გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7124-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - ირ---–- ულ------–-–---–ი
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური
წარმომადგენელი - ეთ--- შე----–--
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 19 აგვისტოს №1---- ბრძანება;
1.2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ირ---–- ულ------–-–---–ის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, მის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;
1.3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოსარჩელე ირ---–- ულ------–-–---–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან - 2015 წლის 10 აგვისტოდან აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული შრომითი გასამრჯელოს ყოველთვიური ოდენობით;
1.4. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოსარჩელე ირ---–- ულ------–-–---–ის სასარგებლოდ გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურება 2014 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, თითოეული წლისათვის 2000 ლარის ოდენობით;
1.5. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ირ---–- ულ------–-–---–ისათვის მორიგი, პოლკოვნიკის სპეციალური სახელმწიფო წოდების მინიჭების შესახებ;
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელე ირ---–- ულ------–-–---–ი 2007 წლიდან მსახურობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 26 თებერვლის ბრძანებით იგი დაინიშნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სამართლებრივი რეჟიმის სამმართველოს კინოლოგიური მომსახურების განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციის გამო, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 ივლისის ბრძანებით, მოსარჩელე ირ---–- ულ------–-–---–ი გადაყვანილი იქნა და დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს №5 სამმართველოს მებრძოლის თანამდებობაზე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანებით, მოსარჩელე ირ---–- ულ------–-–---–ი დათხოვნილი იქნა დაკავებული თანამდებობიდან დისციპლინური გადაცდომის საფუძვლით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თანამდებობაზე დანიშვნისა და სხვა თანამდებობაზე გადაყვანის ბრძანებები (ტ.1, ს.ფ. 55-69);
- „ირ---–- ულ------–-–---–ის სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და დანიშვნის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 ივლისის ბრძანება (ტ.1, ს.ფ. 70);
- „ირ---–- ულ------–-–---–ისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანება (ს.ფ. ტ.1, 71);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ირ---–- ულ------–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი „ირ---–- ულ------–-–---–ის სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და დანიშვნის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 ივლისის და „ირ---–- ულ------–-–---–ისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანებები და მოპასუხეს დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მოსარჩელის მიმართ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, იმ საფუძვლით, რომ საშტატო ერთეული, რომელიც მოსარჩელეს ეკავა გაუქმებული იყო და აღარ არსებობდა, 2019 წლის 19 აგვისტოს გამოსცა ბრძანება მოსარჩელე ირ---–- ულ------–-–---–ის სამსახურიდან, 2015 წლის 1 ივლისიდან დათხოვნის შესახებ.
მოსარჩელის სამსახურის დათხოვნის დღიდან - 2015 წლის 1 ივლისიდან გაუქმდა საშტატო ერთეული, რომელიც მას ეკავა. ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხაში გათვალისწინებული არ არის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სამართლებრივი რეჟიმის სამმართველოს კინოლოგიური მომსახურების განყოფილება და შესაბამისად, იმავე განყოფილების უფროსი ინსპექტორის ან იმავე ფუნქციის მქონე სხვა საშტატო ერთეული.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 75-83);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 99-134);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინება (ტ.1, ს.ფ. 136-137);
- „თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 19 აგვისტოს №1---- ბრძანება (ტ.2, ს.ფ. 26-30);
- „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №457 ბრძანება (ტ.2, ს.ფ.38-56);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ირ---–- ულ------–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ევროპის სოციალური ქარტია, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ამასთან, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული „თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 19 აგვისტოს №1---- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანს, პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე წარმოადგენს შეესაბამება, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოსარჩელე ირ---–- ულ------–-–---–ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან, განაცდურის, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებასთან და მორიგი სპეციალური წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებული იყო სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განისაზღვრებოდა კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცული იყო რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან. ამასთან, იმავე შინაარსის ნორმას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.
სასამართლო, აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 2015 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ორგანიზებას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებას, სამსახურში მიღების წესს, მოსამსახურის სტატუსს, მისი უწყვეტი პროფესიული მომზადების სისტემას, სამართლებრივი, უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის გარანტიებს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ირ---–- ულ------–-–---–ი 2007 წლიდან მსახურობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 26 თებერვლის ბრძანებით იგი დაინიშნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სამართლებრივი რეჟიმის სამმართველოს კინოლოგიური მომსახურების განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 2015 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებული ყოფილიყო დაწესებულების ან სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო. ამასთან, იმავე შინაარსის ნორმას ითვალისწინებს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დღეს მოქმედი რედაქცია.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ პირის თანამდებობიდან გათავისუფლება, კანონის მიხედვით, დაწესებულების ლიკვიდაციის ან შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების შემთხვევაშია შესაძლებელი, ხოლო საშტატო ერთეულის შემცირება თავის მხრივ, გულისხმობს კონკრეტული ფუნქციური დატვირთვით აღჭურვილი საშტატო ერთეულის საერთოდ გაუქმებას ისე, რომ აღნიშნული ფუნქციები, თუნდაც სხვა დასახელების მქონე საშტატო ერთეულის ფუნქციებში არ ტრანსფორმირდება. ამასთან, საშტატო ერთეულის გაუქმების (შემცირების) შემთხვევაში, შესაბამისი საჯარო დაწესებულების დავალდებულებას, შემცირებულ თანამდებობაზე დასაქმებული პირი დანიშნოს სხვა ფუნქციური დატვირთვის ან/და მაღალი რანგის სხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე საშტატო ერთეულზე, ან შრომითი ხელშეკრულებით დაასაქმოს იგი, კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ გააჩნია.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პატიმრობის კოდექსის 1251-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 2015 წლის 1 ივლისს ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. ამის გათვალისწინებით რეორგანიზებული იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაცია არ იწვევდა მის დაქვემდებარებაში მყოფი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებების ლიკვიდაციას.
მითითებული კოდექსის 1252-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, ის პირი, რომელიც 2015 წლის 1 ივნისისთვის არის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს მოსამსახურე და მუშაობს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოში, ადმინისტრაციულ სამმართველოში, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში, საფინანსო სამმართველოში ან მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოში, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით, უკონკურსოდ გადაყვანილ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალ სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში სხვა თანამდებობაზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ მოსამსახურეს არ ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება. ის მოსამსახურე, რომელიც 2015 წლის 1 ივნისისთვის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულების სოციალურ განყოფილებაში, საზოგადოებრივ მისაღებში, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში, კანცელარიაში, ბუღალტერიაში, კადრებში ან არის დაწესებულების უფროსი ინსპექტორი (იურისტი) ან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურე, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით, უკონკურსოდ გადაყვანილ იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალურ სამსახურში, პენიტენციური დაწესებულების სოციალურ სამსახურში ან პენიტენციური დაწესებულების იმ სამსახურში, რომელიც ახორციელებს ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ ან სამართლებრივ უზრუნველყოფას, შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ მოსამსახურეს არ ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება. ის პირი, რომელიც 2015 წლის 1 ივნისისთვის არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან/და სამედიცინო დეპარტამენტის მოსამსახურე, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით, უკონკურსოდ გადაყვანილ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ მოსამსახურეს არ ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაწესებულება, სადაც მოსარჩელე ირ---–- ულ------–-–---–ი მსახურობდა ლიკვიდირებული იქნა და კანონით, მის მიერ დაკავებულ საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირის სხვა თანამდებობაზე გადაყვანა კანონით არ იქნა გათვალისწინებული.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია ის გარემოება, რომ მოსარჩელის სამსახურის დათხოვნის დღიდან - 2015 წლის 1 ივლისიდან გაუქმდა საშტატო ერთეული, რომელიც მას ეკავა (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება). ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხაში გათვალისწინებული არ არის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სამართლებრივი რეჟიმის სამმართველოს კინოლოგიური მომსახურების განყოფილება და შესაბამისად, იმავე განყოფილების უფროსი ინსპექტორის ან იმავე ფუნქციის მქონე სხვა საშტატო ერთეული.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, იმ საფუძვლით, რომ საშტატო ერთეული, რომელიც მოსარჩელეს ეკავა გაუქმებული იყო და აღარ არსებობდა, 2019 წლის 19 აგვისტოს გამოსცა ბრძანება მოსარჩელე ირ---–- ულ------–-–---–ის სამსახურიდან, 2015 წლის 1 ივლისიდან დათხოვნის შესახებ.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, სადა მოსარჩელე მსახურობდა ლიკვიდირებული იქნა, ხოლო მის ნაცვლად შექმნილ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მთლიანად (ფუნქციურად) გაუქმდა ის საშტატო ერთეული, რომელსაც იგი იკავებდა.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ადგილი არა აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს „თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 19 აგვისტოს №1---- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში
ამრიგად, ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, არ არსებობს მოსარჩელე ირ---–- ულ------–-–---–ის, გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი.
6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული ბრძანება და ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალოს მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდური შრომის გასამრჯელოს ანაზღაურება.
6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ირ---–- ულ------–-–---–ის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერად ცნობისა და მისთვის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის პირობებში, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე 2015-1019 წლებში გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა.
რაც შეეხება, 2014 წლის გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მიერ, დამსაქმებლის ინიციატივით შვებულების უფლების შეზღუდვის ფაქტს დაადასტურებდა.
სასამართლო განმარტავს, რომ შვებულება დასაქმებულის უფლებას წარმოადგენს, ხოლო უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია უფლების მფლობელის მიერ ნების გამოვლენაზე და მის განხორციელებაზე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე (იხ. თუნდაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება საქმის ნომერი: ბს-35-34(2კ-2კს-16), სადაც ზემოთ აღნიშნული საკითხი სწორედ ასეა შეფასებული, კერძოდ მითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ-ას შეუძლია, მოითხოვოს 2014 წლის კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურება, ვინაიდან, დამსაქმებლის მიზეზით, მის მიერ ვერ მოხერხდა ყოველწლიური შვებულებით სარგებლობის უფლების რეალიზება. მოსარჩელეს, აგრეთვე, შეეძლო, მოეთხოვა 2013 წლის კუთვნილი შვებულების ანაზღაურება, შრომის კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობის - შვებულების მომდევნო წლისათვის გადატანის უფლების გამოყენების შემთხვევაში, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება.
6.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე მოსარჩელის მოთხოვნა მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით, რადგან „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, უკანონოდ გათავისუფლებულ მოსამსახურეს სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაში.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
7.2. რაც შეეხება ადვოკატის მომსახურებისა სხვა საპროცესო ხარჯების ანაზღაურების მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დავალებას, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე ირ---–- ულ------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული და სხვა საპროცესო ხარჯების ანაზღაურების მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დავალების თაობაზე, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე, 32-ე, 33-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ირ---–- ულ------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დავით წერეთელი