარს). ამასთან, საერთო სასამართლოებში დავების განხილვის და დასრულებისთვის საჭირო პროცედურების და ვადების, ასევე საქმეთა სიჭარბის გათვალისწინებით, შესაძლოა დავა წლობით გაგრძელდეს. სამუშაოების დროულად განუხორციელებლობა კი კორპორაციის მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს გამოიწვევს. იმის გათვალისწინებით, რომ სამშენებლო სამუშაოები შესყიდულია, ხოლო გაზსადენის მშენებლობის შემდეგ იგეგმება აღნიშნული გაზსადენის სისტემაში ჩართვა, რაც რეგიონის უწყვეტი გაზმომარაგებით უზრუნველყოფას მოემსახურება. ახალი გაზსადენის აშენებამდე, კორპორაცია ლიცენზირებული ოპერატორის მეშვეობით გააგრძელებს გაზის მიწოდებას ძველი გაზსადენის მეშვეობით, რომლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. აღნიშნული იწვევს ტექნიკური მომსახურების საჭიროებას. გაზსადენზე არსებული დაზიანებების გამო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას კი გაზის გაფრქვევის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია და გაზსადენის ექსპლუატაციის შედეგად მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, რაც იწვევს მეტ დაზიანებას, გაზის დანაკარგს, გამტარუნარიანობის დაქვეითებას, შესაბამისად, ,,კორპორაციის’’ ფინანსურ ზარალს. სამშენებლო სამუშაოების ოპერატიულად დაუსრულებლობის შემთხვევაში კი ყველაზე დიდი ზიანი მოსახლეობას და საწარმოებს მიადგება, ვინაიდან მუდმივად არსებობს დიდი მასშტაბის ავარიის და მომხმარებლის ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩენის საფრთხე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობით მიყენებული ზიანი მისი აღსრულებით გამოწვეულ, სავარაუდო ზიანს მნიშვნელოვნად აჭარბებს, რის გამოც გადაწყვეტილება, აუცილებელი გზის მოწყობის უფლების მინიჭების ნაწილში, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად უნდა მიექცეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 120.00 ლარი და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოცემულ შემთხავევაში მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ ეტაპზე ცნო სარჩელი, შესაბამისად, მხარეები უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-8, 49-ე, 243-ე-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-3---ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ს----------–--------------------------------------–---“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

სს ,,ს----------–--------------------------------------–--ს“ ნება დაერთოს აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით გამოიყენოს მოპასუხე შპს ,,ა---------–----------------------–----–---------ს“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ნ----------ი-ლ-------ს“ მონაკვეთის საპროექტო სამშენებლო დერეფანში განლაგებული ფართობი სარჩელზე თანდართული აზომვით ნახაზზე მითითებული განლაგების შესაბამისად, კერძოდ: N 7----------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის (ფართობი: 3------ კვ.მ) ნაწილზე, კერძოდ, 8---- კვ.მ-ზე;

N7----------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის (ფართობი: 1------ კვ.მ) ნაწილზე, კერძოდ, 5---- კვ.მ-ზე;

N 7----------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის (ფართობი: 1------ კვ.მ) ნაწილზე, კერძოდ 5---- კვ.მ-ზე;

 

2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს, სს ,,ნ---------------------------------–---“ (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2018 წლის 15 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 120 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება:#4--; სახაზინი კოდი: 3--------)

 

3. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად;

 

4. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, რომელიც შეეხება გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას, შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში მცხეთის რაიონული სასამართლოს საშუალებით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოფიო ლეჟავა