გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.12.2019
საქმის ნომერი
330210019003043205
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
05.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/13879-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

5 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - შპს „ევ-----------------“

წარმომადგენელი - გი---------------ა

 

მოპასუხე - ვა----------------ე

წარმომადგენელი - ირ---–---–-----ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე ვა----------------ეს მოსარჩელე შპს „ევრ----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის 2 936 აშშ დოლარის გადახდა;

1.2. მოპასუხე ვა----------------ეს მოსარჩელე შპს „ევრ----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ 100 ლარის გადახდა;

მოსარჩელის სარჩელის საფუძვლად მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მხარეებს შორის 2015 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებით, ვა----------------ის სახელზე გაიცა სესხი 3 000 აშშ დოლარი, თვეში 5% სარგებლის დარიცხვის პირობით, 36 თვის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობის უფლებით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - მიცუბისი აირტრეკი.

 

ვა----------------ეს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია, რის გამოც 2016 წლის 5 სექტემბერს მოსარჩელემ მოახდინა გირავნობის საგნის რეალიზაცია 1 376.28 ლარად (ეროვნული ბანკის კურსით 600 აშშ დოლარი). აღნიშნული თანხიდან სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი. ვინაიდან გირავნობის საგნის რეალიზაციის დროს მოპასუხეს ერიცხებოდა დავალიანება - სესხის ძირითადი თანხა 2 936 აშშ დოლარი, რაც გირავნობის საგნის რეალიზაციით არ დაიფარა, მოპასუხეს კვლავ დარჩა დავალიანება აღნიშნული თანხის ოდენობით.

 

სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა შეთანხმებას, რაც კრედიტორს უფლებას აძლევდა, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი მოთხოვნის სრულად დასაფარად, მოთხოვნა წარედგინა დარჩენილ ნაშთზე.

 

1. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით, ასევე სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით არ ცნო კრედიტორის მოთხოვნები და შედავება განახორციელა გირავნობის საგნის შეფასებაზე. განმარტა, რომ გირავნობის საგანი არაადეკვატურ ფასად შეფასდა და გასხვისდა მის ღირებულებასთან შედარებით ძალიან იაფად. საქმის განხილვის მთავარ ეტაპზე დამატებით მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შეფასების ანგარიშში მითითებული მანქანის მარცხენა მაშუქი, ასევე კარის შალითები მას ჰქონდა და მოსარჩელის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში გადასცემდა, თუმცა გადაცემა მოსარჩელეს არ მოუთხოვია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. შპს „ევ---------------+“-სა და ვა----------------ეს შორის 2015 წლის 20 ნოემბერს დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად საკრედიტო ხაზის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 5 000 აშშ დოლარით.

 

ხელშეკრულების ფარგლებში ვა----------------ეს სესხის სახით გადაეცა 3 000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, თვეში 5% სარგებლის გადახდის პირობით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ასევე მისი გაცემის საკომისიოს 118 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20.11.2017 წლის სესხის ხელშეკრულება N126566/T (ს.ფ. 15-20);;

- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ (ს.ფ. 21);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 22,23);.

 

3.1.2. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გირავნობის უფლებით დაიტვირთა ვა----------------ის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, შემდეგი რეკვიზიტებით: მარკა მოდელი - მი–--------------------------------–------------------------------------------------------–-------–----------------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20.11.2017 წლის სესხის ხელშეკრულება N126566/T;

 

3.1.3. ვა----------------ემ განახორციელა მხოლოდ ერთი გადახდა. მოპასუხე არ უარყოფს, რომ ვალდებულება მის მიერ ჯეროვნად არ შესრულებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

3.1.4. 2016 წლის 24 ივნისს შპს „ევ----------------“-მა ვა----------------ეს წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა, რომლითაც აცნობა, რომ 20.11.2015წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, განხორციელდებოდა გირავნობის საგნის რეალიზაცია.

 

აღნიშნული შეტყობინება ვა----------------ეს არ ჩაბარებია, რის გამოც 2016 წლის 29-30 ივნისს უზრუნველყოფილ იქნა შეტყობინების საჯარო გამოქვეყნება გაზეთ „სი---------------ში“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილობითი შეტყობინება და უკუგზავნილი (იხ. ს.ფ. 35, 37);

- ამონაწერი გაზეთ „სი---------------“-დან (იხ. ს.ფ. 32-34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.5. შპს „ევ----------------“-ის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით, გირავნობის საგნის რეალიზაცია განხორციელდა, 600 აშშ დოლარად და მისი შემძენი 05.09.2016 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გახდა მიხეილ სიმონიშვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასყიდობის ხელშეკრულება;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

3.1.6. გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით შპს „ევ----------------“-მა სრულად გაქვითა სარგებლის სახით არსებული დავალიანება - 600 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ გირავნობის საგნის რეალური საბაზრო ღირებულება არსებითად აღემატებოდა მისი რეალიზაციის ფასს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელე შპს „ევ----------------“-ის მიერ განხორციელებულ გირავნობის საგნის შეფასებას. მისი განმარტებით, ავტომანქანის ღირებულება გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე მოხდა მისი რეალიზაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია შპს „ჯი-----------ის“ დამოუკიდებელი შემფასებლის იოსებ პავლიაშვილის მიერ შედგენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში, რომლის თანახმადაც გირავნობის საგნის საბაზრო ღირებულება, 2016 წლის 24 ივნისის მდგომარეობით განისაზღვრა - 800 აშშ დოლარით, ხოლო ლიკვიდური ღირებულება, კი 500 აშშ დოლარით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეაფსება განხორციელდა შეფასების პირდაპირი გაყიდვის შედარების მეთოდით, მოხდა სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება, მისი ტექნიკური მდგომარეობის აღწერა და აღინიშნა, რომ ავტომანქანას წინა ბამპერი დაზიანებული აქვს, ძრავის დამცავი ხუფი დაზიანებულია, არ აქვს წინა მარცხენა მაშუქი და კარის შალითები. მოპასუხე სადავოდ ხდის აღნიშნულ შეფასებას, განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალება გამართული იყო, უფრო მეტიც გაუმჯობესებული და ის ნაწილები რაც აკლდა, მასთან იმყოფებოდა. თუმცა მას მისი პოზიციის დასადასტურებლად გარდა ახსნა-განმარტებისა არ წარმოუდგენია სხვა მტკიცებულება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს გირავნობის საგნის შეფასების წერილობითი დოკუმენტი, მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება ვერ იქნება მიჩნეული მის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი უარყოფის პირობებში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების დადასტურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეფასების ანგარიში;

- მხარეთ ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდგომ მოპასუხის დავალიანება არის 2 936 აშშ დოლარი, რაც ამავდროულად წარმოადგენს სესხის ძირითადი თანხას.

 

უდავოა, რომ 20.11.2015 წლის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ვა----------------ემ აიღო სესხი 3 000 აშშ დოლარი. მოპასუხე არ უარყოფს, რომ ფულადი ვალდებულება პირველივე თვეს დაარღვია და მას 2015 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 2 936 აშშ დოლარს. ვინაიდან გირავნობის საგნის რეალიზაციით დაიფარა მხოლოდ სარგებელი, გადასახდელი ძირითადი თანხა დარჩა იგივე - 2 936 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდის გრაფიკი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით, შპს „ევ--------------+“-ის სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 625-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 10 ივლისს შპს ,, ევ----------------“-სა და ვა----------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაცემული სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით, მოპასუხემ 36 თვის ვადით, თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, აიღო სესხი - 3000 აშშ დოლარის ოდენობით. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული სარგებელი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - მიცუბისი აირტრეკი.

 

ამდენად, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან საკრედიტო ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:

ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას;

 

დადგენილია, ასევე, რომ მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული - სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მას გრაფიკით განსაზღვრული სესხის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი აღარ გადაუხდია 2016 წლის 20 დეკემბრის შემდგომ.

 

შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზნით შპს „ევ----------------“-მა უზრუნველყო გირავნობის საგნის ავტომანქანის რეალიზაცია. რეალიზაციას წინ უძღოდა დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ გირავნობის საგნის შეფასება. ავტომობილი გაიყიდა 600 აშშ დოლარად, საიდანაც დაიფარა მხოლოდ იმ დროისთვის არსებული სარგებელი - 600 აშშ დოლარი და გადასახდელი დარჩა სესხის ძირითადი თანხა 2 936 აშშ დოლარი.

 

საგულისხმოა, რომ სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოთ დასახელებული გირავნობის საგნის რეალური საბაზრო ღირებულება აღემატებოდა მისი რეალიზაციის ფასს - 600 აშშ დოლარს. გირავნობის საგნის რეალიზაციასთან და ამონაგები თანხის განაწილებასთან დაკავშირებული სხვა გარემოება მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით, ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ხელშეკრულების 6.4. პუნქტის თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე.

 

როგორც მოსარჩელე წარმოდგენილ სარჩელში განმარტავს, გირავნობის საგნის რეალიზაციის დროისათვის მოპასუხეს შპს „ევ----------------“-ის მიმართ ძირითადი თანხის სახით ერიცხებოდა დავალიანება 2936 აშშ დოლარის ოდენობით. ვინაიდან გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან დაიფარა მხოლოდ სარგებელი, გადასახდელი დარჩა სესხის ძირითადი თანხა - 2936 აშშ დოლარი, რაც დავალიანების სახით ერიცხება მოპასუხეს.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ვა----------------ისთვის სესხის ძირი თანხის 2 936 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 244 ლარი. გარდა ამისა, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხისათვის გირავნობის საგნის შეფასების ხარჯის - 100 ლარის დაკისრებას.

 

ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე ვა----------------ეს მოსარჩელე შპს „ევ----------------“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა - 244 ლარის ოდენობით. ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 100 ლარის გადახდა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ევ--------------+“-ის სარჩელი მოპასუხე ვა----------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხე ვა----------------ეს შპს „ევ--------------+“-ის სასარგებლოდ დაეკისროს - 2 936 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.

 

3. მოპასუხე ვა----------------ეს შპს „ევ--------------+“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ 100 ლარის გადახდა;

 

4. მოპასუხე ვა----------------ეს შპს „ევ--------------+“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 244 ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე