გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/9265-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი
მოსარჩელე- სს ''თი---------ი''
წარმომადგენელი - გვ--–---------–---–ი
მოპასუხე - არ---–-------–-–---–ი
დავის საგანი; თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. არ---–-------–-–---–ს სს „თი---------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 02 აპრილის N19-------------8 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6624,44 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3867.28 ლარი, პროცენტი - 768.17 ლარი, პირგასამტეხლო - 1977.5 ლარი და დაზღვევა - 11.49 ლარი.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 04 აპრილს სს ,,თი---------სა’’ და არ---–-------–-–---–ს შორის დაიდო N19-------------8 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება - სწრაფი სამომხმარებლო სესხი. მოპასუხეზე გაიცა სესხის თანხა - 6300 ლარი 1501 კალენდარული დღის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 18,5 %, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0,5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა სადაზღვევო ხარჯი - 32,99 ლარის ოდენობით. მოპასუხეს სადაზღვევო ხარჯი უნდა დაეფარა ძირითად ვალდებულებასთან ერთად. შეტანილი თანხებიდან რა თანხა წარიმართებოდა სადაზღვევო ხარჯის დასაფარად განისაზღვრა ხელშეკრულებაზე და------ლი გრაფიკის მიხედვით. ასევე სესხის ხელშეკრულებაზე თანდა------ლი გრაფიკის მიხედვით განისაზღვრა მოპასუხის მიერ ყოველთვიურად შესატანი თანხა - 187,63 ლარი და შეტანის თარიღი. 2018 წლის 02 აპრილს ზემოაღნიშნულ N19-------------8 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება. სს ,,თი---------ი’’ და არ---–-------–-–---–ი დამატებით შეთანხმდნენ შენატანის გადავადების შესახებ და გადავადების საკომისიოდ განისაზღვრა 30 ლარი.
მოპასუხე არ---–-------–-–---–მა 2016 წლის აპრილის თვეში აითვისა თანხა და სარგებლობდა გამოყოფილი ლიმიტით. 2018 წლის 12 დეკემბრიდან 2018 წლის აპრილის ჩათვლით სტაბილურად იხდიდა თანხებს, თუმცა 2018 წლის 14 აპრილს მას გადახდის გრაფიკით განსაზღვრული თანხა არ შეუტანია ანგარიშზე და მომდევნო დღიდან დაერიცხა პირგასამტეხლო. მოპასუხის მიერ გადახდილი თანხიდან 2432,72 ლარით დაიფარა სესხის ძირი, 1884.15 ლარით კი - პროცენტი. მოპასუხეს პროცენტი ერიცხებოდა ხელშეკრულების დადებიდან ცნობის გაცემამდე, ხოლო პირგასამტეხლო - ხელშეკრულების დარღვევიდან - 2018 წლის 15 აპრილიდან ცნობის გაცემამდე.
არ---–-------–-–---–ის დავალიანებამ N19-------------8 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგინა 6624.44 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3867,28 ლარი, პროცენტი - 768,17 ლარი, პირგასამტეხლო - 1977,5 ლარი, ხოლო დაზღვევა - 11,49 ლარი.
მოპასუხეს 2019 წლის მარტის თვეში გაეგზავნა გაფრთხილების წერილი, რომლითაც ეცნობა დავალიანების შესახებ და ვალდებულების შესასრულებლად განესაზღვრა დამატებით 2 კვირიანი ვადა, მაგრამ მას დავალიანება არ დაუფარავს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე არ---–-------–-–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მართალია მას სს ,,თი---------ის’’ მიმართ ერიცხებოდა დავალიანება 6624,44 ლარის ოდენობით, მაგრამ მას დავალიანების არსებობის თაობაზე მოსარჩელისგან არავითარი ოფიციალური შეტობინება არ მიუღია. ამასთან, 2018 წლის დეკემბერში სს ,,თი---------სა’’ და საერთაშორისო საქველმოქმედო ფო--- ,,ქა------ს’’ შორის გაფორმდა ვალების განულების ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოპასუხე გახდა ვალების განულების პროგრამის მონაწილე და მას ბანკის სასარგებლოდ დარიცხული დავალიანება 6624,44 ლარი გაუნულდა 2018 წლის 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. შესაბამისად არ არსებობს დავის საგანი და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 04 აპრილს სს ,,თი---------სა’’ და არ---–-------–-–---–ს შორის დაიდო N19-------------8 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება - სწრაფი სამომხმარებლო სესხი. მოპასუხეზე გაიცა სესხის თანხა - 6300 ლარი 1501 კალენდარული დღის ვადით, წლიური სარგებელი 18,5 %-ის დარიცხვით. ფიქსირებული პირგასამტეხლო შეადგენდა ყოველ დარღვევაზე 20 ლარს და 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2018 წლის 02 აპრილს ზემოაღნიშნულ N19-------------8 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება. სს ,,თი---------ი’’ და არ---–-------–-–---–ი დამატებით შეთანხმდნენ შენატანის გადავადების შესახებ და გადავადების საკომისიოდ განისაზღვრა 30 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N19-------------8 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ 16-18)
- შეთანხმება N19-------------8 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ს.ფ. 19)
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ.20-21)
3.1.2. დადგენილია, რომ არ---–-------–-–---–ის მიერ 2018 წლის 14 აპრილამდე გადახდილი თანხიდან 2432,72 ლარით დაიფარა სესხის ძირი, 1884.15 ლარით კი - პროცენტი.
მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2018 წლის 14 აპრილს. შესაბამისად, 2019 წლის 11 აპრილის მდგომარეობით არ---–-------–-–---–ის დავალიანება სს ,,თი---------ის’’ მიმართ N19-------------8 საბანკო კრედიტის ხელშკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 6624.44 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3867.28 ლარი, პროცენტი - 768.17 ლარი, პირგასამტეხლო - 1977.5 ლარი და დაზღვევა - 11.49 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 23-24)
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 22)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სს ,,თი---------ს’’ და არ---–-------–-–---–ს შორის 2018 წლის 02 აპრილს დადებული N19-------------8 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 6624.44 ლარის ოდენობით არ განულებულა და მოსარჩელეს აქვს მისი მოთხოვნის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სს ,,თი---------მა’’ N19-------------8 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაუთმო საერთაშორისო საქველმოქმედო ფო--- ,,ქა------’’-ს, რის საფუძველზეც მოპასუხე არ---–-------–-–---–ი გახდა ვალების განულების პროგრამის მონაწილე და მას ბანკის მიმართ არსებული დავალიანება 6624.44 ლარის ოდენობით გაუნულდა 2018 წლის 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
უფრო მეტიც, სს ,,თი---------ი’’-ს მიერ ცნობის სახით წარმოდგენილი ინფორმაციით დასტურდება, რომ სს ,,თი---------ს’’ და არ---–-------–-–---–ს შორის არსებობდა 4 სხვადასხვა სესხი: 1) 2016 წლის 08 ივლისის N84----- სწრაფი სამომხმარებლო სესხი, 2) 2018 წლის 01 თებერვლის N9------ სასწრაფო სესხი, 3) 2017 წლის 19 დეკემბრის N10----------------- და 4) 2018 წლის 02 აპრილის N19------------- სწრაფი სამომხმარებლო სესხი. ამ ოთხი სესხიდან პირველ 3 სესხზე სს ,,თი---------მა’’ მოთხოვნის უფლება დაუთმო სს ფო--- ,,ქა------’’-ს, ხოლო მეოთხე სესხი, 2018 წლის 02 აპრილის N19------------- სწრაფი სამომხმარებლო სესხი - 6300 ლარის ოდენობით რჩება სს ,თი---------ის’’ მოთხოვნად უფლებად და ის არ გადასცემია სს ,,ფო--- ქა------ს’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სს „თი---------ის“ მარჯანიშვილის ფილიალის მიერ გაცემული ცნობა N69--------- (ს.ფ.99-103)
3.2.2. მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო არაგონივრულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება, სხდომის ოქმი
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ''თი---------ის'' სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე-868-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 04 აპრილს სს ,,თი---------სა’’ და არ---–-------–-–---–ს შორის დაიდო N19------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება - სწრაფი სამომხმარებლო სესხი. მოპასუხეზე გაიცა სესხის თანხა - 6300 ლარი 1501 კალენდარული დღის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 18,5 %, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0,5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა სადაზღვევო ხარჯი - 32,99 ლარის ოდენობით. კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით).
ამდენად, მითითებული ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომელთა პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას. ვინაიდან მოპასუხემ მიიღო სესხი, მას ევალებოდა მისი დაბრუნება ხელშეკრულებების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ 2016 წლის 04 აპრილს მხარეთა შორის გაფორმებული N19------------- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკმა გასცა მსესხებელზე კრედიტი 6300 ლარის ოდენობით, 1501 დღის ვადით, სარგებლის წლიურად 18,5%-ის დარიცხვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
მოპასუხე, არ---–-------–-–---–ის მიერ სესხის გადახდის ვალდებულება დაირღვა 2018 წლის 14 აპრილს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. დავის ფარგლებში, დადგენილია სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაზეც მოპასუხე გაფრთხილდა წერილობით და მიეცა ვალდებულების შესასრულებლად დამატებით ვადა, თუმცა უშედეგოდ, რაც თავის მხრივ, წარმოადგენდა საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტისა და შესაბამისად, ძირითადი თანხისა და ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის ანაზღაურების საფუძველს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მულიხ სმე-2 ნაწილის თანახმად, კი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების და საკრედიტო ბარათის ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობა კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით და ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, მიუხედავად მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
სასამართლოს მოსაზრებით მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით - 1977.5 ლარის დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, სს „თი---------ი“-ს მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და არ---–-------–-–---–ს პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს მხოლოდ - 197.75 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 198.75 ლარიდან 145.34 ლარი, ხოლო 53.41 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პროპორციულად.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ გაღებულ ხარჯს - 21.20 ლარის ოდენობით, რაც მან გასწია საფოსტო მომსახურეობაში, მისი ანაზღაურების ვალდებულებაც ეკისრება მოპასუხეს, რადგან საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ფოსტის გზავნილებით დადასტურებულია ამგვარი ხარჯის გაწევა (ს.ფ. 45-61).
მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს საადვოკატო მომსახურეობის ხარჯის 264.97 ლარის ანაზღაურება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით სამოქალაქო კოდექსის 907-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგებაა, რომელიც ფორმათავისუფალია და შეიძლება დაიდოს, როგორც წერილობით, ისე _ ზეპირი ფორმით. ამავე კოდექსის 710-ე მუხლის თანახმად კი, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას – ჩვეულებრივი გასამრჯელო.
სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (იხ. სუსგ №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი).
განსახილველი დავის საგანია თანხის დაკისრება. ამ კატეგორიის დავის საგნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით; ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯი - 150 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 263-ე, 364-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. სს „თი---------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. არ---–-------–-–---–ს სს „თი---------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 02 აპრილის N19-------------8 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4844.69 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3867.28 ლარი, პროცენტი - 768.17 ლარი, პირგასამტეხლო - 197.75 ლარი და დაზღვევა - 11.49 ლარი.
2. არ---–-------–-–---–ს სს „თი---------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს საფოსტო მომსახურეობის საფასურის - 21.20 ლარის და იურიდიული მომსახურეობის საფასურის - 150 ლარის გადახდა;
3. არ---–-------–-–---–ს სს „თი---------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 145.34 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი