განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2019
საქმის ნომერი
190100119003207319
თარიღი
27.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-774-19

(№012280819004)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

27 დეკემბერი, 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი

 

ბრალდების მხარე: სტაჟიორ-პროკურორი მარიკა ტყაბლაძე,დაცვის მხარე: ადვოკატი ლელა გოძიაშვილი

 

ბრალდებული: მ-------------–---–ი

მამის სახელი: ო-----ი

დაბადებული: 30.08.1--- წ.

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 3----------

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული: ქ. რუსთავი, თ---------------------------ში,ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რუსთავი, ტ-----------ში;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

სხდომის სახე - ღია;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის #1-164-19 განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ძალადობისთვის ნასამართლევმა მ-------------–---–მა 2019 წლის 28 აგვისტოს, საღამოს დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. რუსთავში, მე-1-------------------------ში მდებარე ტაქსების გამოსაძახებელ ოფისში, ოპერატორს, მა------------–---–ს ტაქსის მომსახურებასთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკებისას სახის არეში ხელის მოჭერისა და სადარბაზოს კედელზე მიხეთქების შედეგად მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა, მ-------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: კერძოდ, ბრალდებული მ-------------–---–ის, დაზარალებული მა------------–---–ის, მოწმეების ც-----------–---–ის და დ----------–--ის ჩვენებებს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენს, მობილური ტელეფონის ამოღების ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარდა დაზარალებული მა------------–---–ის დაკითხვისა, მხარეებს 2019 წლის 27 დეკემბრის გამართულ წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის მა------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მუშაობდა ტაქსოკომპანიაში ოპერატორად, სამუშაო ოფისი მოწყობილია ქ. რუსთავში, მე-1-------------------------ში მდებარე ბინაში. 2019 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 19 სთ-ის შემდეგ დარეკა კლიენტმა და გამოიძახა ტაქსი მაღაზია ,,ჯიბესთან“. იმის გამო, რომ ტაქსის მძღოლმა მისამართზე მისვლა დააგვიანა, კლიენტმა, როგორც შემდეგ გაიგო, მ-------------–---–მა რამდენჯერმე დარეკა და მას ლანძღავდა, რის შემდეგაც მისი ტელეფონის ზარებს აღარ პასუხობდა. მოგვიანებით მის სამუშაო ადგილას მივიდა მ-------------–---–ი და ითხოვდა მასთან შეხვედრას. თანამშრომლები არ უშვებდნენ სამუშაო ოთახში. იგი იძულებული გახდა გასულიყო. გასვლისთანავე მ-------------–---–მა სახეში შეაფურთხა და ყელზე ხელი მოუჭირა. თავის განთავისუფლების მიზნით ამ უკანასკნელს სახე დაუკაწრა, რის გამოც მ-------------–---–მა ხელი ჰკრა და ძირს დავარდა. წასვლის შემდეგაც მ-------------–---–ი ურეკავდა და სახის დაკაწვრის გამო პასუხს სთხოვდა. მისივე განმარტებით, დღეისათვის ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ აქვს.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, დაცული მტკიცებულებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით პასუხისმგებლობაა დაწესებული ისეთი განზრახი ქმედებისათვის, როგორიცაა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის დაზიანებასთან, მაგრამ იწვევს ფიზიკურ ტკივილს. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობაში მოცემულია ძალადობის ორი ხერხი - ცემა და სხვაგვარი ძალადობა. სხვაგვარი ძალადობა, რომელშიც იგულისხმება თმებით თრევა, ჩქმეტა ან თერმული საშუალებით ზემოქმედება და სხვა, შედეგი გამოიხატება ფიზიკური ტკივილის სახით და მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასთან. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას ან სისხლნაჟღენთს, აღსანიშნავია, რომ ცემის დროს გამოყენებული საშუალება, იქნება ეს საგანი თუ ხელ-ფეხი, მიეკუთვნება მკვრივ ბლაგვ საგანს.

 

სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობრივი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მიხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის №1/164-19 განაჩენით (საპროცესო შეთანხმება) მ-------------–---–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წლის და 06 თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, 06 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 02 წელი ჩაეთვალა პირობითად, 02 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც დღეისთვის გადაუხდელია.

4. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ მ-------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ-------------–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ გამოვლენილა.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს დანაშაული. კანონმდებელი ადგენს არა მხოლოდ დანაშაულის შემადგენლობას, არამედ შესაბამის სასჯელსაც. სასჯელი არის სახელმწიფოს იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც საქართველოს სახელით მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეიძლება შეეფარდოს დანაშაულის ჩამდენ პირს. სასჯელის ერთ-ერთი და ამავე დროს უმნიშვნელოვანესი მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროებისა და უმართლობის ხარისხის, ბრალდებულის წარსულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-------------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით ისეთი ზომით, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

7. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

მ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს მ-------------–---–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის №1/164-19 განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის №1/164-19 განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი ნაწილობრივ - 03 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, მ-------------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. მ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

3. მ-------------–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 28 აგვისტოდან.

 

4. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე ამოღებული აიფონი დაუბრუნდეს მფლობელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებაში);

 

5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში მისი გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი