გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/10479-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე შპს „--------–-------------------–----
წარმომადგენელი ქე-------------------
მოპასუხე ცი--–--------–---
წარმომადგენელი თ------–---–------
დავის საგანი გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება,ზიანის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ც---–--------–----ათვის მოსარჩელე შპს „ქ-------–-------------------–---ს“ სასარგებლოდ 2858. 07 ლარის გადახდის დაკისრება.
1.2. მოპასუხე ც---–--------–----ათვის მოსარჩელე შპს „ქ-------–-------------------–---ს“ სასარგებლოდ 1304.02 ლარის გადახდის დაკისრება.
მოპასუხემ სავაჭრო ცენტრ ქ-------–-ში ჩუქებით შეიძინა უძრავი ქონება-კომერციული ფართი ბ---.
შპს „--------–-------------------–---- მის მიერ გაწეული მომსახურებით, უზრუნველყოფს სავაჭრო ცენტრის ფუნქციონირებას, კერძოდ, მის ვალდებულებაში შედის: საერთო ქონების დალაგება-დასუფთავება; კომუნიკაციების გამართული ფუნქციონირება; შიდა და გარე პერიმეტრის დაცვა, როგორც ელექტრული საშუალებით, ასევე ცოცხალი ძალით; სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მომსახურება.
აღნიშნული მომსახურებების ჯეროვანი შესრულება უზრუნველყოფს სავაჭრო ცენტრის ფუნქციონირებას.
მოპასუხე ინფორმირებული იქნებოდა აღნიშნული ხელშეკრულების თაობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება ახალ მესაკუთრეზე არის უძრავ ქონებაზე მიბმული ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
ც---–--------–---- დავალიანება შეადგენს 4162.09 ლარს, რაც მოიცავს 2017 წლის 13 იანვრიდან 2018 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდს. მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება სავაჭრო ცენტრი ქ-------–-ში მდებარე ყველა მესაკუთრისათვის შეადგენს 4.5 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. მოპასუხის დავალიანებიდან 1304.02 ლარი არის მიუღებელი შემოსავალი, რაც მოსარჩელემ ვერ მიიღო მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. (ს.ფ. 85-98). მოსარჩელის დავალიანება მას არ გააჩნია, რადგან მხარეებს შორის არ არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მოპასუხის საკუთრებაში არსებული ობიექტი ბოლოს 2013 წლის ოქტომბერში გაქირავდა 3 თვით. მომსახურების გაწევას ობიექტი არ საჭიროებს, რადგან ის სრულიად უფუნქციო და გამოუყენებელია. მოპასუხე მიუთითებს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც კომერციული ფართის წინა მესაკუთრეს ნ------–---–-----ს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდევინება, რადგან ახალი მესაკუთრე არ ჩააყენა საქმის კურსში მომსახურების ხელშეკრულების შესახებ და მასთან არ გააფორმა ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს მისგან მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ცი--–--------–---, 2017 წლის 13 იანვრიდან რეგისტრირებულია, ქ. თბილისში, ც--------------------- (ნაკვეთი 0------) მე-2, სართულზე, Nბ---. 23,71 კვ.მ. კომერციული ფართის მესაკუთრედ. საკუთრების წარმოშობის საფუძველია, 2017 წლის 13 იანვრის ჩუქების ხელშეკრულება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 23).
3.2.2. ცი--–--------–---მ შპს „ქ-------–-------------------–---ს“ მიერ შესრულებული მომსახურება მიიღო.
შპს „ბ-----------–-------------“ მიერ 2017 წლის 3 აპრილს გაცემული ინფორმაციით, შპს „--------–-------------------–---- სავაჭრო ცენტრ „--------–-ში“ ფართების მფლობელებთან აფორმებს ტიპიურ ხელშეკრულებებს, რომელთა პირობები იდენტურია. შპს „--------–-------------------–---- აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში ახორციელებს შემდეგი მომსახურების მიწოდებას:
-საერთო ქონების დალაგება-დასუფთავება;
-კომუნიკაციების გამართული ფუნქციონირება;
-შიდა და გარე პერიმეტრის დაცვა, როგორც ელექტრონული საშუალებით, ისე ცოცხალი ძალით;
-სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მომსახურება.
ამავე ინფორმაციით, მომსახურების საზღაური ყველასთვის თანაბარზომიერია (მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ფართობის მიხედვით).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
2017 წლის 3 აპრილის წერილი (ს.ფ. 22).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 173-ე,629-ე, 361-ე, 419-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.1.2. სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო.
მოცემულ შემთხვევაში, მომსახურების საგანს წარმოადგენს უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ც----------------------- მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ზონა - თ---–-------, სექტორი ჩ----------------, კ--------–----- ნაკვეთი 0------, დაზუსტებული ფართობი - 6-----0-------, კომერციული ფართი №ბ---, სართული 2, 23.71 კვ.მ. ასევე შესაბამისი წილი საერთო საკუთრებაში, რაც წარმოადგენს მიწის ნაკვეთს და საერთო საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კომერციული ფართი წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლით განსაზღვრულ საერთო საკუთრების უფლებას და რომ სწორედ ამ ფართის მოვლა-პატრონობისთვის გაფორმდა წინა მესაკუთრესთან მომსახურების ხელშეკრულება. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია მოპასუხის განმარტება, რომ არ უნდა დაეკისროს მისი ღირებულების გადახდა, ხელშეკრულების არარსებობის გამო, რასაც სასამართლო არ იზიარებს და ადგენს, რომ ცი--–--------–---მ ნება გამოავლინა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო საკუთრებაში უძრავი ქონება, რომელზეც რეგისტრირებული იყო მესაკუთრის ვალდებულება ქონების გასხვისებისას მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომლის მიხედვითაც მას შემდეგ, რაც პირი გამოავლენს ნებას და გახდება მრავალ საკუთრებად დაყოფილ ერთიან უძრავ ქონებაში ამათუ იმ ფართის მესაკუთრე, მას უჩნდება ვალდებულება განახორციელოს საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობა, რაც არ წარმოადგენს მის ნებაზე დამოკიდებულს.
როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, პირის მიერ საკუთრების შეძენა წარმოშობს ვალდებულებას, სხვა მესაკუთრეების მსგავსად მონაწილეობა მიიღოს საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობაში და ეს ვალდებულება პირის ნებაზე არაა დამოკიდებული (ის. სუსგ №ას-1152-1098-2013).
მოცემულ შემთხვევაში, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხემ გამოხატა ნება მიეღო საკუთრებაში ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე კომერციული ფართი და შესაბამისი წილი საერთო საკუთრებაში, რაც წარმოადგენს მიწის ნაკვეთს და საერთო საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილს. ბუნებრივია, მე-2 სართულზე მდებარე კომერციული ფართის გამოყენება იმ მომსახურების გარეშე, რაც მოსარჩელემ მას შესთავაზა, სასამართლოს მოსაზრებით, გაართულებს ან საერთოდ შეუძლებელს გახდის ამ ფართით სარგებლობას. სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ სავაჭრო ცენტრში თუ მესაკუთრეები მომსახურების გადასახადს არ გადაიხდიან, ამის გამო არ იფუნქციონირებს ლიფტი და ესკალატორი, თუ არ იქნება სისუფთავე, თუ არ იქნება ობიექტი დაცული და ა.შ., აღარ იქნება დაინტერესება მომხმარებლის სავაჭრო ცენტრის მიმართ, რაც საბოლოო ჯამში დააზარალებს სავაჭრო ცენტრთან დაკავშირებულ ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, სხვა დანარჩენ მესაკუთრეებს და მათ შორის მოსარჩელე მხარეს. აღნიშნული მომსახურების ჯეროვანი შესრულება უზრუნველყოფს სავაჭრო ცენტრის ფუნქციონირებას. შესაბამისად, მხარის მიერ ყოველთვიური მომსახურების თანხის არ გადახდა ზიანს აყენებს სხვა დანარჩენ მესაკუთრეებსაც და საფრთხის ქვეშ დგება ზოგადად სავაჭრო ცენტრის არსებობის საკითხი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მითითებას, რომ მას მომსახურება არ მიუღია, სასამართლო არ იზიარებს, რადგან მან მოსარჩელისაგან მომსახურება მიიღო საკუთრებით სარგებლობის ხელშეწყობისათვის.
მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. ასეთი სამართლებრივი ურთიერთობა წარმოადგენს ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობას და დავა სწორედ ნარდობის ურთიერთობისათვის დადგენილი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.
6.1.3. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ახორციელებს სავაჭრო ცენტრის ფუნქციონირებისათვის საერთო ქონების დალაგება-დასუფთავებას, უზრუნველყოფს კომუნიკაციების გამართულ ფუნქციონირებას, შიდა და გარე პერიმენტის დაცვას, როგორც ელექტრონული საშუალებით ისე ცოცხალი ძალით, სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მომსახურებას. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გაწეულ მომსახურებას იღებს ცი--–--------–---ც, როგორც საერთო ქონების თანამესაკუთრე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.
ამდენად, შპს „--------–- მ----------------–----“ 2017 წლის 13 იანვრიდან 2018 წლის აპრილის ჩათვლით, შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვალდებულება, რის საფუძველზეც, მოპასუხეს წარმოეშვა გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება, რომლის ოდენობა განისაზღვრება შპს „ქ-------–-------------------–---ს“ ყველა მესაკუთრისათვის დადგენილი ტარიფით 4.5 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარებში, რაც 2017 წლის 13 იანვრიდან 2018 წლის აპრილის თვის ჩათვლით პერიოდზე შეადგენს, ჯამში 2858.07 ლარს.
6.1.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ცი--–--------–---მ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შესრულებული სამუშაოს (მომსახურების) ღირებულება არ გადაიხადა, რის გამოც მას ერიცხება დავალიანება.
6.1.5. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
აღნიშნული ნორმის შესაბამისად, იმისათვის, რომ კრედიტორმა მოითხოვოს მოვალისაგან პირგასამტეხლოს დაკისრება, მაშინ როდესაც ადგილი აქვს ვალდებულების შესრულების მიღებას, საჭიროა, სახეზე იყოს, შემდეგ გარემოებათა ერთობლიობა: ვალდებულების დარღვევა უნდა გამომდინარეობდეს მოვალის მხრიდან კრედიტორის მიერ მიღებული ვალდებულების მხარეთა მიერ შეთანხმებულ დროში შეუსრულებლობიდან, სხვა შემთხვევაში, როდესაც კრედიტორს შესრულება მიღებული აქვს და ვალდებულების დარღვევა არ გამომდინარეობს ვალდებულების დროში შესრულებიდან, მას მოვალისაგან პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არ გააჩნია და ხელშეკრულებაში ასეთი დანაწესი, შეთანხმების მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ------–---–-----ს დაეკისრა შპს „ქ-------–-------------------–---ს“ სასარგებლოდ პირგასამტეხლო, 2013 წლის 01 თებერვლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.5. პუნქტის საფუძველზე, რომლის მიხედვით, მყიდველი ნ------–---–-----ი ვალდებული იყო ქონების გაყიდვისას, ახალი მყიდველი ჩაეყენებინა საქმის კურსში ზემოაღნიშნული მომსახურების ხელშეკრულების შესახებ და მოეთხოვა იდენტური ხელშეკრულების გაფორმება და ამის გარეშე არ გაესხვისებინა ფართი. ამ ვალდებულების დარღვევისას, მყიდველი ნ------–---–-----ი იხდიდა პირგასამტეხლოს 5000 ლარის ოდენობით.
სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოპასუხის აპელირება აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებისაგან გათავისუფლების თაობაზე, რადგან პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება, სხვა სუბიექტებს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მყიდველის ვალდებულების დარღვევისათვის არის გათვალისწინებული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა 1304.02 ლარის დაკისრების ნაწილში, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.2. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ემყარება სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას. ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის პირველ რიგში, უნდა გაირკვეს მიყენებული ზიანის შინაარსი და მისი ანაზღაურებისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წინაპირობების არსებობა.
6.2.1. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.
6.2.2. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630- 593-2012).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მან ვერ მიიღო მოგება 1304.02 ლარის ოდენობით, ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარმოდგენილია შპს „ბ-----------–-------------“ 2018 წლის 27 მარტის წერილი, რომლიდანაც დგინდება, 2014-2017 წლებში, შპს „ქ-------–-------------------–---ს“ ფინანსური მაჩვენებლები სავაჭრო ცენტრ ქ-------–-ში ფართის მომსახურების სეგმენტში. სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ 2017 წლის 13 იანვრიდან 2018 წლის მაისამდე პერიოდში, მოპასუხის მიერ მომსახურების ღირებულების გადახდის ვალდებულების შესრულებაზე იყო უშუალოდ დამოკიდებული მოსარჩელის მიერ შემოსავლის მიღება და სწორედ ამ ოდენობის შემოსავალს მიიღებდა შპს „--------–-------------------–---- მოპასუხეს რომ გადაეხადა მომსახურების საფასური.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. დასახელებული ნორმის მესამე ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 4162.09 ლარის 3%-ის - 124.86 ლარის ნახევარს 62.43 ლარს. მოსარჩელეს სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 125 ლარი. მას უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 62.57 ლარის ოდენობით. სასარჩელო მოთხოვნიდან დაკმაყოფილდა 68.67%, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 42.87 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად. (62.43 ლარის 68.67%).
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 2591-ე 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. შპს „ქ-------–-------------------–---ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. დაეკისროს მოპასუხე ცი--–--------–---ს მოსარჩელე შპს „ქ-------–-------------------–---ს“ სასარგებლოდ 2858.07 ლარის გადახდა.
1.2. სარჩელის მოთხოვნა 1304.02 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. დაეკისროს მოპასუხე ცი--–--------–---ს მოსარჩელე შპს „ქ-------–-------------------–---ს“ სასარგებლოდ 42.87 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.
2.1. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს „ქ-------–-------------------–---“ 2018 წლის 04 მაისის N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 125 ლარიდან 62.57 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია