გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.01.2020
საქმის ნომერი
140310019003287932
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
09.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310019003287932

საქმე № 3/281-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

09 იანვარი, 2020 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური

 

მოსარჩელე: გორის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენლები: ნ---- ე---------

 

მოპასუხეები: შპს "ბ------–-"

 

დავის საგანი: ტერიტორიის დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებელის გადახდა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

2019 წლის 31 ივლისამდე პერიოდზე ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის - 255 ლარის მოპასუხეზე გადასახდელად დაკისრება;

 

სარჩელის თანახმად, შპს ,,ბ------–-"-ს (საიდენტიფიკაციო კოდი 2--------) უნდა გადაეხადა 2019 წლის 31 ივლისამდე პერიოდის ტერიტორიის დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებელი ყოველთვიურად 5 ლარის ოდენობით; მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მას არ გადაუხდია 51 თვის დავალიანება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა; შესაბამისად, მისი პოზიცია ამ სარჩელთან დაკავშირებით უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. შპს ,,ბ------–-"-ს სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული უძრავი ქონება მდებარეობს გორში, ც------–-----------–--– N4-ში, რომელიც შეადგენს 50.00 კვ.მ;

 

მტკიცებულება: ქვითარი № 002000082800000 (ს. ფ. 11).

 

3.2.2. გორის მუნიციპალიტეტის მერიიის მიერ 2019 წლის 21 აგვისტოს N11/1/15161 წერილით შპს "ბ------–-"-ს ეცნობა, რომ 2019 წლის 31 ივლისის მდგომარეობით მას ერიცხებოდა დავალიანება ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის სახით 255 ლარის ოდენობით და ეთხოვა წერილის მიღებიდან 5 დღის ვადაში ეცნობებინა პასუხი დავალიანების დაფარვის საკითხთან დაკავშირებით, რაზეც გორის მუნიცფიპალიტეტის მერიას პასუხი არ მიუღია.

 

მტკიცებულება: მიმართვა (ს. ფ. 12).

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარის განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ქმნიან იმის დასკვნის საფუძველს, რომ მოპასუხეს გააჩნია ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის დავალიანება, რაც სრულ შესაბამისობაშია მის მფლობელობაში არსებულ ფართზე დაწესებული მოსაკრებელის ტარიფთან.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის № 54 დადგენილება, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.

 

იმავე კოდექსის მე-121 მუხლის მე-2 ნაწილით, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ორგანიზაცია-დაწესებულებები, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.

 

,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის № 54 დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად, მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა და წარმოქმნის ნარჩენებს.

 

ამავე დადგენილების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა ნარჩენი.

 

მითითებული დადგენილებით დამტკიცებული დანართი 3-ის (მოსაკრებლის რაოდენობა იურიდიული პირებისათვის) მე-6 გრაფის შესაბამისად, მოსაკრებელის რაოდენობა იურიდიული პირებისათვის განისაზღვრება შემდეგნაირად: სამრეწველო მაღაზიები /სავაჭრო დარბაზი/ საერთო ფართის ერთ კვადრატულ მეტრზე (ნარჩენების წლიური დაგროვების ფორმა 0, 199 მ3 ) თვეში 0, 10 ლარის ოდენობით.

 

აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში მომსახურების მიღების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირებისათვის - მომსახურების მიღებიდან.

 

დადგენილია, რომ აღნიშნული მომსახურება შპს "ბ------–-"-ს მიღებული ჰქონდა, რადგან ეს მომსახურება გულისხმობს ნარჩენების წარმომქმნელის მიერ მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ნარჩენების შეგროვების სისტემის გამოყენებას იურიდიული პირის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გათვალისწინებით.

 

შპს ,,ბ------–-"-ს სარგებლობაში არსებული ფართისა (რაზეც ერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი - 50 მ2) და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №54 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაანგარიშებით (0,10 ლარი 1 მ2-ზე) დასუფთავების ყოველთვიური მოსაკრებელი 5 ლარია, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მას არ გადაუხდია 2019 წლის 31 ივლისამდე პერიოდის (სულ 51 თვე) დასუფთავების მოსაკრებელი, მისი ოდენობა 255 ლარია.

 

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 65-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა საბიუჯეტო საქმიანობაში გარანტირებულია ამ კოდექსით განსაზღვრული საკუთარი შემოსულობებით და ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის გადასახდელების გაწევის დამოუკიდებლად განსაზღვრით, აგრეთვე კანონით დადგენილ ფარგლებში დელეგირებულ უფლებამოსილებათა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას; ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოპასუხის მხრიდან რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მის მიერ გადახდილია ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი, წარმოდგენილი არ არის.

 

აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2019 წლის 6 ნოემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მის სასარგებლოდ ამ თანხის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. შპს ,,ბ------–-"-ს გორის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2019 წლის 31 ივლისამდე პერიოდის (სულ 51 თვის) ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი 255 (ორასორმოცდათხუთმეტი) ლარი.

 

2. შპს ,,ბ------–-"-ს გორის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 100 (ასი) ლარი.

 

3. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2019 წლის 06 ნოემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი