გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/14882-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე შპს ”-----------–-------–------–--”
წარმომადგენელი თა-------------–----
მოპასუხე ნი---------–---–-
წარმომადგენელი ნა-----------–---–-
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნი---------–---–-სათვის მოსარჩელე შპს ”ს----------–-------–------–---” სასარგებლოდ 450 ლარის გადახდის დაკისრება.
2018 წლის 18 აგვისტოს, შპს „ს----------–-------–------–---“ ინსპექტორმა გ---------------–--ემ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №0-----, რომლის შესაბამისად, ნი---------–---–- მოსარჩელის კუთვნილი სამელიორაციო სისტემიდან ახორციელებდა წყლის დატაცებას 3 ჰა ფართობზე.
ნ-----------–---–ს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა - 250 ლარის ოდენობით.
შპს ”ს----------–-------–------–---” გენერალური დირექტორის 2015 წლის 20 მაისის შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეზე, შემოსული საჩივრების განმხილველი კომისიის 2019 წლის 17 იანვრის №38 სხდომის ოქმით, ნი---------–---–-ს განცხადება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა. მიღებული საოქმო გადაწყვეტილების ასლი, ადრესატს ჩაბარდა 2019 წლის 23 იანვარს. რაც მოპასუხის მიერ გასაჩივრდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის დადგენილებით ნი---------–---–-ს საჩივარი შპს „ს----------–-------–------–---“ 2018 წლის 18 აგვისტოს N0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) ბათილად ცნობისა და 2019 წლის 17 იანვრის N38 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. დადგენილება კანონიერ ძალაშია შესული.
ამდენად, შპს „ს----------–-------–------–---“ მიერ შედგენილი №0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შესულია კანონიერ ძალაში.
2018 წლის 18 აგვისტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადგილზე, გორის რაიონის სოფელ ძ------ში, შპს ”ს----------–-------–------–---” ინსპექტორის მიერ შედგენილი იქნა სარწყავი წყლის დატაცებით, შპს ”-----------–-------–------–--ზე” მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი, რომლის მიხედვით ზიანმა 3 ჰა მიწის ნაკვეთზე გასარწყავებაზე შეადგინა - 450 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ნი---------–---–-ს წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. მოპასუხის კუთვნილ ქონებაზე წყლის შედინება ხდება მისი ნების საწინააღმდეგოდ. მოპასუხემ სადავოდ გახადა ზიანის ოდენობასთან დაკავშირებული გარემოებები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 18 აგვისტოს, შპს „ს----------–-------–------–---“ ინსპექტორმა გ---------------–--ემ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე, ნი---------–---–-ს მიმართ, შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №0-----, რომლის შესაბამისად, დამრღვევი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძ------- ტერიტორიაზე მოსარჩელის კუთვნილი სამელიორაციო სისტემიდან ახორციელებდა წყლის დატაცებას 3 ჰა ფართობზე.
სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა - 250 ლარის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №0-----.
3.2.2. შპს „ს----------–-------–------–---“ ინსპექტორის მიერ შედგენილი №0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა ახსნა-განმარტება.
2019 წლის 17 იანვრის ოქმი N38.
გორის რაიონული სასამართლოს
დადგენილება.
სააღსრულებო ფურცელი.
3.2.3. შპს ”-----------–-------–------–--ს”, მისი კუთვნილი სამელიორაციო სისტემიდან სარწყავი წყლის დატაცებით, მოპასუხემ მიაყენა 450 ლარის ოდენობის ზიანი.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია.
ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის).
მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 18 აგვისტოს აქტი შეიცავს ზიანის დაანგარიშებას. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას წყლის მომსახურების ტარიფთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ხელშეკრულების არსებობის პირობებში 1 ჰა ტბორის გასარწყავებისათვის მოპასუხე გადაიხდიდა 150 ლარს. დადგენილია, რომ ეს ტარიფი შეესაბამება შპს „ს----------–-------–------–---“ მიერ მოსარგებლეებისათვის დადგენილი ტარიფის ოდენობას. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ოქმის შედგენის დროს მისმა შემდგენელმა ჯიპიეს სისტემის საშუალებით დაადგინა გასარწყავებული ფართობის მოცულობა 3 ჰა, რის შესაბამისადაც განისაზღვრა ზიანის ოდენობა 450 ლარი (3ჰაX150).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოპასუხის აპელირება ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ს----------–-------–------–---“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 992-ე, 408-ე, 409-ე, 414-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 309 17, 30920-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში მოცემულია დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები, კერძოდ, ხსენებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
აღნიშნულ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხეს რომ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული ძირითადი პირობები: უნდა დადასტურდეს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს ბრალი უნდა მიუძღვოდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მოსარჩელემ მოპასუხის მიერ სარწყავი წყლის დატაცების ფაქტის დასადასტურებლად წარმოადგინა კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ოქმი, ცალსახად ადასტურებს მოპასუხის მხრიდან სარწყავი წყლის დატაცების ფაქტს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა ზიანის მიყენების ფაქტი, რაც გამოწვეულია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების შედეგად.
აღნიშნულის გათვალისწინებით, არსებობს ყველა პირობა, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხისათვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი,რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შპს ”ს----------–-------–------–---” ინტერესია იმ დანაკარგის ანაზღაურება, რაც მიადგა მართლსაწინააღმდეგოდ სამელიორაციო სისტემიდან წყლის გახარჯვის გამო. ამ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ზიანის ოდენობა შეადგენს 450 ლარს. ამ თანხის ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელეს სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 ლარი. რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელე შპს ”ს----------–-------–------–---” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
შპს ”ს----------–-------–------–---” სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 30921, 367-ე, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ”ს----------–-------–------–---” სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. დაეკისროს მოპასუხე ნ----------–---–ს მოსარჩელე შპს ”ს----------–-------–------–---” სასარგებლოდ 450 ლარის გადახდა.
2. დაეკისროს მოპასუხე ნ----------–---–ს მოსარჩელე შპს ”ს----------–-------–------–---” სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამასთან, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.
მოსამართლე მაკა ჭედია