გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/24478-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 დეკემბერი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე
მოსარჩელე - შპს „ბ---–-----ი“, შპს „ინ--------–----------------“
წარმომადგენელი - მ--------------–---–ი
მოპასუხე - შპს „მ---------ი“
წარმომადგენელი - მ--------------–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „მ---------ს“ მოსარჩელე შპს „ბ---–-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 720 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა;
1.2. შპს „მ---------ს“ მოსარჩელე შპს „ინ--------–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 9126,01 ევროს ექვივალენტი ლარში გადახდა.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
შპს „ბ---–------ჯ---ს“ 100%-იანი წილის მესაკუთრეს ს-----------------სა და შპს „მ---------ს“ შორის 2017 წლის 22 დეკემბერს დაიდო წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ს-----------------მა გაყიდა კუთვნილი 100% წილი შპს „ბ---–----- ჯ---ში“, ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 75000 ლარით.
ხელშეკრულების 6.5 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს „მ---------ს“ უნდა გაესტუმრებინა შპს „ბ---–----- ჯ---“-ს დავალიანებები, მათ შორის ა) შპს „ბ---–-----ის“ მიმართ დავალიანება 720 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 2017 წლის 31 დეკემბრამდე და ბ) შპს „ინ--------–----------------ის“ მიმართ დავალიანება 9126,01 ევროს ექვივალენტი ლარში 2018 წლის 8 იანვრამდე.
მოპასუხეს ვალდებულება სარჩელის წარმოდგენის დღემდე არ შეუსრულებია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და წარდგენილი შესაგებლებით, ასევე სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით გამორიცხა მისი პასუხისმგებლობა. მოპასუხემ განმარტა, რომ ხელშეკრულების დასახელებული პუნქტი იყო დეკლარაციული ხასიათის, შეიცავდა ინფორმაციას იმ კომპანიის ვალების შესახებ, რომლის წილიც იყიდა შპს „მ---------მა“. აღნიშნული დავალიანება თავად შპს „ბ---–----- ჯ---ს“ უნდა გადაეხადა და ხელშეკრულება არსად შეიცავდა ჩანაწერს, რომ შპს „მ---------ი“ იღებდა პასუხისმგებლობას შპს „ბ---–----- ჯ---ს“ ვალდებულებებზე. ამდენად, იგი არც შპს „ბ---–------ჯ---ს“ უფლებამონაცვლე იყო და კანონმდებლობაც არ ითვალისწინებდა კომპანიის ვალდებულებებზე პარტნიორის პასუხისმგებლობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით შპს „ბ---–------ჯ---ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 405135072) 100%-იანი წილს მფლობელ პარტნიორს წარმოადგენდა ს-----------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წილის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. შპს „ბ---–------ჯ---“ სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმყოფებოდა შპს ბ---–-----თან“ და შპს „ინ--------–----------------თან“ და მათ მიმართ გააჩნდა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელეების ახსნა-განმარტება;
- 23.03.2017 წლის ხელშეკრულება #01/03/2017;
- 01.02.2016 წლის ხელშეკრულება.
3.1.3. 2017 წლის 22 დეკემბერს შპს „ბ---–------ჯ---ს“ 100%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს ს-----------------სა და შპს „მ---------ს“ -ს შორის დაიდო წილის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ს-----------------მა გაყიდა ხოლო შპს „მ---------მა“ შეიძინა შპს „ბ---–------ჯ---ს“ 100% წილი.
ნასყიდობის საფასური განისაზღვრა 75000 ლარით, რაც მყიდველმა უნდა გადაიხადოს ეტაპობრივად და სრული დაფარვა უნდა მოხდეს 2018 წლის 8 ივლისამდე.
შპს „მ---------ი“ დარეგისტრირდა შპს „ბ---–------ჯ---ს“ 100% წილის მფლობელ პარტნიორად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წილის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება;
- 12.02.2018 წლის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
3.1.4. წილის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულით მხარეებმა დაადგინეს ხელშეკრულების დადების დროისთვის შპს „ბ---–------ჯ---ს“ შეუსრულებელი ვალდებულებები და მიუთითეს, რომ მყიდველისთვის ცნობილია, რომ შპს „ბ---–------ჯ---ს“ გააჩნია შემდეგი კრედიტორული დავალიანებები:
· შპს „ბ---–------ჯ---ს“ გააჩნია 161 ევროს ექვივალენტი ლარში პ---–------ში რეგისტრირებული კომპანიის “C--------------”_ის (ს/კ P-----------) მიმართ, რომელიც დაფარული უნდა იქნას 2017 წლის 31 დეკემბრამდე;
· შპს „ბ---–------ჯ---ს“ გააჩნია 720 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ს-------ში რეგისტრირებული კომპანია “B---------“ (ს/კ 0-------), რომელიც დაფარული უნდა იქნას 2017 წლის 31 დეკემბრამდე;
· შპს „ბ---–------ჯ---ს“ ბიუჯეტის მიმართ გააჩნია დავალიანება 7290 ლარის ოდენობით;
· შპს „ბ---–------ჯ---ს“ გააჩნია 9126,01 ეროს ექვივალენტი ლარში პ---–------ში რეგისტრირებული კომპანია “M------“-ის (ს/კ P----------) მიმართ, რომელიც დაფარული უნდა იქნას 2018 წლის 8 იანვრამდე.
მყიდველისათვის ასევე ცნობილია, რომ კომპანიას შპს „ბ---–------ჯ---ზე“ დარეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წილის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება.
3.1.5. შპს „მ---------ი“ არ უარყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შპს „ბ---–------ჯ---“ დავალიანების დაფარვის ფაქტს.
2018 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით შპს „ბ---–------ჯ---ზე“ აღარ ფიქსირდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციის ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 12.02.2018 წლის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
3.1.6. შპს „ბ---–-----ის“ და შპს „ი--------–----------------ის“ მიმართ არსებული ფულადი ვალდებულება შესრულებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „მ---------ი“ წარმოადგენს მოსარჩელეების მიმართ შპს „ბ---–------ჯ---ს“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების მიმართ პასუხისმგებელ პირს.
(დასაბუთება იხილეთ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ბ---–-----ის“ და შპს „ინ--------–----------------ის“ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, რომელიც შეიცავს სახელშეკრულებო ურთიერთობების ზოგად განმარტებას, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხოლო 327-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეული უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. აღნიშნული ნორმების საფუძველზე სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების შედეგია, რომელიც მხარეთა თანხმვედრი ნების გამოვლენას გულისხმობს და ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც მხარეები ცდილობენ, შესაძლოა მხოლოდ კონსესუსის შედეგად დადგეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თავდაპირველ მოვალეს უფლება აქვს არ დაეთანხმოს მოთხოვნის მფლობელისა და მესამე პირის ამ შეთანხმებას და თვითონ გადაიხადოს ვალი.
ამავე კოდექსის 204-ე მუხლის თანახმად, თუ ვალის გადაკისრებაზე მესამე პირი და მოვალე შეთანხმდნენ, მისი გადაკისრების ნამდვილობა მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზეა დამოკიდებული. ვალის გადაკისრების ნამდვილობისათვის მოთხოვნის მფლობელის თანხმობა საჭირო არ არის „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სამოქალაქო კოდექსით რეგულირებულია ვალის გადაკისრების ორი საკანონმდებლო
შემადგენლობა: მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულება (203-ე მუხლი) და მოვალესა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულება ვალის გადაკისრების შესახებ (204-ე მუხლი). ვალის გადაკისრების შესახებ ხელშეკრულება იდება მოთხოვნის მფლობელსა და ახალ მოვალეს შორის და იგი, როგორც წესი არ საჭიროებს მოვალის თანხმობას. ვალის გადაკისრება ათავისუფლებს მოვალის ვალდებულების შესრულებისაგან კრედიტორის მიმართ. ვალის გადაკისრება 203-ე მუხლის მიხედვით არის მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება. ვალის გადაკისრების იურიდიული შედეგი იმაში ვლინდება, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე ახალი მოვალე იკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. ვალდებულების შინაარსი რჩება უცვლელი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემადგენლობა, სადაც არსებობს მესამე პირსა და მოვალეს შორის შეთანხმება ვალის გადაკისრებაზე. წილის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით ნასყიდობის საგანზე შეთანხმებასთან ერთად შპს „ბ---–------ჯ---მ“ და შპს „მ---------მა“ დაადგინეს კრედიტორების მიმართ შპს „ბ---–------ჯ---ს“ შესასრულებელი ვალდებულებები და მათი შესრულების ვადები. ამდენად, აღნიშნული შეთანხმებით განხორციელდა ვალის გადაკისრება. ამ მსჯელობას თავად მოპასუხის ქმედებაც ადასტურებს, კერძოდ: აღნიშნული ვალდებულებებიდან შპს „მ---------მა“, შპს „ბ---–------ჯ---ს“ 100% წილის შეძენის შემდგომ, დაფარა ნაწილი დავალიანება, შეასრულა სახელმწიფოს მიმართ აღიარებული ვალდებულებები. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ შპს „ბ---–------ჯ---ს“ მიმართ აღარ არსებობს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და მოპასუხე არ უარყოფს მის მიერ შპს „ბ---–------ჯ---ს“ სახელმწიფო მიმართ ვალდებულებების შესრულებას.
ამდენად, აღნიშნული მსჯელობის საფუძველზე შპს „მ---------ს“ ეკისრება 2017 წლის 22 დეკემბრის შეთანხმებით მოსარჩელეების სასარგებლოდ დადასტურებელი შეუსრულებელი ვალდებულებების შესრულება. რაც შეეხება დავალიანების ოდენობას, მოპასუხეს ამ მიმართებით შედავება არ განუხორციელებია და მოპასუხეს სრულად უნდა დაეკისროს მათი გადახდა.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
შპს „ბ---–-----ს“ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 ლარი, ხოლო შპს ინ--------–----------------ს“ 800 ლარი და 91 ლარი. დავის საგნის ოდენობის გათვალისწინებით შპს „ინტერსილენსია მს ბრადის“ მოთხოვნის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 890,19 ლარს. ამდენად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 0,81 ლარი.
ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, შპს „მ---------ს“ მოსარჩელეების სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარისა და 890,19 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელეების შპს „ბ---–-----ი“-ს და შპს „ინ--------–----------------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შპს „მ---------ი“-ს შპს „ბ---–-----ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 720 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა;
3. შპს „მ---------ი“-ს შპს „ინ--------–----------------“ი-ს სასარგებლოდ დაეკისროს 9126.01 ევროს ექვივალენტი ლარში გადახდა;
4. მოპასუხე შპს „მ---------ი“-ს მოსარჩელე შპს „ბ---–-----ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 50 ლარის გადახდა;
5. მოპასუხე შპს „მ---------ი“-ს მოსარჩელე შპს „ინ--------–----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 890,19 ლარის გადახდა;
6. მოსარჩელე შპს „ინ--------–----------------“-ის (საიდ. 7---------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 03/10/2019 წ. N0 საგადასახადო დავალებით (რეფერენსი 2---------), გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 91 ლარიდან - 0,81 ლარი (81 თეთრი), როგორც ზედმეტად გადახდილი, (გადამხდელი - მ--------------–---–ი, პ/ნ 0----------, გადამხდელის ბანკი - სს „ თიბისი ბანკი ’’; ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22);
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე