განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2019
საქმის ნომერი
020100119003128874
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
25.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100119003128874

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/443-18 25 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი მ-----------

1.2. პროკურორი ა-----------

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული ბ-----------------------------------–-----–------------------–-------–-–----------------------------–----------–---------------------------------------–-----------------------------------–--------------------–--------------------–--------------–----------------------------------------------------------–--–------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი

ქმედების შემადგენლობა: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

2.2. ადვოკატი ლ-------------–---–-

2.3. ადვოკატი მ-----------------

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

2019 წლის 29 მაისს ქ. ზუგდიდი, ხ------–---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფმა ბ------------მ მეუღლეს - მ----------------ს, რომელთანაც იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: მ----------------ს არასრულწლოვანი შვილების - თ-----, თ------ ა-–--–- და ნ-------------ის თანდასწრებით, რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის შედეგადაც მ----------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

ბრალად წარდგენილი ქმედება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდების მხარე ბრალდებას აყრდნობს მოწმეების: ი---------------ს, ა-–--–- ბ------ს, თ----- ბ------ს, მ----------------ს ჩვენებებს.

აღნიშნულთაგან სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მხოლოდ მოწმე ი---------------, რომლის ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 30 მაისს, 11:30 საათზე დაურეკა მ----------------მ, რომელიც ტიროდა. მან უთხრა, რომ ყოფილი მეუღლე მიუვარდა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მეორე დღეს ნახა მ----------------, რომელმაც უთხრა, რომ თავად არ შეეძლო და სთხოვა, ბავშვები წაეყვანა ბაღში. მასზე დარტყმის რაიმე კვალი არ შეუნიშნავს. მ----------------მ უთხრა, ბავშვების თანდასწრებით მომაყენაო ბრალდებულმა შეურაცხყოფა - მუცელში დამარტყა, მაგინაო, ამბობდაო, შენ გამო ვიყავიო ციხეში. მანამდეც უთქვამს მ----------------ს, ბრალდებული ორსულობის დროს სულ მირტყამდაო.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნა ასევე მოწმე ბ--------------, რომლის ჩვენებით დადგენილია, რომ თ----- ბ------ და ა-–--–- ბ------ გამოკითხა. თ-----ს განცხადებით, მთვრალი მამის ხელი დედის ნაცვლად მას ცხვირზე მოხვდა და სისხლი წამოვიდა. მას დაუნიშნა ექსპერტიზა. სოციალურ მუშაკს 31 მაისს მიმართა, მაგრამ პასუხი არ ესწრებოდა და ბავშვების დაკითხვა გადაუდებელი იყო, სიტყვიერი შეთანხმებით გამოვიდა საპროცესო წარმომადგენელი უფროსთან კონსულტაციით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მ----------------მ, თ----- ბ------მ და ა-–--–- ბ------მ ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება განსახილველ საქმეზე.

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება ძალადობაში. ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები: ი--------------- და ბ--------------. არც ერთი მათგანი არ არის ქმედების შემსწრე პირდაპირი მოწმე, არამედ გადმოსცემენ დაზარალებულისა და მოწმეების მიერ მათთვის მოყოლილ ინფორმაციას. მათ უშუალოდ არ უნახავთ ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მოწმეები ეყრდნობიან დაზარალებულის და არასრულწლოვანი მოწმეების ნათქვამს, მაგრამ ინფორმაციის არც ერთი პირველწყარო ამ სიტყვებს სასამართლო სხდომაზე არ ადასტურებს.

ამდენად, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილია 2 ირიბი მოწმის ჩვენება, რომლებიც უთითებენ მხოლოდ დაზარალებულის და არასრულწლოვანი მოწმეების მიერ გამოკითხვამდე ან გამოკითხვისას მიცემულ ინფორმაციაზე, მათ უშუალოდ არ უნახავთ ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. მნიშვნელოვანია, რომ ქმედების უშუალოდ შემსწრე მოწმეებმა, რომლებზეც უთითებენ მოწმეები პირველწყაროდ, ისარგებლეს საქართვლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე. ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს მოწმეებისთვის მიწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოწმეების მიერ მიცემული ინფორმაცია არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს შემდეგ მიზეზთა გამო: მოწმეების მიერ მითითებული ინფორმაციის პირველადი წყაროები სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან და მათ არ დაუდასტურებიათ მოწმეების მიერ გადმოცემული ჩვენების შინაარსი და ამ ინფორმაციის ნამდვილობა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნულმა მოწმეებმა ირიბ მოწმეებს მიაწოდეს ინფორმაცია მანამ, სანამ მოხდებოდა მათი გაფრთხილება პასუხისმგებლობაზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის, რის შესახებ გაფრთხილებაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. მ----------------ს მიერ ი------------------ვის მიწოდებული ინფორმაცია მის გამოკითხვამდე მიწოდებული ინფორმაციაა და შესაძლებელია ის არასწორ ინფორმაციას შეიცავდეს. მით უმეტეს, რომ, მისივე სიტყვებით, ბრალდებულის მხრიდან ამგვარ ქმედებას მანამდეც არაერთხელ ჰქონდა ადგილი, თუმცა ამის შესახებ მას სასამართლოში არასოდეს განუცხადებია და ამ ფაქტებზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა, რაც მიუთითებს ამ სიტყვების არასარწმუნოობის შესაძლებლობაზე. რაც შეეხება მცირეწლოვანი მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, ისინი მცირე ასაკის გამო არ გაფრთხილებულან ცრუ ჩვენების გამო პასუხისმგებლობაზე, ერთ-ერთი მათგანი სკოლამდელი ასაკისაა, ხოლო მეორე - მეორე დაწყებითი კლასების მოსწავლე. ამდენად, მათ მიერ გამომძიებლისთვის მოყოლილი ინფორმაცია, სასამართლოში მისი დაუდასტურებლობის პირობებში, ვერ იქნება მიღებული სარწმუნო ინფორმაციად.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში, ირკვევა, რომ თავად ირიბი მოწმეების მიერ მითითებულმა ინფორმაციის წყაროებმა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, რის გამოც აღნიშნული ირიბი მოწმეების მიერ მიცემული ჩვენება რაიმე პირდაპირი მტკიცებულებით არ დასტურდება. ამდენად, მოწმეების ჩვენება ვერ იქნება გაზიარებული. მით უფრო, რომ გამომძიებლმა, რომლებმაც სასამართლოს უთხრა, თუ რა უამბეს მათ გამოკითხვისას მოწმეებმა, არის საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი და დაინტერესებულია მის მიერ შედგენილი ოქმის სისწორის დადასტურებით. ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, შეუძლებელია სასამართლომ სარწმუნოდ და საკმარისად მიიჩნიოს გამომძიებლის ირიბი ჩვენება, რომლის სისწორესაც არ ადასტურებს პირდაპირი მოწმე.

ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

იმავე საკითხზე მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დაირღვევა მხოლოდ მაშინ, თუ ირიბი ჩვენება გამოყენებულ იქნება მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის გამო ინფორმაციის პირველწყაროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას და ამასთან, თუ ირიბი ჩვენება არ იქნება განაჩენის არსებითი ან ერთადერთი საფუძველი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom; ასევე გადაწყვეტილება საქმეზე Horncastle and others v. The United Kingdom). ამდენად, ირიბი ჩვენების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსა და სამართლიანი სასამართლოს უფლების თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, როგორც გამოქვეყნებული განცხადება, ასევე ირიბი მოწმის ჩვენება არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას, რასაც შეიძლება სასამართლო დაეყრდნოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას. აღნიშნული მტკიცებულებების მხედველობაში მიღების გარეშე კი, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი სხვა რელევანტური მტკიცებულებები უშუალოდ ქმედების, მისი სუბიექტის შესახებ, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა შეუძლებელია.

ამდენად სასამართლოზე არ ყოფილა წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც მიანიშნებდა ბრალად წარდგენილი ქმედების ბრალდებულის მიერ ჩადენას.

 

3.2. რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, შედეგს - ფიზიკურ ტკივილს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, შედეგის დადგენა და მიზეზობრივი კავშირის გარკვევა მოცემულ შემთხვევაში არარელევანტურია.

 

3.3 ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ძალადობის განხორციელება არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრი მიმართ.

იმ პირობებში, როცა ბრალდებულის მიერ დანაშაულის შემადგენლობის განხორციელება არ დასტურდება, მაკვალიფიცირებელი გარემოების გარკვევა არარელევანტურია.

 

4.სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. ქმედების ობიექტური შემადგენლობა, განსახილველ შემთხვევაში გამოიხატება, მოქმედებაში, დამდგარ შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ძალადობის ჩადენას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3 მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ------------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

ბ------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

ნივთმტკიცება - კაბა დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

გამართლებულ ბ------------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია