გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.11.2019
საქმის ნომერი
010310019003211879
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 01-------------8--

საქმე №3-489/19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე

 

მოსარჩელე - ნ-----–---------------

წარმომადგენელი - ზ----------------------------------

 

მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - მარიამ ხარაბაძე

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 06 სექტემბრის N580 განკარგულება, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, ნ-----–---------------- ნაწილში.

 

1.2.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ. ბ------–-------------–---–--------------–----------- 206.0 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 138.0 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობაზე, ნ-----–---------------- საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

 

დავის მოკლე შინაარსი: ნ-----–---------------, 2001 წლიდან ოჯახთან ერთად ფლობს ქ. ბ------–-------------–---–--------------–----------- 206.0 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, რომელზეც ჩაატარა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები, შენობაში გაყვანილ იქნა ყველა სახის კომუნიკაციის საშუალება.

 

გამომდინარე იქედან, რომ მოქმედი კანონმდებლობა მხარეს აძლევდა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის დაკანონების საშუალებას, ნ-----–---------------მ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ასევე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, წარუდგინა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაცია და მოითხოვა ქ. ბ------–-------------–---–--------------–----------- 206.0 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარება. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა სარეგისტრაციო სამსახურის 2019 წლის 17 აპრილის N134611 წერილობითი შუამდგომლობა, ქ. ბ------–-------------–---–--------------–----------- უძრავ ქონებაზე ნ-----–---------------- საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. მოსარჩელე მხარის განცხადებასთან ერთად, ასევე განხილულ იქნა ო-----–----–-–---–-- 2019 წლის 12 ივნისის N16414/25 განცხადება, ქ. ბ------–-------------–---–--------------–----------- 206.0 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.

 

მოსარჩელე მხარე საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ აღნიშნავს შემდეგს: ქ. ბ------–-------------–---–--------------–----------- სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (მაღაზია) აშენების მიზნით, შ-------------------მ (ნ-----–---------------- მეუღლე) და ო-----–----–-–---–-- დააფუძნეს ფირმა ,,რჩეული“, ობიექტის მშენებლობის შესახებ 1993 წელს დაიდო ხელშეკრულება. ო-----–----–-–---–-- როგორც ფირმის დამფუძნებელ პარტნიორს, საწესდებო კაპიტალში, წესდებით გათვალისწინებული შენატანი არ შეუტანია, ისევე როგორც არ მიუღია მონაწილეობა შენობის მშენებლობაში. 1996 წელს, შ-------------------მ დააფუძნა ახალი ფირმა, სპს ,,–----------------------------------- რომელიც წარმოადგენდა ფირმა ,,რ-----–--- სამართალმემკვიდრეს, რის გამოც 1997 წელს ო-----–----–-–---–-------–-------------------- შორის შესდგა შეთანხმება ფირმის წილიდან გასვლის შესახებ. აღნიშნულის სანაცვლოდ ო-----–----–-–---–-- 1998 წელს შ----------------------- მიიღო 3 000 აშშ დოლარი, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა შენობის ღირებულებას. 2007 წელს, სპს ,,შ----------------------------------“ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ქ. ბ------–-------------–---–--------------–----------- უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დარეგისტრირების მოთხოვნით. სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით სპს ,,შო--------------------------------“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

ნ-----–---------------მ (შ--------------------------–--------–--–-), აღნიშნული კომპანიისგან სადავო შენობა-ნაგებობა მიიღო სარგებლობის უფლებით, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

ნ-----–---------------მ სადავო ქონებით ფლობისა და სარგებლობის დასტურად საკუთრების ასაღიარებლად კომისიას წარუდგინა მის მიერ ქონების ღირებულების, საშემოსავლო და კომუნალური გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. კომისიაში ასევე წარდგენილ იქნა მოქალაქეების, თ------------------------------–--–---–----------------------------–-------–---- ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, მათ მიერ მაღაზიის მშენებლობაზე განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რაც განხორციელდა შ-------------------- დავალებით და მის მიერ გადახდილი თანხების სანაცვლოდ. მოქ. როსტომ ზაქარაძის განცხადებით, 1993 წელს მაღაზიის მშენებლობას განახორციელებდა შ------------------- და მასში მოწყობილი ჰქონდა კაფე-ბარი, ხოლო, ბიჭიკო ჩიკვაიძის განცხადების თანახმად, ნ-----–--------------- 2001 წლიდან ფლობს ქ. ბ------–-------------–---–--------------–----------- მაღაზიას.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 6 სექტემბრის N580 განკარგულების შესაბამისად, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებულად განხილვისათვის, ფიზიკური პირის მიერ მასზე ამ კანონის ამოქმედებამდე განთავსებული უნდა იყოს საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე, თვითნებურად დაკავებულად ითვლება დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. მოცემულ შემთხვევაში კი დასტურდებოდა, რომ ნ-----–--------------- სარგებლობდა განსახილველი შენობა-ნაგებობით“.

ამ გარემოების მითითების მიუხედავად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, მოსარჩელე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, ნ-----–---------------- მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილობის საფუძველი.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებულად განხილვისათვის, ფიზიკური პირის მიერ მასზე ამ კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 15 სექტემბერი) განთავსებული უნდა იყოს საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე, თვითნებურად დაკავებულად ითვლება დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთს ფართობზე.

 

საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, ნ-----–---------------- განცხადების საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ მოსარჩელე მხარე სარგებლობდა ქ---------–-----------–---–--------------–----------- 206.0 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, თუმცა აღნიშნული ნაგებობა წარმოადგენდა კომერციული ფირმა ,,რ-----–--- სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, დღეის მდგომარეობით კი იყო დაურეგისტრირებელი ქონება, რომელზეც პრეტენზია გააჩნდა მისი პირვანდელი მფლობელი ფირმას ,,რ-----–--- დამფუძნებელს, ომ----–----–-–---–- ჯერ კიდევ შენობის ექსპლუატაციაში მიღების დღიდან, რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული დოკუმენტებით (მათ შორის შენობის ქირის თანხის მიღება შ----------------------- წლების განმავლობაში), მათ შორის, სასამართლოში მიმდინარე დავა, აგრეთვე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ დაადგინა ქალაქ ბ------–-------------–---–---------–- მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიმართ ო-----–----–-–---–-- კანონიერი ინტერესი და აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2007 წელს განხორციელებული სარეგისტრაციო გადაწყვეტილებით პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა პირის სამართლებრივად დაცულ უფლებებსა და ინტერესებს.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავის, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მოთხოვნათა საფუძველზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ჩათვალა რომ არ არსებობდა ნ-----–---------------- მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.ნ-----–---------------, 2019 წლის აპრილის თვეში განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ქ. ბ------–-------------–---–--------------–----------- 206.0 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების დარეგისტრირების მოთხოვნით.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ, ნ-----–---------------- განცხადება, 2019 წლის 17 აპრილის N134611 წერილობითი კორესპოდენციით გადაეგზავნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 6 სექტემბრის N580 განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. საქმეში წარმოდგენილი 2019 წელს, ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, როსტომ ზაქარაძე, შ-------------------, ბიჭიკო ჩიკვაიძე და ანზორ ხიმშიაშვილი ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ნ-----–--------------- ნამდვილად ფლობს და სარგებლობს ქ. ბ------–-------------–---–--------------–----------- მდებარე შენობა-ნაგებობას

მოქალაქეების, არჩილ მამულაძისა და დავით ბერიძის წერილობითი განცხადებით თანახმად, ნ-----–---------------, 1994 წლიდან ფლობს და სარგებლობს ქ. ბ------–-------------–---–--------------–----------- 207.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასე არსებული შენობა-ნაგებობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-რ. ზაქარაძის, შ. თავდგირიძის, ბ. ჩიკვაიძისა და ანზორ ხიმშიაშვილის განცხადებები;

-ა. მამულაძისა და დ. ბერიძის განცხადება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.3.საქმეში წარმოდგენილი ალექსანდრე მიქელაძის განცხადების თანახმად, იგი 1994 წელს მუშაობდა პოლიციის მე-7 განყოფილების ხელმძღვანელად და 1994 წელს, ქ. ბ------–-------------–---–--------------–----------- სურსათის მაღაზიის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციას განცხადებით მიმართა შ-------------------მ.

ამასთან, თამაზ მაკარაძისა და ჯემალ მამულაძის წერილობითი განცხადებების შესაბამისად, 1993 წელს, ქ. ბ------–-------------–---–--------------–----------- სურსათის მაღაზიაში მათ ჩაატარეს სხვადასხვა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, შ-------------------- დავალების საფუძველზე

ხოლო, ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის ვ. გოგავას 1998 წლის 5 ივნისის წერილის შესაბამისად, ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩა N32-ში მდებარე კომერციული მაღაზია ეკუთვნის სპს ,,შ------------------- და კომპანიას“, რომელიც მერიის 22.05.98 წლის გადაწყვეტილებით (ოქმი N4) გატარდა სამართლებრივ რეგისტრაციაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ა. მიქელაძის განცხადება;

-თ. მაკარაძისა და ჯ. მამულაძის განცხადება;

-ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის ვ. გოგავას 1998 წლის 5 ივნისის წერილი;

-მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.4.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 6 სექტემბრის N580 განკარგულებით ნ-----–---------------ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ნაგებობა წარმოადგენდა კომერციული ფირმა ,,რ-----–--- სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, დღეის მდგომარეობით კი იყო ის დაურეგისტრირებელი ქონება, რომელზეც პრეტენზია გააჩნდა მისი პირვანდელი მფლობელი ფირმა ,,რ-----–--- დამფუძნებელს. კომისიამ მხედველობაში მიიღო სასამართლოში მიმდინარე დავა, აგრეთვე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ დაადგინა ქალაქ ბ------–-------------–---–---------–- მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიმართ ო-----–----–-–---–-- კანონიერი ინტერესი და აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2007 წელს განხორციელებული სარეგისტრაციო გადაწყვეტილებით პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა პირის სამართლებრივად დაცულ უფლებებსა და ინტერესებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 6 სექტემბრის N580 განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს ის გარემოება, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2019 წლის 06 სექტემბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, მოხდა თუ არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევა, რაც სამართლებრივი შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ-----–---------------- მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 06 სექტემბრის N580 განკარგულება და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაევალოს სადავო გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

 

6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულება და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი;

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2.„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს მუდმივმოქმედი კომისიის მეშვეობით, ხოლო მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის საკუთრების უფლების აღიარებისათვის უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდეგში სააგენტო). წესების მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის აპრილის თვეში, ნ-----–--------------- განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ქ. ბ------–-------------–---–--------------–----------- 206.0 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების დარეგისტრირების მოთხოვნით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ, ნ-----–---------------- განცხადება, 2019 წლის 17 აპრილის N134611 წერილობითი კორესპოდენციით გადაეგზავნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. აღნიშნული განცხადების საფუძველზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დაწყებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოება.

 

7.3. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს - ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის – ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

 

სასამართლო დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში საკრებულოს შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და ბრძანებულებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიეთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

დადგენილია, რომ ნ-----–---------------- მიერ თავდაპირველს სარეგისტრაციო სამსახურში, ხოლო შემდგომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნილ განცხადებას თან ერთვოდა შემდეგი დოკუმენტები: გადახდის ქვითრები, სალაროს შემოსავლის ორდერები, აბონენტის ბარათი, ასლის სახით, მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმეთა წერილობითი განცხადებები, საარქივო მასალები, შენობის ტექნიკური პასპორტი, აქტები, უძრავი ქონების საკადასტრო/აგეგმვითი ნახაზი. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, სადავო გადაწყვეტილებაში, მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ ნაგებობა წარმოადგენდა კომერციული ფირმა ,,რ-----–--- სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, რომელზეც პრეტენზია გააჩნდა მისი პირვანდელი მფლობელი ფირმა ,,რ-----–--- დამფუძნებელს, კომისიამ ასევე გაითვალისწინა ქონებასთან მიმართებით სასამართლოში მიმდინარე დავა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ დაადგინა ქალაქ ბ------–-------------–---–---------–- მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიმართ ო-----–----–-–--–-- კანონიერი ინტერესი.

 

7.4.სასმართლო მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბერის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის მე-3 თავით მოწესრიგებულია კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარების წესი და პირობები. კერძოდ, მე-11 მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონითა და ამ ბრძანებულებით განსაზღვრული წესით.

 

7.5.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ კომისიის მიერ საქმის გარემოებები სრულყოფილად იქნა გამოკვლეული, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო, სადავო შენობა-ნაგებობის მიმართ ფირმა ,,რ-----–--- ერთ-ერთი დამფუძნებლის, ო-----–----–-–---–-- პრეტენზიის არსებობა, სასამართლოს მიერ ვერ იქნება მიჩნეული იმის უტყუარ მტკიცებულებად, რომ კომისიის მიერ საკითხი სრულყოფილად იქნა გამოკვლეული, რამდენადაც აღნიშნული ფაქტის დადგენისას კომისიამ მიუთითა სადავო შენობა-ნაგებობის პირვანდელი მფლობელის პრეტენზიაზე და სადავო ქონებასთან მიმართებით მიღებულ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, დამატებით რაიმე დოკუმენტაცია, სადავო ნაგებობაზე ფირმა ,,რ-----–--- თანადამფუძნებლის შ--------------------, ხოლო შემდგომ, სპს ,,შო--------------------------------“ ერთ-ერთი დამფუძნებლის და მისი უფლებამონაცვლის, ნ-----–---------------- მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დასადასტურებლად არ მოუძიებია. ზემოაღნიშნული გარემოებების ყოველმხრივი შესწავლის გარეშე ფაქტების დადგენა ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ, საქმის ყოველმხრივი შესწავლისა და გადაწყვეტილების მხოლოდ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე მიღების მოთხოვნას და არის აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

7.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს 2019 წლის 6 სექტემბრის N580 განკარგულება მიღებულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბერის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის’’ მოთხოვნების დარღვევით.

 

7.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

სასამართლო მიუთითებს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, არ გამოიკვლია მთელი რიგი გარემოებები, კერძოდ, სრულყოფილად არ შეუსწავლია მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ქონებით კანონიერად ფლობის/სარგებლობის შესახებ ინფორმაცია, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეფასება არ მიუცია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებისათვის. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სადავო გადაწყვეტილება, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ-----–---------------- მოთხოვნასთან დაკავშირებით, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ნ-----–---------------- განცხადების შემოწმებისას გამოიკვლიოს ის გარემოება, წარდგენილი განცხადება აკმაყოფილებს თუ არა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო ასეთის არარსებობის პირობებში, დაასაბუთოს თუ რის საფუძველზე მივიდა ამგვარ დასკვნამდე. სასამართლო აქვე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა)გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ)შეაგროვოს ცნობები; გ)მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ)დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ)გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ)მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 6 სექტემბრის N580 განკარგულება, ნ-----–---------------- საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაევალოს სადავო გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32.4 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ-----–---------------- სარჩელი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 06 სექტემბრის N580 განკარგულება, ნ-----–---------------- ნაწილში, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით.

 

3. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სადავო გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

4. მოპასუხე მხარეს, ნ-----–---------------- სასარგებლოდ, დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში

 

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე