გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.01.2020
საქმის ნომერი
130210019003213677
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
08.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210019003213677

2- 828-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

9 იანვარი, 2020 წ. ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე ვ---------–--------–-ძე

ადვოკატი გოჩა ღამბარაშვილი

მოპასუხე ნ----------------ე

ადვოკატი ქეთევან გონგლაძე

დავის საგანი თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1. ნ----------------ემ ვ---------–--------–-ძეს გადაუხადოს 1000 (ერთი ათასი) ლარი.

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2019 წლის აპრილში, ნ----------------ემ ვ---------–--------–-ძისაგან 2 000 ლარად იყიდა ავეჯი, მისი ღირებულების ნაწილი 1 000 ლარი გადაუხადა. გადასახდელი აქვს კიდევ 1000 ლარი, რის გადახდაზეც უარს აცხადებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ ვ---------–--------–-ძეს შეუთანხმდა, რომ ხისაგან დამზადებულ ავეჯში უნდა გადაეხადა 1000 ლარი. მოსარჩელემ შეცვალა ავეჯი - რაც სახლში გაატანა ხისაგან დამზადებული არ არის და შეთანხმებულ ფასზე 1000 ლარით მეტს მოითხოვს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2019 წლის აპრილის დასაწყისში, ნ----------------ემ ვ---------–--------–-ძისაგან იყიდა ავეჯი და გადაუხადა 1000 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ვ---------–--------–-ძესთან გასაუბრების და ნ----------------ის გამოკითხვის ოქმები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოსარჩელესთან შეთანხმდა ფასზე 1000 ლარზე. ნაყიდი ნივთი შეთანხმებული ხარისხის არ იყო და მოსარჩელე კი, იმის გარდა, რომ შეთანხმებული ხარისხის - ხისაგან დამზადებულის ნაცვლად სხვა მასალისაგან დამზადებული ავეჯი გაატანა, შეთანხმებულ ფასზე 1000 ლარით მეტს მოითხოვს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ, შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, 477-ე მუხლი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები, 201-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთება.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;

317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ვ---------–--------–-ძემ შეასრულა და მყიდველს გადასცა ნივთი. ნ----------------ე არ იხდის შეთანხმებულ ფასს, რაც მოსარჩელეს უფლებას აძლევს მოითხოვოს მოპასუხისაგან შეთანხმებული ფასი;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;

მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ.

პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს;

მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, დადგენილია, რომ ნაყიდი ნივთი ნ----------------ემ თვითონ წაიღო სახლში (გამყიდველის მოთხოვნით, ის თვითონ დაესწრო ნივთის ვ---------–--------–-ძისაგან გადატანას), მას, სათანადო წესით, გამყიდველისათვის ნივთის ნაკლზე (შეთანხმებულ ხარისხთან შეუსაბამობაზე) არ განუცხადებია, არც ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვია ამ მიზეზით;

წარმოდგენილია პოლიციაში ნ----------------ის 2019 წლის 8 აგვისტოს გამოკითხვის ოქმი (მხარეები არ დავობენ, რომ ის, მექანიკური შეცდომით, 2018 წლით არის დათარიღებული. 2019 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი:13:32:30-13:32:45), რომელშიც, ნ----------------ე აღნიშნავს, რომ ვ---------–--------–-ძისაგან 2019 წლის აპრილის დასაწყისში, იყიდა ავეჯი და სახლში გადაიტანა. შეთანხმებული ფასის 2 000 ლარის ნაწილი - 1000 ლარი გადაუხადა, დანარჩენი კი 2 კვირაში უნდა გადაეხადა, რაზეც უარს აცხადებს, რადგან სახლში ნახა, რომ ავეჯი შეთანხმებული ხარისხის არ იყო.

საქმის განხილვისას, ნ----------------ემ განმარტა, არ ახსოვს, შეუთანხმდა თუ არა გამყიდველს ფასზე - 2000 ლარზე (2019 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი: 13:23:23-13:23:35), პოლიციაში კი დაადასტურა, რომ 2000 ლარზე შეუთანხმდა, მაგრამ გამოკითხვისას, საავადმყოფოდან ახალი გამოსული და ფსიქიატრიული წამლების ზემოქმედების ქვეშ იყო (2019 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი: 13:23:48-13:24:20) და ვ---------–--------–-ძესაც შეუთანხმდა 2 000 ლარის გადახდაზე, - ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (2019 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი: 13:35:35-13:36:36);

მოპასუხის მიერ წარმოდგენილმა მოწმე მ----------–-ძემ უჩვენა, კლინიკაში მკურნალობის დროს, ნ----------------ემ უთხრა, რომ ვ---------–--------–-ძეს 2000 ლარის გადახდაზე შეუთანხმდა და აღნიშნული გამო წუხდა (2019 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი:13:54:20- 13:55:30).

ასეთი გარემოებების არსებობისას, როდესაც მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობაზე, ნ----------------ემ 1000 ლარი გადაუხადა გამყიდველს და ნივთი თვითონ წაიღო სახლში, ნივთის ნაკლის (შეთანხმებულ ხარისხთან შეუსაბამობის) შესახებ გამყიდველისათვის არ განუცხადებია, ამ საფუძვლით ხელშეკრულება არ მოუშლია, პოლიციაში გამოკითხვისას და მოწმე მ----------–-ძესთან საუბრისას დაადასტურა, რომ ნივთის ფასზე 2000 ლარზე შეუთანხმდა გამყიდველს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ----------------ემ კიდევ 1000 ლარი უნდა გადაუხადოს ვ---------–--------–-ძეს და მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მითითება იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების დადებისას, ნ----------------ეს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის, მით უმეტეს, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, ნ----------------ე ნივთის ყიდვის შემდეგ - 2019 წლის 18 აპრილიდან 30 მაისამდე მკურნალობდა სტაციონარულად და მათი შინაარსის მიხედვით, მას არ ჰქონდა ფსიქიკური აშლილობა, რაც სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, გარიგების ბათილობის საფუძველი შეიძლება გახდეს და მკურნალობის დასრულებიდან ორი თვის შემდეგ დაადასტურა პოლიციაში, რომ გამყიდველს 2000 ლარის გადახდაზე შეუთანხმდა;

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.

??????????? სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულებაა 1000 ლარი. შესაბამისად, საქმეზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

ნ----------------ეს დაეკისროს 1 000 (ერთი ათასი) ლარის გადახდა ვ---------–--------–-ძის სასარგებლოდ.

2. ნ----------------ეს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.

3. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი