გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
0802101180024463-5
საქმე №2/1602-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23.12.2019 წელი ქ.ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე- გ--–---------–---–ი;
წარმომადგენელი- ე-----–-----–---–-;
მოპასუხე- მ--------------ე;
წარმომადგენელი- მ--–------------------ე;
დავის საგანი- ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს ნაწილში ცვლილების შეტანა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნოტარიუს ხ-------------------–ის მიერ 2017 წლის 28 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შევიდეს ცვლილება და გადასახდელად დაკისრებული 11661 ლარი შემცირდეს 6320 ლარამდე, საიდანაც 6100 ლარი შეადგენს ძირ თანხას, 100 ლარი პირგასამტეხლოს, ხოლო 120 ლარი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თანხას.
(სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე გ--–---------–---–მა დააზუსტა მოპასუხეთა წრე და განმარტა, რომ მოპასუხე ნოტარიუს ხ-------------------–ის მიმართ მოთხოვნა არ გააჩნია).
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 0- ოქტომბერს მოპასუხე მ--------------ესთან დადო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მ--------------ემ გადასცა 6100 ლარი, სამი თვის ვადით, 5300 ლარი ასესხა თვეში 5%-ის დარიცხვით. 3 თვის საპროცენტო სარგებელმა შეადგინა 795 ლარი, რასაც დაემატა სესხის ძირი თანხა 5300 ლარი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა 6100 ლარი. 2017 წლის 28 მარტს ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მოსარჩელის გადასახდელი თანხა განისაზღვრა 11661 ლარით, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 6100 ლარს, პირგასამტეხლო 5441 ლარს, ხოლო 120 ლარი შეადგენს სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფასურს.
სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაწყებულია სააღსრულებო საქმე. აღმასრულებლის მიერ ყადაღა დაედო მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ტყიბულის რაიონ, სოფელ მ--–-----აში.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ეთანხმება ძირი თანხის 6100 ლარის ოდენობით გადახდას, თუმცა სესხზე დარიცხული 5441 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება კანონს, ზედმეტად ავალდებულებს და შეუსაბამოდ მაღალია, მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 100 ლარით.
აღსრულების ეტაპზე მოპასუხე მ--------------ეს გადაუხადა 5675 ლარი, რაც დასტურდება 2017 წლის 25 აგვისტოს განცხადებით. იმ შემთხვევაში თუ სარჩელი დაკმაყოფილდება მ--------------ისთვის სააღსრულებო ფურცლიდან გამომდინარე გადასახდელი ექნება 6320 ლარი, მას გამოაკლდება მის მიერ გადახდლი 5675 ლარი და რეალურად გადასახდელი დარჩება 645 ლარი. (იხ. სარჩელი, 23.12.2019წ სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია;
მოპასუხე მ--------------ემ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად და დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას პირგასამტეხლოს 100 ლარამდე შემცირების თაობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 0- ოქტომბერს გ--–---------–---–ს და მ--------------ეს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე მ--------------ემ გ--–---------–---–ს გადასცა 6100 ლარი, სესხი გაიცა 2016 წლის 0- იანვრის ჩათვლით, სარგებლის გადახდის გარეშე, ხოლო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაეკისრებოდა პირაგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 0,2%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
0-.10.2015 წლის სესხის ხელშეკრულება.
3.1.2. მოსარჩელემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-28.03.2017წ ნოტარიუს ხ-------------------–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი;
-მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. 2017 წლის 28 მარტს ნოტარიუს ხ-------------------–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად გ--–---------–---–ის ვალდებულება კრედიტორის წინაშე განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხა 6100 ლარი, პირგასამტეხლო 5441 ლარი, აგრეთვე სააღსრულები ფურცლის გაცემის ხარჯი 120 ლარი.
სააღსრულები ფურცელი გაიცა მსესხებლის გ--–---------–---–ის საკუთრებაში არსებულ მთელ ქონებაზე, ასევე მთელი ქონების რეალიზაციის გზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 28.03.2017წ ნოტარიუს ხ-------------------–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი;
3.1.4. თბილისის სააღსრულებო ბიურის წარმოებაშია ნოტარიუს ხ-------------------–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული საღსრულებო წარმოება #1-----------. აღმასრულებლის ნ-------------ის მიერ მოვალე გ--–---------–---–ს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 29.03.2017 წ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ;
3.1.5. ნოტარიუს ხ-------------------–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოსარჩელე გ--–---------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ტყიბულის რაიონ, სოფელ მ--–-----აში, ს/კ: 3-.0-.3-.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აღმასრულებელ ნ------–-------ის 14.05.2018წ წერილი;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.6. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულბო ბიუროს აღმასრულებლის ნ------–-------ის მიერ 2019 წლის 04 დეკემბერს გაცემული წერილით დასტურდება, რომ კრედიტორის მ--------------ის 2017 წლის 25 აგვისტოს განცხადების საფუძველზე მოხდა მოთხოვნის დაკორექტირება, მოთხოვნა შემცირდა 3-38,88 ლარით, დღეის მდგომარეობით გ--–---------–---–ის დავალიანება შეადგენს 653-,0- ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აღმასრულებელ ნ------–-------ის 04.12.2019წ წერილი;
- მ--------------ის 2017 წლის 25 აგვისტოს განცხადება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--–---------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 400, 417-ე, 418-ე, 115-ე, 420-ე მუხლებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 208-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება;
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ როგორც ხელშეკრულების შინაარსი, ასევე მისი შესრულების მექანიზმი. ხელშეკრულება მიიჩნევა მხარეთა ნების დეკლარაციად და ასახავს ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ პირობებს მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობები წარმოიშვა 2015 წლის 0- ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც განსაზღვრულ იქნა მოსარჩელისა და მოპასუხის, როგორც მსესხებლისა და გამსესხებლის კონკრეტული უფლება-მოვალეობები.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
უდავო გარემოებაა, რომ მოვალის მიერ დარღვეულ იქნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის გადახდის ვალდებულება ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულების 2.2. პუნქტის საფუძველზე, 2017 წლის 28 მარტს ნოტარიუს ხ-------------------–ის მიერ გაცემულ იქნა #1-------- სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გ--–---------–---–ის ვალდებულება კრედიტორის წინაშე განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხა 6100 ლარი, პირგასამტეხლო 5441 ლარი, აგრეთვე სააღსრულები ფურცლის გაცემის ხარჯი 120 ლარი.
სააღსრულები ფურცელი გაიცა მსესხებლის გ--–---------–---–ის საკუთრებაში არსებულ მთელ ქონებაზე, ასევე მთელი ქონების რეალიზაციის გზით.
მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ ვალდებულებას სესხის ძირი თანხის ნაწილში და ითხოვს სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანას მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულების 1.2. პუნქტით შეთანხმებული იქნა მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ვადაგადაცილებული დავალიანების სესხის ძირი თანხის 0.2%-ის ოდენობით.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რომლის წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ხოლო მეორე ფუნქცია მისი მდგომარეობს განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. ვალდებულების დამრღვევ მხარეს პირგასამტეხლო ეკირება იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 5441 ლარი, როგორც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით.
სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება უნდა აისახოს სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად 5441 ლარი უნდა განისაზღვროს 100 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 160 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფაზე - 50 ლარი. მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან 160 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 15.05.2018წ. განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა სააღსრულებო საქმის წარმოება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ -უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. გ--–---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ხ-------------------–ის მიერ 2017 წლის 28 მარტს გაცემულ №1-------- სააღსრულებო ფურცელში და გ--–---------–---–ისთვის დაკისრებული 11661 ლარი შემცირდეს 6320 ლარამდე, საიდანაც 6100 ლარი შეადგენს ძირ თანხას, 100 ლარი პირგასამტეხლოს, ხოლო 120 ლარი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თანხას.
3. მოპასუხე მ--------------ეს - მოსარჩელე გ--–---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;
4. გ--–---------–---–ს (პ/ნ 6----------), დაუბრუნდეს 2018 წლის 15 მაისს, მის მიერ სს 'თ----------ში' სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 160 ლარი (საგადასახადო დავალება №1), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე