გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210018002782071
2-5329/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17/12/2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: შპს ,,მ---------------------ი“
წარმომადგენელი: ნ-----------–---–ი
მოპასუხეები: ლ---- ბ-------–---–ი და ბ---–--- ლ--------------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს ,,მ---------------------მა“ სარჩელი აღძრა ლ---- ბ-------–---–ის და ბ---–--- ლ--------------ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეებს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ შემდეგი თანხის გადახდა:
- სესხის ძირი თანხა - 1644,33 ლარი;
- სესხის სარგებელი - 1562 ლარი;
- გირავნობის საგნის შეფასებისათვის გადახდილი 100 ლარი.
მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
2017 წლის 15 თებერვალს შპს ,,მ---------------------სა“ და ლ---- ბ-------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,მ---------------------მა“ ლ---- ბ-------–---–ს 36 თვის ვადით ასესხა 1700 ლარი. სესხს სარგებელის სახით ყოველთვიურად უნდა დარიცხოდა სესხად გაცემული თანხის 5%. სესხის ვადაგადაცილების შემთხვევისათვის მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე. იმავე დღეს შპს ,,მ---------------------სა“ და ბ---–--- ლ--------------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბ---–--- ლ--------------ემ შპს ,,მ---------------------ის“ წინაშე იკისრა ლ---- ბ-------–---–ის სესხის დაფარვაზე პასუხისმგებლობა. გარდა თავდებობისა, სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გირავნობით დაიტვირთა ავტომობილი დოჯ-ქარავანი. ლ---- ბ-------–---–ს სესხის დაფარვა უნდა განეხორციელებია შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მან დაარღვია ვალდებულება და გრაფიკის მიხედვით თანხა არ გადაიხადა. სესხი არ დაფარა თავდებმა პირმაც. სესხის დაფარვის შეწყვეტის გამო მოსარჩელემ მოპასუხისაგან გამოითხოვა გირავნობის საგანი და შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეაფასებინა სპეციალიტს, რაშიც გადაიხადა 100 ლარი. ვალდებულების შესრულების მიზნით გირავნობის საგანი გაიყიდა 456 ლარად. მიღებული თანხა, ვალის დაფარვისათვის არ დარჩა საკმარისი. მოპასუხეებს გადასახდელი დარჩა სესხის ძირი თანხა - 1644,33 ლარი და სესხის სარგებელი - 1562 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. ლ---- ბ-------–---–მა და ბ---–--- ლ--------------ემ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივად ცნეს. შესაგებელში განმარტეს, რომ გადასახდელი აქვთ სესხის სარგებელი ყოველთვიურად ძირი თანხის 5%. თუმცა მასში შედის მაღალი კოეფიციენტით დაანგარიშებული პირგასამტეხლოც, რაც უნდა შემცირდეს. სხვა ნაწილში სარჩელს არ ცნობენ. თუ რატომ არ ერგებათ სხვა თანხის გადახდა, შესაგებელში დასაბუთებული არაა. ასევე არ დაუზუსტებიათ რას შეადგენს სარგებელი და რას შეადგენს პირგასამტეხლო. აღნიშნულის დაზუსტება სასამართლოსაც აღარ მოუთხოვია, რადგანაც მათ მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი მთლიანად უარყვეს. მიაჩნიათ, რომ მათ მიმართ მოთხოვნა უსაფუძვლოა და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოპასუხებმა მთავარ სხდომაზე სადაოდ გახადეს შემდეგი ფაქტები:
- რეალიზაციის დროს გირავნობის საგნის მდგომარეობა;
- რეალიზაციის დროს გირავნობის საგნის ფასი;
- გირავნობის საგნის იმ ფასად რეალიზაცია, რაც სარჩელშია მითითებული.
მთავარ სხდომაზე მოპასუხეებმა განმარტეს, რომ გირავნობის საგანი ღირდა დაახლოებით 3000 ლარი. მას შემდეგ, რაც მან ლ---- ბ-------–---–მა ვერ გადაიხადა სესხის დასაფარი თანხა, მანქანა ნებაყოფლობით მიუყვანა მოსარჩელეს და გადასცა გამართულ მდგომარეობაში. მოსარჩელემ, მისი ნებართვის გარეშე ავტომანქანა გადასცა მესამე პირს, რომელმაც ავტომანქანა დააზიანა და სწორედ ამის გამო სატრანსპროტო საშუალება გაიყიდა 456 ლარად.
მოსამზადებელ ეტაპზე სასამართლომ მხარეებს განუმარტა საქმის მოსამზადებელი ეტაპის მნიშვნელობა, ასევე განუმარტა მხარეთა საპროცესო უფლებები. მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეებმა შესაგებელში მითითებული რომელიმე ფაქტორივი გარემოება არ დააზუსტეს და არც ახალი გარემოების შესახებ არ მიუთითებიათ. თუმცა მთავარ სხდომაზე დაასახელეს ისეთი ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მომზადების ეტაპზე არ იყო გაცხადებული. (ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტია ავტომანქანის დაზიანება და ფასის შემცირება მოსარჩელის მიერ).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2017 წლის 15 თებერვალს შპს ,,მ---------------------სა“ და ლ---- ბ-------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,მ---------------------მა“ ლ---- ბ-------–---–ს 36 თვის ვადით ასესხა 1700 ლარი. სესხს სარგებელის სახით ყოველთვიურად უნდა დარიცხოდა სესხად გაცემული თანხის 5 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ. ს.ფ.17-22.
საკრედიტო შეთანხმება.ს.ფ.25-26.
3.1.2. სესხი უნდა დაფარულიყო მხარეების მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადახდის გრაფიკი. ს/ფ 26..
3.1.3. 2017 წლის 15 თებერვალს შპს ,,მ---------------------სა“ და ბ---–--- ლ--------------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბ---–--- ლ--------------ემ შპს ,,მ---------------------ის“ წინაშე იკისრა ლ---- ბ-------–---–ის სესხის დაფარვაზე პასუხისმგებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ. ს.ფ. 29-30
3.1.4. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გირავნობით დაიტვირთა ავტომობილი დოჯ-ქარავანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ. ს.ფ.17-22.
3.1.5. ლ---- ბ-------–---–მა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ვადაზე ადრე შეწყვიტა გრაფიკის მიხედვით სესხის დაფარვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები.
- შეტყობინება. ს.ფ.32-41
3.1.6. სესხი არ დაფარა თავდებ პირმა ბ---–--- ლ--------------ემ
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები.
3.1.7. სესხის დაფარვის შეწყვეტის გამო მოსარჩელემ მოპასუხისაგან გამოითხოვა გირავნობის საგანი. ამასთან ლ---- ბ-------–---–ს შესთავაზა თავად გაეყიდა გირავნობის საგანი და დაეფარა ვალი. ლ---- ბ-------–---–მა ავტომანქანის რეალიზაციაზე და ვალის დაფარვაზე უარი განაცხადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები.
- შეტყობინება. ს.ფ.32-41
3.1.8. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელემ გირავნობის საგანი გაიყიდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეთა შორის სადაო გარემოებებია:
- გირავნობის საგნის მდგომარეობა და ფასი;
- ავტომანქანის რეალიზაცია 450 ლარად.
3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
3.2.3. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტბრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. სადაო ფაქტობრივ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც ავტომანქანის მდგომარეობისა და ღირებულების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა გადანაწილდეს თანაბრად. მოსარჩელეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ გირავნობის საგანი, რეალიზაციის დროს ღირდა 456 ლარი. თავის მხრივ მოპასუხეების ვალდებულებაა დაამტკიცონ, რომ სატრანსპორტო საშუალება 456 ლარზე უფრო მეტი ღირდა.
3.2.5. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მან ავტოსატრანსპორტო საშუალება გაყიდა 456 ლარად.
3.2.6. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.7. მოსარჩელემ, ავტომანქანის 456 ლარად გაყიდვის დადასტურების მიზნით, წარმოადგინა თავისი ზეპირი განმარტება. მოპასუხეებმა მოსარჩელის ზეპირი განმარტება ზეპირი განმარტებითვე უარყვეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოპასუხეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა მან რა თქვა, არამედ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია.
3.2.8. გარდა ზეპირი განმარტებისა, მოსარჩელემ ავტომანქანის 456 ლარად გაყიდვის დამტკიცების მიზნით წარმოადგინა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში. დასახელებული დოკუმენტი შედგენილია გირავნობით დატვირთული ავტომანქანის ღირებულების განსაზღვრისათვის. იგი საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების მოთხოვნათა დაცვით შეადგინა დამოუკიდებელმა შემფასებელმა. აქტში აღწერილია ავტომანქანის მდგომარეობა, დასურათებულია და გამოყვანილია მისი ფასი. აქტის მიხედვით ავტომანქანის ღირებულება შეადგენს 850 ლარს, ხოლო ლიკვიდურობა 400 ლარს.
იხ.მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში. ს.ფ. 44-50
3.2.9. მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც დგინდება, რომ გირავნობის საგანი 2018 წლის 16 თებერვალს გაიყიდა 456 ლარად. ავტომანქანა შეიძინა მირზა ტაველურმა. ხელშეკრულებას ხელს აწერს მოსარჩელის წარმომადგენელი და შემძენი. (იხ. ნასყიდობის ხელშეკრულება ს.ფ.42.)
3.2.10. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილების მიზნით მოპასუხემ წარმოადგინა მხოლოდ თავისი ზეპირი განმარტება. მას სხვა მტკიცებულება არ აქვს.
3.2.11. ავტომანქანის ღირებულების დამტკიცების მიზნით მხარეტა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დახარისხდა შემდეგნაირად:
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები:
- ზეპირი განმარტება;
- მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში;
- ნასყიდობის ხელშეკრულება.
მოპასუხეთა მტკიცებულებები:
- ზეპირი განმარტება.
3.2.11. მტკიცებულებათა დახარისხებისა და გაანალიზების შემდეგ სასამართლო ვალდებულია კრიტიკულად შეაფასოს ისინი და განმარტოს რომელი მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უფრო მყარი და დამაჯერებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ზეპირი განმარტება, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში და ნასყიდობის ხელშეკრულება, უფრო მყარი მტკიცებულებებია და უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე მოპასუხეების ზეპიი განმარტებას. მოსარჩელის მიერ მტკიცებულებები საკმარისია იმისათვის, რომ დადგენილად და დადასტურებულად იქნას მიჩნეული ის გარემოება, რომ გირავნობის საგანი რეალიზებული ღირდა 400 ლარიდან 850 ლარამდე და გაიყიდა 456 ლარად. მოსარჩელემ თავისი საპროცესო მოვალეობა უფრო უკეთ შეასრულა, ვიდრე მოპასუხეებმა. მათ მტკიცებულებების მიმართ გამოიჩინეს ზერელე მიდგომა და სარჩელისაგან თავი არ დაიცვეს. არ წარმოადგინეს მტკიცებულებები და არ გააქარწყლეს მოსარჩელის არგუმენტები ავტომანქანის 456 ლარად რეალიზაციის თაობაზე.
3.2.12. სასამართლომ განმარტავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც დამტკიცდება სადაო ფაქტობრივი გარემოებები (იხ. გადაწყვეტილების 3.2.4. პუნქტი). წინამდებარე შემთხვევაში შესაძლებელია გირავნობის საგანი მართლაც ღირდა 3000 ლარი, ან 456 ლარზე მეტი. ასევე შესაძლებელია გირავნობის საგანი მოსარჩელემ გადასცა მესამე პირს და სარგებლობის პროცესში სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა, მაგრამ ასეთი ფაქტის არსებობას სჭირდება მტკიცება. მოპასუხეებმა წარმოადგინეს არაკვალიფიციური შესაგებელი და შედავებაც არაკვალიფიციურად განხორციელეს. მათ შესაგებელში საერთოდ არ მიუთითებიათ მასზედ, რომ გირავნობის საგანი გაცილებით ძვირი ღირდა. არ მიუთითებიათ მასზედ, რომ გირავნობის საგანი მოსარჩელემ გადასცა მესამე პირს, მესამე პირმა დააზიანა და აღნიშნულის გამო გირავნობის საგანი გაიყიდა იაფად. თუ მოპასუხეები ამ ფაქტებზე შესაგებელში მიუთითებდნენ და წარმოადგენდნენ მის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, მაშინ მოსარჩელის ვალდებულება იქნებოდა გაექარწყლებინა მოპასუხეთა არგუმენტები და დამატებითი მტკიცებულებებით ემტკიცებინა ის ფაქტები, რაც სარჩელში მიუთითა. მოპასუხეს ამ სადაო გარემოებების შესახებ მთავარ სხდომამდე არ განუცხადებია, ამიტომ მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას მთავარ სხდომაზე გაცხადებული ფაქტები გააბათილოს ანუ შეეწინააღმდეგოს მოპასუხის იმ არგუმენტებს, რაც მომზადების ეტაპზე არ გაცხადებულა.
იხ. სხდომის ოქმი.
3.2.13. საქ. სსკ-ის 201-ე მუხლით ,,პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს“.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის მიხედვით სარჩელის და შესაგებლის შევსება, არ არის სარეკომენდაციო ხასიათის. ამ მოთხოვნის დაცვა სავალდებულოა და მისი დაუცველობა იწვევს გარკვეულ იურიდიულ შედეგებს (სარჩელის მიღებაზე უარის თქმას, ან ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითების შეზღუდვას). დასახელებული ნიმუში მოითხოვს სარჩელში და შესაგებელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით იყოს ასახული მოსარჩელის და მოპასუხის მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. ასეთი თანამიდმევრული ასახვა აუცილებელია არა მხოლოდ სასამართლოსათვის, არამედ მხარეებისათვის. სწორედ დავის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით იძლევა პასუხს მოპასუხე. იმისათვის, რომ თავიდანვე გაირკვეს რომელი ფაქტობრივი გარემოებაა სადაო და რომელი უდაო, აუცილებელია შემოწმდეს სარჩელისა და შესაგებლის ის გრაფა, სადაც ფაქტობრივი გარემოებებია აღწერილია. თუ მოსარჩელე ან მოპასუხე არ აღწერს ფაქტობრივ გარემოებებს და არ მიუთითებს თუ, რომელი მტკიცებულებით ამტკიცებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, მოწინააღმდეგე მხარეს გაუჭირდება კონკრეტულად პასუხი გასცეს მის წინააღმდეგ მიმართულ ფაქტობრივ გარემოებას და გააბათილოს ამ გარემოების დამამტკიცებელი მტკიცებულება. შესაბამისად ის ვერ განახორციელებს თავის საპროცესო ვალდებულებას თავი დაიცვას სარჩელისაგან, ან შესაგებელში მითითებული გარემოებები და მისი მტკიცებულებები გააბათილოს. სწორედ ამ მიზნითაა შექმნილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუში და მისი მიზანი მხარეთათვის სწორი შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის განხორციელებაა. საქმის განხილვის ერთერთი მნიშვნელოვანი პრინციპია შეჯიბრებითობის წარმართვა მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით. მხარეებს უნდა მიეცეთ ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცების თანაბარი საპროცესო საშუალებები. სარჩელის წარმოდგენის შემდეგ მოპასუხეს ეძლევა შესაგებლით სარჩელისაგან თავის დაცვის საშუალება. სწორედ შესაგებლით უნდა გააბათილოს მოპასუხემ სარჩელში მითითებული გარემოებები და მისი მტკიცებულებები. თუ მოპასუხე არ ისარგებლებს ამ მოთხოვნით, მაშინ ის კარგავს უფლებას მთავარ სხდომაზე მიუთითოს ახალ, ისეთ გარემოებაზე, რომელიც არ ყოფილა შესაგებელში მითითებული. თუ მოპასუხემ საპატიო მიზეზით ესა თუ ის გარემოება შესაგებელში ვერ მიუთითა, მაშინ აუცილებელია მან ახალ გარემოებაზე მიუთითოს მინიმუმ მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელესაც უნდა მიეცეს საშუალება მოემზადოს ახალ გარემოებასთან დაკავშირებით და გააბათილოს მოპასუხის მიერ დასახელებული ახალი გარემოებები და მტიცებულებები. წინამდებარე შემთხვევაში მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა მხოლოდ ის, რომ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას ნაწილობრივად ეთანხმება, მაგრამ არ მიუთითა რაში ეთანხმება და რაში არ ეთანხმება. მან მოსამზადებელ ეტაპზე ფაქტობრივი გარემოებები არ დააზუსტა და მთავარ სხდომაზე დემონსტრაციულად განაცხადა, რომ ის სადაოდ ხდის ავტომანქანის შეფასებას, მდგომარეობას, ფასს და ა.შ. საკითხები. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის ახალი გარემოებები სასამართლომ მხედველობაში არ უნდა მიიღოს. მას დრო და საშუალება ჰქმნიდა იმისა, რომ საქმის მომზადების ეტაპზე მიეთითებინა რა საკითხებს ხდის სადაოდ და რა ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით იცავს თავს სარჩელისაგან. მისი, საპროცესო მოვალეობის შესრულებისადმი ზერელე დამოკიდებულება და გულგრილობა, არ უნდა იქნას გამოყენებული მოსარჩელის საწინააღმდეგოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა შეჯიბრების პროცესში მხარეთა თანასწორობის უფლება. მოპასუხეს მიენიჭება მოსარჩელეთან შედარებით უპირატესობა. მას აღარ ექნება საშუალება წარმოადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს ის გარემოებები, რაზეც სარჩელში ჰქონდა მითითებული და ასევე ვერ გააბათილებს მოპასუხის იმ არგუმენტებს, რომელიც მოპასუხემ მთავარ სხდომაზე განაცხადა. მომზადების ეტაპზე მათი განუცხადებლობის გამო, მოარჩელეს არ ჰქონდა საშუალება ამ ახალ გარემოებებს შეჯიბრებოდა და დაემტკიცებინა თავისი არგუმენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე უნდა მოექცეს საქ. სსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ფარგლებში და მას უნდა შეეზღუდოს ახალ გარემოებებზე მითითების საშუალება. შესაბამისად სასამართლომ მხედველობაში არ უნდა მიიღოს ახალი ფაქტობრივი გარემობები მასზედ, რომ:
- გირავნობის საგანი ღირდა დაახლოებით 3000 ლარი;
-ლ---- ბ-------–---–მა გირავნობის საგანი მოსარჩელეს გადასცა გამართულ მდგომარეობაში;
- მოსარჩელემ მისი ნებართვის გარეშე ავტომანქანა გადასცა მესამე პირს;
- მესამე პირმა ავტომანქანა დააზიანა და სწორედ ამის გამო სატრანსპორტო საშუალება გაიყიდა 456 ლარად;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_საქართველოს კონსტიტუცია.
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივდასადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად. განსახილველ საქმეში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეებს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე ეკისრებათ სესხად გაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნების მოვალეობა, თუმცა ისინი ნაკისრ მოვალეობას არ ასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ თუ ლ---- ბ-------–---–მა მოსარჩელისაგან აიღო სესხი და შეთანხმებულ ვადაში არ დაფარა, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. ანალოგიურად ვალდებულების დარღვევად უნდა შეფასდეს თავდები პირის მიერ სესხის გადაუხდელობა. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის იმ პირობების შესაბამისად დაბრუნება, რაზეც მხარეები არიან შეთანხმებულნი.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მოსარჩელის მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოსარჩელე მიუთითებს სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მთავარი მახასიათებელია სათანადო პირობებით შეთანხმებული გარიგების არსებობა.
6.3. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.
დადგენილია, რომ შპს ,,მ---------------------ი“ სესხის გამცემი სუბიექტია. მისი საქმიანობის საგანია სარგებელის პირობით სესხის გაცემა და გარკვეული მოგების მიღება. თავის მხრივ ლ---- ბ-------–---–ს სჭირდებოდა თანხის სესხად მიღება. მათი ინტერესები დაემთხვა, რის შედეგადაც მხარეებს შორის წარმოიშვა სესხის სამართლებრივი ურთიერთობა, რაზეც 2017 წლის 15 თებერვალს მათ შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,მ---------------------მა“ ლ---- ბ-------–---–ს 36 თვის ვადით ასესხა 1700 ლარი. სესხს სარგებელის სახით ყოველთვიურად უნდა დარიცხოდა სესხად გაცემული თანხის 5 %. სესხი უნდა დაფარულიყო გრაფიკის მიხედვით. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.
6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხი. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. ხელშეკრულების დადებისა და თანხის სესხად გადაცემის შემდეგ მოსარჩელეს უფლება აქვს მოპასუხეს მოსთხოვოს სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნება იმ ვადაში და პირობებით, რაზეც ხელშეკრულებით იყვენ შეთანხმებულნი. თავის მხრივ მოპასუხე ვალდებულია ნაკისრი ვალდებულება შესრულოს ჯეროვნად, ანუ ისე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი - სესხად მიღებული თანხა მოსარჩელეს დაუბრუნოს ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობების შესაბამისად. მას ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. ლ---- ბ-------–---–ი ვალდებული იყო სესხის ძირი თანხა 1700 ლარი მოსარჩელისათვის დაებრუნებინა გადახდის ვადის დადგომისთანავე. მან საწყის ეტაპზე განახორციელა გარკვეული შენატანების შეტანა, მაგრამ შემდეგში თანხის შეტანა შეწყვიტა. მის მიერ განხორციელებული შენატანებით დაიფარა ძირი თანხის ნაწილი 55,67 ლარი. ასევე სარგებელის ნაწილი, თუმცა შენატანების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო სესხს დაერიცხა პირგასამტეხლო. სესხის დაფარვის შეწყვეტამ მოსარჩელეს მიანიჭა უფლება გაეყიდა გირავნობის საგანი და მიღებული თანხით დაეფარა ვალი. გირავნობის საგანი 2018 წლის 16 თებერვალს გაიყიდა 456 ლარად. რეალიზაციიდან მიღებული თანხა, მოსარჩელემ ვალის დასაფარად გადაანაწილა შემდეგნაირად:
- 219,49 ლარი - დარიცხული სარგებელი;
- 236,51 ლარი - პირგასამტეხლოს თანხა.
აღნიშნულის შემდეგ მოპასუხეს გადასახდელად დარჩა:
- ძირი თანხა - 1644,33 ლარი;
- სარგებელი - 1562 ლარი.
6.5. მოსარჩელე თანხის გადახდას მოითხოვს მას შემდეგ, რაც რეალიზებული იქნა გირავნობის საგანი. სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლით ,,გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში”.
სწორედ დასახელებულ ნორმას დაეყრდნო მოსარჩელე გირავნობის საგნის რეალიზაციისას. მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც გირავნობის საგანი გაიყიდა ვალის დასაფარად.
შესაფასებელია გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგ, მოპასუხემ უნდა გადაიხადოს თუ არა ის თანხა, რაც გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგ დარჩა გადასახდელი. აღნიშნულ საკითხს არეგულირებს საქ. სკ-ის 256-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილითაც ,,გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“.
დასახელებული ნორმით გირავნობის საგნის რეალიზაცია წარმოადგენს მოპასუხის ვალდებულების შეწყვეტის საფუძველს, თუმცა კანონმა მხარეებს მიანიჭა ამ წესისაგან განსხვავებული შეთანხმების უფლებაც. თუ მხარეები არაფერზე არ შეთანხმდებიან, მაშინ გირავნობის საგნის რეალიზაციით მოპასუხის ვალდებულება წყდება. ამ დროს მხედველობაში არ მიიღება რეალიზაციით მიღებული თანხა არის თუ არა ვალის დაფარვისათვის საკმარისი. თუ მხარეები ამ წესისაგან განსხვავებულ წესზე არიან შეთანხმებულნი, მაშინ გამოიყენება ის წესი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ. მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების 6.4 პუნქტით ,,თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანარჯებზეც, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში“.
ხელშეკრულების 6.4 პუნქტზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები შეთანხმებულნი არიან მასზედ, რომ მსესხებელმა ვალდებულებები შეასრულოს გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგაც. ანუ შეთანხმდნენ მასზედ, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით ვერ დაიფარება დაგროვილი დავალიანება, მაშინ ლ---- ბ-------–---–ი გადაიხდის დარჩენილ ნაშთს. აღნიშნული გულისხმობს, მას რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგ მოსარჩელეს უფლება აქვს მოპასუხეს მოსთხოვოს დარჩენილი თანხის გადახდა. მოპასუხეს გადასახდელი აქვს ძირი თანხა 1644,33 ლარი. სახელშეკრულებო პირობების შესრულების მიზნით მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი".
დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ მხარეებს შორის 2017 წლის 15 თებერვალს დადებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება შეიცავს დათქმას სესხის ძირ თანხაზე სარგებელის დარიცხვის თაობაზე. მხარეები შეთანხმებულნი არიან, თვეში 5.0 %-ის დარიცხვაზე. მოპასუხეს გრაფიკით ძირ თანხასთან ერთად უნდა გადაეხადა ყოველთვიური პროცენტის გადასახადიც. ეს ვალდებულება საქ. სსკ-ის 361-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ჯეროვანი შესასრულებელი ვალდებულებაა და იგი მოპასუხეს ისე უნდა შეესრულებინა ისე, როგორც ამაზე ხელშეკრულებაში იყვნენ შეთანხმებულნი. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და სარგებელი არ გადაიხადა. საერთო ჯამში 2018 წლის 16 თებერვლამდე სარგებელის ნაწილი გადახდილია, 2018 წლის 16 თებერვალს გადახდილი იქნა 219,49 ლარი (გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით). მოპასუხეს გადახდილი არ აქვს სარგებლის ნაწილი მანამდე და ნაწილი ამ პერიოდის შემდეგ, მთლიანობაში 19 თვის სარგებელი.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით ,,მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია”.
დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ ხელშეკრულება დადებული იყო 36 თვის ვადით. დადგენილ ვადაში სესხად მიღებული თანხა მოპასუხემ მოსარჩელეს არ დაუბრუნა, რის გამოც მოსარჩელე ხელშეკრულებიდან გავიდა და მოითხოვა მოპასუხემ სარგებელი გადაიხადოს სესხის ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სარგებელის გადახდის ვალდებულება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. საქ. 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი ზუსტად ის სარგებელია, რაც წინამდებარე საქმეში მხარეებს აქვთ შეთანხმებული სარგებელის გადახდის სახით. საქ. სკ-ის 403-ე მუხლი არის საგამონაკლისო ნორმა და მიუთითებს იმ გამონაკლისზე, რაც კანონითაა დადგენილი სესხზე სარგებელის გადახდისათვის. დასახელებული ნორმის მიხედვით თუ მოპასუხეს შესასრულებელი აქვს ვალდებულება, შესრულების ვადა გადაცილდა და მხარეებიც შეთანხმებულნი არიან, რომ ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში მოხდეს სარგებელის გადახდა, მაშინ მსესხებელი ვალდებულია გამსესხებელს გადაუხადოს ურთიერთ შეთანხმებული სარგებელი სესხის სრულ დაბრუნებამდე. მხარეები ხელშეკრულების 3.4 პუნქტით შეთანხმდნენ, რომ სესხის დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში მსესხებელს სესხის სრულად დაბრუნებამდე გადაუხდის საპროცენტო სარგებელს ყოველთვიურად.
სესხის სრულად დაბრუნებამდე საპროცენტო სარგებელის გადახდაზე შეთანხმება არაა კანონსაწინააღმდეგო შეთანხმება. ასეთი შეთანხმება გამომდინარეობს საქ. სკ-ის 403-ე მუხლიდან. თუ მხარეები მსგავს პირობაზე შეთანხმდებიან, მაშინ მსესხებელი ვალდებული იქნება სესხის დაფარვამდე გადაიხადოს სარგებელი. როგორც აღინიშნა მხარეები შეთანხმებულნი არიან სესხის დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში, სესხის სრულად დაბრუნებამდე საპროცენტო სარგებელის ყოველთვიურად გადახდის შესახებ. ამასთან მოპასუხემ გადააცილა სესხის დაბრუნების ვადას, ამიტომ ის მოვალეა მოსარჩელეს სარგებელი გადაუხადოს მანამ, სანამ მთლიანად არ შეასრულებს თავის ძირითად ვალდებულებას. თუმცა მოსარჩელე მოპასუხეს სარჩელი აღძვრის შემდეგ სარგებელს აღარ სთხოვს. ამდენად მოთხოვნა მოპასუხემ სარგებელი გადაიხადოს გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგ, საფუძვლიანი მოთხოვნაა და უნდა დაკმაყოფილდეს. გადასახდელი სარგებელის ოდენობაა 1562 ლარი. ასევე საფუძვლიანია მოთხოვნა ავტომანქანის შეფასების აქტის მომზადებისათვის გადახდილი 100 ლარის ანაზღაურების ნაწილშიც.
6.8. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ლ---- ბ-------–---–თან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულება დადო ბ---–--- ლ--------------ესთან. მან იკისრა ვალდებულება ლ---- ბ-------–---–თან ერთად პასუხი აგოს სესხის ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 893 და 895 მუხლმა დაადგინა, რომ თავდებმა პირმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი აგოს იმ ვალდებულებებზე იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც განაცხადა თავდებობა.
ლ---- ბ-------–---–ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის დარღვევისა და სესხის დაფარვის შეწყვეტის გამო, ის ვალდებულება, რაც მოსარჩელის მიმართ ლ---- ბ-------–---–ს აქვს, უნდა გავრცელდეს თავდები პირის მიმართაც. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, როგორც ლ---- ბ-------–---–ის, ასევე ბ---–--- ლ--------------ის მიმართ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.9. მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოითხოვოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 28-ე თავით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 -ე ნაწილით: ,,ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.’’
სასამართლომ გამოიკვლია მხარეთა შორის 2017 წლის 15 დადებული ხელშეკრულება დაადგინა, რომ მხარეები ხელშეკრულების 8.12 პუნქტით შეთანხმებულნი არიან მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად. წინამდებარე შემთხვევაში ვალდებულების შესრულება გახდა სადაო. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა მოპასუხის მიერ, რის გამოც სარჩელი აღძრა და მოპასუხისათვის თანხების დაკისრება მოითხოვა. სარჩელის საფუძველზე მიღებულია წინამდებარე გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლისა და მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების 8.12. მუხლის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მეორე ნაწილის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 50 ლარს. მოსარჩელეს ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელის სრულად დაკმაყოფილების გამო საქ. სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელეს აუნაზღაურონ საპროცესო ხარჯები.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,მ---------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
2. ლ---- ბ-------–---–ს და ბ---–--- ლ--------------ეს, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის - 1644,33 ლარის, სარგებელის - 1562 ლარის და ავტომანქანის შეფასების - 100 ლარის, სულ 3306,33 ლარის გადახდა.
3. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელეს აუნაზღაურონ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო თანხა 50 ლარი.
4. გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიქცეული იქნას დაუყონებლივ და ამ მიზნით გაიცეს სააღსრულებო ფურცელი. ამ ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ. №30)
5. გადაწყვეტილება (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეხუთე პუნქტისა) შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№30)
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე