გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3173981-2/554-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე
მოსარჩელე - მ----------- მ---–----–---ა;
წარმომადგენელი - დ----- თ--–--–---–ი;
მოპასუხე - ბ-–--ი ნ-------ე;
წარმომადგენელი - შ--–-- გ------–--ე;
თარჯიმანი - ლ---------------;
დავის საგანი - კეთილსინდისიერი მფობელობის უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღიკვეთოს მოპასუხე ბ-–--ი ნ-------ის მხრიდან, მ----------- მ---–----–---ას საცხოვრებელ ბინაზე, მისი მფლობელობის უკანონო ხელშეშლა კერძოდ, აეკრძალოს მ----------- მ---–----–---ას მფლობელობაში არსებულ სახლში – ს/კ 6-.0-.3-.0--.01/0--, მის. ქ.ახალციხე ზ--------–-- ქ.5- სართული 3, ბ. 2--ში წყლის ჩამოშვება და დაევალოს გამოასწოროს აღნიშნული პრობლემა რაც გამოიხატება წყალგაყვანილობის ან/და წყალარინების სისტემის მწყობრში მოყვანაში შემდეგ უძრავ ქონებაში– ს/კ 6-. 0-. 3-. 0-- 01/03- მის ქ. ახალციხე ზ--------–-- ქ.5-, სართული 4, ბ.3-, რითიც ხელი აღარ შეეშლება მის მფლობელობაში არსებული ქონებით სარგებლობაში.
1.2. დაეკისროს მოპასუხე ბ-–--ი ნ-------ეს პ/ნ 4---------- – მ----------- მ---–----–---ასთვის პ/ნ 4----------, მფლობელობის ხელყოფის შედეგად მიყენებული ზიანის-3762 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელის განმარტებით ფლობს ამჟამად რუსეთში მყოფი მისი შვილის, ა-–---- მ---–----–---ის საკუთრებაში არსებულ ბინას, ამ ბინის მისი შვილის საკუთრებაში გადასვლამდე, ეს ბინა იყო მის საკუთრებაში, წლების განმავლობაში ცხოვრობს ამ ბინაში სადაც ასევე რეგისტრირებულიც არის - ქ.ახალციხე,ზ--------–-- ქუჩა, კორპუსი 5-, სართული 3, ბინა 2- და ამ მისამართის მიხედვით, იხდის კომუნალურ გადასახადებს;
ზედა, მე-4 სართულზე არსებული ბინიდან, მის საცხოვრებელ ბინაში სისტემატურად ჩამოდის წყალი, რომელმაც დაუზიანა ჭერი, კედლები, იატაკი, ავეჯი და ბინა მთლიანად სარემონტო გახდა, რის გამოც, იქ ცხოვრება უკვე შეუძლებელია;
მისი არაერთი მოთხოვნის თუ სხვა სახის ძალისხმევის მიუხედავად ზედა ბინის მესაკუთრე, ბ-–--ი ნ-------ე, არც კი ცდილობს შეაკეთოს თავისი დაზიანებული წყალგაყვანილობის სისტემა, რომლის გამოც წყალი სისტემატურად ჩამოდის და 2017-2018 წლების განმავლობაში, მისი ბინიდან მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში ჩამოსული წყლით, მას ზიანი მიადგა;
არის სოციალურად დაუცველი, პენსიონერი, ხოლო იმ ზიანის გამოსწორება, რაც მას მიადგა და ადგება ამ ქმედების შედეგად, დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რაც უკვე დაუდასტურა ხელოსანმაც, რომელსაც, 2017 წელს, რემონტისთვის მიმართა. მან 1500 ლარი მოითხოვა, ხელობის ფულად, საკმაოდ დიდი თანხის გადახდა სარემონტო მასალაშიც მოუწევდა, ხოლო, ამ დროისთვის, გაცილებით მეტი თანხა დაჭირდება მისი ბინის რემონტს, რადგან წყლის ჩამოსვლა, ამ ბინაში 2018 წლის განმავლობაში არ შეწყვეტილა, რის გამოც უფრო მეტად დაზიანდა და ამჟამად. ყველაფერი გაძვირდა;
მან არაერთხელ მიმართა პოლიციას, თუმცა უშედეგოდ; ბ-–--ი ნ-------ე არ ღებულობს არანაირ ზომას, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს, რის გამოც შიშობს, რომ მომავალშიც გააგრძელებს იმავე ქმედებას.
მან ჩაატარა ექსპერტიზა ლ----------------–ის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მეშვეობით, რომლითაც დადგენილი ფაქტია, რომ მის მიმართ მიყენებული ზიანის ღირებულება შეადგენს 3762,33 ლარს და აღნიშნული ზიანი გამოწვეულია მის ზედა სართულზე არსებული ბინიდან ჩამოსული წყლის გამო.
მისი შვილი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და დაახლოებით 20 წელია არ ჩამოსულა საქართველოში. მას მოწყობილი აქვს იქ სოფლის მეურნეობა და უახლოეს ნოტარიუსამდე არის ძალიან დიდი მანძილი. თვითონაც არის სოციალურად დაუცველი, რაც დასტურდება საქმეზე დართული სოციალური ქულის ამონაწერით და როგორც მისთვის, ასევე მისი შვილისთვის თუნდაც მინდობილობის გამცემი თანხის გადახდა ძალზე დიდ პრობლემას წარმოადგენს, იმისთვის, რომ ექსპერტიზის საფასური გადაეხადა იძულებული იყო წასულიყო სამუშაოდ 2 თვეზე მეტი ხნით, რათა ეშოვა ექსპერტიზისთვის საჭირო თანხა. ბინას წლებია ფლობს და ამას ადასტურებს კომუნალური გადასახადების ამონაწერებიც.
მოსარჩელის განმარტებით მისი შვილი ვერ შემოიტანს ხელშეშლის აღკვეთაზე სარჩელს რადგან გარდა იმისა, რომ ის საერთოდ არ ცხოვრობს ამ სახლში, მას ხელი არ ეშლება ვინაიდან არც იყენებს მის საკუთრებაში არსებულ სახლს. მან იცის იმის შესახებ რომ მას ასეთი სიტუაცია მაქვს, თუმცა ჩამოსვლას ვერ ახერხებს, მეტიც ისეთი სამსახური აქვს, რომ ნოტარიუსთანაც კი ვერ მივა, რომ მინდობილობა გამოაგზავნოს. აქედან გამომდინარე ერთადერთი რაც მოახერხეს მტკიცებულების სახით წარმოადგინა მის მიერ შედგენილ და ხელმოწერილი წერილის ფოტოასლი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ მას ნამდვილად სურს რომ დედამისი იყოს მოსარჩელე და მოაგვაროს აღნიშნული საკითხი. აღნიშნული სარჩელის სამართლებრივ დასაბუთებაში მითითებული აქვს ყველა ის მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც მას უფლება აქვს, როგორც მფლობელს შემოიტანოს აღნიშნული სარჩელი და სასამართლოს თხოვს ნუ მოუსპობს ამ უფლებას, ვინაიდან მისი მდგომარეობა გაუსაძლისია, რადგან მოპასუხემ უკვე დამატებით სამჯერ ჩამოუშვა წყალი და მისი უფლებები დარღვეულია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ბ-–--ი ნ-------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი ბინა გარემონტებულია და მისი ბინიდან არსად წყალი არ ჩადის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელე მ----------- მ---–----–---ას მფლობელობაშია მისი შვილის ა-–---- მ---–----–---ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ.ახალციხე, ზ--------–-- ქუჩა, კორპუსი 5-, სართული 3, ბინა 2-, მოსარჩელე რეგისტრირებულია ამ მისამართზე და იხდის კომუნალურ გადასახადებს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მ----------- მ---–----–---ას პირადობის მოწმობის ასლი ; ს.ფ.20;
- ა-–---- მ---–----–---ის დაბადების მოწმობის ასლი; ს.ფ.21- 25;
- აბონენტის ბარათის ასლები;- ს.ფ.26-43;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ა-–---- მ---–----–---ზე;- ს.ფ.44;
3.1.2. ბ-–--ი ნ-------ე საკუთრების უფლებით ფლობს ქ.ახალციხე, ზ--------–-- ქუჩა, კორპუსი 5-, სართული 4, ბინა 3- -ში არსებულ საცხოვრებელ ფართს, რომელიც მდებარეობს მ----------- მ---–----–---ას სახლის ზედა სართულზე და იატაკით უკავშირდება მოსარჩელის კუთვნილი ფართის ჭერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ.45;
- ადგილზე დათვალიერების ოქმი(იხ ცხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში არსებული დაზიანებები გამოიწვია, მის ზედა სართულზე მდებარე მოპასუხის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში არსებულმა გაუმართავმა წყალგაყვანილობამ და მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 3762,33 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა;- ს.ფ.49-65;
- ექსპერტის გ------- მ-------–--ის ჩვენება (იხ. სხდომის ოქმი19.12.2019წ.);
- ადგილზე დათვალიერების ოქმი ს.ფ.147;
3.2.2. წყლის სისტემატიური ჩამოდინების შედეგად მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრებისათვის შექმნილია შეუსაბამო პირობები, სააბაზანო ოთახში, სამზარეულოში, საძინებელსა და მისაღებ ოთახში სველია კედლებისა და ჭერის ნაწილი, ასევე ხის იატაკი, ელექტროგაყვანილობა გამოსულია მწყობრიდან. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხე მხარემ არ შეაკეთა მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაში წყლის ჩადინების გამომწვევი წყლის გაყვანილობა. არ მიიღო ზომები რათა შეეწყვიტა მოსარჩელისათვის მისი მფლობელობით სარგებლობაში ხელის შეშლა რომელიც გრძელდება ამჟამადაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ სხდომის ოქმი);
- ადგილზე დათვალიერების ოქმი ს.ფ.147;
- ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის გ------- მ-------–--ის ჩვენება(იხ სხდომის ოქმი);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1. მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ქალაქ ახალციხეში, ზ--------–-- ქ.N5-/2--ში (ს/კ 6-.0-.3-.0--.01.0--) მ----------- მ---–----–---ას ფაქტიურ მფლობელობაში არსებულ ბინაში ზედა სართულიდან წყლის ჩამოდინების შედეგად ოთახებში კედლებზე წარმოშობილია ბზარები, კედლების ნალესი გამობერილი, ნალესი აგრეთვე ჩამოყრილია საძინებელ ოთახში, შპალერი ოთახებში დალაქავებულია და აყრილია კედლებიდან. წყლის სისტემატური ჩამოდინების გამო დაზიანებულია აგრეთვე ოთახებში არსებული ხის იატაკი.
ქალაქ ახალციხეში, ზ--------–-- ქ. N5-/2--ში (ს/კ 6-.0-.3-.0--.01.0--) მ----------- მ---–----–---ას ფაქტიურ მფლობელობაში არსებულ ბინაში არსებული დაზიანებები გამოწვეულია ზედა სართულიდან წყლის სისტემატური ჩამოდინების შედეგად.
ქალაქ ახალციხეში, ზ--------–-- ქ. N5-/2--ში (ს/კ 6-.0-.3-.0--.01.0--) მ----------- მ---–----–---ას ფაქტიურ მფლობელობაში არსებულ ბინაში შესასრულებელი სარემონტო, სარეაბილიტაციო სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 3762,33 ლარს დარიცხვების ჩათვლით. საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვა შედგენილია 2019 წლის I კვარტლის სამშენებლო რესურსების ფასების დონეზე.
მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის მისი საცხოვრებელი ბინიდან ქვედა სართულზე წყლის ჩადენის შედეგად რაიმე სახის დაზიანების მიყენებას მოსარჩელისათვის და შესაბამისად ზიანის ოდენობას. სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა გ------- მ-------–--მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ მის მიერ ადგილზე იქნა შესწავლილი მოსარჩელის კუთვნილ ფართში არსებული ვითარება, ექსპერტი გამორიცხავს სხვა გზებით წყლის ჩადინების შესაძლებლობას და მიუთითებს, რომ მოსარჩელის კუთვნილი ფართის ზედა სართულზე მოწყობილია სველი წერტილები, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მოპირკეთებულია იძლევა შესაძლებლობას გამოსული იყოს მწყობრიდან წყალგაყვანილობის სისტემა, საიდან ჩამონადენი წყლით დაზიანებულია კედლები, ჭერი და იატაკი. წყლის ჩამოდინება გახდებოდა ელექტრო გაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი. ამასთან, არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ მოსარჩელემ კედლებსა და ჭერზე წყლის სისტემატიური მისხმით თავად დააზიანა კუთვნილი ქონება და მიუთითა, რომ ასეთი გარემოების მტკიცებას სჭირდება შესაბამისი კვლევა, რომელიც მას არ უწარმოებია, არსებული ვითარება იძლეოდა მის მიერ გაცემული დასკვნის გაცემის შესაძლებლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე ზიანის გამომწვევი მიზეზებს და კონკრეტულ ოდენობას ადასტურებს წარმოდგენილი მტკიცებულებებით მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე, რომ ზიანის ოდენობა არის განსხვავებული ან მიზეზი მისი ბრალით არ არის გამოწვეული. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ მისი ბრალეულობით მოსარჩელეს არანაირი ზიანი არ მისდგომია, რომ მოსარჩელემ განიზრახა რა რემონტის ჩატარება მის საცხოვრებელ სახლში, კედლებსა და ჭერზე წყლის მუდმივი მისხმით გააუარესა მდგომარეობა და სურს მეზობლის თანხით გაირემონტოს სახლი. იმ გარემოების სამტკიცებლად, რომ წყალი არ არის ჩამოსული ზედა სართულიდან მოპასუხე მხარეს შეეძლო წარმოედგინა მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში კი მისი ამგვარი განმარტება არ არის გონივრული განსჯის შედეგი და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 159-ე, 161-ე, 316-317-ე, 992-ე, მუხლები; 326-ე, 408- 409-ე, 412-ე, 414-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. უფლების მართლზომიერად განხორციელება ნიშნავს სასამართლო დავაში მონაწილე პირთა უფლების თანაზომიერად დაცვას. დავის გადაწყვეტისას სამართლის ნორმათა შეფასებას ისე, რომ არ დაირღვეს რომელიმე მხარის კანონით დაცული უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.
ხოლო, 161-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე კეთილსინდისიერად ფლობს მისი შვილის საცხოვრებელ სახლს, რომელშიც არის რეგისტრირებული და იხდის კომუნალურ გადასახადებს. შესაბამისად, მოსარჩელეს აქვს სამართლებრივი უფლებამოსილება მოითხოვოს მისი საკუთრებით სარგებლობაში ხელის შეშლა მოპასუხისაგან. ამასთან, იმ ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, რომ სასამართლომ დაადგინა მოპასუხის მიერ მოსარჩელის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინით სარგებლობაში ხელის შეშლის ფაქტი, მოპასუხეს უნდა ეღეკვეთოს ამგვარი ხელშეშლა მოსარჩელის მიმართ.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს არასახელშეკრულებო (კანონისმიერ) ვალდებულებათა სახეს. იგი წარმოიშობა კანონის ძალით, მხარეთა ნება-სურვილისგან დამოუკიდებლად, რა დროსაც, მხარეთა წინასწარი შეთანხმება ზიანის ანაზღაურების თაობაზე საჭირო არ არის. დელიქტური ვალდებულება მოწოდებულია უზრუნველყოს დარღვეული ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების აღდგენა სამართალდამრღვევის ხარჯზე. სწორედ ამ ვალდებულების ძალით, პირი, რომელმაც მიაყენა ზიანი სხვა პირის პირად ან ქონებრივ ინტერესებს, ვალდებულია სრული მოცულობით აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, ხოლო დაზარალებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს განცდილი ზიანის ანაზღაურება.
შესაბამისად დელიქტი, როგორც სამოქალაქო სამართალდარღვევა, წარმოშობს გარკვეული სახის სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, დელიქტურ პასუხისმგებლობას. დელიქტური პასუხისმგებლობა წარმოადგენს კანონით განსაზღვრული ქონებრივი ხასიათის ზომების იძულებით გამოყენებას იმ პირის მიმართ, რომელმაც მიაყენა ზიანი სხვა პირის მატერიალურ ან არამატერიალურ სიკეთეს. აღნიშნული პასუხისმგებლობის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ არსობრივად იგი წარმოადგენს შეფარდებით სამართალურთიერთობას, ანუ ადგენს ერთი პირის ვალდებულებას მეორეს წინაშე და იმავდროულად მიმართულია აბსოლუტური სამართალურთიერთობის დაცვისაკენ, სადაც განსაზღვრულია მხოლოდ ერთი მხარე - სუბიექტური უფლების მატარებელი, მაგალითად, ნივთის მესაკუთრე.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლად სამოქალაქო უფლების დარღვევა მიიჩნევა. ქონებრივი პასუხისმგებლობის ვალდებულ პირზე დასაკისრებლად საჭიროა, რომ სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. შემადგენლობის ორგანიზმს ქმნის სამართლებრივად ფასეულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მოვალეზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამ შემადგენლობის ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი; დამრღვევის მართლსაწინაღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; სამართლდამრღვევის ბრალი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს. იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.
დასახელებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ქონებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ზიანის არსებობა. სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.
ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ანაზღაურებაუნარიანი ზიანი. ასეთია სამართლებრივად მნიშვნელოვანი და დაცული ზიანი. ზიანი, რომლის ანაზღაურებაც შეუძლებელია, ვერ ჩაითვლება ასეთად. ქონებრივი ზიანის დადგენა ხდება ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით, კერძოდ, რა ქონებრივ მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, სანამ მის მიმართ განხორციელდებოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მას მიადგებოდა ქონებრივი ზიანი და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, ქონებრივი ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემდგომ. ზიანის მოცულობა განისაზღვრება ამ ორ მდგომარეობას შორის სხვაობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.
განსახილველ შემთხვევაში, საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ქალაქ ახალციხეში, ზ--------–-- ქ.N5-/2--ში (ს/კ 6-.0-.3-.0--.01.0--) მ----------- მ---–----–---ას ფაქტიურ მფლობელობაში არსებულ ბინაში არსებული დაზიანებები გამოწვეულია ზედა სართულიდან წყლის სისტემატური ჩამოდინების შედეგად. ბინაში შესასრულებელი სარემონტო, სარეაბილიტაციო სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 3762,33 ლარს დარიცხვების ჩათვლით. საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვა შედგენილია 2019 წლის I კვარტლის სამშენებლო რესურსების ფასების დონეზე.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირია ბ-–--ი ნ-------ე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულებების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისთვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს ზიანისათვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან/ზიანთან ანუ დამდგარი ზიანი დარღვეული ვალდებულების რეალური და მოსალოდნელი შედეგია და მისი მიზეზობრივი კავშირი ქმედებასთან ობიექტური გადმოსახედიდან დასტურდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი ნორმის თანახმად, მხედველობაშია მისაღები მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება დაზიანებული ქონების აღდგენას. დადგენილია, რომ დაზიანებული ბინის აღდგენის ხარჯებმა შესასრულებელი სარემონტო, სარეაბილიტაციო სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულებად განისაზღვრა 3762,33 ლარით და ამ თანხების ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება ზიანის მიმყენებელს ბ-–--ი ნ-------ეს, რადგან მ----------- მ---–----–---ას მიმართ მიყენებული ზიანი 3762,33 ლარის ოდენობით მოპასუხის მიერ მიყენებული უშუალო შედეგია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ხოლო, 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფიო ბაჟის 232,86 ლარის გადახდა.
ასევე, მოპასუხე ბ-–--ი ნ-------ეს დაეკისროს, მოსარჩელე მ----------- მ---–----–---ას სასარგებლოდ, ექსპერტის დასკვნის მომზადებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი 300 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ----------- მ---–----–---ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ბ-–--ი ნ-------ეს (პ/ნ4----------) აეკრძალოს მ----------- მ---–----–---ას მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში – ს/კ 6-.0-.3-.0--.01/0--, მის. ქ.ახალციხე ზ--------–-- ქ. 5- სართული 3 ბინა 2- - ში წყლის ჩადინება და დაევალოს წყალგაყვანილობის ან/და წყალარინების სისტემის მწყობრში მოყვანა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში– ს/კ 6-. 0-. 3-. 0-- 01/03- მის ქ.ახალციხე ზ--------–-- ქ.5-, სართული 4, ბინა - 3-.
მოპასუხე ბ-–--ი ნ-------ეს (პ/ნ4----------) მ----------- მ---–----–---ას (პ/ნ4----------) სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის 3762 ლარის ანაზრაურება.
3. მოპასუხე ბ-–--ი ნ-------ეს (პ/ნ4----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფიო ბაჟის 232,86 ლარის გადახდა.
- ასევე, მოპასუხე ბ-–--ი ნ-------ეს დაეკისროს, მოსარჩელე მ----------- მ---–----–---ას სასარგებლოდ, ექსპერტის დასკვნის მომზადებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი 300 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი