გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310118002495038
საქმე №3--------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - შ-----–------
წარმომადგენლები - ნ-----–------------ე, ვ-–--------------–-ა, კ-------------ე
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
წარმომადგენელი - თ---------------–--ე
მესამე პირი (16.2) - შპს ,,თ---–---------------------------------“
წარმომადგენლები - რ-----------------–ი, ნ------–-------–ი
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 15 მაისის №1--- განკარგულება შ------–-------ის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ;
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2018 წლის 15 მაისს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ გამოსცა №1--- განკარგულება, რომლითაც შ------–------ დარეგისტრირდა შავ სიაში. განკარგულებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 19 ივლისის №0---------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული, რომ ხელშეკრულების პირობის შეუსრულებლობა განპირობებული არ იყო შ------–-------ის ბრალეულობით. მოსარჩელე, 2014 წლიდან დღემდე, იღებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას და არცერთი შესყიდვის დროს დარღვევა არ ჰქონია, რის გამოც სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შეეძლო გამოეყენებინა მხოლოდ გაფრთხილება და არა შავ სიაში რეგისტრაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 15 მაისის №1--- განკარგულება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს მის ბათილად ცნობას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
2.1. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირს - შპს ,,თ---–---------------------------------ს“ წერილობითი ფორმით შესაგებელი შ------–-------სსარჩელზე არ წარმოუდგენია, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2017 წლის 09 ივნისს შპს ,,თ---–---------------------------------მ“ გამოაცხადა S----------- ელექტრონული ტენდერი საზომი ხელსაწყოების (CPV38300000) შესყიდვის მიზნით.
შ------–-------იმ, იმის გასარკვევად, შეძლებდა თუ არა შესაბამისი პარამეტრების მითითებული საქონლის მოწოდებას, დაუკავშირდა შ--------–-----, რომელმაც 2017 წლის 07 ივლისის КП№44 წერილით აცნობა, რომ მზად იყვნენ დაემზადებინათ და მიეწოდებინათ მაღალვოლტიანი სტენდი СВП-05-ის იზოლაციის გასაწვავად. კომერციულ წინადადებაში ასევე მითითებულია, რომ გაწვის ბლოკის პარამეტრებში მაქსიმალური გამომავალი ძაბვა უქმი სვლის რეჟიმში, KB - იქნებოდა 25 კვ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 7 ივლისის №44 წერილი (ს.ფ. 40-44)
3.2. სატენდერო კომისიის 2017 წლის 12 ივლისის N3 სხდომის ოქმით მიერ შ-----–------ გამოვლინდა გამარჯვებულად და 2017 წლის 19 ივლისს, შპს ,,თ---–---------------------------------ს“ (,,შემსყიდველი ორგანიზაცია“) და შ-----–------ -ის („მიმწოდებელი“), შორის დადებული იქნა №0---------- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელს, ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში, უნდა უზრუნველეყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 15,500 (თხუთმეტი ათას ხუთასი) ლარი, ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 2017 წლის 31 დეკემბერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 19 ივლისის №0---------- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ. 17-20)
3.3. 2017 წლის 29 სექტემბრის შპს ,,-----–--------------------------------ის“ ე-–--------------------- სამსახურის უფროსის №26063-05 მოხსენებითი ბარათის თანახმად, მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონელი არ შეესაბამებოდა ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ შედარებული იქნა საქონლის პარამეტრები დამატებით წარდგენილ საპასპორტო მონაცემებთან, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მიწოდებული საქონლის ძაბვის გამტარუნარიანობა 25 კილოვატის ნაცვლად იყო 20 კილოვატი, რაც დაფიქსირდა მოწყობილობის შკალაზე. შესაბამისად მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,-----–--------------------------------ის“ ე-–--------------------- სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 სექტემბრის №26063-05 მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 130).
3.4. 2017 წლის 13 ოქტომბერს, შპს ,,თ---–---------------------------------მ“ №01/6624 წერილით მიმართა შ------–-------ის ხუთი კალენდარული დღის ვადაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, წინააღმდეგ შეთხვევაში ის იტოვებდა უფლებას ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება.
2017 წლის ოქტომბრის №49/01 წერილით შ------–-------მ შპს ,,თ---–---------------------------------ს“ აცნობა, რომ მათ ანგარიშზე გადარიცხა პირგასამტეხლოს თანხა 2170 ლარი, ამასთან, ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი ტექნიკური პარამეტრების ხელსაწყოს დამზადებაზე მომწოდებელი კომპანია აცხადებდა უარს, ითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა და დასკვნის გაცემა საქონლის პარამეტრების ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის თაობაზე, რათა შემდგომში იგი წარედგინათ საქონლის მწარმოებელი კომპანიისთვის.
2017 წლის 29 ნოემბრის №01/7731 წერილით შ------–-------ის ეცნობა, რომ ხელშეკრულება შეწყდა 2017 წლის 27 ოქტომბერს და შპს ,,თ---–---------------------------------“ მიმართავდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს შ------–------ -ის შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია) რეგისტრაციის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,-----–--------------------------------ის“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №01/6624 წერილი (ს.ფ. 31);
- შპს ,,ლ & თ-ს“ 2017 წლის 10 ოქტომბრის №49/01 წერილი (ს.ფ. 32);
- შპს ,,-----–--------------------------------ის“ 2017 წლის 29 ნოემბრის №01/7731 წერილი (ს.ფ. 34);
3.5. 2018 წლის 20 მარტს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ იქნა შპს ,,-----–--------------------------------ის“ წერილობითი შეტყობინება №01/1578, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შ------–-------ის მიერ ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2017 წლის 19 ივლისის №0---------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,-----–--------------------------------ის“ 2018 წლის 20 მარტის №01/1578 წერილი (ს.ფ. 29);
3.6. 2018 წლის 27 მარტს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილით შ------–-------ის ეცნობა მის მიმართ შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და განესაზღვრა ხუთ დღიანი ვადა პოზიციის წარსადგენად.
2018 წლის 28 მარტის №005/01 წერილით შ------–-------მ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა თხოვნით გაეთვალისწინებინათ, რომ კომპანია 2011 წლიდან მონაწილეობს ელექტრონულ ტენდერებში, მათი მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირველ შემთხვევას ჰქონდა ადგილი და კომპანია არ მოხვედრილიყო შავ სიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 27 მარტის №1270 წერილი (ს.ფ. 35);
- შპს ,,ლ & თ-ს“ 2018 წლის 28 მარტის №005/01 წერილი (ს.ფ. 38);
3.7. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 15 მაისის №1--- განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, შ------–------ (ს/ნ: 4--------) 2018 წლის 16 მაისს დარეგისტრირდა შავ სიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 15 მაისის №1--- განკარგულება შ------–-------ის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ (ს.ფ. 25-28);
3.8. 2018 წლის 13 ივნისის მომწოდებელი ქარხნის №153/06 წერილით ირკვევა, რომ 2017 წლის 17 ივლისის N10-17 ხელშეკრულების შესაბამისად, შ------–-------ის მისამართზე მათ მიერ მიწოდებული იქნა მაღალვოლტიანი სტენდი СВП-05-კაბელების დეფექტური იზოლაციის გასაწვავად“ აღნიშნული სტენდი დამუშავებული და წარმოებულია ინდივიდუალური, არასტანდარტული შესრულებით, ტექნიკური დავალების შესაბამისად და უნდა ჰქონოდა შემდეგი პარამეტრები: „.... მაქსიმალური გამომავალი ძაბვა უქმი სვლის რეჟიმში KB25…“. შემსრულებლის მიერ, რომელმაც ჩაუშვა აპარატი წარმოებაში, წარმოების პროცესში დაშვებული იქნა შეცდომა შეკვეთაში, რის შედეგადაც Б -ს ჰქონდა პარამეტრები, რომელიც არ შეესაბამებოდა მოთხოვნილ ტექნიკურ დავალებას. Б ბლოკის გაწვის მაქსიმალური ძაბვა უდრიდა 20 კვ-ს 25კვ-ის ნაცვლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მომწოდებელი კომპანიის 2018 წლის 13 ივნისის №153/06 წერილი (ს.ფ. 46).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს შ------–-------ის მიერ აღძრული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 15 მაისის №1--- განკარგულება და მასვე უნდა დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესი და პირობები“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 15 მაისის №1--- განკარგულება შ------–-------ის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.
აღნიშნული კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად. მე-3 პუნქტში კი, მოცემულია იმ შემთხვევათა ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროსაც სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1. მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის ,,ი1’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ – შავი სია) – შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი).
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. აღნიშნული წესის 2.1 მუხლის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო შავ სიას აწარმოებს ელექტრონულად, საკუთარ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 მუხლის თანახმად განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ,-დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 4.1 მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელებას; ბ) ტენდერის შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერს, კონკურსის შემთხვევაში – საკონკურსო განცხადების ნომერს, გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერს; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის კლასიფიკატორს– CPV კოდს; დ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტებს; ე) პრეტენდენტის შესაბამისი საფუძვლით დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ან მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ)კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენამდე პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ)კონსოლიდირებულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულებ(ებ)ის დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; თ)ხელშეკრულების დადებამდე პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ი) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ან მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესის და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, აღნიშნული ბრძანების მე-7 მუხლი ეხება სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს, სადაც განმარტებულია, რომ სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რომლის შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შეთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი. გაფრთხილება გამოიყენება ერთხელ და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში.
სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში საუბარია მხოლო შეუსრულებლობაზე და არაჯეროვან შესრულებაზე, რაც ნიშნავს ვალდებულების შეუსრულებლობას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა და რაც მთავარია ვალდებულების შესრულების ჯეროვანება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულებისმიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, გადაწყვეტილების მიღებისას ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს რამდენად კეთილსინდისიერად მოქმედებდა ხელშეკრულების მონაწილე მხარე, რადგან კეთილსინდისიერების პრინციპი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) არ შემოიფარგლება მხოლოდ ვალდებულების შესრულებით. ყველა კონკრეტული ვალდებულების შესრულებისას კეთილსინდისიერება (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი) მოიცავს, როგორც ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას და დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისიერებასა და ჯეროვან შესრულებას შორის ზღვარის გავლება რთულია, მაინც შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში მათი დიფერენცირება. ჯეროვნად შესრულების პრინციპი ეხება ვალდებულების შესრულების უფრო კონკრეტულ ასპექტებს, მაგალითად, შეთანხმებულ ხარისხს, ნივთის შესაბამის თვისებებს, რაოდენობას და ა.შ., ანუ ჯეროვან შესრულებაში იგულისხმება შესრულება, რომელიც აკმაყოფილებს შესრულების პირობებს. კეთილსინდისიერების პრინციპი კი უნდა განიმარტოს უფრო ფართოდ, ის ზემოთ მითითებული ასპექტებთან ერთად, ასევე უკავშირდება მორალურ, ზნეობრივ მხარესაც, სამართლიანობას, ერთგულებას და ა. შ. აქედან გამომდინარე, კეთილსინდისიერება, უპირველეს ყოვლისა, წესიერებას ნიშნავს. შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა იწვევს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი პირის „შავ სიაში“ რეგისტრაციის შესახებ, მით უფრო რომ ე.წ. „შავი სია“ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრს წარმოადგენს და აღნიშნულ რეესტრში მიმწოდებლის რეგისტრირება იწვევს მძიმე სამართლებრივ შედეგს. კერძოდ ერთი წლის განმავლობაში მათ ეკრძალებათ მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ ხელშეკრულება, ამასთან შავ სიაში მოხვედრა ზემოქმედებას ახდენს მათ საქმიან რეპუტაციაზე, ამიტომ შავი სიის ფორმირება, მიუკერძოებლობის და კანონიერების, თანაზომიერების პრინციპების მკაცრი დაცვით უნდა მოხდეს. შესყიდვების პროცედურის ყველა სტადია კანონის დანაწესების ზედმიწევნით სწორი განმარტების და გამოყენების საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ხელშეკრულება არ იქნა შესრულებული მოსარჩელის მიერ, რის გამოც გადაიხადა პირგასამტეხლო 2170 ოდენობით, თუმცა გარდა არაჯეროვანი შესრულებისა, როგორც ზემოთაც აღინიშნა, არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავ სიაში) მიმწოდებლის რეგისტრაციამდე, სსიპ სხელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უნდა შეეფასებინა რამდენად კეთილსინდისიერად მოქმედებდა მიმწოდებელი და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება, მით უფრო, რომ 2018 წლის 28 მარტის წერილში შ-----–---- მიუთითებდა, რომ მათ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მიაწოდეს ტრანსფორმატორი, რომელიც დაწუნებული იქნა შემსყიდველის მიერ. აღნიშნავდნენ, რომ მიმართეს ქარხანა-დამამზადებელს, რომელმაც მოსთხოვა ოფიციალური დასკვნა პარამეტრების შეუსაბამობის შესახებ, რაც მათი არაერთი მიმართვის მიუხედავად სატრანსპორტო კომპანიას არ გადაუცია, რის გამოც ქარხანა-დამამზადებელმა ტრანსფორმატორის შეცვლაზე უარი განაცხადა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შ-----–------ S----------- ელექტრონული ტენდერში მონაწილეობის მიღების მიზნით, დაუკავშირდა შ--------–----- რომელმაც 2017 წლის 07 ივლისის წერილით მზაობა გამოთქვა, რომ დაამზადებდა და მიაწოდებდა მაღალვოლტიან სტენდს СВП- 05-ის იზოლაციის გასაწვავად, ამავე წერილში მითითებული იქნა სტენდ СВП- 05 -ის ტექნიკური მახასიათებლები, ასევე კონკრეტულად მითითებული იქნა, რომ „.... მაქსიმალური გამომავალი ძაბვა უქმი სვლის რეჟიმში იქნებოდა KB25…“. ტენდერში გამარჯვებისა და ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, 31.08.2017წ. (იხ. ს.ფ. 38 ), მიმწოდებელმა შემსყიდველს მიაწოდა შ--------–----- მიერ გამოგზავნილი გაწვის ტრანსფორმატორი, მაგრამ 2017 წლის 29 სექტემბრის შპს ,,-----–--------------------------------ის“ ე-–--------------------- სამსახურის უფროსის №26063-05 მოხსენებითი ბარათით გაირკვა, რომ მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონელი არ შეესაბამებოდა ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ მიწოდებული საქონლის ძაბვის გამტარუნარიანობა 25 კილოვატის ნაცვლად იყო 20 კილოვატი (აღნიშნული გარემოება სადავო არ არის მხარეებს შორის), თუმცა საქმეში წარმოდგენილი შ--------–----- 2018 წლის 13 ივნისის №153/06 წერილით ირკვევა, რომ 2017 წლის 17 ივლისის N10-17 ხელშეკრულების შესაბამისად შ---------ს მისამართზე მათ მიერ მიწოდებული იქნა მაღალვოლტიანი სტენდი СВП- 05-კაბელების დეფექტური იზოლაციის გასაწვავად“ აღნიშნული სტენდი დამუშავებული და წარმოებულია ინდივიდუალური, არასტანდარტული შესრულებით, ტექნიკური დავალების შესაბამისად და უნდა ჰქონოდა შემდეგი პარამეტრები: „.... მაქსიმალური გამომავალი ძაბვა უქმი სვლის რეჟიმში KB25…“. შემსრულებლის მიერ, რომელმაც ჩაუშვა აპარატი წარმოებაში, წარმოების პროცესში დაშვებული იქნა შეცდომა შეკვეთაში, რის შედეგადაც Б -ს ჰქონდა პარამეტრები, რომელიც არ შეესაბამებოდა მოთხოვნილ ტექნიკურ დავალებას. Б ბლოკის გაწვის მაქსიმალური ძაბვა უდრიდა 20 კვ-ს 25კვ-ის ნაცვლად. ასევე საყურადღებოა, ამავე საწარმოს 2019 წლის 15 აპრილის წერილიც, სადაც მითითებულია, რომ: „ განცხადებული ტექნიკური პარამეტრების თანახმად, კერძოდ: 25 კვ გამომავალი ძაბვა, დენი არანაკლებ 80A, წონით არაუმეტეს 90 კგ, შპს საწარმოო-კომერციულ ფირმა „----–----- არ ჰქონდა ზემოაღნიშნული სტენდის წარმოების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე იყო შეუსაბამობა განცხადებულ მახასიათებლებსა და თქვენი მისამართით მოწოდებულ საქონელს შორის “.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ის გარემოება, რომ შ-----–------ -მ წინასწარ მოიპოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, შესაძლებელი იყო თუ არა შ--------–----- დაემზადებინა იმ პარამეტრების ტრანსფორმატორი, რისი შესყიდვაც უნდა განხორციელებულიყო S----------- ელექტრონული ტენდერით, ის გარემოება, რომ მის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ დროში იქნა მიწოდებული ხელშეკრულების საგანი, ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო გადახდილი იქნა პირგასამტეხლო და გაწვის ტრანსფორმატორის შეთანხმებულ პარამეტრებში დაშვებული შეცდომა გამოწვეული იყო შ--------–----- მიერ, სასამართლო მოსაზრებით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შ-----–---- ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შესრულებას ცდილობდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. ამასთან, მართალია იგი წარმოადგენდა ხელშეკრულების მხარეს და სწორედ ის იყო პასუხისმგებელი ხელშეკრულების შესრულებაზე, თუმცა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სწორედ მის კეთილსინდისიერებაზე აპელირებით უნდა მიღო გადაწყვეტილება, დაერეგისტრირებინა ის შავ სიაში თუ მიეცა გაფრთხილება, მით უფრო იმ პირობებში, როცა მის მიმართ არ არსებობდა გადაწყვეტილება გაფრთხილების ან შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ. ასევე, საყურადღებოა, რომ შპს ,,-----–--------------------------------ის“ მიერ N----------- ტენდერის საფუძველზე შესყიდული იქნა სწორედ ისეთი სახის გაწვის ტრანსფორმატორი, რომლის მაქსიმალური გამომავალი ძაბვა უქმი სვლის რეჟიმში იყო არანაკლებ 20 კვ, ანუ როგორი ძაბვაც ჰქონდა შ-----–------ -ის მიერ მიწოდებულ გაწვის ტრანსფორმატორს (იხ. ს.ფ. 174-183).
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 15 მაისის №1--- განკარგულება შპს შ-----–-----ის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ“, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 15 მაისის №1--- განკარგულება შ------–------ის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’, მხარეთა შორის 2017 წლის 19 ივლისს გაფორმებული №0---------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც იგი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილის და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაავალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რა დროსაც უნდა შეაფასოს ხომ არ არსებობს შ-----–-----ის მიმართ გაფრთხილების გამოყენების საფუძლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. შპს ,,ლ & თ-ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, მოსარჩელე - შ------–-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ------–-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 15 მაისის №1--- განკარგულება შ------–-------ის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
3. მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, მოსარჩელე - შ------–------ -ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
მოსამართლე ლეილა გოგიშვილი