გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/14210-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13.12.2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე ზუ-----–---–----
წარმომადგენელი ქე-------------–---–-
მოპასუხე სს „ს--------------------------------------------“
წარმომადგენელი ეთ----–----–---–----
დავის საგანი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სს „ს--------------------------------------------სათვის“ მოსარჩელე ზ-------–---–---ის სასარგებლოდ 6503 ლარის გადახდის დაკისრება.
ზუ-----–---–----სა და სს ს--------------------------------------------ს შორის გაფორმდა ავტოტრანსპორტის დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც დაზღვეულ იქნა ავტომობილი ტოიოტა რავ 4- სახელმწიფო ნომრით I--------- გამოშვების წელი 2013 წელი. სადაზღვევო პოლისის მიხედვით, ავტომობილის საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია 11 000 აშშ დოლარით. სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 25 იანვრიდან 2020 წლის 25 იანვრის 24 საათამდე. სადაზღვევო თანხა შეადგენს 11 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.
2019 წლის 28 აპრილს ქ----------–-----------------------ზე 60-თან მოხდა საგზაო შემთხვევა, რა დროსაც დაზიანდა მხოლოდ სამი ავტომობილი. მათ შორის დაზღვეული ავტომანაქანა ტოიოტა რავ 4, საჭეს მართავდა ზ-------–---–---ის შვილი ი-----–---–-----
ი-----–---–----მ ტელეფონის საშუალებით ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინა სადაზღვევო კომპანია „ე--------------------“ წარმომადგენელს, რომელიც შემთხვევის ადგილას არ გამოცხადდა და მისივე დავალებით ი-----–---–----მ განახორციელა შემთხვევის ადგილის ფოტო სურათების გადაღება და გადაღებული ფოტოსურათები გაუგზავნა მობილური ტელეფონის მეშვეობით.
დაზღვეული ავტომანქანა ტოიოტა რავ 4-ის აღსადგენად საჭირო თანხამ შეადგინა 3459 ლარი, ოპელ ზაფირასათვის მიყენებული ზიანის ოდენობაა 2884 ლარი, ხოლო ოპელ კომბოს აღსადგენად საჭირო თანხაა 160 ლარი.
სადაზღვევო კომპანიამ მოთხოვნა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე არ დააკმაყოფილა.
2.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. შემთხვევასთან დაკავშირებით, დოკუმენტაციით დადგენილია, რომ 2019 წლის 28 აპრილს უფლებამოსილი მძღოლი დაზღვეული ავტომანქანით, ღამის საათებში მოძრაობდა ქ. ქ-------ში, რა დროსაც ჩაეძინა, ვერ უზრუნველყო დაზღვეული ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა და შეეჯახა ოპელ ზაფირასა და ოპელ კომბოს მარკის სატრანსპორტო საშუალებებს. მძღოლის მოქმედება არ შეესაბამებოდა დაზღვევის პირობებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, დამდგარი ავტოსაგზაო შემთხვევა მძღოლის უხეში ქმედების შედეგია, იმდენად რამდენადაც უგულებელყოფილია საგზაო მოძრაობის ძირითადი წესები, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. ამდენად, საგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2019 წლის 25 იანვარს ზუ-----–---–----სა და სს „ს--------------------------------------------ს“ შორის გაფორმდა TOYOTA RAV 4, ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი I------- ავტოტრანსპორტის დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად სადაზღვევო რისკია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანის სრული ან ნაწილობრივი დაზიანება.
სს „ს--------------------------------------------მ“ დამზღვევზე გასცა დაზღვევის პოლისი, რომლის თანახმად, პოლისის მოქმედების ვადაა: 20.01.2019(24:00 სთ-დან) -25.01.2020 (24.00სთ-მდე). სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 11 000 აშშ დოლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება.
დაზღვევის ხელშეკრულება.
3.1.2. დაზღვევის ხელშეკრულებით დაზღვეულია მესამე პირების წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობა.
მესამე პირის (პირთა) წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობის დაზღვევის მიზნებისათვის სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენს უფლებამოსილი მძღოლის მიერ დაზღვევის მოქმედების პერიოდში ავტოტრანსპორტის მართვის შედეგად მესამე პირების სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისათვის მიყენებული ზიანი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება.
დაზღვევის ხელშეკრულება.
3.1.3. 2019 წლის 28 აპრილს ქ----------–-----------------------ზე 60-თან მოხდა საგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც დაზიანდა სამი ავტომობილი. მათ შორის დაზღვეული ავტომანაქანა ტოიოტა რავ 4-ის, საჭეს მართავდა ზ-------–---–---ის შვილი ი-----–---–----, რომელიც დაზღვევის პოლისის შესაბამისად, წარმოადგენს უფლებამოსილ მძღოლს.
საგზაო შემთხვევის შედეგად, ასევე დაზიანდა ოპელის მარკის სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით D-------- და ოპელის მარკის ზაფირა სახელმწიფო ნომრით L---------
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
პატაკი.
2019 წლის 08 მაისის წერილი.
3.1.4. საგზაო შემთხვევაში დამრღვევ მძღოლად მიჩნეულ იქნა დაზღვეული ავტომანქანა ტოიოტა რავ 4, მძღოლი ი-----–---–----, რომელმაც ვერ უზრუნველყო საჭის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გაჩერებულ ავტომანქანებს.
დამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის Nე------- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6, 62, მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
პატაკი.
2019 წლის 08 მაისის წერილი.
საჯარიმო ქვითარი.
3.1.5. სს „ს--------------------------------------------მ“ დამზღვევს უარი უთხრა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე, იმ გარემოებაზე აპელირებით, რომ საგზაო შემთხვევა მძღოლის უხეშმა გაუფრთხილებლობამ გამოიწვია, კერძოდ, მას ჩაეძინა, რის გამოც ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა.
დაზღვევის ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.2. პუნქტის თანახმად, დამზღვევი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლებელი და მიზანშეწონილი ზომა ავტოტრანსპორტის გადარჩენის, შემდგომში დაკარგვის ან ზიანის თავიდან ასაცილებლად და/ან შესამცირებლად. მე-9 მუხლის 9.2. პუნქტი, მზღვეველს ანიჭებს უფლებამოსილებას უარი განაცხადოს ანაზღაურების გაცემაზე, თუ დამზღვევის მიერ არ იქნება შესრულებული მასზე სადაზღვევო პირობებით დაკისრებული ვალდებულებები.
სადაზღვევო კომპანიამ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში, მძღოლის ქმედება არ შეესაბამებოდა დაზღვევის პირობებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ამასთან, სწორედ ამ ქმედების შედეგად მიადგა ზიანი დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რის გამოც ჩათვლა, რომ 2019 წლის 28 აპრილს მომხდარი შემთხვევა ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
2019 წლის 16 მაისის წერილი.
3.1.6. დაზღვეული ავტომანქანა ტოიოტა რავ 4-ის აღსადგენად საჭირო თანხამ შეადგინა 3459 ლარი, OPEL ZAFIRA-სათვის მიყენებული ზიანის ოდენობაა 2884 ლარი, ხოლო OPEL COMBO-ს აღსადგენად საჭირო თანხაა 160 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ინვოისები.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ავტოსაგზაო შემთხვევისას, არ დგინდება, რომ უფლებამოსილ მძღოლს ი-----–---–----ს ჩაეძინა.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
მოპასუხე მძღოლის ჩაძინების გარემოებას ადგენს მასთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერის შინაარსიდან. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი დისკიდან არ დგინდება, რომ ი-----–---–---- სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელს უხსნის საგზაო შემთხვევის მიზეზებს. როგორც ჩანაწერის შინაარსიდან დგინდება, ი-----–---–----ს პარალელურად აქვს სხვა პირთან დიალოგი, რომელთანაც საუბარში ახსენებს, რომ მას ჩაეძინა. კონკრეტულად რა თემაზე საუბრობენ ი-----–---–---- და მესამე პირი, არ დგინდება. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მძღოლი ჩაძინების გარემოებაზე მიუთითებს, არ ადასტურებს, რომ ეს ფაქტი საგზაო შემთხვევას ეხება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 799-ე, 319-ე, 820-ე, 821-ე, 829-ე, 839-ე, 814-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. იმავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადინ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არა ეწინააღმდეგება მას.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობას მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობების არსებობაში.
ამ შემთხვევაში, მხარეები იმყოფებიან დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, რომელიც სადაზღვევო კომპანიას, როგორც მზღვეველს აკისრებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას დამზღვევთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. ამავე კოდექსის 821-ე მუხლით მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მითითებას, სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლზე (დამზღვევის ბრალი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას),როგორც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის კანონიერ საფუძველზე და განმარტავს, რომ მოცემულ სამართალურთიერთობაში მხარეთა ორმხრივი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრა მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და ამავე ხელშეკრულებით დადგენილი პირობების დაცულობაა საჭირო სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებისთვისაც. სწორედ ეს მოსაზრებაა გატარებული სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლში, რომელიც დათქმას აკეთებს ხელშეკრულების პირობებზე, როგორც ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების დამდგენ დოკუმენტზე.
სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი მზღვეველს ათავისუფლებს ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან დამზღვევის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებმა აღნიშნულისაგან განსხვავებულ პირობაზე შეთანხმების სურვილის არსებობისას (კერძოდ, ბრალის მიუხედავად მზღვეველის მხრიდან ანაზღაურების ვალდებულება), ამის შესახებ ხელშეკრულებაში პირდაპირ უნდა მიუთითონ. თუ ხელშეკრულებით მხარეები პირდაპირ არ გაითვალისწინებენ ამ პირობას (პირდაპირ არ შეთანხმებიან დამზღვევის ბრალით სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ), აღნიშნული შემთხვევა დარეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით, რომელიც განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით მომხდარი შემთხვევისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავს.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების V სექციის პირველი მუხლით გათვალისწინებულია საერთო გამონაკლისები, რომლის 1.19. პუნქტის მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამავე სექციის მე-9 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის შემთხვევებზე, რომლის 9.1. პუნქტის შესაბამისად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როცა დაზარალებულმა განზრახ ჩაიდინა მართალსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც კავშირშია სადაზღვევო შემთხვევის დადგომასთან. რადგან 9.1.პუნქტით გათვალისწინებულია, რომ დაზარალებულის (მოიაზრება დამზღვევიც) განზრახ ქმედებაზე სადაზღვევო რისკი არ ვრცელდება, მხარეები სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლისაგან განსხვავებულ პირობაზე შეთანხმდნენ და შესაბამისად, 1.19 პუნქტით გათვალისწინებულ კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში, ამ მუხლის პირობა უხეში გაუფრთხილებლობისას მზღვეველის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე არ მოიაზრება.
ამდენად, ამ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება შეიცავს დებულებას დამზღვევის მხოლოდ განზრახი ბრალის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ზიანის დაზღვევის შემთხვევაში, სადაზღვევო რისკი ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით გათვალისწინებულ დამზღვევის მიერ უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილ ქმედებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 839-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო.
მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების პირობები ითვალისწინებს ავტოტრანსპორტის სრულ დაზღვევას ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში, რაც გამოწვეული იქნება ავტოსაგზაო შემთხვევით. ასევე სადაზღვევო რისკი მოიცავს საგზაო შემთხვევის შედეგად მესამე პირის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა: მხარეთა შორის დაზღვევის ხელშეკრულება; დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდა; სადაზღვევო შემთხვევის დადგომა; სადაზღვევო შემთხვევით დაზიანებული დაზღვევის საგანი. ამდენად, საფუძვლიანია სარჩელი სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის შეთანხმებული პირობების შესაბამისად ანაზღაურების თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადაზღვევო შემთხვევები, კერძოდ, დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მესამე პირების ქონების დაზიანება. დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სადაზღვევო კომპანია ვალდებულია აუნაზღაუროს დამზღვევს ზუ-----–---–----ს სადაზღვევო შემთხვევების შედეგად დამდგარი ზიანი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელეს წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 195 ლარი. რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ვალდებულება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ზ-------–---–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1.დაეკისროს მოპასუხე სს „ს--------------------------------------------ს“ მოსარჩელე ზ-------–---–---ის სასარგებლოდ 6503 ლარის გადახდა.
2. დაეკისროს მოპასუხე სს „ს--------------------------------------------ს“ მოსარჩელე ზ-------–---–---ის სასარგებლოდ 195 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია