განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100118002626639
N1/204-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ------- ნ-------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - თ----- ო------------;
ბრალდებული - ლ---- ჩ--------–---–-, დაბადებული 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე; რეგისტრირებული: ხარაგაულის რაიონი, სოფელი ფ---–----–-; ფაქტობრივად მცხოვრები: დ/ხარაგაული, გალაკტიონის მ--------, N-;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2018 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 18:30 საათზე, დაბა ხარაგაულში, გალაკტიონის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენით, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ლ---- ჩ--------–---–მა, განაწყენების ნიადაგზე, ფეხი დაარტყა მარცხენა ბარძაყის არეში მეუღლეს - თ----- ჩ--------–---–ს, რის შედეგადაც თ----- ჩ--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
სასამართლომ დაადგინა:
2. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ განხორციელებული ქმედებით, 2018 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 18:30 საათზე, დაბა ხარაგაულში გალაკტიონის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენით, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ლ---- ჩ--------–---–მა, განაწყენების ნიადაგზე, ფეხი დაარტყა მარცხენა ბარძაყის არეში, მეუღლეს - თ----- ჩ--------–---–ს, რის შედეგადაც თ----- ჩ--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
3. 2009 წლის 7 მარტის ქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად, დასაქორწინებელ პირთა მონაცემებში, საცოლედ მითითებულია თ----- გ--–----–---–- (გვარი ქორწინების შემდეგ ჩ--------–---–-), ხოლო საქმროდ ლ---- ჩ--------–---–-.
4. 2010 წლის 9 მარტის ნ-----–---- ჩ--------–---–-ს დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია თ----- ჩ--------–---–-, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ლ---- ჩ--------–---–-.
5. 2011 წლის 26 აპრილის ნ--- ჩ--------–---–-ს დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია თ----- ჩ--------–---–-, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ლ---- ჩ--------–---–-.
6. 2014 წლის 14 ივლისის ს--–- ჩ--------–---–-ს დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია თ----- ჩ--------–---–-, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ლ---- ჩ--------–---–-.
7. 2016 წლის 1 აგვისტოს ი-----–- ჩ--------–---–-ს დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია თ----- ჩ--------–---–-, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ლ---- ჩ--------–---–-.
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ---- ჩ--------–---–- და დაზარალებული თ----- ჩ--------–---–- არიან ოჯახის წევრები.
ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის:
10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ------- ა-----ემ განაცხადა, რომ ინტერნეტის საშუალებით გაიცნო თ----- ჩ--------–-ილი და მასთან ჩამოუყალიბდა კარგი დამოკიდებულება. ჩასული იყო ხარაგაულში, გაიცნო თ-----ის მეუღლე და შვილები. 2018 წლის აგვისტოს თვეში, ინტერნეტის საშუალებით, მას, მიწერა თ----- ჩ--------–---–მა და სთხოვა დახმარება. უთხრა, რომ მეუღლე ლ----ი დაკავებული იყო, რომ მოუვიდათ სიტყვიერი კონფლიქტი და ლ----მა, მას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაარტყა. თუცა სად და რა დაარტყა, არ განუმარტავს. აღნიშნულის თაობაზე, ასევე, მისი თანხმობით მოხდა „ფეისბუქზე“ არსებული მიმოწერის ამოღება გამომძიებლის მიერ. მოწმის განმარტებით, ის არასდროს შესწრებია ლ----ის მიერ თ-----ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. თ-----ის მიმართ ლ----ის მხრიდან ძალადობაზე, იცის თ-----ისგან და დეტალები მისთვის უცნობია.
11. საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე, პროკურორის მიერ, გამოქვეყნებული იქნა მოწმე მ---- გ--–----–---–-ს მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება (ტომი I, ს.ფ. 31-33), სადაც აღნიშნულია „ვცხოვრობ ზემოაღნიშნულ მისამართზე. საქმის ირგვლივ გიჩვენებთ შემდეგს. 2018 წლის 25 ივლისს ჩამოვედი ქ.თბილისიდან დ. ხარაგაულში, სადაც ცხოვრობენ ჩემი შვილები - თ----- ჩ--------–---–- და ეკატერინე ბუაჩიძე. ჩემი შვილები ცხოვრობენ ერთმანეთის მეზობლად დ.ხარაგაულში, გალაკტიონის ჩიხი N--ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში. მე, მას შემდეგ ვიმყოფები ჩემს შვილთან ეკატერინე ბუაჩიძესთან. დღისით გადავდივარ ხოლმე მეორე შვილთან თ----- ჩ--------–---–თან და ვეხმარები ხოლმე ბავშვების გაზრდაში. 2018 წლის 01 აგვისტოს საღამოს საათებში, ისევ დღე იყო, მე გადავედი ჩემს შვილთან - თ----- ჩ--------–---–თან ეზოში. ეზოში რომ შევედი გავიგონე სახლიდან ჩემი სიძის და ქალიშვილის ხმა. მივხვდი, რომ ცოლ-ქმარს შორის იყო კონფლიქტი, ერთმანეთში ხმამაღლა კამათობდნენ, თუ რა საკითხზე ვერ გეტყვით, ვერ გავარკვიე. მე სახლში არ შევსულვარ შევატყობინე მაშინვე ჩემი სიძის დას ნ---- ჩ--------–---–ს, რომელიც ჩამოვიდა მათთან ოჯახში და დააწყნარა ლ----ი და ამის შემდეგ არანაირი ხმაური მე აღარ გამიგონია. მეორე დღეს 02 აგვისტოს, იქნებოდა დაახლოებით 12:00 საათი, მე მივედი ჩემს შვილთან თ----- ჩ--------–---–თან ოჯახში, რა დროსაც თ-----ი იმყოფებოდა სახლში ბავშვებთან ერთად, ხოლო მეუღლე ლ----ი წასული იყო სამუშაოდ. ჩემს შვილს ეცვა შორტები და დავინახე, რომ მარცხენა ფეხზე მუხლს ზემოთ ჰქონდა ჩალურჯებული, რაზედაც ვკითხე, თუ რა მოუვიდა, რაზედაც მითხრა, გუშინ ლ----ი გაბრაზდა, რა დროსაც ფეხი ამომიქნია და მომხვდა, ამიტომ მაქვს დალურჯებულიო. რაც შეეხება ფეხის ტკივილს არც მე მიკითხავს და არც მას არაფერი არ უთქვამს. მოძრაობის დროს არაფერი არ ეტყობოდა. ამის შემდეგ მე პირადად ვნახე ჩემი სიძე ლ---- ჩ--------–---–-, მაგრამ მისთვის არაფერი არ მითქვამს. 2018 წლის 03 აგვისტოს მე ვიმყოფებოდი ჩემს შვილთან თ----- ჩ--------–---–თან ოჯახში. საღამოს იქნებოდა დაახლოებით შვიდის ნახევარი, რომ ლ---- ჩ--------–---–- მოვიდა საცხოვრებელ სახლში ნასვამ მდგომარეობაში. ის იყო განერვიულებული და რაღაცას შარობდა. ლ----იმ გვითხრა, მე და ჩემს შვილს თ----- ჩ--------–---–ს, რომ თქვენ ახლა საუბრობდით პატარა ბიჭი ი-----–- მამას გავსო. მე ვუთხარი, რომ ლ---- ჩვენ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ გვქონია და საიდან მოიტანეო. ლ----იმ მითხრა, ახლა არ გითქვამს, მაგრამ ოდესღაც ხომ გითქვამსო. მე მივხვდი, რომ მასთან საუბარი არ შეიძლებოდა. გავერიდე და წავედი მის დასთან ნ---- ჩ--------–---–თან სახლში და ვუთხარი, რომ ლ----ი არის ნასვამი და იქნებ ჩამოხვიდე მასთან ოჯახში კონფლიქტი არ მოხდესო. ნ---- მაშინვე წამოვიდა და შევიდა მათთან ოჯახში, ხოლო მე გავჩერდი ეზოში. მე საცხოვრებელი სახლიდან მესმოდა, რომ ლ----ი ეუბნებოდა თავის დას ნ---- ჩ--------–---–ს, რომ ვინ დაგირეკა, აქ რატომ მოხვედიო? მე სახლიდან მესმოდა ლ---- ჩ--------–---–-ს ხმამაღალი საუბარი, თუმცა გინება ან ვინმეს შეურაცხყოფა ფიზიკური ან სიტყვიერი, რომ ყოფილიყო არ დამინახავს და არც გამიგონია. მე საცხოვრებელი სახლიდან გავიგონე ბავშვების ყვირილის ხმა, ბავშვები ყვიროდნენ „გაუშვი ხელიო“, რა დროსაც მე ვეღარ მოვითმინე და დავრეკე 112-ის ოპერატორთან და შევატყობინე ოჯახური ძალადობის შესახებ. მე კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, ჩემი სიძე ლ---- ჩ--------–---–- ნასამართლევია და პირობითი მსჯავრი აქვს ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ამიტომაც მოვახდინე აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება და ვუთხარი 112-ის ოპერატორს, რომ ხორციელდებოდა ოჯახური ძალადობა. ჩემი გამოძახებიდან მალევე მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და მათ მოახდინეს ლ---- ჩ--------–---–-ს დაკავება. კითხვა: შეესწარით თუ არა როდესმე ლ---- ჩ--------–---–- მიერ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტს პირადად და რა იცით ამის შესახებ? პასუხი: მე პირადად ლ----ი ჩ--------–---–-ს მხრიდან ოჯახური ძალადობის ფაქტს არ შევსწრებივარ, არც სიტყვიერს და არც ფიზიკურს, რაც გავიგონე განვმარტე ზემოთ. კითხვა: გითხრათ თუ არა თ----- ჩ--------–---–მა ან სხვა ვინმემ მათი ოჯახური ძალადობის ფაქტზე? პასუხი: ჩემს შვილს თ----- ჩ--------–---–ს არაფერი არ უთქვამს ოჯახური ძალადობის შესახებ და არც არავისგან არაფერი არ მსმენია გარდა იმ ფაქტისა, რომ ლ----ი გაბრაზდა კამათი დროს, ამომიქნია ფეხი და მომარტყა მუხლის არეშიო, რაც ჰქონდა ჩალურჯებული. კითხვა: გთხოვთ განმარტოთ, რა იცით ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის მიზეზის შესახებ? გითხრათ თუ არა თ----- ჩ--------–---–მა მიზეზის შესახებ? პასუხი: როგორც ჩემმა შვილმა თ----- ჩ--------–---–მა მითხრა, მათ შორის კონფლიქტის მიზეზი ყოფილა ნასესხები ფული არ მიუტანია ჩემს შვილს თ-----ს მაღაზიაში, სადაც ვალი ჰქონიათ გადასახდელი, მას აღნიშნული თანხა 200 (ორასი) ლარი სხვა დანიშნულებით გამოუყენებია. სწორედ აღნიშნული ფაქტი გამხდარა მათ შორის კონფლიქტის მიზეზი. რაც შეეხება მათ სოციალურ მდგომარეობას ცხოვრობენ ძალიან ხელმოკლედ, ჰყავთ ოთხი მცირეწლოვანი შვილი და სწორედ აღნიშნული არის მათ შორის კონფლიქტის მიზეზი და ლ---- ჩ--------–---–-ს მიერ ალკოჰოლური სასმელის მიღება“.
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ზ-----–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 3 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ოჯახური კონფლიქტის თაობაზე, თანამშრომლებთან ნ.მ----------სთან, შ.ც-–--–---–თან და ი.ა-------სთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მათ დახვდათ ბრალდებული ლ.ჩ--------–---–- და დაზარალებული თ.ჩ--------–---–-. თ.ჩ--------–---–მა განუმარტა, რომ მეუღლესთან ვეღარ იცხოვრებდა, კონფლიქტი ჰქონდათ, 2018 წლის 1 აგვისტოს ფეხი მიარტყა. თ.ჩ--------–---–მა აიწია კაბა და აჩვენა დაზიანება. დაზარალებულს ემჩნეოდა ჩალურჯება.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ------- ც-–--–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 3 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიღებული იქნა შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის შესახებ, გალაქტიონის ქუჩაზე. თანამშრომლებთან, ნ.მ----------სთან, გ.ზ-----–---–თან და ი.ა-------სთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მათ დახვდათ ლ---- და თ----- ჩ--------–---–ები. თ.ჩ--------–---–მა განუმარტა, რომ 2018 წლის 1 აგვისტოს, ლ---- ჩ--------–---–მა ფეხი დაარტყა და მიაყენა დაზიანება ბარძაყზე. აიწია კაბა და აჩვენა დაზიანება. აღნიშნულის შესახებ აცნობეს ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც მიიღეს დავალება ლ.ჩ--------–---–-ს დაკავების შესახებ და დააკავეს ადგილზე. ასევე, ექიმის თანდასწრებით, მოახდინა თ.ჩ--------–---–-ს გარეგნული დათვალიერება, რაც ამ უკანასკნელმა დაადასტურა ხელის მოწერით.
14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ------- მ----------მ განაცხადა, რომ მუშაობს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 3 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა მოვალეობას. სამმართველოში მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, ლ.ჩ--------–---–-ს ოჯახში არსებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, თანამშრომლებთან შ.ც-–--–---–თან, გ.ზ-----–---–თან და ი.ა-------სთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე. ადგილზე, თ----- ჩ--------–---–მა მათ განუცხადა მომხდარი ძალადობის შესახებ, აიწია კაბა და აჩვენა დაზიანება.
15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- ა-------მ განაცხადა, რომ მუშაობს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. 2018 წლის 3 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც, სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, თანამშრომლებთან ნ------- მ----------სთან, გ------- ზ-----–---–თან და შ------- ც-–--–---–თან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მათ დახვდათ თ----- ჩ--------–---–-. თ.ჩ--------–---–-ს განმარტებით, მეუღლემ, ლ---- ჩ--------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ფეხის არეში. აღნიშნულის საფუძველზე, ადგილზე დააკავეს ლ.ჩ--------–---–- და გადაიყვანეს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში. ასევე, აღნიშნულ საქმეზე გამოკითხა დაზარალებული და მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, აიღო ბრალდებულის სისხლის ნიმუში, ქ.ა-----ის თანხმობით დაათვალიერა მისი „ფეისბუქ“ გვერდი. ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო ლ.ჩ--------–---–ს და გამოკითხა ბრალდებულის სახით.
16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-------- ნ-----–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ხარაგაულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაში. 2018 წლის 3 აგვისტოს, შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, სადაც დახვდა პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანება ბარძაყის ლატერალურ მიდამოში. განაცხადა, რომ მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი. საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პროკურორის მიერ გამოქვეყნებული იქნა მოწმის მიერ გამოძიებაში (ტომი I, ს.ფ. 160-161) მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია „თ----- ჩ--------–---–-ს თანხმობით მოვახდინე მისი სხეულის ვიზუალური, გარეგნული დათვალიერება. თ----- ჩ--------–---–ს, მარცხენა ქვედა კიდურის ბარძაყის ლატერალურ ზედაპირზე აღენიშნებოდა ჰემატომა. მას ჰკითხა შ------- ც-–--–---–მა როდის და რის შედეგად მიიღო მან აღნიშნული დაზიანება, რაზეც თ----- ჩ--------–---–მა უპასუხა, რომ მას მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი და 2018 წლის 1 აგვისტოს კონფლიქტის დროს მეუღლემ ფეხის დარტყმით მიაყენა აღნიშნული დაზიანება“. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები.
17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ------- ლ------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 4 აგვისტოს, ლ---- ჩ--------–---–-ს მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რაც გააცნო მხარეებს და დაადასტურეს ხელის მოწერით.
18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----- კ--–-------მა განაცხადა, რომ მუშაობს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ხარაგაულის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2018 წლის 3 აგვისტოს, სამმართველოში გაესაუბრა დაზარალებულს, რა დროსაც, თ----- ჩ--------–---–მა მასთან საუბრისას განმარტა, რომ მეუღლემ, ლ---- ჩ--------–---–მა, მიაყენა დაზიანება ფეხის არეში.
19. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- კ-------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. ლ---- ჩ--------–---–-ს სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა მოწმეები ი-----–- ა------- და დ----- კ--–-------ი, ასევე, შეადგინა დათვალიერების, გირაოს გაფრთხილების და ქონებაზე ყადაღის დადების ოქმები.
20. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმეების ლ--–- შ-------ის, გ------- კ-------–---–ის, ვ-–-------- ს----–---–ის, გ----- მ-------–---–ის, ბ----- ნ------ის, ვ------- ჩ---------, მ-------- ხ--------ის და გ--- დ--------–--ის დაკითხვა.
21. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა თ----- ჩ--------–---–მა, მოწმეებმა ნ---- ჩ--------–---–მა, ნ--- ჩ--------–---–მა და ნ-----–---- ჩ--------–---–მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ხოლო ბრალდებულმა ლ---- ჩ--------–---–მა უარი განაცხადა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
22. 2018 წლის 3 აგვისტოს გარეგნული დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ხარაგაულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ შ------- ც-–--–---–ის მიერ, ექიმ ლ-------- ნ-----–---–ის და დაზარალებულ თ----- ჩ--------–---–-ს მონაწილოებით, განხორციელდა დაზარალებულ თ----- ჩ--------–---–-ს სხეულის ვიზუალური დათვალიერება. თ----- ჩ--------–---–ს, მარცხენა ქვედა კიდურის, ბარძაყის ლატერალურ ზედაპირზე აღენიშნება ჰემატომა. დაზარალებულის განმარტებით, დაზიანება მიაყენა მეუღლემ, ლ---- ჩ--------–---–მა 2018 წლის 1 აგვისტოს.
23. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 04.08.2018წ. 02:53-03:05 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. თ----- ჩ--------–---–ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით (ჩივილებს ტკივილზე არ წარმოადგენს. მარცხენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 6,2X3,8სმ.). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- გ-------–-–---–მა.
24. იმერეთის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 6 აგვისტოს M---------------- მიმართვით დასტურდება, რომ ლ---- რ------ს ძე ჩ--------–---–- (დაბ:------------–--–-, პ/ნ------------) აღრიცხვაზე იმყოფება და მასზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს იმერეთის პრობაციის ბიურო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენის საფუძველზე.
25. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენით დასტურდება, რომ ლ---- ჩ--------–---–- მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.
26. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განაჩენით, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ.ნიქაბაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელი.
27. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ,,ლ---- ჩ--------–---–-ს სისხლის ნიმუშში’’ აღმოჩენილი 1,33% ეთილის სპირტი შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მსუბუქ ხარისხს.
28. 2018 წლის 4 სექტემბრის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით დასტურდება, რომ გამომძიებელ ი-----–- ა------ის მიერ, მოწმე ქ------- ა-----ის მონაწილეობითა და თანხმობით განხორციელდა ქ------- ა-----ის „ფეისბუქ“ გვერდის დათვალიერება, რა დროსაც დათვალიერებული იქნა 2018 წლის 3 აგვისტოს თ----- ჩ--------–---–სა და ქ------- ა-----ეს შორის განხორციელებული მოკლეტექსტური შეტყობინებები. მოკლეტექსტურ შეტყობინებებში თ----- ჩ--------–---–- ქ------- ა-----ეს წერს ლ---- ჩ--------–---–-ს დაკავების შესახებ. უყვება, რომ ლ----მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, გაარტყა. ემჩნევა დაზიანება სილურჯის სახით, რომლის დამალვაც ვერ მოასწრო და გამომძიებლებმა ნახეს დაზიანება.
29. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261 მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა (ცემა, სხვაგვარი ძალადობა), სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (გარტყმა (ჩარტყმა), ხელის კვრა, ხელის მოჭერა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე ზემოქმედება, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
დანაშაულის ერთერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა არაერთგზის. საქართველოს სსკ მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური ძალადობა არაერთგზისად რომ ჩაითვალოს წინა ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ უნდა იყოს.
30. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ, გამოკვლეულ და გამოკვლევის გარეშე მიღებულ, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ლ---- ჩ--------–---–-ს მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ლ---- ჩ--------–---–-ს ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში. შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ლ---- ჩ--------–---–-ს უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, არაერთგზის. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ლ---- ჩ--------–---–-ს მხრიდან დაზარალებულ თ----- ჩ--------–---–-ს მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი.
სამართლებრივი შეფასება:
31. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
32. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
33. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).
34. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდოდ და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).
35. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
36. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).
37. სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ---- ჩ--------–---–-ს მიერ თ----- ჩ--------–---–-ს მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ირიბი მოწმეების - ნ------- მდინარაძის, შ------- ც-–--–---–ის, გ------- ზ-----–---–ის, დ----- კ--–-------ის, ი-----–- ა------ის, ლ-------- ნ-----–---–ის, ქ------- ა-----ის ჩვენებები და მოწმე მ---- გ--–----–---–-ს გამოკითხვის ოქმი. ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და დათვალიერების ოქმები. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ლ---- ჩ--------–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლოს მიერ, გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებით კი უტყუარად არ დასტურდება, რომ 2018 წლის 1 აგვისტოს, ლ---- ჩ--------–---–მა ძალადობა ჩაიდინა მეუღლის თ----- ჩ--------–---–-ს მიმართ. მართალია, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული და გამოკვლეული მტკიცებულებები მიუთითებენ ლ---- ჩ--------–---–-ს მხრიდან თ----- ჩ--------–---–-ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობაზე, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა თ----- ჩ--------–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ირიბი მოწმეების გამოკითხვის ოქმში და წერილობით მტკიცებულებებში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე, რამდენადაც ვერ ხდება ირიბი მოწმეების მიერ მიცემული ჩვენების გადამოწმება ინფორმაციის გამავრცელებელ პირველწყაროსთან - დაზარალებულ თ----- ჩ--------–---–თან. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). სასამართლო, აქვე, ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, სადაც აღნიშნულია, რომ 04.08.2018წ. 02:53-03:05 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. თ----- ჩ--------–---–ს მარცხენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 6,2X3,8სმ, თუმცა, თუ რა გარემოებებში ჰქონდათ მიღებული ეს დაზიანებები დაზარალებულს, აღნიშნულის დამადასტურებელი, სხვა, რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, სასამართლო სხდომაზე არ წარმოდგენილა. ყურადსაღებია საქმეში წარმოდგენილი „ფეისბუქ“ გვერდის დათვალიერების ოქმი, თანდართული ფოტოსურათებით, სადაც აღბეჭდილია თ----- ჩ--------–---–სა და მოწმე ქ------- ა-----ეს შორის მიმოწერები, რა დროსაც თ----- ჩ--------–---–- წერს ქ------- ა-----ეს, რომ ნასამ მდგომარეობაში მყოფმა ლ---- ჩ--------–---–მა მას დაარტყა. ასევე, ყურადსაღებია თ.ჩ--------–---–-ს გარეგნული დათვალიერების ოქმი, სადაც აღბეჭდილია თ----- ჩ--------–---–-ს სხეულზე არსებული დაზიანება და დაზარალებულის განმარტება მისი მიმყენებლის შესახებ, თუმცა დეტალები, სად, როდის, რა ვითარებაში ან რა დაარტყა ლ---- ჩ--------–---–მა დაზარალებულს მითითებული არ არის. ასევე, არაფერია მითითებული ფიზიკური ტკივილის განცდასთან დაკავშირებით. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში კი ნათლადაა მითითებული, რომ თ.ჩ--------–---–-, შემოწმების დროს ჩივილებს ტკივილზე არ წარმოადგენდა. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ირიბ წერილობით მტკიცებულებებში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე, რამდენადაც ვერ ხდება ინფორმაციის გადამოწმება ინფორმაციის გამავრცელებელ პირველწყაროსთან - დაზარალებულ თ.ჩ--------–---–თან, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. სხვაგვარი ძალადობა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ტკივილი ეს არის უსიამოვნო და ემოციური გამოცდილება, რომელიც ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებას უკავშირდება, ან ასეთი დაზიანების ტერმინებით აღიწერება. სხვა სიტყვებით, ეს არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებლების სტიმულაციაზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება ან საფრთხე შეუქმნას მას. ტკივილი ერთდროულად შეგრძნებაც არის და ემოციაც, რომელსაც მიმდინარე ან უახლოეს წარსულში ქსოვილის დაზიანება, ქსოვილის დაზიანების შესაძლებლობა ანდა ქსოვილის დაზიანების არარსებობის პირობებში ნერვული სისტემის დისფუნქციაც კი შეიძლება იწვევდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, განცდილმა ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი.
38. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, "დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ". საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც, ლ---- ჩ--------–---–- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ნივთიერი მტკიცებულებები:
39. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ---- ჩ--------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
ლ---- ჩ--------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. შესაბამისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის N1/204-2018 განჩინებით ლ---- ჩ--------–---–-ს (პ/ნ------------), ჟ---- ჩ--------–---–-ს (პ/ნ------------), რ----- ჩ--------–---–-ს (პ/ნ------------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: ხარაგაულის რაიონი სოფელი ფ---–----–-, ს/კ-------------);
გამართლებულ ლ---- ჩ--------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
საქმეზე დართული ნივთები და საგნები: სსიპ 112-ის აუდიო ჩანაწერის დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე