გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.12.2019
საქმის ნომერი
240210019003208684
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
10.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240210019003208684

№2/664-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 დეკემბერი, 2019 წელი ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია

მოსარჩელე - გ--------ა მ--------ა

წარმომადგენლები - ლ-–ა ხ--–------ა

მოპასუხე - დ---თ ქ-----–---–ი

დ---ს საგანი - ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. მოპასუხე დ---თ ქ-----–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის, 2012 წლის 10 იანვარს დაბადებული ა------ა ქ-----–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ, ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად, 300 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 30 სექტემბრიდან მის სრულწლოვანებამდე.

 

მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი- 2012 წლის 10 იანვარს დაბადებული ა------ა ქ-----–---–ი (პ/ნ 0----------). კონფლიქტის გამო, მხარეები ერთმანეთს დაშორდნენ და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მათი შერიგება და ოჯახური ცხოვრების აღდგენა შეუძლებელია. არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან და ძირითადად იმყოფება მისი მზრუნველობის ქვეშ. მოპასუხე თავს არიდებს მშობლის მოვალეობის შესრულებას - სათანადოდ არ ზრუნავს შვილის რჩენასა და აღზრდაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო ნაწილობრივ, ალიმენტის სახით 150 ლარის დაკისრების ნაწილში.

 

მოპასუხემ განმარტა, რომ მას აქვს სტაბილური შემოსავალი, თუმცაღა აქვს ყოველთვიური ვალდებულებები ბანკში. (იხ. შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.მოსარჩელე გ--------ა მ--------ასა და მოპასუხე დ---თ ქ-----–---–ს ყავთ საერთო შვილი, 2012 წლის 10 იანვარს დაბადებული ა------ა ქ-----–---–ი (პ/ნ 0----------).

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- მხარეთა ახსნა - განმარტება;

- ა------ა ქ-----–---–ის დაბადების მოწმობა;

 

3.1.2.მოსარჩელე გ--------ა მ--------ა და მოპასუხე დ---თ ქ-----–---–ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მხარეთა არასრულწლოვანი შვილი ა------ა ქ-----–---–ი ცხოვრობს დედასთან გ--------ა მ--------ასთან და იმყოფება მისი მზრუნველობის ქვეშ.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- მხარეთა ახსნა - განმარტებები;

 

3.1.3.წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მიერ, 2019 წლის 21 აგვისტოს გაცემული ცნობის მიხედვით, მოპასუხე დ---თ ქ-----–---–ის შვილი ა------ა ქ-----–---–ი (პ/ნ 0-----------), არის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მე-2 ‘’ბ,, კლასის მოსწავლე და მშობელთან გაფორმებული ხელშეკრულების №2/36 თანახმად, სკოლა- გიმნაზიის მიერ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გაწეული მომსახურების საფასური შეადგენს 1 000 (ერთი ათასი) ლარს (ყოველთვიურად 100 (ასი) ლარი.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ცნობა (გაცემის თარიღი-21.08.2019წ);

 

3.1.4. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 08 ნოემბერს გაცემული ცნობის მიხედვით, მოპასუხე დ---თ ქ-----–---–ი, არის ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი და მისი ხელზე ასაღები თანხა შეადგენს 1436,02 ლარს.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

-ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტიდან (გაცემის თარიღი-08.11.2019წ);

 

3.1.5.მოპასუხე დ---თ ქ-----–---–ს გააჩნია სს ,,ლიბერთი ბანკის’’ ვალდებულება 49 910 ლარის ოდენობით და მისი ყოველთვიური გასავალი შეადგენს 610 ლარს.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- სს ,,ლიბერთი ბანკის’’ სესხის ხელშეკრულება;

 

3.1.6.მოპასუხე დ---თ ქ-----–---–ი პერიოდულად მატერიალურად ზრუნავს არასრულწლოვანი შვილის რჩენაზე, თუმცა არა ყოველთვიურად. მოსარჩელის განმარტებით, მას არ სურს მოპასუხის ნებაზე იყოს დამოკიდებული და მოპასუხისგან მიიღოს სტაბილურად მატერიალური დახმარება, რათა ბავშვი ყოველთვიურად უზრუნველყოფილ იქნეს ფინანსურად.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

-მხარეთა განმარტებები;

 

3.1.7.მოსარჩელე გ--------ა მ--------ა დასაქმებულია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში სპეციალისტის პოზიციაზე და აქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით 300 ლარი.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

-მხარეთა განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეებს შორის დ---ს საგანს წარმოადგენს ალიმენტის თანხის ოდენობა. აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, ფაქტობრივი გარემოებები მხარეებისათვის სადავო არაა. სადავოა დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი შეფასება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები; ბავშვის უფლებათა კონვენცია;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ხოლო ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია; 29.11.1989 წელი) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

1989 წლის 29 ნოემბრის ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მისი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის ღ (84) 4 რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. ამავე რეკომენდაციის პირველი პრინციპის შესაბამისად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებებს ერთიანობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობის შენარჩუნება, მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს არასრულწლოვანი შვილის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალ წერტილს წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის დადგენისას ბავშვის საუკეთესო ინტერესები კი უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნილებების გათვალისწინებით.

 

ბავშვის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემდა განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხვადასხვა სოციალური, სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო, რელიგიურ თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს, შესაძლებლობის ფარგლებში, შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას. ამგვარი პირობები მოიცავს შვილების უზრუნველყოფას კვებით, ჰიგიენით, საჭირო მედიკამენტებით. ამასთან, ბუნებრივია ალიმენტის თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილებისა თუ მის რჩენაზე მყოფი სხვა პირების მიმართ, ასევე სხვა ცხოვრებისეული მოთხოვნილებები, რაც შესაძლოა სასამართლომ ჩათვალოს მნიშვნელოვნად.

 

ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის ფინანსური შესაძლებლობები. სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლის ფინანსური შესაძლებლობის გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვი მოთხოვნილებებს არ ამცირებს და მით უფრო არ გამორიცხავს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობის და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვის რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი და შენარჩუნებული.

 

მინიმალური ზღვარის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლების ოდენობასთან და ის ყოველ კონკრეტულ საქმეში შეფასებული უნდა იქნეს ბავშვის მოთხოვნილებებისა და მშობლის შემოსავალს შორის სამართლიანი და გონივრული ბალანსის დაცვის საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე გ--------ა მ--------ა და მოპასუხე დ---თ ქ-----–---–ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მხარეთა არასრულწლოვანი შვილი ა------ა ქ-----–---–ი ცხოვრობს დედასთან გ--------ა მ--------ასთან და იმყოფება მისი მზრუნველობის ქვეშ. მოსარჩელე გ--------ა მ--------ა დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით, რაც შეადგენს ყოველთვიურად 500 ლარს. ა------ა ქ-----–---–ი (პ/ნ 0-----------), არის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მე-2 ‘’ბ,, კლასის მოსწავლე და მშობელთან გაფორმებული ხელშეკრულების №2/36 თანახმად, სკოლა გიმნაზიის მიერ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გაწეული მომსახურების საფასური შეადგენს 1 000 (ერთი ათასი) ლარს (ყოველთვიურად 100 (ასი) ლარი.

 

საქმის განხილვით ასევე დადგინდა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე. მოსარჩელეს სურს მოპასუხის ვალდებულება ალიმენტის გადახდაში განისაზღვროს თვეში 300 ლარით, მიიჩნევს, რომ მოპასუხის შემოსავლის მიხედვით, ალიმენტის სახით 300 ლარი გონივრული ოდენობაა. მოპასუხე კი თვლის, რომ ამჟამად შვილის აღზრდასა და რჩენაში მისი საალიმენტო ვალდებულება უნდა განისაზღვროს 150 ლარით, ვინაიდან, მას აქვს ყოველთვიური საბანკო ვალდებულებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, როგორც მშობლების ეკონომიური მდგომარეობა, ისე შვილის რჩენისათვის საჭირო თანხის გონივრული ოდენობა. ეკონომიური პრობლემები არ გამორიცხავს მოპასუხის მოვალეობას შვილთან მიმართებაში მეორე მშობლის ანუ მოსარჩელის თანაბრად მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს თვეში 1436 ლარის შემოსავალი აქვს (სხვა შემოსავალი არ დადგინდა), ამასთან ყოველთვიური საბანკო ვალდებულება 610 ლარი, ყოველდღიური ხარჯები (გზის ფული, კვების ფული) ლოგიკურია მსჯელობა მასზედ, რომ ის ვერ შეძლებს ალიმენტის სახით 300 ლარის გადახდას. შესაბამისად მასზე ალიმენტის სახით 300 ლარის დაკისრება არაგონივრულია. თუმცა მოპასუხის მდგომარეობის გათვალისწინებასთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იქნას შვილის მდგომარეობაც. მას ჭირდება მთელი რიგი საკომუნიკაციო, სპორტული, ხელოვნების სხვადასხვა დარგისა და სხვა ტიპის მიმართულებით განვითარება. ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ დედის შემოსავალით, რთულია. მას მარტოს გაუჭირდება შვილის აღზრდა და რჩენა, კვებითი რეჟიმი, განათლება, განვითარება, მკურნალობა და სხვა აუცილებლობები, რაც მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული. ასეთ სიტუაციაში ალიმენტის სახით 150 ლარის გადახდაც არაგონივრულია. 150 ლარის სარჩოს მეშვეობით ვერ მიიღწევა შვილის სათანადო რჩენისა და აღზრდის პირობა. მხარეთა ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თვეში 200 ლარის გადახდა, რაც შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს არასრულწლოვანი შვილის ნორმალურ განვითარებას.

 

ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ შვილის ნორმალური რჩენის, აღზრდისა და განვითარებისათვის საჭიროა სოლიდური თანხები და რომ 200 ლარი არაა საკმარისი 8 წლის ასაკის შვილის რჩენისა და აღზრდისათვის (მაგ. თუ მოსარჩელე გადაწყვეტს შვილს ასწავლოს ცურვა და უცხო ენა, დაჭირდება შესაბამის წრეებში მისი შეყვანა. ამ ორ ,,ოპერაციას“ თვეში 100 ლარი შეიძლება არ ეყოს), მაგრამ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს მშობლების მატერიალური შესაძლებლობებისა და შვილის რჩენისათვის სავალდებულო ხარჯების თანაფარდობის ფარგლებში და არა იმის მიხედვით, თუ რა თანხა სჭირდება შვილს აღსაზრდელად, ან რა თანხა გააჩნია მოპასუხეს შემოსავლის სახით. ასეთ სიტუაციაში 200 ლარის ალიმენტის სახით დადგენა არის გონივრული. ის არის, როგორც შვილის რჩენისა და აღზრდისათვის მინიმალური, ასევე მოპასუხის მატერიალური შესაძლებლობის ზღვარზე შერჩეული. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მშობლის ეკონომიური მდგომარეობისა და შვილის რჩენისათვის საჭირო თანხების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თვეში 200 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2019 წლის 30 სექტემბრიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დ---ს საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, დ---ს საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დ---ს საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 46.1-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის დანაწესის თანახმად, ალიმენტის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც მოცემული სარჩელის დ---ს საგნის ღირებულების შესაბამისად (3600 ლარი) შეადგენს 108.00 ლარს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება ნაწილობრივ (2400) და მოპასუხე მხარე ცნობს სარჩელს ნაწილობრივ, მოპასუხის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განისაზღვროს მის მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს 18 ლარს.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს გ--------ა მ--------ას სარჩელი.

 

1.1 დაეკისროს მოპასუხე დ---თ ქ-----–---–ს (პ/ნ 5----------) სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 30 სექტემბრიდან თავისი არასრულწლოვანი შვილის, ა------ა ქ-----–---–ის (დაბადების თარიღი - 2012 წლის 10 იანვარი, პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდა, ა------ა ქ-----–---–ის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

 

2. დაეკისროს დ---თ ქ-----–---–ს (პ/ნ 5----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 18 (თვრამეტი) ლარის გადახდა, რაც ჩარიცხულ უნდა იქნას სახელმწიფო ბიუჯეტის ხაზინის ერთიან ანგარიშზე: ბანკის დასახელება ქ. თბილისი, "სახელმწიფო ხაზინა" ბანკის კოდი TRESGE22 ანგარიშის № 200122900; 3 0037 3150. თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ქვითარი) წარმოდგენილ უნდა იქნას სენაკის რაიონულ სასამართლოში.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია