განაჩენი

სისხლის სამართლის 03.01.2020
საქმის ნომერი
010100119002989387
დავის ტიპი
19 - 108
თარიღი
03.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010100119002989387

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - რამაზ შავაძე

 

ბრალდებული - მა-----------ძე

ადვოკატი - ვა–-----------–ვილი, მი----–-------ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: მა-----------ძე

მამის სახელი: თ------ი

დაბადებული: 27.12.1--9 წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

პირადი ნომერი: 61--------0

ნასამართლობა: მქონე

მისამართი: ხე-–--------ი, სოფ. ს----ა

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

19.108-ე მუხლი

დაკავების თარიღი და დრო: 2019 წლის 31 მარტი, 23:40 საათი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2019 წლის 30 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, ხე-–--------ის მუნიციპალიტეტში, ქვედა ს----ის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მა-----------ძემ, წინათარსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან - თოფიდან, ნუ------ ბა------ის მიმართულებით, დროის მცირე ინტერვალში განახორციელა ორჯერადი გასროლა, რითაც თავისა და კისრის არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები. დაჭრილი ნუ------ ბა------ე ქ. ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. 2019 წლის 30 მარტს, ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ს----აში, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნით შეიარაღებულ ნუ------ ბა------ეს მა-----------ძემ შესაძლო თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან შეუსაბამოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან - თოფიდან გასროლით თავისა და კისრის არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, რომლებიც ერთიანობაში მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.

 

დაჭრილი ნუ------ ბა------ე გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3. დაზარალებულ ნუ------ ბა------ის სასამართლოში მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად, მან უარყო მა-----------ძის მხრიდან მისი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის ფაქტი.

 

4. ბრალდებული მა-----------ძე უარყოფს მისი მხრიდან ნუ------ ბა------ის დაჭრის ფაქტს.

 

5. მოწმე ბ-----ი ბ---–----ის სასამართლოში მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად, მან 2019 წლის 30 მარტს მისივე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაინახა ნუ------ ბა------ე, იარაღისმაგვარი საგნით ხელში, რომელიც მისთვის გაურკვეველი პირის მიმართ იგინებოდა. ამავდროულად დაინახა იქვე მდებარე მაღალი ადგილიდან მამაკაცი, რომელმაც გაისროლა ნუ------ ბა------ის მიმართულებით. ამ უკანასკნელმა მიიღო დაზიანება და დაკარგა გონი.

 

6. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდების მხარის კონფლიქტის თვითმხილველმა ყველა მოწმემ - ვინც გამოძიებაში მა-----------ძის მამხილებელ ინფორმაციას აძლევდა ბრალდების მხარეს - უშუალოდ კონფლიქტის მიზეზებზე, კონფლიქტში მონაწილეობაზე ან/და კონფლიქტის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე უარყო ეს ინფორმაცია სასამართლო განხილვისას. ამასთან, არც ერთ მათგანი მათივე ჩვენებით პოლიციის მუშაკების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის, ცემის ან წამების მსხვერპლნი არ ყოფილან. სასამართლოსთვის უცნობი დარჩა რა გახდა ხსენებულ მოწმეთა მხრიდან განსხვავებულად ინფორმაციის მიწოდების მიზეზი ჯერ გამოძიებისთვის, შემდეგ კი სასამართლოსთვის.

 

7. 2019 წლის 30 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (ფოტოსურათებით) თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთი 8 პაკეტად, მათ შორის პისტოლეტის მსგავსი საგანი ვაზნის გარეშე, თოფის მასრის მაგვარი საგანი და დანა.

 

8. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N002933119 დასკვნის თანახმად, ნუ------ ბა------ეს თავისა და კისრის არეში აღენიშნება ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) ზემოქმედებით განვითარებული ჭრილობები, რომლებიც ერთიანობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.

 

9. 2019 წლის 01 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, მა-----------ძის მითითებით ექსპერტებმა მოახდინეს კონფლიქტის ადგილის ფოტოგრაფირება (იხ. ფოტოსურათებში ბრალდებულის მხრიდან ამა თუ იმ ადგილის მითითება). ამავე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული ფაქტი ნუ------ ბა------ის მხრიდან იარაღისმაგვარი საგნით ხელში გინების თაობაზე სრულ თანხვედრაშია ამ ნაწილში მოწმე ბ-----ი ბ---–----ის ჩვენებასთან. ამავე ოქმის თანახმად, მა-----------ძე მიუთითებს ნუ------ ბა------ის დაჭრის შემდეგ თოფიდან ვაზნების იქვე შემთხვევის ადგილზევე გადაგდების თაობაზე, რაც თავის მხრივ სრულ თანხვედრაშია შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ნივთების ადგილმდებარეობასთან.

 

10. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პოლიციელებმა და ექსპერტებმა, გარდა ბრალდებულისა, სრულად დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა, მისი შინაარსი და შედეგები.

 

11. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) N00647819 დასკვნის ანალიზის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნუ------ ბა------ეს, რომლის გენეტიკური პროფილი ასევე აღმოჩნდა ამავე ადგილიდან ამოღებულ პისტოლეტის მაგვარ საგანზე არსებულ ბიომასალაზე, ხოლო ამოღებულ მასრასა და დანაზე არსებულ ბიომასალაზე მა-----------ძის გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა.

 

12. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებები უშუალოდ დაჭრის ნაწილში არაინფორატიულია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

13. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმად "სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი".

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, განზრახ მკვლელობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.

 

ასეთი დანაშაულებრივი ქმედების მცდელობად კი ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო მკვლელობის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობა აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით, ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.

 

14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად, ხოლო აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.

 

15. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.

 

16. ნათელია, რომ კონფლიქტის ადგილზე მა-----------ძის ყოფნა მხოლოდ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრით და დანით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) N00647819 დასკვნით დგინდება, რადგან როგორც სასამართლომ აღნიშნა, გამოძიებისას ბრალდებულ მა-----------ძის საწინააღმდეგოდ ინფორმაციის მიმცემმა ყველა მოწმემ ბრალდებულის შემთხვევის ადგილზე ყოფნა გამორიცხა და უარყო.

 

17. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის განმარტება მისი დნმ-ის შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მასრაზე აღმოჩენის შესაძლო მიზეზზე აბსოლუტურად აცდენილია გონივრული მსჯელობის და აღქმის ყველა შესაძლო ობიექტურ კრიტერიუმს.

 

18. როგორც სასამართლომ განმარტა, უშუალოდ გასროლის ფაქტი დაინახა მოწმე ბ-----ი ბ---–----ემ, რომელიც სრულ თანხვედრაშია საგამოძიებო ექპერიმენტის ოქმში მითითებულ გარემოებასთან, რომ დაზარალებული სავარაუდოდ იარაღმომარჯვებული იყო და იგინებოდა; სავარაუდო იარაღის აღმოჩენა კი დადასტურებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით.

 

19. ზემოხსენებული ანალიზის თანახმად, სასამართლოს შესაფასებელი დარჩა მხოლოდ ერთი გარემოება, მა-----------ძემ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედება, თუ ეს იყო ამავე კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

 

20. ერთმნიშვნელოვნად აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბრალდებას გამოძიების მიმდინარეობისას პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები ჰქონდა მკვლელობის მცდელობის ნაწილში, რაც სასამართლო სხდომაზე შეიცვალა მოწმეთა მხრიდან. პროკურორს გამოძიებაში არსებული მრავალი მტკიცებულებებიდან დაჭრის ნაწილში დარჩა მხოლოდ განაჩენის მე-5, მე-7 - მე-11 პარაგრაფებში მითითებული მტკიცებულებები, შესაბამისად მხოლოდ ამ მტკიცებულებებით შეუძლებელია განზრახ მკვლელობის მცდელობის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენა.

 

21. წარმოდგენილი მტკიცებულების ანალიზი ცხადყოფს, რომ დაზარალებული სავარაუდოდ იარაღმომარჯვებული იყო, რაც საფრთხეს წარმოადგენდა ბრალდებულისთვის მაგრამ მა-----------ძის მხრიდან იარაღის გამოყენებას სასამართლო შეაფასებს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჩადენილ ქმედებად.

 

22. ფაქტია, რომ იარაღისმაგვარ საგანში ვაზნები არ იყო, შესაბამისად, მა-----------ძეზე დაზარალებულის მხრიდან შესაძლო თავდასხმა ვერ იქნებოდა ისეთი საშიში ხასიათის ბრალდებულის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის, რომ მოსაგერიებლად დაზარალებულის მიმართულებით განეხორციელებინა გასროლა სიცოცხლისთვის სახიფათო ადგილზე.

23. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მა-----------ძე იარაღის გამოყენებით აღმოჩნდა აშკარა შეუსაბამობაში თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან, რაც წარმოადგენს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებას.

24. სასამართლო მხარეებს განუმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, რაც ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები.

 

25. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

 

26. მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის უფლება უნდა იქნეს გაგებული შეჯიბრებითობის პროცესის ჭრილში, რაც სამართლიანი სასამართლოს კონცეფციაში დევს და იგი გულისხმობს, რომ მოსარჩელეს მიეცეს მოწმის განცხადების ან ჩვენების ნებისმიერ ასპექტში შედავების შესაძლებლობა დაპირისპირების ან დაკითხვის დროს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ასევე ზეპირობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, კერძოდ, ბრალდებული უნდა დაუპირისპირდეს მოწმეს მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება.

 

27. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“ , რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.[1]

 

28. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან[2].

 

29. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას; ხოლო ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.“

 

30. სასამართლო შეაფასებს მა-----------ძის პოზიციას, რომლის მიხედვით იგი უარყოფს საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მისი მხრიდან ნების ნებაყოფლობით გამოხატვას. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლოში ბრალდებულმა უარყო საქმის წინასწარი გამოძიების სტადიაზე მიცემული აღიარებითი ჩვენება, ამის გამო, ის ინფორმაცია, რომელიც გამომძიებლებმა საგამოძიებო ექსპერიმენტისას მისგან მიიღო ადგილზე შემოწმებული ჩვენების სახით, ვერ იქნება გამოყენებული მისი ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მთლიანად დაუშვებელი მტკიცებულებაა და მასში ასახული სხვა მონაცემები და ფაქტები საერთოდ ვერ იქნება მტკიცებულებად გამოყენებული.

 

31. საგამოძიებო ექსპერიმენტისას მა-----------ძეს ჩვენება არათუ არ მიუცია, არამედ ვითარება აღადგინა იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მან გამოიყენა ნუ------ ბა------ის დაჭრის მიზნით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ხსენებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას ბრალდებულის მითითებით გადაღებული იქნა ის ადგილები, სადაც მიმდინარეობდა კონფლიქტი. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველ ნაწილში.

 

32. აღნიშნული განმარტების შესაბამისად, მა-----------ძის მიმართ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს დასაშვებ და რელევანტურ მტკიცებულებას, გარდა იმისა, რომელიც წარმოადგენს ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების ნაწილს.

 

33. მითითებულ ოქმში წარმოდგენილია ამ ექსპერიმენტის მიმდინარეობის ამსახველი მრავალი ფოტო დოკუმენტი, რომლებითაც დგინდება ის გარემოება, რომ ექსპერიმენტის დროს პოლიციის თანამშრომლები, ასევე ექსპერტები, მათთან ერთად მამუკა ზოიძე მოძრაობენ და გადაადგილდებიან ბრალდებულის მითითებების შესაბამისად, რომელიც თავისი ხელით უჩვენებს მათ, თუ რა მიმართულებით უნდა იმოძრაონ. ის ასევე უჩვენებს ექსპერიმენტში მონაწილე პირებს იმ ადგილებს სადაც მოხდა კონფლიქტი, სად ამოიღო ნუ------ ბა------ემ სავარაუდოდ იარაღი, სად მოხდა გასროლა და ა.შ.

 

34. ბუნებრივია, რომ ისმება სრულიად ლოგიკური კითხვა: როგორ შეეძლო მა-----------ძეს საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გამომძიებლები და ექსპერტები მიეყვანა და მიეთითებინა ის ადგილები საიდანაც დაიწყო, განვითარდა, გაგრძელდა და დასრულდა კონფლიქტი, თუკი მანამდე იქ არ იყო ნამყოფი?

 

(ანალოგიური პრაქტიკა დადგენილია საკასაციო პალატის მიერ საქმე №424აპ-16-ზე)

 

35. ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ წარმოდგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივად, ურთიერთშეჯერების გზით განხილვასა და მათ ობიექტურ ანალიზს მივყავართ შემდეგ დასკვნამდე: არ არსებობს კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი საიმისოდ, რომ მა-----------ძე უდანაშაულოა. სასამართლოს აზრით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ბრალდებულმა მა-----------ძემ ჩაიდინა არა ნუ------ ბა------ის განზრახ მკვლელობის მცდელობა, არამედ აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება - ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით.

 

სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

 

36. მა-----------ძემ ჩაიდინა არა განზრახ მკვლელობის მცდელობა, არამედ აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

37. მა-----------ძის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა რეციდივი, შემამსუბუქებელი გარემოებები არ დადგენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

38. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ბრალდებული წარსულში მსჯავრდებულია სანადირო თოფის გამოყენებით განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის, რისთვისაც იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ.

 

39. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მა-----------ძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მა-----------ძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

40. ამასთან, მა-----------ძის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს ხე-–--------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რომლის ნაწილი უნდა დაემატოს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებულ მა-----------ძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე.

 

ბრალდებული მა-----------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს მა-----------ძის მიმართ ხელვაჩურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 03 (სამი) წელი თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს ხე-–--------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, მა-----------ძეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

მა-----------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

მა-----------ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 31 მარტიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ამოღებული მასრები, ვაზნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს შსს შეიარაღების სამსახურს.

 

მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქა, სისხლის ნიმუშები, ანაწმენდის ნიმუშები, პოლიმერული მასალის საგანი, ამოღებული დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

პისტოლეტის მაგვარი საგნის ბედი გადაწყდეს გამოყოფილ სს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.

 

ხელჩანთა, მობილური ტელეფონი, ტანისამოსი, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელს ანდა მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

ელექტრონული დისკები, რომლებზეც აღბეჭდილია ფოტოსურათები და ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოდან გადმოგზავნილი 1 (ერთი) ცალი დისკი, დაერთოს სს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი