გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-----19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30.12.2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ონიანი
სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - ა-------–---–ი
წარმომადგენელი - ო----------------–--ე
მოპასუხეები - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ა--------------ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება (სამსახურში აღდგენა), იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „ა-------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 02 აპრილის №MIA 0 1--------- ბრძანება;
1.2. ა-------–---–ი აღდგენილ იქნას სსიპ სდაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის - აღმოსავლეთ საქართველოს სადილერო ცენტრების მომსახურების განყოფილების უფროსი ინსპექტორის ტოლფას თანამდებობაზე.
1.3. მოპასუხე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ა-------–---–ის სამსახურში არყოფნის დღიდან 2014 წლის 19 სექტემბრიდან დაუქვითავი სახით ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს 1--- ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხის - საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, გასაჩივრებული ბრძანება გამოცემულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლითაც ითხოვა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით მომსახურების სააგენტოს 510 თანამშრომლის, მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოს სადილერო ცენტრების მომსახურების განყოფილების უფროსი ინსპექტორის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ა-------–---–ის დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლება და კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში აყვანა 2014 წლის 17 სექტემბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო საამართლოს 2015 წლის 07 აპრილის №3-------- გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 51-64).
3.1.2. 2014 წლის 19 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №1------ ბრძანებით, მოსარჩელე - სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) აღმოსავლეთ საქართველოს სადილერო ცენტრების მომსახურების განყოფილების უფროსი ინსპექტორი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ა-------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო საამართლოს 2015 წლის 07 აპრილის №3-------- გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 51-64).
3.1.3 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №1------ ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენს პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი, 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა”, ”ე” და ”ნ” ქვეპუნქტები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო საამართლოს 2015 წლის 07 აპრილის №3-------- გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 51-64).
3.1.4. სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2007 წლის პირველი თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საშტატო ნუსხის თანახმად, 2014 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს შემადგენლობაში შედიოდა სადილერო ცენტრების მომსახურების განყოფილება, რომელიც შედგებოდა განყოფილების უფროსის ერთი შტატის, განყოფილების უფროსის მოადგილის ერთი შტატის და უფროსი ინსპექტორის 21 შტატისგან.
იმავე ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის თანახმად, 2014 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს შემადგენლობაში აღარ შედიოდა სადილერო ცენტრების მომსახურების მომსახურების განყოფილება. სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოში ჩამოყალიბდა სადილერო ცენტრების სამსახური, რომელიც შედგებოდა სამსახურის უფროსის ერთი შტატის, სამსახურის უფროსის მოადგილის ერთი შტატის და უფროსი ინსპექტორის 13 შტატისგან.
დასახელებული საშტატო ნუსხების თანახმად, 2014 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გათვალისწინებული იყო ოფიცრის 534 შტატი და რიგითის 41 შტატი. რეორგანიზაციის შემდეგ, 2014 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით გათვალისწინებული იყო ოფიცრის 536 შტატი და რიგითის 39 შტატი. შტატების საერთო რაოდენობა არ შეცვლილა. ოფიცრის შტატი გაიზარდა 2 ერთეულით და ამავდროულად რიგითის შტატი შემცირდა 2 ერთეულით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო საამართლოს 2015 წლის 07 აპრილის №3-------- გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 51-64).
3.1.5. 2014 წლის 19 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №1------ ბრძანება ა-------–---–ის მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც 2015 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №1------ ბრძანება ა-------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში. ამავე გადაწყვეტილებით, დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
მითითებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით, მოსარჩელე ა-------–---–ის და მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 02 მაისის განჩინებით აპელანტების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებულ იქნა მოსარჩელე ა-------–---–ის და მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს და ა-------–---–ის საკასაციო საჩივარი, გარდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების ა-------–---–ის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილისა მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
ამავე განჩინებით, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 02 მაისის განჩინება გარდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო საამართლოს 2015 წლის 07 აპრილის №3-------- გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 51-64).
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 02 მაისის განჩინება (ტ.1, ს.ფ. 65-121)
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება (ტ.1, ს.ფ. 122-125)
3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2019 წლის 11 თებერვალს გასცა სააღსულებო ფურცელი:
"1. ა-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №1------ ბრძანება ა-------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში.
3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი."
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსულებო ფურცელი (ტ.1. ს.ფ. 131)
3.1.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის და "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" და "ნ" ქვეპუნქტების შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №MIA 0 19 0------- ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №1------ ბრძანების 439-ე პუნქტი, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) მომსახურების პოლიციის უფროს ლეიტენანტ ა------–------------–------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ.
ბრძანებას საფუძვლად დაედო შსს იურიდული დეპარტამენტის დირექტორის სამსახურეობრივი ბარათი (N2910114, 03.12.2019 წ) და საქართველოს სააპელაციო სასამართლოს განჩინება 3---------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 25 მარტის №MIA 0 19 0------- ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 134).
3.1.8. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის" 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" (საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის N24 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების" მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის "ე" და "ი" ქვეპუნქტების თანახმად, სიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 02 აპრილის №MIA 2 19 0------- ბრძანებით სსიპ შსს-ს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს სადილერო ცენტრების მომსახურების განყოფილების უფროსი ინსპექტორი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ა-------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების თარიღად ბრძანებაში აღინიშნა 2014 წლის 19 სექტემბერი.
ბრძანებას საფუძვლად დაედო სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 17 სექტემბრის საშატო - საორგანიზაციო N73 ბრძანება, საქართველოს სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 08 დეკემბრის 3--------- განჩინება და საქართველოს შს მინისტრის 2019 წლის 25 მარტის N756962 ბრძანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 02 აპრილის №MIA 0 19 0------- ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 135-136).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1 მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია, თუ რამდენად არსებობდა, ა-------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განყოფილებაში აყვანის ნაწილში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 19 სექტემბრის №1------ ბრძანების გამოცემის დროს ა-------–---–ის სამსახურიდან გათავისუფლებისას მოსარჩელის შრომითი უფლების შენარჩუნების საფუძველი. მოსარჩელის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკანონოდ შეფასდა სადავო ბრძანების გამოცემის დროს ა-------–---–ისთვის შრომითი უფლების წართმევა და სწორედ იმჟამად არსებული სამართლებრივი მოცემულობის პირობებში დაევალა მოპასუხეს ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოპასუხემ კი იმსჯელა 2019 წლის სამართლებრივი მდგომარეობით, რასაც დაუკავშირა მოსარჩელის სამსახურიდან მეორედ გათავისუფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება, სარჩელი
3.2.2. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 02 აპრილის №MIA 2 19 0------- ბრძანების გამოცემისას დარღვეულ იქნა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეისწავლა საკითხი სრულყოფილად, რის გამოც მის მიერ მიღებულ იქნა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
ამასთანავე, სადავო ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის N24 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების" მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის "ე" და "ი" ქვეპუნქტები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება, სარჩელი
-სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 02 აპრილის №MIA 2 19 0------- ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 135-136).
3.2.3. სადავო ბრძანებაში ( 2019 წლის 02 აპრილის №MIA 2 19 0-------) ისევე, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილებით, ბათილად ცნობილ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის N1------ ბრძანებაში არ არის მითითებული მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი, გარემოებები, ფაქტები, რომელთა შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზეც მოხდა ბრძანების გამოცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-თბილისის საქალაქო საამართლოს 2015 წლის 07 აპრილის №3-------- გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 51-64).
-სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 02 აპრილის №MIA 2 19 0------- ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 135-136).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა-------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი;
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილება; ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №995 ბრძანება;
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის N56 ბრძანება (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 მარტიდან).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების შესახებ“ N24 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.
საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული მართლმსაჯულების არსი, ამოცანა და მისი როლი სახელმწიფოში კანონიერი საჯარო მმართველობის დამკვიდრებაში, კერძოდ: „სასამართლო ხელისუფლება ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით თავისი არსით ორ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ფუნქციას ახორციელებს:
1. კონფლიქტის (დავის) მოგვარება/გადაწყვეტა კანონიერად და სამართლიანად;
2. სასამართლო კონტროლის განხორციელება მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე, რაც თავის მხრივ, ემსახურება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს, კანონიერი საჯარო მმართველობის ფუნქციონირების უზრუნველყოფას.
მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების, ხელშეკრულებების, ქმედებების/მოქმედება, უმოქმედობა/ გასაჩივრება საერთო სასამართლოში, რა დროსაც სასამართლოს ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, რათა აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირსა და ოფიციალურ სტრუქტურას შორის“.
სასამართლო მიუთითებს, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომელიც ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი „ა-------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 02 აპრილის №MIA 0 1--------- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან, მოსარჩელის - ა-------–---–ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია საჯარო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“.
6.3. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვაგამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმიანობის და ურთიერთობების დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობების გათვალისწინებით, პირის სამსახური, მათ შორის საჯარო სამსახურში საქმიანობა უკავშირდება ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას.
სასამართლო, აქვე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად (2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ (განაცხადი N 21722/11)). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“. კონვენციის მე-8 მუხლი „იცავს უფლებას პიროვნულ განვითარებაზე და უფლებას სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე“. „პირადი ცხოვრების“ ცნება არ გამორიცხავს პროფესიული თუ ბიზნეს ხასიათის საქმიანობებს. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ (იხ. Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი 1992, § 29, სერია A no. 251-B). ასევე, სამსახურიდან დათხოვნა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენს (იხ. Özpınar v. Turkey, no. 20999/04, §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2010).
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვან დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც საჯარო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის, მათ შორის სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლოს, მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოსარჩელე ა-------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლება, განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი პრეამბულაშივე ახდენს დეკლარირებას, რომ ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მითითებული კანონის მე-3 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად,აჯარო სამსახური – სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „?????? ????????? ????????? ????? ???????“ ??????????? ??????? განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა;
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
დადგენილია, რომ ა-------–---–ი წოდებით პოლიციის უფროსი ლეიტენატი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში მუშაობდა შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) აღმოსავლეთ საქართველოს სადილერო ცენტრების მომსახურების განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება, რომლის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
მითითებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ხელმძღვანელობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და სხვა თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო; ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებით/წესდებით და შესაბამისი კანონმდებლობით.
სასამართლო ასევე მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს. მითითებული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, სადაც დასაქმებული არიან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წოდებების მქონე პირები, აგრეთვე სხვა საჯარო მოხელეები (შემდგომ – სამინისტროს მოსამსახურეები). ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 02 აპრილის №MIA 0 1--------- ბრძანებას, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ა-------–---–ი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან.
ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ სადავო ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის N24 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების" მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის "ე" და "ი" ქვეპუნქტები, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილებით, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებული ჰქონდა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების შესახებ“ N24 ბრძანების პირველ და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის "ე" და "ი" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). დირექტორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს. ამასთანავე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული უფლებამოსილება დირექტორს მიენიჭა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების შესახებ“ N24 ბრძანების ძალაში შესვლიდან. მითითებული უფლებამოსილება სააგენტოს დირექტორს არ ჰქონია 2014 წლის 19 სექტემბრის №1------ ბრძანების გამოცემის დროს - ა-------–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების პერიოდში.
სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაზე, რომლითაც დადგენილია სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესი და პირობები. მითითებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს.
ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სამსახურის გავლის წესს, სამსახურის გავლა კი ასევე გულისხმობს თანამდებობაზე დანიშვნას და თანამდებობიდან გათავისუფლებას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების მე-2 მუხლი ახდენს დიფერენცირებას და განასხვავებს ერთმანეთისაგან „სამინისტროს მოსამსახურეს“ და „სსიპ-ის მოსამსახურეს“. კერძოდ, ამ მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე არის პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე, ხოლო ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურე არის სსიპ–ის პოლიციელი, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე; ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტში ასევე განმარტებულია ტერმინი „პოლიციელი“, ეს არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში ან სსიპ-ში, მინიჭებული აქვს შესაბამისი სპეციალური წოდება და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი. ამდენად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სამინისტროს მოსამსახურის ჩამონათვალ პირებში მითითებულია ტერმინი ,,პოლიციელი“, სწორედ მე-2 მუხლში მოცემული ტერმინთა განმარტებები არ იძლევა ნორმის ინტერპრეტაციის საშუალებას იმდაგვარად, რომ სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირში დასაქმებული წოდების მქონე პირი (პოლიციელი) მიჩნეული იქნეს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამინისტროს მოსამსახურედ; ცალსახაა, რომ ასეთი პირი შედის ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ „სსიპ-ის მოსამსახურის“ ჩამონათვალში და როდესაც, საკითხი დგება ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე, იგი უნდა გადაწყდეს იმ ნორმების შესაბამისად, რომელიც ეხება „სსიპ-ის მოსამსახურის“ დანიშვნა-გათავისუფლებას.
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 74.1 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უფროსის მოადგილისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება, თავისი ასიგნებების ფარგლებში შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლება (ხელშეკრულების გაფორმება-შეწყვეტა) ხდება სსიპ-ის ხელმძღვანელის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ; ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სსიპ-ის სპეციალური წოდების მქონე პირს (გარდა ვადიანი სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურეებისა) უმცროს და პირველად საშუალო სპეციალურ წოდებას ანიჭებს სსიპ-ის ხელმძღვანელი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი (გარდა დაცვის პოლიციისა) (სპეციალური ნორმები სსიპ-თან დაკავშირებით).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 მარტიდან) დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულება, რომელიც აწესრიგებს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტატუსს, დანიშნულებას, სტრუქტურას, კომპეტენციას, უფლებამოვალეობებს და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს. ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.
6.6. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლითაც ითხოვა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით მომსახურების სააგენტოს 510 თანამშრომლის, მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოს სადილერო ცენტრების მომსახურების განყოფილების უფროსი ინსპექტორის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ა-------–---–ის დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლება და კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში აყვანა 2014 წლის 17 სექტემბრიდან.
2014 წლის 19 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №1------ ბრძანებით, მოსარჩელე - სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) აღმოსავლეთ საქართველოს სადილერო ცენტრების მომსახურების განყოფილების უფროსი ინსპექტორი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ა-------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში.
დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2007 წლის პირველი თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საშტატო ნუსხის თანახმად, 2014 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს შემადგენლობაში შედიოდა სადილერო ცენტრების მომსახურების განყოფილება, რომელიც შედგებოდა განყოფილების უფროსის ერთი შტატის, განყოფილების უფროსის მოადგილის ერთი შტატის და უფროსი ინსპექტორის 21 შტატისგან.
იმავე ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის თანახმად, 2014 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს შემადგენლობაში აღარ შედიოდა სადილერო ცენტრების მომსახურების მომსახურების განყოფილება. სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოში ჩამოყალიბდა სადილერო ცენტრების სამსახური, რომელიც შედგებოდა სამსახურის უფროსის ერთი შტატის, სამსახურის უფროსის მოადგილის ერთი შტატის და უფროსი ინსპექტორის 13 შტატისგან. დასახელებული საშტატო ნუსხების თანახმად, 2014 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გათვალისწინებული იყო ოფიცრის 534 შტატი და რიგითის 41 შტატი. რეორგანიზაციის შემდეგ, 2014 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით გათვალისწინებული იყო ოფიცრის 536 შტატი და რიგითის 39 შტატი. შტატების საერთო რაოდენობა არ შეცვლილა. ოფიცრის შტატი გაიზარდა 2 ერთეულით და ამავდროულად რიგითის შტატი შემცირდა 2 ერთეულით.
დადგენილია, რომ 2014 წლის 19 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №1------ ბრძანება ა-------–---–ის მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც 2015 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №1------ ბრძანება ა-------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში. ამავე გადაწყვეტილებით, დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
მითითებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით, მოსარჩელე ა-------–---–ის და მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 02 მაისის განჩინებით აპელანტების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებულ იქნა მოსარჩელე ა-------–---–ის და მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს და ა-------–---–ის საკასაციო საჩივარი, გარდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების ა-------–---–ის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილისა მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. ამავე განჩინებით, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 02 მაისის განჩინება გარდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილისა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2019 წლის 11 თებერვალს გასცა სააღსულებო ფურცელი ამავე სასამართლოს 2015 წლის 07 აპრილით გათვალისწინებული სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის და "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" და "ნ" ქვეპუნქტების შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №MIA 0 19 0------- ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №1------ ბრძანების 439-ე პუნქტი, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) მომსახურების პოლიციის უფროს ლეიტენანტ ა------–------------–------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ.
მითითებული ბრძანების გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე ა-------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2014 წლის 19 სექტემბრის N1------ ბრძანების ბათილად ცნობით, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტობრივად განახორციელა ქმედება, რომლითაც სამართლებრივი ლოგიკით, აქტის ბათილობას უნდა მოჰყოლოდა სამართლებრივი შედეგი, კერძოდ, მოსარჩელე ა-------–---–ი უნდა აღდგენილიყო იმ თანამდებობაზე, რომლიდანაც იგი გათავისუფლდა. მითითებული გარემოების გათვალისწინებით, ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №MIA 0 19 0------- ბრძანებაში არ არის კონკრეტული მითითება ზემოაღნიშნულ საკითხზე, სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე ა-------–---–ი აღდგენილ იქნა გათავისუფლებულ თანამდებობაზე.
სასამართლო ყურადრებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 02 აპრილის №MIA 2 19 0------- ბრძანებით სსიპ შსს-ს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს სადილერო ცენტრების მომსახურების განყოფილების უფროსი ინსპექტორი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ა-------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების თარიღად ბრძანებაში აღინიშნა 2014 წლის 19 სექტემბერი.
სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც 2019 წლის 25 მარტის ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი დაკავებული თანამდებობიდან ა-------–---–ის გათავისუფლების ბრძანება, და ამ აქტის ბათილობის სამართლებრივი შედეგი უნდა ყოფილიყო მოსარჩელის აღდგენა სამსახურში, სასამართლოსთვის ბუნდოვანია 2019 წლის 02 აპრილის №MIA 2 19 0------- ბრძანებაში ასახული გათავისუფლების თარიღი (2014 წლის 19 სექტემბერი). ამასთანავე, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №MIA 0 19 0------- ბრძანება არ ითვალისწინებდა მოსარჩელის აღდგენას გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, სასამართლოსთვის ასევე ბუნდოვანია, 2014 წლის პერიოდში არსებული ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმად, რატომ გამოიყენა ადმინისტრაციულმა ორგანომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის N24 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების" მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის "ე" და "ი" ქვეპუნქტები.
გასათვალიწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ 2014 წლის პერიოდში (განხორციელებულ ცვლილებებამდე) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან/და თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე, სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, შესაბამის გადაწყვეტილებას იღებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, შესაბამისად სასამართლოსთვის ბუნდოვანია 2019 წლის 02 აპრილის №MIA 2 19 0------- ბრძანების მიღება მოპასუხე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მიერ, იმ პირობებში, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილებით, მოპასუხე მხარეს დავალებული ჰქონდა გამოეკვლია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები 2014 წლის 17 სექტემბრამდე (განხორციელებულ ცვლილებამდე) არსებული სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.
სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ ელემენტს კონსტიტუციის და კანონის უზენაესობა წარმოადგენს, რაც გულისხმობს ნებისმიერ ვითარებაში, საჯარო ხელისუფლების განხორციელების პროცესში, ყველა გადაწყვეტილების მხოლოდ კონსტიტუციასთან და კანონთან მკაცრად შესაბამისობაში მიღებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერ ვალდებულებას განაპირობებს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილ იქნეს და მოექცეს სამართლებრივ ჩარჩოებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის სწორად გადაწყვეტამდე, ვინაიდან სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების შედეგს. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ აქტის დასაბუთებულად მიჩნევისათვის სრულებითაც არ კმარა მასში მხოლოდ კანონმდებლობის ცალკეული ნორმების მოხმობა, რადგან, დასაბუთება გულისხმობს როგორც სამართლებრივ, ასევე ფაქტობრივ დასაბუთებას, ფაქტობრივ დასაბუთებას კი გასაჩივრებული აქტი საერთოდ არ შეიცავენ, რაც ესოდენ საჭირო და მნიშვნელოვანია აღმჭურველი აქტისათვის;
სასამართლო მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 21 ივლსის Nბს-667-642 (კ-13) გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.
6.7. სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით დამტკიცებული ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების” (2014 წლის 19 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) მე-7 მუხლის „ბ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტოს სტრუქტურული ერთეული იყო აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო, სადაც შედიოდა სადილერო ცენტრების მომსახურების განყოფილება („ბ.ა.“ ქვეპუნქტი);
”საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულებაში” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 სექტემბერის №703 ბრძანებით შევიდა ცვლილება და დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებად განისაზღვრა სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველო („ა“ პუნქტი), რომლის შემადგენლობაშია „ა.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განისაზღვრა სადილერო ცენტრების სამსახური;.
სასამართლო მიუთითებს ამავე დებულების მე-8 მუხლის მეორე პუნქტზე (ცვლილებამდე პერიოდი), რომლის თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს სამმართველოები რეგიონალური პრინციპის მიხედვით, თავის კომპეტენციების ფარგლებში ახორციელებდნენ:
ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნას; უფლების გადაცემის ბარათის გაცემას; შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემას, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას; დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებას;
ბ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ახორციელებენ ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას, მოგირავნისთვის დაგირავებულ ნივთზე ინფორმაციის მიწოდებას და შესაბამის რეაგირებას;
გ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას;
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ამავე ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ”დ” ქვეპუნქტზე, რომელიც ცვლილების შემდგომ ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს სადილერო ცენტრების სამსახური ახორციელებს: დ.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასა (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნას; უფლების გადაცემის ბარათის გაცემას; შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას; დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსებას ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტები) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებას; დ.ბ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას, მოგირავნისთვის დაგირავებულ ნივთზე ინფორმაციის მიწოდებას და შესაბამის რეაგირებას; დ.გ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას;
სასამართლო განმარტავს, რომ ფუნქციებისა და უფლება მოვალეობების თვალსაზრისით ნათელია, რომ ახლად შექმნილ სადილერო ცენტრების სამსახურს ანალოგიური ფუნქციები განესაზღვრა, რაც 2014 წლის 19 სექტემბრამდე მოქმედი რედაქციით მომსახურების სააგენტოს დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა”, ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ჰქონდა, რომელშიც სადილერო ცენტრების მომსახურების განყოფილება შედიოდა.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2014 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს შემადგენლობაში აღარ შედიოდა სადილერო ცენტრების მომსახურების მომსახურების განყოფილება. სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოში ჩამოყალიბდა სადილერო ცენტრების სამსახური, რომელიც შედგებოდა სამსახურის უფროსის ერთი შტატის, სამსახურის უფროსის მოადგილის ერთი შტატის და უფროსი ინსპექტორის 13 შტატისგან. დასახელებული საშტატო ნუსხების თანახმად, 2014 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გათვალისწინებული იყო ოფიცრის 534 შტატი და რიგითის 41 შტატი. რეორგანიზაციის შემდეგ, 2014 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით გათვალისწინებული იყო ოფიცრის 536 შტატი და რიგითის 39 შტატი. შტატების საერთო რაოდენობა არ შეცვლილა. ოფიცრის შტატი გაიზარდა 2 ერთეულით და ამავდროულად რიგითის შტატი შემცირდა 2 ერთეულით.
სასამართლო მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულ იქნა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.
სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ რეორგანიზაცია არ შეიძლება მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს. მოხელის გასათავისუფლებლად აუცილებელია რეორგანიზაციას თან სდევდეს შტატების შემცირება. მაგრამ, როდესაც შტატები სრულად არ უქმდება და რამოდენიმე ერთეულით მცირდება, ასეთ შემთხვევაში გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას ერთი და იგივე პოზიციაზე დანიშნული რომელი მოხელე გაათავისუფლოს და რომელი დატოვოს თანამდებობაზე. მიღებული გადაწყვეტილება კი უნდა ეფუძნებოდეს რიგ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ არ ყოფილა გათვალისწინებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2015 წლის 07 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მისცა საშუალება გამოესწორებინა, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას დაშვებული შეცდომა, თუმცა განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ, სსიპ შსს-ს მომსახურების სააგენტომ, მოსარჩელე ა-------–---–ს „წაართვა“ დამსახურებული კანონიერი უფლება, იყოს დასაქმებული საჯარო სამსახურში.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1. მუხლით განსაზღვრულია შემთხვევები, რომლებიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების საფუძველს, კერძოდ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
საქმის მასალების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საერთოდ არ მომხდარა დასაქმებულთა პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და ა.შ ადეკვატური, ობიექტური შეფასება; ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი სამართლებრივი, ობიექტური მექანიზმის საფუძველზე უნდა მოეხდინა პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და სხვ მნიშვნელოვანი ფაქტორების შესწავლა, შეფასება და ისე მიეღო გადაწყვეტილება დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ამგვარი ქმედების პრაქტიკაში დამკვიდრება დიდი საფრთხის მატარებელია საქართველოს კონსტიტუციით დამკვიდრებული შრომის უფლებისათვის, რადგან ადმინისტრაციულ ოგანოს საშუალება ეძლევა თუნდაც ფორმალური რეორგანიზაციის ჩატარების მოტივით, მისთვის არასასურველი მოხელე გაათავისუფოს სამსახურიდან, მაშინ როცა, მის მიერ ამ საკითხზე მსჯელობა უნდა განხორციელდეს სწორედ ზემოთ აღწერილი მოთხოვნების კვალობაზე.
ზემოთ აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 02 აპრილის №MIA 0 1--------- ბრძანება ა-------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან იგი გამოცემულია კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით.
6.8. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს მოპასუხე - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც აღდგენილ იქნება მოსარჩელე გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე;
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-------–---–ის თანამდებობაზე აღდგენა უნდა დაევალოს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, ვინაიდან, სწორედ სააგენტოს ხელმძღვანელის უფლებამოსილებას წარმოადგენს სააგენტოს მოსამსახურის დანიშვნის საკითხი.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე ა-------–---–ის სამსახურში აღდგენა, მასვე უნდა დაევალოს მოსარჩელეს აუნაზღაუროს იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო, სრული მოცულობით, კერძოდ, 2014 წლის 19 სექტემბრის თვიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის.
7. საპროცესო ხარჯები:
მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-10, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათილად იქნეს ცნობილი „ა-------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 02 აპრილის №MIA 0 1--------- ბრძანება;
3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს ა-------–---–ის გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა;
4. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს ა-------–---–ისთვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის გასამრჯელოს ანაზღაურება;
5. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ონიანი