გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/42-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
3 დეკემბერი 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თ----- კობაიძე
მოსარჩელე გ------- გ-------–---–ი
წარმომადგენელი თეა ჩიქვინიძე
მოპასუხე ლ--------–- პ---–-------ა
დავის საგანი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სამკვიდროს გაყოფა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლ--------–- პ---–-------ას მიერ 2017 წლის 2 ივნისს მიღებული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და თ----- გ-------–---–ის სამკვიდრო ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ აღიარება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარე უძრავი ქონება- 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი 60 კვ.მ საცხოვრებელი სახლი (ამჟამად რეგისტრირებულია საკადასტრო კოდით 8-----------) წარმოადგენდა კომლის ქონებას, რომლის უფროსი იყო გოდერძი ივანეს ძე გ-------–---–ი, ხოლო კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდა მისი მეუღლე თ----- სერგოს ასული გ-------–---–ი. გოდერძი და თ----- გ-------–---–ებს ჰყავდათ ერთი საერთო შვილი გოდერძი გოდერძის ძე გ-------–---–ი, რომელიც კომლის წევრად არ ფიქსირდებოდა.
2008 წელს გარდაიცვალა გოდერძი ივანეს ძე გ-------–---–ი, რომლის სამკვიდრო მიღებული ჰქონდა მის შვილს გოდერძი გოდერძის ძე გ-------–---–ს. 2012 წელს გარდაიცვალა გოდერძი გოდერძის ძე გ-------–---–ი, რომლის სამკვიდრო მიღებული აქვს მის ანდერძისმიერ მემკვიდრეს მოსარჩელე გ------- გ-------–---–ს. 2013 წლის 15 ივლისს გარდაიცვალა გოდერძი გოდერძის ძე გ-------–---–ის დედა თ----- გ-------–---–ი, რომლის სამკვიდროზე სამკვიდრო მოწმობა სრულად მიიღო მისმა შვილმა მოპასუხე ლ--------–- პ---–-------ამ და ქონება მდებარე: გარდაბანი, სოფ მარტყოფი (კოდი 8-----------) საკუთრების უფლებით გაიფორმა საჯარო რეესტრში.
მოსარჩელის განმარტებით, არის გოდერძი გოდერძის ძე გ-------–---–ის მემკვიდრე, რომელიც უვლიდა და ზრუნავდა მამკვიდრებლის დედას თ----- გ-------–---–ს. დღემდე ცხოვრობს სადაო მისამართზე. ის იყო თ----- გ-------–---–ის მეურვე, რაზედაც თანხმობა განაცხადა მისმა შვილმა მოპასუხე ლ--------–- პ---–-------ამ. მოპასუხემ ასევე დედის გარდაცვალებამდე მოსარჩელის სახელზე გასცა მინდობილობა, რომლითაც მოსარჩელეს მიანიჭა სადაო სახლის თავისი შეხედულებისამებრ განკარგვის, მათ შორის საკუთარ თავზე გაფორმების უფლება. მოსარჩელე მოითხოვს ცნობილი იქნას თ----- გ-------–---–ის მემკვიდრედ და მიიღოს მამკვიდრებლის სამკვიდროს 1/2 წილი, როგორც პირველი რიგის მემკვიდრის შვილის გოდერძი გოდერძის ძე გ-------–---–ის მემკვიდრემ, რადგან მისი სამკვიდრო ანდერძის საფუძველზე მიღებული აქვს 2017 წლის 5 ივნისის სამკვიდრო მოწმობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადდა. მისი ადგილსამყოფელი ვერ დადგინდა და მას სარჩელის შინაარსი და სხდომის თარიღი ეცნობა საჯარო შეტყობინებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები უნდა დადგინდეს კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებების საფუძველზე.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მამკვიდრებელ თ----- გ-------–---–ის სამკვიდრო გაიხსნა 2013 წლის 15 ივლისს.
2017 წლის 16 ივლისს გაცემული გარდაცვალების მოწმობის თანახმად თ----- გ-------–---–ი გარდაიცვალა 2013 წლის 15 ივლისს. გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღია 2013 წლის 16 ივლისი, აქტის ჩანაწერის N21137000445.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- გარდაცვალების მოწმობის ასლი (ს.ფ. 25. ტომი 1)
3.2.2. თ----- გ-------–---–ს ანდერძი არ შეუდგენია. მას დარჩა ერთი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე: შვილი ლ--------–- პ---–-------ა. მამკვიდრებლის მეუღლე გოდერძი ივანეს ძე გ-------–---–ი და შვილი გოდერძი გოდერძის ძე გ-------–---–ი მისი გარდაცვალების დღისათვის ცოცხლები არ იყვნენ.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან სასამართლოს მიერ გამოთხოვილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ თ----- გ-------–---–სა და გოდერძი ივანეს ძე გ-------–---–ს შორის რეგისტრირებული იყო ქორწინება 1995 წლის 3 მაისს. ქორწინების სააქტო ჩანაწერის ასლის თანახმად, 1995 წლის 3 მაისს დაქორწინდნენ თ----- სერგოს ასული რეზნიჩენკო და გოდერძი ივანეს ძე გ-------–---–ი, ხოლო ქორწინების შედეგად თ----- რეზნიჩენკომ მიიღო მეუღლის გვარი „გ-------–---–ი“.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან წარმოდგენილია N136 დაბადების სააქტო ჩანაწერის ასლი, რომლის მიხედვით, გოდერძი გოდერძის ძე გ-------–---–ი დაიბადა 1969 წლის 23 ოქტომბერს. მის მშობლებად რეგისტრირებული არიან დედა - თ----- რეზნიჩენკო და მამა გოდერძი ივანეს ძე გ-------–---–ი.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში აღნიშნულია, სააგენტოს ელქტრონულ ბაზაში იძებნება ლ--------–- ლატიშის დაბადების სააქტო (დაბადების თარიღი 1958 წლის 19 ოქტომბერს ) ჩანაწერი, რომლის მიხედვით, დედად მითითებულია თ-----ა სერგოს ასული რეზნიჩენკო.
საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობების ასლებით დასტურდება, რომ თ----- გ-------–---–ის მეუღლე გოდერძი ივანეს ძე გ-------–---–ი და შვილი გოდერძი გოდერძის ძე გ-------–---–ი გარდაიცვალნენ თ----- გ-------–---–ზე ადრე და ისინი მამკვიდრებლის გარდაცვალების დროს ცოცხლები არ იყვნენ. კერძოდ, შვილი გოდერძი გოდერძის ძე გ-------–---–ი გარდაიცვალა 2012 წლის 25 დეკემბერს, ხოლო მეუღლე გოდერძი ივანეს ძე გ-------–---–ი გარდაიცვალა 2008 წლის 21 მარტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობების ასლი (ს.ფ. 23-24. ტომი 1)
- სააქტო ჩანაწერების ასლები (ს.ფ. 135-142. ტომი 1)
3.2.3. მოსარჩელე გ------- გ-------–---–ი გოდერძი გ-------–---–ის შვილი არ არის. იგი არის გოდერძი გ-------–---–ის ანდერძისმიერი მემკვიდრე.
მოსარჩელე გ------- გ-------–---–ი თ----- გ-------–---–ის სამკვიდროს გაყოფას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ არის მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრის შვილის გოდერძი გ-------–---–ის მემკვიდრე. შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის უნდა დადგინდეს რა გზით წარმოეშვა მოსარჩელეს მემკვიდრეობის უფლება გოდერძი გ-------–---–ის სამკვიდროზე და თავად გოდერძი გ-------–---–ს რა გზით წარმოეშვა სამკვიდრო უფლებები დედის თ----- გ-------–---–ის სამკვიდროზე.
2017 წლის 5 ივნისს გაცემულია სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც 2012 წლის 25 დეკემბერს გარდაცვლილი გოდერძი გ-------–---–ის სამკვიდრო უფლებები და მოვალეობები სრული მოცულობით მიიღო მოსარჩელე გ------- გ-------–---–მა 2012 წლის 14 დეკემბერს სანოტარო წესით დამოწმებული ანდერძის საფუძველზე.
გ------- გ-------–---–ის განმარტებით, იგი გოდერძი გოდერძის გ-------–---–ის შვილი არ არის. ამდენად, გ------- გ-------–---–ი არის გოდერძი გოდერძის ძე გ-------–---–ის მხოლოდ ანდერძისმიერი მემკვიდრე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამკვიდრო მოწმობის ასლი (ს.ფ. 26-28. ტომი 1)
- მოსარჩელის განმარტებები (12.11.2019წ და 03.12.2019წ სხდომის ოქმები, CD დისკები)
3.2.3. თ----- გ-------–---–ის სამკვიდროში შედის გარდაბნის მუნციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარე 11281 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ამჟამად რეგისტრირებულია ლ--------–- პ---–-------ას საკუთრებად.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 2017 წლის 14 ივლისის ცნობის თანახმად, სოფელ მარტყოფის 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია გოდერძი ივანეს ძე გ-------–---–ი, ხოლო კომლის წევრებად აღრიცხული არიან
ძმისშვილი - - აკაკი ამირანის ძე გ-------–---–ი (გადასულია საცხოვრებლად თნილისიში 02.09.1986 წ);
ცოლი - თ----- სერგოს ასლი გ-------–---–ი (ჩაეწერა 28.07.195წ ქორწინებით).
კომლის პირად სარგებლობაში ერიცხება საცხოვრებელი სახლის და მიწის ფართი 0,15 ჰა.
1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია გოდერძი ივანეს ძე გ-------–---–ი, კომლის წევრად ასევე აღრიცხულია თ----- სერგოს ასული გ-------–---–ი. კომლის საკუთრებად აღრიცხულია საცხოვრებელი სახლი და 0,15 ჰა მიწის ფართი 1996-2000 წლების მონაცემებით.
2017 წლის 2 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობით თ----- გ-------–---–ის სამკვიდრო უფლებებსა და მოვალეობებზე სრული მოცულობით სამკვიდრო მიიღო შვილმა ლ--------–- პეილოვანოვამ.
სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ლ--------–- პეილოვანოვას საკუთრების უფლება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარე 11281 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კოდი 8-----------. საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძვლად ასევე მითითებულია N15/90359 საარქივო ცნობა; საგადასახადო სია დამოწმების თარიღი 16.06.2017წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 42-43. ტომი 1)
- სამკვიდრო მოწმობის ასლი (ს.ფ. 29-32. ტომი 1)
- საარქივო ცნობის ასლი (ს.ფ. 18-22. ტომი 1)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოსარჩელეს როგორც გოდერძი გ-------–---–ის ანდერძისმიერ მემკვიდრეს არ ეკუთვნის სამკვიდრო წილი თ----- გაიახარაშვილის სამკვიდროდან.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1452-ე,1306-ე, 1307-ე, 1336-ე, 1328-ე, 1329-ე, 1320-ე, 1344-ე, 1443-ე
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1452-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გაყოფა ხდება სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შეთანხმებით იმ წილის კვალობაზე, რაც თითოეულ მათგანს კანონით ან ანდერძით ერგებათ.
განსახილველ საქმეში დავის საგანია სამკვიდროს გაყოფა, რადგან მოსარჩელე მოითხოვს თ-----ა გ-------–---–ის სამკვიდროს ½ წილის მესაკუთრედ ცნობას. შესაბამისად, ზემოთმითითებული ნორმის საფუძველზე უნდა დადგინდეს მოსარჩელე არის თუ არა თ----- გ-------–---–ის მემკვიდრე, მას მემკვიდრეობა რომელი წესით ერგება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილია სამკვიდრო ურთიერთობების წარმოშობის 2 გზა - მემკვიდრეობა კანონით ან ანდერძით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლით დადგენილია, რომ 1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. 2. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: ა. კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები,რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან; ბ. ანდერძით მემკვიდრეობისას - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები.
განსახილველ საქმეში მოსარჩელე მამკვიდრებლის თ----- გ-------–---–ის კანონისმიერი ან ანდერძისმიერი მემკვიდრე არ არის. იგი მამკვიდრებლის სამკვიდროზე უფლების წარმომშობ გარემოებად იმას მიუთითებს, რომ არის მამკვიდრებლის შვილის - გოდერძი გოდერძის ძე გ-------–---–ის მემკვიდრე. შესაბამისად, სამართლებრივი შეფასების საგანია ის თუ რა გზით მიიღო გოდერძი გოდერძის ძე გ-------–---–მა დედის სამკვიდრო, მის სამკვიდროში შედის თუ არა სადაო ქონება. ამასთან, რადგან მოსარჩელე არის გოდერძი გ-------–---–ის ანდერძისმიერი მემკვიდრე, შესაბამისად უნდა შეფასდეს მოსარჩელეს ამ ანდერძის საფუძველზე წარმოეშვა თუ არა მემკვიდრეობის უფლება თ----- გ-------–---–ის სამკვიდროზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესის მიხედვით, კანონით და ანდერძით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, ასევე კანონისმიერი მემკვიდრე შეიძლება იყოს შვილი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადება; ასევე ანდერძით მემკვიდრეობისას მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომლებიც ჩაისახნენ მამკვიდრებლის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა.
მამკვიდრებლის შვილი გოდერძი გ-------–---–ი (რომლის ადერძისმიერი მემკვიდრეა მოსარჩელე), დედის გარდაცვალების დროს ცოცხალი აღარ იყო. შესაბამისად, 1307-ე მუხლის საფუძველზე გოდერძი გ-------–---–ი თ----- გ-------–---–ის მემკვიდრედ კანონისმიერი მემკვიდრეობის წესით არ ითვლება, ხოლო თ----- გ-------–---–ს ანდერძი არ დაუტოვებია.
სასამართლო განმარტავს, რომ მამკვიდრებლის შვილის მამკვიდრებელზე ადრე გარდაცვალების შემთხვევაში კანონი საგამონაკლისო წესით ითვალისწინებს შვილიშვილის მემკვიდრეობას. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ.
თ----- გ-------–---–ს ანდერძი არ დაუტოვებია, რის გამოც მის სამკვიდროზე მემკვიდრეობა წარმოიშვა მხოლოდ კანონისმიერი მემკვიდრეობის წესით. 1336-ე მუხლის მიხედვით სამკვიდროზე უფლებები პირველ ყოვლისა პირველი რიგის მემკვიდრეებს გააჩნიათ, ხოლო პირველი რიგის მემკვიდრეები არიან გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). სამკვიდროზე უფლებების განსაზღვრისათვის და მემკვიდრეობის უფლების წარმოშობისათვის გარდა ამ ნორმისა გასათვალისწინებელია ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის ის დანაწესი, რომლის მიხედვით, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან.
მოსარჩელე არის გოდერძი გოდერძის ძე გ-------–---–ის ანდერძისმიერი მემკვიდრე, ხოლო 1307-ე მუხლის საფუძველზე გოდერძი გოდერძის ძე გ-------–---–ის სამკვიდროში არ შედის უფლებები თ----- გ-------–---–ის სამკვიდროზე, რის გამოც ანდერძის საფუძველზე ეს უფლებები ვერც ანდერძისმიერ მემკვიდრეზე გადავა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო შეიცავს მამკვიდრებლის ქონებრივი უფლებებს, სამკვიდრო აქტივს, რაშიც იგულისხმება როგორც რეგისტრირებული უფლებები, ისე მართლზომიერად მიღებული ქონებრივი უფლებები.
ამ ნორმის საფუძველზე სამკვიდროში შედის ის ქონებრივი აქტივი და ვალდებულებები, რომელზეც უფლებები მართლზომიერად სიცოცხლეშივე ჰქონდა წარმოშობილი მამკვიდრებელს, თუნდაც ეს უფლებები არ იყოს რეგისტრირებული. გოდერძი გ-------–---–ი მამკვიდრებლის თ----- გ-------–---–ის გარდაცვალების დროს ცოცხალი არ იყო, რის გამოც მის მემკვიდრედ არ ითვლება და მის სამკვიდროში არ შედის თ----- გ-------–---–ის ქონებაზე უფლებები, რადგან ეს უფლებები მას მემკვიდრეობით არ მიუღია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო ქონება გოდერძი გოდერძის გ-------–---–ის სამკვიდროში არ შედის არც სამოქალაქო კოდექსის 1329-ე მუხლის საფუძველზე. ამ ნორმის მიხედვით, მამკვიდრებელს შეუძლია ანდერძში გაითვალისწინოს ისეთი ქონება, რომელიც ანდერძის შედგენისას მას ჯერ კიდევ არ გააჩნდა, თუ სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის ასეთი ქონება მისი საკუთრება იქნება. ამ ნორმის მიხედვით, სამკვიდროში შევა და მემკვიდრეებს შორის გაიყოფა ისეთი ქონება, რომელზეც ანდერძის შედგენის დროს მამკვიდრებელს საკუთრების უფლება არ გააჩნა, თუმცა ეს უფლება უკვე წარმოიშვა ანდერძის შედგენის შემდგომ პერიოდში და ამ ქონებაზე მამკვიდრებელს უფლებები გააჩნდა სამკვიდროს გახსნის დროს. გოდერძი გოდერძის ძე გ-------–---–ის სამკვიდრო გაიხსნა 2012 წელს 25 დეკემბერს, რის გამოც მის სამკვიდროში შედის ისეთ ქონებაზე უფლებები, რაც წარმოეშვა გარდაცვალების დღემდე, რადგან სამოქალაქო კოდექსის 1320-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს გახსნის დრო არის მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე. სამოქალაქო კოდექის 1307-ე მუხლის მიხედვით, კანონით მემკვიდრეობის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის ცოცხლები არიან. გოდერძი გ-------–---–ი თ----- გ-------–---–ის გარდაცვალების დროს ცოცხალი აღარ იყო, რის გამოც მის სამკვიდროში არ შედის სადაო ქონებაზე უფლებები და ეს უფლებები მისი ანდერძით ვერც მოსარჩელე გ------- გ-------–---–ზე გადავა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1344-ე მუხლის მიხედვით, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც.
ანდერძი არის საკუთრების უფლების განკარგვის სპეციფიური გზა, რადგან პირი ანდერძით გამოხატავს ნებას იმის შესახებ, თუ მისი გარდაცვალების შემდეგ როგორ და ვის გადაეცეს მისი ქონება. ფიზიკურ პირს შეუძლია ანდერძით განკარგოს მისი კუთვნილი ქონება, ანდერძი შეიძლება გავრცელდეს იმ ქონებაზე, რაზეც უფლებები ანდერძის შედგენის შემდეგ წარმოეშვა, მაგრამ სამკვიდროს გახსნის დროისათვის გააჩნდა მამკვიდრებელს.
ზემოთაღნიშნული გარემოებების გამო გოდერძი გოდერძის ძე გ-------–---–ის სამკვიდროში არ შედის თ----- გ-------–---–ის სამკვიდრო წილი, რადგან გოდერძი გ-------–---–ი დედაზე ადრე გარდაიცვალა და ეს უფლებები მემკვიდრეობით არ მიუღია.
სასამართლო განმარტავს, რომ მამკვიდრებელზე ადრე შვილის გარდაცვალების შემთხვევაში მემკვიდრეობის მიღების საგამონაკლისო წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით, რომლის მიხედვით შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. ეს ნორმა ადგენს მემკვიდრეობას წარმომადგენლობის წესით
სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოწესრიგების ფარგლებში შვილიშვილები მემკვიდრობას განსაკუთრებული წესით იღებენ, ისინი კანონით პირველი რიგის მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო. მაშასადამე, თუ მამკვიდრებლის შვილებიდან რომელიმე სამკვიდროს გახსნამდე გარდაიცვლება, მისი წილი სამკვიდრო გადავა მის შვილებზე (მამკვიდრებლის შვილიშვილებზე). მემკვიდრეობის ასეთ სპეციფიკურ წესს უწოდებენ მემკვიდრეობას წარმომადგენლობის უფლებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განჩინება საქმეზე №ას-218-207-2017წ).
ზემოთდასახელებული წესის გარდა გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 1443-ე მუხლის საფუძველზე შვილიშვილის მიერ მემკვიდრეობის მიღება მის სასარგებლოდ სამკვიდროზე უარის თქმის გამო. კერძოდ, ამ ნორმის მიხედვით, სამკვიდროზე უარის თქმა შვილიშვილის სასარგებლოდ დასაშვებია, თუ სამკვიდროს გახსნის დღისათვის ცოცხალი აღარ არის მისი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, ან თუ შვილიშვილი ანდერძით მემკვიდრეა.
გ------- გ-------–---–ი არ არის გოდერძი გოდერძის ძე გ-------–---–ის შვილი, იგი არის მისი ანდერძისმიერი მემკვიდრე. მას უფლება აქვს ანდერძით მიიღოს მამკვიდრებლის ის ქონებრივი უფლებები, რაზეც უფლებები მამკვიდრებელს წარმოეშვა გარდაცვალებამდე. თ----- გ-------–---–ის სამკვიდროზე უფლებები არ შედის მისი შვილის გოდერძი გოდერძის ძე გ-------–---–ის სამკვიდროში, რადგან დედის გარდაცვალების დროს იგი ცოცხალი არ იყო, რის გამოც ანდერძის საფუძველზე ეს უფლებები არ გადასცემია მოსარჩელეს.
სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ გოდერძი გოდერძის ძე გ-------–---–ს ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა მამის 2008 წელს გარდაცვლილი გოდერძი ივანეს ძე გ-------–---–ის სამკვიდრო. სასამართლო აღნიშნავს, რომ გოდერძი გოდერძის ძე გ-------–---–მა ანდერძით განკარგა მთელი თავისი ქონება, რის გამოც ანდერძით გათვალისწინებულ ქონებრივ აქტივში შედის მემკვიდრეობით ფაქტობრივი ფლობით მიღებული უფლებებიც. თუმცა, სარჩელში სადაო ქონებაზე მოსარჩელის თანასაკუთრების აღიარების მოთხოვნა არ ფაქტს არ ემყარება, რადგან მოსარჩელეს არ მოუთხოვია გოდერძი ივანეს ძე გ-------–---–ისაგან მემკვიდრეობით მიღებულ წილზე მისი საკუთრების უფლების აღიარება.
მოსარჩელემ მოითხოვა თ----- გ-------–---–ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარება, როგორც მისი პირველი რიგის მემიკვიდრის შვილის ანდერძისმიერმა მემკვიდრემ. შესაბამისად, ამ დავაში სასამართლო ვერ შეაფასებს გოდერძი ივანეს ძე გ-------–---–ს როგორც კომლის წევრს ქონების რა ნაწილზე ეკუთვნოდა თანასაკუთრების უფლება, რამდენი მემკვიდრე ჰყავდა მას, მთელი ქონება შედის თუ არა თ----- გ-------–---–ის სამკვიდროში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ აუნაზღაურდება.
8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო ამ საქმეზე 2018 წლის 17 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს გ------- გ-------–---–ის სარჩელი;
2. მოსარჩელეს უარი ეთქვას სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებაზე;
3. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ლ--------–- პ---–-------ას (პ/ნ 1----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რომელიც მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში (კოდი 8-----------);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი