განაჩენი

სისხლის სამართლის 10.12.2019
საქმის ნომერი
110100119003216551
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
10.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100119003216551

N1/276-2019

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ------- ნ-------;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ნ---- ვ----–---–-;

 

ბრალდებული - გ--------- ჩ-------, დ----------–-------–-–-----------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: თერჯოლის რაიონი, სოფელი ზ---------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 1993 წლიდან, 2015 წლამდე, ლ--–- ჩ------- ქორწინებაში იმყოფებოდა გ--------- ჩ-------სთან, ისინი ერთად ცხოვრობდნენ თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა სიმონეთში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები - შაქრო და მ---- ჩ-------ები. 2019 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით 17:45 საათზე, ლ--–- ჩ-------, შვილთან, მ---- ჩ-------სთან ერთად მივიდა თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა სიმონეთში, მისი ყოფილი მეუღლის გ--------- ჩ------ის საცხოვრებელ სახლში, პირადი ნივთების წამოღების მიზნით. აღნიშნულის გამო მათ შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ--------- ჩ-------მ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - ლ--–- ჩ-------ს და შვილს - მ---- ჩ-------ს, რის შემდეგაც მ---- ჩ-------ს სახის და თავის არეში რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი. გაშველების მიზნით კონფლიქტში ჩაერთო ლ--–- ჩ-------. გ--------- ჩ-------, განაგრძობდა რა ძალადობას, აიღო ეზოში დაგდებული ხის ჯოხი, რომელიც შვილს მ---- ჩ-------ს დაარტყა თავის არეში, ხოლო ყოფილ მეუღლეს ლ--–- ჩ-------ს რამოდენიმეჯერ დაარტყა სახისა და თავის არეში. გ--------- ჩ------ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად ლ--–- ჩ-------მ და მ---- ჩ-------მ განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ განხორციელებული ქმედებით, 2019 წლის აგვისტოს, დაახლოებით 17:45 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა სიმონეთში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ--------- ჩ-------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - ლ--–- ჩ-------ს და შვილს - მ---- ჩ-------ს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:

 

3. 1995 წლის 18 აგვისტოს ქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად, დასაქორწინებელ პირთა მონაცემებში, საცოლედ მითითებულია ლ--–- ჩ------- (ბოჭორიშვილი), ხოლო საქმროდ გ--------- ჩ-------.

 

4. 1995 წლის 27 დეკემბრის მ---- ჩ------ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ლ--–- ჩ-------, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია გ--------- ჩ-------.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

6. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--------- ჩ------- და დაზარალებულები ლ--–- ჩ------- და მ---- ჩ------- არიან ოჯახის წევრები.

ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ:

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს------- რ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 20 აგვისტოს, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, თანამშრომლებთან ე----- პ--------ესთან და ა-–---------- ხ------ესთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მათ დახვდათ გ--------- ჩ-------, ლ--–- ჩ------- და მ---- ჩ-------. ადგილზე გაარკვიეს, რომ გ--------- ჩ-------მ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს ლ--–- ჩ-------ს და შვილს მ---- ჩ-------ს. აღნიშნულ საქმეზე, შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა ე---------- კ-–--ს მონაწილეობითა და თანხმობით, რომელმაც განაცხადა, რომ იყო გ--------- ჩ------ის მეუღლე.

 

8. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს, სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, თერჯოლის რაიონულ სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა-–---------- ხ------ემ და განაცხადა, რომ ადგილზე მოახდინა გ--------- ჩ------ის დაკავება და წარადგინეს სამმართველოში. მოწმის განმარტებითვე, ადგილზე, ასევე, იმყოფებოდა ქალბატონი, რომლის სახელი და გვარი არ ახსოვს, თუმცა გ--------- ჩ------ის განმარტებით აღნიშნული ქალბატონი იყო მისი მეორე მეუღლე.

 

9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე----- პ--------ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო გ--------- ჩ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: შეადგინა გ.ჩ------ის დაკავების ოქმი, გამოკითხა მოწმეები და დაზარალებულები, გ.ჩ-------სთან ჩაატარა ამოღება და ამოიღო ტანსაცმელი, დანიშნა ექსპერტიზები. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა ინფორმაცია გ.ჩ------ის მიმართ. მოწმის განმარტებითვე, როდესაც შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა თანამშრომლებთან ერთად, იქ, ასევე, იმყოფებოდა გ.ჩ------ის მეორე მეუღლე ე.კ-–--.

 

10. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია საქმეში არსებული როგორც წერილობითი მტკიცებულებები, ასევე, მოწმეთა ჩვენებები და აღარ მოითხოვა მოწმეების ს------ ბ--------ის, მ------ ა----–--ის, ე-–--- ჟ------ის, ა---------– ბ-----–---–ის და გ--–- მ-------ის დაკითხვა. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

11. მოწმე ს------- ბ--------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, 2019 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით 18:50 საათზე, ქალა-ტვინის დახურული ტრავმით მიყვანილი იქნა თერჯოლის რაიონის სოფელ ზ---------------დან პაციენტი ლ--–- ჩ-------. მისივე განმარტებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმით ყოფილმა მეუღლემ. პაციენტი მომხდარი ფაქტის შესახებ დეტალებს ვერ იხსენებდა. პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა ნევროლოგის და ნეიროქირურგის მიერ, ჩაუტარდა სისხლის და შარდის კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები, თავის ტვინის კომპიუტერული კვლევა. სტაციონარში ჩატარებული მკურნალობის შემდეგ, 22.08.2019, 13:00 საათზე, პაციენტი გაეწერა ამბულატორიულად.

 

12. მოწმე მ------ ა----–--ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, 2019 წლის 20 აგვისტოს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 18:00 საათზე შესული იქნა შეტყობინება გამოძახების შესახებ თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა სიმონეთში, მოქალაქე ლ--–- ჩ------ის ავადმყოფობის შესახებ, რომელსაც ესაჭიროებოდა სასწრაფო, გადაუდებელი დახმარება. ადგილზე მისვლისას, პაციენტმა ლ--–- ჩ-------მ აღნიშნა, რომ მოუვიდა ოჯახური კონფლიქტი ყოფილ მეუღლესთან, რომელმაც მიაყენა დაზიანება თავის არეში. პაციენტის გასინჯვის შემდეგ, ვინაიდან საჭიროდ მიიჩნია, გადაიყვანა საავადმყოფოში.

 

13. 2019 წლის 20 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი, სადაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, მდებარეობს თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა სიმონეთში და წარმოადგენს გ--------- ჩ------ის საცხოვრებელ სახლს....შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, მასში მონაწილე ე---------- კ-–--მ გამომძიებელს აჩვენა ადგილები, სადაც გ--------- ჩ-------მ, ლ--–- ბოჭორიშვილმა და მ---- ჩ-------მ ერთმანეთს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, აჩვენა ნივთები, რითაც მას ერთმანეთს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

14. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 21.08.2019წ. 00:08:-00:20სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ---- ჩ-------ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნება დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით (უჩივის ტკივილებს დაზიანებათა მიდამოებში. თხემის მიდამოში მარცხნივ აღენიშნება უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 0,8X0,3სმ. მარჯვენა მხრის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი დასწვრივ-ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის ასეთივე ხასიათის ნაჭდევები მაქსიმალური ზომით: 3,5X0,2სმ და მინიმალური ზომით 0,8X0,2სმ. გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ ზედა მესამედში იღლიის უკანა ხაზზე აღენიშნება განივ-ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის ასეთივე ხასიათის (3) ნაჭდევი ზომებით: 1,5X0,2სმ, 2,5X0,2ს, და 4,5X0,2სმ. მარჯვენა მხრის წინა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 4,5X1,7სმ. მარჯვენა თვალბუდის მიდამოში გარეთა კუთხესთან აღენიშნება უსწორო ფორმის ასეთვე ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 1,5X0,6სმ). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გიორგი გრიგოლაშვილმა.

 

15. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, გ--------- ჩ-------ს დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა (0.83 პრომილე).

 

16. გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 აგვისტოს განაჩენით დასტურდება, რომ გ--------- ჩ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 108-ე მუხლით, სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ 108-ე მუხლით, თავისუფლების აღვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით; საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით; საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით და სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2003 წლის 4 აგვისტოდან.

 

17. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით დასტურდება, რომ 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, გ--------- ჩ-------ს, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთ მეოთხედით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.

 

18. 2014 წლის 3 ნოემბრის N------- ცნობის ასლით დასტურდება, რომ გ--------- ჩ------- გათავისუფლებული იქნა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, კალენდარულად, 2014 წლის 3 ნოემბერს.

 

19. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს „იმერმედი“-ს სამხარეო სამედიცინო ცენტრი თერჯოლამედის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N2703-ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N2664 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 03.09.19წ.)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ლ--–- ჩ-------მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 20.08.19წ-ს 18:50სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 22.08.19წ-ს 13:00 საათზე, დიაგნოზით: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. თავის ტვინის შერყევა (აღენიშნება შეშუპება კეფის და თხემის არეში. როგორც ანამნეზით ირკვევა, ტრავმა მიიღო თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტის დროს. აღენიშნება გონების კარგვის ეპიზოდი. თავის ტვინის კტ. კვლევა: ტრავმული ცვლილებების გარეშე. ნევრ. სტატუსი: გუგები მრგვალი, ორმხრივ ბინოკლური ნისტაგმი, საკოორდინაციო ცდებს ასრულებს დისმეტრიით. აღენიშნება სუსტად კისრის კუნთების რიგიდობა, ცნობიერება პერიოდულად ბუნდოვანი. 21.08.19წ. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა და ნევროლოგიურ სტატუსში აღენიშნება გაუმჯობესება. 22.08.19წ. გაეწერა ბინაზე. დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. თავის ტვინის შერყევა). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ------ემ.

 

20. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულებმა ლ--–- ჩ-------მ და მ---- ჩ-------მ, ასევე, მოწმე ე---------- კ-–--მ, უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ბრალდებულმა გ--------- ჩ-------მ, უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე საკუთარი თავის წინააღმდეგ.

 

21. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა (ცემა, სხვაგვარი ძალადობა), სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე ზემოქმედება, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

დანაშაულის ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა მისი ჩადენა ორი ან მეტი პირის მიმართ. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ამძიმებს ის, რომ დამნაშავე ჯანმრთელობას უზიანებს ორ ან მეტ პირს, თანაც ერთიანი განზრახვით. როგორც წესი, ეს ქმედებები ერთდროულად ან ერთმანეთის მიყოლებით ხდება, თანაც, აუცილებელია, რომ ეს პირები (როგორც მსხვერპლი, ისე ამსრულებელი) იყვნენ ოჯახის წევრები. მაგალითად მამამ ერთდროულად სცემა როგორც ცოლი, ისე შვილი (ორი პირის მიმართ).

 

22. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ, გამოკვლეულ და გამოკვლევის გარეშე მიღებულ, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ--------- ჩ------ის მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს გ--------- ჩ------ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში. შესაბამისად, არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ--------- ჩ------ის უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, ორი პირის მიმართ. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა გ--------- ჩ------ის მხრიდან დაზარალებულების ლ--–- ჩ------ის და მ---- ჩ------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

23. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).

 

25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).

 

26. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდოდ და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).

 

27. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

28. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).

 

29. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ--------- ჩ------ის მიერ ლ--–- და მ---- ჩ-------ების მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ირიბი მოწმეების - ს------- რ-------ის, ა-–---------- ხ------ის, ე----- პ--------ის ჩვენებები, ასევე, უდავოდ ცნობილი მოწმეების ს------- ბ--------ის და მ------ ა----–--ის გამოკითხვის ოქმები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ--------- ჩ------ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლოს მიერ, გამოკვლეულ და გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებით კი უტყუარად არ დასტურდება, რომ 2019 წლის 20 აგვისტოს, გ--------- ჩ-------მ ძალადობა ჩაიდინა მეუღლის ლ--–- ჩ------ის და შვილის მ---- ჩ------ის მიმართ. მოწმეების ე----- პ--------ის, ს------- რ-------ის და ა-–---------- ხანთიძის ჩვენებების თანახმად, შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდნენ თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა სიმონეთში და იქ მყოფი პირებისაგან შეიტყვეს, რომ გ--------- ჩ-------მ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ლ--–- ჩ-------ს და შვილს, მ---- ჩ-------ს. მოწმე ს------ ბ--------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ლ--–- ჩ------- საავადმყოფოში მიიყვანეს ქალა ტვინის დახურული ტრავმით და ლ--–- ჩ-------მ მას განუმარტა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმე მ------ ა----–--ის გამოკითხვის ოქმის თანახმად კი, 2019 წლის 20 აგვისტოს, გამოძახებაზე ნახა ლ--–- ჩ-------, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანება თავის არეში. ლ--–- ჩ-------მ აღნიშნა, რომ ყოფილმა მეუღლემ მიაყენა დაზიანება. მართალია, მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებები მიუთითებენ, გ--------- ჩ------ის მხრიდან ლ--–- და მ---- ჩ-------ების მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობაზე, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულებმა ლ--–- და მ---- ჩ-------ებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ირიბი მოწმეების ჩვენებებში და წერილობით მტკიცებულებებში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე, რამდენადაც ვერ ხდება ინფორმაციის გადამოწმება ინფორმაციის გამავრცელებელ პირველწყაროსთან - დაზარალებულებთან ლ--–- და მ---- ჩ-------ებთან და მოწმე ე---------- კ-–--სთან. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). სასამართლო, აქვე, ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებზე დაზარალებულების ლ--–- და მ---- ჩ-------ების მიმართ, სადაც მართალია მითითებულია დაზარალებულების სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, თუმცა, თუ რა გარემოებებში ჰქონდათ მიღებული ეს დაზიანებები დაზარალებულებს, აღნიშნულის დამადასტურებელი, სხვა, რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, სასამართლო სხდომაზე არ წარმოდგენილა. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ირიბ, წერილობით მტკიცებულებებში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე, რამდენადაც ვერ ხდება ინფორმაციის გადამოწმება ინფორმაციის გამავრცელებელ პირველწყაროსთან - დაზარალებულებთან ლ--–- და მ---- ჩ-------ებთან, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, მათ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. გარდა აღნიშნულისა, ასევე, სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ცემა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ტკივილი ეს არის უსიამოვნო და ემოციური გამოცდილება, რომელიც ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებას უკავშირდება, ან ასეთი დაზიანების ტერმინებით აღიწერება. სხვა სიტყვებით, ეს არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებლების სტიმულაციაზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება ან საფრთხე შეუქმნას მას. ტკივილი ერთდროულად შეგრძნებაც არის და ემოციაც, რომელსაც მიმდინარე ან უახლოეს წარსულში ქსოვილის დაზიანება, ქსოვილის დაზიანების შესაძლებლობა ანდა ქსოვილის დაზიანების არარსებობის პირობებში ნერვული სისტემის დისფუნქციაც კი შეიძლება იწვევდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, განცდილმა ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი.

 

30. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, "დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ". საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც, გ--------- ჩ------- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

31. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ--------- ჩ------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

გ--------- ჩ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

გამართლებულ გ--------- ჩ-------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ქვა, სამ ნაწილად გატეხილი ხის ჯოხი და გ--------- ჩ------ის ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების შემდეგ;

 

გ--------- ჩ------ისგან ამოღებული მაისური და შარვალი - დაუბრუნდეს გ--------- ჩ-------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე