განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5027-17 (--------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლელა შკუბულიანი
სხდომის მდივანი - ნინო დანელია
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ- პროკურორი - ა---–--–-------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - მ------------–-–---–-, გ-------------------–-
ბრალდებული - ო----- გ---------- ძე მ-----–---–-, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), საშუალო განათლებით, რეგისტრირებული: ქ. გ--------------–------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------–-------------------------------------------.
კვალიფიკაცია
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტი - ქურდობა, ესე იგი სხვსი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 26 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქ-------–--–------------------------–- მდებარე ბარ „ფ-–----------“ ო----- მ-----–---–- ფარულად, მართლსაწნააღმდეგო მისკუთრების მიზნით, დაეუფლა მ-------------------- კუთვნილ ფულად თანხას 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მიადგა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ო----- მ-----–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაული დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების - მ---------------------, უ–-----------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, ო----- მ-----–---–-ს გამოკითხვის ოქმით, საგამოძიებო ექსპერმენტის ოქმით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით თანდართული ფოტოსურათებით და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობით. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო თავი დამნაშავედ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ო----- მ-----–---–-ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა შესაძლებელია რეალურად მისი მოქმედება აშკარა ხასიათსაც ატარებდეს. ქურდობის ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს, მავნე შედეგის დადგომას ან ასეთი შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას, ამიტომ ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და აქვს რეალური შესაძლებლობა განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება. სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს. ითვალისწინებს რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს ან მფლობელს და მაინც სურს ამ შედეგის დადგომა.
სასამართლო განმარტავს, რომ ო----- მ-----–---–-ს ქმედება შეიცავს დანაშაულის, კერძოდ, ქურდობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა ო----- მ-----–---–-ს მიერ ფარულად სხვისი ქონების დაუფლებაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულის საკუთრების უფლებას. (მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზარალებულ მ-------------------- კუთვნილი ფულადი თანხა ამ უკანასკნელის მფლობელობიდან გავიდა მისი ნების გარეშე).
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაზე, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით, ხოლო დიდი ოდენობად - ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ 2017 წლის 26 აგვისტოს, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატებოდა კანონით გათვალისწინებულ ნიშნულს - 150 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული, უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ო----- მ-----–---–-- ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვსი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ო----- მ-----–---–-- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ მოცემული ბრალდების ფარგლებში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, ო----- მ-----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ბრალდებულმა უდავოდ ცნო და ამ მხრივ დაზოგა სასამართლოს რესურსი სრულად გამოეკვლია მტკიცებულებები. მხედველობაში იღებს ასევე, რომ ო----- მ-----–---–-ს მიერ ზიანი ანაზღაურებულია სრულად და დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ო------------–---–- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–-- და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–--------------------------. სასამართლომ უნდა შეაფასოს და დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს დანაშაულის ჩადენის პერიოდისთვის ნასამართლობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენით, ო----- მ-----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის თანახმად შეუმცირდა ¼ და საბოლოოდ განესაზღვრა თ/აღკვეთა 12 წლით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–--------------------------თ ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის თანახმად შეუმცირდა ¼ და საბოლოოდ განესაზღვრა თ/აღკვეთა 5 წლით და 3 თვით. ო------------–---–- სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან 2----–-–---------------–-----. საქმეში წარმოდგენილი N------- ცნობის თანახმად ო----- მ-----–---–- თავისუფლების აღკვეთის ადგილებში იმყოფებოდა 2----–-–---------------–----- და გათავისუფლდა 2----–-–-----------.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ო------------–---–- თბილისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–--------------------------სთვის ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს, რადგან დანაშაულის ჩადენისას იყო არასრულწლოვანი - 1--–-–--. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანს ნასამართლობა გაქარწყლებულად ეთვლება სასჯელის მოხდისთანავე, ხოლო პირობით მსჯავრდებისას – გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი არ მოქმედებს, თუ არასრულწლოვანი კვლავ ჩაიდენს დანაშაულს. ასეთ შემთხვევაში არასრულწლოვანს ნასამართლობა გაუქარწყლდება: ა) პირობით მსჯავრდებისას – გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე; ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან 6 თვის შემდეგ; გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან 1 წლის შემდეგ; დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან 3 წლის შემდეგ; ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან 5 წლის შემდეგ.
შესაბამისად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, დადასტურებულად შეიძლება იმის თქმა, რომ აღნიშნული განაჩენით დაკისრებული სასჯელი ო----- მ-----–---–-- მოიხადა სრულად და ნასამართლობა მოხდილად ეთვლება სასჯელის მოხდისთანავე. იმ შემთვევაშიც კი თუ (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით) სასჯელის მოხდიდან აითვლება ნასამართლობის გაქარწყლების ვადა, ო-------–---–-------–-–----------------- ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს. ამასთან სასჯელის მოხდიდან დღემდე გასულია საკმაოდ დიდი დრო და იგი არ გამოვლენილა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში.
აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ო------------–---–- დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, წარსული ცხოვრების, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ქცევის გათვალისწინებით, უნდა განესაზღვროს პირობითი სასჯელი.
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: დისკი, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ო----- მ-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
ო----- მ-----–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები:
დისკი, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით
მოსამართლე ლელა შკუბულიანი