გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210019002992526
საქმე №2/654-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე - ნ---ა დ------–---–ი
წარმომადგენელი - ნ--ო თ---------ე
მოპასუხე - დ-------ი დ-------იადი
წარმომადგენელი - გ--–ა მ------–---–ი
დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეწყდეს ნ---ა დ------–---–სა და დ-------ი დ-------იადის შორის 2--6 წლის 03 მარტის რეგისტრირებული ქორწინება.
1.2. დ-------ი დ-------იადს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2--7 წლის 10 აგვისტოს დაბადებული დ-----ე დ-------იადის რჩენისათვის ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2--6 წლის 03 მარტიდან, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - 2--7 წლის 10 აგვისტოს დაბადებული დ-----ე დ-------იადი. ხასიათის შეუთავსებლობის გამო ნ---ა დ------–---–მა მოპასუხესთან ფაქტობრივად შეწყვიტა ქორწინება და ცხოვრობს მშობლებთან გორის მუნიც. სოფ. მეღვრეკისში. აქედან გამომდინარე მოსარჩელეს არ სურს იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში მოპასუხესთან. ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის შემდეგ მოპასუხე არ ზრუნავს შვილზე. ვინაიდან ბავშვი არის მცირეწლოვანი და ესაჭიროება სპეციალური კვება, ჰიგიენა, აგრეთვე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია სამუშაო და დაკავებულია ბავშვის მოვლით, ხოლო მოპასუხეს აქვს ყოვეთვიური შემოსავალი და მას შეუძლია უზრუნველყოს, თავისი მცირეწლოვანი შვილი მატერიალურად.
მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოადგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილორივ და განმარტა, რომ იგი არ არის წინააღმდეგი შეწყდეს რეგისტრირებული ქორწინება მოსარჩელესთან. ალიმეტის საკითხთან დაკავშირებით მოპასუხემ აღნიშნა, რომ იგი ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის პერიოდშიც აგრძელებდა შვილზე ზრუნვას მატერიალურად. მოპასუხე მიუთითებს, რომ შეიძინა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილის, გურამიშვილის ქ.N64 და მის შესაძენად აღებული აქვს კრედიტი საბანკო დაწესებულებიდან, რომლის დაფარვის ვადა იწურება 2028 წელს. აღნიშნული კრედიტის დასაფარად მოპასუხე ყოვეთვიურად იხდის 870 ლარს და მისი რეალური შემოსავალი ვერ გაწვდება სარჩელით მოთხოვნილ თანხას. აქედან გამომდინარე მოპასუხე თვლის, რომ სრულიად ადეკვატური იქნება მისთვის ალიმენტის სახით 100 ლარის დაკისრება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2--6 წლის 03 მარტიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა №40161000160;
3.1.2. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - 2--7 წლის 10 აგვისტოს დაბადებული - დ-----ე დ-------იადი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დ-----ე დ-------იადი დაბადების მოწმობა №0--------05;
3.1.3. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და არასრულწლოვანი იმყოფება მოსარჩელესთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
3.1.4. მოსარჩელე ნ---ა დ------–---–ი ამჟამად არის უმუშევარ
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა - განმარტება;
3.1.5. მოპასუხე დ-------ი დ-------იადს გააჩნის საბანკო სესხი და იგი იხდის საბანკო კრედის სს „თიბისი ბანკში“, ყოვეთვიურად 870 ლარამდე
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2546013-10208614;
- სესხის დაფარვის გრაფიკი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს ალიმეტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა. რაც გამომდინარეობს მოპასუხის ყოვეთვიური შემოსავლების ოდენობიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხრეთა ახსნა-განმარტებები;
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---ა დ------–---–ი სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ვინაიდან მოპასუხემ ჯერ კიდევ შესაგებლის წარმოდგენის დროს, ხოლო შემდეგ მოსამზადებელ სხდომაზე სცნო სარჩელი.
რაც შეეხება ნ---ა დ------–---–ის მოთხოვნას ალიმენტის დაკისრების თაობაზე, აღნიშნული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1123-ე, 1127-ე, 1187-ე, 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე და 1214-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე, მუხლები;
„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, განქორწინება ხდება სასამართლო წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განქორწინება დაუშვებელია ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში და ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.
7.3. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა (აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სასამართლომ მხარეებს მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მხარეებს განუსაზღვრა დრო შესარიგებლად, მაგრამ უშედეგოდ).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში დ-------ი დ-------იადმა მოსამზადებელ ეტაპზე ქორწინების შეწყვეტის ნაწილში სცნო სარჩელი და დაეთანხმა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას.
რაც შეეხება ნ---ა დ------–---–ის სასარჩელო მოთხოვნას, არასრულწლოვანი შვილისათვის ალიმენტის დაკისრებას, ამ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი სცნო ნაწილობრივ - 100 ლარის ნაწილში.
7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის მიხედვით, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.
7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
7.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
7.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულები არიან ან ცხოვრობენ ცალ-ცალკე.
7.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.
7.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები.
7.10. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ალიმენტის დანიშვნის დროს, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იქნეს, როგორც არასრულწლოვანი ბავშვის, ასევე იმ მშობლის მდგომარეობა, რომელსაც უნდა დაეკისროს ალიმენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.
„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, მშობელს (მშობლებს) აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი დ-----ე დ-------იადი ცხოვრობს და იზრდება დედასთან ერთად მისი მშობლების ოჯახში, მოსარჩელე - არასრულწლოვანი ბავშვის დედა არ მუშაობს. ამდენად, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის საჭიროა ორივე მშობელმა ხელი შეუწყოს ბავშვის ინტერესების დაკმაყოფილებას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ამდენად, მოპასუხის მიერ გაცნობიერებული უნდა იქნეს მისი ვალდებულებები შვილის მიმართ, იგი ვალდებულია არასრულწლოვან შვილს შეუქმნას მინიმალური პირობები ღირსეული ცხოვრებისათვის და მისი განმარტება, რომ მას არ აქვს საკმარისი შემოსავალი და 100 ლაზე მეტს ვერ გადაიხდის მისი ბანკებთან სასესხო ვალდებულებების გამო, საფუძველს მოკლებულია.
მოპასუხე მხარის მატერიალური მდგომარეობაზე მსჯელობისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დ-------ი დ-------იადის სახელზე არსებულ საკრედიტო დავალიანებაზე. საქმის მასალებით, მოპასუხეს აღებული აქვს სს „თიბისი ბანკიდან“ სესხი 2028 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით და ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 870 ლარამდე, თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის საკრედიტო ვალდებულებებს არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება ბანკიდან თუ სხვა საფინანსო დაწესებულებიდან არასრულწლოვანი შვილის ინტერესებისათვის სესხის მიღების აუცილებლობა და სასამართლო აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება დროებითი ხასიათს ატარებს და აღნიშნული ვალდებულების გამო მოპასუხე ვერ გათავისუფლდება ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მშობლებისა და შვილების მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რათა რეალურად იყოს შესაძლებელი გადაწყვეტილების აღსრულება და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ალიმენტვალდებული პირი არ აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, არასრულწლოვანი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. სასამართლო ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობად მიიჩნევს ყოველთვიურად 230 ლარს სარჩელის აღძვრიდან - 2--9 წლის 14 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ, დ-------ი დ-------იადმა საქმის მომზადების ეტაპზე ცნო სარჩელი განქორწინების ნაწილში, იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (განქორწინების ნაწილში) და ნ---ა დ------–---–ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ალიმენტის ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელის ფასის (ალიმენტის დაკისრების ნაწილში) გათვალისწინებით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 180 ლარს.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე, დ-------ი დ-------იადმა ნაწილობრივ ცნო სარჩელი ალიმენტის დაკისრების ნაწილში და სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, დ-------ი დ-------იადს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 47 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 38-ე, 39-ე, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნ---ა დ------–---–ის სარჩელი დ-------ი დ-------იადის მიმართ ქორწინების შეწყვეტისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შეწყდეს ნ---ა დ------–---–სა (დაბადებული 1--3 წლის 03 ნოემბერი, პ/ნ 50------741 ქორწინებამდელი და ქორწინების შემდგომი გვარი დ------–---–ი) და დ-------ი დ-------იადს (დაბადებული 1--1 წლის 15 ოქტომბერი, პ/ნ 0-------946, ქორწინებამდელი და ქორწინების შემდგომი გვარი - დ-------იადი) შორის 2--6 წლის 03 მარტს სსგს გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება - აქტის ჩანაწერი №4-------069;
3. დ-------ი დ-------იადს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, 2--7 წლის 10 აგვისტოს დაბადებული დ-----ე დ-------იადის რჩენა - აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 230 (ორასოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან - 2--9 წლის 14 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე;
4. სასრჩელო მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი;
5. მოსარჩელე ნ---ა დ------–---–ს (პ/ნ 5--------741) დაუბრუდეს გიორგი დ------–---–ის(პ/ნ 5-------585) მიერ 2--9 წლის 14 მაისს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი;
6. მოპასუხე დ-------ი დ-------იადს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 47 (ორმოცდაშვიდი) ლარის ოდენობით;
7. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;
8. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე